ავტორი: მარიტა ლიპარტელიანი
ფემინური ძალადობა, რომელიც იმდენად პარანოიდულია და კლაუსტროფობიული, რომ მამაკაცი ჯერ მიჰყავს იმპოტენციამდე, შემდეგ კი სხეულში ჭარბი რაოდენობით ესტროგენამდე – აბსურდული სქემაა პატრიარქალურ კულტურაში, რომლისთვისაც ქალის ეგზოტიზაცია ნორმაა. “განუვითარებელ არსებას” უწოდებს დრამატურგი აუგუსტ სტრინდბერგი ქალს პიესის “ფრეკენ ჟული” წინასიტყვაობაში, მაგრამ რა მოხდება თუ ამ სქემას ამოვატრიალებთ? მივადგებით აბსურდის თეატრს, რომელიც ბევრად უფრო საზარელს, გულისამრევს გახდის პრობლემას, რომელსაც მივეჩვიეთ. ჩვევა, შეგვიძლია ვუწოდოთ ტრადიციაც, იმდენად საშიშია საზოგადოებისთვის, რომ აკარგვინებს საფრთხის ინტუიციური აღქმის უნარს. აბსურდი ახერხებს და ფიზიკურ რეალობაში არსებული სქემის სახეცვლილებით პრობლემას უფრო ხილულს ხდის, ანუ ირეალურობა აღაგზნებს თვალს, რომელიც მიეჩვია საზარელი, დამპალი სხეულის ყურებას. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მიხსენებია; შეგვიძლია გავიხსენოთ ანტიკური ლიტერატურა, რომელსაც ხშირად მივუბრუნდები ამ ტექსტში, რომელშიც განსხეულებული წყევლა, ერინისები, რომლებსაც საზარელი ჰარპიების სუნი ასდით, ბინას დაიდებენ მოკვდავებს შორის, მაგრამ ამას ადამიანები არ აპროტესტებენ. მარტივი მიზეზის გამო; საძულველ ერინისებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ადგილი ცაშიც, მიწაზეც, უარყვეს ღმერთებმა, ერთადერთ სიამოვნებად, ადამიანის ტანჯვის ცქერაღა რჩებათ. შურისძიების უწყვეტი ჯაჭვი რომ შეწყდეს, ათენა სთავაზობს მათ ადგილს მიწაზე, ანუ როგორც კი ისინი იბრუნებენ ღმერთებისგან ლეგიტიმაციას, მაშინვე იქცევიან “კეთილ” ევმეოსებად. სინამდვილეში, ისევ ის დამპალი ხორცის სუნი ასდით, რომელსაც მოკვდავები ეჩვევიან და ავიწყდებათ, რომ მათ გვერდზე განსხეულებულმა წყევლამ დაიდო ბინა. საზოგადოება თითქოს მიეჩვია ინფორმაციას ფემიციდზე, რაც ყოველდღიურ მოვლენად იქცა; მამაკაცები ძალადობენ ქალებზე უკვე არა განზრახ, არამედ ინსტინქტურად, ამიტომ, ამ მხრივ, ხელოვნება არსებობს სწორედ იმისთვის, რომ გამოაფხიზლოს კაცობრიობა ამ აგონიური მდგომარეობიდან. აბსურდული სქემა, რომელიც დასაწყისში დავსახე ეკუთვნის რუმინულ ფილმს Mammalia. სურათის მსოფლიო პრემიერა შედგა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ჩვენებამ უხერხულად ჩაიარა, რაც მოსალოდნელი იყო ჩემთვის მას მერე, რაც ფილმის სინოფსის გავეცანი.
საქმე გვაქვს არა უბრალოდ ე. წ. არტ-ჰაუსთან, არამედ აბსურდულ წარმოდგენასთან, რომელიც კოშმარში გვამოგზაურებს. მთავარი გმირი, კამილი ფილმის დასაწყისში ცოლს ელოდება, ნერვიულობს, ვერ იძინებს, ეჭვიანობს კიდეც, ქალი გამოჩნდება თუ არა, სირცხვილს იგრძნობს, არ უნდა ასეთ მდგომარეობაში ნახოს პარტნიორმა, ამიტომ ძილს გაითამაშებს. აღსანიშნავია, რომ კამილს ფილმის პირველ ანტრაქტში მწერები ეხვევა, რომლებსაც სხეულიდან ვერ იშორებს. ირკვევა, რომ კამილის ცოლი ესწრება კულტის შეხვედრებს, რომლის წევრებიც მხოლოდ ქალები არიან, ან ისინი, ვინც ცდილობენ აითვისონ ეს მათთვის სასურველი სხეული. არ ვგულისხმობ ტრანსგენდერს, არამედ მამაკაცს, რომელიც იძულებულია ამგვარ სოციუმში მოირგოს ქალის როლი. შეკრებების მიზანია ნაყოფიერების მიღწევა სპერმატოზოიდის გარეშე. აი, აქ შევჩერდეთ და გავიხსენოთ 2021 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ჟულია დიუკურნოს ფილმი ტიტანი, ეს თითქოს დევიდ კრონენბერგის შეჯახების რემინისცენცია, სადაც ავტოავარიისგან მიღებული ტრავმის შემდეგ ადამიანები აღგზნებადობას განიცდიან შეჯახების ყურებისას. ტიტანში ქალს სექსუალური კავშირი აქვს კადილაკის ფირმის მანქანასთან და მისგან ორსულდება. ე. ი. მანქანის ზეთი ანაცვლებს სპერმატოზოიდს და ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. ტიტანის მთავარ გმირს, ალექსიას საშოდან სწორედ მანქანის ზეთი გამოსდის. კამილის სამსახურებრივი ურთიერთობებიც რეპრესიულია, მასზე ყველა ძალადობს, არავინ უსმენს, „შენ იმ გადაღებებზე არავის სჭირდებოდი” – ეტყვის თანამშრომელი ქალი კამილს. მას სურს დაესწროს ცოლის შეხვედრებს, ჩუმად იპარება, იქ, მამაკაცის მსხვერპლშეწირვის რიტუალსაც მოკრავს თვალს, რომელიც კამილს აფრთხილებს – „არ დანებდე”, ანუ არ დაკარგო ბოლომდე ეს აუტანელი მასკულინობა, მაგრამ ძლიერი ზეწოლის ქვეშ კამილი ამას ვერ ახერხებს. პირველი საფეხური არის იმპოტენცია. კამილი წევს აბაზანაში, სხეულს ქაფი უფარავს და ვხედავთ, რომ ამდგარი ფალოსი ნელ-ნელა წყალში უვარდება და ზედაპირზე მხოლოდ ქაფი რჩება. იმპოტენციის შემდეგ კამილს სამსახურიდან აგდებენ, მაგრამ ცოლი უბრაზდება, რომ კი არ გამოაგდეს, ის წამოვიდა და უფროსი ეძებს. მთელი ფილმის განმავლობაში ვუყურებთ საშინელ ძალადობას მამაკაცზე, რომელიც ერთ-ერთ სცენაში, ტრადიციულად დაგვიანებულ ცოლთან ცდილობს დაკავშირებას და ამ დროს, კარადაში პიჯაკითაა საკიდზე ჩამოკიდებული, ანუ, ამ სცენაში ის მხოლოდ საგანია და არა სულიერი არსება. კამილი ცოლს ვეღარ პოულობს, ამიტომ, უდიდესი შიში იპყრობს, არ იცის, როგორ იცხოვროს ავტორიტეტის, “დამცველის” გარეშე, შიშის გამო თმობს მასკულინობას და მიდის მაღაზიაში, სადაც მამაკაცებისთვის იყიდება პარიკები, რათა დაემსგავსონ ქალებს, ერთმანეთს კი მდედრობითი სქესის ფრონანსით მიმართავენ. ეს, ალბათ ყველაზე ტრაგიკული სცენაა ამ ფილმში და გამახსენა დიდი აბსურდისტის ეჟენ იონესკოს პიესა მარტორქა. ქალაქში, რომელიც გავერანებულია, ჭაობსაც კი ვერსად ნახავ, მთლიანად შერწყმულია მოდერნისტული ყოფის სტრუქტურას, მარტორქა გამოჩნდება. ეს ცხოველი ქალაქის მაცხოვრებლებისათვის თავდაპირველად ეგზოტიკურია, უცხო, უჩვეულო, მაგრამ შემდეგ მათ მეტამორფოზის მოთხოვნილება ეწყებათ და გადაწყვეტენ მარტორქებად გადაქცევას. დასასრულს, მხოლოდ ქალი და კაცი რჩებიან, ბერანჟე და დეზი, რომლებიც იონესკოს სამყაროში წარუმატებელ ადამსა და ევას თამაშობენ. ისინი ვერ შეძლებენ კაცობრიობის გადარჩენას, რადგან დეზის შეეშინდება უმცირესობაში ყოფნის, მარტოობის და ოღონდ ჰგავდეს უმრავლესობას, ურჩევნია მარტორქად იქცეს. ბერანჟეს კრიზისი, რომელსაც აღარ მოსწონს სარკეში საკუთარი თავი, უნდა, რომ ჰქონდეს რქა, მკვრივი კანი, ბოხი ხმა, რათა შეეძლოს ღმუილი – რომელიც ამბობს კიდეც, “მე მახინჯი ვარ” – ძალიან ჰგავს კამილის კრიზისს. მას ურჩევნია გახდეს ქალი, დათმოს მასკულინობა, იმის სანაცვლოდ, რომ მიიღებენ, არ დატოვებენ მარტოს, მასაც ექნება ადგილი მიწაზე, ერინისების მსგავსად, რომლებიც ადგილის გამო შურისძიების ჟინს თმობენ. კამილი იკეთებს პარიკს და უერთდება ქალების კულტს გარიყულ კუნძულზე, სადაც რიტუალი უნდა დასრულდეს. აქაც, კვლავ ვბრუნდებით ბერძნულ მითოლოგიასთან, სადაც ლემნოსელი ქალები კუნძულზე მამებს და მეუღლეებს ხოცავენ, მამაკაცის საქმის ათვისების შემდეგ ავტომატურად ხდებიან მასკულინურნი; იგივე ატმოსფეროა ფილმში არსებულ კუნძულზე, მაგრამ, რადგან ამოტრიალებული სქემა, ავტორი არ იბნევა, არ კარგავს ერთიანობას და ამ შემთხვევაშიც პირიქითაა, მარტო დარჩენილი ქალები ინარჩუნებენ ძალადობრივ ფემინურობას. ისინი ძვლებისგან თლიან ერეგირებულ ფალოსებს, იმავეს გაკეთებას აიძულებენ კამილსაც – ხელში ძვლებს და დანას აჩეჩებენ. კამილი არ წყვეტს ცოლის ძიებას და რიტუალს თავად ასრულებს. მივა ცოლთან, რომელიც ხელს კრავს და ზღვაში გადააგდებს, ხოლო მისი სხეული ივსება სითხით, რომელიც შემდეგ ნაყოფს იკავებს. სპერმატოზოიდის გარეშე ქალებმა ნაყოფიერებას მიაღწიეს, ისე, რომ მამრობითმა სქესმა, ამ შემთხვევაში კამილმა, დაკარგა მასკულინობა და ძალადობამ გამოიწვია მის სხეულში ესტროგენის გამოყოფა. იქამდე, სანამ ფილმის ფინალურ სცენას განვიხილავ, მინდა ვახსენო კიდევ ერთი 2023 წლის ბერლინალეს ფორუმის სურათი, ჩვენი სხეული.
ესპანელმა რეჟისორმა, კარლა სიმონმა, მეგობარ პროდიუსერთან გასაუბრების შემდეგ, გადაწყვიტა გადაეღო საავადმყოფოში დოკუმენტური ფილმი ქალებზე. ამ შემთხვევაში, ორივე ფილმის მიზანი ერთია, ფორმის მხრივ, ორივე ფილმი ექსპლიციტურია, ღერძის ორი უკიდურესი მხარეა, ერთი მხრივ, აბსურდი და, მეორე მხრივ, აბსოლუტური ნატურალიზმი. ფილმი ძირითადად აგებულია პაციენტებისა და ექიმების დიალოგებზე. პირველი ისტორია 15 წლის გოგოზეა, რომელსაც არ უჩანს სახე და დაუცველი სექსუალური კავშირის შემდეგ დაფეხმძიმდა. პარტნიორმა ბიჭმა ამ ამბის გაგებისთანავე უთხრა, რომ ბავშვზე პასუხისმგებლობას არ აიღებდა, მამა სახლიდან გაგდებით დაემუქრა, დედა იმდენად გაბრაზდა, რომ ცრემლები წამოუვიდა. ახალგაზრდა გოგო გულწრფელად უმხელს ექიმს, რომ ვერც კი იგრძნო, როდის მოხვდა სპერმატოზოიდი მის სხეულში და საკუთარ თავს ადანაშაულებს, რომ თან არ იქონია დამცავი. მას აიძულებენ აბორტის გაკეთებას. ამ აქტამდე ინსტინქტურად თავს იმართლებს და ექიმთან განმეორებით საუბრისას, თავისთვის იმეორებს – „ხო უნდა გავაგრძელო სწავლა?”.
საინტერესო პერსონაჟია 17 წლის ტრანსგენდერი ბიჭი, ვინც დიდი ხანია ტესტოსტერონის მიღება დაიწყო, შედეგით კმაყოფილია, თუმცა, მკერდის ოპერაციის დაჩქარება უნდა. მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბრისას, დედა ექიმს გააწყვეტინებს, რადგან არ სურს, მის მეხსიერებაში მაინც ქალად დამახსოვრებული შვილი უნაყოფოდ დარჩეს და ამ დროს, შვილის შეკითხვა მნიშვნელოვანი კონტრაპუნქტი ხდება. მას აინტერესებს, შეძლებს თუ არა პარტნიორის განაყოფიერებას ბიოლოგიურად, რაზეც ექიმისგან მკაცრ პასუხს მიიღებს – “შენ მხოლოდ კვერცხუჯრედი გაქვს”. ასევე, ვხვდებით ისტორიას ქალზე, რომელმაც ვერ აღიქვა მშობიარობის შემდეგ საკუთარ სხეულზე დაწვენილი ჩვილი და ექიმებს დაჟინებით სთხოვდა ბავშვის მიყვანას. ფილმში ერთი ქალიცაა, რომელსაც ურჩევნია აიტანოს გაუსაძლისი ტკივილი, ვიდრე წამლებით დაუქვეითდეს ლიბიდო და დაკარგოს ვნება. თითქოს კინოსურათი ეპიზოდურია, მაგრამ ამ ისტორიებს ეს აუტანელი სხეულებრივი ტკივილი აერთიანებს, რომელიც მაყურებელზეც გადმოდის; ჩვენ, ამ ფილმის ყურებისას ფიზიკურად აგვტკივდა სხეული, ჩემს გვერდით, ერთი გოგო კინაღამ ცუდად გახდა საკეისრო კვეთის სცენის შემდეგ. აღსანიშნავია, ერთი ,მნიშვნელოვანი დეტალი, დასაწყისში რეჟისორი გაგვიმხელს, რომ საავადმყოფოს გადაღების ეშინია და წამოცდება – „იმედია, აქ ,სიმსივნეს არ ავიკიდებ”. გადაღებებისას კარლა სიმონმა აღმოაჩინა, რომ მკერდის კიბო აქვს; ის, სრულიად ღიაა კამერის წინ, თვითირონიულიც კი.
დაუვიწყარია სცენა ქალის მონაწილეობით, ვინც ოპერაციისთვის ემზადება და ნარკოზამდე კამერის წინ იპრანჭება;“მიყვარს კინო” – უხარია, რომ უღებენ და ექიმებს კლასიკური მუსიკის ჩართვას სთხოვს – აქ, „საუნდტრეკიც“ იქმნება. ამ ფილმში, ყველაფერი დაუგეგმავი გენიალურია და სენტიმენტალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ცხოვრება. რეჟისორი ფილმის შექმნით დაამარცხებს სიმსივნეს, დაბოლოს, ტექსტის მეშვეობით გვატყობინებს, რომ თმაც მალე გაეზრდება. პროცესში უცხოს ისტორია პირად გამოცდილებად იქცევა. ამ მრავლობით ფორმას – “ჩვენი” დიდი დატვირთვა აქვს, სხეული, რომელსაც შეუძლია საკუთარი სივრცის უცხო არსებასთან გაზიარება, სატარებლად ძნელია.
რუმინულ ფილმში Mammalia მთავარი გმირი კამილი ორსულდება, მას ყველა ულოცავს, მუცელზე ყურს ადებენ, ბავშვისთვის ნაყიდ ტანსაცმელზე ამბობენ, რომ „უნისექსია”, ამიტომ, შეუძლიათ, სქესზე არ ინერვიულონ. კითხვაზე, „გოგოა თუ ბიჭი?” დედა საინტერესო პასუხს გასცემს – „ჯერ არ გადაგვიწყვეტია”. გენდერს ქმნის კულტურა, ოსტატი, რომელიც პინოქიოს გამოთლის და სასურველ ფორმებს, გენდერს მიანიჭებს, ამ ხრიკს, მიმართავს ლეო კარაქსიც ფილმში ანეტი, სადაც ჰენრისა და ანას შვილი ხის თოჯინაა, ვისაც სიზმარში ჰენრი დააჯდება და გატეხავს. კამილმა დათმო მასკულინობა, მაგრამ მაინც მარტოსულად გრძნობს თავს, იმ მწერებისგან ვერ თავისუფლდება, ამიტომ, მუხლებზე დგება და ორსული კაცი ამბობს – “მე, მეშინია”. ეს გზავნილია ბერლინალეს 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალიდან.
მხოლოდ იმას დავამატებ, რომ კინოთეატრში, მეორე ფილმიდან გამოსულს, საპირფარეშოსთან ასეთი წარწერა დამხვდა:
“Für alle Geschlecht” (ყველა სქესისთვის)
დასასრული.