• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
  • ინდექსი
8K 1K 315
CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი აკი კაურისმიაკი ჰავრის შესახებ
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

აკი კაურისმიაკი ჰავრის შესახებ

  • ნოემბერი 17, 2026
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
0
Shares
0
0
0

ავტორიპეტერ ფონ ბაგი

თარგმანიგიორგი ჯავახიშვილი

„ფული ჩრდილში მოძრაობს“ — ჰავრი

შემთხვევა ორ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან: ფრანგ ფეხსაცმლის მწმენდავ მარსელ მარქსს (ანდრე ვილმსი) და აფრიკელ ემიგრანტ ბიჭს, იდრისას (ბლონდენ მიგელი). ბიჭი ახლახან გადაურჩა თანამემამულეების ბედს და დაპატიმრებას თავი დააღწია. ის და მარსელი თითქოს გიგანტურ გლობალურ ხაფანგში არიან გამომწყვდეულნი, სადაც ადამიანებს ყიდიან და ყიდულობენ, მაგრამ ჰავრელი კეთილი ხალხის დახმარებით მაინც იმარჯვებენ. ეს ზღაპარია, ისევე როგორც კაცი წარსულის გარეშე (The Man Without a Past, 2002), და კვლავ კაპრას, დე სიკასა თუ სხვა ისეთი ჰუმანისტების სულისკვეთებითაა გადაღებული, რომლებიც, როგორც ჩანს, კინემატოგრაფისტთა რიგებიდან გაქრნენ. ამასთანავე, ფრანგული კინოს ყველაზე ღრმა, დიდი ხნის წინ დაკარგული თვისებები ახლა, მოულოდნელად, ფინელმა რეჟისორმა გააცოცხლა. ჰავრი (Le Havre, 2011) ნაივურიც არის და მახვილგონიერიც, ინტიმურიც და მინიმალისტურიც, უკეთესი სამყაროსა და მისი შესაძლებლობების ყოვლისმომცველი განცდით განმსჭვალული. აკი კაურისმიაკის მეორე ფრანგულენოვანი ფილმის სილამაზე თემების ურთიერთკავშირშია: ღირსება, სოლიდარობა, ასაკი და სიკვდილი.

ჰავრით კაურისმიაკის მესამე ტრილოგია იწყება. ის მის ორ „დამარცხებულთა“ ტრილოგიას მოსდევს: პირველს — ჩრდილები სამოთხეში (Shadows in Paradise, 1986), არიელი (Ariel, 1988) და გოგონა ასანთის ფაბრიკიდან (The Match Factory Girl, 1990), და მეორეს — „მესამე სამყაროს ფინეთის“ ხედვების ტრიადას: მიმავალი ღრუბლები (Drifting Clouds, 1996), კაცი წარსულის გარეშე და ბინდის შუქები (Lights in the Dusk, 2006). ეს ფილმები გაჯერებულია მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი ჰუმანიზმით, რომელსაც აბალანსებს იუმორის მძლავრი შეგრძნება და ზიზღი ბიუროკრატიის, „ისტებლიშმენტის“ თაღლითებისა და სპეკულიანტების მიმართ.

კაურისმიაკიმ ორი განსაკუთრებული ჟანრიც დაისაკუთრა. მისი ლიტერატურული ადაპტაციები კლასიკოს ავტორებთან თავისუფალი დიალოგია, რომელშიც ზედმეტი სიმძიმის ოდნავი პწკარიც კი არ არის. მათ შორისაა დანაშაული და სასჯელი (Crime and Punishment, 1983); ჰამლეტი ბიზნესში (Hamlet Goes Bussines, 1987) — მოახლოებული ფინანსური კრიზისის წინაშე მდგარი ფინეთის თითქმის წინასწარმეტყველური ხედვა; ბოჰემური ცხოვრება (The Bohemian Life, 1992) და იუჰა (Juha, 1999), 1930-იანი წლების შემდეგ გადაღებული რამდენიმე მუნჯი ფილმიდან ერთ-ერთი. და არის მისი Road Movie: ფილმები „ლენინგრადელ კოვბოებზე“, რომლებშიც „მსოფლიოს ყველაზე ცუდი როკ-ენ-როლ ჯგუფი“ მონაწილეობს; უცნაური საკულტო ფილმი Calamari Union (1985), ოდისეა ჰელსინკის ერთი უბნიდან მეორემდე (ჟან-პიერ გორენის სიტყვებით, „I vitelloni დრეიერის რეჟისორობით“); და ყველაზე სასაცილო — შარფს გაუფრთხილდი, ტატიანა (Take Care of Your Scarf, Tatiana, 1994), ამბავი ორი პროვინციელი ბრიყვის შაბათ-კვირაზე, რომლებსაც მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ესტონეთიდან, ჩამოსული ორი გოგონა გადაეყრება.

მიმავალი ღრუბლები ფინეთში 10-პროცენტიანი უმუშევრობის საპასუხოდ შეიქმნა. „სარკეში საკუთარ თავს ვერ ვუყურებდი, სანამ უმუშევრობაზე ფილმს არ გადავიღებდი“, — თქვა მაშინ კაურისმიაკიმ. ახლა, სურათით ჰავრი, ის მუშათა კლასის ხვედრს ეხება.

რა პოეტურმა ლოგიკამ მიგიყვანათ იქამდე, რომ ფილმი პატარა ფრანგულ ქალაქში გადაგეღოთ? და რატომ არა ფინეთში?

თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა, რომ მთავარი გმირი აფრიკიდან ნავით ჩამოსული ლტოლვილი ყოფილიყო. ფინეთში ლტოლვილები, ჩვეულებრივ, არ ჩამოდიან. ჯერ ხმელთაშუა ზღვის რომელიმე შესაფერისი ნავსადგურის პოვნას ვაპირებდი. მანქანით შემოვიარე ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის სანაპიროები, ბისკაის ყურე, და კინაღამ ხელი ჩავიქნიე. ჰავრი თითქმის უკანასკნელი შანსი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნამდვილიც.

ჰავრი ერთგვარი მივიწყებული ქალაქია, თავად ფრანგებისთვისაც კი თითქმის უცნობი. მას გვერდს შემთხვევით ვერ აუვლი — წასვლა აუცილებლად უნდა გადაწყვიო. ისტორიული ფონიცაა. ნორმანდიაში დესანტამდე მოკავშირეებმა, ყურადღების გადასატანად, ქალაქი მიწასთან გაასწორეს. ჰავრი, რა თქმა უნდა, გერმანელებს ეკავათ, მაგრამ დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და ქალაქი ნანგრევებად იქცა. 50-იან წლებში თავიდან ააშენეს: არქიტექტორმა ოგიუსტ პერემ დააპროექტა დღევანდელი ცენტრი, ყველა შენობა და ყველა მოაჯირი.

პატარა უბანი, სადაც ფილმის მთავარი გმირები ცხოვრობენ, ერთადერთი იყო, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, და ერთადერთი — დაკლაკნილი ქუჩებით; დანარჩენი ყველაფერი ისარივით სწორ ბადეზეა აშენებული. ახლა ეს ზოლიც მთლიანად დაანგრიეს. ბულდოზერები უკვე ელოდნენ; ჩვენ ამ უბანს სიცოცხლის ერთი კვირა ვაჩუქეთ. როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო ადგილებს სავაჭრო ცენტრებისთვის ანადგურებენ. პროცესი ხშირად ასეთია: მშრომელ ხალხს ჯერ ქალაქგარეთ, თვალს მიღმა გაყრიან, ისინი კი ხვდებიან, რომ ყველაზე ლამაზ ადგილას აღმოჩნდნენ. მერე იქიდანაც აძევებენ. ამის ამერიკული ანალოგი ახალი ორლეანია — ფედერალური ხელისუფლების გულგრილობა და „სტიქიური უბედურების“ ექსპლუატაცია შოკისმომგვრელი იყო.

ჰავრი სრულიად უნიკალური ქალაქია, მსგავსი არაფერი მინახავს. სახელი ინგლისური სიტყვიდან „haven“ მოდის, ასე რომ, ეტიმოლოგიურად „მშვიდობის ნავსაყუდელს“ ნიშნავს. იქ სასწაულებრივი სინათლეა — ბურუსნარევი სითეთრე და მიკროკლიმატი, რომელიც ლა-მანშიდან შემოდის. სწორედ ამიტომ ჩადიოდნენ იქ მთელი მსოფლიოდან მხატვრები, რომ ეს უცნაური სინათლე დაეჭირათ.

ჰავრზე გადაღებული ადრინდელი ფილმი ნისლების სანაპიროა (Le Quai des brumes, 1938), თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პირობითად, რადგან ის ძალიან სტუდიური ფილმია.

ეს მხარე კარგად აქვს შენიღბული — სულაც არ ჩანს, რომ სტუდიაშია გადაღებული. მართლაც ბრწყინვალე ფილმია.

თქვენს ფილმში ფრანგული კინოს ისტორიასთან ბევრი ასოციაციაა. რომელ პერიოდში ხდება მოქმედება?

ნებისმიერი ფილმის პერიოდის დადგენა ყოველთვის შეიძლება მანქანებით, რომლებსაც კადრში ხედავ. ის, რომ ბარებში ხალხი ბევრს ეწევა, 2007 წელზე ან უფრო ადრეულ დროზე მიუთითებს, მაგრამ არა ბევრად ადრეულზე. სურათი სტილის თვალსაზრისით, ალბათ, ფრანგული ყაიდის ერთგვარი ნეორეალიზმის აღდგენას ცდილობს. ფონზე ვიტორიო დე სიკა და ჩეზარე ძავატინი იმალებიან, მე კი ვცდილობ, ამ ნეორეალიზმს მარსელ კარნეს ან ჟაკ ბეკერის ტონი მივცე. საწყისი წერტილი — ჩემიც და თავად ქალაქისაც — სრული tabula rasa იყო. შეიძლებოდა, მელვილისეული ფილმი გამოსულიყო, ან სასწაული მილანში (Miracolo a Milano, 1951) მსგავსი რამ, ან ნებისმიერი რამ მათ შორის. ჟანრი არ ამირჩევია. უბრალოდ წერა დავიწყე და ურცხვად ოპტიმისტური ზღაპარი გამოვიდა.

როცა ვწერ, თითქმის მთლიანად ქვეცნობიერით ვმუშაობ. ფილმის თემას და იმას, რაც ძირითადი ამბიდან ვიცი, ვინელებ. მერე სამი თვე ველოდები, სანამ ქვეცნობიერი თავის საქმეს მორჩება. ჩემი წერის პროცესი აბსოლუტურად არაანალიტიკურია, მაგრამ შედეგად საკმაოდ ზუსტი სცენარი გამოდის — მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. განსვენებული მატი პელონპია, როგორც მსახიობი, ზუსტად იმავე მეთოდს იყენებდა. სცენარს ვაძლევდი და მაშინვე წაიკითხავდა. მერე სამ თვეს ხელს არ ახლებდა და მხოლოდ გადაღებების წინ აიღებდა, ძირითადად დიალოგების დასასწავლად. პერსონაჟის შესაქმნელად და მთელი სამუშაოსთვის ქვეცნობიერს იყენებდა, როგორც ზარმაცი ადამიანი იზამდა. მისი ქვეცნობიერი აკეთებდა მთელ იმ საქმეს, რომლითაც ნაკლებად ნიჭიერი მსახიობი თავს დაიმძიმებდა. ვთვლი, რომ ქვეცნობიერი ყველაზე გენიალური და ყველაზე იაფი მსახურია, რომელიც ამ საქმეში შეიძლება გყავდეს.

ფილმის სტილისტური გასაღები თითქმის დამაბნევლად ზღაპრული ატმოსფეროა.

ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, გაამართლებდა თუ არა. ვიზუალური ბრწყინვალებაც არ არის, რადგან ის მხოლოდ გაგვაუცხოებდა. უპირველეს ყოვლისა, მინდოდა, რომ ყველას ადამიანები დაენახა. ადამიანები საუკეთესონი მაშინ არიან, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. ყველაზე კეთილშობილური და ყველაზე საზიზღარი თვისებები ყოველთვის კრიზისში ვლინდება: ადამიანის სიდიადეც და სიმდაბლეც. როცა ყველაფერი ქრება, თავს სოლიდარობა და თავგანწირვა იჩენს. რა თქმა უნდა, ფილმში შეიძლება და აუცილებელიცაა, გაზვიადდეს კაცობრიობის ის საუკეთესო თვისებები, რომლებსაც ასე ხშირად ვერ ხედავ.

როგორც ჩანს, ზღვარი გაავლეთ: ძალაუფლების მქონეებს, რომლებიც ადამიანებს ექსპლუატაციას უწევენ, არ აჩვენებთ, რამდენიმე საცოდავი მოხელის გარდა.

პოლიციის უფროსი მხოლოდ ხმაა. ეს სრულიად შეგნებული არჩევანია. ვფიქრობ, უსახო მანქანის ჩვენების სწორი გზა ისაა, რომ სახე არ მისცე. თუმცა, ანეკდოტის სახით: პოლიციის უფროსის ხმა „კაფე მოდერნის“ ერთ-ერთ მუდმივ სტუმარს ეკუთვნის, რომელსაც დასაწყისში ვხედავთ. უსახო ძალაუფლების ჩვენება უფრო ეფექტურია. უნდა შექმნა განცდა, რომ ისინი იქ არიან, კულისებს მიღმა, და მორჩა. შეიძლება ასაკის ბრალია, მაგრამ პოლიციელებსაც კი არ ვაქცევ კლიშეებად.

ფილმში ბოროტი ადამიანები არ არიან, აბსურდული პერსონაჟის, ინფორმატორის გარდა. ადამიანებზე მნიშვნელოვანი ნახსენები კომპიუტერული შეცდომაა — ის, რის ანაბარადაც არიან ადამიანები.

დაწერილი მქონდა, რომ ემიგრანტებით სავსე კონტეინერი ბინძური იყო და ზოგიერთი ემიგრანტი დაიღუპა. ამის გადაღება ვერ შევძელი და გადავწყვიტე, პირიქით მოვქცეულიყავი: მეჩვენებინა ისინი გამოსასვლელ, საუკეთესო ტანსაცმელში — ჯანდაბას რეალიზმი. მინდოდა, ამაყ ადამიანებად ჩამოსულიყვნენ და არა კონტეინერში, საკუთარ სიბინძურეში მწოლიარენი, როგორც ზოგი მათგანი, რეალურად, ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ იქნებოდა.

ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ხმელთაშუა ზღვაში თევზზე მეტი პირადობის მოწმობაა. წესი ასეთია: ბევრი საბუთებს ზღვაში ყრის, რომ წარმოშობის ქვეყანაში ვეღარ დააბრუნონ. ფილმში ნანახი ბევრი ადამიანის სახელი ფინალურ ტიტრებში ვერ ჩავწერეთ, რადგან ისინი ნამდვილი არალეგალი იმიგრანტები იყვნენ. ოფიციალური სახელები არ აქვთ. დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იგრძნობოდეს: ვიღაც უბრალოდ ის არის, ვინც არის, არაფერს აკეთებს, უბრალოდ არის. შეიძლება ეს კინოსადმი ბრმა ნდობაა, მაგრამ ასეა.

ფილმში ჩასმულია სატელევიზიო დოკუმენტური კადრები: ლტოლვილთა ცენტრი, ვითომდა, სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ მიწასთან ასწორებენ, მის ნაცვლად კი არაფერს აშენებენ. ასეთი პრობლემების წინაშე ევროპა უბრალოდ უმწეოა. სხვა გზა არ არის, გარდა ამ პინგ-პონგის გაგრძელებისა: ადამიანებს აბრუნებენ, ისინი ისევ მოდიან, ან მათ ადგილს ახლები იკავებენ. სისტემის თვალსაზრისით ეს გასაგებია: თუ აფრიკის ნახევარი ჩამოვა ევროპაში, რომელიც ისედაც უმუშევრობითაა დაღდასმული, საიდან უნდა გაჩნდეს სამუშაო ვინმესთვის? განტოლება, ფაქტობრივად, ამოუხსნელია.

თუმცა ამჟამად ეს აშკარად მიტოვების საკითხია, რაც გაეროს წესდებას უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ფონზე კი ევროპული კოლონიალიზმი დგას. სხვა რატომ იქნებოდა აფრიკა იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის, თუ არა სწორედ კოლონიალიზმის ნაშთების გამო? ევროპამ ხომ თვითნებური საზღვრები გაავლო და ისეთი კონფლიქტები გამოიწვია, რომლებიც დღემდე გრძელდება. ეს უგუნური სიხარბის ნაყოფია, როცა, ძირითადად ბრიტანელებმა, ტომებისა და ტრადიციების უგულებელყოფით, რუკაზე სახაზავით უცნაური საზღვრები გაავლეს. დღევანდელი შიმშილობა ან დარფურის მსგავსი ვითარებებიც ამის შედეგია.

როგორ უმკლავდებით მასობრივ სცენებს? ამბობთ, რომ ცუდად გამოგდით, მაგრამ საკუთარ თავს სათანადოდ არ აფასებთ. როცა კაცი წარსულის გარეშე იებდით, ათობით მოყვარული მსახიობის მონაწილეობით გადაღებულ სცენაზე ვნახე, რამდენად ცოტას მართავდით: კამერა ჩაირთო, ერთი-ორი დუბლი იყო და სცენა ბალეტივით ზუსტია.

ჩვეულებრივ, მითითებებს ცალკეულ ადამიანებს ვაძლევ, მაგრამ როცა მასასთან გაქვს საქმე, როგორღაც სულისკვეთება უნდა გადასდო. მასობრივი სცენები ყოველთვის ნერვებს გიშლის: დრო არ გყოფნის, სინათლე ქრება, გეგმები იშლება. სხვა გზა თითქმის არ გაქვს — კამერა უნდა ჩართო და იღბალს ენდო. ბოლოს და ბოლოს, სტორიბორდები არ მაქვს. ერთ კადრს მეორე მოსდევს და ასე შემდეგ. მომდევნო კადრს მხოლოდ მაშინ ვგეგმავ, როცა წინა დასრულებულია. არც მჯერა, რომ სტორიბორდები დაგეხმარება. შეიძლება რაღაც დაკარგო, რადგან ვეღარ რეაგირებ იმაზე, რასაც თავად სცენა ბადებს. წინასწარ, მექანიკურად მომზადებული კადრები საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ფილმი ზედმეტად კარგად გაკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ზუსტად ისე, როგორც ისტორიულ ფილმებში, სადაც ხალხს ზედმეტად სუფთა ტანსაცმელი აცვია ან ზედმეტად პრიალა მანქანები ჩანს.

თქვენს რამდენიმე ფილმში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდით, ბედნიერი და უბედური დასასრული თანაარსებობდა. ასე იყო ჰავრის შემთხვევაშიც?

არა, ამჯერად გადავწყვიტე, რადიკალურად მოვქცეულიყავი და ორი ბედნიერი დასასრული ერთმანეთის მიყოლებით დამედო. ასე იშვიათად აკეთებენ, ამიტომ ფსონი გავზარდე: ბიჭის წასვლა და სასწაულებრივი გამოჯანმრთელება. ბედნიერი დასასრულისთვის ნებისმიერი მათგანი საკმარისი იქნებოდა. შეიძლებოდა, ფინალი ჯერ ბედნიერი ყოფილიყო, მერე კი უბედური, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე ზღაპრულობაზე დამედო ფსონი, როცა მედიცინაც კი აღარაფერს ნიშნავს.

შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მესამე ბედნიერი დასასრულიც — ფინალური კადრი, რომელიც თითქმის დამოუკიდებელი ამბავია. ოძუსეული კადრი.

ეს ოძუს სრულყოფილი კადრია და ასეც არის ჩაფიქრებული. მაგრამ გავლენების გაანალიზება შეუძლებელია. თავი დიდი ქვაბია, რომელშიც ყველა ინგრედიენტი შემთხვევით ირევა: ყველაფერი, რაც განგიცდია, წაგიკითხავს, ფილმებში გინახავს. მერე ამას ჩამჩით იღებ — იმედი მაქვს, რაღაც ლოგიკა გკარნახოვს ამას. მაგალითად, მოლურჯო-ნაცრისფერი ჩემი დეკორაციების ძირითადი ფერია და ეს მელვილისგან მოდის. მერე შეიძლება ცოტა წითელი დავუმატო, რადგან ოძუს ფილმებში წითელი ჩაიდანი კარგად გამოიყურება. მე უბრალოდ ცეცხლსაქრობს ვიყენებ, რადგან ჩვენი ჩაის ცერემონია ძალიან განუვითარებელია.

ფილმის არსებითი სილამაზე იმაშია, თუ როგორ ეხლართება ერთმანეთს მოხუცი ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი და მათი ბრძოლა თვითპატივისცემისა და სამართლიანობისთვის. ცოლი საავადმყოფოში კვდება, ქმარი კი თავის საქმეს აკეთებს. ისევე, როგორც ვიგოს ატალანტაში (L’Atalante, 1934), სადაც საუკეთესო სასიყვარულო სცენა ისაა, რომელშიც მთავარი გმირები ერთად არ არიან, მაგრამ ერთსა და იმავე სიზმარს ხედავენ.

ატალანტა შეგნებულად არ მქონია მხედველობაში, თუმცა იცით, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ფილმად მიმაჩნია. ერთი-ორჯერ თავადაც კი შემოვიტანე. ცხადია, სიყვარულის ამბის გარეშე სამართლიანობის ნაწილის გამკაცრება მოგიწევდა და სისტემის აღწერაც უფრო მკაცრი გამოვიდოდა. ფილმი მთლიანობაში რამდენიმე გრადუსით უფრო სასტიკი იქნებოდა.

ახლა უკვე სამი ფილმია ზედიზედ, რომელთა ცენტრშიც სიკვდილის თემაა. კაცი წარსულის გარეშე შეიძლება მომაკვდავი კაცის სიზმრად წავიკითხოთ. იგივე ეხება ბინდის შუქების ფინალს: კაცი სიკვდილთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ბოლო კადრში იმედი ჩნდება.

მას ორი დასასრული ჰქონდა: ერთში კაცი კვდება, მეორეში — არა. ორივე გადავიღე და ორივე გამოვიყენე. ჯერ კვდება, მერე კი ქალს ხელს ჰკიდებს. მაგრამ მართალია: ეს თემა იქ დაძრწის. ოცი-ოცდაათი წლის ადამიანებისთვის სიკვდილი საერთოდ არ არსებობს.

თქვენი წინა ფრანგული ფილმი ბოჰემური ცხოვრება იყო. არის რაიმე უწყვეტობა ამ ფილმებს შორის?

შეიძლება ეს პირადი ხუმრობაა, მაგრამ მთავარი გმირი იგივე მარსელ მარქსია, რომლის ოცნებები პარიზში მწერლის წარმატებულ კარიერაზე დაიმსხვრა. გარკვეულწილად, მან ყველა იმედზე ხელი აიღო. ახლა კი მორალურ აღმავლობას განიცდის: მრავალი წლის შემდეგ რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღებას იწყებს. მან საზოგადოების ყველაზე დაბალი საფეხური მონახა. შეეძლო, უკეთესი სამუშაო ეპოვა და მეტი ეშოვა, მაგრამ, საკუთარი სიტყვებით, ხალხთან ახლოს ყოფნა უნდა. როცა ადამიანების ფეხებთან იჩოქებს, სწორედ მაშინაა ყველაზე თავმდაბალი.

ფეხსაცმლის მწმენდავის იდეა, რომელიც აფრიკელ ბიჭს გადაარჩენს, მაშინ მომივიდა, როცა რამდენიმე წლის წინ ჩემს პორტუგალიურ ქალაქში ფეხსაცმლის მწმენდავები სულ გაქრნენ. ერთიღა დარჩა და, სამუშაო რომ ჰქონოდა, ფეხსაცმელი გავაწმენდინე. ვუყურებდი და დანარჩენი ადვილი აღმოჩნდა. როცა მთავარ გმირს სადმე დააყენებ, დანარჩენი ავტომატურად მოდის — ან თითქმის ავტომატურად.

ახლა ადამიანის სახეებს დავუბრუნდები. ფილმში პერსონაჟების მთელი გალერეაა და ის, რისი გადაღებაც ერთ-ერთი ყველაზე რთულია: წესიერი ადამიანების თემი. ან თემის ხატი, რომელიც, ამის გაუცნობიერებლად, სიკეთის სულისკვეთებით მოქმედებს. მეორეხარისხოვანი როლები, რომლებსაც შესანიშნავი ფრანგი მსახიობები — პიერ ეტე, ჟან-პიერ ლეო და ჟან-პიერ დარუსენი — ასრულებენ, თავიდან პატარა ჩანს, სინამდვილეში კი უაღრესად მძლავრია. დარუსენი პოლიციელის როლში მოხელის თითქმის საოცნებო ხატია, მოხელისა, რომელსაც ემოციური ცხოვრება ჯერ კიდევ შერჩენია.

მას მორალი აქვს. მისი გრძნობები ბოლომდე არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად არსებობს. ეტეს ექიმის როლი პატარა მხოლოდ იმიტომაა, რომ სცენარის წერისას არ ვიცოდი, საერთოდ შესაძლებელი თუ იქნებოდა მისი ფილმში ყოლა.

როცა 1990 წელს ლეოს ფილმში მე დავიქირავე მკვლელი (I Hired a Contract Killer, 1990) მთავარი როლი შევთავაზე, მგონი, წლების განმავლობაში მთავარ როლში არ უთამაშია. ვფიქრობ, ეს იყო პირველი ფილმი, რომელშიც, გარკვეული აზრით, საკუთარ თავს არ თამაშობდა, და აქაც ასეა. მისი როლი პატარაა, მაგრამ, იმედი მაქვს, ფონს აჩენს: ის ინფორმატორია, რომელიც პირდაპირ კლუზოს ყორნიდან (Le Corbeau, 1943) გადმოსულა.

სასიკვდილოდ ავადმყოფი ცოლის როლი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული?

იდეა ძველია. ტოკიოში კინოალმანახისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვაპირებ. თემა და სასწაულებრივი გამოჯანმრთელება იქიდანაა აღებული და უკავშირდება საკეს ბარის მეპატრონეს, რომელიც ტოკიოს თევზის ბაზარზე ვნახე. ეს ლტოლვილის თემას დავუმატე, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მიტრიალებდა თავში. ის, რომ საგანი ძალიან სოციალურია, მე კი ამაში თავს ძლიერად არ ვგრძნობ, ნაწილობრივ ხსნის, რატომ გამოვიდა ასეთი ნახევრად ზღაპარი.

ორი პერსონაჟი იერარქიის აბსოლუტურ ფსკერზეა. და სწორედ ისინი, ვისაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ, ამარცხებენ კანონებს, წესებს და მთელ სისტემას, რომელიც თითქოს ადამიანების მხარდასაჭერადაა შექმნილი, სინამდვილეში კი სულ სხვა რამაა. სიკვდილის თემა თანმიმდევრულია. ისიც უკვე მკვდარია; დარჩნენ მხოლოდ ეს უპრეტენზიო ადამიანები, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა ძალუძთ.

ქალაქის გარეუბნის თემაც ახლოსაა ჩემთან. გარეუბნის მცხოვრებლები ცენტრის წინააღმდეგ. ან ის, რაც ჩემთან თითქმის ყოველთვის ჩნდება: სოფლელი ბიჭი დიდ ქალაქში. ნათლია აქაც იტალიური ნეორეალიზმია: როგორ დგება თემი ფეხზე და ლტოლვილი ბიჭის საქმეს მხარში უდგება. აბსურდულ ფრანგულ კლიშეებს ვიყენებ — საფუნთუშეს და აკორდეონის მუსიკას. აქ ზღვარზე დავდივარ, მაგრამ ფრანგებმა აქამდე ანკესიანად გადაყლაპეს.

ფონზე კიდევ ერთი სიკვდილია: კინოსი. თქვენ იმ მცირერიცხოვანთა შორის ხართ, ვინც ჯერ კიდევ 35-მილიმეტრიან ფირს ერთგულობს.

ნამდვილი ფირი სინათლეა, ციფრული — ელექტროობა.

თქვენ თქვით, რომ ჰავრი ტრილოგიის დასაწყისია. როცა დაასრულებთ, 20 ფილმი გექნებათ გადაღებული.

ტრილოგია, ალბათ, 10 წელიწადში დასრულდება. კარგია, ამგვარი ანკესის გადასროლა. თუ ტრილოგიაზე ლაპარაკობ, ორ ფილმზე ვეღარ გაჩერდები. და თუ უკვე ორი ტრილოგია გაქვს გადაღებული, მესამეც აუცილებლად უნდა გადაიღო, თორემ ტრილოგიების ტრილოგია არ გამოვა.

საფრანგეთში გააგრძელებთ?

შემდეგს ესპანეთში გადავიღებ, მესამეს — გერმანიაში.

მაგრამ მაინც არა პორტუგალიაში, სადაც წლის ნახევარს ატარებთ?

მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე 20 წელია ვცხოვრობ, ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ ფიქრობენ პორტუგალიელები. ყველაზე შეუცნობელი ერი, რომელიც კი შემხვედრია.


წყარო: Peter von Bagh, “Aki Kaurismäki,” Film Comment 47, no. 5 (September–October 2011).

პოსტის ნახვები: 8
Related Topics
  • აკი კაურისმიაკი
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ჰავრი
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ჩამოცვენილი ფოთლები: საუბარი მსახიობ ალმა პოისტისთან

  • ნოემბერი 17, 2026
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ჩამოცვენილი ფოთლები: საუბარი მსახიობ ალმა პოისტისთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • ნოემბერი 17, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ჩარლი ჩაპლინი: პასუხი კრიტიკოსებს

  • ნინი შველიძე
  • ნოემბერი 5, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: მხიარული მეცნიერება

  • ნინი შველიძე
  • ოქტომბერი 1, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 25, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 16, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ისტორია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა: საუბარი ანჯეი ვაიდასთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივლისი 3, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ანჯეი ვაიდა: “ფერფლი და ალმასი”

  • ლიკა გლურჯიძე
  • ივნისი 10, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 30, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს