• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ჩარლი ჩაპლინი: პასუხი კრიტიკოსებს
  • თარგმანი

ჩარლი ჩაპლინი: პასუხი კრიტიკოსებს

  • ნოემბერი 5, 2026
  • ნინი შველიძე
Total
0
Shares
0
0
0

მთარგმნელი: ნინი შველიძე

The New York Times, 27 ოქტომბერი, 1940

როდესაც გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის კრიტიკოსმა დიდი დიქტატორი „შესანიშნავად შესრულებულ“ ფილმად შეაფასა, მან საკუთარი აზრი გამოთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვა რამეს ვგულისხმობდით. ის ტელესკოპის ერთი ბოლოდან იყურებოდა, მე კი – მეორიდან.

დიდი დიქტატორი ეკრანზე ზუსტად ისეთია, როგორიც ჩავიფიქრე. მქონდა ამბავი, რომელიც უნდა მომეყოლა, და სათქმელი, რომლის მოყოლაც მთელი გულით მინდოდა. მოვყევი კიდეც და ამ პროცესით დიდი სიამოვნება მივიღე. ფილმი სასაცილოა იმ ადგილებში, სადაც სასაცილო უნდა იყოს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მსიამოვნებს იმის მოსმენა, როგორ იცინის მაყურებელი ამ ამბის ყურებისას.

მადლიერი და ამაყი ვარ, რომ ფილმი კრიტიკოსების დიდ ნაწილს მოეწონა და მაყურებელშიც ასეთი პოპულარობით სარგებლობს. ჩემთვის ეს ფილმი ნამდვილად შედგა. რა თქმა უნდა, კრიტიკული შეფასებებიც არსებობს და ასეც უნდა იყოს. განა შესაძლებელია, ორ ადამიანს ოდესმე ერთი აზრი ჰქონდეს ისეთ სუბიექტურ ნაწარმოებზე, როგორიც დიდი დიქტატორია? მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერასდროს მოვახარხე, ყველას მოვწონებოდი. სიმართლე რომ ვთქვა, არც ისეთი რამ მახსენდება, რაც თავად ბოლომდე მომწონებია.

კრიტიკას ისევე ვიღებ, როგორც ქებას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი გონიერება, გამჭრიახობა და სიღრმეა ჩადებული მასში. კრიტიკაც და ქებაც შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს, თუმცა ორივეს შეუძლია, გულიც გაგითბოს.

არსებობს ქებისა და კრიტიკის ისეთი ფორმებიც, რომელთა წინააღმდეგ კამათს აზრი არ აქვს და რომელთა უარყოფაც შეუძლებელია. „სასაცილოა“ თუ „არ არის სასაცილო“. განა ვინმემ იცის ეს შენზე უკეთ? სიცილმაც კი შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს. „ლამაზია“ თუ „არ არის ლამაზი“; განა ვინმეს შეუძლია ამის განსაზღვრა შენს ნაცვლად? ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება გვაქვს და თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს, საკუთარი სიმართლე აქვს. მადლობა ღმერთს ამისთვის!

პრესის წარმომადგენლების შეკითხვები, ძირითადად, სამ საკითხს ეხებოდა:

პირველი: შეიძლება თუ არა ჰიტლერის მიერ ევროპისთვის თავს დამტყდარი ტრაგედია სასაცილო იყოს?

მეორე: რას იტყვით ფილმში პროპაგანდის არსებობაზე?

მესამე: როგორ ამართლებთ ფილმის დასასრულს?

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ჰიტლერზე სიცილი, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: თუ ზოგჯერ ჰიტლერზეც ვერ გაგვიცინია, მაშინ იმაზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ, ვიდრე თვითონვე წარმოგვიდგენია.

სიცილს განკურნების ძალა აქვს. ადამიანს შეუძლია, ცხოვრების უმძიმეს მოვლენებზეც კი იცინოს, სიკვდილზეც. ჩემი ფილმი იარაღით მხარზე (Shoulder Arms) სასაცილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომში მიმავალ ჯარისკაცებზე მოგვითხრობდა. ოქროს ციებ–ცხელების შექმნის იდეაც თავდაპირველად დონერის ექსპედიციის ტრაგიკულმა ისტორიამ შთამაგონა. სიცილი მატონიზებელი საშუალებაა, შვებაა, ტკივილისგან გათავისუფლებაა. ის, ალბათ, ყველაზე ჯანსაღი რამაა, რაც კი ამქვეყნად არსებობს და ადამიანს ჯანმრთელობასაც მატებს.

მეორე საკითხი – პროპაგანდა.

დიდი დიქტატორი პროპაგანდისტული ფილმი არ არის. ეს პატარა ებრაელი დალაქისა და დიქტატორის ამბავია, რომელსაც დალაქი შემთხვევით ჰგავს. ეს იმ პატარა ადამიანის ისტორიაა, რომლის ამბავსაც მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ვყვები და რომელსაც ისევ და ისევ ვუბრუნდები. თუმცა ფილმს იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობ საკუთარი სათქმელი აქვს, ისევე როგორც თავის დროზე ბიძია თომას ქოხსა და ოლივერ ტვისტს ჰქონდათ. ნუთუ „თანაგრძნობა“ უფრო შესაფერისი სიტყვა არ არის ვიდრე „პროპაგანდა“? ან იქნებ „სიძულვილი“? მე არაფერი შემიმსუბუქებია, სიტყვების შერჩევაც არ მიცდია და არც იმის შელამაზება მიცდია, რასაც ამდენი ადამიანი მთელი სიმძიმით განიცდის.

მესამე საკითხი – ფილმის დასასრული.

ჩემთვის ეს ამბის ბუნებრივი, ლოგიკური დასასრულია. ეს ის სიტყვებია, რომლებსაც პატარა დალაქი წარმოთქვამდა და რომელთა თქმაც, მას შესაძლოა, საკუთარ მოვალეობადაც მიაჩნდა. ზოგმა თქვა, რომ ამ მომენტში დალაქი საკუთარ პერსონაჟს ჩამოსცილდა. მერე რა?

ფილმის ხანგრძლივობა ორი საათი და შვიდი წუთია. თუ ამ დროის ორი საათი და სამი წუთი კომედიას ეთმობა, ნუთუ არ შეიძლება მაპატიოთ, რომ ამბავი ისეთი სიტყვებით დავასრულე, რომლებიც გულწრფელად და რეალისტურად გამოხატავს ჩვენი სამყაროს მდგომარეობას? ნუთუ არ შეიძლება მაპატიოთ, რომ ადამიანებს უკეთესი სამყაროს შექმნისკენ მოვუწოდე? გაითვალისწინეთ, რომ ეს სიტყვები ჯარისკაცებს, დიქტატურის უშუალო მსხვერპლთ, მიემართება.

ამის გაკეთება ადვილი არ ყოფილა. გაცილებით მარტივი იქნებოდა, დალაქი და ჰანა ჰორიზონტს იქით გამქრალიყვნენ და მზის ჩასვლის კაშკაშა ფონზე აღთქმული მიწისკენ მიმავალ გზას დასდგომოდნენ. მაგრამ მსოფლიოს ჩაგრული ხალხებისთვის აღთქმული მიწა არ არსებობს. ჰორიზონტის მიღმა არ ელით ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებენ. ისინი მტკიცედ უნდა იდგნენ. ჩვენც მტკიცედ უნდა ვიდგეთ.

პოსტის ნახვები: 3
Related Topics
  • დიდი დიქტატორი
  • ნინი შველიძე
  • ჩარლი ჩაპლინი
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • ესსე

უძრაობის მესია — რეცენზია ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმზე „საფეხური”

  • ოქტომბერი 12, 2026
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: მხიარული მეცნიერება

  • ნინი შველიძე
  • ოქტომბერი 1, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 25, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 16, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ისტორია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა: საუბარი ანჯეი ვაიდასთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივლისი 3, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ანჯეი ვაიდა: “ფერფლი და ალმასი”

  • ლიკა გლურჯიძე
  • ივნისი 10, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 30, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ცენზურის ორი სახე

  • ნინი შველიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგე — კინოს ამბები[1]

  • ლიკა გლურჯიძე
  • მაისი 29, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს