• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ისტორია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა: საუბარი ანჯეი ვაიდასთან
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ისტორია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა: საუბარი ანჯეი ვაიდასთან

  • ივლისი 3, 2026
  • გიორგი ჯავახიშვილი
Total
0
Shares
0
0
0

პიოტრ იაგიელსკი: რა ვითარებაში მოხვდა თქვენს ხელში იეჟი სტეფან სტავინსკის სცენარი ფილმისთვის არხი?

ანჯეი ვაიდა: თავდაპირველად, სტავინსკის სცენარის მიხედვით ფილმი ანჯეი მუნკს უნდა გადაეღო. თუმცა, ის კარიერას იწყებდა როგორც დოკუმენტალისტი და მოვლენების დანახვის თავისებური რაკურსი ჰქონდა, მუდმივად იმაზე ფიქრობდა, იქნებოდა თუ არა ეკრანზე ასახული ისტორია ჭეშმარიტი. მან თავის ჯგუფს ლოკაციის შერჩევა დაავალა. მუშებმა მათთვის საკანალიზაციო არხის შესასვლელი გახსნეს, მუნკი ჩავიდა, ამოვიდა და თქვა: „ამ ფილმის გადაღება გამორიცხულია. იქ აბსოლუტური სიბნელეა“.

მე არხში არსებულ სიბნელეზე არ ვფიქრობდი, უფრო ის მაინტერესებდა, თუ რისი თქმა შემეძლო ამ ფილმით. მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, როცა ვარშავის აჯანყება ჯერ კიდევ სულ ახალი ისტორია იყო – გადარჩენილთაგან ბევრი ისევ ცოცხალი გახლდათ. ვიცოდი, რომ გადაღებებისთვის არხები დეკორაციის სახით უნდა აგვეშენებინა. ბედის ირონიით, ლოძის კინოსტუდიის დირექციამ პავილიონში არხების აშენებაზე უარი გვითხრა, არადა, ეს ჩვენთვის გაცილებით კომფორტული იქნებოდა. მათ სამართლიანად ეშინოდათ, რომ თუ დეკორაციაში წყალს გავუშვებდით, პავილიონის იატაკი დაზიანდებოდა – ეს კი იმ დროისთვის პოლონეთის ერთადერთი კინოსტუდია იყო.

ამის წყალობით, დეკორაციის აშენება კინოსტუდიის მიმდებარედ მოგვიწია, რამაც, ფაქტობრივად, გაცილებით დიდი შესაძლებლობები მოგვცა – იქ მეტი სივრცე გვქონდა. მივიღეთ ერთი ისეთი ეფექტი, რომლის მიღწევაც პავილიონში აშენებული დეკორაციის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა: როდესაც არხის შესასვლელი იხსნებოდა, ცა ჩანდა და შიგნით წარმოუდგენელი სინათლე იჭრებოდა, რაც ჩვენს დეკორაციას მეტ დამაჯერებლობას მატბდა.

ამ ადამიანების ხვედრს მივყვებოდი. სტავინსკის სცენარის მთავარი ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ ის, დიდწილად, მისივე დღიურს წარმოადგენდა. როგორც „კრაიოვას არმიის“ ლეიტენანტს, მას თავის რაზმთან ერთად ჰქონდა გამოვლილი ეს არხები და ახალგაზრდა ენთუზიასტების აღწერის გარდა, მან ის ოფიცრებიც წარმოგვიდგინა, რომლებიც არხებში თავიანთი ჯარისკაცების დაკარგვის გამო პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.

სცენარი ნამდვილ მოვლენებს ეფუძნებოდა. სტავინსკის მიერ აღწერილი ყველა ფიგურა რეალური იყო – მას ისინი ცხოვრებაში ჰყავდა ნანახი და იცნობდა. ეს იყო ქრონიკა. მანამდე ომის მსგავსი სურათი, არხებში მსვლელობებით, არავის დაუხატავს; ფაქტობრივად, არც ყოფილა იმის საბაბი, რომ გვესაუბრა, თუ რაზე იყვნენ ადამიანები წამსვლელები იმ იდეალების სახელით, რომელთა ასე ღრმად სწამდათ.

როგორი იყო საზოგადოების რეაქცია ვარშავის აჯანყების შესახებ გადაღებულ პირველ მხატვრულ ფილმზე?

არსებობდა მოლოდინი, რომ აჯანყებაზე გადაღებული პირველი ფილმი ბარიკადებზე განვითარდებოდა და მძიმე, თუმცა უთანასწორო ბრძოლას ასახავდა. თუმცა რეალურად აჯანყება სულაც არ ჰგავდა ამას და არც სტავინსკის მიერ გამოვლილი აჯანყება ყოფილა ასეთი – მე კი სწორედ მის კვალს მივყვებოდი. მჯეროდა, რომ ყველაფერი, რაც მან დაწერა, სიმართლე იყო და რომ იმ ოფიცრებს, რომლებიც ხედავდნენ, რომ მარცხისთვის იყვნენ განწირულნი, კარგად ესმოდათ, თუ რისი ნაწილი იყვნენ. მივხვდი, რომ ამ ფილმმა ისინი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ არანაირ მანიპულაციაში არ ვმონაწილეობდი. ამის გარანტიას კი რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული სცენარი იძლეოდა.

ფილმის მიმართ ორი განსხვავებული დამოკიდებულება გაჩნდა – პრემიერისას შეფასებები საკმაოდ ცივი იყო. დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის კანის ფესტივალზე დააფასეს და ჯილდოც კი მოიპოვა. თავისთავად ჯილდოს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, პოლონელ მაყურებელს სურდა, მსოფლიოს დაენახა, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რა უზარმაზარი ფასი გადაიხადეს აჯანყების მონაწილეებმა – ფასი, რომლის გასაღებადაც ისინი მზად იყვნენ. არხმა სწორედ ეს აჩვენა და კანის კინოფესტივალის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს იყო ფილმი „მსოფლიოსთვის“. ფესტივალმა ფილმს გზა გაუხსნა და მაყურებელმა იხილა არა იმდენად თანამედროვე ომის სურათი, რამდენადაც რაღაც დანტესეული ჯოჯოხეთის მსგავსი, რის წყალობითაც ის ეგზისტენციალური პერსპექტივიდან აღიქვეს.

წარმომიდგენია, როგორი ცხარე იქნებოდა ფილმებისა და სცენარების შემფასებელი კომისიის განხილვა.

ნამდვილად რთული იყო. ტადეუშ კონვიცკიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მე იეჟი კავალეროვიჩის ჯგუფში ვიყავი, ის ამ ჯგუფის ლიტერატურული ხელმძღვანელი გახლდათ და თან იმ კომისიის წევრიც იყო, რომელიც სცენარებს ამტკიცებდა. კინემატოგრაფიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ლეონარდ ბორკოვიჩმა ფილმის გადასაღებად მართლაც ბევრი იბრძოლა. გადაწყვიტა, ფილმი მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა და საერთაშორისო ფესტივალზე გაეტანა. ის ჩვენთან და მსახიობებთან, ტადეუშ იანჩარსა და ტერესა იჟევსკასთან ერთად კანში გაემგზავრა. უცხოელი მაყურებლის რეაქცია რომ დაინახა, მიხვდა, რომ სწორედ ეს გაუკვალავდა ფილმს გზას პოლონელ მაყურებელთან დასაბრუნებლად.

ცენზურის მხრიდან ჩარევას ხომ არ წაწყდომიხართ?

ამ ფილმზე მათ დიდი გავლენა არ მოუხდენიათ. დილემა უფრო ის იყო, საერთოდ ეჩვენებინათ თუ არა ფილმი, და თუ აჩვენებდნენ – მაშინ სრულად. იქიდან ამოსაჭრელიც კი არაფერი იყო. ვფიქრობ, როგორც კი დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, კინემატოგრაფიის ხელმძღვანელი უკვე ვალდებული იყო, დაეცვა ის ფილმი, რომელიც თავად დაამტკიცა და წარმოებაში გაუშვა. კანში მოპოვებული წარმატება, რა თქმა უნდა, მისი წარმატებაც გახლდათ.

ფინალურ სცენაზე ვფიქრობდი, სადაც ძალაგამოცლილი გმირები არხის გამოსასვლელს, გისოსებს მიადგებიან, რომლის მიღმაც მდინარე ვისლასა და ქალაქის მეორე მხარის ხედი იშლება. ამ სცენას ერთგვარი ირიბი სათქმელი აქვს.

ეს ზუსტად ის მაქსიმუმი იყო, რისი ჩვენებაც შეგვეძლო. მაყურებელმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ვისლას მიღმა პრაგას რაიონია, სადაც საბჭოთა ჯარები იდგნენ. დღეს, ალბათ ამის უფრო მკაფიოდ ხაზგასმა მომიწევდა – რაღაც ტანკების, ან, შესაძლოა, ნამგლისა და უროს ჩვენებაც კი. მაშინ ეს საჭირო არ იყო. წარმოსახვის ამგვარი თამაში და ის, რაც ხალხმა ისედაც იცოდა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ყველამ იცოდა, რომ სტალინი მეორე მხარეს იცდიდა მანამ, სანამ აჯანყება გრძელდებოდა და სანამ „კრაიოვას არმია“ არ განადგურდებოდა. 1956 წელს, როდესაც არხს ვიღებდი, ვარშავა ჯერ კიდევ ნანგრევებით იყო სავსე. განსაკუთრებით ძველი ქალაქი, რომელიც ვისლამდე ეშვებოდა – სწორედ იქ გადავიღეთ ეს ბოლო სცენა. ასე გამოიყურებოდა მაშინდელი ვარშავა. ის ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში იყო.

დღეს რომ არხის მსგავს ფილმს იღებდეთ, სათქმელი განსხვავებული იქნებოდა?

ვარშავის აჯანყებისადმი ჩემი ხედვა შეიცვალა. იან ნოვაკ-ეზიორანსკის (ის „ვარშავის კურიერის“ სახელით იყო ცნობილი) სიცოცხლის მიწურულს, ანჯეი კოტკოვსკისთან ერთად გადავიღე ფილმი, რომელშიც ის 1944 წლის ივლისში „კრაიოვას არმიის“ ოფიცრებთან შეხვედრაზე საუბრობს; ცდილობდა მათთვის აეხსნა, თუ რა რთული იყო საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება და რა მცირე იყო გარედან დახმარების მიღების შანსი. თუმცა, ნოვაკ-ეზიორანსკიმ ნათლად გაუსვა ხაზი საბჭოთა პროპაგანდის უდიდეს როლსაც, რომელიც „კრაიოვას არმიას“ გერმანელების წინააღმდეგ გამოსვლისა და ბრძოლისკენ აქეზებდა. მეორე მხრივ კი, „კრაიოვას არმიის“ ოფიცრებმა იცოდნენ, რომ პოლონური ჯარი, რომელიც მოკავშირეების მხარდამხარ იბრძოდა, სიდიდით მეოთხე იყო. ამ ვითარებაში მათთვის წარმოუდგენელი ჩანდა, რომ მოკავშირეები აჯანყებას საშველად არ მოსულიყვნენ.

მე იმ ადამიანთა შორის ვიყავი, ვინც 1980 წლის აგვისტოში ლეხ ვალენსას ედგა გვერდით და ვიცი, რამდენი ადამიანი ცდილობდა მის კონფლიქტში ჩათრევას, აქეზებდნენ, რომ „კომუნისტებისთვის ყელში წაევლო ხელი“. მაგრამ ლეხმა, თავისი უბრალო კაცის გონებით, კარგად იცოდა მთავარი რამ: „ჩვენ არ გვაქვს იარაღი“. შევეცადე, სწორედ ეს მეჩვენებინა ჩემს ფილმში ვალენსა – ის, თუ როგორი თანმიმდევრული იყო მოვლენების თავისებურ ხედვაში. და სწორედ ამ პრინციპულობის წყალობით, უსისხლო გამარჯვებას მივაღწიეთ და თავიდან ავიცილეთ ის საშინელი დანაკარგები – ათასობით ახალგაზრდის სიკვდილი, ასობით ათასი ვარშაველის მსხვერპლი და ქალაქის განადგურება. 1989 წლის 4 ივნისი ჩვენს ისტორიაში მართლაც გამორჩეული თარიღია.

ვარშავის აჯანყების დაწყებიდან 70 წელი გავიდა, თუმცა ეს თემა დღემდე მწვავე დაპირისპირებასა და ემოციებს იწვევს. საიდან მოდის ეს ყველაფერი?

დღეს აჯანყებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ის სხვადასხვა პოლიტიკური ძალისთვის ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა. ჩემთვის ეს სრულიად ნათელია. ისტორია და, განსაკუთრებით, ვარშავის აჯანყება, ბოლო დროს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. თუმცა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ახალგაზრდობისა და საზოგადოების უმრავლესობისათვის ეს არც ისე აქტუალურია. სპეკულაცია სპეკულაციად დარჩება. ადამიანს ყოველთვის შეუძლია ათასგვარი რამ წარმოიდგინოს და იმაზე იფიქროს, თუ „რა მოხდებოდა, რომ…“. დღეს რომ ჩამვრდნოდა ხელში სტავინსკის სცენარი, ზუსტად იმავე ფილმს გადავიღებდი.

წყარო: https://culture.pl/en/article/wajda-history-has-become-the-subject-of-political-speculation-interview

პოსტის ნახვები: 4
Related Topics
  • ანჯეი ვაიდა
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • პოლონური კინო
გიორგი ჯავახიშვილი

წინა სტატია
  • ესსე

ჭიათურა ეკრანზე: კინო, კლასი და ბრძოლა (ჩვენი ცხოვრება სანახაობა არ არის)

  • ივნისი 20, 2026
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ანჯეი ვაიდა: “ფერფლი და ალმასი”

  • ლიკა გლურჯიძე
  • ივნისი 10, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 30, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ცენზურის ორი სახე

  • ნინი შველიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგე — კინოს ამბები[1]

  • ლიკა გლურჯიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგეს ჯიუტი შეუპოვრობა

  • ნინი შველიძე
  • მაისი 24, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ ალექსანდრ კლუგესთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 20, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

„20-იანი წლების პატრიოტი ვარ”: საუბარი ალექსანდრ კლუგესთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 18, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

მეხსიერების ხელოვნება: საუბარი იოაკიმ ტრიერთან

  • ნინი შველიძე
  • მაისი 14, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს