ავტორი: ვიქტორ ნეკრასოვი. კრებული ეკრანი, კინოწლის მიმოხილვა 1971-1972, გვ. 23-27.
მთარგმნელი: ნინი შველიძე
არის ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგ, ისე რომ დარბაზი ჯერ არც დაგიტოვებია, ხელახლა გინდა მათი ყურება. და თუ ამ შესაძლებლობას მოკლებული ხარ, უბრალოდ მათზე იწყებ ლაპარაკს. უფრო სწორად, ლაპარაკსაც არა, რაღაც მსგავსს: „მოიცა, მოიცა, მოდი თავიდან დავიწყოთ.“ და მერე ერთმანეთს საუბარს არ აცლით, ისე იწყებთ ეკრანზე ნანახი მოვლენების თანმიმდევრულ აღდგენას.
ასეთ ფილმებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოთარ იოსელიანის გიორგობისთვე — მისი პირველი ფილმი, რომელიც კინოში ვნახე.
ფილმის ნახვის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი თითქმის მთელი დღე ვცდილობდით დეტალები გაგვეხსენებინა… „ასეთი ფილმია, რას იზამ“, — ვამბობდით, რა თქმა უნდა, ჭიქა ღვინის თანხლებით.
მსგავსი რამ დამემართა იოსელიანის ახალ ფილმზეც. ამჯერად ღვინო არ ყოფილა — მხოლოდ, სახლის გასაღები დამრჩა. მე და ბინის მეპატრონე, რომელსაც ფილმი ასევე ნანახი ჰქონდა, საათ-ნახევარი ვისხედით სახლთან მდებარე პატარა სკვერში და ვერც კი შევნიშნეთ, როგორ გავიდა ეს საათ-ნახევარი.
ფილმის დეტალურ და პროფესიულ ანალიზს ახლა არ ვეცდები, სულ ერთხელ ვნახე. თუმცა შესაძლოა, უკეთესიც იყოს. მხოლოდ შთაბეჭდილებაზე ვისაუბრებ, რომელიც ფილმმა დამიტოვა.
რატომღაც განსაკუთრებით მომწონს ისეთი ფილმები (ლიტერატურაში უფრო კონსერვატიული ვარ), რომელთაც თავიდან ვერაფერს გაუგებ. ვთქვათ, მალაპაგას კედლებთან. სრულიად უცნობი ადამიანი (იმ დროს გაბენიც კი არ ვიცოდით) რომელიღაც გემის ტრიუმიდან ამოძვრება, სადღაც მიდის, კბილის ექიმთან აღმოჩნდება, მერე ისევ მიდის, უცნობ ბინაში ხვდება… ქალი… პატარა გოგონა… ქათამი… არაფერი გესმის…
და მხოლოდ ფილმის ბოლოს ხვდები, რომ მთავარი მაინც გაგიგია — უარყოფილ, მარტოსულ, კუთხეში მიმწყვდეულ ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ და პოულობენ კიდეც.
იყო შაშვი მგალობელი ზუსტად ასე იწყება, ოღონდ უფრო სწრაფად. ბიჭი გოგონასთან ერთად სადღაც მიიჩქარის… სადარბაზო. „აქ დამელოდე… ახლავე მოვალ“… ბიჭი კიბეზე გარბის, თან გზადაგზა იცვამს პლასტრონს ბაფთიან ჰალსტუხთან ერთად… „სწრაფად, სწრაფად…“ — აჩქარებენ მას, და უცებ, მთელი ძალით, მთლიანად ოფლში გაწურული, იწყებს დოლზე დაკვრას… ყველა შვებით უყურებს. იქვეა სრულიად გამოფიტული დირიჟორი, ისიც ოფლში გაწურული…
მერე იმავე კიბეზე ქვემოთ გარბის… სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა დგას… „სწრაფად, სწრაფად, ვაგვიანებთ“… დაბნეულობის ერთი წამი და ბიჭი უკვე აღარავინ იცის სად მიჰქრის ამ მანქანით, მხიარულ, ულვაშიან ქართველებთან ერთად.
იგივეს თქმა, მთელ ფილმზე შეიძლება. ბიჭს სადღაც ეჩქარება, აგვიანებს, რაღაც ავიწყდება, გზა ებნევა, ახსენდება, ისევ გარბის, არასწორ ადგილას ხვდება, ვერ ასწრებს მისვლას, სანამ ის იქ არის, ხვდება, მაგრამ არა იმას, ვისაც უნდა შეხვედროდა, მერე — იმასაც. და ისევ თავქუდმოგლეჯილი გარბის…
ვინ არის ეს ბიჭი? ვინ არის ის, ვინც ჩვენ მაშინვე შეგვიყვარდა — ასეთი დაუდევარიც და კონცენტრირებულიც, ქარაფშუტაც და ერთგულიც, ყველგან და ყოველთვის დამგვიანებელიც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის მომსწრეც; ვერცხლისწყალივით მოძრავიც და დაღლილობისგან ფეხზე ძლივს მდგომიც; მხიარულიც და წარმოუდგენლად სევდიანიც; ყველასგან გაკიცხულიც და მაინც ყველასთვის საყვარელიც? რატომ შეგვიყვარდა ის ჩვენც? ისე ძლიერ, რომ როდესაც ფილმის ბოლოს მას, ტრამვაის თუ ტროლეიბუსის ბორბლებქვეშ მოყოლილს, სასწრაფო დახმარების მანქანაში აწვენენ და აღარ იცი, ცოცხალია თუ მკვდარი, თან ამას ვეღარც გაიგებ, ისე ღელავ, თითქოს ეს შენი უახლოესი მეგობრის თავს მომხდარიყოს.
ფილმის დასრულების შემდეგ ოთარ იოსელიანთან მოკლე დიალოგი შედგა:
– ცოცხალია?
ოთარი მხრებს იჩეჩავს.
– აბა, მითხარი, ცოცხალია? ნუ მაწვალებ!
– შეიძლება ცოცხალიც არის. არ ვიცი, – ისევ იღიმის
– მაშ, ვინ იცის?
კვლავ მხრებს იჩეჩავს. დუმს.
– კიდევ ერთი ნაწილი გადაიღე! საავადმყოფოს შემდგომი ცხოვრება. „გთხოვ… ჩემთვის.”
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. საჭირო არაფრის გადაღება აღარ არის. არც გაცოცხლებაა საჭირო, როგორც თავის დროზე კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსი გააცოცხლა, და არც საავადმყოფოდან გამოწერა. იოსელიანმა და გელა კანდელაკმა გააკეთეს ყველაფერი, რაც სურდათ: მათ გვაჩუქეს თავიანთი გმირის ერთი, ერთ-ნახევარი, ან ორი დღე. გვაჩუქეს თვითონ გმირი და მეტს ვეღარაფერს მოვითხოვთ.
ზომიერების გრძნობა შესაძლოა, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი თვისებაა. ყოველთვის უნდა იცოდე, სად დასვა წერტილი და ყოველთვის არ უნდა გადაიღო მეორე სერია. შესაძლოა, რემარკს დასავლეთის ფრონტი უცვლელიას შემდეგ „დაბრუნება“ სჭირდებოდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ნაწარმოებია — შეიძლება იგივე ადამიანებზე, მაგრამ მაინც სხვა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რემარკს თავისი გმირის გაცოცხლება სურდა.
ჩემს სტატიაში სწორედ ამ ადგილამდე მივედი და უცებ — ბახ! ხელში ჩამივარდა გაზეთი „კინოფესტივალის თანამგზავრი“ და მასში საუბარი ოთარ იოსელიანთან.
საუბრისას ოთარი ჰყვება, რისი თქმა უნდოდა ფილმით. მე კი ჩიხში აღმოვჩნდი. დავიბენი…
აღმოჩნდა, რომ მე და ოთარი სრულიად საპირისპირო პოზიციებზე ვდგავართ. აი, რას წერს ის:
„არსებობს ადამიანთა გავრცელებული კატეგორია, ისინი გარეგნულად თითქოს წარმოუდგენლად საქმიანები და აქტიურები არიან… მაგრამ თუ შევაჯამებთ მათ ყველა მოქმედებასა და საქციელს, ძალიან სამწუხარო რამ გამოიკვეთება — ამ ადამიანების მთელი ეს უზარმაზარი ფუსფუსი და გადაჭარბებული აქტიურობა საბოლოოდ ნულოვან შედეგს იძლევა, რადგან ისინი საკუთარ თავს უამრავ წვრილმან საქმესა და არასავალდებულო ნაცნობობაში ფანტავენ. პრაქტიკულად ვერ ახერხებენ საკუთარ თავში არსებული საუკეთესო და ფარული შესაძლებლობების განხორციელებას […] ასეთია ჩვენი ფილმის გმირიც. ის ცდილობს ერთდროულად ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმაროს და, ბუნებრივი ადამიანური ქცევის ლოგიკით, თითქოს სრულიად სწორად მოქმედებს. მაგრამ მისი უბედურება და ტრაგედია ის არის, რომ მისი ყველა საქციელი და ერთი ნაცნობიდან მეორესთან გამუდმებული, ნერვიული სირბილი, საბოლოოდ რომ დაგროვდება, მთლიანობაში სრულ უმოქმედობად იქცევა. მას სურს ყველას დაეხმაროს, სურს ყველასთვის კეთილი და სასარგებლო იყოს, მაგრამ შედეგად ცხოვრებაში ყველაზე მთავარს ვერ ასწრებს… ამიტომ ჩემი ფილმი საბოლოო ჯამში არის ადამიანზე, რომელმაც თავისი ნიჭი ქარს გაატანა.“
შემდეგ კი აგრძელებს:
„ამიტომ ჩვენ მხოლოდ ის გვსურდა, მაყურებელი ცხოვრების აზრზე დაგვეფიქრებინა, შეგვეხსენებინა მისთვის, რომ ადამიანის უმაღლესი დანიშნულება შემოქმედებითი მოქმედებაა. ადამიანმა სიკვდილის შემდეგ რაიმე რეალური კვალი უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ცხოვრება ცარიელი და უაზრო აღმოჩნდება.“
ო, ოთარ, ოთარ… მაპატიე, მაგრამ შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა! ეს ფილმი ამაზე არ არის, დამიჯერე. და ეს მართლაც ამაზე რომ ყოფილიყო, მაშინ შენ იოსელიანი უბრალოდ აღარ იქნებოდი.
დავიწყოთ იმით, რომ ადამიანთა ის კატეგორია, რომელზეც შენ ინტერვიუში საუბრობ — ადამიანები, რომლებიც სიკეთეს ყოველ მხრივ ფანტავენ — არც ისე გავრცელებულია. რაც შეეხება მათ, ვინც ამას შეგნებულად ცხოვრების მიზნად ისახავენ — მაპატიე, მაგრამ მე ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ ვიცნობ.
და შენი გელა ასეთიც რომ ყოფილიყო… მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი არ არის.
„გონიერი, კეთილი და მარადიული“ — ამის თესვა მისი ცხოვრებისეული ლოზუნგი მაინც არაა. მეტიც, მას არავითარი ლოზუნგი არ გააჩნია.
ეს ყველაფერი თავისთავად ითესება — გზადაგზა, სირბილში, საქმის კეთებისას, ხან საქმეს შორის, ხან „უსაქმურობას“ შორის — ითესება და მორჩა… ის საერთოდ არ ფიქრობს სიკეთეზე, ხოლო გონივრულსა და მარადიულზე — მით უმეტეს. უბრალოდ, ასეთია. შესაძლოა, რაც ყოველთვის მის ბედნიერებას არ ემსახურებოდეს, მაგრამ ჩვენი ბედნიერების მიზეზი მაინც არის.
რამდენი წლისაა? თვრამეტის, ოცის. ღმერთო ჩემო, ნუთუ ამ ასაკში უკვე უნდა ფიქრობდეს იმ კვალზე, რომელსაც ცხოვრების შემდეგ დატოვებს? რა საშინელება იქნებოდა, შენი გელა ასეთი რომ ყოფილიყო. და ნუთუ, მისი ჩვენებისას, ჩვენთვის გინდოდა გეთქვა: „ნუ ვიქნებით ასეთი!!! ღმერთმა დაგვიფაროს!?” — არ მჯერა, ათასგზის არ მჯერა!
შენ გიყვარს შენი გელა. და სწორედ იმიტომ გიყვარს, რომ ასეთია — იმიტომ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი აინტერესებს. ყველაფერი! ქუჩაში კინოს გადაღებაც, ისიც, რა ჩანს თეოდოლიტში, ისიც, რას აკეთებენ გოგონები იმ ლაბორატორიაში, სადაც შემთხვევით მოხვდა, და თვითონ ეს გოგონებიც. იმდენი რამეა მის გარშემო, როგორ მოიცვას ყველაფერი?
და ამასობაში კიდევ უნდა მიუტანოს დაპირებული წიგნი ნაცნობ მესაათეს, უნდა დაიჭიროს თეატრის დირექტორი, რომელსაც მასთან საუბარი სურს (ეჰ, ეს საუბარი!), უნდა შეხვდეს გოგონას, მაგიდის ქვეშ დაიმალოს სრულიად საჭირო დროს ზედმეტი სტუმრისგან, მოისმინოს მეორე გოგონასგან წყენისა და საყვედურის მთელი ნაკადი, ბიბლიოთეკაშიც უნდა მოასწროს, პიჯაკიც ჯერ კიდევ დასამთავრებელია (და ამასობაში ის ბიჭებიც გამოჩნდნენ თავიანთი მუსიკალური ყუთით), რესტორანშიც უნდა მივიდეს, სადაც მეგობრები ელოდებიან, რომ არ ეწყინოთ (თუმცა მაინც ეწყინებათ), ხოლო დაწყებული საქმის დასრულებისთვის — და ეს ხომ მაინც მთავარია, ნოტების ბოლომდე დაწერა — დრო უკვე აღარ რჩება. მაგრამ მთავარი მაინც სპექტაკლის დასრულებამდე მისვლაა…
აბა, როგორ უნდა მოასწროს? და ამას კიდევ ემატება: მეგობარი ავად გახდა, ექიმ მეგობართან უნდა წაიყვანოს. ოჰ! და ის ექიმი-მეგობარი დაუწყებს ლაპარაკს, რომ ასე არ უნდა იცხოვროს. მესაათეც თავის დარიგებას წაუკითხავს. გოგონაც საყვედურს ეტყვის. დედასაც ეწყინება, რომ თავისი მეგობრის მეგობრები გადაავიწყდა…
არა, გელა არც ერთი წუთით არ ფიქრობს სიკეთეზე. შეიძლება ის მართლაც აკეთებს სიკეთეს, მაგრამ თავად მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს – როგორ მოასწროს, როგორ არ დააგვიანოს.
რა თქმა უნდა, ფილმში რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ჩატევა ორ-სამ საათში, თუმცა არსობრივად ეს არის ფილმი გმირის ცხოვრების იმ მონაკვეთის შესახებ, რომელიც პირველ და უკანასკნელ დოლის დარტყმას შორის გრძელდება.
ასეთი ჩანაფიქრი რომ ყოფილიყო, ფილმს შეიძლებოდა დარქმეოდა „გელა ამა და ამის ცხოვრების სამი საათი“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში — „კეთილი ადამიანი თბილისიდან“. ის კეთილი ადამიანი სიჩუანში დარჩეს. ის იქ არის, ეს კი — აქ.
და იმასაც ნუ დამაჯერებ, თითქოს მესაათესთვის ქუდის დასაკიდებლად ლურსმანს რამე კეთილი განზრახვით აჭედებდეს. უბრალოდ, ლურსმანი მიაჭედა და მორჩა! იმიტომ, რომ მუშაობისას ხელი არ შეეშალოს.
აი ასეა, ძვირფასო ოთარ. შენ გადაიღე ფილმი იყო შაშვი მგალობელი ამ შაშვის ცხოვრების სამ საათზე (სხვათა შორის, ეს შესანიშნავი ქართული სათაურია — ნეტავ რუსულად როგორ იქნება?).
და მე ეს შაშვი შემიყვარდა. შემიყვარდა იმიტომ, რომ ის შაშვია და არა ჭიანჭველა — ის ჭიანჭველა, ბავშვობიდან რომ მძულდა.
და, თუ შეიძლება, ეს გელა კანდელაკსაც გადაეცი — მან თავისი მოსახელე ისეთი შექმნა, როგორიც საბოლოოდ გამოვიდა, და არა ისეთი, როგორიც შენ გქონდა ჩაფიქრებული.
თუმცა, ოთარ (ეს კი საიდუმლოდ), აღიარე, რომ ყველაფერი, რაც იმ კორესპონდენტს უთხარი სისულელეა. აღიარე…
წყარო: https://nekrassov-viktor.com/Books/Nekrasov-Ioseliani-protiv-Ioseliani/?utm_source=chatgpt.com