ავტორი: ნინი შველიძე
რა უნდა მოხდეს იქ, სადაც ყველა ლოგიკით დაპირისპირება უნდა იწყებოდეს; სადაც გამარჯვებულის უნდა იყოს ყველაფერი, დამარცხებული კი მარტო რჩებოდეს?
კინოს ისტორია სავსეა ასეთი დაყოფებით. ამ ისტორიაში აქეთ – ჩაპლინია, იქით – კიტონი. კომედიის ორი საპირისპირო ენა, ორი საპირისპირო ტემპი, ორი განსხვავებული ხედვა ადამიანზე, სხეულზე, სივრცეზე, თვითონ სიცილზეც კი. აქედან ერთი ვერცხლისწყალივით მოძრავია – აგდებენ თუ გარბის, ემორჩილება თუ იმორჩილებს, თავისი ემოციების სიჭარბით გვაცინებს; მეორე მარმარილოსავით უძრავია – სახის გამომეტყველება არ ეცვლება, სამყაროს ყველა აბსურდი მის ქვისსახიან მზერას გადის.
კინოს მოყვარულებიც არჩევანის წინაშე დგებიან – ჩაპლინის თბილ, ემოციურ ქაოსსა და კიტონის ცივ, თითქმის მათემატიკურ წესრიგს შორის.
პირველის კინოს დიდი გარდატეხა – ხმის შემოსვლა – ვერაფერს აკლებს, პირიქით, აძლიერებს კიდეც. მეორეს ხმოვანი კინოს ახალი ენა, ინდუსტრიის ცვლილება თითქმის სრულად შთანთქავს. იმდენად, რომ პიტერ ბოგდანოვიჩის მსგავსად იღბლიანი ადამიანისთვისაც კი, რომელიც თავისი დროის თითქმის ყველა დიდ ამერიკელ რეჟისორს ხვდება, კიტონი ერთადერთია, ვისთან შეხვედრის საშუალებაც არასდროს მისცემია.
კიტონსა და ჩაპლინს შორის დაპირისპირების ბედს ისევ დრო წყვეტს. კიტონი ქრება, გადაღება მისთვის წარსულია, მისი სახე ნელ-ნელა იშლება მაყურებლის მეხსიერებიდან. ჩაპლინი ისევ ფორმაშია – ხმოვან კინოში მისი მაწანწალა ახლა უკვე დიქტატორებს ებრძვის.
1952 წელს ჩარლი ჩაპლინი ამ ისტორიულ დაყოფას თვითონვე წყვეტს, Limelight-ში ბასტერ კიტონის მოწვევით – ეს მაშინ, როცა კიტონი თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს გადის. ჩაპლინს შეეძლო გზა უბრალოდ გაეგრძელებინა – უკვე საქვეყნოდ აღიარებულს, თითქმის მითოლოგიური სტატუსით. ამის ნაცვლად, ის კიტონს საკუთარ სამყაროში უპოვის ადგილს.
Limelight-ში ჩაპლინი ისევ ჩაპლინია – ისევ ხელჯოხიანი კლოუნი, ოდნავ აბსურდული, სამყაროს წინააღმდეგ მარტო დარჩენილი. კიტონს სახეზე დროის კვალი დასტყობია, თუმცა მისი გამომეტყველება თითქმის უცვლელია – ისევ მშვიდი, კვლავაც ქვისსახიანი სიჩუმით. ჩაპლინი ვიოლინოსთან, კიტონი – ფორტეპიანოსთან, მათი ერთობლივი ნომერი თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. იმდენად, რომ ინსტრუმენტები ფუჭდება, მოძრაობები ირევა, რიტმები არ ეწყობა, მაგრამ საბოლოოდ მთელი ეს ქაოსი საერთო რიტმს ქმნის.
ამ ერთობაში განსხვავებები არსად ქრება. ჩაპლინი კიტონი არ ხდება, კიტონი – ჩაპლინი. ერთი ისევ მოძრაობს, მეორე ფაქტობრივად ისევ უძრავია, მაგრამ მათი განსხვავებული რიტმები ერთმანეთს ხვდება, ხან იყოფა, ხან ერთიანდება და, საბოლოოდ, ერთად მუშაობს. ერთობის ქიმიაც ეს არის.
კიტონის სახით, ჩაპლინის გულით…
„სინამდვილეში, მე ერთდროულად ვარ ჩაპლინიც და კიტონიც“ – ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკისთვის, ორ ფლანგს არასდროს უარსებია: მისი სიყვარული პერიოდულად იხრება ბასტერ კიტონის „ფერმკრთალ სახესა“ და ჩარლი ჩაპლინის – კინოს მთავარი აუტსაიდერის, სევდიანი კლოუნის – შორის.
ჯერ კიდევ 1983 წლიდან, როცა უფროსი ძმის, მიკა კაურისმიაკის პროდიუსერობით, თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს, Crime and Punishment-ს, იღებს, 2023 წლამდე, როცა კინოეკრანებზე მისი უახლესი ზღაპარი, Fallen Leaves, გამოდის, კაურისმიაკის კინო გარშემო იკრებს ამ ორ სიყვარულს – კიტონს და ჩაპლინს. 40-წლიან შუალედში დრო იცვლება, იცვლება პოლიტიკური პროცესები, იწყება ახალი ომები, ერთმანეთს ებრძვიან ახალი დიქტატორები, ახალი მჩაგვრელები ჩაგვრის ახალ გზებს ეძებენ, უბრალო ადამიანს კი ყველა ეს ამბავი ისევ რადიოდან ან ტელევიზორიდან ესმის – ტიანანმენის მოედანზე დახვრეტილი სტუდენტები და აიათოლა ხომეინის სიკვდილი (The Match Factory Girl), კალეს მიგრანტთა ბანაკის დაშლა საფრანგეთში (Le Havre), მარიუპოლის დაბომბვა და რუსეთის ომი უკრაინაში (Fallen Leaves).
მიუხედავად ამისა, კაურისმიაკის სამყაროში, მის სტილიზებულ Akiland-ში, რაღაცები თავის ადგილს ჯიუტად არ იცვლის. აქ პოლიტიკური დრო უმოქმედოა, მისი წესები კი იმთავითვე უგულებელყოფილი. რეალურ დროში შეიძლება საფრანგეთში მიგრანტების მორიგ ბანაკს შლიდნენ, მაგრამ ფილმის შიდა დროში ეს ხელს ვერ შეუშლის მარსელ მარქსს და მთელ ჰავრს პატარა ემიგრანტი ბიჭის, იდრისას, გადარჩენაში. Akiland-ის მონოლითში რეალური დრო მუდამ დამარცხებულია რაღაც მასზე აღმატებულით, ისე, როგორც ზღაპარში. ისტორიული დრო თითქოს უდრტვინელად მიდის, მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხდება ფილმის ეთიკური წესრიგის წინ.
მარადიულობის ფრაგმენტები Akiland-ის ყოველ კუთხეშია მიმოფანტული – უხილავ, ეთიკურ წესრიგსა და ხილულ, წარმავალ ესთეტიკურ ნიშნებში. კაურისმიაკისთვის გადაღების ადგილი კვლავაც ფინეთია, იშვიათად – საფრანგეთი ან ინგლისი; ისევ ჰელსინკის გარეუბნები, აუტსაიდერებით სავსე კაფეები და ბარები; ისევ მუსიკალური აპარატები, საიდანაც წამოსული ხმა აგრძელებს პერსონაჟების გულებში მომხდარ ამბებს. რადგან გმირები სახით, სიტყვითა და მოძრაობით ვერ ამბობენ რას გრძნობენ, აქ კადრის სიცარიელე ივსება მუსიკის ემოციური სიჭარბით. ასე იკვრება ერთობა – პერსონაჟების თავშეკავებას, სიმღერის ზედმეტობასა და მაყურებლის მიხვედრილობას შორის. კაურისმიაკის გმირები კვლავაც ალკოჰოლითა და სიგარეტით, რიტუალური გამეორებით ებრძვიან სირთულეებს. მათი სამყარო თითქოს გაჩერებულია 30-80-იან წლებში – ამას გვაფიქრებინებს ძველი მანქანები, რადიოები და ტელეფონები, ტანსაცმელი და ინტერიერები, ბარებიდან და მუსიკალური აპარატებიდან მომავალი ბოჰემური სიმღერები; ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს თანამედროვე დრო ამ სამყარომდე ვერ აღწევს. ტექნოლოგია იცვლება, სამყარო წინ მიდის, უცვლელია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ურჩხულები: უმუშევრობა, სამსახურის ან სახლის დაკარგვა, მარტოობა, იზოლაცია, ბანკის ვალები…
40 წლის მანძილზე კაურისმიაკის კინოს თითქმის უცვლელი გრამატიკა აქვს: სტატიკური კამერა, ლაკონიური დიალოგები, ხანგრძლივი პაუზები – კიტონისეული თავშეკავება და ბრესონისეული ასკეტიზმი – მკაცრად კომპოზიცირებული კადრები, მკვეთრი ფერები, ტანგო, როკ-ენ-როლი და გმირების საუკეთესო მეგობრები – ძაღლები, რომელთა სახელებიც ზეპირად ვიცით – ბოდლერი (La Vie de Bohème), პიეტარი (Drifting Clouds), ლაიკა (Le Havre), ჰანიბალი (The Man Without a Past), კოისტეინენი (The Other Side of Hope). Fallen Leaves-ში ერთობის ვნება იმდენად შორს მიდის, რომ ფინალურ სცენაში ანსა ნაპოვნ ძაღლს არქმევს ჩაპლინს. კაურისმიაკს თითქოს აღარ აკმაყოფილებს ჩაპლინის სიყვარული. ის მზადაა, ყველაფერი, რაც კი უყვარს, დაასახლოს ერთ სამყაროში, Akiland-ში.
ეს ყველაფერი ქმნის ერთიანობის ქიმიას: გმირის სახეზე გამოხატული უემოციობა ყოველთვის კიტონისეულია, მაგრამ სამყაროს ყოველთვის ჩაპლინის გულმოწყალების პრინციპი მართავს. Akiland კიტონის სახიანი გმირებით დასახლებული ადგილია, რომლებიც ჩაპლინის გულებით ცხოვრობენ. ჩაპლინის მაწანწალა კაურისმიაკთან ხან ქარხნის მუშად (The Match Factory Girl) იქცევა, ხან რესტორნის მიმტანად და ტრამვაის მძღოლად (Drifting Clouds), ხანაც შემდუღებლად (The Man Without a Past), ფეხსაცმლის მწმენდავად (Le Havre) და სუპერმარკეტის თანამშრომლად (Fallen Leaves). ადამიანად, რომელსაც თანამედროვე სისტემა, იმ ლეგენდარული მაწანწალას მსგავსად, ყოველი ზღურბლის გადალახვამდე განდევნის. თავად კაურისმიაკიც, სანამ რეჟისორი ხდება, სხვადასხვა დროს მუშაობს – ფოსტალიონად, ჭურჭლის მრეცხავად, მუშად – ეს არის იმ ფინეთის სახე, რომელსაც იცნობს და იცის. მის სამყაროში მშრომელები მუდამ ზღურბლებთან დგანან, მათთვის მიხურული კარის წინ.
40 წლის განმავლობაში აკი კაურისმიაკის კინოს ერთიანობა თითქმის უცვლელია. პროდიუსერი კვლავ მისი ძმაა, მიკა კაურისმიაკი; მსახიობები პერიოდულად ბრუნდებიან გადაღებისთვის – მატი პელონპაა, კატი ოუტინენი, კარი ვაანენენი, მარკუ პელტოლა, იუჰა ვირტანენი. ისინი დროთა განმავლობაში ბერდებიან, ზოგი უკვე ცოცხალიც აღარ არის. Drifting Clouds მატი პელონპაას ხსოვნას ეძღვნება – მსახიობს, რომლისთვისაც თავდაპირველად ფილმის მთავარი როლი იყო განკუთვნილი. რეჟისორის კინემატოგრაფიულ სამყაროს მისი მაცხოვრებლები ფილმიდან ფილმში უბრუნდებიან, ისე როგორც სახლს – Akiland-ს, რომელიც არაგლამურული სახეებითაა დასახლებული.
კაურისმიაკი, რომელიც ცხოვრობს ფინეთსა და პორტუგალიას (მხოლოდ ზამთრობით) შორის, ამ უკანასკნელს არასდროს იღებს – „ამ ხალხის ჯერ კიდევ არ მესმის“ – და ისევ და ისევ უბრუნდება ჰელსინკის. ამასთან, ვერაფრით ეშვება საფრანგეთსაც: როგორც სინეფილისთვის, მისთვის ქვეყანა შეიძლება ჯერ კინოში არსებობდეს, შემდეგ უკვე რეალობაში. პარიზი კაურისმიაკმა მელვილის კინოდან, ჰავრი – კარნესგან იცის. ამიტომ, როცა Le Havre-ში ქალაქს იღებს, ის მარტო პორტს კი არ გვიჩვენებს – იღებს ქალაქს, რომელიც მანამდეც უნახავს და შენახულია მის კინომეხსიერებაში. ფილმს თითქოს დაჰყვება გაბენის აჩრდილიც, რომელიც მარსელ კარნეს Le Quai des brumes-ში ჰავრის ნისლიან პორტში დადის. კაურისმიაკი თითქოს იმავე ქალაქში ბრუნდება, ოღონდ ათწლეულების შემდეგ, სხვა დროში და სხვა ადამიანებით – თავისი მაწანწალებით, მათი ოცნებებითა და იმედებით. ამგვარად, მის კინოში ერთობის ქიმია ეხება გეოგრაფიასაც: რეალური ადგილი და კინემატოგრაფიული მეხსიერება შერწყმულია მის წარმოსახულ, რეალობას ოდნავ აცდენილ სამყაროში. კაურისმიაკის ფინეთი, ისევე როგორც საფრანგეთი, ცოტა ნამდვილია, ცოტა ნასწავლი, ცოტა კინოსი და საბოლოოდ მთლიანად კაურისმიაკის.
ამ კინოს კიტონის შეკავება ახასიათებს, ჩაპლინის – თანაგრძნობა. სამყარო ისევ უიმედოა, ერთობა, სოლიდარობა ისევ ერთადერთი იმედი.