ავტორი: გოგა გუგავა
პერსონაჟები იცვლიან პროფესიას
1950-60-იანი წლების საბჭოთა პროპაგანდა კინოზეც აისახა. ამ პერიოდის ფილმებში პროტაგონისტები ძირითადად იურისტები და არქიტექტორები (აბეზარა) არიან, საჭიროებისამებრ კი, უდიპლომო მეველეები (უდიპლომო სასიძო), მეტალურგები (საბუდარელი ჭაბუკი), მწყემსები (თეთრი ქარავანი) და კოლმეურნეები (დიდი მწვანე ველი), რომლებიც საბჭოთა სისტემის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გერმანელი მკვლევრის, მანფრედ პფისტერის, მოქმედ პირთა კონცეფციის მიხედვით, ისინი სტატიკური, ბრტყელი პერსონაჟები არიან, რომელთა მიზნებიც ფილმის დასაწყისშივე ცნობილია, რაკი საბჭოთა ადამიანს არაფერი ჰქონდა დასამალი. ძირითადად ამ ადამიანებს თავიანთი პროფესია განსაზღვრავთ და არა პირიქით. თუ ისინი პროფესიის შეცვლას გადაწყვეტენ, მაშინ მათი ცხოვრების სტილიც უნდა შეიცვალოს. ამის მაგალითია 60-იანი წლების რამდენიმე ფილმი. მათ შორის თეთრი ქარავანი (1963)და დიდი მწვანე ველი (1967). ამ ფილმებში პროტაგონისტები მამა-პაპისეული პროფესიის მიტოვების ზღვარზე არიან. მათ მოსწონთ ქალაქი და ქალაქური ცხოვრება, აღარ სურთ, ბუნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი და ცდილობენ, ინდუსტრიალიზაციას ფეხი აუწყონ, თუმცა ქალაქში გადასვლის სურვილს თან ახლავს მთელი რიგი პრობლემები და ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც პერსონაჟების ემოციურ მდგომარეობაზე სავალალოდ აისახება.
ამ ფილმებისგან განსხვავებით სულ სხვა სურათი გვაქვს 80-იანი წლების დასაწყისში გამოსულ ფილმებში. თუ აქამდე აუცილებელი იყო, ფილმებში ეჩვენებინათ, რომ საბჭოთა კავშირი სოფლიდან იწყებოდა და გამართული კოლმეურნეობა წარმოადგენდა მის საწინდარს, აქ უკვე ეს სისტემა ირღვევა, რადგან ახალგაზრდა კინორეჟისორები არ აპირებენ, დაფარონ ის ბზარი, რომელიც საბჭოთა კავშირს შეპარვია. მათ ფილმებში უკვე გვხვდებიან მრავალგანზომილებიანი, დინამიკური პროტაგონისტები, რომლებიც მრავალი კუთხით ვითარდებიან და მათი პროფესიაც იმთავითვე განსხვავებულია აქამდე პოპულარული პროფესიებისგან, სახელდობრ, ტატო კოტეტიშვილის ფილმ ანემიის პერსონაჟი, ნიკა, გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს, ალექსანდრე რეხვიაშვილის ალექსი კი ბოტანიკოსია. ორივე შეუმდგარია თავის პროფესიაში. როგორც ლეო ანთაძის პერსონაჟი ამბობს ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმ საფეხურში,სისტემას მხოლოდ ტრადიციები გააჩნია, პოზიციები კი სამწუხაროდ ამ ბოლო დროს დათმო (რეხვიაშვილი 1985, 07:08).„ტრადიციებდათმობილი“ სრულიად უმოქმედო დაწესებულებები და პერსონაჟები სრულ აბსურდში არიან გახვეულნი. ამის გამო გვხვდება ამ პერიოდის ფილმებში ერთმანეთის მსგავსი დიალოგები, სივრცეები და სტატიკური, ზანტად მოძრავი კამერა, რომელიც ამ აბსურდულობას აუჩქარებლად გვაჩვენებს. თავიანთი არაპოპულარული, დაუფასებელი პროფესიების მიუხედავად 80-იანი წლების ფილმებში პროტაგონისტების უმრავლესობა საბოლოოდ მაინც სულ სხვა ამპლუაში გვევლინება და მეგობრებისთვის მოულოდნელად ისინი მთაში მიდიან მასწავლებლებად. ნიკაც, ამირანიც და ალექსიც ჩაკეტილი პერსონაჟები არიან, რომელთა შესახებაც ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაბამისად, მათი მიზნებიც მაყურებლისთვის ძირითადად ბუნდოვანი რჩება, რაც დამახასიათებელია 80-იანი წლების კინორეჟისორების მიერ შექმნილი პროტაგონისტებისთვის. საცნაურია ისიც, რომ სრული უძრაობის ეპოქაში, პროტაგონისტების შინაგან სამყაროში არსებული ქაოსის წარმოსაჩენად ახალგაზრდა რეჟისორები შინაგანი მონოლოგის მეთოდს ნაკლებად მიმართავენ, რის გამოც მაყურებელი იძულებულია, ეს ყველაფერი გარეგნულ ნიშნებსა და სიმბოლოებზე დაკვირვებით ამოიცნოს.
ბუნების პრაქტიკული გამოყენება
როგორც ზემოთ ვახსენეთ 80-იანი წლების დასაწყისში გამოსულ ფილმებში პროტაგონისტები იცვლიან პროფესიას და გაშლილი ველებისა და სამშენებლო მოედნების ნაცვლად უფანჯრო ოთახებში ინაცვლებენ. ისინი გატაცებული არიან ბუნებით და მასთან უშუალო კავშირს ამყარებენ. რეხვიაშვილის პროტაგონისტი ალექსიც, რომელიც ბოტანიკოსია, ახალ ბინაში გადასვლისას უწინარესად მცენარეების მოვლას იწყებს. მისი ბინის ინტერიერი ტყედაა ქცეული და ეს ულამაზესი მცენარეების ხარჯზე ხდება. საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებში მცენარეების შემოტანით პერსონაჟები ცდილობენ, წონასწორობა აღადგინონ თავიანთ ირგვლივ არსებულ ბიუროკრატიულსა და აბსურდულ გარემოში.
გოდერძი ჩოხელის პერსონაჟს, ბეროს (წერილი ნაძვებს), საერთოდაც მხარზე ამოეზარდა ნაძვი, რომელსაც ისე გულმოდგინედ უვლის, მზად არის, მისი კეთილდღეობისთვის თავისი სიცოცხლეც კი გაიღოს. ამის მაგალითია ისიც, რომ კანტორაში მისული პროტაგონისტი საგზურს არა თავისთვის, არამედ თავისი ნაძვისთვის ითხოვს, ნემსების გაკეთებაზე კი კატეგორიულ უარს ამბობს, რათა ნაძვს არაფერი ავნოს. ბეროსა და სხვა პროტაგონისტებისგან განსხვავებით დანარჩენი პერსონაჟები რიგითი საბჭოთა მოქალაქეები არიან, რომელთათვისაც ბუნებას მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება აქვს. მაგალითად, ალექსანდრე რეხვიაშვილის საფეხურში ალექსის მეგობარი მიტო, რომელიც დანარჩენი პერსონაჟებივით დიდი საქმოსანი არ არის, ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ მეგობრის ბინის სარდაფის მოცდენა არ შეიძლება და იქ სოკოები უნდა გაამრავლოს.
ბუნებასთან არასათანადო მოპყრობა გოდერძი ჩოხელის ტექსტებსა და ფილმებში უფრო შესამჩნევი და გამაღიზიანებელია, რადგან პერსონაჟები სწორედ ბუნების წიაღში არიან დაბადებულები და ისინი სხვებზე უკეთესად უნდა აცნობიერებდნენ მის მნიშვნელობას. თუმცა ამის მიუხედავად მთავარი პერსონაჟის მხარზე ამოსულ ნაძვში პროტაგონისტის გარდა ყველა რაღაც სარგებელს ხედავს: „კაცო, ბედი არ არის, მა რა არის, რატომ სხო ხე ვერ გაიმეტა ღმერთმა, ბალი მაინც ამოგვსვლიყო, პირს მაინც გაისველებდა კაცი, ნაძვს რაში გამაიყენებ, ის დალოცვილი, თუ გაძლევს, მოგცეს. არც იმასა აქვს სამართალი და ეგ არის“(ჩოხელი 1986, 35; [sic]),ეუბნება ტყეში მოსეირნე ბეროს მეტყევე, რომელიც ძლიერ შეწუხებულია მთავარი მოქმედი პირის ამბით. ამის მიუხედავად იგი მალევე პოულობს გამოსავალს და გულის გამოსაკეთებლად ბეროს ეუბნება: „იძახიან, ნაძვის გირჩებისაგან კუჭის წამალს აკეთებენო. მამკლა, კაცო, კუჭის ტკივილმა. ე, ჩვენ ტყეში კიდევ ერთ ძირსაც ვერ ნახავ, სუ წიფელი და ნეკერჩხალია. თუ ძმა ხარ, თუ არ გახმა და გირჩები გამაიბა, არავის მისცე, მამკლა კუჭის ტკივილმა.“(ჩოხელი 1986, 35; [sic]) ბეროც უხალისოდ უქნევს თავს და ცდილობს, თავის ნაძვთან ერთად განმარტოვდეს. ამავე მოთხრობის მიხედვით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში გოდერძი ჩოხელის პერსონაჟები ბეროს მხარზე ამოსულ ნაძვს ახალ დანიშნულებას უძებნიან და ნაძვსაც და პატრონსაც საახალწლო ზეიმისთვის საგულდაგულოდ რთავენ. მთავარი პერსონაჟი ამას მხოლოდ ბავშვების გამო თანხმდება, რადგან იცის, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია.
ზემოთქმულის საფუძველზე აშკარაა, რომ პროტაგონისტები დანარჩენი პერსონაჟებისგან ბუნების მიმართ დამოკიდებულებითაც განსხვავდებიან. მათ ჯერ კიდევ შემორჩენიათ ემპათიის უნარი, რის გამოც დანარჩენ პერსონაჟებს უჭირთ მათი გაგება. ძალისხმევის მიუხედავად პროტაგონისტები საზოგადოების ნაწილად დარჩენას ვერ ახერხებენ, რადგან ინდივიდად ყოფნის შინაგანი ლტოლვა მათ აიძულებს, წელში გასწორდნენ და თავიანთი სათქმელი მოურიდებლად გაახმიანონ ხალხში.