• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2025 (ისტორია, პროგრამა, ჟიური): ფერფლს და ფერებს შორის
  • ფესტივალები

ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2025 (ისტორია, პროგრამა, ჟიური): ფერფლს და ფერებს შორის

  • აგვისტო 25, 2025
  • ალექსანდრე გაბელია
Total
0
Shares
0
0
0

ავტორი: ალექსანდრე გაბელია

პროლოგი

სტატიაში წარმოგიდგენთ, წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის პროგრამას, მნიშვნელოვან ფილმებსა და ავტორებზე ინფორმაციას. ამასთან ერთად, შემოგთავაზებთ ფესტივალის მოკლე ისტორიულ მიმოხილვას და გაგიზიარებთ დაკვირვებას მის პოლიტიკასა და ხედვებზე, რათა ღონისძიება უფრო ფართო კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში დავინახოთ. ვენეციის ფესტივალი ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ტრადიცია და ექსპერიმენტი, სინათლე და სიბნელე, ერთმანეთს ხვდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მნიშვნელოვანი ავტორების გამორჩეულ ფილმებს, რომლებიც ფესტივალის დაწყებამდე აღძრავენ ინტერესს და ასევე, ახალგაზრდა რეჟისორების სადებიუტო ნამუშევრებს.

ვენეციის კინოფესტივალი, დღეს, დამსწრე აუდიტორიისთვის წითელი ხალიჩის სანახაობაზე მეტია — ის კინემატოგრაფიული ისტორიის ნაწილია. ვენეციაში მომავალი მოგზაურობის წინ (წლევანდელ ფესტივალზე FIPRESCI-ის ჟიურის წარმოვადგენ), ეს ისტორია ამძაფრებს მოლოდინებს, ვინაიდან არა მხოლოდ ფილმებს ვნახავ, არამედ ვიქნები ტრადიციის გაგრძელების ნაწილი, რომელიც 1932 წელს დაიწყო, გაუძლო ომს, პროტესტსა თუ სხვადასხვა სირთულეს და დღემდე კინოს დღესასწაულად დარჩა. Palazzo del Cinema-ში შესვლისას იმავე დარბაზებში შევაბიჯებთ, რომელმაც ჩაპლინს, კუროსავას, პაზოლინის, ფასბინდერს, ტარკოვსკის, ქიაროსთამის და თანამედროვე კინოს ბევრ მნიშვნელოვან ავტორს უმასპინძლა. თუმცა მეეჭვება, რომ ფასბინდერს ოდესმე ბილეთების დაჯავშნასა და QR კოდებთან ბრძოლაზე ამდენი დრო დასჭირვებოდა.

ისტორიული ფრაგმენტები

ვენეციის კინოფესტივალი (Mostra Internazionale d’Arte Cinematografica di Venezia) მსოფლიოში უძველესი კინოფესტივალი და კინოს ერთ-ერთი გავლენიანი ღონისძიებაა. 1932 წელს ვენეციის ბიენალეს ფარგლებში დაარსებული ფესტივალის პირველი გამოშვება, ლიდოზე მდებარე სასტუმრო „ექსელსიორში“ გაიმართა და ფილმები არასაკონკურსო ფორმატში წარადგინა.

1934 წლისთვის ფესტივალმა საკონკურსო სტრუქტურა მიიღო და საუკეთესო იტალიური და უცხოური ფილმებისთვის მუსოლინის თასს გასცემდა. 1937 წელს ღონისძიებამ ლიდოზე ახლად აშენებულ Palazzo del Cinema-ში მუდმივი ადგილი დაიკავა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომმა, 1943 წლიდან 1945 წლამდე, გააჩერა ღონისძიებები, რის შემდეგაც ფესტივალი განახლებული საერთაშორისო პერსპექტივით ხელახლა გამოჩნდა.

„ოქროს ლომი“ (Leone d’Oro) პირველად 1949 წელს გაიცა და სწრაფად გახდა კინოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯილდო. მომდევნო ათწლეულებში ფესტივალის მასშტაბი და ცნობადობა გაფართოვდა. 1968 წლის სტუდენტურმა პროტესტმა ღონისძიება ჩაშალა. ფესტივალი რამდენიმე წლით კონკურსის გარეშე დარჩა და 1973 წლიდან 1978 წლამდე რეტროსპექტივებსა და ექსპერიმენტულ ნამუშევრებზე გამახვილდა ყურადღება.

მნიშვნელოვანი აღორძინება 1980 წელს მოხდა, როდესაც საკონკურსო სექციები და „ოქროს ლომი“ დაბრუნდა. კინოფესტივალის ხელმღვანელად რეჟისორ ჯილო პონტეკორვოს[1] (1988 – 1992) დანიშვნის შემდეგ, ღიად დაიწყო სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური კინოს მხარდაჭერა და ფოკუსში მოქცევა. პონტეკორვო ფესტივალს იდეების გაცვლის ადგილად თვლიდა და მიუხედავად იმისა, რომ აქცენტს აკეთებდა პოლიტიკურად მწვავე თემებზე (ომი, კოლონიალიზმი, სოციალური წინააღმდეგობები), ასევე მხარს უჭერდა სხვადასხვა კონტინენტზე გადაღებულ დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ფილმებს. 1990-იან და 2000-იან წლებში ღონისძიებამ გააფართოვა ინდუსტრიული ბაზარი და დააწესა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა „ოქროს ლომი“ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის (1995) და ლუიჯი დე ლაურენტისის ჯილდო სადებიუტო ფილმებისთვის. პირველი მათგანი, წლევანდელ გამოშვებაზე, გერმანული კინოს კლასიკოს რეჟისორს, ვერნერ ჰერცოგს და ამერიკელ მსახიობს, კიმ ნოვაკს გადაეცემა.

ათწლეულების განმავლობაში ვენეციის კინოფესტივალმა კინოს ისტორიაში ყველაზე გავლენიანი რეჟისორები აღმოაჩინა. ლუკინო ვისკონტის ცდუნება (1943) ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო, რომელმაც იტალიური ნეორეალიზმი გააცნო საერთაშორისო მაყურებელს, ხოლო მიქელანჯელო ანტონიონიმ ფილმით, წითელი უდაბნო (1964) „ოქროს ლომი“ მოიპოვა, რამაც კინოში მოდერნისტული ესთეტიკის ხელახლა განსაზღვრას შეუწყო ხელი. ვენეციაში დაჯილდოებულმა აკირა კუროსავას სურათმა, რაშომონი (1951) იაპონური კინო ახლოდან გააცნო მსოფლიოს, ხოლო ანდრეი ტარკოვსკის ივანის ბავშვობა (1962) გამარჯვებამ, პოეტური კინოს მნიშვნელობა განსაზღვრა. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ფესტივალის როლს, როგორც საავტორო კინოს მხარდამჭერისა და ახალი კინემატოგრაფიული ფორმების აღმომჩენის.

ბოლო წლებში ვენეციის კინოფესტივალმა ისეთი განსხვავებული ფილმების პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და დაასახელა გამარჯვებულად, როგორიცაა ალფონსო კუარონის რომა (2018) და ტოდ ფილიპსის ჯოკერი (2019). 2020 წელს COVID-19 პანდემიის მიუხედავად, ვენეცია ერთადერთი დიდი ფესტივალი იყო, რომელმაც ფიზიკური გამოცემა გამართა.

ვენეციის კინოფესტივალი, 2025: თემები, მიმდინარეობები, ჟიური და პრეტენდენტები (მთავარი და პარალელური კონკურსები)

ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი თანამედროვე კინოს გეოგრაფიულ და წარმოსახვით რუკას აფართოვებს — პროგრამით, სადაც პოლიტიკური, ინტიმური და სიურრეალისტური თემები ერთადაა წარმოდგენილი. მთავარ კონკურსში, ჰორიზონტებსა და სადებიუტო სექციებში, კინორეჟისორები მათ ფილმებში ნარატივისა და ფორმის შერწყმით მარადიულ საკითხებზე, ორიგინალური კინოენით მსჯელობას შეეცდებიან.

ვენეცია 82-ის ჟიური

მთავარი კონკურსი: ჟიურის თავმჯდომარე, რეჟისორი,ალექსანდრ პეინი (ამერიკა; ჟიურის თავმჯდომარე); რეჟისორები, სტეფან ბრიზე (საფრანგეთი), მაურა დელპერო (იტალია), კრისტიან მუნჯიუ (რუმინეთი), მოჰამედ რასულოფი (ირანი);მსახიობები/სცენარისტები, ფერნანდა ტორესი (ბრაზილია) და ჟაო ტაო (ჩინეთი).

ჰორიზონტების სექცია: ჟიურის თავმდჯომარე, ფრანგი რეჟისორი ჯულია დუკურნო, იტალიელი რეჟისორი/ვიდეო მხატვარი იური ანკარანი, არგენტინელი კრიტიკოსი ფერნანდო ენრიკე ხუან ლიმა, ავსტრალიელი რეჟისორი შენონ მერფი და ამერიკელი ვიზუალური მხატვარი/კინორეჟისორი რამელ როსი.

ლუიჯი დე ლაურენტისის პრემია სადებიუტო ფილმისთვის (მომავლის ლომი): ჟიურის თავმჯდომარე, შარლოტა უელსი, ერიგე სეჰირი (საფრანგეთი/ტუნისი) და სილვიო სოლდინი (იტალია).

ფესტივალზე ასევე იმუშავებს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) ჟიური, რომლის ერთ-ერთი წევრი ვარ.[2] ჟიური: იზაბელ დანელი (საფრანგეთი; ჟიურის პრეზიდენტი), რიტა დი სანტო (დიდი ბრიტანეთი), მარია სოლე კოლომბო (იტალია), ჯოვანი სტილიანო მესუტი (იტალია), მარსელო ჟანოტი (ბრაზილია) და ალექსანდრე გაბელია (საქართველო).

FIPRESCI-ის ჟიური, მთავარ და პარალელურ სექციებში, ფესტივალზე ორ ფილმს გადასცემს ჯილდოს.

ამასთანავე FIPRESCI 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, ფესტივალის მხატვრულ ხელმძღვანელს, ალბერტო ბარბერას კინოკრიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვებს, ხოლო 1994 წლის „ოქროს ლომის“ მფლობელი ფილმის Vive l’amour რეჟისორს, ცაი მინ-ლიანს[3]პრიზს ცხოვრებისეული მიღწევისთვის გადასცემს (ფესტივალზე მისი ორი ფილმი იქნება ნაჩვენები — კლასიკოსების სექციაში Vive l’amour, ხოლო კონკურსს გარეთ Hui Jia).

რეჟისორი გას ვან სენტი 2025 წლის “Campari Passion for Film Award” მიიღებს. მისი ახალი ფილმის, მკვდარი კაცის მავთული, პრემიერა ფესტივალზე შედგება.

ფესტივალის გახსნა, გეოგრაფიული არეალი

ფესტივალს გახსნის პაოლო სორენტინოს ფილმი, მადლი (La Grazia), რომელიც რეჟისორისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და სევდიანი ირონიის ნაზავია. ტონი სერვილიოს მონაწილეობით, სურათი სილამაზესა და დანაკარგზე მედიტაციურ რეჟიმში მოგვითხრობს. ნამუშევარი სავსეა მდიდრული იმიჯებით და როგორც სორენტინოს ახასიათებს, იტალიური მზის ქვეშ ცხოვრების აბსურდულობას აღწერს. როგორც ამბობენ, ფილმი ნაკლებად ექსტრავაგანტულია ვიდრე დიდი სილამაზე ან ახალგაზრდობა, ნაკვებია ინტიმური მელანქოლიით და მიანიშნებს, რომ მადლი — იქნება ეს ღვთაებრივი, ესთეტიკური თუ პირადი — ყველაზე ძლიერად სასოწარკვეთის ზღვარზე ვლინდება. ვნახოთ, რას გვიმზადებს სორენტინო და ეცდება თუ არა ამჯერადაც გააცოცხლოს მისი საყვარელი ავტორი, ფედერიკო ფელინი.

კაუტერ ბენ ჰანიას ჰინდ რაჯაბის ხმა მკვეთრ კონტრაპუნქტს გვთავაზობს, რომელსაც ფოკუსი იტალიის მელანქოლიური ბრწყინვალებიდან ტუნისის წინააღმდეგობაზე გადააქვს. ბენ ჰანია ფილმში ქალთა საკითხზე რეფლექსირებს. ფილმი ერთდროულადაა პირადი და პოლიტიკური: თუ სორენტინოს გამოსახულებები ფრესკებს ჰგავს, ბენ ჰანიას კინოესთეტიკა ჩახშობილი ხმების გაჟღერებას ცდილობს.

ლაზლო ნემესის ობოლი, ასე ვთქვათ — მაყურებელთან დიალოგს უფრო ბნელ, მეტაფიზიკურ რეგისტრში ათავსებს. საულის ვაჟის შემდეგ, რომელმაც ხმისა და გამოსახულების თანაკვეთით (ფილმში ხმა გამოსახულებაზე მნიშვნელოვანიც ხდება), ისტორიული კინოს გრამატიკა ხელახლა განსაზღვრა, ნემეშისთვის სულიერი კრიზისი კვლავაც ცენტრალური ხდება. ფილმი ეხება მარტოობას, გადასახლებისა და არსებობის ტკივილის თემებს, რაც ეკრანზე უნგრული სიმკაცრით და მაყურებლის იზოლაციაში მოქცევით გამოიხატება.

კაი შანჯუნის მზე ყველას გვაოცებს ჩინურ ლირიზმს, ხოლო შუ კის გოგონა ტაივანურ ინტიმურობას ფართო, გლობალური პრიზმით გვთავაზობს. სუზანა მირგჰანის ბამბის დედოფლის მოქმედება სუდანში ვითარდება, სოფლის მეურნეობის მემკვიდრეობასა და გლობალიზებულ აგრობიზნესს შორის არსებულ ნაპრალს იკვლევს. იმრან პერეტას იში ორ ბრიტანელ ბიჭზე მოგვითხრობს, რომლებიც პოლიციასთან შეტაკების შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ რღვევას განიცდიან. ნეაპოლელი ჯანფრანკო როსის ფილმში ღრუბლების ქვეშ, ალჟირის სოფლები როკიაში და კოლუმბიის ურბანული განაპირა ტერიტორიები სტილცის ბარიო ტრისტეში — ყველა ეს ადგილი გვახსენებს იმას, რომ ვენეციის ფესტივალის რუკა არა რომელიმე კულტურის დომინაციით, არამედ ერთმანეთთან დიალოგითაა შედგენილი.

პერსონალური თვალთახედვა და მეხსიერება

ჯიმ ჯარმუში ვენეციაში ბრუნდება საოჯახო დრამით, მამა, დედა, და, ძმა. ტომ უეიტსის, ადამ დრაივერის, ვიკი კრიპსის, ქეით ბლანშეტის და შარლოტ რემპლინგის მონაწილეობით, ფილმი სტრუქტურა ჯარმუშის კინოსთვის დამახასიათებელ მინიმალიზზე დგას — ინტიმურ საუბრებზე, მუსიკალურ რიტმებსა და სიჩუმისადმი ღიაობაზე — და ამავდროულად იკვლევს იმ მყიფე კავშირებს, რომლებიც ოჯახებს აკავშირებს. გრანდიოზული ჟესტების ნაცვლად, ფილმი ხანმოკლე ინტიმურობასა და გამოუთქმელ ტრანსფორმაციებზეა ორიენტირებული.

ფრანსუა ოზონის უცხო ეგზისტენციალური შფოთვის, სოციალურ სიმძიმეში ჩაფლული გაუცხოებული ადამიანის მდგომარეობაზე გვიამბობს. საინტერესოა რამდენად შეძლებს ფრანგი რეჟისორი მისი პიროვნული კრიზისების გადალახვას. სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია ალბერ კამიუს ტექსტს ის დაემართოს, რაც რამდენიმე წლის წინ რაინერ ვერნერ ფასბიდენრის პიესას, (პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები) დაემართა.

უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენიედის ჩუმი მეგობარი ლირიკული ფილმია, ასახავს ერთი ხის ცხოვრებას სამ განსხვავებულ ეპოქაში — 1908, 1972 და 2020 წლებში. სურათში იკვეთება სხვადასხვა ადამიანის ცხოვრება, მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან ტონი ლუნგი და ლეა სეიდუ. ენიედი ფილმით მედიტირებს დროზე და აღწერს ადამიანებსა და ბუნებას შორის მყიფე ურთიერთკავშირზე. ვალერი დონცელის ფილმი, სამსახურში (‘À pied d’œuvre)და ლეონარდო დი კოსტანცოს ელისა დანაშაულისა და გამოსყიდვის კითხვებს პირადი ურთიერთობების მეშვეობით ფილტრავს; ნოა ბაუმბახის ჯეი კელი პოპულარული კულტურის და დიდების აბსურდულობის კრიტიკას გვთავაზობს (მთავარ როლში ჯორჯ კლუნი). ფილმი სატირულიცაა და მელანქოლიურიც (მისთვის ჩვეული ხელწერა), დასცინის ვარსკვლავობას, ამავდროულად სავსეა ემოციური ნიუანსებით, რაც ბაუმბახს საშუალებას აძლევს, კრიტიკა თანაგრძნობით დააბალანსოს.

პოლიტიკა ჩარჩოში

ვენეციის კინოფესტივალისთვის თანამედროვე გეოპოლიტიკური მოვლენები აქტუალურია. ოლივიე ასაიასის კრემლის ჯადოქარი რუსული ძალაუფლების დერეფნებში გვიძღვება, სადაც პოლ დანოს განსახიერებული კრემლის იდეოლოგი, გამოგონილი პერსონაჟი ვადიმ ბარანოვი (რუსი პოლიტიკოსის, ვლადისლავ სურკოვის არქეტიპი) და ჯუდ ლოუს ახალგაზრდა პუტინი სახელმწიფოებრივი ხელოვნების მანიპულაციურ თეატრს განასახიერებენ. პარკ ჩან-ვუკის სხვა არჩევანი არ არსებობს კორპორაციულ წესრიგზე შავი იუმორით საუბრობს და კაპიტალიზმის მორალურ სიცარიელეს აკრიტიკებს. ოლდბოის რეჟისორის ახალი ფილმი მოგვითხრობს გმირზე, რომელიც სამსახურის ძიებას მას შემდეგ იწყებს, როცა მოულოდნელად გაანთავისუფლებენ გაზეთების კომპანიიდან 25 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ; გმირი სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებამდე მიდის.

ბიოგრაფიული ფილმებიც პოლიტიკურ ელფერს იძენს: ბენი საფდის გამანადგურებელი მანქანა, დუეინ ჯონსონის მონაწილეობით, MMA-ს მებრძოლის, მარკ კერის შესახებ გვიამბობს; ეხმაურება სპორტის ინსტიტუციონალურ წნეხს და ტკივილის კომოდიფიკაციას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ამ სპორტის პოპულარიზაციის ფონზე. ერთია ქართველი ჩემპიონების ქამრების თვლა და მეორეა იმის გააზრება, თუ რატომ ითხოვს დონალდ ტრამპი ბრძოლების თეთრ სახლში გამართვას.

კეტრინ ბიგელოუ ვენეციაში ფილმით, დინამიტის სახლი, ბრუნდება. ვიზუალური სისასტიკისა და მისი დამახასიათებელი დაძაბულობის შერწყმით, ფილმი ძალადობას არა როგორც სანახაობას, არამედ როგორც ნარჩენს იკვლევს – გვიჩვენებს იმ ეფექტს, რომელსაც ის ტოვებს სხეულებზე, სივრცეებსა და მეხსიერებაზე. ბიგელოუსთვის გადარჩენა არასდროსაა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ის ასევეა მორალური და ფსიქოლოგიურიც.

დიდ ინტერესესს იწვევს ასევე თანამედროვე კინოს უმნიშვნელოვანესი ავტორის, ლუკრეცია მარტელის ჩვენი მიწა (Nuestra Tierra), რომელიც მთავარი კონკურსის მიღმა იქნება ნაჩვენები. დოკუმენტური ფილმი ეხმიანება ჩრდილოეთ არგენტინაში 2009 წელს მომხდარი გამოსახლების ისტორიასა და ჩუშგასტას თემის ლიდერის, ხავიერ ჩოკობარის მკვლელობას. ამ საქმის სასამართლო პროცესის დაწყება 2018 წლამდე გაიწელა და მკვლელები ამ დროის განმავლობაში დაუსჯელები იყვნენ. მარტელი ფილმის გავლით ცდილობს იკვლიოს კოლონიალიზმისა და მიწის მიტაცების ხანგრძლივი ისტორია. როგორც მარტელი შენიშნავს, „ფილმი ეხება ჩვენი მშობლიური ენის რასისტულ მექანიზმებს, რომლებიც ბევრს ართმევს წვდომას სასიცოცხლო სივრცეზე. საეჭვო დოკუმენტებს და ბიუროკრატიას ადამიანთა სიცოცხლე ეწირება.“

სიურრეალიზმი და სპეკულაციები

ვენეცია ყოველთვის იტოვებდა ადგილს არაორდინალური კინოსთვის, მაგრამ წლევანდელი ფესტივალი სიურრეალიზმს არა გაქცევად, არამედ დაპირისპირებად განიხილავს. იორგოს ლანთიმოსის ფილმი, ბუგონია, ემა სტოუნისა და ჯესი პლემონსის მონაწილეობით, უცოპლანეტელების შემოჭრასა და ადამიანური ბუნების სიმწირეზე გვიამბობს. ლანთიმოსს მისი საფირმო აბსურდული და გროტესკული ხედვა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადააქვს და ძალადობისა და ადამიანური კავშირების რღვევაზე გვესაუბრება. იმედია, ბერძენი რეჟისორი ისევე არ ჩაიკარგება მის მიერ შექმნილ აბსურდის თეატრსა და მანერულობაში; კინოს ატრაქციონს, ცოტაოდენ სიღრმესა და მნიშვნელობებს შემატებს, ხოლო პროვოკაციულობას კვლავ თვითმიზნად არ აქცევს.

გილერმო დელ ტოროს ფრანკენშტეინი დიდ მოლოდინს აღძრავს, არა მხოლოდ მისი ვარსკვლავური მსახიობების ოსკარ აიზეკისა და ჯეიკობ ელორდის — გამო, არამედ იმიტომაც, რომ დელ ტორო მერი შელის ზღაპარს თანაგრძნობის თანამედროვე იგავად აქცევს. არსების ურჩხულად ან ალეგორიად ჩვენების ნაცვლად, ფილმი ჩაყვება მწუხარების, მარტოობისა და მყიფე კავშირების თემას. პიეტრო მარჩელოს დუზე ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, ელეონორა დუზეს შესახებ გვიამბობს და ისტორიულ დეტალებს მითოსური და სიზმრისეული ტექსტურით შეავსებს, ხოლო დუზეს ერთდროულად წარმოგვიდგენს ვასკვლავად და მოჩვენებად; ფრანკო მარესკოს ბრავო ბენე! ფაქტსა და წარმოსახვას შორის ურთიერთკავშირს შეისწავლის, ავანგარდისტი ავტორის, კარმელო ბენესადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ხელოვნების, მეხსიერებისა და რეპრეზენტაციის თემებზე ერთგვარ მეტა-კომენტარს აკეთებს.

ვენეციის კლასიკა

„ვენეციის კლასიკა“ ფესტივალის კინემატოგრაფიული დროის კაფსულის ფუნქციას ასრულებს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 18 ახლად აღდგენილ სურათს წარმოადგენს — დაწყებული სტენლი კუბრიკის ლოლიტათი და მასაკი კობაიაშის კვაიდანით, დამთავრებული მარსელ კარნეს ნუარით, ჩრდილების პორტით. სექცია, რომლის კურატორებიც ალბერტო ბარბერა და ფედერიკო ჟირონი არიან, ასევე მოიცავს დოკუმენტურ ფილმებს კინოსა და მისი შემქმნელების შესახებ; სექცია მაყურებელს სთავაზობს წარსულის ხელახლა აღმოჩენის და მისი გააზრების შესაძლებლობას.

ჰორიზონტების მოკლემეტრაჟიანი ფილმები

Orizzonti-ის წლევანდელი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში 14 ფილმი იქნება ნაჩვენები. თითოეული მათგანი გაგვიძღვება სხვადასხვა სამყაროში, როგორიც არის კუბა და აშშ (Norheimsund), ჩილე (Merrimundi) და საფრანგეთი (La Ligne de Vie). საგულისხმოა, რომ ფესტივალი მხარს უჭერს კინემატოგრაფიულ ექსპერიმენტებს და ამავდროულად, გლობალურ ისტორიებზე აკეთებს აქცენტს.

ეპილოგი

საფესტივალო ხმებთან ერთად, აქ ერთხელ მაინც გაიჟღერებს კანადური ინდი-როკ ჯგუფის, Arcade Fire-ის მელოდია და ლირიკა — Purify the colors, purify my mind. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ვენეცია გაწმენდას, ან რას უნდა ველოდოთ მისგან, მაგრამ მოგზაურობა იწყება. ფესტივალი ერთგვარ კინოკალეიდოსკოპს გვპირდება, ხოლო ქალაქი მოგონებების გაცოცხლებას: ლუკინო ვისკონტიმ ვენეცია ტაძიოზე, როგორც მშვენიერების სიმბოლოზე, ჭვრეტით გამოხატა. პიერ პაოლო პაზოლინი ქალაქს ისტორიული რეფლექსიისა და პირადი ფანტაზიის სცენად აღიქვამდა, სადაც ახალგაზრდული ილუზიები საზოგადოების კოლაფსს ეჯახება, ხოლო ფესტივალის ეკრანები არა მხოლოდ ფილმებს აჩვენებენ, არამედ ყალბ ფასადებსაც უპირისპირდებიან (პაზოლინი 1968 წლის ვენეციის კინოფესტივალზე საპროტესტო გამოსვლებშიც მონაწილეობდა). ლტოლვის ეს შეგრძნება, როგორც ესთეტიკური, ასევე ემოციური, არხებსა და ჩამქრალი სინათლეების ჩრდილებში შეიგრძნობა. ფესტივალის მსვლელობისას, იმედია, რომ ვიპოვი სიცხადეს, შთაგონებას და სიმშვიდის მომენტებსაც, სანამ სამყარო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ვნახოთ, სად წავალთ და სად მიგვიყვანს ეს ყოველივე.


ფესტივალის სრული პროგრამა: https://www.labiennale.org/en/cinema/2025/lineup

Settimana della Critica-ს პროგრამა: https://www.sicvenezia.it/introduzione-40-settimana-internazionale-della-critica/

მხარდამჭერები და პარტნიორები: ვენეციის კინოფესტივალი, FIPRESCI, Fipresci Georgia, CinExpress, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.


[1] ჯილო პონტეკორვო (1919 – 2006) — იტალიელი რეჟისორი; მისი სურათი, ბრძოლა ალჟირისთვის (1966) ალჟირელების განმათავისუფლებელ ბრძოლას, ნეორეალისტური და რადიკალური ფორმით ეხმიანება. ესთეტიკა არაპროფესიონალი მსახიობებით (ერთ-ერთი მთავარი გმირი, ალი ლა პოინტი, ალჟირის ბაზარში ნახეს და დაამტკიცეს როლზე), შავ-თეთრი გამოსახულებითა და ენიო მორიკონეს მუსიკითაა დრამატიზებული. ფილმმა, რომელიც 1966 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომით” დაჯილდოვდა, არა ერთი გავლენიანი რეჟისორის, ფილოსოფოსისა და მკვლევრის ყურადღება მიიპყრო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ამერიკელმა კინორეჟისორმა, სტენლი კუბრიკმა ფილმს შთამბეჭდავი სურათი უწოდა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა კინოს შესაძლებლობების გააზრება, ხოლო კენ ლოუჩმა სურათი შემოქმედებითი შთაგონების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ დაასახელა.

[2] ჟიურიში წარმოვადგენ Fipresci Georgia-ს (Geogian Film Critics and Scholars Association; მონაწილეობაზე: https://cineuropa.org/en/newsdetail/482367), ფედერაციაში შემავალ პირველ ქართულ სექციას, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაარსდა. მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობა, ისევე როგორც დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელება (ორგანიზაციამ თანაპარტნიორებთან ერთად უკვე გამართა ორი რეტროსპექტივა – „კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა” და „ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები”), ორგანიზაციისა და სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაშინ, როცა საჯარო კულტურული და კინო უწყებები სრულადაა ოკუპირებული.
ორგანიზაციაზე: https://cinexpress.ge/2023/11/16/fiprescigeorgia/

[3] შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას ცაი მინ-ლიანის და ლუკრეცია მარტელის კინოზე: https://cinexpress.ge/2021/01/11/slowcinemapolitics/

პოსტის ნახვები: 100
Related Topics
  • fipresci
  • ალექსანდრე გაბელია
  • ვენეციის კინოფესტივალი
ალექსანდრე გაბელია

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ბელა ტარი — სამყარო მაინტერესებს, არა მხოლოდ მისი აღბეჭდვა

  • ივლისი 23, 2025
  • გიორგი ჯავახიშვილი
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: შემოქმედის სევდა

  • CinExpress
  • მარტი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: “ნუ მიღებ!”

  • CinExpress
  • თებერვალი 22, 2023
სტატიის ნახვა
  • რევიუ
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: ნაცნობი – რომელსაც ვეძებთ

  • CinExpress
  • თებერვალი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2023: გაუსაძლისი მასკულინობა

  • CinExpress
  • თებერვალი 18, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

TIFF 2022

  • CinExpress
  • დეკემბერი 4, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

goEast Film Festival 2022: გამარჯვებულები

  • CinExpress
  • აპრილი 26, 2022
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2020: შეჯამება – ფერარას „ოდისეა“, „კაცების ადგილი აქ არ არის“, ცაი მინ-ლიანის მკვდარი დრო და უცნობი ესპანელი რეჟისორი

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მარტი 4, 2020
სტატიის ნახვა
  • სიახლე
  • ფესტივალები

ბერლინალე 2020: მესამე სამყარო და მონღოლური „მწვანე ველი“

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • თებერვალი 26, 2020
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს