შესავალი და თარგმანი: ლიკა გლურჯიძე
ფერფლი და ალმასის გამოსვლიდან 50 წლის შემდეგ, ანჯეი ვაიდას სთხოვეს მოეყოლა შთაბეჭდილებები ფილმზე, გადაღების პროცესზე, კონტექსტებსა და საკუთარ განცდებზე. მან გაიხსენა ყველაფერი — იმპულსი, რომელიც ამოძრავებდა, მთავარი გმირის შავი სათვალე და ქურთუკი, ცენზურის მცდელობები, პოლიტიკური კონტექსტი და ფონი, რომელიც ათწლეულების მანძილზე იცვლებოდა. მაგრამ არ შეიცვალა მთავარი — ფილმის ცოცხალი, უნიკალური ფორმა, ესთეტიკა, დეტალები და განწყობა. ვაიდა თავის ცხოვრების ფილმს უწოდებს ფერფლს და ალმასს; პერიოდს, როცა ყველას ძალიან უნდოდა გამოეხატა საკუთარი თავი და სათქმელი, იქნებოდა ეს რეჟისორი, მსახიობი, ოპერატორი თუ მწერალი. როცა კინო არა მხოლოდ აფიქსირებდა საგნებს ან მოვლენებს, არამედ თავად ხდებოდა რეალობის ნაწილი. ანჯეი ვაიდა ჩართული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მაგალითად, 1980 წლის სოლიდარობის მოძრაობაში. ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენების, მისი ფილმების და ადამიანების ისტორიები, ბედისწერა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან.
ფერფლი და ალმასი ბევრად ადრე, 1958 წელს გამოდის ეკრანზე და ეფუძნება ეჟი ანჟეევსკის რომანს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ იწერება 1948 წელს. ბევრი რამ ფილმზე მუშაობის პროცესში მწერალმა და რეჟისორმა ერთად შეცვალეს, დაამატეს სცენები, ეკრანზე ხორცშესხმულმა ამბავმა კი შეცვალა მზერა გმირების მიმართ და ანტიგმირი, თავის ქარიზმით, სტილით, სიცოცხლისა და სიყვარულისადმი ვნებით, ფატალიზმით, მაყურებელს ძალიან ხიბლავდა. მას თამაშობს ზბიგნევ ციბულსკი, რომელსაც პოლონელ ჯეიმს დინადაც მოიხსენიებდნენ და ასეთივე ფატალური აღმოჩნდა მისი ბედისწერაც. მგრძნობელობა, დამაჯერებლობა და ხასიათის შტრიხები, რომლებსაც აძლევს პერსონაჟს, მისი საკუთარი სტილით (სათვალე, ჩაცმულობა მისი იყო), რეზონირებდა ამ პერიოდის ახალგაზრდებთან და მათთვის განსაკუთრებით ძვირფასიც აღმოჩნდა.
ფილმში მოქმედება ხდება ომის უკანასკნელ და მშვიდობის პირველ დღეს[1]. რეალობა იცვლება ამ 24 საათში, იცვლება გმირების ცხოვრებაც, ომის ტრავმები ჯერ კიდევ ცოცხალია, ისევე როგორც, ძალადობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, სისასტიკე, სიკვდილის სიახლოვე, მაგრამ მაინც რჩება ადგილი მოულოდნელი გრძნობებისთვის — სიყვარულისთვის, თანაგრძნობისთვის, სიცოცხლის ხელახლა აღმოჩენისა და შეყვარებისთვის. გვამახსოვრდება მუსიკა, რომელიც ფინალში გვესმის, სიმბოლოებად ქცეული დეტალები, რომლებიც შთამბეჭდავ სურათებად იქცევიან, გადაძახილი პოეზიასთან, საიდანაც იღებს კიდეც სათავეს სათაური, ციპრიან კამილ ნორვიდის ლექსი: „იქნება თუ არა ფერფლში მბრწყინავი ალმასი, მარადიული გამარჯვების განთიადი?“
თარგმანი
ვერ ვიჯერებ, რომ ფილმის გადაღებიდან 50 წელი გავიდა. თუ კინოს ისტორია 100 წლისაა, მაშინ მე ვინ ვარ? მაქვს განცდა, რომ ჩვენი კინო, არა მხოლოდ აღწერდა მოვლენებს, საგნებს, არამედ რეალობის ნაწილად იქცა. ამიტომ ძნელი იქნება მათი ჩანაცვლება დღევანდელი ფილმებით. ფერფლი და ალმასი ჩემი ცხოვრების ფილმია.
ფერფლი
პირველი ორი ფილმის შემდეგ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული დამემართა, ყველაფერი თავიდან მოდის. თუ დაძაბული და აღელვებული ხარ, კუჭის პრობლემებიც გეწყება. ექიმმა მითხრა: „მატარებელში ჩაჯექი, დაისვენე და თავს უკეთ იგრძნობ.” კრინიცაში წავედი. მკურნალობამ არ გაამართლა, მაგრამ იქ შევხვდი ტადეუშ იანჩარს, რომელმაც ეჟი ანჟეევსკის რომანზე მიამბო, რომელიც ქალაქის მოედანზე პოლონეზის ცეკვით სრულდება, როგორც ქორწილი. დამაინტერესა და, ვიფიქრე, მომეწონებოდა. მას შემდეგ რაც ამ საუბრის ემოციები ჩაცხრა, წავიკითხე ეს წიგნი — ფერფლი და ალმასი. ვკითხულობდი და თან წარმოვიდგენდი, როგორ გადავიღებდი ფილმს.
ვროცლავი
ამ პერიოდში სამი კინო კომპანია გვქონდა, ვარშავის კომპანია მათ შორის ყველაზე სუსტი იყო. ომის შემდეგ „ფალანგას“ სტუდიები დაიწვა, ამიტომ კინოინდუსტრია ლოძში გადავიდა. ეს იყო ერთადერთი ქალაქი, სადაც ინდუსტრიას განვითარება შეიძლებოდა. აღჭურვილობა ბერლინიდან ჩამოიტანეს და პოლონურმა კინემატოგრაფმა ნელ-ნელა დაიწყო გაცოცხლება. მოულოდნელად, ვროცლავში გაიხსნა კინოსტუდია. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ეს იყო კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო და პოლიტიკურად ყველაზე კარგად გათვლილი ნაბიჯი. ვროცლავი პოლონური ქალაქი იყო და, შესაბამისად, პოლონური ფილმების იქ გადაღება ძალიან ლოგიკური გამოდიოდა. მანდ ბევრი ფილმი გადაიღეს, მაგრამ საერთაშორისო წარმატებას ვოიცეკ ჰასის ფილმმა — სარაგოსაში ნაპოვნი ხელნაწერი მიაღწია, ის მთელ მსოფლიოში აჩვენეს. ფერფლი და ალმასიც, რომელიც ვროცლავში გადაიღეს, მთელ მსოფლიოში აჩვენეს. ფილმში ხედავდი წარწერას — „ვროცლავის კინოსტუდია“, რაც მკაფიოდ აჩვენებდა, რომ პოლონელები ყოფილ გერმანულ ქალაქში უბრალოდ გამოქვაბულში კი არ ცხოვრობდნენ, იღებდნენ მნიშვნელოვან ფილმებს, რომლებსაც შემდეგ ყველგან აჩვენებდნენ. ეს ძალიან კარგი იდეა იყო.
ციბულსკი
ზბიგნევ ციბულსკიზე ერთი რამ ცხადი იყო: ის არ ჰგავდა წინააღმდეგობის მოძრაობის ბიჭებს. ჩემგან განსხვავებით, მე უბრალოდ ძალიან ვგავდი მათ, არა იმიტომ რომ მათ რიგებში ვიყავი. უარესი კი ის იყო, რომ კოსტიუმის გაგონებაც არ უნდოდა. პირველ დღეს, როცა ვროცლავში ფილმის გადაღებას ვიწყებდით, ზბიგნევის სცენა გვქონდა. დერეფანში მოდიოდა, გადამღები ჯგუფიდან ორი ადამიანი გვერდით მისდევდა და მიყვიროდა: „გამოცვლა არ უნდა!“ ვკითხე: „ზბიგნევ, რა პრობლემაა? ასე გინდა თამაში?“ მან მიპასუხა: „დიახ.“ მას უბრალოდ ქურთუკი ეცვა, ჯინსი, თავისი საყვარელი სათვალე, თავზე არაფერი ეხურა. ეს სრულიად სხვა ეპოქის კოსტიუმი იყო. ამ ფილმის გადაღებისას 30 წლის ვიყავი. მივხვდი, რომ არ იყო აუცილებელი ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მინდოდა. გავიაზრე, რომ ფილმის გადაღება საერთო საქმეა.
იქნებ ციბულსკიმ იცოდა რაღაც, რაც მე არ ვიცოდი? იქნებ სიჯიუტე სხვა რამეში უნდა გამომეჩინა? რეჟისორი ჯიუტი უნდა იყოს, მაგრამ უცნაურია, როცა ის ერთ რამეზე ჯიუტობს და მეორეზე არა. ამიტომ უბრალოდ მივეცი საშუალება, ისე გაეკეთებინა, როგორც უნდოდა.
როცა ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა, ახალგაზრდები უკვე სხვა რამეს ეძებდნენ, მათ უკვე საკუთარი, განსხვავებული ხედვები ჰქონდათ ცხოვრებაში.
აღმოჩნდა, რომ ციბულსკი თავისი ქურთუკითა და მუქი სათვალით მათთვის ბევრად ახლობელი აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ იქნებოდა, პოლონეთის იატაკქვეშა არმიის კოსტიუმი რომ სცმოდა.
სათვალე
მუქი სათვალე უნდა ეტარებინა, რადგან მხედველობა “გაფუჭებული” ჰქონდა. როცა სათვალეს იხსნიდა, ცხადი ხდებოდა, რომ მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თითქოს რაღაცას ეძებდა. ერთ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით. მუქი სათვალე მხოლოდ თვალების პრობლემის მოხსნის საშუალებად არა, მის ნიღბად იქცა. რატომ იმალებოდა ამ ნიღბის უკან? იქნებ ვინმე ეძებდა? იქნებ არ უნდოდა, თავისი თვალები ეჩვენებინა? ამან გმირს იდუმალება შესძინა. როცა რაღაც კარგს აკეთებ, როცა რაღაც წარმატებული ხდება, ყველაფერი აზრს იძენს და სწორ როლსაც თამაშობს. ფერფლი და ალმასის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ქალი
სასაცილო ის იყო, რომ ეჟი ანჟეევსკი სიყვარულის ამბის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. მან თქვა: „როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი? ახლახან ბარში გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ უკვე ერთად წვანან?“ მე ვუთხარი: „ეჟი, ეგ ყველაზე მარტივია. დამიჯერე.“
პავლიკოვსკი
ადამ პავლიკოვსკის მცირე როლი ჰქონდა ფილმში, რომელსაც არხი ერქვა. მხოლოდ ერთი წამით ჩნდებოდა და მისი სახე ყველას ყურადღებას იპყრობდა. ვიფიქრე, თუ გვყავს პერსონაჟი, რომელსაც ციბულსკი თამაშობს, კარგი იქნება, გვყავდეს ვიღაც, ვინც მას დაუპირისპირდება. პავლიკოვსკი არ იყო მსახიობი. ის იყო მუსიკოსი და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ჩვენ მას ერთგვარ მენტორად აღვიქვამდით. მისი გამოკვეთილი პროფილი ზუსტად ჯდებოდა. მისი გარეგნობა მისი ძალა იყო. ძალიან სასიამოვნოდ საუბრობდა. როცა ფილმი დავასრულეთ, პირველი დახურული ჩვენება მოეწყო მხოლოდ გადამღები ჯგუფისთვის. ადამმა თქვა: „არ ვიცი, კარგი ფილმია თუ არა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: აქამდე პოლონურ ფილმში მსახიობებს ასე სწრაფად არასდროს უთამაშიათ.“ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, რადგან მაშინ მხოლოდ საბჭოთა ფილმები გვქონდა და გულწრფელად გვძულდა მათი გაწელილობა.
შჩუკა
ცხოვრებაში რამდენჯერმე დავუშვი შეცდომა კასტინგში, როცა ვინმეს იმიტომ ვარჩევდი, რომ ვფიქრობდი, კონკრეტულად ასეთი ვიზუალი უნდა ჰქონოდა. იგივე მოხდა შჩუკას შემთხვევაშიც. მას არ ჰქონდა ის ძალა, რომელიც მის გარეგნობას უნდა მოჰყოლოდა. უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ამ როლის შესრულება შეეძლო. ჩემი პრობლემა კი ეს იყო; განზრახვა არ მქონია, ერთ მხარეს ბრწყინვალე ციბულსკი მყოლოდა, მეორე მხარეს კი — ვიღაც კომუნისტი, რომელიც ბევრად უარესად არის წარმოჩენილი. მინდოდა, ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს დაპირისპირებოდა. ეჟი ანჟეევსკიც კი დავითანხმე, რომ ამ პერსონაჟისთვის ესპანური წარსული მოეგონებინა. რატომ? ვფიქრობდით, რომ იმ კომუნისტებს შორის, რომლებიც კარიერას, ახალ ძალაუფრებრივ წესრიგს და სწრაფ დაწინაურებებს განასახიერებდნენ, იყვნენ ადამიანებიც, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ესპანეთის სამოქალაქო ომში საფრთხეში ჩაიგდეს.
კობიელა
კობიელას ამ ფილმში აუცილებლად უნდა ეთამაშა. მისი საუკეთესო მეგობარი ციბულსკი მონაწილეობდა, ამიტომ ისიც უნდა ყოფილიყო, თან ამ პერიოდში საუკეთესო ფორმაშიც იყო. თავისი ნიჭი მოგვიანებით დაამტკიცა, ანჯეი მუნკის ფილმებში თამაშით, განსაკუთრებით უიღბლობაში.
ფილმი
რა გამახსოვრდება ფილმიდან? გახსოვს პერსონაჟები და სცენები. დიალოგები და დიალოგებით სავსე სცენები ყველაზე ნაკლებად, რადგან მათ თითქოს ყველაფრის გაერთიანების ფუნქცია აქვთ. ფერფლი და ალმასის ძალა, ის, რომ დღესაც უყურებენ ამ ფილმს, ციბულსკის შექმნილი სახის და რამდენიმე ხატოვანი სცენის დამსახურებაა.
ჯვარი
ეჟი ანჟეევსკი საკუთარ თავს დიდი პოლონური ლიტერატურული ტრადიციის გამგრძელებლად მიიჩნევდა. სახელწოდება ფერფლი და ალმასი ნორვიდის[2] ლექსიდან მოდის. მინდოდა, ეს ლექსი ფილმშიც გამოჩენილიყო. მაგრამ როგორ? ვიფიქრე, შეიძლებოდა რაღაც ფრაგმენტი საფლავის ქვაზე დაგვეწერა. მაგრამ სასაფლაოზე წასვლა არ გვინდოდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა დაფა ეკლესიის კედელზე. ეკლესია დანგრეული უნდა ყოფილიყო, რადგან საჰაერო დაბომბვების პირველ სამიზნეს ეკლესიები წარმოადგენდა. მაშინ ვიფიქრე, იქნებ შეხვედრის სცენა გაგვეკეთებინა? ბოლოს და ბოლოს, მათ სიცოცხლის იმედი ჰქონდათ, ამიტომ ეს კარგი გადაწყვეტა იქნებოდა. მქონდა იდეა, რომ ქრისტეს ხელები გაშლილი უნდა ჰქონოდა. მაგრამ თუ ყველაფერი დაინგრა, ჯვარი თითქოს უბრალოდ რაღაცაზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული, თანაც თავდაყირა. ყველაფერი შეიცვალა. სამყარო შეიცვალა. ჩვენ ასეთ სურათებს ვეძებდით. გვჯეროდა ასეთი სურათების. გვჯეროდა, რომ კინოში მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამას უფრო ღრმად გაიგებდნენ, და მათთვის ეს არ იქნებოდა შორიდან მოტანილი სიმბოლიზმი.
ცენზურა
ტოტალიტარულ სისტემაში, სადაც ცენზურა არსებობს, ის ყველაზე მეტად სიტყვას დასდევს. თუ გადავიღებდი სცენას, სადაც ისინი დათვრებოდნენ და ვარშავის აჯანყებაში დაღუპულ მეგობრებზე ილაპარაკებდნენ, ასეთი სცენა, რა თქმა უნდა, ფილმიდან ამოიჭრებოდა. ისინი წინააღმდეგი იქნებოდნენ ვარშავის აჯანყების ხსენების, ვინ და რატომ, დიალოგებში აუცილებლად გამოჩნდებოდა. მაგრამ სულ სხვაა, როცა ისინი არყის ჭიქებს ცეცხლს უკიდებენ და ალებისგან ერთგვარი სასაფლაო იქმნება; ის ამბობს: „ეს ჰანკაა, ეს ვილგაა“ — ანთებული სანთლები მათი მკვდარი მეგობრების სიმბოლოა. ხოლო ორი ჭიქა ჯერ არ არის ანთებული, რადგან ჯერაც ცოცხლები არიან, რატომ უნდა ამოიჭრას ასეთი სცენა?
მახსოვს, პრემიერის დღეს დამირეკეს. ეს იყო ცენზორი, რომელმაც მხოლოდ თავისი ნომერი მომცა. მათი სახელები არ ვიცოდით, მხოლოდ ნომრები. მან მითხრა, რომ მითითება იყო: კინოთეატრში უნდა მივსულიყავი და ფილმის ბოლო სცენა ამომეჭრა. რთული სიტუაცია არ იყო. არავინ მყავდა, ვისაც რჩევას ვკითხავდი, ვისაც დავურეკავდი. არავინ დამიჭერდა მხარს. კინოთეატრში არ წავედი და სცენა არ ამოვჭერი. ერთი რამ ვიცოდი: თუ პრემიერა შედგებოდა და ეს სცენა ფილმში დარჩებოდა, პრემიერის შემდეგ ფილმში ჩარევას ვეღარავინ შეძლებდა. ეს უკვე მეტისმეტად აშკარა იქნებოდა, მაშინ კი ყველა თავს ისე აჩვენებდა, თითქოს პოლონეთში ცენზურა არ არსებობდა.
ცენზურა აანალიზებდა გმირის სიკვდილის ბოლო სცენას ნაგავსაყრელზე. მაგრამ რადგან საქმე გამოსახულებას ეხება, ცენზორი, ეკრანს უყურებს და ფიქრობს: „ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც ნაგავსაყრელზე კვდება?“ ხალხის მტერი. მან ხელი აღმართა კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების, ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ, ამიტომ უნდა მოკვდეს. სად კვდება? ნაგავსაყრელზე. რომელ ნაგავსაყრელზე? ისტორიის ნაგავსაყრელზე. ამგვარად, სამართალი ზეიმობს. ისტორიის ის აღქმა, რომლის დამტკიცებასაც კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა, თავის სიმართლეს პოულობდა. მაგრამ მაყურებელი, რომელიც კინოში მოდის, ხედავს, რომ მათი საყვარელი ბიჭი, თავისი მუქი სათვალით, სად არის მოკლული? ნაგავსაყრელზე? მაშინ რანაირი ხელისუფლებაა ეს, თუ ჩვენს ბიჭს ნაგავსაყრელზე კლავენ?
ალმასები
ფილმი საკმაოდ დიდი ხანია არ მინახავს. ძნელია თქმა, რამდენი ხანია, რადგან ჩემს ფილმებს აღარ ვუბრუნდები. ისედაც ვიცი, რას ვფიქრობ მათზე. ისინი დიდი ხანია შევაფასე. არის რამდენიმე, რომელიც არ მომწონს და დღეს სხვანაირად გადავიღებდი. წლებია ვებრძვი ჩემს თავს, ეს არა მხოლოდ ფილმების ყურებას უკავშირდება, არამედ მათზე ფიქრს, შემდეგ მათ გონებიდან ვეღარ ვიგდებ. ფერფლი და ალმასი ყველაზე შეკრული ფილმია. ის შეიქმნა იმ დროს, როცა საკუთარი თავის გამოხატვის ძლიერი მოთხოვნილება არსებობდა. ეჟი ანჟეევსკის რომ არ გადაეწყვიტა თავისი რომანის მთლიანად შეცვლა და დამატებითი სცენების დაწერა, ეჟი ვოიჩიკს რომ არ ჰქონოდა უნიკალური გამოსახულების შექმნის ნიჭი და მსოფლიო კინემატოგრაფის მოთხოვნების შეგრძნება, ციბულსკის რომ არ ჰქონოდა თავის უნიკალური სამსახიობო ნიჭი და მე რომ არ მყოლოდა ისეთი ნიჭიერი ასისტენტი, როგორიც კუბა მორგენშტერნი იყო, რომელმაც ანთებული არყის ჭიქების სცენა შექმნა, ეს ფილმი ნამდვილად არ იარსებებდა.
წყარო: Andrzej Wajda Watches His Film Ashes and Diamonds 50 Years Later
[1] Andrzej Wajda, Double Vision: My Life in Film, London: Faber and Faber, 1989.
[2] ციპრიან კამილ ნორვიდი — პოლონელი პოეტი.