კოსმო ბიორკენჰაიმის ინტერვიუ
თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
ბიორკენჰაიმი: აღნიშნეთ, რომ კინემატოგრაფი არის სივრცე, სადაც რეალისტური და ანტირეალისტური მოცემულობები იკვეთება, ესაა ფაქტებისა და ოცნებების შეჯახება, იმის შესახებ, თუ როგორია სინამდვილე და როგორი შეიძლება იყოს. დღესდღეობით, როდესაც მილიონობით ადამიანი კამერას, ძირითადად, საკუთარი ცხოვრების დოკუმენტირებისთვის, დაარქივებისა და ტრანსლირებისთვის იყენებს, ხომ არ დაიწყო კინოს უტოპიური განზომილების გამოცლა?
კლუგე: რთული შეკითხვაა. პირველ რიგში, მხოლოდ კინემატოგრაფს არ შესწევს უნარი, იყოს ანტაგონისტური და მოიცავდეს „ანტირეალიზმსა“ და რეალიზმს. გარკვეულწილად, ყოველი ადამიანი კამერის მსგავსად ფუნქციონირებს. თქვენ გაქვთ სურვილები, იმედები – საფუძველში კი გაქვთ ლიბიდო, რომელიც იმედგაცრუებით კონსტიტუირდება. ბავშვი მხოლოდ ლტოლვაზე ფიქრობს: „ყველაფერი მე მეკუთვნის.“ არაფერი, გარდა ჩემი ვნებისა, ჩემი სხეულისა, ჩემი შეგრძნებებისა და ა.შ. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რეალობის პრინციპით იმედგაცრუებულია. რეალობა წვრთნის ბავშვს. პირველადი ტრავმა წარმოშობს აღქმის, გონების, შეგრძნებებისა და ლიბიდოს ორ განცალკევებულ სახეს – სუბიექტის ორგვარ კონსტიტუციას. ეს სუბიექტი მუდამ ორადაა გახლეჩილი. ოდენი, მაგალითად, ამბობს: „რადგან არაფერს შეუძლია, იყოს ერთი და ყოველი, ის ბზარმა გაყო“. (Denn Nichts kann eins und alles sein, Ein Riss hat es getrennt.)
მაგალითად, სოციალისტური რეალიზმი სუბიექტურობის ამგვარ კონსტიტუციას ვერ ამჩნევს. ანტაგონისტურობა ჩემი ნება არ არის, ეს ჩემი კონსტიტუციაა, ასე ვფუნქციონირებ. და თუ ამას უარვყოფ, ჩემში არსებული პარტიზანები დაგმობენ ჩემს ქმედებას. ამრიგად, ლტოლვამ გამოიგონა ხელოვნება – ისეთი, როგორიც კინემატოგრაფია და ტექნიკური დანამატი შემატა ადამიანის გონების ამ ზოგად კონსტიტუციას.
მე აღფრთოვანებული ვარ ინტერნეტით. ყველას შეუძლია იყოს ერთგვარი რადიოსადგური. ეს ბერტოლტ ბრეხტის „რადიოს თეორიის“ კერპია. და ვფიქრობ, ეს არის რაღაც ახალი, რევოლუციური და მდიდარი. ერთი მხრივ, ის გაცდუნებს. ესენი „ახალი სირენებია“: მედია, რეკლამები, სასაქონლო სამყარო. ყოველი მოხმარების საგანი საკუთარი თავის პროპაგანდაა – ის ილუზიონისტია, გრძნეულია – და ყოველივე ეს ლიბიდოს გადმობირებას ცდილობს. საქმე ის კი არ არის, რომ თქვენ რაღაცას ითვისებთ მედიიდან; უფრო პირიქით, ისინი გაცლიან რაღაცას. ასე იქცევა მთავრობა, ასე იქცევა Google, ასე იქცევა Amazon. ყველა ადამიანს შესწევს დოკუმენტირების უნარი, მაგრამ ისინი არ დოკუმენტირებენ. მაგალითად, Facebook-ზე ისინი თავიანთ სულს მთლიანად არ გასცემენ.
საკუთარი სულის ნაწილს საქონლად აქცევენ, რათა შემდეგ გაყიდონ?
გარკვეულწილად. არა ისეთ საქონლად, რომლის ყიდვაც ფულით შეიძლება, არამედ ისეთად, რომელსაც აღიარებით იყიდით.
აღიარება ვალუტის ახალი ფორმაა?
სწორია. ის მუდამ ასეთი იყო. სიყვარულში მამაკაცებს შორის მეტოქეობა ყოველთვის ვალუტას წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ის განზოგადებული, გლობალური ვალუტაა – თანაც ძალზე მნიშვნელოვანი. საკუთარი თავით საამაყოდ ადამიანს სხვათა აღიარება ესაჭიროება და, შესაბამისად, შეამჩნევდით: უმრავლესობა ინტერნეტში – სოციალურ მედიაში – ათავსებს იმას, რაც სხვების თვალში ღირსებად ჩაითვლება. მე ჩემი კერპების მსახიობი ვარ და არა – ჩემი იდენტობის. იდენტობის ფორმირებისთვის საკუთარ თავზე კონცენტრირებაა აუცილებელი, ხოლო შემდეგ, იდენტობის მოსაპოვებლად, კონკრეტულ სხვასთან დისკუსია გესაჭიროებათ.
განზოგადებული „სხვის“ ნაცვლად?
ესეც შესაძლებელია, თუმცა განზოგადებულ „სხვასთან“ საუბარს ვერ შეძლებთ, რადგან თქვენ არ ხართ განზოგადებული „მე“. თქვენ პერსონალური „მე“ ხართ და, შესაბამისად, პირველ რიგში, პერსონალური „სხვა“ გესაჭიროებათ, რათა საკუთარი იდენტობა ჩამოაყალიბოთ და დაასტაბილუროთ. მოგვიანებით უკვე შეგიძლიათ კომუნიკაცია დაამყაროთ გლობალიზებულ „სხვასთან“, მაგრამ ეს ძალზე რთულია. მოკლედ რომ ვთქვათ: პირველივე წამიდან, სილიკონის ამ ინფლაციამ უდაბნო წარმოშვა. თუმცა, ოაზისების არსებობა შესაძლებელია. უდაბნო, როგორც ვიცით, საკმაოდ ცოცხალია, მაგრამ ჩვენ უდაბნოს სწორედ ცოცხალი და არა უნაყოფო ნაწილები უნდა შევისწავლოთ. ამრიგად, ვიღებთ ახალ ანტაგონიზმს: არა ისეთ ანტაგონიზმს, სადაც კინოში არსებული „ანტირეალიზმი“ რეალობას, დოკუმენტურს ებრძვის, არამედ რაღაც სხვას, რასაც დოკუმენტისა და ფიქციის ერთმანეთისგან გამიჯვნა არ ძალუძს. შედეგად ვიღებთ უამრავ ჰიბრიდს.
როდესაც იღებდით ფილმს ცნობები იდეოლოგიური ანტიკურობიდან (2008), გქონდათ თუ არა ცდუნება, რომ ეიზენშტეინის ჩანაწერებზე დაყრდნობით, თავად გადაგეღოთ კაპიტალის ეკრანიზაცია? რატომ გადაწყვიტეთ ამის ნაცვლად მასზე დოკუმენტური ფილმის შექმნა?
დიდი სიამოვნებით გადავიღებდი. მაგრამ, იცით, ის ნამდვილი ოსტატია. მას ასევე აქვს გარკვეული გულუბრყვილობა, რომელიც მე არ გამაჩნია. მე დიდ სიფრთხილეს გამოვიჩენდი. გარკვეულწილად, რაც მან შექმნა, შედევრები იყო, გარკვეულწილად კი – პროპაგანდა. ოქტომბრისა და ჯავშნოსანი პოტიომკინის ზოგიერთ ნაწილს მე სხვაგვარად გავაკეთებდი. მაგალითად, ამ ფილმში თქვენ ნახავდით ტრისტანსა და იზოლდას ჯავშნოსანი პოტიომკინის მეზღვაურებთან ერთად: რევოლუციონერები და სიყვარული ნარატივის ერთ ქსელში. ეს შრიოტერმა გამოიგონა. ჰომოგენური ფილმის ნაცვლად, მე ვეცდებოდი მეპოვა კალეიდოსკოპი, პრიზმა, ჭრიჭინას თვალი. შესაბამისად, მხოლოდ მინიშნებებს დავტოვებდი. მე არ გადავიღებდი ფილმს მუშა წყვილზე – ქალსა და მამაკაცზე – და არ შევქმნიდი ილუზიას, თითქოს კაცობრიობის მთელი ისტორია შეიძლება დაეტიოს ორ ადამიანს შორის გატარებულ ერთ დღეში. თავად ჯეიმს ჯოისიც კი, რომელსაც სცენარი უნდა დაეწერა, უარყოფდა ამის შესაძლებლობას. მას არასდროს უთქვამს, რომ სამყაროს შეცნობა შესაძლებელია. ეს რუსეთის რევოლუციაა, გესმით – მე ის მაღაფრთოვანებს, მაგრამ ეს უტოპიურია. მე მიყვარს ჰეტეროტოპიები და არა უტოპიები.
მომავალ წელს რუსეთის რევოლუციის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ათსაათიან ფილმს ვიღებთ, რომელიც მხოლოდ მის პირველ ხუთ წელს მოიცავს. ეს ქარვაში მოქცეულ ბუზს ჰგავს. ჩვენ, არქეოლოგები, როგორც მთხრობელები, ვცდილობთ ამ ბუზის პოვნას და რუსეთის რევოლუციის შემთხვევაში, მისი პოვნა მართლაც შესაძლებელია. აქ პოულობთ, მაგალითად, homo novus-ს – ახალი ტიპის ბავშვს. ისინი საბავშვო წიგნებს წერდნენ. ოსიპ მანდელშტამმა, ხლებნიკოვმა, ხარმსმა, მაიაკოვსკიმ – ყველამ შექმნა მშვენიერი ლექსები „ახალი ბავშვისთვის“, რათა ციმბირში წერა-კითხვა გაევრცელებინათ. და სანამ ისინი ელექტროენერგიას ნერგავდნენ, დასაწყისიდანვე ვარსკვლავებისკენ ჰქონდათ მზერა მიპყრობილი. მაგალითად, ალექსანდრე ბოგდანოვმა, გმირმა, რომელიც „პროლეტკულტის“ მოძრაობას ედგა სათავეში, მარსის შესახებ წიგნი ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაწერა. „პლანეტა მარქსი“: ეს ძალზე საინტერესო თემაა. დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, სახელწოდებით „პლანეტა მარქსი“. სავსებით შესაძლებელია, ხომ გესმით? მათ რომ პლანეტა დაეპყროთ, შესაძლოა, მისთვის „მარქსი“ ეწოდებინათ.
და ეს იქნებოდა სივრცე სოციალისტური უტოპიის ex nihilo (არაფრისგან) ასაშენებლად?
Ex nihilo, მაგრამ nihilo არის ვაკუუმი, ვაკუუმს კი პოტენცია გააჩნია. ახალი კაცობრიობის ფორმირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამას ხუთასი, ან, შესაძლოა, ათასი წელიც კი დასჭირდეს. თუმცა, არც კაპიტალიზმის დამკვიდრებას დასჭირვებია ოთხას წელზე ნაკლები. აგრარულმა რევოლუციამ ოთხი ათასი წელი წაიღო. ჩვენ მოთმინება გვმართებს. რაც უფრო დიდხანს ველოდებით უტოპიას, მით უკეთესი ხდება ის.
არის კი ახალი ადამიანი, homo novus, უფრო დაკვირვებული? აქცევენ თუ არა ისინი სამყაროს უფრო მეტ ყურადღებას? არსებობს უოლეს სტივენსის ციტატა, რომელიც თქვენ მოგყავთ ფილმში ცნობები იდეოლოგიური ანტიკურობიდან: „კომუნიზმი ადამიანთა ყურადღების გამახვილების ინსტრუმენტია.“
კლუგე: დიახ, ადრეული მარქსის მიხედვით. ეს პარტიის პოზიცია არ გახლავთ. კომუნისტური პარტია ამას უარყოფდა. მაგრამ სინამდვილეში, ოდესმე რომ არსებულიყო კომუნიზმის მსგავსი რამ, შესაძლებელი იქნებოდა სოლიდარობის არსებობაც და ჩამოყალიბდებოდა homo novus. მაშინ ყურადღება, Aufmerksamkeit, ერთ-ერთი უნარი იქნებოდა. მაგრამ ეს Aufmerksamkeit არის უდიდესი ვარიაციების, შეგრძნებებისა და გრძნობების პლურალიზმის ფოკუსი. ბუნებრივად ჩვენ ხუთი შეგრძნება გვაქვს, საზოგადოებრივად კი – 66. თუკი თქვენი აზროვნება ცალმხრივია და მთელი თქვენი ნება ერთ წერტილზეა ფოკუსირებული, მაშინ თქვენ კარგი ნაცისტი ხართ. ხოლო თუ საკუთარი ნების ძალას შეასუსტებთ, მაშინ პოლიფონიურ სტრუქტურებს მიღებთ.
პოლიფონიური ყურადღება?
ეს პოლიფონიური ყურადღება სწორედ ჭრიჭინას თვალია.
არის ეს გაფანტულობისადმი ღიაობა?
რა თქმა უნდა! ბენიამინი მას აღწერს, როგორც გაფანტულობისადმი ღიაობას, რომელიც, ამავდროულად, კონცენტრირებულია. ორივე ერთად. რამდენადაც ძალგიძთ იყოთ გაფანტული, იმდენადვე შესწევთ კონცენტრაციის უნარიც. ეს პრაქტიკული დიალექტიკაა.
კონცენტრირებული გაფანტულობა პრაქტიკული დიალექტიკაა?
დიახ. თუ თქვენ კონცენტრირებული ხართ, გაფანტული აღარ ხართ და, შესაბამისად, ვეღარც კონცენტრირებული იქნებით. თქვენ მხოლოდ წმინდა ნება გრჩებათ. ეს წმინდა ნება კი ბრმაა.
ეს ის შეკითხვაა, რომლის დასმაც დიდი ხანია მინდოდა: როგორი იყო ადამიანთა სიზმრები კინემატოგრაფის გაჩენამდე? მიჰყვებოდა თუ არა ისინი ვერბალურ ასოციაციებს, როგორც პოეზიაში? იყო თუ არა თეატრალური? თუ უფრო რომანებს ჰგავდა?
ვფიქრობ, ისინი მასობრივი ინდუსტრიის სურათების ლავის ქვეშ არიან მოქცეულნი, ისევე, როგორც ვულკანი ამოაფრქვევს ლავას ჰერკულანუმსა და პომპეიზე, მის ქვეშ კი ქალაქია დამარხული. ვფიქრობ, კინემატოგრაფის გამო ჩვენ სიზმრები დავკარგეთ.
კინემატოგრაფმა სიზმრები ჩაანაცვლა?
უმთავრესად კომერციულმა კინომ, წინასწარგანსაზღვრულმა (ინტენციონალურმა) კინომ. ის ცდილობს, რეალობა გარკვეული სქემის მიხედვით დააორგანიზოს. ეს ძალიან მაცდურია. თუ ჰიჩკოკს, ოსტატს, ავიღებთ (ხომ ხვდებით, ვაფასებ მის ტექნიკას), როგორც ხელოვანი, ის დამნაშავეა, რადგან ყველაფერს ერთ მთავარ ინტერესს უმორჩილებს. და ეს მთავარი ინტერესი, სასპენსის რიტმი, ანადგურებს ყველაფერს მის გარშემო, ისევე, როგორც ავტობანი ანადგურებს ტყეში არსებულ ყველა პატარა გზასა თუ ბილიკს. ამას კინემატოგრაფთან საერთო არაფერი აქვს. კინემატოგრაფი შეგრძნებებს ამდიდრებს, კომერციული კინო კი მათ კაპიტალისტური გაგებით აკონცენტრირებს. განზოგადებული ინტერესი სავარაუდოს დიქტატურაა. ჰიჩკოკის კარგ ფილმს აქვს საზრისი, მაგრამ – დაკვირვება. თქვენ ვერ ნახავთ საფრთხეში მყოფ რეალურ ადამიანებს, რომლებიც სახით იმას აკეთებენ, რასაც მსახიობები ჰიჩკოკის ფილმებში.
მანამ, სანამ ჰიჩკოკის ფილმს ნახავენ.
კლუგე: თუ ვინმეს ჰიჩკოკის ფილმი არასდროს უნახავს, მას ადამიანის სახე ექნება. ის, თუ როგორ გამოიყურება სახე, როდესაც რაღაც ხდება, ძალზე არასავარაუდოა (improbable). თუ ეთიოპიაში ახალგაზრდა ქალს ლომი დაესხმება თავს, მის სახეზე რაღაც აისახება. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს არ დაემსგავსება იმას, რასაც ფილმებში ვხედავთ.
გამოდის, ჰიჩკოკის კინო ეფექტურობის კინოა?
ზუსტად ასეა. შეხედეთ, მე ჰიჩკოკის წინააღმდეგი არ ვარ, მოვიყვანე მაგალითი, რომელსაც ვაფასებ. მისი ფილმები მეც მაცდუნებს და სწორედ ამიტომ არის ის ოსტატი. მე სრულიად საპირისპირო პოლუსზე ვიმყოფები „კრიტიკული თეორიისგან“, რომელიც იტყოდა: „არა, ეს მაცდუნებელია“. თუმცა, სირენებიც მაცდუნებელნი არიან და დაახლოებით ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ოდისევსი მოიქცა, იმ განსხვავებით, რომ საკუთარი თავი არ უნდა დავაბათ. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა.
მე მაინტერესებს ყველა ტიპის არასავარაუდობა. გზა უტოპიისკენ, ან ჰეტეროტოპიისკენ, თვითემანსიპაციისკენ, არასავარაუდო გზებზე გადის. ისევე, როგორც ჩვენი ფორმირების გზა. თქვენი მანდ ჯდომა: არასავარაუდობაა თავისთავად და თავისთვის (an und für sich). მატერია, რომლისგანაც თქვენ შედგებით, მე ვშედგები და რომლისგანაც ჩვენი დედამიწა შედგება – უბრალოდ არასავარაუდოა. ისიც, რომ ჩვენ ევოლუციის პროცესში გადავრჩით, სრულიად არასავარაუდოა. ის, რომ კაცობრიობა არ განადგურდა და ადამიანებმა ერთმანეთი არ ამოხოცეს. არასავარაუდოა. ეს კინოინდუსტრიის ფილმების სრული საპირისპიროა.
წყარო: https://www.screenslate.com/articles/alexander-kluge-interview