• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა
  • სიახლე

კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა

  • მაისი 18, 2025
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0

რეტროსპექტივის კურატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია

CinExpress, პოლონური ინსტიტუტი თბილისში/Instytut Polski w Tbilisi და Fipresci Georgia, წარმოგიდგენთ, ერთობლივ პროექტს — „კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმების რეტროსპექტივა”.

კშიშტოფ კიშლოვსკიმ (1941 — 1996) შემოქმედება დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო, რომლებშიც პოლონეთის სოციალური რეალობა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მწვავე კრიტიკით და განსაკუთრებული მგრძნობელობითაა გადმოცემული. საერთაშორისოდ ცნობილი გახდა სატელევიზიო პროექტით დეკალოგი (1989) და მხატვრული ფილმებით ბედისწერის, შესაძლებლობებისა და მორალური დილემების შესახებ. მისი ნამუშევრები დაჯილდოებულია კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე და ასევე ნომინირებულია ოსკარზე.

ჩვენებები გაიმართება 20, 22, და 25 მაისს, CinExpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში. ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები.

ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.

რეტროსპექტივა მოიცავს კიშლოვსკის სრულმეტრაჟიან ფილმებს — მოკლე ფილმი მკვლელობაზე (1988), მოკლე ფილმი სიყვარულზე (1988), კინომოყვარული (1979) და შემთხვევა (1981). ასევე ნაკლებად პოპულარულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს — ოფისი (1966), ღამის პორტიეს თვალთახედვით (1979) და მოლაპარაკე თავები (1980).

მნიშვნელოვანი იყო პროგრამაში ნაჩვენები ყოფილიყო რეალობის კიშლოვსკისეული ხედვა, როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კინოში — ადამიანების ყოფაზე რეფლექსიით, ადამიანური ურთიერთობებისა და სისტემური პრობლემების კომპლექსური კვლევით, ფაქიზ დეტალებზე დაკვირვებით, ბიუროკრატიის კრიტიკით თუ სიყვარულის, დანაშაულის, შემთხვევითობის საკითხების მოხელთებით. კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა შეყვარებული ტომეკის სახე, უკიდურესად მძაფრი მგრძნობელობით და ღამის პორტიეს წინააღმდეგობრივი, რეალური ადამიანის პორტრეტი, რომელიც ჩვეულებრივი კაცის სამყაროში შემოჭრილ, შემზარავ სიმპტომებს ააშკარავებს, კონტროლის ვნებით დაწყებული, შესაძლო სისასტიკით დამთავრებული. .

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მამის ტუბერკულოზის დაავადების გამო, კიშლოვსკის ოჯახს უწევდა კომუნისტური პოლონეთის პატარა ქალაქებსა და სანატორიუმებში დროებით ცხოვრება. მამამისი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავის მხრივ, კიშლოვსკის ასევე აწუხებდა ფილტვები, დიდ დროს ატარებდა საწოლში, კითხულობდა წიგნებს და იაზრებდა, რომ „ცხოვრება ბევრად მეტი იყო, ვიდრე მატერიალური ნივთები, რომელსაც შეგიძლია შეეხო ან იყიდო მაღაზიაში“.[1] კიშლოვსკიმ, თავდაპირველად, ვარშავის თეატრში დაიწყო სწავლა ბიძამისის დახმარებით და მალევე გადაწყვიტა რეჟისორი გამხდარიყო და ლოძის კინოსკოლაში ჩააბარა. სწავლის პერიოდში კიშლოვსკი გაეცნო კინოს ისტორიას და ბევრი ფილმს ნახულობდა: ”ყოველთვის ვამბობდი, რომ არასდროს მინდოდა ვინმეს ასისტენტი ვყოფილიყავი, მაგრამ თუ, მაგალითად, კენ ლოუჩი მთხოვდა, სიამოვნებით მოვუმზადებდი ყავას. კესი სკოლაში ვნახე და მაშინ მივხვდი, რომ სიამოვნებით მოვუმზადებდი ყავას”.[2]

1960-იან და 1970-იან წლებში პოლონეთში დოკუმენტური კინოს აღმავლობის ხანა დადგა. ფილმებში სოციალური რეალობის და ადამიანების გრძნობების გადმოცემა პარტიული პროპაგანდის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. როგორც კიშლოვსკი იხსენებს: “იმ დროს, სამყაროს აღწერის საჭიროება იდგა — რაც ჩვენთვის ამაღელვებელი იყო. კომუნისტური სამყარო აღწერდა ყველაფერს მომავლის პერსპექტივიდან და არა ისე, როგორიც სინამდვილეში იყო.”[3] სწორედ ეს გახდა რეჟისორისთვის დოკუმენტური ფილმების გადაღების მიზეზი.

პირველი მხატვრული ფილმი კიშლოვსკიმ 1973 წელს გადაიღო. საცალფეხო მეტრო 30 წუთიანი სატელევიზიო ფილმია რომანტიკულ შეხვედრაზე. ფილმის გადაღებას ათი დღე დასჭირდა, მაგრამ მეცხრე ღამეს რეჟისორი მიხვდა, რომ ფილმის სხვაგვარად, იმპროვიზაციულად გადაღება სურდა დოკუმენტური სტილით. იმპროვიზაციულად მუშაობის ტექნიკა მის სხვა ცნობილ ფილმებში ცენტრალური მნიშვნელობის გახდა და გამოავლინა მისი ინტუიციური მიდგომა გადაღებისადმი.

კიშლოვსკის სჯეროდა შემთხვევითობის ძალის, რომელიც ადამიანის ცხოვრებას წარმართავს. შემთხვევითობა შეიძლება იყოს, როგორც სიხარულის მომტანი, ამასთანავე ტკივილის მატარებელიც: “ყველაფერი ისე ძლიერ გვტკივა, როგორც ადამიანს, რომელიც კიბეზე დაგორდა და ახლა ყველაფერი ტკივილს აყენებს. ყოველდღე, ათასობით საფეხურიდან ვვარდებით და ყველაფერი წარმოუდგენლად რთულია. მუდამ ვაწყდებით დამცირებას. მუდამ ვგრძნობთ, რომ ცუდად მართულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ისეთში, როგორშიც ვისურვებდით. შესაბამისად, ყველა სხვა ტიპის ტკივილის მიმართაც სენსიტიურები ვართ. ეს რაღაცით კანის ზედა ფენის აგლეჯას ჰგავს. ნებისმიერი ტიპის შეხება მტკივნეულია, სიყვარულით სავსეც კი”.[4]

20 მაისი, სამშაბათი:

მოკლე ფილმი მკვლელობაზე (A Short Film About Killing, 1988), 19:00 საათი

მოკლე ფილმი მკვლელობაზე, როგორც დეკალოგის, ასევე კიშლოვსკის მთელი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია (სამი ფერის ტრილოგიასთან და მოკლე ფილმი სიყვარულზე ერთად) სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა, თითოეული მათგანი მთავრდება სასტიკი მკვლელობით. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა კიშლოვსკისთვის გაპარტახებულ საზოგადოებაზე მსჯელობის საწინდარი ხდება. კიშლოვსკი ფილმით ისეთ თემებს განიხილავს, როგორიცაა სოციალური კლასი, სამართალი და პოლიტიკა, სიკვდილი და აჯანყება. ჟანინა ფალკოვსკა სტატიაში ყურადღებას ამახვილებს კლასობრივ საზოგადოებაში ქვედა კლასზე გატარებულ სისასტიკეზე, ხაზს უსვამს მათ “უიმედობას” და ცრუ იმედებს. ფალკოვსკა ასევე საუბრობს კანონზე, როგორც პერსონიფიცირებულ ერთეულზე, რომელსაც შეუძლია იყოს როგორც სამართლიანი, ასევე უსამართლო, პასუხისმგებელი სიცოცხლის გადარჩენასა და ხელყოფაზე.[5]

ფილმის პოლონური პრემიერა დაემთხვა პოლონეთში მწვავე დებატებს სიკვდილით დასჯის შესახებ. პოლონურ აუდიტორიას არ მოეწონა პარალელი, რომელიც მიანიშნებდა ინდივიდის მიერ ჩადენილ მკვლელობასა და სახელმწიფოს მიერ ჩადენილ მკვლელობას შორის. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა უმეტესობას მოეწონა ფილმი. ფილმი 1988 წლის Cahiers du Cinéma-ს ყოველწლიური “10 საუკეთესო ფილმის” გამოკითხვაში პირველ ადგილზე მოხვდა. გარდა ამისა, 1988 წელს კანის კინოფესტივალზე, მოიპოვა ჟიურის და FIPRESCI-ის პრიზი, ასევე ევროპული კინოს ჯილდო (European Film Award) საუკეთესო ფილმისთვის.

მოკლე ფილმი სიყვარულზე (A Short Film About Love, 1988), 21:00 საათი

მოკლე ფილმი სიყვარულზე დეკალოგის მეექვსე სერიის გრძელი ვერსიაა. ფილმი იყენებს კონვენციურ ნარატივს და მაყურებელს ემოციური ჩართულობისკენ უბიძგებს. სურათს დადებითად გამოეხმაურნენ კრიტიკოსები. კინოკრიტიკოსმა ჯეიმს ბლეიკ იუინგმა ფილმს დაუვიწყარი გამოცდილება უწოდა, ჯეიმს ბერარდინელმა კი შედევრი.

ტომეკისა და მაგდას სიყვარულის ისტორია მგრძნობელობითა და კომპლექსურობითაა გადმოცემული. ფილმში სიყვარულის საკითხს კიშლოვსკი ამ სიტყვებით იხსენებს: “ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ სამყაროს შეყვარებული ადამიანის თვალით და არა იმ ადამიანის, რომელიც შეიყვარეს. უპირველეს ყოვლისა, ფილმს ვუყურებთ ტომეკის თვალთახედვით, ბიჭის, რომელსაც უყვარს მაგდა, მაგრამ ქალის შესახებ არაფერი ვიცით. არის მომენტი, როცა მათ ერთად ვაკვირდებით და თვალთახედვა მთლიანად იცვლება. პერსპექტივის ცვლილება საინტერესო სტრუქტურული ჩარევაა. შეყვარებული ადამიანი უბრალო საგნად გვევლინება. სიყვარული რთულია როგორც ბიჭისთვის, ასევე შემდგომში ქალისთვისაც. ასე რომ, ყოველთვის ვუყურებთ ამ სიყვარულს იმ ადამიანის თვალით, რომელიც იტანჯება სიყვარულის გამო. და ეს სიყვარული ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეული სახის შეუძლებლობასთან.”[6] 

მოდერატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია.

მოკლე ფილმი სიყვარულზე (კშიშტოფ კიშლოვსკი, 1988)

22 მაისი, ხუთშაბათი:

კინომოყვარული (Camera Buff, 1979), 19:00 საათი

ქარხნის თანამშრომელი ფილიპ მოზი (ირჟი შტური) ყიდულობს 8 მილიმეტრიან კამერას, რათა გადაიღოს მისი ახალშობილი ქალიშვილი, მაგრამ მისი კომპანიის დირექტორი (შტეფან ჩიჟევსკი) ავალებს ქარხნის პროპაგანდისტული ფილმების გადაღებას. მოზი დაეუფლება კინოხელოვნებას, შეპყრობილი ხდება კინემატოგრაფით, აარსებს კინოკლუბს, აგზავნის მის ნამუშევრებს ადგილობრივ სამოყვარულო კინოფესტივალზე და აფორმებს კონტრაქტს ტელევიზიასთან. კიშლოვსკი გვიჩვენებს კონფლიქტს გმირის კარიერულ მისწრაფებებსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის, ხოლო მხატვრული ხედვა პოლიტიკითა და ცენზურით იზღუდება.

მოდერატორი: ნინი შველიძე.

კინომოყვარული (კშიშტოფ კიშლოვსკი, 1979)

25 მაისი, კვირა:

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები აერთიანებს სამ ფილმს, რომლებშიც ვხედავთ ინტერვიუებს ადამიანებთან, ბიუროკრატიულ სატირას და წინააღმდეგობრივ პორტრეტს, პოლონეთის ყოფის აღწერით და ზოგადად ადამიანურ გამოცდილებებზე, განცდებზე რეფლექსიით.

ოფისი (The Office, 1966), 16:00

ამ პატარა, 6 წუთიან ფილმში, ავტორი გვაჩვენებს ბიუროკრატიული მექანიზმის აბსურდულობას. პატარა ფანჯარასთან თავმოყრილი რიგით, გაწამებული ადამიანებით პენსიის მოლოდინში და ფურცლებით სავსე თაროებით. “რა გაგიკეთებია ცხოვრებაში?” — ეს კითხვა, ფილმის ვიზუალურ ენასთან ერთად ამხელს სისასტიკემდე მისულ გულგრილობას — სისტემის მხრიდან ადამიანის მიმართ. “კაფკა ოფისში” ასე მოიხსენიებს ფილმს იბ ბონდებერგი: “პოეტური და სატირული დოკუმენტური ფილმი, ვიზუალური, პოლიტიკური კომენტარი პოლონეთის რეალობაზე.”[7] შეგვიძლია დავამატოთ, რომ პოლონეთის მიღმაც, მსგავსი სცენა ყველგან შეიძლება გათამაშდეს და უნივერსალური კომენტარიცაა მჩაგვრელ ბიუროკრატიულ სისტემებზე.

ღამის პორტიეს თვალთახედვით (From a Night Porter’s Point of View, 1979)

ქარხნის დარაჯის პორტრეტი, რომელსაც ძალიან უყვარს კონტროლი და თავის მოსაზრებებს გვიზიარებს სხვადასხვა საკითხებზე. კიშლოვსკის თქმით, მას არ სურდა ამ ფილმის ტელევიზიით ჩვენება, რომ ზიანი არ მიეყენებინა მთავარი გმირისთვის. ის, დიდხანს ეძებდა ამვარ გმირს, წინააღმდეგობრივი მოსაზრებებით, მაგრამ არა ერთი ადამიანის, არამედ იმის გასაკრიტიკებლად, რასაც ის და მისი მოსაზრებები შეიძლება განასახიერებდეს — კონტროლის უკიდურესი ვნება, სისტემასთან შერწყმა იდენტობის დონეზე და სისასტიკემდე მისული ხედვა. “პორტიე არ იყო ცუდი კაცი. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. უბრალოდ ფიქრობდა, რომ ადამიანების საჯაროდ ჩამოხრჩობა კარგი აზრია და ყველა დანარჩენს შეეშინდება დანაშაულის ჩადენა.”[8] კიშლოვსკი ლირიკული მუსიკის ფონზე, გმირის ყოველდღიური რუტინის აღწერით და მისი შემზარავი აზრების გაჟღერებით, საინტერესო, წინააღმდეგობრივ სურათს ქმნის — როგორ იბადება უბრალო ადამიანის გონებაში მსგავსი შეხედულებები.

ღამის პორტიეს თვალთახედვით (კშიშტოფ კიშლოვსკი, 1979)

მოლაპარაკე თავები (Talking Heads, 1980)

სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უსვამენ სამ შეკითხვას: “როდის დაიბადე?” “ვინ ხარ?” “რა გსურს ყველაზე მეტად?” პატარა ბავშვიდან 100 წლის ადამიანამდე, განსხვავებული, გულწრფელი, ძალიან ადამიანური პასუხებით — მგრძნობიარე, კრიტიკულ, ამაღელვებელ სურათს ვიღებთ, აქცენტებით მარადიულ პრობლემებზე, თემებზე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე, თანაგრძნობის ძალაზე და ადამიანად ყოფნის ნიუანსებზე.

საერთო ჯამში, სამივე ფილმში ჩანს სოციალური რეალობა, რეალობის კრიტიკის მძაფრი ხაზი, რომელსაც ერთვის პოეტური ნიუანსები, ვიზუალური ენა და ადამიანური სატკივრის მგრძნობიარე აღქმა.

მოდერატორები: ლიკა გლურჯიძე, ალექსანდრე გაბელია.

შემთხვევა (Blind Chance, 1987), 17:00 საათი

სურათში წარმოდგენილია სამი სხვადასხვა ამბავი ერთ გმირზე ფოკუსირებით (ტომ ტიკვერის ფილმი, “გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი”, კიშლოვსკის ფილმითაა შთაგონებული). კიშლოვსკი საუბრობს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ერთმა უბრალო შემთხვევამ პიროვნების ცხოვრება და ადგილი. ფილმი იკვლევს პოლონეთის საზოგადოებაში პოლიტიკის ბინძურ მხარეებს, რის გამოც ხელისუფლების მხრიდან ცენზურა შეეხო და მოგვიანებით გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმის გმირი მედიცინის სტუდენტი, ვიტეკია, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ვარშავაში მატარებლით გამგზავრებას აპირებს. პირველ ვერსიაში, ის ადის მატარებელზე და პარტიის წევრი ხდება. მეორე ვერსიაში, აგვიანდება მატარებელზე და საბოლოოდ “სოლიდარობის” მოძრაობის წევრი ხდება. მესამე ვერსიაში, კვლავ აგვიანდება და საბოლოოდ უყვარდება მედიცინის სტუდენტი გოგო და რჩება აპოლიტიკური. თითოეული ვერსია პოლონეთის მდგომარეობასა და პოლიტიკურ გარემოებებს უსვამს ხაზს. როგორც კიშლოვსკი აღნიშნავს, ფილმი “იმ ძალებს აღწერს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ბედს და სხვადასხვა მოქმედებისკენ გვიბიძგებენ.”[9]

მოდერატორი: ალექსანდრე გაბელია.


[1] Danusia Stok (ed.), Kieslowski On Kieslowski, London, Faber and Faber Limited, 1993, p. 5 

[2] Stok, p. 32. 

[3] Stok, p. 54 

[4] შემთხვევითობის ძალა: ინტერვიუ კშიშტოფ კიშლოვსკისთან. მთარგმნელი ლიკა გლურჯიძე. წყარო: https://cinexpress.ge/2019/10/22/shemthkhvevithobis-dzala-interviu-kshishtoph-kishlovskisthan/

[5] Falkowska, J. (Winter 1995). “‘The Political’ in the Films of Andrzej Wajda and Krzysztof Kieslowski” in Cinema Journal. 34 (2), pp. 37-50.

[6] კშიშტოფ კიშლოვსკი – “მოკლე ფილმი სიყვარულზე”. მთარგმნელი: ალექსანდრე გაბელია. წყარო: https://cinexpress.ge/2024/03/11/shortfilaboutlove1/

[7] Ib Bondebjerg https://pov.imv.au.dk/Issue_13/section_3/artc2A.html

[8] Kieślowski on Kieślowski Faber and Faber, London, Boston, England, 1993, p 78.

[9] Stok, p. 113.

პოსტის ნახვები: 114
Related Topics
  • ალექსანდრე გაბელია
  • კიშლოვსკი
  • ლიკა გლურჯიძე
  • მოკლე ფილმი მკვლელობაზე
  • მოკლე ფილმი სიყვარულზე
  • ნინი შველიძე
CinExpress

წინა სტატია
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • მაისი 8, 2025
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • სიახლე

ჩეხოსლოვაკიური კინოს დღეები

  • CinExpress
  • მაისი 8, 2025
სტატიის ნახვა
  • სიახლე

“ფილმი, ფორმა და კულტურა” (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge)

  • CinExpress
  • სექტემბერი 8, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში

  • CinExpress
  • აგვისტო 21, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა

  • CinExpress
  • ივნისი 20, 2024
სტატიის ნახვა
  • სიახლე

FIPRESCI: Geogian Film Critics and Scholars Association

  • CinExpress
  • ნოემბერი 16, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შარუნას ბარტასის საგანმანათლებლო პროექტი: კინოს საფუძვლები (2023)

  • CinExpress
  • აგვისტო 28, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

სარკმელი ლიეტუვაში 23

  • CinExpress
  • მაისი 9, 2023
სტატიის ნახვა
  • სიახლე

შეხვედრის ადგილი ვილნიუსში – Meeting Point Vilnius (MPV) 2023

  • CinExpress
  • აპრილი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს