• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
  • ინდექსი
8K 1K 315
CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ჩამოცვენილი ფოთლები: საუბარი მსახიობ ალმა პოისტისთან
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ჩამოცვენილი ფოთლები: საუბარი მსახიობ ალმა პოისტისთან

  • ნოემბერი 17, 2026
  • ალექსანდრე გაბელია
Total
0
Shares
0
0
0

თარგმანიალექსანდრე გაბელია

დიდი ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის ფილმი ჩამოცვენილი ფოთლები (Kuolleet lehdet, 2023) მსოფლიო კინომოვლენად იქცა. ანსას როლის შემსრულებელი ალმა პოისტი იხსენებს იმ სურეალისტურ წამს, როდესაც რეჟისორმა როლი შესთავაზა, და საუბრობს მარტოობის უნივერსალურ განცდაზე, ადამიანურ თანადგომაზე, ხელოვანის უნარზე, ადამიანებს იმედი დაუბრუნოს, და იმაზე, თუ რა გვანიჭებს შინაგან სიმშვიდეს, როცა საკუთარ პრინციპებზე უარს არ ვამბობთ.

ფილმით ჩამოცვენილი ფოთლები მთელი მსოფლიო შემოიარეთ, ახლა კი კვლავ ფინეთში ხართ.

ალმა პოისტი: დიახ, მაგრამ ოთხშაბათს უკვე ტოკიოში მივფრინავ და იქ ერთ კვირაზე მეტ ხანს დავრჩები.

შთამბეჭდავი გეოგრაფიაა: ლოს-ანჯელესი, საფრანგეთი, მექსიკა, ნიუ-იორკი. გრჩებათ ხოლმე მოგზაურობისას საკუთარი თავისთვის დრო?

ალმა პოისტი: იაპონიაში კიდევ რამდენიმე დღით ვაპირებ დარჩენას — ამ ქვეყანაში ხომ ყოველდღე არ გეძლევა სტუმრობის შესაძლებლობა.

შთამაგონებელი პროცესის ნაწილი ხართ. მაყურებლამდე გამორჩეული ნამუშევარი მიგაქვთ.

ალმა პოისტი: ახლა ჩემი ამოცანაა, ჩუმად ვადევნო თვალი სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს და მის რეაქციებს დავაკვირდე. ფილმი თავის სათქმელს ამბობს და მასთან კავშირს ბევრი პოულობს.

აღფრთოვანებული დავრჩი ამ მოულოდნელი სიყვარულის ისტორიით, მისი მახვილგონივრული იუმორით, მდუმარე პაუზებითა და ოპერატორის დახვეწილი ნამუშევრით. ფილმის ყურება ნამდვილი ესთეტიკური სიამოვნება იყო.

ალმა პოისტი: ფილმის 81 წუთის განმავლობაში მაყურებელი აბსოლუტურად თბილ სივრცეში ხვდება.

რა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი ამ ამბავში და როგორი იყო ისეთ დიდოსტატთან მუშაობა, როგორიც აკი კაურისმიაკია?

ალმა პოისტი: ერთ დღეს ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ აკი კაურისმიაკის ჩემთან სადილზე შეხვედრა სურდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა. მის ფილმებს მთელი ცხოვრება ვუყურებ. ის ფინური კინოს გამორჩეული ავტორი, ნამდვილი ლეგენდა და ფანტასტიკური ფიგურაა. მან ექვსი წლის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ თავისი უკანასკნელი ფილმი უკვე გადაიღო, ამიტომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მასთან ვიმუშავებდი. სადილზე დამხვდნენ ის [კაურისმიაკი] და იუსი ვატანენი, ფილმში ჩემი პარტნიორი, რომელთანაც მანამდე ასევე არასდროს მითანამშრომლია. დავსხედით. თავიდან ყველანი ვმორცხვობდით, მაგრამ მალევე დავიწყეთ საუბარი ყველაფერზე, გარდა თავად ფილმისა. ვსაუბრობდით ტყეზე, პოლიტიკაზე, სოკოზე, სატაცურსა და ძაღლებზე. შეხვედრის მიწურულს მან თქვა, რომ ფილმის იდეა ჰქონდა, და გვკითხა, გვსურდა თუ არა პროექტში ჩართვა.

სცენარი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ წაგვაკითხა. ეს იყო საოცარი ტექსტი — ნამდვილი პოეზია […] მოკლე, მაგრამ ძალიან მკაფიო. მასში გენიალურად იყო აღწერილი ამ ადამიანების სამყარო, მათი შეხვედრები, სიმორცხვე და სიმარტოვე […] ამ ისტორიამ გული ამიჩუყა და ბევრიც მაცინა. ჩვენ კაურისმიაკის „მოკლე რეპლიკების დიდოსტატს“ ვეძახით […] ანსაზე სცენარში ყველაფერი ეწერა და არაფრის გამოგონება არ დამჭირვებია. მხოლოდ დეტალებში ჩაღრმავება იყო საჭირო.

როგორი აღმოჩნდა ანსას შინაგანი სამყაროს შეცნობის პროცესი? ჰგავდა ეს სხვა, ვრცელი დიალოგებით დატვირთულ პროექტებზე მუშაობას?

ალმა პოისტი: კაურისმიაკიმ გვითხრა, რომ რეპეტიციების გავლა არ სურდა, მაგრამ მაინც მჭირდებოდა მომზადება. საქმის ნამდვილი ფანატიკოსი ვარ და მომზადების პროცესი უზომოდ მიყვარს, ამიტომ მისი აბსოლუტურად ყველა ფილმი ხელახლა ვნახე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მისი ფილმების დიდი ჯაჭვის ერთი პატარა რგოლი ვიყავი, ჩემი პერსონაჟი კი, შესაძლოა, მისი სხვა ფილმის რომელიმე გმირის შორეული ნათესავი ყოფილიყო. ხშირად ვიყენებ სიტყვას „ჯაშუშობა“, რადგან რეჟისორებსაც ჩუმად ვუთვალთვალებ ხოლმე — მინდა მათ გონებაში, გულსა და სამყაროში შევაღწიო, რათა ისტორიები საუკეთესოდ გადმოვცე. ჩემი ჩვეული მიდგომა ასეთია და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა ყოფილა.

არ გინერვიულიათ იმის გამო, რომ რეპეტიციების დრო არ გქონდათ, თანაც ისეთ ავტორთან მუშაობისას, რომლის შემოქმედებითაც აღფრთოვანებული ხართ?

ალმა პოისტი: […] ეს მიდგომა, სიყვარულის მსგავსად, რისკს მოითხოვს. მოხდება სასწაული თუ ყველაფერი სრული კატასტროფით დასრულდება? (იცინის)

დაგეხმარათ თუ არა თეატრალური გამოცდილება ფილმზე მუშაობისას?

ალმა პოისტი: ჩემს როლებზე ყოველთვის ასე ვმუშაობ: თავიდან მე და ჩემი პერსონაჟი ნაცნობები ვართ. თუ მის ნდობას მოვიპოვებ, ის საკუთარ საიდუმლოებებს გამიმჟღავნებს. ყოველთვის უნდა შემეძლოს ჩემი გმირის გაგება და დაცვა. პერსონაჟის მიმართ პატივისცემა უნდა გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიშეებს შექმნი ან მის განსჯას დაიწყებ.

რეჟისორმა ისიც მითხრა, რომ ყველაფრის გადაღება თითო დუბლით სურდა, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე. ეს მიდგომა საოცრად ლამაზია — ის აფიქსირებს გულწრფელ და სუფთა წამებს, როდესაც რაღაც პირველად და უკანასკნელად ხდება. პირველი დღე საკმაოდ დამთრგუნველი იყო, თუმცა მერე ამ მეთოდს შევეჩვიე […] შეცდომის დაშვების უფლება მხოლოდ ჩვენ, მსახიობებს, არ გვაქვს. (იცინის)

რამდენ ხანს მიმდინარეობდა გადაღებები?

ალმა პოისტი: ფილმი დაახლოებით 20 დღეში გადავიღეთ, რაც სრულმეტრაჟიანი სურათისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ წარმოების პროცესს გაცილებით ეკონომიურს ხდის […] კაურისმიაკის არ უყვარს გადასაღებ მოედანზე ბევრი რესურსის ფლანგვა. ამასთანავე, მან მთელი ფილმი 35-მილიმეტრიან ფირზე გადაიღო.

ფილმში დრო თითქოს გაყინულია, მაგრამ მოქმედება ჩვენს ეპოქაში ხდება.

ალმა პოისტი: კაურისმიაკი ნამდვილ ზღაპრებს თხზავს და ერთმანეთში სხვადასხვა ეპოქას ურევს. კედლის კალენდარი 2024 წელს აჩვენებს […] კადრში მატარებლის ძველმოდურ ინტერიერს ვხედავთ, რომლის მიღმაც თანამედროვე სამყარო იშლება. აქ შეგიძლიათ დაივიწყოთ ლოგიკა, რომელიც, ვფიქრობ, ისედაც მოსაწყენი რამაა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რომანტიკული კომედიაა, მასში უამრავი გულისამაჩუყებელი დუმილის მომენტია. პერსონაჟები ისეთ მძიმე ემოციებსა და პრობლემებს ებრძვიან, როგორიცაა მარტოობა, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და უკრაინის ომი.

ალმა პოისტი: ეკრანზე წამით გამოჩენილ სახეებშიც იმდენი სიმარტოვე და სევდა იკითხება, თითქოს ყველანი ერთსა და იმავე ისტორიას აძლიერებდნენ. ეს გულისამაჩუყებელია. მჯერა, რომ რეჟისორმა ეს ადამიანები იპოვა და შემდეგ ჩვენი მეშვეობით გამოხატა. მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ შეგიძლია უბრალოდ ენდო რეჟისორს და თავად ამ მომენტს. უნდა იყო მამაცი და გულწრფელი, ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და კამერას შენი ნამდვილი სახე დაანახო.

მაყურებლის რომელი გამოხმაურება იყო თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

ალმა პოისტი: ის, რომ ფილმი ადამიანებს იმედს უბრუნებს. თუ ვინმესთვის იმედის ჩასახვას ახერხებ, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ხელოვანისთვის. ეს არ არის შაქარმოყრილი, ბანალური მელოდრამა. ეს უხეში და მძიმე რეალობაა […] მიუხედავად იმისა, რომ გმირები უმძიმეს გზას გადიან, ისინი მაინც პოულობენ ძალას, გამოიჩინონ სიმამაცე და თანამგზავრი იპოვონ. ფილმი ზრუნვისა და სიყვარულის სრულიად განსხვავებულ ფორმებს გვაჩვენებს — იქნება ეს კოლეგა, ძაღლი თუ საყვარელი ადამიანი. გმირების ერთგულება ნამდვილად შთამაგონებელია და ამიტომაც აღწევს ადამიანების გულებამდე.

მარტოობა ყველა კულტურაში სხვადასხვაგვარად ვლინდება, თუმცა ის ტკივილი, რომელსაც ამ დროს განვიცდით, ყველგან ერთნაირია. იუმორი ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ყოველდღიურობის გადატანაში გვეხმარება […] თავიდან ორივე გმირს სიყვარულზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული და არაფრის მოლოდინი აღარ ჰქონდა, მაგრამ როდესაც რისკზე წავიდნენ, ერთმანეთი შეუყვარდათ.

მიყვარს, როცა ფილმის ნახვის შემდეგ კინოთეატრიდან სიმსუბუქის განცდით გამოვდივარ.

ალმა პოისტი: რადიოდან მუდმივად ისმის ომის ქრონიკა, რომელიც ფონად გასდევს ფილმს და გვახსენებს, თუ რამდენად მყიფეა სიცოცხლე: სწორედ ამ წამით ვცოცხლობთ და ხვალინდელი დღე შეიძლება არც გათენდეს. ასე რომ, „რას აპირებ დღეს? როგორ აპირებ ამ შიშის დაძლევას?“

გილოცავთ კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მოპოვებას. ალბათ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც შენს ნამუშევარს ასეთ დიდ სცენაზე აღიარებენ. ეს ყველაფერი სურეალისტურად ხომ არ გეჩვენებათ?

ალმა პოისტი: დიახ, სურეალისტურია. ეს შეგრძნება იმ პირველივე სატელეფონო ზარიდან მოყოლებული არ მცილდება. ხშირად მიფიქრია: „ამას ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი“. იმ ზარმა შოკში ჩამაგდო, ახლა კი ვმოგზაურობთ და ფილმსა და მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ. ეს სურათი ცოცხალ დიალოგს ბადებს იმაზე, თუ რას გრძნობენ ადამიანები და როგორ პოულობენ საერთო ენას.

სამსახიობო სფეროში მოღვაწე ოჯახში გაიზარდეთ. მსახიობობა თქვენი ბედისწერა იყო?

ალმა პოისტი: მსახიობობის სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა შემეძლო მეხანძრე ან ექთანიც გავმხდარიყავი. არჩევანში თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ჩემი ფარული ოცნება დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ სამყაროს ნაწილად ყოფნა იყო. თეატრში გავიზარდე და ვფიქრობდი, რომ ეს საოცრად ჯადოსნური ადგილი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, არ ვიცოდი, მეყოფოდა თუ არა საამისოდ ნიჭი ან სიმამაცე. გარკვეულ მომენტში გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და აღმომაჩნდა კიდეც გამბედაობა, ეს გზა ამერჩია. 19 წლის ასაკში გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის ერთი წელი მიმეცა, რადგან ეს ცხოვრებისეული არჩევანია. მსახიობებს იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ ვიცოდი: აქ საქმის ნახევრად კეთებას აზრი არ ჰქონდა. ეს იყო პრინციპი: „ან ბოლომდე დაიხარჯები, ან საერთოდ არა“. გამიმართლა, რომ კინოსამყაროში თავი დავიმკვიდრე.

როგორ პროექტებზე მუშაობა გხიბლავთ?

ალმა პოისტი: მიყვარს, როცა სამუშაო პროცესი მაოცებს და კომფორტის ზონიდან გამოვყავარ […] ამავდროულად, უზომოდ მიზიდავს სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში მუშაობა […] ყველაფერი ყოველთვის სცენარიდან და იმ ადამიანიდან იწყება, ვინც პროექტზე მუშაობს […] სცენარმა ერთგვარი ბიძგი უნდა მომცეს და აუცილებლად შინაარსიანი უნდა იყოს. სხვაგვარად საქმეს უბრალოდ ხელს ვერ მოვკიდებ.

ეს სავსებით გასაგებია.

ალმა პოისტი: ამ საქმის კეთებას მთელი გული, სული და დრო უნდა მიუძღვნა. საკუთარ თავთან მართალი და ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი, პრინციპებზე უარი რომ მეთქვა.

ფინეთის ერთ-ერთ არქიპელაგზე საფუტკრე გაქვთ.

ალმა პოისტი: ეს გატაცებაა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში პანდემიამ შემოიტანა. ხუთი წლის ვიყავი, ბზიკების ბუდეში შემთხვევით ფეხი რომ ჩავდგი, და მას შემდეგ მწერების ბზუილიც კი მზარავდა. თუმცა შიშებთან შეგუება არ მჩვევია, ამიტომ თავიდან ბაზიკებს ვშველოდი, მერე უფრო დიდ მწერებზე გადავედი და ბოლოს მეფუტკრეობამ გამიტაცა. პანდემიის პერიოდში, როცა თეატრები დაიკეტა, საკმარისი დრო გამიჩნდა სპეციალური კურსის გასავლელად […]

კიდევ რა ასაზრდოებს თქვენს შემოქმედებით მუშაობას?

ალმა პოისტი: ბევრ დროს ვატარებ გარეთ — ტყეში ან ზღვაზე — ან ბაღს ვუვლი.


წყარო: Alison Engstrom, “In Conversation with Alma Pöysti on Her Film Fallen Leaves,” Rose & Ivy, November 21, 2023, https://www.roseandivyjournal.com/stories/2023/11/21/in-conversation-with-alma-poysti-on-her-film-fallen-leaves.

პოსტის ნახვები: 0
Related Topics
  • აკი კაურისმიაკი
  • ალექსანდრე გაბელია
  • ალმა პოისტი
  • ჩამოცვენილი ფოთლები
ალექსანდრე გაბელია

წინა სტატია
  • ესსე

სევდაში დაბადებული და იმედგაცრუებით შემოსილი: აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლები“

  • ნოემბერი 15, 2026
  • ალექსანდრე გაბელია
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ჩარლი ჩაპლინი: პასუხი კრიტიკოსებს

  • ნინი შველიძე
  • ნოემბერი 5, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: მხიარული მეცნიერება

  • ნინი შველიძე
  • ოქტომბერი 1, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 25, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 16, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ისტორია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა: საუბარი ანჯეი ვაიდასთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივლისი 3, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ანჯეი ვაიდა: “ფერფლი და ალმასი”

  • ლიკა გლურჯიძე
  • ივნისი 10, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 30, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ცენზურის ორი სახე

  • ნინი შველიძე
  • მაისი 29, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს