თარგმნა ალექსანდრე გაბელიამ
შესავალი (High Times)
High Times-ის 1983 წლის აგვისტოს ნომრიდან მაიკ ვილმინგტონი პატივს მიაგებდა კინოფესტივალების საყვარელ რეჟისორს, რაინერ ვერნერ ფასბინდერს (1945-1982). გენიალურ რეჟისორს, რომელიც 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ბარბიტურატის/კოკაინის ზედოზირებით. რაინერ ვერნერ ფასბინდერის დაბადების დღის საპატივცემულოდ, 31 მაისს, ჩვენ ხელახლა ვაქვეყნებთ ვილმინგტონის ინტერვიუს ფასბინდერის თანამშრომელ დიტერ შიდორთან.
რაინერ ვერნერ ფასბინდერი პოსტ-ჰიტლერის ეპოქის მთავარი გერმანელი კინორეჟისორი იყო. ის იყო საუკეთესო პროდუქტიულობის (43 ფილმი ათ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში), მასშტაბურობისა და საკუთარ თაობაზე ზეგავლენის თვალსაზრისით – როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა 70-იანი წლების „ახალი გერმანული კინოს“ აღორძინება, ხოლო მსოფლიო პრესტიჟით მის თანამედროვეთა შორის მხოლოდ ვერნერ ჰერცოგი (ფიცკარალდო; აგირე) თუ გაეჯიბრება.
ისეთი ფილმებით როგორიც არის – წლის ოთხი დროის ვაჭარი, მარია ბრაუნის ქორწინება, ლილი მარლენი და ლოლა, რაინერ ვერნერ ფასბინდერი თვითმყოფად, სავსე, სიგიჟემდე ნაყოფიერ სამყაროში მიგვიძღვება: ბნელი ქალაქის ქუჩების სამყაროში; უხეში ინტერიერი ზედმეტად მდიდრული ორანჟერიის გლამურით ლპება; საშუალო კლასის ექსცენტრიულობა და სიგიჟე; სადაც ეროტიკული, რომანტიკული იმედგაცრუება იმდენად ძლიერია რომ თითქოს ტალღად სცემს მაყურებელს. მის ფილმებში არის რაღაც სრულიად დამთრგუნველი – თანაბრად ახასიათებთ განზიდვა და მოხიბვლა. საერთო ჯამში, ფილმები წარმოადგენენ მე-20 საუკუნის გერმანიის საზოგადოების სრულ და ხშირად დამღუპველ პორტრეტს – მის სოციალურ რეალობას და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანსაც კი – მის კულტურულ საძირკველს, ოცნებებსა და კოშმარებს.
როდესაც ველაპარაკე დიტერ შიდორს – მაცდური ბიჭის იერსახის მქონე მსახიობს და ყოფილ აკადემიკოსს, რომელიც რაინერ ვერნერ ფასბინდერის ბოლო ფილმის (ქერელი – ჟან ჟენეს რომანის მოტივებზე) პროდიუსერი იყო და გადაიღო ბაბილონის ჯადოქარი (დოკუმენტური ფილმი ქერელის გადაღების შესახებ) – დევნილი ხელოვანის ინტიმური პორტრეტის გაელვებას ველოდი.
არ ველოდი იმ სურათს, რაც საბოლოოდ მივიღე: ადამიანის შემზარავ პორტრეტს, რომელიც მრავალი თვალსაზრისით იყო თვითდესტრუქციული, სასტიკი და ამაზრზენიც კი. ადამიანის, რომელიც უმოწყალოდ ტანჯავდა თავის მეგობრებსა და თანამშრომლებს; რომელმაც ზოგიერთი მათგანი (როგორც მსახიობი ჰანა შიგულა) ფაქტობრივად ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა; ვინც სრული ცინიზმითა და ეშმაკობით მანიპულირებდა სისტემაზე თავისი ფილმების დასაფინანსებლად; რომლის მადა სექსის, ნარკოტიკების, ემოციური ძალადობის ან გარყვნილებისადმი უზარმაზარი და უკონტროლო იყო; და ვისი პირადი ცხოვრებაც პათეტიკური და ამაზრზენი გახლდათ (მისმა ორმა ჰომოსექსუალმა შეყვარებულმა თავი მოიკლა).
შიდორი, მკაფიო და უაღრესად ინტელექტუალი მთხობელი, რომელსაც აშკარად უყვარდა რაინერ ვერნერ ფასბინდერი, მთელი ინტერვიუს განმავლობაში უკან იხევდა და აპროტესტებდა, რომ მე მას საშინელებათა კატალოგის გამოფენას „ვაიძულებდი“; მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, მცირე გაღიზიანებით, ის ყვებოდა ახალ სისასტიკეს, ხსნიდა ახალ ჩირქოვან ჭრილობებს.
ფასბინდერის მეგობრებმა და თანამოაზრეებმა შეიძლება ვალდებულება იგრძნონ, რომ მის ძეგლს ფარდები ჩამოხსნან. და ისინი ამას აკეთებენ არა შურისძიების ან ანგარიშსწორების მიზნით, არამედ, რაღაც უცნაური გზით, ამ ძლიერი, მერყევი, „მონსტრის” – მაგრამ ძალიან ადამიანური ფიგურის – გასაცოცხლებლად.
შიდორი იყო უშუალო, პატიოსანი და მჭევრმეტყველი მოსაუბრე, რომელზეც ნებისმიერი ინტერვიუერი იოცნებებდა; მისი შენიშვნები და ისტორიები თავისთავად საუბრობენ. წარმოგვიჩენენ ფასბინდერს, ვფიქრობ, ისეთად, როგორიც სინამდვილეში იყო: დიდი ხელოვანი და საცოდავი, ამორალური ადამიანი. ისინი აჩვენებენ ადამიანს, რომელიც ზოგჯერ ერთდროულად შეიძლება ყოფილიყო მოძალადე და ნაზი, რევოლუციონერი და ბურჟუა, ვნებიანი და მეშჩანი, მანკიერი და ჰუმანური, იდეალისტი და კორუმპირებული; ხელოვანი, რომელიც რიხარდ ვაგნერის მსგავსად, მისი თანამემამულეების სულს აშიშვლებს საკუთრივ ხელოვნებაში ასახვით, მათი უხეში და ლამაზი ცხოვრების, იდეალიზმისა და თავად გერმანიის საშინელების გამოსახვით.
და თავისებურად, ზოგჯერ ეს შოკისმომგვრელი გამოცხადებები, მის ფილმთან ერთად (რომელმაც ქერელში თავის მწვერვალს მიაღწია) შეიძლება ფასბინდერის უკვდავყოფას ემსახურება, რომელსაც, როგორც შიდორი ცხადყოფს, სურდა და დაჟინებით მოითხოვა, ამ ჭეშმარიტების გაცხადებას.
მთარგმნელის შენიშვნა
დიტორ შიდორი ფასბინდერის კინოსა და პირად ცხოვრებაზე საკუთარი პერსპექტივიდან გვიამბობს. მრავალ ამბავთან ერთად, იხსენებს იმ მოვლენებს, რომელიც „რომანტიკოსი ანარქო-კუმუნისტის“ ცხოვრებაში ნამდვილად მოხდა. მაგალითად, მისმა ორმა ყოფილმა საყვარელმა თავი მოიკლა, ხოლო ფასბინდერმა ამ ტრაგიკულ მოვლენებზე ფილმები გადაიღო. ერთი ასეთი ფილმია ცამეტი მთვარის წელს,[1] რომელიც არმინ მაიერს ეძღვნება და მოგვითხრობს „ადამიანის უკანასკნელ ხუთ დღეზე დედამიწაზე”, მის თვითკვლელობაზე, რაც მარტო დარჩენით გამოწვეულ პიროვნულ იზოლაციასა და სასოწარკვეთილებაზე პასუხი იყო.
დიტერ შიდორის საუბარი იმასაც ააშკარავებს, რომ ის არა მხოლოდ შეყვარებულია ფასბინდერზე, არამედ შეპყრობილია მისით. შეპყრობილი ადამიანების თითოეული ნაამბობი კი, არ უნდა აღვიქვათ უტყუარ ფაქტად, იმიტომ, რომ შეპყრობილი ადამიანი არასდროს არის ბოლომდე რაციონალური, რადგან მის დაკვირვებასა და ნაამბობში ყოვეთვის ემოციური თვალთახედვა ჭარბობს.
მიუხედავად ყველაფრისა, აღნიშნული ინტერვიუ, რამდენადაც გადაჭარბებულად შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, “შეშლილი გენიოსის” ცხოვრებისეულ გარემობებს ახილვადებს; მის დამოკიდებულებას კინოსა და სოციალური ურთიერთობების მიმართ; ნარკოტიკებისა და სექსის; სიყვარულისა და უტოპიის; უტოპიის, რომელსაც პოლიტიკური საფუძვლები აქვს („ყველაფერი პირადი, პოლიტიკურია”) და მის გმირებს ალტერნატიული რეალობის დანახვასა და არსებული მანკიერი წრეებიდან (ისევე, როგორც ემოციური უთანასწორობიდან თუ მუდმივი ექსპლუატაციიდან) გაქცევის გზების აღმოჩენაში ეხმარება.
შიდორი გვიყვება „მუზასა და მონსტრზე“, ვისაც მუდმივი სასოწარკვეთილებისა და წნეხის მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდა უტოპიური იდეის. ხოლო მისი ოპტიმიზმი (ან ის, რასაც „რომანტიკულ ანარქიზმს” უწოდებდა), მიმართული იყო იმ რეალობის მხილებაზე, რომელიც ხელს უშლიდა უტოპიის იდეის განხორციელებას. იდეის, რომელიც ადამიანების გონებაში იბადება და მთავარია მათვე არ მოკლავ იმგვარად, როგორც მის უკანასკნელ ფილმში –ქერელი – ხდება („ყველა ადამიანი კლავს მას, ვინც უყვარს; ზოგი ამას ზღვა ცრემლებით აკეთებს, ზოგი კი დატირების გარეშე“ – ოსკარ უაილდი).
რაინერ ვერნერ ფასბინდერი – სექსი, ნარკოტიკები, სადიზმი და მსოფლიო სევდა
High Times: როდის შეხვდით ფასბინდერს პირველად?
დიტერ შიდორი: მე ის 1969 წელს გავიცანი. მას უკვე გადაღებული ჰქონდა პირველი ორი ფილმი: კატცელმახერი და სიყვარული სიკვდილზე ცივია. შემდეგ მის რამდენიმე ფილმში ვითამაშე. მოგვიანებით, 1975 წელს, ჩვენ ვიჩხუბეთ; ერთმანეთს რამდენიმე წელი აღარ ველაპარაკებოდით.
High Times: ეს ხელოვნებასთან დაკავშირებული ჩხუბი იყო?
შიდორი: არა, ბევრი მიზეზი იყო… პირადი ბრძოლა. ჩვენ გადავიღეთ ფილმი ეშმაკის სამზარეულო, რის შემდეგაც გადაღებაზე ვეღარ დავბრუნდი. შემდეგ (ფაქტობრივად ქერელის მეშვეობით) განვაახლეთ საუბარი. ქერელზე მუშაობის პროცესში ძალიან დავახლოვდით.
High Times: როგორი იყო ის?
შიდორი: ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ვეცდები ჩემი გადმოსახედიდან გიამბოთ. ეს არის შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ და ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად კონკრეტული, რადგან ჩემთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ ან შევხვდები. თქვენ ალბათ იცით, რომ ის ადამიანების მიმართ შეიძლება ყოფილიყო ძალიან ცინიკური, ბოროტი და უსამართლო.
ყველაფერს, რასაც აკეთებდა, აკეთებდა უზომოდ. უზომოდ ბევრს ეწეოდა და სვამდა; უზომოდ იღებდა ნარკოტიკებს; უზომოდ იღებდა საძილე აბებს; და უზომოდ ჭამდა. ერთი წუთით უარყოფით მხარეებზე რომ შევჩერდეთ, მან ხალხი გაანადგურა. მან ეს ნამდვილად გააკეთა. არ ვამბობ იმას რომ დამნაშავე იყო ერთი შეყვარებულის თვითმკვლელობაში და მეორის ჩამოხრჩობაში, მაგრამ ის თავს დამნაშავედ გრძნობდა და ეს, რა თქმა უნდა, როგორც იცით, მასთან იყო დაკავშირებული; მის გარშემო ხალხი სრულად იცვლებოდა. ისინი მან სრულიად დაატყვევა.
მეც დამატყვევა. მას ისეთი რაღაცის გაკეთების ნებას რთავდი, რის უფლებასაც სხვას არ მისცემდი. და ხალხი კითხულობდა: „რატომ აძლევ მას ამის უფლებას?” პასუხი არასოდეს მქონდა; ადამიანები, რომლებიც მასთან ძალიან ახლოს არ იყვნენ, ამას ვერასდროს გაიგებდნენ. მას თავიდან ჰყავდა გოგოები, მსახიობები, რომლებიც ქუჩაში მისთვის მეძავებად გამოდიოდნენ.
High Times: თეატრალური ჯგუფის შენარჩუნებისთვის?
შიდორი: დიახ, ფულის მისაღებად, რადგან მას უყვარდა კონიაკი და შამპანიური. ცნობილი ამბავია და საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ მას ჰქონდა ბინა, სადაც ცხოვრობდა თავის ორ მსახიობ ქალთან ერთად, საიდანაც ისინი მევახშეებთან, თურქებთან და ბერძნებთან საჟიმაოდ გაგზავნა, რომ ოცი-ოცდაათი მარკა აეღოთ თითოეული მათგანისგან და ფული მისთვის მიეტანათ.
ამავდროულად – და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია – მასთან საღამოს გატარებისას მიღებული სიამოვნება ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ყველა დამცირება, რაც მისგან შეიძლება მიგეღო.
არსებობდა ჰიპნოზური ძალა, რომელმაც ის შენთვის არამხოლოდ შემოქმედების მეტრად აქცია, ამასთანავე – მიუხედავად მისი სრული ამორალურობისა – იყო მომენტები, როდესაც ისეთი სინაზით გამოირჩეოდა, იფიქრებდით, რომ ის იქნებოდა ერთადერთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში (დედაზე მეტად), რომელიც გაგიგებდათ და რომელსაც სრულად ენდობოდით. მაგრამ ორი კვირის შემდეგ, ამ ყველაფრით ისარგებლებდა.
High Times: ეს გატაცება მისი პიროვნების ძალას უკავშირდებოდა?
შიდორი: უჰ-ჰჰ. მისი პიროვნების სიმტკიცე იქამდე არსებობდა, სანამ ის რეჟისორი გახდებოდა. მას ეს სიმტკიცე თხუთმეტი წლის ასაკიდან ექნებოდა.
High Times: მიუნხენის ავანგარდულ თეატრალურ დასზე რას გვეტყვით, სადაც დაიწყო მან მუშაობა?
შიდორი: იმ დროს მიუნხენში არაფერი ხდებოდა. მედია მათთან მივიდა და ხალხმა მათზე დაიწყო წერა. ფასბინდერმა თავისი პირველი როლი, როგორც მსახიობმა, აქ მიიღო. ისწავლა მისი სტრიქონები და შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა.
როდესაც სცენაზე იყო და მიხვდა, რომ ტექსტს ვეღარ ამბობდა, ყვირილი დაიწყო; მან ყველაფერი შეცვალა და ეს თხუთმეტწუთიანი სიტყვა, მხოლოდ ყვირილით წარმოთქვა… მას შეეძლო სწრაფი რეაგირება. ხოლო თეატრალური ჯგუფის – ანტი-თეატრის გავლენა მედიაზე პირველი ფილმის გადასაღები ფულის შოვნაში დაეხმარა.
ნახეთ, რა დაემართა მას: როდესაც გადაიღო პირველი ფილმი სიყვარული სიკვდილზე ცივია, რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე მოხვდა, ის გააცამტვერეს, კრიტიკოსებმა შეიძულეს; ხალხმა ღრიანცელი დაიწყო. ფასბინდერს ეს არ აინტერესებდა. მას არც ღრიანცელი აინტერესებდა და არც ის ადამიანი, ვინც მასთან მივიდა და უთხრა, რომ ფილმი მოეწონა. იცოდა, რომ სწორი გზით მუშაობდა.
იგრძნო, რომ იმდროინდელ გერმანულ კულტურაში ცარიელი სივრცე იყო, სადაც ფეხების შემოლაგება შეეძლო. და მან მიიღო ფული სუბსიდიებიდან; სახელმწიფო ფული, სახელმწიფო გრანტები. ის ძალიან კარგად იყენებდა მთელ სისტემას მის სასიკეთოდ.
შეგვიძლია იმის თქმა, რომ ინდუსტრია არ არსებობდა; გერმანული კინო, მის გამოჩენამდე, ნამდვილად არ არსებობდა.
High Times: იყო თუ არა მისი წარმატება ბიძგის მიმცემი ისეთი ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ვენდერსი და ჰერცოგი?
შიდორი: დიახ – და მათ ეს იციან. ის ყოველთვის, სიკვდილამდე, იყო ადამიანი, რომელმაც იდაყვები ასწია და წავიდა, როგორც ბულდოზერი; მან ამ სივრცის კარი ყველა დანარჩენისთვის გააღო. მაგალითად, როდესაც ის მესამე თაობას ასრულებდა, უკვე ძალიან გამორჩეული, ცნობილი კინორეჟისორი იყო და, ფილმის თემის – ტერორიზმის გამო, მას არცერთი სახელმწიფო დაწესებულებისგან მიუღია ფული…
მსახიობები უკვე ბერლინში იყვნენ. გადაღებები ორი დღის დაწყებული ჰქონდა, როცა მიხვდა, რომ ფული არ იყო, შეკრიბა მსახიობები და უთხრა: „ასეთი სიტუაციაა. ახლა შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. მაგრამ თუ დარჩებით, ხელფასს ვერ მიიღებთ“. და შემდეგ ზოგიერთმა თქვა – დიახ, ზოგიერთმა – არა. და მან გადაიღო ფილმი. ხალხი გაგზავნა ფულის შესაგროვებლად – ორმოცდაათი მარკა აქ, ასი მარკა იქ – და გადაიღო ფილმი, კრედიტები და დაასრულა. არ დაელოდა ფილმის სრულ დაფინანსებას – უბრალოდ სვლა განაგრძო.
High Times: როგორი იყო მისი გადაღებების განრიგი?
შიდორი: პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები – ცხრა დღე. თითქმის არცერთი ადრინდელი ფილმის გადაღებას არ დასჭირვებია ორ-სამ კვირაზე მეტი.
High Times: როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს?
შიდორი: მას ჯგუფში დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ხალხი ჰყავდა. ასე რომ დროს ზოგავდა.
High Times: როდესაც მან მუშაობა დაიწყო, გადასაღებ ჯგუფში ყველა ახალბედა იყო?
შიდორი: დიახ, ყველა ახალბედა იყო და არავინ არაფერი იცოდა. მას შეეშინდა, რადგან თავადაც არაფერი იცოდა. და მხოლოდ ბერლინი ალექსანდერპლაცის შემდეგ თქვა, რომ ბევრი რამ ისწავლა. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ მუშაობდა ასეთი ტემპით.
High Times: როგორი იყო მისი კინოჯგუფის დინამიკა? რაიმე სახის ერთგულების დანერგვა მოახერხა ჯგუფში?
შიდორი: არა, ის ტირანი იყო. გამუდმებით ხლართავდა ხალხს შორის ინტრიგებს. ყოველთვის გონების თამაშებში იყო. ურთიერთობები თუ განვითარდებოდა, ის მათ დაანგრევდა, ან ახალს დაიწყებდა. მოგეხსენებათ, ის იყო მუდმივი ენერგიის წყარო. ხალხი დამცირებულად გრძნობდა თავს. ის ვიღაცას გამოარჩევდა.
High Times: მისი ბევრს ეშინოდა?
შიდორი: დიახ. ის მათ პირად ცხოვრებაში ბოლომდე ერეოდა.
ასევე იყო მსახიობთა ჯგუფი, რომელიც მასთან პირადად ძალიან ახლოს იყო. მისი „უცვლელი დასი”: ჰანა შიგულა, გიუნტერ კაუფმანი, კურტ რააბი, ჰარი ბაერი.
ჰანას უნდა ეთამაშა ფილმში – ლოლა. ლილი მარლენის გადაღების ბოლო დღეს წვეულებაზე იყო – ლოლასთვის სიმღერების ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა. ფასბინდერმა უთხრა რომ ლოლას აღარ ითამაშებდა, რის შემდეგაც ნერვული აშლილობა დაეწყო… მას ის მართლა დაშორდა.
High Times: ის მისი ყველაზე დიდი ვარსკვლავია! არ უფიქრია რომ ამ გზით ამცირებდა?
შიდორი: არა. ლილი მარლენის გადაღების შემდეგ, მისი ფანტაზია ქალისადმი ცოტა ამოიწურა. მას დაშორება სურდა. ეს მოხდა ეფი ბრესტის შემდეგაც. მან ის გაუშვა. უთხრა: „მე ვეღარ ვხედავ შენს სახეს”. ეფი ბრესტის შემდეგ, რაც მასთან ერთად კვლავ გადაიღო – მარია ბრაუნის ქორწინება იყო. ამ დრომდე საშინლად ექცეოდა: არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და არასდროს ურეკავდა.
High Times: თქვენ ასახავთ ძალიან სასტიკ ინდივიდს. ამ ყველაფერს პროექტის სასიკეთოდ აკეთებდა?
შიდორი: არ მგონია მისი ქმედებები რაიმე ანალიზს დაექვემდებაროს. მას უყვარდა ეს თამაშები და ინტრიგები. ის ძალიან ბავშვური და ამავდროულად სასტიკი იყო. მაგრამ შემდგომ, ყველა ამ ადამიანს, რომელთა მიმართაც ასეთ სისასტიკეს იჩენდა და ამცირებდა – მაინც უყვარდათ იგი.
High Times: მისი გაზრდილები იყვნენ?
შიდორი: კი, ისინი მან გაზარდა. ნამდვილად გაზარდა. ვიტყოდი, რომ მეგობრებზე მეტი ვიყავით; ვიტყოდი, რომ ის მიყვარდა; რაც ძირითადად მისი გარდაცვალების შემდეგ გავიაზრე, რადგან ახლა ვგრძნობ დანაკლისს. ვიცი, რომ აღარასდროს შევხვდები ისეთ ვინმეს, ვინც ჩემს გონებაში იმგვარ გადატრიალებას მოახდენს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
ვხვდები რომ არ ვარ ძალიან მკაფიო. ძალიან რთულია მასზე საუბარი. რადგან მის უარყოფით მხარეზე გიამბეთ, თქვენ შეგიძლიათ მისგან პერსონაჟი შექმნათ და თქვათ: „ოჰ, ის საშინელი იყო.”
იყო დიდი ცინიზმი და საშიში თამაში. ეს ყველაფერი მართალია და ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა. და მინახავს თუ როგორ აკეთებდა ისეთ რამეებს, რაც სრულად დაუჯერებელი შეიძლება იყოს – მაგალითად ადამიანების ცემა; ქერელის მონტაჟის დროს – ერთხელ სამონტაჟოში შევიდა, რადგან ქალმა მას შენიშვნა მისცა; და ფასბინდერმა მას თავის ტყავის ქურთუკი დაარტყა, რის გამოც სახეზე დიდი ჭრილობა ჰქონდა.
ოთხი კვირა არ ლაპარაკობდნენ, რის შემდეგაც გამოჩნდა და ქალს დიდი საჩუქრები მოუტანა. შეიძლება გეჩხუბა მასთან, შემდეგ შუაღამისას მოულოდნელად დაერეკა, ძალიან ტკბილი და ნაზი მანერით ეთქვა -„შეიძლება გავისერნოთ?“, რის გამოც ყველაფერს აპატიებდი.
High Times: ის იყო ადამიანი, ვისთვისაც ყველაფერი ნებადართული იყო.
შიდორი: ყველაფერი. ის სრულიად თავისუფალი იყო.
High Times: ეს ხომ უჩვეულოა გერმანული საზოგადოებისთვის?
შიდორი: ეს ძალიან უჩვეულოა. ბევრ ადამიანს სძულდა, განსაკუთრებით გერმანიაში… მედიაში ყოველთვის უყვარდათ. მან თავისი ადგილი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა. მაგრამ საზოგადოება – თავისი სატელევიზიო ნამუშევრებით, ძალიან გააღიზიანა. მისი გარეგნობაც ვახსენოთ: გაუპარსავი, ტყავის ქურთუკსა და დახეულ ჯინსებში, ნამდვილად უჩვეულოდ გამოიყურებოდა. შეეძლო დამჯდარიყო პრესკონფერენციაზე და უარი ეთქვა თავაზიანობაზე. არასოდეს ყოფილა თავაზიანი. ჭუჭყიანი სამოსით ეს ძალიან რთული იქნებოდა; ეს იყო ყალბი ფასადი. იცოდა რომ ასე ზეგავლენას ახდენდა.
High Times: გემოვნებისა და ინტერესების უსაზღვრო მრავალმხრივობა მისი ფილმების განუყოფელი ნაწილია.
შიდორი: უამრავი რამის შთანთქმა, მათში სრული ჩაძირვის გარეშე, შეეძლო. მაგალითად, არ იცოდა ბევრი რამ მესამე რაიხის შესახებ, მაგრამ თუ არსებობდა გარკვეული ასპექტი, რომელიც აინტერესებდა და რის ცოდნაც სურდა, ძალიან სწრაფად აითვისებდა.
ვერ ვიტყვი რომ ბევრს კითხულობდა. ის კითხულობდა იმ წიგნებს, რომლის წაკითხვაც ნამდვილად სურდა. ალფრედ დობლინი, გერმანელი ფილოსოფოსი – ის ჩვენი ერთ-ერთი კლასიკოსია. ქერელი მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო. და შოპენჰაუერი.
ასე რომ, მის საძინებელში, პორნო ჟურნალებთან ერთად, შოპენჰაუერის შესახებ ყველაფერს აღმოაჩენდით.
High Times: ასევე ჰქონდა ნამდვილი ნიჭი კინემატოგრაფიული იმიტირების.
შიდორი: რამდენიმე რეჟისორის ყველა ფილმი ჰქონდა ნანახი. ერთ-ერთი დაგლას სირკი იყო. მის გავლენას განსაკუთრებით ფასბინდერის ფილმებში ლოლა და შიში ჭამს სულს დაინახავთ. შემდეგ იყო მაიკლ კერტისის ფილმები – ფასბინდერი კერტისტზე წიგნის დაწერას აპირებდა.
High Times: როგორ მუშაობდა მსახიობებთან?
შიდორი: ის არასოდეს გეტყოდა: „კარგი იყავი“. ხოლო თუ რამე არ მოეწონებოდა, იტყოდა: „კარგი, ახლიდან უნდა გააკეთო”.
მსახიობს აგრძნობინებდა, თუ როგორი სათუთი იყო; არ დაივიწყო, რომ გადაღების დროს წარმოუდგენელი სინაზის ატმოსფეროს ქმნიდა. ან, თუ ფიქრობდა, რომ ეს არ ჭრიდა, მას შეეძლო შეექმნა სრულად საზარელი ატმოსფერო – სიტყვებითა და ცინიზმით დასჯა, მსახიობის შერცხვენა, რათა მისთვის სასურველი სამსახიობი შესრულება მიეღო.
High Times: ფასბინდერმა ფინანსური წარმატება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოიპოვა.
შიდორი: თუმცა შეხედეთ რის ხარჯზე. დავუბრუნდეთ წარსულს, პირველი ფილმები, რომლებიც მან გადაიღო – მათ შორის ოთხი სეზონის ვაჭარი – ნამდვილად იყო ფილმები, რომლებშიც განიხილავდა მშრომელთა კლასის პრობლემებს. ფილმები, რომლებიც კინოს რეგულარულ მაყურებელს არ აინტერესებდა. ის შეიცვალა. შეიცვალა და მეტად მიიპყრო აუდიტორიის, უფრო ფართო საზოგადოების ყურადღება, როცა ფილმებში საშუალო კლასის ბურჟუაზიული თემები წამოჭრა.
High Times: რატომ მუშაობდა თავდაპირველად მუშათა კლასის საკითხებზე, თუ ეს არ იყო მისი წარმომავლობის ნაწილი?
შიდორი: ეს არ იყო მისი წარმომავლობა, მაგრამ… როცა ის კიოლნში ცხოვრობდა, როცა თექვსმეტი ან ჩვიდმეტი წლის იყო და შეეძლო ეკეთებინა ის, რაც სურდა, დარბოდა იმ ადგილებში, სადაც მუშები იყვნენ, ასევე გეი ბარებში. ასე რომ, ყოველთვის იყო ამ ტიპის ადამიანებთან – მოსწონდა ისინი. ასევე, ფილმის გადაღებისას არ იჯდა პერსონალთან ერთად; დაჯდებოდა გამნათებლებთან, ელექტრიკოსებთან. იქ უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. ეს მისი პიროვნების ნაწილი იყო: მათთან ძალიან ახლოს გრძნობდა თავს.
High Times: შეგიძლიათ ისაუბროთ მისი შეყვარებულის თვითმკვლელობის, (ფასბინდერის) ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისა და სიკვდილის გარემოებებზე, თუ ეს ძალიან პირადი საკითხი არის?
შიდორი: არა, არა. არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ავირიდო, რადგან ერთი რამე, რაშიც ფასბინდერი ყოველთვის ძალიან მტკიცე იყო, ისაა, რომ ყოველთვის სწამდა, რომ ყველაფერი პირადი შეიძლება იყოს საჯარო. არ არსებობს მიზეზი, რომ რაიმე საჯარო არ გახადო.
მისი შეყვარებული (არმინ მაიერი) ერთ-ერთი იმ ბიჭთაგანი იყო, რომელიც 1945 წელს ლებერსბონში გამოიძერწა, სადაც ნაცისტურმა პარტიამ ქერა გერმანელი კაცები და ქალები ერთ მწკრივში განალაგა.
High Times: ორანჯერეა?
შიდორი: დიახ, ორანჟერეა… ერთად მგონი ხუთი წელი ცხოვრობდნენ. ობლად გაიზარდა და ჩრდილოეთ ბავარიელმა ყასაბმა იშვილა; მერე მიუნხენში ჩავიდა და მიმტანად მსახურობდა რესტორანში, სადაც ყველანი დავდიოდით. შემდეგ შეყვარებულები გახდნენ და ერთ ბინაში გადავიდნენ. და შემდეგ… ფასბინდერმა მას წერილი მიწერა – (როგორც მან მითხრა, არაფერი გამოუვიდათ. მითხრა რომ „ერთადერთი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაგება, არის დრო როდესაც ვიღებთ LSD-ს. ეს არის ერთადერთი მომენტი, როდესაც ვახერხებთ კომუნიკაციას“). მათ შორის ურთიერთობა უარესდებოდა. ფასბინდერმა მას წერილი მისწერა და უთხრა რომ ყველაფერი დასრულდა.
გეცოდინებათ რომ არმინმა ითამაშა მის რამდენიმე ფილმში – გერმანია შემოდგომით და დედა ქიუნსთერის ზეცად ამაღლება. მან ჯეიმს დინივით გააცნო ფილმის ჩვენებისას აუდიტორიას პირველად ეკრანზე – არმინ მაიერი. არმინი ამ წერილით დარბოდა (რაინერი იმ დროს კანში იყო) და ხალხს უჩვენებდა – იმიტომ, რომ არ ესმოდა. ეს ძალიან ინტელექტუალური წერილი იყო, შემდეგ კი არმინმა საძილე აბების ჭარბი დოზა მიიღო და რამდენიმე დღის შემდეგ ფასბინდერის დედამ იპოვა მათ ბინაში.
რაინერ ვერნერ ფასბინდერმა ნამდვილი შოკი მიიღო; თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობდა. და ბევრი ადამიანი ადანაშაულებდა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეყვარებული ძალიან შეიცვალა. ხომ იცით, რა ხდება, როცა ცხოვრობთ ძალიან ძლიერი პიროვნების გავლენის ქვეშ. მან დაიწყო ფასბინდერის ჟესტების კოპირება, ფასბინდერის მსგავსად მეტყველება. დაკარგა საკუთარი იდენტობა…
ხოლო მეორე შეყვარებული… ხომ გინახავს ფილმი ალი: შიში ჭამს სულს? გახსოვს არაბი ბიჭი ფილმში? (ელ ჰედი ბენ სალემი) მან თავი მარსელის ციხეში ჩამოიხრჩო. ეს იყო ფილმის შიში ჭამს სულს შემდეგ, რომელიც ფასბინდერმა მას ერთგვარ „დამშვიდობების” საჩუქრად გადასცა. რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ. ერთად ზრდიდნენ სალემის ვაჟს მაროკოდან, რადგან ფასბინდერი ფიქრობდა რომ ოჯახის შექმნა სურდა.
High Times: მასთან მუშაობის დაწყებამდე სალემი მსახიობი იყო?
შიდორი: არა. ის იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა პარიზში, აკეთებდა ყველანაირ საქმეს. მაროკოში ოჯახი ჰყავდა ექვსი შვილით; შემდეგ შეხვდა ფასბინდერს და მიუნხენში დაიწყეს ერთად ცხოვრება. შემდეგ მაროკოში წავიდნენ, მივიდნენ ოჯახში და ერთ-ერთი რვა წლის ვაჟი გერმანიაში წაიყვანეს. სიტუაცია დამძიმდა, რადგან ფასბინდერი არ ზრუნავდა შვილზე.
მამა სცემდა შვილს როცა ამას ფასბინდერისგან იღებდა. შემდეგ ვაჟი გოგოებს გადასცეს, რომ მასზე ეზრუნათ და სკოლაში გაეგზავნათ. ხანდახან ის ბინაში რჩებოდათ, საიდანაც სამი დღე ვერ გამოდიოდა.
ფილმის შიში ჭამს სულს შემდეგ, როდესაც ისინი ბერლინში იყვნენ და კვლავ იჩხუბეს, სალემი გარეთ გაიქცა, ბევრი დალია, დათვრა და ვიღაცას დაარტყა.
High Times: ისინი მოკლა?
შიდორი: არა, მას არ მოუკლავს, თუმცა ბარში ვიღაც დაჭრა. ხალხმა ფული შეკრიბა და პარიზში გაამგზავრეს. და ეს იყო დასასრული. პარიზში დარბოდა და ყვიროდა: „მე ერთადერთი ვარ. მე ვარ ფასბინდერის საყვარელი. მე ვარ ვარსკვლავი ფილმიდან შიში ჭამს სულს. პარიზში წვეულებებზე მიიწვიეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი დააპატიმრეს… არ ვიცი რა ჩაიდინა, მგონი რაღაც მოიპარა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო ციხეში.
High Times: ფასბინდერს ტანჯავდა ეს ყოველივე?
შიდორი: რა თქმა უნდა. ის ამას გარეგნულად არ გამოხატავდა… ქერელის შემდეგ იყო ერთი სცენა. ფასბინდერმა მოაწყო შესანიშნავი ვახშამი. ბინა ჰქონდა მიუნხენში და გიჟდებოდა ხიზილალაზე. ყოველთვიურად ათასობით მარკას ხარჯავდა ხიზილალაზე; მოიწვია ხალხი, რომელთაც ხიზილალის დიდ დოზას დაჰპირდა.
ფულს გიჟივით ხარჯავდა, საჩუქრებს ყიდულობდა. და შემდეგ კურტ რააბმა (რომელიც მთავარ როლს ასრულებდა ფილმებში სადგურის უფროსის ცოლი და ეშმაკის სამზარეულო და იყო მრავალი ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი) საბოლოოდ იზრუნა ვაჟზე, რომელიც ფასბინდერმა და არაბმა კაცმა ალჟირიდან ჩამოიყვანეს; შვილი ახლა ციხეშია, რადგან ის ასევე ნარკომანიასა და ნარკოტიკების გასაღებაში ჩაეშვა. ფასბინდერმა იმ ვახშამზე განაცხადა: „ოჰ, კურტ, როცა შენი მეგობრების ნახვა მოგინდება, მათ ციხეში უნდა ესტუმრო.”
შემდეგ კი კურტმა, რომელიც უკვე საკმაოდ ნასვამი იყო, უპასუხა: „ოჰ, რაინერ, როცა შენი მეგობრების მონახულება მოგინდება, სასაფლაოს მიაკითხე“. ფასბინდერმა გადახედა- ეს მისთვის ნამდვილად დანის დარტყმა იყო. ამ ყველაფერს ნამდვილად განიცდიდა, უბრალოდ არასდროს ლაპარაკობდა.
თქვენ პირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ: არმინის გარდაცვალების დროს ის ნამდვილად იყო დეპრესიაში. მაგრამ მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამას არანაირი კავშირი აქვს ფასბინდერის სიკვდილთან.
High Times: ვარაუდი არ ყოფილა თვითმკვლელობა, თუმცა ხშირმა დეპრესიამ ის უკიდურესობამდე მიიყვანა, არა?
შიდორი: რა თქმა უნდა. არ დაგავიწყდეთ რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ეს იყო დოზის გადაჭარბება, მაგრამ მიუხედავად დოზის გადაჭარბებისა, მისი სიკვდილი არ ყოფილა შემთხვევითი.
სადაზღვევო კომპანიებისთვის მისი ექიმთან მიყვანა რთული იყო. ის ფიქრობდა რომ ის ბუნებაზე ძლიერი იქნებოდა. იქ მსუქანი მუცლით იჯდა. ჭამდა და სვამდა; იღებდა ნარკოტიკებს მთელი დროის განმავლობაში; მართლაც რომ დიდი რაოდენობით კოკაინს და შემდეგ ამბობდა: „მე ვაპირებ ამის დამტკიცებას. ენერგია, რომელიც მაქვს, ისეთი ძლიერია, არ მოვკვდები. რა უნდა დაემართოს ენერგიას, რომელიც მაქვს?” – ეს ერთხელ კანში მითხრა… ეს ყველამ ვიცოდით.
ვიცოდით, რომ არ შეიძლებოდა ამგვარად მოქცევა. ეს ნამდვილად შეუძლებელი იყო და მოკვდებოდა. ეს, მრავალი წლის განმავლობაში, ყველამ ვიცოდით. ყოველთვის აჭარბებდა ზომას. და შემდეგ, რაღაც მომენტში, შენ იტყოდი, „კარგი, იქნებ ის მართალია, იქნებ ეს სასწაულია. შესაძლოა, ის იმდენად ძლიერია, რომ აიტანოს.”
High Times: როგორ ფიქრობთ, რომ გადარჩენილიყო, შეიცვლებოდა თუ სიკვილამდე ასე გააგრძელებდა?
შიდორი: შესაძლოა. მან თვითგანადგურების პროცესი მრავალი წლის წინ დაიწყო.
High Times: რატომ?
შიდორი: როცა არ იღებდა ფილმს, არ იცოდა რა გაეკეთებინა. ის წავიდოდა ახირებულ მოგზაურობაში სამი დღის განმავლობაში დომინიკის რესპუბლიკაში, ან ორი დღით ნიუ-იორკში – პირველი კლასის ავიაბილეთებზე უზარმაზარ თანხას დახარჯავდა; თან ვინმეს წაიყვანდა; სამი დღის მერე კი შეძულდებოდა ეს ყოველივე.
ბოლოს, როცა ნიუ-იორკში ვიყავი მასთან და მთელი დრო მართლა მარტო ვიყავით, ის არ იყო… ერთხელ საუნაში წავიდა, მაგრამ სექსი დადებითად არ აისახა. ეს იყო მისი ბოლო წელი, ქერელის წელი.
High Times: ამ გააფთრებულ საქმეს ამიტომ აგრძელებდა?
შიდორი: დიახ, ასეა. მართლაც რომ შოკში ვიყავი… არ მჯეროდა და ვიცოდი, რომ ის უკვე ნიუ-იორკში იყო; შემდეგ კი კანში წავედით კინოფესტივალზე. ექვს საათამდე არ იძინებდა. ყველაფერი კოკაინისთვის: აქ, ყველანაირ ადამიანს ნახავდით. დიდ ფულს ხარჯავდა. დაახლოებით ცხრა-ათ საათზე იღვიძებდა. ერთ ღამეს ის კანში ჩემს სასტუმროში დარჩა, რადგან მეორე დილით, ცხრა საათზე, გერმანიის საექსპორტო კავშირის მიღება იყო დაგეგმილი.
დილის ექვს საათზე თანაშემწე დახმარებისათვის გაგზავნა, რათა იქ წასასვლელად მისთვის თეთრი კოსტუმი მოეტანა; მან ჩემს ოთახში დაიძინა. იღებდა ძალიან ძლიერ საძილე აბს – მანდრაქსს, რომელიც მეტაკალონის მსგავსია. იღებდა სამ მეტაკალონს, სამ ვალიუმ 10-ს და ამ ყველაფერს სვამდა ძალიან ძლიერი სისხლიანი მერით, რომელიც მან ოთახის სერვისით შეუკვეთა. შემდეგ მითხრა: „ნახე, თუ ეს დაახლოებით თხუთმეტ წუთში არ იმოქმედებს, მე კვლავ მივიღებ იგივე დოზას.”…
თხუთმეტი წუთის შემდეგ, მან კვლავ მიიღო სამი აბი და კვლავ სამი ვალიუმი დააყოლა. და ამ ყველაფრის შორის, არ დაგავიწყდეს, ის ყოველთვის იღებდა კოკაინს. შემდეგ მან, ძალიან ამაყად, პატარა ბავშვივით თქვა: „ეს რომ შენ გაგეკეთებინა, უკვე მკვდარი იქნებოდი.” ოჰ, ეს სიამაყე.
High Times: სხვა რამესაც ხომ არ იღებდა?
შიდორი: LSD-ს, თუმცა არც ისე ბევრს. დროგამოშვებით – თვეში ორჯერ ან სამჯერ.
High Times: გადასაღებ მოედანზე იღებდა?
შიდორი: LSD-ს? – არა. კოკაინს… ფასბინდერი გადასაღებ მოედანზე არ იყენებდა ჰალუცინოგენურ წამლებს, მაგრამ უამრავ ალკოჰოლს სვამდა – ყოველთვის ნახავდით ლუდის ჭიქით სავსე ჯიმ ბიმით. გადაღებისას, ყოველ დღე, ჯიმ ბიმის ორ ბოთლს ამთავრებდა. არასოდეს თვრებოდა; მე ის მთვრალი არც კი მინახავს… და ყოველთვის იყო მარიხუანა ან ჰაშიში, რომელსაც ის გადასაღებ მოედანზე გააბოლებდა.
High Times: არავინ მივიდა ერთხელ მაინც მასთან და უთხრა, „შეხედე, შენ თავს იკლავ”?
შიდორი: კი, მაგრამ მაშინ უნდა გცოდნოდა, გეცადა და გეთქვა მისთვის, „მისმინე, რაინერ, შენ იცი, რას უზამ შენს სხეულს…მოდი, ახლავე; შენ გაქვს დრო, ოთხი კვირა – წადი შვეიცარიის კლინიკაში. ეს მშვენიერია. შესანიშნავია; ჩვენ მოგინახულებთ…” ამ ყველაფერზე გამუდმებით ვსაუბრობდით, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით, და მისი სიკვდილის შემდეგ, დანაშაულის შეგრძნება დაგვეუფლა.
ინგრიდ კავენმა, რომელიც მისი ცოლი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, მითხრა რომ არ დაგვვიწყებოდა მისი ბურჟუობაც. ინგრიდ კავენი იმ სახლში ესტუმრა, სადაც ცხოვრობდა, და მას მოეწონა. ფასბინდერმა მასთან დაძინება სთხოვა.
და ქალმა თქვა, „მე მომწონს ეს ბიჭი. განსაკუთრებით მიმზიდველი არ მეჩვენა – მსუქანია და ბევრი აკნე აქვს… მაგრამ მის ბინაში ავედი. ყველაზე საბედისწერო მომენტი ის იყო, როცა საუზმისთვის ჩამოვედი… აქ ახლახანს მოსულიყო. სამზარეულოს მაგიდასთან დაახლოებით რვა ადამიანი ისხდა; და ფასბინდერმა კოსტუმი ჩაიცვა და მაგიდის სათავესთან დაჯდა – „ყველა მელოდებოდა, თუ როდის ჩამოვიდოდი. როცა ჩამოვედი, მათ საუზმის დაწყების უფლება დართო; ახლა მისი საკუთრება ვიყავი“.
შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და აღარ სურდა რომ ქალს ემუშავა. ის ამბობდა, „ჩემმა ცოლმა არ უნდა იმუშაოს.” ხოლო კავანი მოთქვამდა, „გავგიჟდი, ეს ვინ არის? ვის ხელში ჩავვარდი?” ის ნამდვილი ქმარივით იქცეოდა.
High Times: როგორც ჩანს, მას ასევე აქვს ძლიერი ბურჟუაზიული ბუნება; და როდესაც ის ამ ყველაფერს ვერ ინარჩუნებს, უბრალოდ კონტროლს კარგავს.
შიდორი: სრულიად. ამიტომაც დასაჯა იგი… ქალს განქორწინება სურდა.
High Times: თითქოს საკუთარ თავს სჯის “ცუდი ბიჭობის” გამო.
შიდორი: ყოველთვის, ყოველთვის.
High Times: როგორი იყო მისი ოჯახური ცხოვრება?
შიდორი: მამამისი ექიმი იყო და მან ააშენა საცხოვრებელი სახლები, რომლებიც გააქირავა უცხოელ მუშაკებზე საბერძნეთიდან და თურქეთიდან, სადაც ერთ ოთახში რვა ადამიანი მოათავსა, ბევრი ფული მიიღო და მათი ექსპლუატაცია მოახდინა. და ფასბინდერს, როგორც პატარა ბიჭს, გზავნიდნენ ბინებში ფულის შესაგროვებლად. დედამისი მუდამ ავადმყოფობდა. დაკავებული იყო თარგმნით; და შემდეგ, ფასბინდერს ფული მისცეს კინოში წასასვლელად.
ექვსი წლის ასაკიდან (სკოლაში თითქმის არ დადიოდა), წლების განმავლობაში, ის დღეში ხუთ ფილმს უყურებდა. შემდეგ სახლი დატოვა – საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია – და ბერლინის კინოს ინსტიტუტში წავიდა. გააკეთა განაცხადი, დაწერა ტესტი და ჩაიჭრა. ის არ მიიღეს.
High Times: რამდენი წლის იყო?
შიდორი: თვრამეტი. შემდეგ დაიწყო სამსახიობო კურსები, როდესაც ძალიან პატარა იყო. მშობლებისგან არაფერი სმენია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაზეთებში მისი სახელი დაიბეჭდა, მოულოდნელად დედამ დაურეკა. და მას შემდეგ დედამისსაც იღებდა ფილმებში. ეს ძალიან ძლიერი ურთიერთობა იყო… ის ლილი მარლენში თამაშობს (მელ ფერელის ცოლს განასახიერებს).
ასეთი ოჯახიდან იყო. ფასბინდერი დედამისს ყოველთვის ადანაშაულებდა მისი მოკვლის მცდელობაში. სიამოვნებას იღებდა, როდესაც დედამისს ბავშვობაში მჟავე ვაშლის მიცემაში ადანაშაულებდა – შეჭამდა მჟავე ვაშლებს და მოკვდებოდა. ის (დედა) ტირილს იწყებდა და ეუბნებოდა: „შეიძლება ერთხელ მჟავე ვაშლი მოგეცი, მაგრამ არ მინდოდა”, რაზეც პასუხი იყო „კი! შენ ჩემი მოკვლა გსურდა!”
… იცი, მე გიყვებით… თქვენ მაიძულებთ მოგიყვეთ ეს ყოველივე…
High Times: მე აღფრთოვანებული ვარ ფასბინდერის ფილმებით.
შიდორი: ამის იმედი მაქვს! იმედი მაქვს, რომ ამ პირდაპირობის არსს ჩაუღრმავდებით.
High Times: ეს განეიტრალებას ჰგავს, რადგან მისი სიკვდილის გამო შოკში ჩავვარდი. ძალიან დიდი დანაკარგი იყო..
შიდორი: ასეა! ასეა!
High Times: შემოქმედებითობის ეს ნიაღვარი მაშინ შეწყვიტა, როცა საუკეთესო…
შიდორი: დიახ. თქვენ ამას ქერელში ნახავთ! ის ნამდვილად შემოქმედების მწვერვალზე იყო…
High Times: … ასე რომ, თქვენ მის სახელს არ აუფასურებთ.
შიდორი: არა. ეს არის უკანასკნელი რამ, რაც შეიძლება მინდოდეს, რადგან ვფიქრობ, რომ ის უდიდესი არა მხოლოდ კინოშია, არამედ ის არის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანი, რომელიც გერმანიას ომის შემდეგ ჰყოლია. და პირადად ჩემთვის, ის იყო ყველაზე საყვარელი და ამაღელვებელი, შემზარავი და საზიზღარი, ამავდროულად მშვენიერი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ ცხოვრებაში.
High Times: თუ არსებობს ადამიანი, რომელიც არაფერს თრგუნავს და ყველაფერს გარეთ უშვებს, ჩვენ მივიღებთ როგორც უარყოფით, ასევე დადებით ადამიანს. არავის აქვს სუფთა სული…
შიდორი: ვფიქრობ, ამას იგრძნობთ და დაინახავთ ფილმში ბაბილონის ჯადოქარი. ბაბილონის ჯადოქარში მის ორივე მხარეს დაინახავთ. ამ წარმოუდგენელ სინაზესა და დიდ ხელოვანს. და ასევე ცინიზმს. ხოლო – ქერელი – ეს მაღალ ბიუჯეტიანი ფილმი, ძალიან პერსონალური ფილმია.
მას არ გადაუღია რომანის ეკრანიზაცია; ჟენეს რომანი საკუთარი სუბიექტური მზერით გადაიღო. როდესაც ნახავთ ქერელს, ნამდვილად იცნობთ მას, ვინც „ქალებზე” აქცენტირებული ფილმების შემდეგ, რაღაც სრულიად ახალს იწყებს.
High Times: ფიქრობთ რომ ის ახალ შემოქმედებით ეტაპს იწყებდა?
შიდორი: დიახ.
High Times: თქვენთვის რა არის მისი კარიერის მთავარი ნიმუშები?
შიდორი: ჩემი საყვარელი ფილმებია – წლის ოთხი დროის ვაჭარი და 13 მთვარის წელს. ასევე ძალიან მომწონს ეშმაკის სამზარეულო და ქერელი.
High Times: შეგიძლიათ ქერელზე გვიამბოთ?
შიდორი: ერთ ამბავს მოგიყვებით, რაც დაუჯერებელი შეიძლება ჩანდეს ფილმზე, რომელმაც დიდი სკანდალი, გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია. იტალიაში დღემდე აკრძალულია – მათ ფილმიდან ოცდახუთი წუთის ამოჭრა სურდათ, კონკრეტულად კი სამი სცენის.
ქერელში არის ორი სექსის სცენა, სადაც ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. პროვოკაცია და პორნოგრაფია მაყურებლის გონებაში მიმდინარეობს (თუ გინდა, იქ არის). მაგრამ ფასბინდერმა რაღაც გააკეთა… თუმცა მან გადაიღო ორი ძალიან ეროტიკული სცენა ქერელში, სადაც ვერ ვხედავთ პენისსა თუ უკანალს, მაგრამ ყველაფერი მაინც აქ არის. ამ სცენების ამოჭრა სურდათ.
High Times: როგორც ჩანს, ცენზურას უფრო მეტად აწუხებს სექსუალურობისა და პოლიტიკის შერწყმის საკითხი, ვიდრე თავად სექსი.
შიდორი: ნამდვილად. ქერელი ძალიან პოლიტიკური ფილმია. რაიმე მკაფიოდ პოლიტიკური ნიშნის გარეშე; მაგრამ ეს პოლიტიკურია იმ გაგებით, რომ… ის, რაც ფასბინდერს სურდა, არ ყოფილა ფილმი ჰომოსექსუალურობის შესახებ. ფილმის, შეკრული მუშტი თავისუფლებისთვის შემდეგ ის ნამდვილად აღარ იყო დაინტერესებული ჰომოსექსუალობის საკითხით.
High Times: შეკრული მუშტი თავისუფლებისთვის არ არის ფილმი ჰომოსექსუალურობის შესახებ.
შიდორი: არა, ეს ეხება ექსპლუატაციასა და ძალაუფლების ურთიერთობების საკითხს მამაკაცებს შორის. ფილმში ქერელი არის ძლიერი ჰომოსექსუალური ასპექტი, რომელიც სულაც არ აინტერესებდა მას. ის, რაც მას ფილმში აინტერესებდა, რაზეც ინტერვიუშიც საუბრობდა მკაფიოდ და რის ჩვენებაც სურდა, ისაა, რომ თუ შენ გსურს იყო თავისუფალი და ბედნიერი, საკუთარი თავი უნდა იპოვო.
მას ჟენეს მსგავსად სჯეროდა რომ საკუთარი თავის პოვნისთვის, საკუთარი თავი ხელახლა უნდა აღმოაჩინო. და ვისში აღმოაჩენ საკუთარ თავს იმაზე მეტად, ვიდრე ძმასა თუ იმ ადამიანში, ვინც გიყვარს? ქერელში ძმას და ადამიანს, რომელიც ქერელს ჰგონია რომ უყვარს (და როცა ამაში დარწმუნდება, ის მას კლავს) ერთი მსახიობი (ჰანო პოშლი) განასახიერებს.
High Times: სავარაუდოდ ქერელი საბოლოოდ გახდება საკულტო ფილმი შტატებში. სინამდვილეში, თქვენ უნდა ილოცოთ რამდენიმე ძალადობრივი უკურეაქციისთვის.
შიდორი: ნამდვილად, ნამდვილად! თავიდან მართლა ვღელავდი; ახლა მომწონს, როცა ხალხი ამბობს, „ააჰ! ეს საშინელებაა”. იცით რომ ეს ფილმი ბევრ გეის სძულს?
High Times: როგორი იყო თქვენი ურთიერთობა მასთან გადაღების დროს?
შიდორი: ერთ მაგალითს მოგიყვებით და მიხვდებით. ის დაჟინებით მოითხოვდა რომ ყოველ დღე ნაღდი ანგარიშწორება მიეღო. მას უყვარდა ნაღდი ფული; სძულდა ჩეკები. გადაღებამდე, ყოველ დილით, ფულს იღებდა. ფილმის გადაღებებს რვა საათზე იწყებდა.
High Times: ყოველთვის ასე იქცეოდა?
შიდორი: არა, იმ ფილმების დროს, რომელთა პროდიუსერიც თავად იყო (და მას ბევრი ფულის პრობლემა ჰქონდა.) ასე რომ, მე მისთვის ყოველ დილით ექვსიდან შვიდი ათას დოლარამდე უნდა მიმეცა ნაღდი ანგარიშწორებით. და შემდეგ დადგა დილა, როცა ფული აღარ მქონდა (ფულის პრობლემა გვქონდა, რადგან ფილმის დაწყებისას დაფინანსება სრულად არ იყო განსაზღვრული; ფულის მხოლოდ ნაწილი მქონდა, მაგრამ უნდა დაგვეწყო). შემდეგ მან მითხრა: „იცი, მე შემიძლია გასესხო ფული. შემიძლია მოგცე ოცდაათი ან ორმოცი ათასი მარკა”.
High Times: მას ეს რიტუალი სურდა?
შიდორი: დიახ, მას ეს რიტუალი სურდა. და უნდა ითქვას, რომ მის გარეშე ფილმი ვერ შედგებოდა. მართლაც საშინელი ფინანსური პრობლემები გვქონდა.
High Times: ეს ზოგადად გერმანული კინოს პრობლემაა?
შიდორი: არა, ამ ფილმის გამოსვლა ძალიან რთული იყო. ჩვენ ბერლინის მთავრობამ სიტყვიერი დაპირება მოგცა, რომ ხუთასი ათასი დოლარით დაგვაფინანსებდნენ. შემდეგ გამოჩნდა ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობა: „ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბინძური ფილმის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასბინდერია.”
მას ახლახანს გადასცეს “ოქროს დათვი” ბერლინში ფილმისთვის ვერონიკა ფოსი, რის შემდეგაც სრულად პოლიტიკური ვითარება დადგა. ლიბერალური პარტია მაშინ ქრისტიან-დემოკრატების წინააღმდეგ იბრძოდა. ისინი კოალიციაში იყვნენ და ხელისუფლების დაშლით იმუქრებოდნენ.
High Times: ქერელის დროს?
შიდორი: ქერელის დროს. ეს იყო საკითხი, რომელიც დაიძრა ბერლინის სენატში. ფასბინდერს უნდა მოეწერა ხელი საბუთზე, რომ ის გადაიღებდა ფილმს, რომლის ნახვასაც თვრამეტი და თექვსმეტი წლის ახალგაზრდები შეძლებდნენ. ფილმში არ უნდა ყოფილიყო სექსი. მან ყველაფერზე მოაწერა ხელი. და ერთხელაც დაურეკეს და უთხრეს: „ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს შენი ხელმოწერაა.”
მის ოთახში ვიჯექი და ვუთხარი, „რაინერ, მათ არ სჯერათ, რომ შენ მოაწერე ხელი და აპირებ ფილმი თექვსმეტი წლის ახალგაზრდებისთვის გადაიღო.” მან ტელეფონის ყურმილი აიღო და დაუყვირა ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორს სენატში: „მე თქვენთან ჩემი პასპორტით მოვდივარ, რათა დაგიმტკიცოთ, რომ ეს ჩემი ხელმოწერაა!”
მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფილმი გამოსულიყო. ჩვენ უარი გვითხრეს სახელმწიფო გრანტების უმეტესობაზე. ეს იყო კერძო დაფინანსება და ორნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა – რაც გერმანული ფილმისთვის, დიდი ფულია”… ნორმალურ ხელფასს არავინ იღებს: არც ბრედ დევისი, არც ჟანა მორო თუ ფრანკო ნერო… და ასევე, ბაბილონის ჯადოქრის გადაღების დროს, ის მე დამეხმარა.
High Times: როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე საშიშროება რომ ისეთივე სამწუხარო ამბავი მოხდეს, რაც ფიცკარალდოს და ოცნების ტვირთის შემთხვევაში მოხდა? კრიტიკოსები იტყვიან რომ დოკუმენტური ფილმი სჯობს ორიგინალ ნაწარმოებს?
შიდორი: ეს ასევე მოხდა ბაბილონის ჯადოქართან შემთხვევაში. ხალხმა დამირეკა და მითხრა: „მე შენი ფილმი ქერელზე მეტად მომწონს“ – რის თქმაც სისულელეა. ეს ის ხალხია, ვინც ვერაფერი გაიგო ქერელში... ამ ორს ვერ შეადარებ. რაც ბაბილონის ჯადოქარში კარგია, ფასბინდერთან ინტერვიუა; მაგრამ დედამისთან ბევრი პრობლემა მქონდა. მას ამ სცენის ამოჭრა სურდა.
High Times: რატომ?
შიდორი: არ ვიცი, ეს ბევრი მიზეზის გამო მოხდა. პირველ რიგში, ის ახლახანს დაიღუპა. სიცოცხლის ბოლო თვეებში არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა. არასდროს მიფიქრია, რომ ფასბინდერი მახინჯი იყო, რადგან მას მშვენიერი თვალები ჰქონდა, თვალები, რომლებიც ყველაფერს ხილულს ხდიდა. „სიმახინჯე” არასწორი სიტყვაა მის აღსაწერად. მაგრამ ის არ იყო მიმზიდველი იმ გაგებით, როგორსაც დედა ისურვებდა შვილის ნახვისას. შემდეგ დედა შიშმა მოიცვა და მისმა სიკვდილმა გადააწყვეტინა ეთქვა: „ჩემი შვილი არასოდეს ყოფილა ჰომოსექსუალი”.
High Times: ამას დიდ სიცრუედ თვლიდა?
შიდორი: დიახ, ეს ტიპიური დედობის გამოვლინებაა, მისი შვილის „რებურჟუაცია”. მე ვცდილობდი ამეხსნა მისთვის და მეთქვა, „არასწორ საქმეს აკეთებთ. თქვენ ცდილობთ რაინერი წმინდა კვარცხლბეკზე დააყენოთ. მისი ადგილი იქ არაა. მას ამით ამცირებთ. არ გესმით, რომ თუ არ მიატოვებთ ამ დიდ მთას, რომელიც ის იყო – ეს დიდი, ძლიერი მთა – ყველა მისი ასპექტით რაც შეიძლება გააჩნდეს პიროვნებას… ეს მისი სიდიადის ნაწილია. და თუ თქვენ შეეცდებით ის აქციოთ ბურჟუა ადამიანად, რომელსაც არაფერი სურდა შვილებთან ბედნიერი ცხოვრების გარდა, ამ გზით გაანადგურებთ თქვენს შვილს“.
High Times: რა რეაქცია ჰქონდათ მისი „კომპანიის” დანარჩენ წევრებს მის სიკვდილზე?
შიდორი: სრული შოკი… შოკისა და შვების ნაზავი. თქვენთვის შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს. როდესაც ვამბობ „შვებას”, არ ვგულისხმობ, რომ ისინი არ იყვნენ გულდაწყვეტილები, მაგრამ მათი მხრებიდან ტვირთი მოიხსნა, იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან დიდი დანაკარგი იყო…
High Times: რას ფიქრობდა ის თავის გერმანელ თანამედროვეებზე?
შიდორი: ფასბინდერი? მას არავისთან ჰქონდა შეხება. ინტერვიუში ვკითხე ამის შესახებ და ძალიან კარგი პასუხი გამცა. მან შემომხედა და გაიღიმა: „ჩვენ ყველანი კარგი მეგობრები ვართ. ყველანი მეგობრები ვართ…”
High Times: საინტერესოა – ჰერცოგი და ფასბინდერი ერთმანეთის ანტითეზაა.
შიდორი: დიახ. ფილმები ფიცკარალდო და ქერელი გემების შესახებ გვიამბობს. იცი, იყო ერთი ასეთი სასაცილო სცენა, როცა ფასბინდერთან ერთად კანში ვიყავი და ფიცკარალდო ოფიციალურ კონკურსში იყო წარდგნელი. ფილმის ღამეს ქუჩაში ვსეირნობდით, სანაპიროზე, სასტუმრო “კარლტონთან” ახლოს. სასტუმროს გადაღმა მივდიოდით და ოცდაათი ან ორმოცი ფოტოგრაფი შევნიშნეთ; შემდეგ გამოჩდნენ ჩვენებიდან მომავალი, შავ კოსტუმში გამოწყობილი ვერნერ ჰერცოგი და კლაუდია კარდინალე.
მე და ფასბინდერი, პალმის ხეებთან, ვიდექით… ის ჭკუაზე არ იყო როცა ჩაგვიარეს. პირველად ასე მითხრა: „ისინი ვენეციაში უნდა ნახო! იქ სულ მცირე სამჯერ მეტი ფოტოგრაფი იქნება! რა სასაცილოა გემზე გადაღებულ ფილმზე წასვლა. ეს საკმარისია, რათა გაგიჟდე“… და აგრძელებდა და აგრძელებდა საუბარს, ბრაზობდა, რომ ჰერცოგმა მთელი ეს ყურადღება მიიპყრო.
ერთმანეთს „გამარჯობაც” კი რთულად უთხრეს. ჩვენ ბარში ვისხედით, სადაც ჰერცოგი შემოვიდა. ისინი ერთმანეთს გახედავდნენ და შემდეგ თვალს არიდებნენ: ჰერცოგი და ფასბინდერი. ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონიათ.
High Times: ძალიან დასანანია – ორივე დიდი რეჟისორია.
შიდორი: დიახ… ფასბინდერიც ასე ფიქრობდა.
High Times: ვიცი რომ ლენი რიფენშტალსაც იცნობთ. რას გვეტყვით მასზე?
შიდორი: ერთი წელია, რაც ჩვენ ვურთიერთობთ, სხვათა შორის, ქერელის დახმარებით. მე და ფასბინდერს მისი გადაღება ქერელში გვსურდა და მასაც გააჩნდა ამის სურვილი. შემდეგ კი ვერ მოახერხა, რადგან კონტრაქტი ჰქონდა ზვიგენების წყალქვეშ გადაღებაზე.
ამის შემდეგ ფასბინდერი მოკვდა; და მან დაწერა შესანიშვნავი წერილი. ის აღფრთოვანებული იყო მისით; უყვარდა მისი ფილმები. და დაახლოებით სამი კვირის შემდეგ პირველად წავედი მის სანახავად. მივედი მიუნხენის სამხრეთით მდებარე სახლთან. მოხუც ქალს ველოდებოდი – ის ოთხმოცი წლისაა. და შემდეგ ის დაეშვა კიბეებიდან პატარა თინეიჯერი გოგონასავით. რა თქმა უნდა, მას მოხუცის იერი ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლით იყო სავსე.
კვირა დღის ნაშუადღევს, როცა მოხუც ქალთან ვიყავით… მოხუცები ზღუდეებს კარგავენ… მათ შორის ქიმიური კავშირი დამყარდა. თავისუფლად საუბრობდნენ სექსზე და თავისუფლად საუბრობდნენ იმაზე, რაზეც ჩვეულებრივ არ იმსჯელებდნენ.
და შემდეგ მან (რიფენშტალმა) თქვა, „იცი, რას წერს სიუზან ზონტაგი ჩემზე? თითქოს მე სპორტსმენებს ყოველთვის ღმერთებად წარმოვაჩენ, რადგან დაბალი კუთხიდან ვიღებ? იცით რა იყო ამის მიზეზი? ოლიმპიურ სტადიონზე, 1936 წელს, კედლები გერმანული კონიაკის რეკლამით იყო დაფარული; მე არ მსურდა ეს სურათი – ამიტომ მომიწია კამერების მიწაში ჩადგმა და ამგვარად გადაღება. ეს იყო მათი თავიდან აცილების ერთადერთი გზა!”
High Times: როგორ უყურებს რიფენშტალი ნაცისტურ პერიოდს?
შიდორი: ერთ რამეს მოგიყვებით. მან ერთხელ მითხრა, „შიდორ, ეს ალბერტ შპეერს ვუთხარი მას შემდეგ, რაც მისი წიგნი გამოიცა. იცი, მე მომწონდა ალბერტი და ვუთხარი, როგორ შეგიძლია დაწერო ასეთი სისულელეები? როგორ შეგიძლია ასე ნეგატიურად წარმოაჩინო?’… მე მისით ვიყავი მოცული. 1945 წლის მარტში, ჰიტლერის ღიმილის მისაღებად ხელებს მოვიჭრიდი.” და ამას სრულიად დაუფარავად ამბობდა.
High Times: ახლა რას გრძნობს ჰიტლერისადმი?
შიდორი: ვფიქრობ, ის შეიცვალა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე კაშკაშა პერიოდში. და ის მისთვის ყველაზე მომხიბვლელი ადამიანი იყო.
რაც უფრო ვბერდები და რაც უფრო მეტს ვიგებ ამის შესახებ, რაც უფრო მეტს ვეკითხები ჩემს ნათესავებს, მშობლებს და ყველას, ვისგანაც შეიძლება რაღაც გავიგო, მით უფრო გაუგებარი ხდება ჩემთვის მთელი ეს თორმეტწლიანი ეპოქა. ის, რაც ნამდვილად მაწუხებს როცა ჩემს მშობლებს (რომლებიც აღმოსავლეთ პრუსიის პატარა სოფლიდან არიან) ვესაუბრები და ვეკითხები, „რაზე ფიქრობდით, როცა ჰერი და ფრაუ ლუბეშტეინი აქ აღარ იყვნენ?”- მპასუხობდნენ, „ჩვენ არ ვიცოდით…” და მე კვლავ ვეკითხებოდი: „არ ფიქრობდით რომ უცნაური იყო როდესაც ებრალებს აღარ აძლევდნენ სკამებზე დასხდომის უფლებას?” იგივე მოხდა რიფენშტალთან დაკავშირებით, როცა ის ჯიუტად მიმეორებდა: „მე არაფერი ვიცოდი საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ…” – ბოდვა! ეს არ არის პოზიცია: რაც ხდებოდა, ხდებოდა 1933 წლიდან; და თუ არსებობდა იმის ნიშანი, რომ ებრაელებს არ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ ავტობუსში, ხოლო თუ შედიოდნენ, ჩვენ მათ ვეღარ ვნახულობდით, შენ ვერაფერს გაიგებ საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ.
წყარო: https://hightimes.com/culture/rainer-werner-fassbinder/
[1] ერთ-ერთ ინტერვიუში ფასბინდერი ამ მოვლენას ამგვარად ეხმიანება: “რაღაცის გაკეთების აუცილებლობას ვგრძნობდი. სულ სამი შესაძლებლობა მქონდა. პირველი იყო პარაგვაიში წასვლა და ფერმერობა. არ ვიცი რატომ პარაგვაი; შეიძლება ეს ახლა კეკლუცურად ჟღერდეს, მაგრამ იმ დროს სულ სხვაგვარად იყო; ეს ჩემთვის რეალური იყო. კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო რომ აღარ მეღელვა იმაზე, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა. ეს ფსიქიკურ დაავადებას ჰგავდა. მესამე შესაძლებლობა ფილმის გადაღება იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი ჩემთვის. სრულიად ლოგიკურია, რომ ასე მოვიქეცი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ მოვახერხე ფილმის გადაღება, რომელიც უბრალოდ არ გადმოსცემს ჩემს ემოციებს თვითმკვლელობაზე, ჩემს ტკივილსა და სასოწარკვეთილებას იმის გამო, რომ ბევრი რამ არასწორედ წარიმართა ჩვენს ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, გადავიღე ფილმი, რომლის იმპულსიც არმინიდან მოდიოდა, მაგრამ ამას ადრე ვერ გავაკეთებდი, ის ამ იმპულსზე მეტია. ეს იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მე შემეძლო არმინზე მეთქვა, და ეს ჩემთვის სიცოცხლის გადაწყვეტილება იყო.”