ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი
(ტექსტი დაწერილია პირველი სეზონის მიხედვით)
მიმი ლიდერისა და დეიმონ ლინდელოფის შექმნილ სერიალ „მიტოვებულებში“ (The Leftovers) მთავარი მოვლენის (ადამიანების გაუჩინარება) გარშემო მრავალშრიანი და ფუნდამენტურად ფილოსოფიური განზომილება იშლება. ამასთან, სერიალის სიუჟეტური სიღრმე მასზე სხვადასხვა პერსპექტივიდან დაკვირვების შესაძლებლობას გვთავაზობს. ცხადია, სერიალის განხილვის ყველა შესაძლო გზა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამგვარი თეორიული სიუხვე ორი ძირითადი ხაზითაა განპირობებული: პირველი პერსპექტივა ფსიქოანალიზის ძირეული კონცეპტების კინემატოგრაფიულ რეცეფციებს ეხება, მაგალითად: სერიალი ფუნდამენტურ დონეზე იკვლევს ფროიდისეული ეროსისა და თანატოსის ინსტინქტებსა და იმას, თუ როგორ ვლინდება ხსენებულ ინსტინქტებთან მიმართებაში ფსიქოანალიზისთვის საკვანძო ცნება ‘განდევნა’. განდევნა უსიამოვნო, არასასურველი ადამიანური გამოცდილებების: განცდების, ფიქრების, ტრავმების ცნობიერიდან არაცნობიერში გადამისამართების პროცესს ეწოდება. თავის მხრივ კი, ყველა განდევნილი განცდა ეროსსა და თანატოსთან მჭიდრო შემხებლობაში ფუძნდებიან. სახელწოდება მიტოვებულები, რომელიც დედამიწაზე დარჩენილი ადამიანების ემოციურ და არა ფიზიკურ (გამქრალ ადამიანებთან მიმართებით) მიტოვებულობას აღწერს, ამავდროულად მიუთითებს სერიალში განვითარებული მეორე, ეგზისტენციალური პერსპექტივის რაობაზე. სამყაროს იმგვარ მზერაზე, რომელიც ტექნოლოგიზებულ შრომასა თუ ურთიერთობებში კვლავწარმოებადი ატომიზებული საზოგადოების ძირეულ განცდებს იკვლევს, ამგვარ მარტომყოფობაში სამყაროსთან შემხებლობის, არსებობის ემოციური შეგრძნების სასიცოცხლო აუცილებლობა მაზოხისტურ აქტებსა თუ უჩვეულო რელიგიურ ფორმებში ითარგმნება. მაგალითად ნორას შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ფულს უხდის იმისთვის, რათა მას (ნორას) ტყვიაგაუმტარ ჟილეტში ესროლონ, ან, მესამე სეზონში ასახული კევინის თვითგვემა. ერთი და მეორე მაგალითიც სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვრულობის მანიფესტაციას ახდენენ, გადაკვეთის იმ წერტილზე მიუთითებენ, რომელშიც ერთი მეორეს ამნიშვნელებს. სერიალში თანატოსის ძალმოსილებით ნაკარნახევი სუიციდალური გადათამაშებები ეროსის სამსახურში ვლინდებიან, ყველა დესტრუქციული აქტი სიცოცხლისკენ თვითმომართვისა და ტრაგედიისაგან დარჩენილი სიცარიელის კვლავგანმეორებადი ამოვსების ფუნქციას ასრულებს. სერიალის პერსონაჟებს მუდმივად თავს ახსენებენ დიდი ტკივილები, რომლებიც აღიარებისა და ქმედითი გარდატეხის ნაცვლად არაცნობიერში განიდევნენ. კევინის მთელი სიზმრისეული ოდისეა, თვითშენახვისა და თვითგანადგურების დაპირისპირებულ პოლუსებს შორის მერყეობის აღმწერია. ტრაგედიის დანატოვარი, რომელიც ვერ სუბლიმირდა და ისტორიულ პროცესში სასიცოხლო ძალების ხარჯზე იკვებება, აუცილებლობით აწანამძღვრებს იმგვარ რეაქციულ წარმონაქმნებს, როგორადაც „მიტოვებულებში“ შემდეგი რელიგიური ჯგუფი გვევლინება.
თეთრებში შემოსილ, მუდმივად სიგარეტის მწეველ და მდუმარე ადამიანებისგან შემდგარ სექტას “ცოდვილი ნარჩენები” (The Guilty Remnant) ეწოდება. საგულისხმოა, რომ სექტის წევრებს თანაგრძნობის ნაცვლად, ცხოვრებისეულ დანიშნულებად 14 ოქტომბრის ტრაგედიის სხვებისთვის შეხსენება დაუსახავთ, თანაც უთქმელად, საჯარო თუ კერძო სივრცეებში მათთან მუდმივი ფიზიკური დასწრებულობითა და ბანერებზე მიწერილი წინადადებების მეშვეობით. ლაპარაკზე უარის თქმა, ნუგეშის ნაცვლად შეხსენება, სიგარეტის აკვიატებული მოხმარება; შეგვიძლია სამუდამო თვითგვემისათვის მზაობად წავიკითხოთ, მათი მიზანი არა განდევნილი ტკივილებისა და განცდების შემსუბუქების სურვილი, არამედ მათი ჩაბეტონების, თვითდესტრუქციულსა და მუდმივ სატანჯველად მოთარგმნის მცდელობაა. 14 ოქტომბერი დანარჩენი სამყაროსთვის თუ ტრაგიკული აქტია, რომელმაც სამყაროში უიმედოდ დარჩენილებს საყვარელი ადამიანები წაართვა, საზრისგამოცლილი მეცნიერული ყოვლისმხილველობა კი ამოუხსნელი მოვლენის წინაშე შიშველი ვარაუდების ამარა დატოვა, ხსენებული სექტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, მათთვის ტრაგედია, უმიზნო, ემოციურად დამთრგუნველი ცხოვრების ჩამნაცვლებელ სამყაროული დანიშნულების მქონე მოვლენად გადაიქცა, ერთგვარ აპოკალიფსურ წინათქმად, რომელიც ამქვეყნიური ტკივილისა და სიხარულის მნიშვნელობას უგულებელყოფს და მთელ ფსონებს ბუნდოვან მიზნებზე ჩამოდის. სექტის მიღმა მყოფები თუ სიცოცხლის გაგრძელების ძალას რუტინაში უძალო ჩაფლულობითა და აწ უკვე გაუფასურებული სამომხმარებლო აქტივობებით ცდილობენ, მათგან განსხვავებით სექტის წევრები ნუგეშს აბსტრაქტული მიზნების გარშემო შექმნილ კომუნალურ ერთობაში ჰპოვებენ (რომლის განმტკიცებისთვისაც ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლშეწირვასაც არ ერიდებიან). ნორასა და კევინის თვითგვემა თუ სიკვდილისკენ მიახლების ეროსში გადათარგმნაა, მათ საპირისპიროდ, სექტის წევრების აქტივობა, სასიცოცხლო იმპულსების დესტრუქციის სამსახურში ჩაყენებას მიემართება.
ეგზისტენციალური აფორიაქებულობითა და ჭმუნვით დამუხტული სივრცის საპასუხოდ; რელიგიური ტიპის ლიდერების გარშემო შემოკრებილი სექტების მნიშვნელობის იდეალურ აღწერას – პოლ თომას ანდერსონის შემოქმედება გვთავაზობს, მის ფილმებში: „Magnolia“, „There Will Be Blood“, „The Master“, მახვილგონივრულადაა ჩაჭერილი ახლადგაჩენილი სექტების მანუგეშებელი ფუნქციები. მაგალითად „ოსტატში“ პროტაგონისტი ფრედი (ხოაკინ ფენიქსი) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, რომელიც მძიმე პოსტტრავმულ დეპრესიაშია და თვითდაფუძნების, ადამიანებთან ემოციური თანყოფნის სურვილებს ვერსად გამოთქვამს, ამგვარი ემოციურად გამოცარიელებული არსებობის საპირისპირო სივრცეს რელიგიურ ლიდერ ლანკასტერთან (ფილიპ სეიმურ ჰოფმანი) ეგზისტენციურად დამმუხტველ ურთიერთობაში ახერხებს, ასევე საგულისხმოა „მაგნოლიაში“ ფრენკის (ტომ კრუზი) საქმიანობა – ე.წ. ‘ქოუჩინგი’ (ქოუჩინგი შეგვიძლია გასაქონლებულ რელიგიურ პრაქტიკადაც მოვიაზროთ), რომელიც გარდა მსმენელთა ემოციებით უპასუხისმგებლო მანიპულაციისა, ასევე საკუთარი წარსულის, განდევნილი ტკივილების გადაფარვის საშუალებაა. განსხვავებით ანდერსონის გმირებისა, რომლებიც რელიგიურ ჯგუფებში სიცოცხლის გაგრძელების გამამხნევებელ პრაქტიკებს ეძებენ, „მიტოვებულებში“, „ცოდვილი ნარჩენების“ შემთხვევაში სიცოცხლის გაგრძელების სურვილი სიცოცხლის უმნიშვნელობით ნაცვლდება. გამხნევების აუცილებლობა კი მისთვის უადგილო ნიჰილისტურ ქსელებში იხლართება. შეიძლება ითქვას, რომ „მიტოვებულებში“ აღწერილი ტრაგედია უსათაურო ისტორიული ხდომილობების მეტაფორაა, რომლებიც სასიცოცხლო გარემოზე წარუშლელ კვალს ტოვებენ, მისგან დაღწევის მექანიზმებს კი ფუჭსა და განკერძოებით აქტოვებებში სახავენ.
P.S. ცხადია, სამივე სეზონზე დაკვირვებისა და სერიალში აღწერილი კათარზისული პრაქტიკების გათვალისწინების შემთხვევაში წინარე მსჯელობა გარკვეულწილად საზრისს კარგავს, თუმცა, წანამძღვრების რაობა ალბათ მაინც მნიშვნელობს.