ავტორი: ალექსანდრე გაბელია

 

თბილისის საერთაშორი კინოფესტივალი წელს (1-8 დეკემბერს) საიუბილეო, რიგით მე-20 გამოშვებას, უმასპინძლებს. კინოთეატრ ამირანში წარმოდგენილი იქნება როგორც წელს გამოსული არაერთი გამორჩეული სურათი, ამასთანავე უმნიშვნელოვანესი რესტოსპექტივები და მასტერ-კლასები.

სრული პროგრამისა და განრიგის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ კინოფესტივალის საიტს. (https://www.tbilisifilmfestival.ge )

 

ახლა კი გთავაზობთ იმ 20 ღონისძიებას რომელიც არ უნდა გამოტოვოთ კინოფესტივალზე:

  • უტა ბერიას „უარყოფითი რიცხცები“ თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სადებიუტო ნამუშევრად. ფილმში მოვლენები არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ვითარდება და რეჟისორი გვიჩვენებს როგორც ამ სივრცეში ნაწარმოებ ძალაუფრებრივ ურთიერთობებს, ამასთანავე სხვადასხვა ინტერესების და მენტალობის მქონე ახალგაზრდების სოციალურ ინტერაქციებს. უტა ბერია ქართულ კინოში კვლევის საკითხს აბრუნებს და მისთვის მნიშვნელოვანი ხდება როგორც ფილმის დრამატურგია, ამასთანავე რიგ მოვლენებზე ავტორისეული რეფლექსია და კინოკამერის ინსტრუმენტად ქცევა. კამერის, რომელიც არათუ დამსჯელობითი, არაჰუმანური აპარატის მხარეს დგას (რომელიც რიგ მომენტებში ქვეყნის მეტაფორაც ხდება) ან ნეიტრალური პოზიციიდან უყურებს მოვლენების განვითარებას, არამედ ჩაგრული ახალგაზრდების ბრძოლაში ერთვება და ამაღელვებელ კინონაწარმოებს ქმნის.

  • კენ ლოუჩის უკანასკნელი ფილმის, „უკაცრავად, გამოგვრჩით“(Sorry We Missed You) , პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ბრიტანული კინოს მეტრი კიდევ ერთ მწვავე ნამუშევარს გვთავაზობს ბრიტანული პოლიტიკის არაჰუმანურ ბუნებასა და სოციალური ინსტიტუტების სრულ მოშლაზე. კომენტარს აკეთებს როგორც ზეგანაკვეთური შრომის ექსპლუატაციურ ხასიათზე, ამასთანავე ქარცეცხლში ატარებს „Gig economy”-ს, რომლის ჩარჩოებშიც აღმოჩენილი მუშათა კლასი სიკვდილისთვის და განადგურებისთვისაა განწირული. მხატვრული თვალსაზრისით ფილმი შესაძლოა არაა ლოუჩის საუკეთესო ნამუშევარი, თუმცა რეჟისორი ამ შემთხვევაშიც ძალიან მწვავე შეკითხვებს სვამს, არ ეშლება რიგითი ოჯახის ყოფის ნიუანსების ეკრანული გამომზეურება და ალბათ ყველაზე პესიმისტურ და გამოუვალ ფინალს გვთავაზობს საკუთარ ფილმოგრაფიაში.

  • როი ანდერსონის შემოქმედების მთავარ საგანს- „გაუცხოება“, „სიმარტოვე“ და „სისტემის სისასტიკე“ წარმოადგენს. მისი ჩაგვრისგან და ყოფითი სიმძიმეებისგან დაღლილი გმირები- მტრედის მსგავსად სხედან ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობენ, ცხოვრობენ და მუშაობენ ჩახუთულ სახლებში, სოციალურ თუ სამუშაო დაწესებულებში და ხშირად სპონტანურად და გულუბრყვილოდ ამყარებენ სოციალურ ურთიერთობებს გარესამყაროსთან. როი ანდერსონი, საკუთარი კინოსთვის დამახასიათებელი ირონიითა და „ყინულის ესთეტიკით“, (გრძელი, უწყვეტი კადრების მონაცვლეობით) პოლიტიკურ კომენტარს აკეთებს როგორც ეგზისტენციალურ საკითხებზე, ამასთანავე  კლასობრივ დიფერენციასა და კაპიტალისტურ ანომალიებზე. მისი უკანასკნელი ფილმი „უსასრულობის შესახებ“ (About Endlessness), რომელიც წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა, ნამდვილად იმსახურებს ჩვენ ყურადღებას.

 

  • ალბერტ სერას ახალი ფილმის- „თავისუფლება“ (Liberté) – პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა და ნამუშევარს Un Certain Regard-ის სპეციალური პრიზი გადაეცა ჟიურისგან. მარკიზ დე სადთან გადაძახილებით, მოხუცი ჰელმუტ ბერგერით და ტოტალური სადომაზოხიზმით, სერა პოლიტკორექტურ დღის წესრიგზე ამბობს უარს და ევროპულ კრიზისს ტყეში აღწერილი ორგიებით ეხმაურება. მოზღვავებული ირონიით, თვითირონიით და პაროდიზირებით, სერა მაყურებელელს ეკრანზე იმ იმიჯების ჯაჭვს წარუდგენს, რომელთა დანახვაც ალბათ არავის სურს. ყველაფერთან ერთად, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი სეანსი (აუდიტორიის ნაწილმა დარბაზი მალევე დატოვა), რასაც ოდესმე დავსწრებივარ.

  • ჯეკ ლონდონის რომანი- მარტინ იდენი- ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ამაღელვებელი მოგონებაა. საინტერესოა თუ როგორ გადმოიტანს იტალიელი კინორეჟისორი, პიეტრო მარჩელო, მის ახალ სურათში- ‘’მარტინ იდენი“ (Martin Eden), დაუნდობელ ანტისისტემურ პასაჟებს, კლასობრივი უთანასწორობის, ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმს შორის გაჩენილ დაუსრულებელ ბრძოლასა და როგორ მოარგებს ამ ყველაფერს თანამედროვე კონტექსტებს. საგულისხმოა ისიც რომ ლუკა მარინელიმ ამ როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო დაიმსახურა და ჟიურიმ მისი პერფორმანსი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობის, ჯოაკინ ფენიქსის, „ჯოკერს“ ამჯობინა.

  • სელინ სიამას- ‘’ლმოდებულიქალის პორტრეტი“ (Portrait of a Lady on Fire), ორი განსხვავებული კლასისა და ინტერესების მქონე ქალის “შეუძლებელ” სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიამბობს. ვიზუალური პოეზიით, მელოდრამატული, რეალისტური და პოეტური გადაწვეტების ურთიერთშერწყმით, ღრმად სტრუქტურირებული გამოსასახულებითა და ოსტატური ხმის დიზანით, ბერძულ მითოლოგიასთან თუ მხატვრობასთან ინტენსიური გადაძახილებით, სიამა საკმაოდ ინტიმურ და გულწრფელ ნამუშევარს გვთავაზობს. ფილმის ფინალური სცენა კი, წელს ნანახ ფილმებს შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მელანქოლიური კინომოგონებაა.

  • იტალიელი კლასიკოსი, მარკო ბელოკიო, მის ახალ ფილმში – ‘’მოღალატე“ (The Traitor), იტალიელი მაფიოზის, ტომაზო ბუშეტას შესახებ მოგვითხობს და 70-იანი/ 80-იანი წლების სიცილიაში გვაბრუნებს. ვისაც ძველი სტილის იტალიური ფილმები მოგწონთ მაფიაზე, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ესთეტიკური და პოლიტიკური გადაწვეტებით, არ გამოტოვოთ აღნიშნული სეანსი.

  • პედრო კოშტა თანამედროვე კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი და ჩაგრულთაა ხმაა. ესთეტიკის პოლიტიზაციით, გადაღების გამორჩეული სპეციფიკით, ფიქციისა და რეალობის ურთიერშერწყმით, წარსულის, აწმყოსა და მომავლის შეტაკებებით, პორტუგალიელი რეჟისორი ფილმებში მარგინალი ადამიანებების ისტორიებს გვიამბობს. მისი უკანასკნელი სურათი, ‘’ვიტალინა ვარელა“ (Vitalina Varela), წლევანდელი ლოკარნოს კინოფესტივალის ტრიუმფატორია. ფილმი პორტუგალიაში მცხოვრებ ღატაკ კაბო-ვერდეელ ემიგრანტებზე გვიამბობს. მისი შემოქმედება და ამ ფილმზე გამოხმაურებები, ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს და “ვიტალინა ვარელას” ერთ-ერთ არგამოსატოვებელ სეანსად არეგისტრირებს.

  • ბელგიელი კლასიკოსების, ძმები დარდენების, ახალი ფილმი, ‘’ახალგაზრდა აჰმედი“ (Young Ahmed), ჯუნ ჰო-ბონგის „პარაზიტთან“ ერთად, ალბათ წელს ნანახ ფილმებს შორის (ამ ეტაპზე) საუკეთესო ნამუშევარია.  დარდენები არიან რეჟისორები, რომელთაც ზედმიწევნით ესმით სოციალური კინოსთვის დამახასიათებელი ელემენტები და ხელოვნებისა და პოლიტიკის განუყოფელობის საკითხი. ამასთანავე, ალბათ არცერთ რეჟისორთან არაა ხელის კამერა, ასეთი კომპლექსური, დაუნდობელი და ემპათიით დამუხტული. “პატარა აჰმედი” ბელგიაში მცხოვრები ბიჭუნას ისტორიას გვიამბობს, „ბავშვობა წართმეული მოზარდის” რომელიც რიგი სირთულეების გამო რელიგიურ ექსტრიმიზმთან კავშირდება.

  • ჩინელი რეჟისორი, ვან სიაოშუაი, ჩინური კინოს “მეექვსე თაობის” წარმომადგენელია, რომელსაც არაერთი გამორჩეული ნამუშევარი აქვს შექმნილი. მისი უკანასკნელი ფილმის, ‘’მშვიდობით, ჩემო ბიჭო“ (So Long, My Son), პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა და ორი პრიზიც გადაეცა (მსახიობ მამაკაცსა და ქალს). ფილმი მოგვითხობს ორი ოჯახის ისტორიას, რომელიც დაახლოებით 30 წლის ინტერვალში ვითარდება. როგორც ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმი აქცენტს სიყვარულზე, ქორწინებასა და  ბავშვების აღზრდაზე აკეთებს. საუბრობს რა ჩინეთის ეკონომიკური რეფორმის შემდგომ სამსახურიდან მასობრივ დათხოვნებსა  და სოციალურ და კულტურულ კატაკლიზმებზე. ვფიქრობ ეს ის შემთხვევა იქნება, როცა ფილმის ქრონომეტრაჟს (185 წუთი) ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ვისიამოვნოთ კინოს მაგიით.

  • „ბაკურაუ“ (Bacurau) თანამედროვე ბრაზილიური კინოს გამორჩეული ავტორის, კლებერ მენდოსა ფილიოსა და ხულიანო დორნელესის ერთობლივი ნამუშევარია. ანტიკოლონიალისტური პასაჟებით და კოლექტიური ინტერესების წინწამოწევის გადაუდებელი აუცილებლობით, ვესტერნის ჟანრში გადაწყვეტილი “ბაკურაუ” ბრაზილიის ისტორიული წარსულისა და აწმყოს ურთიერთმიმართებაზე აკეთებს აქცენტს, არც რასიზმისა და ეკონომიკური ფაშიზმის ჩვენებას გაურბის, და პოეტური და ტრანსცენდენტალური  კინოსთვის დამახასიათებელი ესთეტიკითა და სიმბოლისტური და ალეგორიული კინოენით, საუბრობს იმაზე თუ როგორ შთანთაქავს ამერიკული იმპერიალიზმი ბრაზილიურ მიწას და როგორ ხდება ამ მიწაზე გარემოს კორპორატიული ექსპლუატაცია და ადამიანების სოციალური და ეკონომიკური იზოლაცია.

  • ლული ვანგის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, „გამომშვიდობება“ (The Farewell), ვანგი ავტობიოგრაფიულ ფილმში ოჯახურ დილემებზე და იმ ემიგრანტულ გამოცდილებაზე (რეჟისორი ჩინეთიდან ამერიკაში გადასახლება 6 წლის ასაკში მოუწია) საუბრობს, რასაც არაერთი ოჯახი გადის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლების შემდგომ. იმედი გამოვთქვათ რომ ჩლოე ზაოს შემდგომ, კიდევ ერთი საინტერესო ჩინელი ავტორი შეუერთდება ამერიკულ კინოს და კომერციული კინოს მიღმა, ავთენტურ და შეგრძნებად ნამუშევარს შემოგვთავაზებს.

  • წელს კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამაში- „აპოლო: კინოს მეხსიერება“ -ბრიტანული რეტროსპექტივა იქნება წარმოდგენილი, რომელიც კინოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოძრაობას, ბრიტანული ახალი ტალღის (არამხოლოდ, რადგან ნაჩვენები იქნება გვიანდელი ფილმებიც), ფილმებს გააერთიანებს (ჯამში შვიდი სურათი).  ცხადია, ვისაც დრო და საშუალება გექნებათ, თითოეული ფილმის ნახვასა და მათ ხელახალ აღმოჩენას გირჩევთ, თუმცა თუ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, შემდეგ სამ ფილმზე შეჩერდით და ნახეთ  ტონი რიჩარდსონის „გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა“ (The Loneliness of the Long Distance Runner; 1962), ლინდსი ანდერსონის „ასეთია სპორტული ცხოვრება“ (This Sporting Life; 1963) და ნიკოლას როუგის „არ გამოიხედო“ (Don’t Look Now; 1973). ჟანრული თუ ესთეტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, სამივე ფილმი შესაშური ოსტატობით, “გაბრაზებული” კინოენითა და თანმიმდევრული ფორმალისტური, პოეტური, პოლიტიკური და იდეოლოგიური მიდგომით, ანტიკაპიტალისტურ შეტყობინებებს ავრცელებს ეკრანზე, რაც ცხადია მათ არგამოსატოვებელ ღონისძიებებად აფორმებს.

  • კინოფესტივალის ერთ-ერთი სექცია, რეჟისორი ფოკუსში, ამჯერად მექსიკელ კინორეჟისორის, კარლოს რეიგადასის, ფილმების რეტროსპექტივას მიეძღვნება (ნაჩვენები იქნება მისი ხუთი ფილმი). რეიგადასი ე.წ. “ნულოვანი წლების კინოს” ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მიუხედავად იმისა რომ მას აქვს საკუთარი ხელწერა და წინასწარ განსაზღვრული ფორმალისტური ხედვები, მისი თითოეული ნამუშევრები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან და ფილმიდან- ფილმამდე რეჟისორი ახალ ვიზუალურ გადაწვეტებზე აკეთებს ფოკუსს. ფორმალისტური ნიუანსებით კი მუდმივად საუბრობს პერიფერიისა და ცენტრის ურთიერთმიმართებისა და გლობალიზაციის მტკივნეულ საკითხებზე, ხოლო მისი ესთეტიკის ამოცანა მოცემული რეალობის ინდექსირება და მის გარშემო არსებული სოციო-ეკონომიკური და კულტურული პროცესების წინწამოწევა ხდება. თუ არჩევანის რამდენიმე მათგანზე გაკეთება მოგიწევთ, არ გამოტოვოთ ‘’ზეციური ბრძოლა“ (Battle in Heaven; 2005) და „ჩუმი სინათლე“ (Silent Light ; 2007). გარდა მისი ფილმების ჩვენებისა, რეჟისორი თბილისსაც ეწვევა და სურვილის შემთხვევაში საშუალება გექნებათ მის ორ მასტერ-კლასს დაესწროთ. (https://www.facebook.com/events/724528901363382/)

  • დიდი ხნის პაუზის შემდგომ, ლანა ღოღობერიძემ ახალი კინოსურათი- ‘’ოქროს ძაფი’’-  გადაიღო.  როგორც სინოფსისში ვკითხულობთ “ფილმის მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალია. ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად და, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი. ელენეს მყუდროებას არღვევს მათ სახლში მირანდას გადმობარგება. მირანდა, ყოფილი საბჭოთა მაღალი ფუნქციონერი, ელენეს მძახალია. იგი  ალცჰაიმერით არის დაავადებული და მისი მარტო დატოვება შეუძლებელი ხდება. ამასობაში ყველას ავიწყდა ელენეს დაბადების დღე. მაგრამ მას მოულოდნელად ურეკავს ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული – არჩილი. ელენეს და არჩილის სატელეფონო რომანის ფონზე მიმდინარეობს ორი ქალის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება.”  წინასწარ რთულია პროგნოზების გაკეთება, მაშინ როდესაც ჩემთვის მისი საუკეთესო ნამუშევრის  გამოსვლიდან (რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე; 1978) 41 წელი გავიდა,  თუმცა დიდი ბიოგრაფიის მქონე, 91 წლის რეჟისორის, ავტობიოგრაფიული ელემენებით გაჯერებული ახალი ფილმი ნამდვილად იწვევს დიდ ინტერესესს.

  • ვისაც კინომუსიკა და მისი შექმნის სირთულეებსა და გამოწვევებზე მსჯელობა გაინტერესებთ, არ გამოტოვოთ ინგლისელ დრამარტურგთან და კომპოზიტორთან (ნილ ბრენდი) დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. დეტალებს ღონისძიების ლინკზე გაეცანით (https://www.facebook.com/events/2178824199088190/).

 

  • თანამედროვე იაპონური კინოს გამორჩეული ავტორის, ჰიროკაძუ კორეედას, შესაძლოა საუკეთესო ფილმი, „წვრილმანი მძარცველები“ (Shoplifters), 2018 წლის კანის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო ხვდა წილად. ამაღელვებელ სურათში, კლასიკური მუშათა კლასის ოჯახის შექმნის ნაცვლად, კორეედა კომუნის ტიპის სივრცეს გვთავაზობს, სადაც ყველას თავის ფუნქცია და როლი გააჩნია. მწვავე სოციალური კომენტარის გარდა, ეს ფილმი პირველ რიგში სოლიდარობის და ადამიანური ურთიერთობების მანიფესტია. ზუსტად 1 წლის შემდგომ კორეედა იღებს ახალ ფილმს, „სიმართლე“ (The Truth). ფილმის ტრეილერით, სამსახიობო ანსამბლითა (კეტრინ დენევი, ჯულიეტ ბინოში, ეთან ჰოუკი) და გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, “სიმართლე”  ‘დასავლურ მზერაზე’ მორგებულ ნამუშევარს უფრო გავს და თითქმის არაფერი აკავშირებს მის წინა სურათთან, თუმცა წინასწარი განწყობებისგან დისტანცირება და ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა, მაინც საუკეთესო გამოსავალი მგონია.

  • „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია“ (God Exists, Her Name is Petrunya) მაკედონიელი რეჟისორის, ტეონა სტრუგარ მიტევსკას თამამი განაცხადია. რეჟისორის ფემინისტური სატირას, რომლის ქალი პროტაგონისტიც პატრიარქალური ეკლესიის მმართველებისგან თავის დახსნას ცდილობს (რადგან იგი მამაკაცების „რელიგიურ რიტუალში“ იღებს მონაწილეობას ჯვარის ხელში ჩასაგდებლად),  წინა პლანზე პოსტ-იუგოსლავიურ მაკედონიაში არსებული მორღვეული ინსტიტუტების კრიტიკა გამოაქვს და მიუხედავად რიგი დრამატურგიული თუ მხატვრული ჩავარდნებისა, ფილმი მაინც აკეთებს გარკვეულ სოციალურ კომენტარს ამ სივრცეში ნაწარმოებ კულტურულ და პოლიტიკურ პრაქტიკებზე.

  • ბრალიზილიელ რეჟისორს, ალეხანდრო ლანდესს, სადებიუტო ფილმში – “მონოები” (Monos) – კოლუმბიურ მიწაზე გადავყავართ და როგორც კრიტიკოსები იუწყებიან რეჟისორი კომუმბიის ისტორიისთვის ძალიან მწვავე და კრიტიკულ საკითხებს უკირტიკებს. ამასთან ერთად, ფილმი უილიამ გოლდინგის რომანს- “ბუზთა ბატონს”- ეხმიანება და ავტორი არც ვერნერ ჰერცოგისა (Aguirre, the Wrath of God; 1972) და ექტორ ბაბენკოს (Pixote;1981) მიმართ უჩივის გულგრილობას.

  • ფესტივალი  დიდი კინო-პოეტის, მიხეილ კობახიძის „ქორწილით“ (1964) დაიხურება. ფილმით, რომელიც „ქოლგასთან“ (1967) და „მუსიკოსებთან“ (1969) ერთად, სამუდამოდ ჩაიწერა ოქროს ასოებით ქართული კინოს ისტორიაში.
Close Menu