ავტორი: ალექსანდრე გაბელია
როცა ყველაზე ნაკლებად ელი, სიყვარული მოულოდნელად მოდის…
— Pet Shop Boys, Love Comes Quickly
არსებობს კინემატოგრაფიული გამოცდილებები, რომლებიც სიტყვის ფუნქციას ხელახლა გვაფასებინებს. კინოთეატრის სიბნელეში, როდესაც ფილმის ენაც და სუბტიტრებიც ერთნაირად უცხოა, ხვდები, რომ ნამდვილი კინოენა ვერბალურ გამოხატულებაზე მაღლა დგას — ის კადრის კომპოზიციაში, შუქ-ჩრდილების მონაცვლეობაში, მზერაში და დარბაზში გაზიარებულ საერთო დუმილში ითარგმნება. კინოთეატრი მალევე ჰერმეტულ თავშესაფრად გარდაიქმნება, სადაც ენობრივი ბარიერი, გარე სამყაროს ქაოსი და ყოველდღიურობის სიმძიმე ძალას კარგავს. ამ სიბნელეში ფილმის აღქმის თანაავტორი ხდება შენ გვერდით მჯდომის ფიზიკური თანაარსებობა — მისი სუნთქვის ჩუმი რიტმი, სიცილი თუ კინოპროექტორის შუქზე წამიერად გამოკვეთილი პროფილი.
აკი კაურისმიაკის ჩამოცვენილი ფოთლები (Fallen Leaves, 2023) სწორედ მსგავსი თავშესაფრის, პათეტიკისგან დაცლილი მელოდრამაა, რომელშიც გარესამყაროს პესიმიზმს გმირების გულწრფელი, დაუცველი ბუნება ეჯახება. როდესაც ანსა (ალმა პოისტი) და ჰოლაპა (იუსი ვატანენი), კარაოკე-ბარში დაწყებული ნაცნობობის შემდეგ, პირველად ხვდებიან კინოს დარბაზში (ისე რომ ერთმანეთის სახელებიც არ იციან), ჯიმ ჯარმუშის ზომბი-კომედიის, მკვდრები არ კვდებიან (The Dead Don’t Die, 2019) საყურებლად, ეს არ არის უბრალოდ პაემანი — ეკრანის შუქზე ორი გარიყული ადამიანის გაუცხოება ქრება და მათ შორის ნამდვილი კავშირი იბადება.
კაურისმიაკის რეჟისურა რადიკალურად მინიმალისტურია. სტატიკური, ფრონტალური კამერა გმირებს პორტრეტებივით გვიჩვენებს და მსახიობებს თეატრალური ემოციურობისგან ათავისუფლებს. აქ პაუზა, სიცარიელეში მიმართული მზერა თუ ხელის მცირე მოძრაობა ნებისმიერ რეპლიკაზე ბევრად უფრო მეტს უჩვენებს. რეჟისორი ამ უსიტყვო თანაგანცდას ვიზუალური კონტრასტებით აძლიერებს: ინდუსტრიული გარემოს ნაცრისფერ გაუცხოებაში ოპერატორ ტიმო სალმინენის პალიტრა — მკვეთრი წითელი და ლურჯი — პერსონაჟების შინაგან მდგომარეობასა და ადამიანურ სიახლოვეს აშიშვლებს. თხრობის მანერა უკიდურესად მშრალია. კაურისმიაკი უარს ამბობს თვალშისაცემ, დინამიკურ ჭრებზე და კადრების დინებას გმირების მონოტონურ, ყოფით ტემპს უსადაგებს. ეს ფორმალური თავშეკავება აძლიერებს სურათის მელანქოლიურ იუმორს და დუმილისთვის ტოვებს სივრცეს.
ამ დუმილის მიღმა ცივი ჰელსინკია. კაურისმიაკი, როგორც თანმიმდევრულად მემარცხენე ავტორი, გვიჩვენებს, რომ მისი გმირების მარტოობა პირადი ფსიქოლოგიური კრიზისი კი არა, სოციალურ-ეკონომიკური წესრიგის პირდაპირი შედეგია. ანსა და ჰოლაპა თანამედროვე პრეკარიატის ტიპური წარმომადგენლები არიან, რომლებსაც სისტემა მხოლოდ ჩანაცვლებად, იაფ მუშახელად განიხილავს. სუპერმარკეტიდან ვადაგასული პროდუქტის წაღების გამო სამსახურიდან გაგდებული ანსა და სახიფათო შრომისგან ალკოჰოლში ჩაკარგული ჰოლაპა ნულოვანი საათების კონტრაქტებისა და სოციალური დაუცველობის მსხვერპლი არიან. კაურისმიაკი მძიმე ყოფით გატანჯულ გმირებს მაინც უნარჩუნებს ერთად გადარჩენის იმედს.
აქ სისტემის მთავარი იარაღი დროის ექსპროპრიაციაა. მშრომელებისთვის დრო მონოტონური და დამღლელია: ყოველი საათი დამსაქმებელს ეკუთვნის და არა დასაქმებულს. სწორედ ამიტომ ჩამოცვენილ ფოთლებში ფრაგმენტები, რომლებიც გმირებს შრომის მიღმა რჩებათ, თითქმის საკრალურ მნიშვნელობას იძენს. მათ იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ წლების განმავლობაში ეძებონ საკუთარი თავი. კაურისმიაკის სამყაროში კავშირები გაელვებას ჰგავს: ერთად გაზიარებული ყავა და ღვინო, გასეირნება ცივ და ქარიან ქუჩებში, ან მზერა კინოთეატრთან, სრულად ცვლის მათი ერთფეროვანი ყოველდღიურობის რიტმს. ფილმი გვახსენებს, რომ სიახლოვის ძალა მისი ხანგრძლივობით არ იზომება. გაუცხოებულ რეალობაში, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის უხილავნი არიან, ერთი შეხვედრაც საკმარისია სამყაროს მექანიკური მსვლელობის შესაფერხებლად. ხოლო ხანმოკლე თანაკვეთას იმაზე ღრმა კვალის დატოვება შეუძლია, ვიდრე წლობით გაგრძელებულ ინერციულ თანაცხოვრებას.
ანსასა და ჰოლაპას კავშირის მყიფე ბუნებას ქარში დაკარგული ტელეფონის ნომერი გამოხატავს, რაც ალუზიას ბადებს ერიკ რომერის ზამთრის ზღაპრთან (A Tale of Winter, 1992), სადაც პერსონაჟები ერთმანეთს სწორედ საბედისწერო, არასწორად ჩაწერილი მისამართის გამო კარგავენ. ციფრული ჰიპერკომუნიკაციის ეპოქაში, რომელიც სიახლოვის მხოლოდ ილუზიას ქმნის, რეჟისორი პერსონაჟებს ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას განგებ ართმევს. ეს დაკარგული ფურცელი იმის მეტაფორაა, თუ რამდენად იოლად წყდება ძაფი ორ ადამიანს შორის, როდესაც გარემო მათ იზოლაციაში აქცევს. აქ კომუნიკაციის აღდგენა ტექნოლოგიის ნაცვლად ფიზიკური, სივრცითი ერთგულებით ხდება — კინოთეატრის წინ ჯიუტი დგომით, რომლის კედლებზეც გოდარის, მელვილისა და ჰიუსტონის ფილმების აფიშებია გამოკრული. პირველი პაემნის ეს მატერიალური კვალი ანსასა და ჰოლაპას საერთო მეხსიერებაში მაშინაც რჩება, როცა მათ შორის ბარიერები ჩნდება.
გმირების დისტანცია ფილმის ურბანულ მელანქოლიაშიც მატერიალიზდება — საჯარო ტრანსპორტის გაჩერებებსა და ანონიმურ სადგურებში, სადაც ნებისმიერ სიახლოვეს გარდაუვალი გამომშვიდობების სევდა ახლავს. ანსას უკან დახევის მიზეზი ჰოლაპას ალკოჰოლიზმია და არა გულგრილობა. ეს დამოკიდებულება მხოლოდ მავნე ჩვევა როდია, ის ყოფიერების ანესთეზირების ერთადერთი ინსტრუმენტია: „ვსვამ, რადგან დეპრესიაში ვარ, და დეპრესიაში ვარ, რადგან ვსვამ“, — ამბობს ჰოლაპა ისე, თითქოს ამინდის პროგნოზს კითხულობდეს. როდესაც ანსა ამ რეალობას აწყდება, ის უარს ამბობს მსხვერპლის ან „მხსნელის“ პატრიარქალურ როლზე. ტიპურ პრაგმატულ ურთიერთობებში კი სიახლოვის შიში ხშირად თავდაცვით ფორმას იღებს, რადგან ნამდვილი ემოციების დაბადება და სიყვარული ყოველთვის მოითხოვს პასუხისმგებლობას. განშორება ზოგჯერ გაქცევაა იქიდან, სადაც ურთიერთობა უსაფრთხო თამაშის საზღვრებს სცდება და რეალობად იქცევა.
კაურისმიაკის კინოში აუდიო-ვიზუალური ქსოვილი ემოციური თარგმანის მთავარი ინსტრუმენტია. ცენტრალურ მიზანსცენაში, პირქუშ კარაოკე-ბარში, სცენაზე ფინური დუეტი Maustetytöt ჩნდება. მათი მექანიკური, თითქმის გაყინული პერფორმანსი იდეალურად ირეკლავს ნაცრისფერი ყოველდღიურობის სიმძიმეს. ჯგუფის სიმღერა — სევდაში დაბადებული და იმედგაცრუებით შემოსილი — ფილმის ყველაზე ინტიმურ და მტკივნეულ სიმართლეს აშიშვლებს, ხოლო მისი რეფრენი — „მიყვარხარ, მაგრამ ჩემი თავი მამძიმებს“ — ზუსტად გამოხატავს იმ ემოციურ ტვირთს, რომელიც ადამიანს სხვისი შეყვარების ძალას ართმევს. რეჟისორი ამ პასაჟით აჩვენებს, რომ სევდა ფილმის გმირების ყოფიერების ბუნებრივი და ღირსეული ნაწილია, ხოლო იმედგაცრუება მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა სამყაროსგან ილუზიურ ბედნიერებას მოველით.
ამ მუსიკალურ მელანქოლიას კაურისმიაკი უფრო უხეშ მოცემულობას უპირისპირებს და ფილმის ანაქრონისტულ გარემოს — ვინილის ფირფიტებს, წარსული ეპოქის ესთეტიკას — მკაცრ ისტორიულ დროსთან აკავშირებს. ძველი რადიო მუდმივ, აკვიატებულ ფონად იქცევა და ოთახში უკრაინის ომის მძიმე ქრონიკები შემოაქვს. ამ გზით რეჟისორი მაყურებელს აწმყოსთვის თვალის არიდების საშუალებას არ აძლევს: გლობალური კატასტროფები და იმპერიალისტური ძალადობა მუდამ იჭრება პერსონაჟების კამერულ სივრცეში.
ჰოლაპა ალკოჰოლზე უარის თქმით სიყვარულის გამო საკუთარ ეგოსა და ძველ იდენტობას თმობს, რის შემდეგაც ანსასკენ მიმავალს მოულოდნელად ტრამვაი ეჯახება. მისი საავადმყოფოში მოხვედრა სიუჟეტის გარდამტეხი მომენტია, ხოლო ანსას ყოველდღიური სტუმრობა და მასზე ზრუნვა ურთიერთობას სრულიად ახალ სიღრმეს სძენს. ფილმის დასასრულს, სივრცის სიღრმეში მიმავალი გმირები აჩვენებენ, რომ იმედი კაურისმიაკისთვის პოლიტიკური აქტია: იმ გაუცხოებას, რომელსაც სისტემა ნერგავს, ისინი ადამიანური სოლიდარობით უპირისპირდებიან. ეს ფინალი ჩარლი ჩაპლინის ახალ დროებასთან (Modern Times, 1936) პირდაპირი გადაძახილია. უცნობი მომავლის წინაშე მათ გვერდით მიჰყვება ძაღლი, რომელსაც „ჩაპლინი“ ჰქვია.
რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ისტორიები ხშირად ნაადრევად სრულდება — პარტნიორის გადაწყვეტილების, ორმხრივი გაუცხოების ან უბრალო გარემოებათა გამო. თუმცა კაურისმიაკის სამყაროში ჩაგრულ ადამიანებს მაინც ეძლევათ საკუთარი ისტორიის გადაწერის შანსი. აქ საბოლოო ხსნა ფიზიკურ თანაარსებობაშია: მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულ ჰოლაპას გადაადგილება უჭირს, ის ხეივანში ანსას მხარდამხარ მიაბიჯებს. ცხოვრების მთავარი პარადოქსი სწორედ ისაა, რომ სისუსტე და ტკივილი, რომელთაგანაც გაქცევას ვცდილობთ, საბოლოოდ გვიბიძგებს ერთმანეთს მივენდოთ.
კაურისმიაკი ბანალურ კათარზისს არ გვთავაზობს. უსიტყვო თანაგანცდა ეკრანის ჩაბნელების შემდეგაც გრძელდება: ფოთოლცვენა და გარდაუვალი ზამთრის მოლოდინი — ორი ადამიანი, ერთი რიტმი.