• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტები
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი Cahiers du Cinéma: ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

Cahiers du Cinéma: ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან

  • სექტემბერი 25, 2026
  • ნინი შველიძე
Total
0
Shares
0
0
0

თარგმნა ნინი შველიძემ.
ფოტო მთავარზე: ედუარდ მაკკერი
.

სერჟ დანეისა და სერჟ ტუბიანას ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან კაიე დუ სინემასთვის. ინტერვიუ პირველად 1979 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი, ცოტა ხნის წინ, ოქტომბრის დასაწყისში, პარიზს ეწვია, სადაც ფრანგულ სინემათეკაში მის პატივსაცემად რეტროსპექტივა მოეწყო. რეტროსპექტივის ფარგლებში იოსელიანის სამი ფილმიდან მაყურებელმა ორი ნახა – იყო შაშვი მგალობელი (1970) და გიორგობისთვე (1966). მისი ბოლო ფილმი, პასტორალი (1975), სინემათეკის პროგრამაში შედიოდა, თუმცა არ უჩვენებიათ. ფილმის ასლი საბჭოთა ხელისუფლებამ აბსურდული მიზეზით დაბლოკა, ეს მაშინ, როცა ფილმი მოსკოვის კინოთეატრებში უკვე ოთხი თვის განმავლობაში გადიოდა.

პირდაპირ და მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოთა კინოს მესვეურთა მხრიდან ფილმის აკრძალვის არც ერთი ლოგიკური, გონივრული და ახსნადი მიზეზი არ არსებობს. უცხოელმა კრიტიკოსებმა პასტორალის ნახვა მოსკოვის ბოლო კინოფესტივალზე უკვე მოასწრეს, გარეუბნის ერთ-ერთ დარბაზში. ფაქტი, რომ აღნიშნულ უწყებებს საკუთარი გადაწყვეტილებების ახსნა არც უცდიათ, მიანიშნებს, რომ ცენზურა აბსურდული კულტურული პოლიტიკის შედეგია.

თუმცა, თუ აკრძალვის მიზეზს ხელოვნებაშივე ვეძიებით, მაშინ ოთარ იოსელიანის მომნუსხველი ფილმები სრულებით არ მიეკუთვნება „ლიტერატურული ადაპტაციის“ იმ მეორეხარისხოვან ჟანრს, რომელიც საბჭოთა კავშირშია გავრცელებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ მოქმედებს სოცრეალიზმის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ლიტერატურა მიიჩნევა მთავარ ხელოვნებად, კინო კი მის უკან დგას და ხშირად დიდი ლიტერატურული ტექსტების მსახურის როლი აკისრია.

იოსელიანის კინო სრულიად განსხვავებულია. ეს არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული კინემატოგრაფიული პრაქტიკა, დახვეწილი პოეტური და მუსიკალური სტილით. რეჟისორი ყოველდღიურ ცხოვრებას იღებს – ძირითადად თბილისში, სადაც თავად ცხოვრობს – და რეალობას არ ალამაზებს (აქ ნამდვილად შორს ვართ ჰაგიოგრაფიული კინოსგან). პირიქით, იოსელიანი რეალობას ეფერება, მის კონტურებს მიუყვება, მის მოძრაობასა და შინაგან რიტმს უსმენს.

მისი კინოს უშუალო და შეუფარავ ტონში პოეტური რეალიზმი სრულად ვლინდება, მსგავსი სახელდება ნამდვილად დამსახურებელია და ოთარ იოსელიანს თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეჟისორად აქცევს.

სერჟ ტუბიანა

კაიე დიუ სინემა: ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ქართული კინოს გარშემო გარკვეული მითი არსებობს. რას გულისხმობდით?

ოთარ იოსელიანი: ქართველებს იცნობენ, როგორც ხალხს, რომელიც თითქოსდა ბუნებით უდარდელი და უზრუნველია. სინამდვილეში, ისინი ცდილობენ, შეიმეცნონ სიცოცხლე და მისი საიდუმლოებები. ამ სამყაროდან ვერაფერს წავიღებთ – შიშვლები მოვდივართ და შიშვლები მივდივართ. საბოლოოდ ყველაფერს უნდა შეველიოთ: ნივთებს, ქონებას, ფულს. გაცემა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მიღება. თანაცხოვრებისას ვიზიარებთ სევდას, რომელიც ამ ჭეშმარიტების გააზრებას მოჰყვება. ჩვენ ვსხდებით სუფრასთან და ვნანობთ, რომ დრო გადის, რომ თითქოს არაფერს ვაკეთებთ. მაგრამ ვიცით, რომ გასაკეთებელიც არაფერია…

ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ ზრდილობაა – არ შეაწუხო შენს გვერდით მყოფები. მათ ხომ ისედაც აწუხებს ფაქტი, რომ ცოცხლები არიან. მაშინ რისთვისღა უნდა იბრძოლო? იმისთვის, რომ შეინარჩუნო შენი მიწა, ცხოვრების წესი და კულტურა. საქართველო, რომელიც მეტწილად ქრისტიანული ქვეყანა იყო უკვე მეოთხე საუკუნიდან, გარშემორტყმული აღმოჩნდა მუსლიმური იმპერიებით: სპარსეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ კავკასია. წესით, ქვეყანა მაშინვე უნდა გამქრალიყო, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე სრულიად მარტომ გაძლო. იმ დროს საქართველოში დაახლოებით 800,000 ადამიანი ცხოვრობდა. მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. ამიტომაც დავდეთ ურთიერთდაცვის შეთანხმება მართლმადიდებელ რუსეთთან მუსლიმური ძალების წინააღმდეგ. თუმცა მოულოდნელად ცარიზმმა ეს შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა და საქართველო კოლონიად აქცია. მათ გაანადგურეს სამეფო ოჯახი, მოისყიდეს თავადაზნაურობა, ჩამოაცილეს ეკლესიის წინამძღოლები და პატრიარქები, დაიმორჩილეს უძველესი ქართული ეკლესია – რომელიც რუსულ ეკლესიაზე ექვსი საუკუნით ძველია – და იგი რუსიფიცირებულ პროვინციულ ეკლესიად აქციეს. დღეს ქართულმა ეკლესიამ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და საქართველო ნელ-ნელა იბრუნებს საკუთარ კულტურასა და ენას, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი რამ სამუდამოდ დაიკარგა.

ქართველმა რეჟისორებმა ზედმეტად გამოიყენეს საკუთარი ქვეყნის ეგზოტიკურობა. მათ ფილმებში იყო სიმღერა, ზრდილობა, მხიარულება, უდარდელობა; ისინი ძირითადად ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ვერ ხედავდნენ ქართული სულისა და ხასიათის არსს. ამ რეჟისორებს მართლაც დიდი ნიჭი ჰქონდათ, მაგრამ ისინი არასოდეს შეხებიან სერიოზულ პრობლემებს. მხოლოდ გიორგი შენგელაია და მისი ძმა ელდარი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ჩხეიძე და ლანა ღოღობერიძე წავიდნენ სხვა გზით – სია ფაქტობრივად ამით მთავრდება. თუმცა სწორედ ისინი იქცნენ მაგალითებად ახალი თაობის რეჟისორებისთვის.

ამიტომ იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი, პასტორალს კინოეკრანებზე გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ეს იყო ფილმი, რომელიც კულტურული ინსტიტუტების ფარგლებში გადავიღე, მაგრამ შევეცადე, მასში ყოველდღიური ცხოვრების გარკვეულ მორალურ საკითხებს შევხებოდი. აკრძალვის საწინააღმდეგოდ არაფრის თქმა შეგვეძლო, საბოლოოდ, ფილმი მოსკოვში მაინც გამოვიდა. ისეთი ფილმის კინოეკრანზე ჩვენებას, როგორიც ჩემია, სამი წლის ბრძოლა და ენერგია სჭირდება, მაგრამ ბოლოს შედეგს მაინც აღწევ.

მაგალითად, ანდრეი კონჩალოვსკის მეორე ფილმის – პირველი მასწავლებლის (1965) – შემდეგ ასია კლიაჩინას ისტორია (1966) შესანიშნავი ნამუშევარი იყო. ხელისუფლებას მისი ჩვენება არ სურდა. ანდრეის რომ ორი წელი ებრძოლა, საკმარისი იქნებოდა და ფილმი გამოვიდოდა. მაგრამ მან გადაწყვიტა, მაშინვე ახალი ფილმების გადაღებაზე გადასულიყო, გადაეღო აზნაურთა ბუდე (1969), ბიძია ვანია (1970) და სხვა ფილმები, დაეხარჯა ფირი, ძალები, შემდეგ კი დაბრუნებოდა ასიას საკითხს. თუმცა ამის შემდეგ, როგორც ყველამ ვიცით, რუბიკონია, რომელსაც ვეღარ გადალახავ.

აქ უკვე ბრძოლაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგ ვიბრძვით? ამაზე ზუსტი პასუხი გვაქვს: ბიუროკრატების, საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც მთელ მსოფლიოში „წვრილბურჟუაზიულ სულს“ განასახიერებენ. მათ არ შეუძლიათ ჩვენი სიყვარული. ეს გარკვეულწილად ბუნებრივიცაა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოხელეებს ევალებათ ისეთი რამეების დაცვა როგორიც ჰუმანიზმი, პროგრესი, კეთილგანწყობა, მშვიდობაა – ე.ი კეთილშობილური და მაღალი ღირებულებების. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ზოგჯერ დიდი დრო სჭირდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ლოგიკური არგუმენტებით ვეკამათოთმ ამ საჯარო მოხელეებთან. საბოლოოდ კი, მათ დათმობა უწევთ.

ფიროსმანი (1969) კიდევ ერთი მაგალითია – შესანიშნავი ფილმი. რამდენი წელი დასჭირდა მის კინოთეატრებში გამოსვლას? ორი წელი. გიორგი შენგელაიაც დაიღალა ამ ბრძოლებით, მაგრამ დღესაც აგრძელებს პატიოსანი ფილმების გადაღებას. იგივე შეიძლება ტარკოვსკიზეც ითქვას.

კაიე დიუ სინემა: ვინც ამ ვითარებას არ იცნობს, შეიძლება იფიქროს, რომ ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს ხელი შეუშალოს რეჟისორს ფილმების გადაღებაში, რათა პირადად მას გაურთულოს ცხოვრება. მაგრამ თქვენი ნათქვამიდან ჩანს, რომ საქმე ასე არ არის – ისინი ხელს არ გიშლიან ფილმის გადაღებაში, არამედ ცდილობენ, თქვენი ნამუშევარი სხვა მიმართულებით წაიყვანონ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან გამოდის, რეალურად ცენზურა არ არსებობს.

იოსელიანი: კინოში ცენზურა, ჩემი აზრით, სავსებით გონივრული რამ არის. აკრძალულია, ვთქვათ, პორნოგრაფიული ფილმების გადაღება, აკრძალულია შეურაცხმყოფელი ფილმების გადაღება, აკრძალულია არაჰუმანურობა – ეს უბრალო ცენზურაა. მაგრამ ამის შემდეგ მაინც შეგიძლია საკუთარ გზას დაადგე. იყო მეძავი, თან მართლმადიდებლური დოგმების დამცველი, იცრუო და თქვა, რომ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მიწიერი სამოთხეა, რომ პრობლემები არ არსებობს – ეს საზარელი პროპაგანდაა. ქვეყანა, რომელსაც პრობლემები არ აქვს, მკვდარი ქვეყანაა. და ჩვენ იქ ვცხოვრობთ, სადაც ვცხოვრობთ.

აღმოვაჩინე, რომ არც საფრანგეთია სამოთხე. საფრანგეთშიც ბევრი რამ ცუდად არის. შეიძლება იქ, სადაც მე ვცხოვრობ, უკეთესია შეიძლება… არ ვიცი. უკეთესი იმ კუთხით არის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები უფრო თავისუფალია, ნაკლებად შეზღუდული ხელოვნური ბარიერებით. ჩვენ თავს არ ვიწუხებთ იმაზე ფიქრით: „ჩემზე მდიდარი ხარ, სულელი ხარ თუ არ ხარ სულელი.“ ჩვენთან სულელები ერთმანეთს პოულობენ, პატიოსანი ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ადამიანები, რომლებიც ხელით მუშაობენ, ხშირად ყველაზე პატიოსნები არიან. არ არსებობს მუდმივი ბრძოლა იმისთვის, რომ მეზობელზე ათჯერ მდიდარი იყო. როცა ადამიანს ესაუბრები, ხუთ წუთში ხვდები, ვინ არის. ცხოვრების გამოცდილება ამ უნარს გიყალიბებს. თუ ვინმესთან ურთიერთობა არ გინდა, არ არის საჭირო თავი მოაჩვენო, თითქოს მოგწონს მხოლოდ საკუთარი წარმატებისთვის. ყოველთვის შეგიძლია დაპირისპირება აირჩიო და მაინც გქონდეს იმედი, რომ შენ გაიმარჯვებ. საფრანგეთში ძალთა ბალანსი სხვაგვარად მუშაობს და ასეთი იმედი გაცილებით მცირეა. ამ თვალსაზრისით, ქართული ცხოვრების წესი უფრო მომწონს, რადგან ის ბევრი ცრუ პრობლემისგან მათავისუფლებს.

ჩემი აზრით, საფრანგეთში ადამიანები დილიდან საღამომდე გიჟებივით მუშაობენ იმისთვის, რომ ჭამონ, დაიძინონ, გაიღვიძონ და ისევ მონებივით იმუშაონ. თქვენს კინოინდუსტრიაში, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, ვისთან უნდა ისადილო ან ივახშმო. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება იკარგება, ფუჭად იხარჯება. არ მჯერა, რომ დედამიწაზე სამოთხის აშენებას შეძლებ, თუ ამისთვის თუნდაც ერთი ადამიანის მოკვლა მაინც გჭირდება. ხალხი ცოდვილია. მაგრამ თუ არ გინდა სისულელეებს ებრძოლო, მაშინ უნდა დაუპირისპირდე ნამდვილ პრობლემებს – ცხოვრების რეალურ პრობლემებს. ამ თვალსაზრისით, ქართული კინო ლეგენდარულია. ავანგარდი და მსგავსი ცნებები ხშირად ყალბია.

ამ უზარმაზარ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია, ალბათ მხოლოდ ხუთი რეჟისორია, რომელიც ცდილობს იმ გზას გაჰყვეს, რომელიც თავად აირჩია. მაგალითად, პანფილოვი – ძალიან კარგი რეჟისორი და პატიოსანი ადამიანი. ტარკოვსკი – ნამდვილი ხელოვანი, თუმცა გარემოებებმა აიძულა, ფილმები ისტორიულ თემებზე, წარსულზე, თითქოს ღრუბლებიდან მოტანილ ამბებსა ან ფანტაზიაზე გადაეღო. ის თითქმის არასოდეს შეხებია თანამედროვეობას. სარკეში ცოტათი შეეხო. სარკე ხარისხიანი ფილმია (film de qualité) და ამავე დროს აზრი, რომელიც მასშია ცოცხალია, პულსირებს. არის იდეები, კარგად ჩამოყალიბებული იდეები, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა ყველას ვერ მოვთხოვთ, დღევანდელობაზე ილაპარაკოს. ყველას თავისი მეთოდი აქვს. პანფილოვი ცდილობდა, გადაეღო შესანიშნავი სატირა მინდა ვილაპარაკო (1975). ჩვენ შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. მაგრამ ვერ ველაპარაკები ადამიანებს, რომლებსაც ფიქრის უნარი არ აქვთ. ჩემთვის ეს უბრალოდ შეუძლებელია…


წყარო: https://metrograph.com/meeting-otar-iosseliani/

პოსტის ნახვები: 51
ნინი შველიძე

წინა სტატია
  • თარგმანი
  • რეცენზია

იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ

  • სექტემბერი 16, 2026
  • ნინი შველიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ

  • ნინი შველიძე
  • სექტემბერი 16, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ისტორია პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა: საუბარი ანჯეი ვაიდასთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • ივლისი 3, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ანჯეი ვაიდა: “ფერფლი და ალმასი”

  • ლიკა გლურჯიძე
  • ივნისი 10, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 30, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ცენზურის ორი სახე

  • ნინი შველიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგე — კინოს ამბები[1]

  • ლიკა გლურჯიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგეს ჯიუტი შეუპოვრობა

  • ნინი შველიძე
  • მაისი 24, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ ალექსანდრ კლუგესთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 20, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს