მთარგმნელი: ნინი შველიძე
ცნობილია, რომ ორგვარი ცენზურა არსებობს. ერთი — თვითცენზურა, რომელსაც ხელოვანი საკუთარ თავს უწესებს, უმეტესად უცხოს შიშით. მეორე — გარეგანი ცენზურა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუცია ახორციელებს, რადგან საკუთარ მოვალეობად საზოგადოებრივი წესრიგისა და მორალური სტანდარტების დაცვა მიაჩნია.
უმეტეს შემთხვევაში, ცენზურად აღიქმება ის შეზღუდვები, რომლებსაც სახელმწიფო ხელოვანებსა და შემოქმედებს უწესებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტის დამფინანსებელი თავად სახელმწიფოა და ხელოვანებიც გარკვეულწილად მის მიერ არიან დასაქმებულები. თუმცა, ცენზურის ასეთი გაგება ზედმეტად გამარტივებულია. ნამდვილი ცენზურა შიშიდან იბადება — შიშიდან, არ გადააბიჯო წესიერების საზღვრებს, ეპოქის გემოვნებას, სოციალურ და მორალურ წინასწარგანწყობებს.
ახალგაზრდობაში, როდესაც პირველად ვნახე ლუი მალის ფილმი, შეყვარებულები (The Lovers, 1958), სრულიად მოვიხიბლე — სუნთქვა შემეკრა. ეს ფილმი ჩემთვის უსაზღვრო ეროტიკული თავისუფლების განსახიერებად იქცა. მრავალი წლის შემდეგ კი ნაგისა ოშიმას გრძნობათა იმპერიამ (In the Realm of the Senses, 1976) მიმახვედრა, რომ სინამდვილეში საზღვრები საერთოდ არ არსებობს.
არაერთხელ მისაუბრია უცხოელ ჟურნალისტებთან, რომლებიც მთხოვდნენ ამეხსნა, როგორ მოქმედებდა პოლიტიკური ცენზურა პოლონეთში. თუმცა, მათგან ვერასოდეს მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე — რატომ იღებდნენ საფრანგეთში ასე ცოტა ფილმს პოლიტიკურად.
II. სარეგისტრაციო ნომერი
Zl-Pf-132/18/75
ვარშავა, 1975 წლის 16 ივლისი
კონფიდენციალური
ასლი №24
ცენზურის საკითხი №18
წინამდებარე წერილით, ცენზურის კომიტეტს ყურადღებისთვის, გიგზავნით ტექსტს — „შენიშვნები ანჯეი ვაიდას ფილმის „აღთქმულ მიწის“ (Promised Land, 1975) განხილვასთან დაკავშირებით“, რომელიც მომზადებულია პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგიური და საგანმანათლებლო დეპარტამენტის მიერ.
იულიან პელჩარსკი
დირექტორი
„ანჯეი ვაიდა პოლონელ კინორეჟისორთაგან ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. ის ასევე ერთ-ერთია იმ ორთაგან — მეორე კშიშტოფ ზანუსია — ვინც კვლავ პოლონეთში აგრძელებს მუშაობას.
მისი კინემატოგრაფიული და თეატრალური ნამუშევრები, ისევე როგორც მისი ინტერვიუები, ცხადყოფს, რომ იგი პოლიტიკურად აქტიური, პრომარქსისტული გაგებით, არ არის. უმეტესწილად, მან დაიკავა პოზიცია, რომელიც ხელოვანებში არცთუ იშვიათია — „ობიექტური მსაჯულის“ პოზიცია როგორც წარსულის, ისე აწმყოს მიმართ.
ვაიდას აზრით, მას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჰუმანიზმისა და მორალის სტანდარტებით შეაფასოს მსოფლიოს პრობლემები ისე, რომ არ დაეყრდნოს მარქსიზმს ან რომელიმე სხვა ფილოსოფიურ თუ სოციალურ დოქტრინას.“
კინო მასებისთვის შექმნილი ხელოვნებაა. ამიტომ ისინი, ვინც მასების მართვას ცდილობენ ან ამ პროცესში მონაწილეობენ, კინოხელოვნების მიმართ გულგრილნი ვერ დარჩებიან. შესაბამისად, კინორეჟისორი აუცილებლად აღმოჩნდება საზოგადოებას — რომლის გრძნობების გამოხატვაც სურს — და ხელისუფლებას შორის მოქცეული.
შესაძლოა, სადღაც არსებობდეს კიდეც ქვეყნები, სადაც ეს ასე არ არის. თუმცა ასეთ ადგილებში მოწყენილობა იმდენად ღრმადგამჯდარია, რომ სულის სიღრმიდან ამოსული ყველაზე შემზარავი ყვირილიც კი ძლივს ახდენს შთაბეჭდილებას. ასეთ ყვირილს იქ არც არავინ მოელის.
„რიჩარდ III“-ში მეფე უკიდურესად უარყოფითადაა წარმოჩენილი. მოგვიანებით ისტორიკოსებმა გვაჩვენეს, რომ ისტორიული მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია რიჩარდ III სრულიად სხვაგვარადაც დანახვაც. ინგლისში დიდი ხანია არსებობს ასოციაცია, რომელიც მის რეაბილიტაციას ცდილობს, თუმცა ამ მცდელობამ მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო.
ძალიან ძნელია შეცვალო ადამიანის სახე, რომლის სახელიცა და რეპუტაციაც სამუდამოდ დამკვიდრდა დრამატულ ნაწარმოებში – თუნდაც ეს პიესა პოლიტიკურად უსამართლო იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ავტორი უილიამ შექსპირია. შესაძლოა, ასოციაციის მიერ წარმოდგენილი ფაქტები სწორია, მაგრამ ამ ფაქტებს მითი აკლიათ.
სწორედ ამის ეშინიათ ხელისუფლებებს — რომ ხელოვანი სამყაროს საკუთარი ხედვით წარმოაჩენს, ისტორიული აუცილებლობის, ძალაუფლების დილემებისა და „უკიდურესად რთული“ პოლიტიკური გარემოებების გაუთვალისწინებლად. ამ „პრობლემის“ თავიდან ასაცილებლად სოციალისტური სახელმწიფო ხელოვნების ყველა ფორმას აფინანსებს — ლიტერატურიდან კინომდე.
წლების განმავლობაში, როდესაც ჩემს ფილმებზე ვმუშაობდი, ყოველთვის მიწევდა მათი ცენზორებისთვის წარდგენა. ვჭრიდი სცენებს და, უპირველეს ყოვლისა, დიალოგებს, რადგან ცენზორებისთვის სიტყვა იდეოლოგიის მთავარი იარაღია.
საბედნიეროდ, ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის კინო გამოსახულების ხელოვნებაა — უფრო ზუსტად კი, იმ უხილავი „რაღაცის“, რომელიც გამოსახულებასა და ხმას შორის იბადება და კინოს სულს ქმნის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია „ფერფლი და ალმასის“ („Ashes and Diamonds“, 1958) ამა თუ იმ პერსონაჟის სიტყვებისა და დიალოგების ამოჭრა…
…მაგრამ ვერავინ შეძლებს ზბიგნევ ციბულსკის შესრულების ცენზურას. სწორედ მის არსებობაში, მის მანერაშია ის განსაკუთრებული „რაღაც“, რომელიც პოლიტიკურ თავხედობას ჰგავს — მუქი სათვალეებით მოსილი ბიჭის თავისუფლება, რომელიც თავსმოხვეულ რეალობას უპირისპირდება.
იგივე შეიძლება ითქვას ფილმზე „მარმარილოს კაცი“ („Man of Marble“, 1977). ეს ფილმი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიუღებელი აღმოჩნდა. რას შეცვლიდა აქ რამდენიმე ამოჭრილი სცენა?
პოლიტიკური კინოს მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ეთანხმები თუ არა ცენზორების ჩარევას. ნამდვილი პრობლემა იმაში მდგომარეობს, როგორ შექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელიც ცენზორს უძლურს გახდის. ვერავინ დააცენზურებს იმას, რასაც ვერ იგებს — იმას, რაც წარმოსახვის საზღვრებს სცდება.
შექმენი რაღაც ჭეშმარიტად ორიგინალური — და ცენზორები სრულიად დაიბნევიან; მათ მოუწევთ მაკრატლების გვერდზე გადადება და სახლში წასვლა.