ბელა ტარის ფენომენზე, მის ესთეტიკურ ხედვებსა და მიზეზებზე, რამაც ის კინემატოფრაფიული გზის ტურინის ცხენით დასრულებამდე მიიყვანა, დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა. როგორც უკვე დავწერე, ის არ არის პროფესიული რეჟისორი, ე. წ. Filmmaker-ი ან „ხელოსანი“. ის უპირველესად მჭვრეტელია, ხელოვანი, რომელიც შექმნამდე თავად განიცდის ყოფიერების სიმძიმეს. ავტორი, რომელიც სრულყოფილად ახდენს რეალიზებას ვიტგენშტაინისეული პოსტულატისა — უმნიშვნელოვანესი მხოლოდ ვლინდება, შეიგრძნობა და არასოდეს ითქმის; ამ გამოუთქმელობისა და უშუალო განცდის პრინციპზე აიგება მთელი მისი შემოქმედება.
ტურინის ცხენშიც პროლოგი ნიცშეზე მხოლოდ ისტორიული ცნობაა, რომელიც იმ კარიბჭესთან მიგვიძღვის, რომლის მიღმაც ნიცშესეული ნიჰილიზმი, ღმერთის სიკვდილი და უჭეშმარიტობა აბსოლუტურ ფიზიკურ ფორმას იძენს და მხოლოდ განიცდება. ბელა ტარის უკანასკნელი ნამუშევარი ბიბლიური „დაბადების“ ანტითეზაა — სამყაროს დესაკრალიზაციის ექვსდღიანი ქრონიკა, რომელშიც მამისა და შვილის ურთიერთობა არსებობის მექანიკურ, ავტომატიზებულ ციკლამდეა დაყვანილი; მათ შორის აღარაა დიალოგი, დარჩენილია ადამიანის საერთო (ისტორიული) ხვედრი: გაზიარებული აუტანელი დუმილი და გადარჩენის ადამიანური რეფლექსი.
ტურინის ცხენი, მიუხედავად მისი რადიკალური მინიმალიზმისა და რიტმული მონოტონურობისა, კინემატოგრაფიული მონუმენტია, რომელშიც ყოფიერების მთელი ისტორიული სიმძიმეა კონცენტრირებული. ის ერთგვარი ეგზისტენციალური შავი ხვრელია — მეტაფიზიკური სივრცე, რომელიც დროსა და სივრცეში მოქცეული უკიდურესი შეზღუდულობის მიუხედავად, წარმოუდგენელ ონტოლოგიურ სიმვკრივეს იტევს. მისი გენიალურობა ასკეტურ მინიმალიზმშია: კარტოფილის ჭამის ერთფეროვან რიტუალსა და ქარის დაუსრულებელ ზუზუნში კაცობრიობის მთელი ტრაგედიაა მოქცეული. ამ ექვსდღიან აპოკალიფსში თანადროულად ვადევნებთ თვალს ღმერთის სიკვდილსა და ადამიანის — მისი ყველაზე პირველყოფილი, ტრაგიკული და მარტოსული სახით — (ხელახალ) დაბადებას; დაცარიელებული ადამიანისა, რომელიც მხოლოდ ჭამს და გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინშია.
თუმცა, რაც რეალურ სამყაროს ტურინის ცხენის შემდეგ შემორჩა, კიდევ უფრო მტკივნეული და ყოვლისმომცველია: მუდმივი აპოკალიფსი, დაუსრულებელი დაუსრულებლობა, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ანაწევრებს და ტკივილს აბანალურებს.
შესაძლოა, სწორედ ეს იგრძნო ბელა ტარმა და ამბოხებული დუმილის მიღმა გაგრძელების აზრი ვეღარ დაინახა.
გიორგი ჯავახიშვილი
07/01/2026