ამონარიდები ბელა ტართან ჩაწერილი ინტერვიუებიდან.
„მიყვარს ფილმ ნუარი. ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი ჰიჩკოკია. არ უნდა იყო დოგმატური, ან ორთოდოქსი. გახსნილი უნდა იყო!“
***
ცეკვის სცენა, ალბათ, ჩემი ფავოროტია ფილმიდან. როგორ მიხვედი ამგვარი სცენის გადაღებამდე, აძლევდი მსახიობებს გარკვეულ მითითებებს?
მეგობარო, თუ ასეთი სცენისთვის მსახიობებისთვის ინსტრუქციების მიცემას დაიწყებ, სულელი ხარ. მათ უბრალოდ უნდა მისცე თავისუფლება. ისინი საკმარისად სვამდნენ, მთვრალებიც იყვნენ. და ვხედავდი, რომ ცეკვისთვის კარგ განწყობაზე დადგნენ, და ჩვენ, ეს სცენა მხოლოდ ერთხელ გადავიღეთ, ეგ იყო და ეგ. ხო იცი, ყველაფერი თავისუფლებაზე უნდა იყოს აგებული. აცადე, იყვნენ თავისუფლად. ამ სცენის შემთხვევაში, ბევრი სპონტანურობა მივიღეთ. კი, კამერა თავისუფალი არ არის, მას მკაცრად განსაზღვრული ქორეოგრაფიული მოძრაობები აქვს, მაგრამ მსახიობები თავისუფლად უნდა ყოფილიყვნენ, მათ საკუთარი თავი უნდა ეჩვენებინათ. თუ მათთვის მითითებების მიცემას დავიწყებდი, დარწმუნებული ვარ, რაც არ უდნა დიდი ფანტაზია მქონდეს, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, იმას ვერ მივიღებ, რასაც თვითონ მოიტანენ.
ეს სცენა, რაღაცით ბრეიგელის ნახატებს მაგონებს. ხედავ, მათ შორის რაიმე კავშირს?
ბრეიგელის ნახატები მუდამ თავში მიტრიალებს. მიყვარს მისი ნახატები და ამ ზაფხულს, ვენაში, როდესაც პროექტზე ვმუშაობდი, მისი ბევრი ნამუშევარი ვნახე. ის საოცარია და სულ ვფიქრობ, მის გავლენაზე. სხვა რეჟისორების ან სხვა ხალხის გავლენა საერთოდ არ მაქვს. მაგრამ ბრეიგელისგან ძალიან ძლიერ შთაგონებას ვიღებ. ეს ზეგავლენა ემპათიაა. თუ ემპათია არ მაქვს პერსონაჟების მიმართ, მაშინ რატომ უნდა ვაკეთოე ეს საქმე? თუ ადამიანები არ მიყვარს, თუ მათ ვერ ვუგებ, თუ მათ ფაქიზად ვერ აღვწერ — მაშინ რატომ ვაკეთო ეს უბედურება? მეგობარო, მე ფილმების შემქმნელი არ ვარ. არ ვარ ნაწილი ამ ინდუსტრიის, უბრალოდ ადამიანი ვარ. ჩემთვის კამერა მხოლოდ იარაღია, ვაჩვენო, როგორ ვხედავ სამყაროს. ესაა და ეს.
ბოლო შეკითხვა. რა კავშირი გაქვს სატანტანგოსთან ოცხახუთი წლის შემდეგ?
ზუსტად იგივე, რაც მაშინ. თითქოს, ჩემი შვილებიდან ერთ-ერთია. იცი რომელიმე მამა, რომელსაც არ უყვარს თავის შვილები? მგონი, არა. როცა ფილმი აღვადგინეთ, თავიდან ბოლომდე, ყველა სცენა ვნახე, და სიმართლე გითხრა — არაფრის შეცვლა არ მომინდა. ჩემთვის სრულიად მისაღებია — ან მას მიიღებ, ან ვერ, ყველაფერი შენზეა.
***
სატანტანგოში კატის სცენების შესახებ:
გაგიჟდი?! — ფეთქდება. — ორი კატა მყავდა. გჯერა, რომ კატას მოვკლავდი? არასდროს! ჯერ ერთი, ზუსტად ვიცოდით, ეს სცენა იქნებოდა საჭირო, და ვიცოდით, რომ ყოველდღე გოგოსთანე ერთად რეპეტიციის გავლა მოუწევდა. ყოველდღე, სასტუმროს ოთახში ერთად თამაშობდნენ ამგვარ „ტრიალის“ ეპიზოდს. ბოლოს კატა ამას ისე შეეჩვია, აღარც ანაღვლებდა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ კატა უნდა მომკვდარიყო. დავურეკე ჩემს ვეტერინარს — ვინც ჩემ კატას უვლიდა, როცა არ ვიყავი — და გადაღებაზე მოვიყვანე. ვუთხარი, რომ უნდა დაეძინებინა და კამერას მაშინ ჩავრთავდით, როცა კატას თავბრუსხვევა დაეწყებოდა ის სიგნალს მოგვცემდა.
მის სიგნალზე გადაღება დავიწყეთ. მთელი გადამღები ჯგუფი, ჩუმად ველოდებოდით 25 წუთი, სანამ კატა გამოღვიძებას დაიწყებდა. მას არანაირი პრობლემა არ შექმნია, დამიჯერე. ფილმში კატის ხმები ინტერნეტში ნაპოვნი ხმებია არქივებიდან, რადგან ჩვენი კატა მუდამ ჩუმად იყო.
***
ვეკითხები, მოსწონს თუ არა ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი სწავლება, ისევე, როგორც ფილმების გადაღება და მპასუხობს:
„არა. ფილმების შექმნა ნარკოტიკივითაა და მე ისევ ჯანქი ვარ. მაგრამ მინდა ვიმუშავო ახალგაზრდებთან, რომ ვუბიძგო მათ, იპოვონ საკუთარი თავები, იყვნენ თავისუფლები, იყვნენ უფრო რევოლუციურები, ვიდრე მე ვიყავი. ჩემი დევიზი ძალიან, ძალიან მარტივია: არა სწავლება — არამედ გათავისუფლება!“
რატომ მიატოვა ფილმების შექმნა 2011 წელს, მას მერე რაც დაამთავრა ტურინის ცხენი, რომელიც გვიჩვენებს ბედს ცხენისა, რომელსაც ნიცშე ატირებული შემოეხვია გაგიჟებამდე:
„მარტივია. დასასრულს ვგრძნობდი. ყველაფერი გადავიღეთ, რაც გვსურდა. დამთავრებულია — ეს შეგიძლია მიიღო ან არ. ეს აღარ იყო ჩემი მოწოდება. პროდიუსერობა მინდოდა, ახალი უნგრული კინოს მხარდამჭერი ვყოფილიყავი. სტუდიაც გვქონად და ვერც კი წარმოიდგენ, როგორი იყო ჩემი სამუშაო მაგიდა, მინიმიმ 10 პროექტი მუდამ ზედ ეყარა. მიყვარდა ამ ხალხთან მუშაობა. მაგრამ მერე ეს მთავრობა მოვიდა, ეს სირები, ეს მემარჯვენე სირები. გარკვევით გვითხრეს, რომ ახალი პირობები იყო, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდით. დაბოლოს, ვთქვი, ჯანდაბა, სჯობს მოვეშვა ამ პროექტებს და წავიდე ამ უიმედო ქვეყნიდან.
არის თუ არა მისი ნამუშევრები ერთგვარი სიგნალი, გაფრთხილება ფაშიზმის საფრთხის შესახებ (ჩაფიქრებული პასუხობს):
საუბარი მარტო ფაშიზმს არ ეხება, საქმე ყველა სახის პოპულიზმშია. იცი, ეგ არის განსხვავება უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. უნგრეთი კიდევ ამაყობს ამ სირობით. დაუჯერებელია ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში, ეს იყო კოშმარი და ახლაც კოშმარია. რომ ვხედავ, როგორაა ხალხი ამ ყველაფერზე დამოკიდებული, აი, ეგაა ჯოჯოხეთი. მაგიტომაც ეხლა უცხოეთში, 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებთან ვმუშაობ.
მათაც ხომ არ ასწავლის გრელი კადრებით მელანქოლიური შავ-თეთრი ფილმების გადაღებას (გაცხარებული პასუხობს):
არა! ჩემი სტილის მიბაძვა აკრძალულია! მათ საკუთარი კითხვები უნდა დასვან და საკუთარ თავს აჯობონ!
ეპიზოდი სატანტანგოდან როდესაც კორუმპირებული პოლკოვნიკი ამბობს: „ცხოვრებას აქვს აზრი, ის მდიდარი, მშვენიერი და ბინძურია!“ რას ფიქრობს, როდესაც მის ნამუშევრებს პესიმისტურს უწოდებენ (მის ხმას დაბალი ტონი ეპარება):
„თუ მართლა პესიმისტი ხარ, ადიხარ სახურავზე და თავს იხრჩობ, და არ დგები დილის ოთხზე სოფელში გადასაღებად წასასვლელად არა? ერთი რამ მინდა გკითხო: რაღაც უნდა გკითხო: რა იგრძენი, როდესაც კინოდან ჩემი ფილმის ნახვის შემდეგ გამოხვედი? უფრო ძლიერი იყავი თუ უფრო სუსტი? მე მინდა, უფრო ძლიერი გახდე.“
***
ესთეტიკას და ხელოვნებას დიდი ადგილი უკავია ნიცშეს ნამუშევრებში, რომლებშიც ის ხელოვნებას განსაზღვრავს, როგორც მთავარ ესთეტიკურ გამოხატვის ფორმას. ეთანხმებით თუ არა ნიცშეს, რომ ხელოვნებას არასწორად ვუდგებით, როდესაც მასში გზავნილების ძებნას ვიწყებთ?
ჩემს ფილმებს, ჩვეულებრივ, გზავნილები არ აქვთ. კამერა დამკვირვებელია და აღბეჭდავს მომენტის ატმოსფეროს და რეაგირებს ცხოვრებაზე. არასდროს მინდოდა მაყურებლისთვის გზავნილის მიწოდება. მე მხოლოდ ჩემი ხედვა მინდა ვუჩვენო — ჩემი წარმოდგენა სამყაროზე. კამერა ობიექტურია, მე მხოლოდ რეალობის ჩვენება შემიძლია. კინო არ არის ლიტერატურა. ის გიჩვენებს მხოლოდ იმას, რაც ობიექტივის წინაა. ამ ყველაფერს ვერ გააყალბებ.
მაგრამ საბოლოოდ შენ ირჩევ, რა აჩვენებ, არა?
კი, რადგან დოკუმენტურ ფილმს არ ვიღებთ. ერთგვარ ფიქციას ვქმნით. მაგრამ ეს მაინც ცხოვრების სარკეა.
რამდენად აკონტროლებ იმას, რაც კამერის წინაა? ნიცშე ფიქრობდა, რომ ხელოვნება აბსოლუტური კონტროლის და სრული შემთხვევითობის შერწყმაა. არის შენს ფილმებში შემთხვევითობისთვის ადგილი?
ჩემს ფილმებში არაფერია შემთხვევითი. შემთხვევითობა მძულს. თითქმის ყოველთვის ფილმი თავიდან ბოლომდე ვიცი. თვალებს ვხუჭავ და ვხედავ მას. ვიცი სცენარი, ვიცი სად ვიღებთ, და ვიცი, ვინ არიან მსახიობები. თუ რამეს შევცვლი, მხოლოდ იმიტომ, რომ მსახიობებს ბუნებრივად ყოფნის და სპონტანურობის შესაძლებლობა მივცე. კამერის მუშაობს კი მკაცრად ვაკონტროლებ.
თუ ზუსტად იცი რა გინდა, რა როლი აქვს შენს ნამუშევრებში მონტაჟს?
დიდი როლი არ აქვს. ჩვენი მემონტაჟე გადაღებების დროს ყოველთვის ადგილზეა და აკონტროლებს პროცესს.
სცენარის შემთხვევაში რა ხდება? კვლავ ლასლო კრასნაჰორკაისთან იმუშავე. აქვს მას გავლენა ვიზუალურ მხარეზე?
არა. ლასლო კრასნაჰორკაი სიტყვებზეა პასუხისმგებელი, მე — გამოსახულებაზე. ის, ლიტერატურას ქმნის, რაც მე კინემატოგრაფიულ ენაზე უნდა ვთარგმნო. მთავარი ჩემი კინემატოგრაფიული ენაა, მაგრამ სცენარი ემოციურად მიმიძღვება და სწორ კადრებს და განწყობებს მაპოვნინებს.
ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ არ გსურს მაყურებელმა ზედმეტად იფიქროს ფილმის ნახვისას. ფიქრობ, რომ კინოკრიტიკა ხშირად აცდენილია იმ მთავარ საზრისს, რომელიც შენს ფილმებში დევს?
ჩემი საქმე არაა წერა ფილმებზე. მიხარია, როცა ვინმეს ჩემი ფილმები მოსწონს, თუ ვინმეს არ მოეწონება, ესეც უნდა მივიღო. არ მინდა მითითებები მივცე ან გავლენა მოვახდინო კრიტიკოსებზე. ჩემი საქმე მაშინ მთავრდება, როცა ეკრანზე შუქი ინთება. ამის შემდეგ, ყველა თავად უნდა ურთიერთობდეს ნამუშევართან.
რა არის მთავარი, რაც გსურდა შენი ფილმებით გეჩვენებინა?
ყოველთვის ადამიანების ჩვენება მინდოდა. ხშირად ხდება, რომ რაღაცის გაკეთება გვინდა და გარემოს ან საზოგადოების გამო ხელი გვეშლება. მინდა ვუჩვენო, რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსება და ბედნიერად ყოფნის უფლება. ჩვენს სამყაროში ეს ყოველთვის გარანტირებული არაა, მაგრამ მინდოდა იმის ჩვენება, რომ ყველა ერთნაირი ვართ.
სინამდვილეში, არ ვაკვირდები ადამიანებს, რადგან მეც ზუსტად ის ვარ, ვინც ისინი.
ცნობილია, რომ ხშირად არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობ. როგორი დამოკიდებულება გაქვს თამაშის მიმართ?
სინამდვილეში, ჩემთვის მსახიობები არ თამაშობენ. ყოველთვის ვეუბნები მათ, არ ითამაშო, გააკეთე. ჩემი, როგორც რეჟისორის მოვალეობა კი ისაა, რომ მას სცენისთვის სწორი ატმოსფერო შევუქმნა. ამიტომაა, რომ ფილმში შეიძლება ჰოლივუდის ვარსკვლავი გვერდით ედგეს ქარხნის მუშას, იყვნენ ერთი და იგივე სიტუაციაში და ერთმანეთს უსმენდნენ. თუ ერთმანეთს თუ მოუსმენენ, სცენა ნამდვილი ხდება.
ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდი კინემატოფრაფის „მთავარ ენას“. რა არის მეინსტრიმული კინოს პრობლემა?
პრობლემა ისაა, რომ ფილმების უმეტესობა ერთსა და იმავე წესს იმეორებს: მოქმედება, ჭრა, მოქმედება, ჭრა. მათ მხოლოდ სიუჟეტი აინტერესებთ. სიუჟეტი მხოლოდ მოქმედებას არ გულისხმობს, ყველაფერი შეიძლება იყოს ისტორია. კაცი, რომელიც ქუჩის კუთხეში იცდის — ესეც ისტორიაა. ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში მნიშნველოვანია, რეჟისორებს მოსაწყენად მიაჩნიათ. ჩემს ფილმებში თავად კინოს კი არა, ცხოვრებას ვუახლოვდები.
რა ხდება ტურინის ცხენის შემდეგ?
ამ ფილმს ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პირველ ფილმზე მუშაობა 34 წლის წინ დავიწყე. დიდი გზა გავიარე და ამ ფილმმა რაღაც შეცვალა. წრე დაიკეტა.
თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
წყაროები: The Guardian, lwlies, Mubi, eefb.