• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ტიკ-ტოკი როგორც ვირტუალური დისნეილენდი
  • ბლოგი

ტიკ-ტოკი როგორც ვირტუალური დისნეილენდი

  • აპრილი 17, 2022
  • CinExpress
Total
10
გაზიარება
10
0
0
ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი

იდეოლოგია იმ დროს მუშაობს ყველაზე მძლავრად, როდესაც მისი საცეცები საგანმანათლებლო და ეკონომიკური ინსტიტუციების გავლით კულტურასა და გართობის ინდუსტრიაში პოულობენ საარსებო სივრცეს. ამის საგულისხმო მაგალითად ჰოლივუდი გამოდგება, – როგორც კაპიტალისტური იდეების გადამამუშავებელი მეორეული ქარხანა, რომელიც ბაზარს დაქვემდებარებული საუნივერსიტეტო ველიდან და ზოგადად, გაბატონებული კლასისაგან მონაბერი იდეოლოგემების საყოველთაო გავრცელებას უზრუნველყოფს. თუმცა, ჰოლივუდი ინდოქტრინაციის კლასიკურ მოდელზეა აგებული, რომლის მიხედვითაც ადამიანი პასიური დამკვირვებლის პოზიციიდან, შინ თუ კინოთეატრებში ეკრანებს უდარდელად მინდობილი ითავისებს ამა თუ იმ „იდეოლოგიურ ტრუიზმს“, არასაკუთრივ იდეებსა და შეხედულებებს, უცხოობით გრძნობებსა და ემოციებს, ერთი სიტყვით ყველაფერ იმას, რაც შემომხვედრი მაყურებლის ყოველდღიურობასთან არცთუ ახლო დისტანციაში ფიქსირდება და ამდენად გამოცდილებისა და ცოდნისათვის, ხან კი წარმოდგენისათვის განკუთვნილ ადგილს იკავებს. იმ სიცარიელის ამოვსებას უზრუნველყოფს, რომელიც ხან წარსულის ანარეკლებით, ხან კი, მანიპულაციების გზით ყალიბდება და მისი არსებობით დადუღაბებული ექსისტენციალების (ძრწოლა, შიში, იმედი, აფორიაქებულობა, უიმედობა, ჩაკარგულობის განცდა) ძალით მყისიერი ნუგეშის, ცხოვრების უსაზრისობის, ნაკარნახევი მიზნობრიობით ჩანაცვლებისაკენ მიილტვის. მაგალითად, სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ასაკის აღმწერი მეინსტრიმული კინო, სწავლის, მუშაობისა და პირადი ცხოვრების გამართული თანაარსებობის მოდელს „წარმოგვიდგენს“, მსგავსი ტიპის, ფაბრიკული წარმოების წესით შექმნილ ფილმებში, წარმატებულობის მთავარი პირობა გამარჯვების ეჭვშეუვალ რწმენასა და დაუზარელ შრომაზე გადის, ყველა სხვა შესაძლო ცვლადი მეორეული და არად ჩასაგდები ფაქტორია. საშუალო ასაკისათვის მიძღვნილ მეინსტრიმ კინოში, ძირითადად ნუკლეარულ, ბურჟუაზიულ ოჯახში არსებულ კრიზისებს ვაწყდებით, სადაც არც გამეფებული უთანასწორო მდგომარეობა მოსჩანს და სოციალური თემატიკის ვალმომხდელ აღმნიშვნელადაც მაქსიმუმ საშუალო კლასის ეკონომიკურ პრობლემებს თუ შევეჩეხებით, რომელიც ოჯახის მიმართ სიყვარულის გახსენების ძალით, მყისიერ მოწესრიგებას ექვემდებარება. ხსენებულ ეკონომიკურ თუ ოჯახურ ‘სისავსეს’ მოკლებული ადამიანისათვის კი, დანაკლისის გამომწვევი პირობა არა ეკონომიკურსა თუ პოლიტიკურ ფაქტორებში, არამედ პირადი უხეირობისა თუ სხვადასხვა უარყოფითი თვისებებისაკენ მიიმართება, რათა ბრალეულობა გარემოულის ნაცვლად პირადი პასუხისმგებლობის სივრცეში მოინიშნოს და გარდაქმნის სურვილის მაგიერ, ინერციების მიდევნისა თუ არსებულთან მტკივნეული შეგუების მზაობა ჩომაყალიბდეს.  

ამასთანავე, წინამდებარე მსჯელობას მარტინ ჰაიდეგერის სააზროვნო სიბრტყესთან თუ დავაკავშირებთ, შეგვიძლია დავუშვათ, რომ თანამედროვე ადამიანი ერთგვარ „დეფიციენტურ მოდუსში“ იმყოფება, რომელიც ფიზიკური თუ სულიერი დანაკლისის მუდმივ შეგრძნებაშია გამოხატული. თავის მხრივ, ექსისტენციალური უმნიშვნელობის განცდა ეკონომიკური კრიზისის შეგრძნებაშია გადაზელილი და ადამიანისთვისაც მეტისმეტად რთულია ერთი მხრივ, სოციალურ ქარტეხილებთან შეჭიდება, მეორე მხრივ კი, ყოფიერების ლაბირინთებში გზის გაკვალვა. ბურუსითა და გაუგებრობით შემოზღუდული აწმყო თუ მომავალი რაიმე სამომავლო იდეისა და თავშესაქცევი ქმედებების გამოგონებას საჭიროებს, რომელიც მარტოობისა და დაცალკევებულობის განცდას სიმულაციური ერთადობის შეგრძნებით ჩაანაცვლებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხსენებულ (გამოგონებისა და გაერთიანების) ფუნქციას დღევანდელი მოცემულობით სოციალური ქსელები ითავსებენ. ჩემი მხრივ, მიმდინარე ტექსტში მზერას „ტიკ-ტოკს“ გავუსწორებ და უპირველესად იმას აღვნიშნავ, რომ სოციალური ქსელები არათუ რეალობისაგან დაცილებულ ვირტუალურ სამყოფლოს წარმოადგენენ, რომელიც რეალობის მიმეზისით (ბაძვით) იხანგრძლივებს თავს, არამედ ფაქტობრივად, სიმულაციური ფუნქციის ნაცვლად არსებულის (ცხოვრების) მდგენელისა და განმსაზღვრელის მნიშვნელობას გამოხატავენ, სადაც, ფიზიკური რეალობის ადგილი ვირტუალურ სხეულს აქვს მისაკუთრებული. სხვა მხრივ, ტიკ-ტოკში, – სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაფანტული გასართობი თუ ეკონომიკური კანონები, პრინციპები და აქტუალობებია შემოკრებილი, რომელიც დროის გასაყვან საკომუნიკაციო ფუნქციასთან ერთად, უფრო და უფრო მზარდ ბიზნეს დატვირთვას ითავსებს. ამრიგად, ვირტუალური დროის ყულფში ჩართვა (ისეთნაირად როგორც „მატრიცაშია“ მიერთებული მანქანურ რეალობას ადამიანი) გარდა გართობის სურვილისა, ამავდროულად, ეკონომიკურ ბაზარზე თავის დამკვიდრების მოტივითაა ნასაზრდოები. ყოფიერების გაციფრულებული ვერსიები, შემეცნების, შრომის, კვებისა და გართობის განსხვავებულსა და ტოპოლოგიურად დაცილებულ  საჭიროებებს, ეკრანების ერთსახოვან სიბრტყეზე ათავსებენ. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუშაობისა და დასვენების დრო/სივრცითი შეპირისპირება ციფრულ უნივერსუმში მოხსნილია, თუმცა, მოხსნილია არა პრობლემის არსის მოძიებისა და წინააღმდეგობების გადაჭრის გზით, არამედ პრობლემის დავიწყება/გასაქონლების საშუალებით. ტიკ-ტოკის მომხმარებელი, გართობის რიტუალურობასთან ერთად, ეკონომიკური შესაძლებლობების ამა თუ იმ ფორმებს მიემართება, სიცარიელიდან ამოზრდილი ტიტ-ტოკის ვარსკვლავების საიმიჯო სახებები და წარმატების მაგალითები, მომხმარებლისათვის მარტივად ხელმისაწვდომსა და სასურველი ცხოვრების ნიმუშებს წარმოადგენენ, რომელთა მიდევნაც სხვებთან უწყვეტ კონკურენციაშია გამოჭედილი. ანუ, იმაში, თუ ვინ და როგორი მოხერხებულობით დაამონტაჟებს მცირე ზომის ‘მალფუჭებად’ ვიდეომასალას და ვინ, რამდენ კომპლიმენტს დაიმსახურებს ამისათვის. ამ მხრივ, ტიკ-ტოკი „შავი სარკის“ სიუჟეტურ ხაზთან კავშირდება, სადაც ურთიერთობისა და შრომის ტიპები ციფრული სამყაროდან მოედინებიან და სადაც არსებობის დამამტკიცებელი ერთადერთი პირობა – ალგორითმებში გაწერილი წესდებების ზედმიწევნითი აღსრულებაა. სინამდვილეში, „შავი სარკის“ პლაკატური კრიტიკულობის მიღმაც უკვე მყოფ ან მოსალოდნელ, საგულდაგულოდ შემოპარულ რეალობასთან შეჩვევის იმპულსები იმალება.

ტიკ-ტოკი ერთგვარ თვითკმარობის ილუზიას აფუძნებს, რომლის მიხედვითაც, ერთობი, ურთიერთობ სხვებთან, ფულის გამომუშავებას ცდილობ და სხვისი თვალთვალისა ან სხვისი დაკვირვებისათვის განკუთვნილის განსაკუთრებულად მზარდ ვნებას იკმაყოფილებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტიკ-ტოკი არის უზარმაზარი სარკე, რომელიც მასში ინვესტირებული ენერგიისა და დროის შესაბამისად აგირეკლავს, მისთვის მოკლებული ყოველი წამი თუ ძალისხმევა კი, საკუთარივე ანარეკლის გაუჩინარებას გიქადის. ხსენებული დანაკლისის განცდაც, შევსებული თუ არა, გადაფარული მაინცაა არსებულის ციფრულ ვერსიაში, რომელიც ჯერ „კარგი ცხოვრების“ ხატს ქმნის, შემდგომ კი მისი გარდაუვალი და იოლი დაუფლების რწმენას გასაღებს.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტიკ-ტოკში „ამერიკული ოცნება“ ვირტუალურ ოცნებად გადაიქცა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიულად, ან იდეოლოგიურად „დამუშავებული“ სივრცე, ვირტუალური ‘არა(ანტი)სივრცულობით’ ჩანაცვლდა. ჩანაცვლების მიუხედავად პრინციპი იგივე დარჩა, წარმატებისა და წინ წაწევის მანტრებს ირწმუნებენ ათასები და მილიონები, თუმცა, მის განხორციელებას ერთეულები თუ შეძლებენ. რეალურ ეკონომიკურ ბაზარზე დამკვიდრების გზა გარკვეული უნარებისა და ნიუანსების სწავლას მოიცავს, მათი რაღაცაგვარი დაუფლების პირობაც ახლანდელ ან სამომავლო შრომაში მეტ-ნაკლები წინ წაწევისა თუ არა, თვითგადარჩენის გამოცდილებასთან მაინცაა ზიარებული. ტიკ-ტოკის ბაზარი სხვა წესებით თამაშობს, რომლის მიხედვითაც, ყოველი გაბითურებული მომხმარებელი, რომელიც ეკონომიკური თუ ექსისტენციალური დანაკლისის ნაყალბევ შევსებულობას გააცნონიერებს, გარდაუვალი გაწბილებისა და ჰაერში უგზო-უკვლოდ გამოკიდებისთვისაა განწირული. ვირტუალური ოცნებისაგან მტკივნეული დამიწების გამოცდილება, რეალურ ცხოვრებაში არსებული მარცხის თანმდევი ყოველგვარი ცოდნისაგანაა განძარცვული, არსებობის დეფიციენტური მოდუსიც, ახლებური და მეტისმეტად მძაფრი იმედგადაწურულობის შეგრძნებით მდიდრდება. ტიკ-ტოკი ყალბი მიზნების, ცხოვრებისა და წარმოდგენების წარმოებასთან ერთად, გონებისა და გრძნობის განსაზღვრული წესით მოქმედებას აპირობებს. ტიკ-ტოკის ატრაქციონებზე მიწებებული მომხმარებელი, ხანგრძლივი, რთული, ნამდვილი ემოციებით დახუნძლული მოქმედებების ნაცვლად, ჩანაცვლებადი, მოკლე, სქემატურად განსაზღვრული მონაცემების სიბტყეზე თავსდება.  ადამიანი, როგორც შემოქმედებითი და შემეცნებითი არსება, ტიკ-ტოკის ვიდეოატრაქციონებში ავტომატიზებულ, შინაგან პოტენციალობებს დაცილებულ მომხმარებლად ყალიბდება, რომელიც ნაკლებად წარმოსადგენია ამბოხისა ან არსებულის გარდაქმნის სურვილით აღივსოს. ტიკ-ტოკი გარკვეულწილად „დისნეილენდის“ ფუნქციას კისრულობს, ანუ იმგვარ იდეოლოგიურ ძეგლთან კავშირდება,  რომელიც კაპიტალიზმის უპირობო სიკეთის რწმენისა და უზრუნველი მომავლის ხატებაზე ფუძნდება, ამავდროულად კი, არსებული სიმძიმისა და რადიკალური უთანასწორობის გადაფარვის სიხშირეებით იკვებება. თუმცა, დისნეილენდის მონახულების სურვილი გარკვეული ინიციაციის მოლოდინთან კავშირდება, რომლის აღსრულებაც ამერიკულ ოცნებას ყოველდღიურობაში გააზავებდა, ერთჯერადი აქტისა ან დროში გაწელილი მოლოდინისაგან განსხვავებით, ტიკ-ტოკზე შრომასა და უპერსპექტივობაში გამოჭედილი ყოველდღიურობის მოჩვენებითი ფერადოვნებით შემოსვის ჰიპნოზური განმეორებადობა მნიშვნელობს. ტიკ-ტოკში ჩაქსოვილი სამყარო, მომხმარებლების დეპოლიტიზების განმაპირობებელ უხვ ენერგიას ასხივებს, ყველა ვინც ამგვარი სივრცისაგან დისტანცირების უნარს კარგავს, იდეოლოგიურ ინერციებსა და შაბლონებს მიბარებულ მარიონეტად ქცევისთვისაა განწირული. კლასიკურ ინდოქტრინაციულ პრაქტიკებში, მაყურებელი ან მსმენელი მოწოდებული შინაარსების მომკრებ პასიურ პოზიციაში ფიქსირდება, თუმცა, პასიური ფუნქცია შინაგანად გარკვეული ქმედებების შესრულებასაც გულისხმობს. მაგალითად, სიუჟეტურ ხაზზე მიყურადებას, მიზანსცენებზე დაკვირვებას, ატმოსფერული ცვალებადობის შეგრძნებასა და გაურკვეველი მოლოდინის განცდას. ტიკ-ტოკის ტრენდული სკეჩების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, მომხმარებელი ორგანიზებულად თავსმოხვეული იდეების ნაცვლად, სქროლვისას ინტერნალიზებული, სქემებსა და მატრიცებში გაწერილი სასურველი მომხმარებლისა თუ მოთვალთვალე მავანის მიმეზისში იძერწება.

პოსტის ნახვები: 395
Related Topics
  • ავთანდილ ძამაშვილი
  • ტიკ-ტოკი
CinExpress

წინა სტატია
  • ესსე
  • რეცენზია
  • ქართული კინო

არავინ, რომელიც არის

  • აპრილი 13, 2022
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • ესსე

გზა, რომელიც გასავლელია

  • აპრილი 17, 2022
  • ლიკა გლურჯიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • ბლოგი

2022 წლის 30 საუკეთესო ფილმი

  • CinExpress
  • იანვარი 31, 2023
სტატიის ნახვა
  • ბლოგი

ინდური კლასიკური მუსიკის შეჭრა ამერიკულ მინიმალიზმსა და ჯაზ-მუსიკაში

  • CinExpress
  • აპრილი 17, 2021
სტატიის ნახვა
  • ბლოგი

2021 წლის ოსკარების პოლიტიკა

  • CinExpress
  • აპრილი 9, 2021
სტატიის ნახვა
  • ბლოგი
  • თარგმანი

დევიდ გრებერი — პანდემიის შემდეგ, ძილს ვეღარ დავუბრუნდებით

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მარტი 4, 2021
სტატიის ნახვა
  • ბლოგი

მე, ლევან ზურაბაშვილი

  • CinExpress
  • ნოემბერი 23, 2020
სტატიის ნახვა
  • ბლოგი
  • სტატია
  • ტექსტი

5 ფილმი, რომელიც პოლიტიკური არჩევანის უქონლობას ასახავს

  • CinExpress
  • ოქტომბერი 30, 2020
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს