ეს ფრაგმენტი, თავდაპირველად, დაიწერა გაზეთისთვის – The Asahi Shimbum და გამოქვეყნდა საღამოს გამოცემაში, 1977 წლის 13 მაისს
ანდრეი ტარკოვსკის პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც საბჭოთა რუსეთში ჩემი პირველი ვიზიტის დროს ჩემსავე მისაღებ სადილს დავესწარი. ის იყო დაბალი, გამხდარი, გამოიყურებოდა ოდნავ სუსტად, და, ამავდროულად, იყო გონიერი, უჩვეულოდ გამჭრიახი და მგრძნობიარე. რაღაცით ტორუ ტაკემიცუს[i] მივამსგავსე, არ ვიცი, რატომ. შეხვედრის შემდეგ მან მოიბოდიშა, თქვა: „ჯერ კიდევ მაქვს სამუშაო“ და გაუჩინარდა. ცოტა ხნის შემდეგ ისეთი ძლიერი აფეთქება გავიგონე, რომ სასადილო დარბაზის მინის ფანჯრები შეზანზარდა. განცვიფრებული რომ დამინახა, მოსფილმის დირექტორმა მითხრა: „ხომ იცით, ახალი მსოფლიო ომი აღარ დაიწყება. ტარკოვსკიმ სულ ახლახან გაუშვა რაკეტა. ეს ნამუშევარი ტარკოვსკისთან, დიდი ბრძოლის ფასად დამიჯდა.“ ასე გავიგე, ტარკოსვკი რომ სოლარისს იღებდა.
სასადილო წვეულების შემდეგ სოლარისის გადასაღებ მოედანს ვესტუმრე. ისიც იქ იყო. დამწვარი რაკეტაც დავინახე იქვე, კოსმოსური სადგურის კუთხეში. ვწუხვარ, რომ დამავიწყდა მეკითხა, როგორ მოახერხა რაკეტის გაშვება გადასაღებ მოედანზე. სატელიტური ბაზა მშვენივრად იყო მოწყობილი, ეტყობოდა, რომ ძვირი დაჯდა, რადგან ყველაფერი სქელი დურალუმინისგან შედგებოდა.
ბაზა ციმციმებდა ცივი, ვერცხლისფერი შუქით და შევნიშნე, რომ წითელი, ლურჯი ან მწვანე სინათლის სხივები კიაფობდნენ იქვე განლაგებულ მოწყობილობებში ჩაფლული ელექტრონული ნათურებიდან. დერეფნის ჭერზე ორი რელსი გადიოდა, რომელზედაც კამერის პატარა ბორბალი ეკიდა და რომელიც თავისუფლად მოძრაობდა სატელიტური ბაზის ტერიტორიაზე.
ტარკოვსკი მიმიძღოდა გადასაღებ მოედანზე და მიხსნიდა ყველაფერს ისე, როგორც ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეძლევა შესაძლებლობა, უჩვენოს ვინმეს თავისი საყვარელი სათამაშოების ყუთი. ჩემთან ერთად მოსულმა ბონდარჩუკმა[ii] გადასაღები მოედნის ღირებულების შესახებ კითხა და პირდაღებული დარჩა, როდესაც ტარკოვსკიმ უპასუხა. თანხა იმდენად დიდი იყო – დაახლოებით ექვსი მილიონი იენი (იმ დროისთვის დაახლოებით 52 000 დოლარი, დღეის მონაცემებით – 335 000 დოლარი) – რომ ბონდარჩუკი, ვინც ფილმის ომი და მშვიდობა გრანდიოზული ეკრანიზაცია შეძლო, გაოცებული დარჩა.
და ამ დროს მივხვდი, რატომ თქვა მოსფილმის დირექტორმა: „დიდი ბრძოლის ფასად“. ამხელა თანხის დახარჯვას დიდი ნიჭი და ძალისხმევა სჭირდება. ვფიქრობდი: „ეს გიგანტური ამოცანაა” და გულდასმით ვუყურებდი მის ზურგს, როცა ის ენთუზიაზმით სავსე მიმიძღოდა გადასაღებ მოედანზე.
რაც შეეხება სოლარისს, წუწუნებენ, რომ ზედმეტად გრძელი ქრონომეტრაჟია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. განსაკუთრებით გრძლად თვლიან ბუნების აღწერას პირველ ეპიზოდებში, მაგრამ მიწიერ ბუნებასთან გამომშვიდობების მეხსიერების ეს შრეები, ღრმად იძირება ამბის ბოლო ნაწილში, მას მერე, რაც მთავარ გმირს რაკეტით გაგზავნიან სატელიტურ სადგურზე, და ეს შრეები ფაქტიურად აწამებს მაყურებელს ისევე, როგორც მთავარ გმირს ერთგვარი დაუძლეველი მონატრება დედამიწიერი ბუნების მიმართ, რომელიც მშობლიური სახლის ნოსტალგიას წააგავს.
დედამიწის ულამაზესი პეიზაჟების ასეთი ხანგრძლივი აღწერის გარეშე, ვერ მოხერხდებოდა აუდიტორიისთვის გადაეცათ ის განცდა, რასაც გრძნობენ სატელიტურ ბაზაში გამომწყვდეული პერსონაჟები, რომელთაც სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ.
პირველად ფილმი გვიან ღამით, მოსკოვში, წინასწარი გადათვალიერების ოთახში ვნახე და მალევე ვიგრძენი, რომ გულდამძიმებული ვიყავი დედამიწაზე რაც შეიძლება მალე დაბრუნების სურვილით. ჩვენ ვტკბებით შესანიშნავი სამეცნიერო პროგრესით, მაგრამ სად მიიყვანს ის კაცობრიობას? უაღრესად შიშისმომგვრელია ემოცია, რომელსაც ეს ფილმი ჩვენს სულებში აღძრავს. ამის მიღმა, სამეცნიერო ფანტასტიკა სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა უმნიშვნელო, წვრილმანი ფანტაზია.
და ეს ფიქრები მიმოდიოდნენ, როდესაც ეკრანს ვიყავი მიშტერებული.
მაშინ ტარკოვსკი ჩემთან ერთად იყო. სტუდიის კუთხეში იჯდა. როდესაც ფილმი დასრულდა, ფეხზე წამოდგა და მორიდებული მომჩერებოდა. ვუთხარი: „ძალიან კარგია. ის ნამდვილ შიშს მაგრძნობინებს“. მან მორცხვად, თუმცა, ამავდროულად, ბედნიერად გაიღიმა. კინოს ინსტიტუტის რესტორანში არაყი დავლიეთ. ტარკოვსკიმ, ვინც ჩვეულებრივ არ სვამს ხოლმე, ბევრი არაყი დალია, იმდენი, რომ დინამიკი, რომლიდანაც მუსიკა ისმოდა გამორთო და შვიდი სამურაიდან სამურაის თემა იმღერა.
თითქოს შეჯიბრის მიზნით, შევუერთდი.
იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მიხაროდა, რომ დედამიწაზე ვცხოვრობდი.
სწორედ ამას აგრძნობინებს მაყურებელს სოლარისი, და თუნდაც ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ ჩვეულებრივი სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმი არ არის. ის, როგორღაც მართლაც პროვოცირებს ჩვენს სულში ნამდვილი შიშის განცდას. და ეს ყველაფერი ტარკოვსკის სიღრმისეული შეხედულებების კონტროლქვეშ მოიყრის თავს.
ამ სამყაროში კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი: კოსმიური მორევი, რომელსაც უნდა დააკვირდეს ადამიანი, უცნაური სტუმრები სატელიტურ ბაზაზე, უკუმდინარე დრო – სიკვდილიდან სიცოცხლისკენ; ლევიტაციის უცნაურად დინამიკური შეგრძნება; სახლი, რომელიც სატელიტურ სადგურზე მყოფი მთავარი გმირის ფიქრებშია, სველი და წყლით გაჟღენთილია. მეჩვენება, რომ წუხილი და ცრემლებია ის, რაც მთავარმა გმირმა გულისმომკვლელი ტანჯვით განდევნა საკუთარი არსებიდან. და რაც ძრწოლას გვგვრის, არის აკასაკა-მიცუკეს[iii] კადრი, ტოკიოდან. სარკეების ოსტატური გამოყენებით, ტარკოვსკიმ მანქანების ფარებისა და უკანა შუქების ნაკადი, გამრავლებული და გაძლიერებული გამოსახა, როგორც მომავლის ქალაქის ვინტაჟური გამოსახულება. სოლარისის ყოველი კადრი მოწმობს ტარკოვსკის თანდაყოლილი, ბრწყინვალე ნიჭის შესახებ.
ბევრი წუწუნებს, რომ ტარკოვსკის ფილმები რთულად გასაგებია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მისი ფილმები გვიჩვენებს, თუ რამდენად უჩვეულოდ მგრძნობიარეა იგი. სოლარისის შემდეგ მან გადაიღო ფილმი, სათაურით სარკე. ნაწარმოები აღწერს მის უძვირფასეს მოგონებებს ბავშვობიდან. და კვლავაც აღნიშნავენ, რომ ეს ფილმი დამზაფვრელად რთულია. დიახ, ერთი შეხედვით როგორც ჩანს, სურათს არ აქვს რაციონალური განვითარება სიუჟეტის კუთხით. მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს: შეუძლებელია, ჩვენს სულში, ჩვენი ბავშვობის მოგონებები სტატიკურად და ლოგიკური თანმიმდევრობით განლაგდეს.
ადრეული მეხსიერების დამსხვრეული და დამწუხრებული გამოსახულებების ფრაგმენტთა უცნაურ ჯაჭვს შეუძლია პოეზიის აღძვრა ჩვენს ბავშვობაში. მას შემდეგ, რაც მის ჭეშმარიტებაში დარწმუნდებით, სარკე გახდება ყველაზე უფრო მარტივად გასაგები ფილმი. მაგრამ ტარკოვსკი დუმილს ამჯობინებს და მსგავს რაღაცებზე საერთოდ არ საუბრობს. მისი დამოკიდებულება, მაიძულებს მჯეროდეს, რომ მას სამომავლოდ შესანიშნავი პოტენციალი აქვს.
არ შეიძლება ნათელი მომავალი ჰქონდეს მას, ვინც მზადაა, ახსნას ყველაფერი მისივე ფილმის შესახებ.
თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
წყარო: https://cinephiliabeyond.org/akira-kurosawa-watching-solaris-andrei-tarkovsky/
[i] იაპონელი კომპოზიტორი, ესთეტიკისა და მუსიკის თეორეტიკოსი.
[ii] სერგეი ბონდარჩუკი – რუსი რეჟისორი და მსახიობი, ფილმის ომი და მშვიდობა ავტორი.
[iii] მეტრო სადგური მინატოში, ტოკიო, იაპონია.