ინტერვიუ თარგმნა და შესავალი დაურთო ანი მესხიშვილმა

 

ფრანსუა ოზონი არასდროს მეორდება. მისი ორი ფილმი არც კი წააგავს ერთმანეთს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ოზონის კარიერა 18 ფილმს მოითვლის და ფრანგი რეჟისორი დღემდე განაგრძობს მუშაობას ახალ ჟანრებში, სადაც მისი გონებამახვილობა და ვიზუალური ხრიკების ოსტატურად წარმოჩენის უნარი პრეზენტირდება. წარმატებული, პროვოკატორი რეჟისორი  ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმით “ორპირი საყვარელი“ ჟანრის ვირტუოზებს ერთგვარ პატივს მიაგებს. ქედის მოხრაც სხვა რეჟისორების მიმართ ხომ გარკვეულწილად მის სტილად იქცა. ოზონი მუდამ მოულოდნელობებითაა სავსე. 2019 წელს ბერლინალეს კინოფესტივალზე მისმა სკანდალურმა ნამუშევარმა „დიდება ღმერთს“, „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. სურათმა ოზონის კიდევ ერთი, განსხვავებული მხარე აღმოგვაჩენინა სიბრაზით გაჯერებული და უსამართლობის განცდით დატვირთული. ფრანგული კინოს პოლემიკური ფიგურა, ფრანსუა ოზონი, საერთაშორისო კინოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

 

თქვენი ფილმები ყოველთვის წარმოაჩენენ ქალის სულიერებას და ამას ძალიან კარგად ახერხებთ. რა გხიბლავთ ქალებში?

ვფიქრობ, ჩემთვის უფრო მარტივია ქალებთან და ქალ მსახიობებთან მუშაობა. უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, იმიტომ რომ უფრო გონიერები არიან და მეტ რისკზე შეუძლიათ წასვლა. ჩემი აზრით, ჩვენ შორის იმაზე მეტი ქიმიაა, ვიდრე ჩემსა და კაცებს შორის. შესაძლოა იმიტომ, რომ თავად კაცი ვარ და ჩემი სქესის წარმომადგენლებისგან უფრო მეტად ვდისტანცირდები, ამიტომ ქალებთან თანამშრომლობა უფრო მიადვილდება. ხშირად, როცა კაცებთან ვმუშაობ, მსახიობის ეგოს პრობლემას ვეჯახები. მათთან მუშაობა გაცილებით რთულია და ხანდახან ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს მათი შემხედვარე საკუთარ თავს ვუყურებ და რეჟისორი ვარ იმიტომ, რომ კამერის უკან მსურს დგომა და არა მის წინ.

როდის გაანალიზეთ, რომ ისტორიების მოყოლას ქალის პერსპექტივიდან ამჯობინებდით?

ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა შარლოტა რემპლინგთან ერთად ვმუშაობდი ფილმზე „ქვიშის ქვეშ“. მივხვდი რომ სახის გადაღება და მასზე ბევრი რამის ასახვა უამრავ რამეზე გაფიქრებს. რაინერ ვერნერ ფასბინდერმა ერთხელ გაამხილა თუ რა მოსწონდა დუგლას სირკის შემოქმედებაში – მას ჰქონდა განცდა, რომ ეკრანზე ქალის ფიქრის პროცესი პირველად სწორედ მასთან დაინახა. როგორც წესი, ქალები უბრალოდ ლამაზად უნდა ყოფილიყვნენ ფილმებში და მე მომწონს ვცადო ქალის ან პატარა გოგოს აზროვნების ან თუნდაც შინაგანი განცდების ჩვენება. ვფიქრობ ეს ქალებთან უფრო მარტივია, ვიდრე კაცებთან. მაგრამ არ ვიცი რატომ. შესაძლოა, ცხოვრების მანძილზე არ მიპოვნია შესაფერისი მსახიობი მამაკაცი, რომელსაც ყველა ეს ემოცია ექნებოდა.

თუმცა, მელვილ პუპომ ფილმში „წასვლის დრო“ შესანიშნავად იმუშავა.

დიახ, მაგრამ მელვილს მოსწონს, როცა უყურებენ. ეს იმაზეცაა დამოკიდებული თუ რამდენად ფემინურია მამაკაცი. კაცი, რომელიც ძალიან ფემინურია, თუმცა არ არის გეი და საკუთარ ფემინურ საწყისს გიჩვენებს, თანამშრომლობას უფრო ადვილს ხდის. სერგი ლოპესიც, აგრეთვე ძალიან ფემინურია.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ფილმების უმეტესობა ქალებზეა, ფიქრობთ თუ არა, რომ პერსონაჟები მაინც აირეკლავენ თქვენს პიროვნებას?

რა თქმა უნდა, მათ ჩემთანაც უნდა ჰქონდეთ კავშირი. მარტივია ავსახო საკუთარი თავი ქალში, იმიტომ რომ კაცი ვარ. ამის გამო იყო რომ სურათი „წასვლის დრო“ მელვილთან ერთად რთულად სამუშაო გამოდგა, რადგანაც უცებ, ვიგრძენი თითქოს ჩემ წინ სარკე იდგა. ვფიქრობ, საკუთარ თავზე ნამდვილად ვსაუბრობ, მაგრამ პირდაპირ ვერასდროს იტყვი რომ კონკრეტული გმირი – ეს მე ვარ. ვცდილობ, საკუთარი თავი დავმალო.

თქვენი ფილმები წინააღმდეგობას უწევენ ჟანრისთვის დამახასიათებელ წესებს. რატომ ხდება ასე?

მე სინეფილი რეჟისორი ვარ, ამიტომაც ბევრი სხვადასხვანაირი ფილმი მომწონს: შემიძლია მოვიწონო საშინელებათა ფილმებიც, მელოდრამებიც, იაპონური ფილმებიც და ა. შ. ერთმანეთისგან განსხვავებული ესთეტიკის ფილმებით მოხიბვლა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ის, რაც კინოში მომწონს, მისი სიმდიდრეა. ამიტომაც, როცა ფილმებს ვქმნი, არ ვფიქრობ: „მსურს ეს ამა თუ იმ ჟანრში გავაკეთო“. კინემატოგრაფში მრავალფეროვნება მომწონს და ჩემთვის ის განსხვავებული ფილმებისგანაა შემდგარი. არ მინდა, რომ მხოლოდ ერთ გზაზე ვიდგე, მსურს სხვადასხვა გზაზე ვიარო. ამიტომაც, ჩემი მიდგომა აუდიტორიისა და კრიტიკოსებისთვის ხანდახან ძალიან შემაწუხებელი ხდება, რადგან ისინი ვერ ყალიბდებიან ეს კომედიაა, დრამა თუ სხვა რამ… რთულია, ეს ზუსტად განსაზღვრო.

ართულებს საქმეს ეს ფაქტი პროექტების დაფინანსების მოძიებაში?

დიახ და ამასთან ერთად, დღესდღეობით, საშუალო ბიუჯეტით ფილმის დაფინანსების მიღება ძალიან რთულია. უფრო მარტივია, გადაიღო ფილმი მცირე ბიუჯეტით, მაგალითად, „Le Refuge“-ს მსგავსი, ან კომედია როგორიცაა „Potiche“, დიდი ვარსკვლავებით. უფრო მეტად რთულია, როდესაც რაღაც საშუალო ზომის პროექტის შექმნას ცდილობ, უფრო რთულს კომერციული თვალსაზრისით, რადგან თავადაც არ იცი როგორი გამოვა. ამიტომაც ვცდილობ, ახლოს ვიყო წარმოებასთან და თითოეული ფილმი ეკონომიკურ ფონთან მიმართებაში ადაპტირებული გავხადო.

როგორია თქვენთვის იდეალური სცენარი?

რომ შემეძლოს სცენარს არ დავწერდი. მაგრამ საჭიროა, იმიტომ რომ ფული უნდა იშოვნო, დაფინანსება მოიძიო და ტექნიკურ მხარეს აუხსნა შენი ჩანაფიქრი. ყველაფერი უფრო მარტივია, თუ ხელთ სცენარი გექნება. სიმართლე რომ ვთქვა, არ მიყვარს სცენარის წერა და რომ შემეძლოს, არც დავწერდი ხოლმე.

ფილმებით „8 ქალი“ და „აუზი“ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეთ. მოგანიჭათ ამან მეტი თავისუფლება, რათა უფრო რთული ისტორიების მოყოლა გაგეგრძელებინათ?

დიახ, ოდნავ. რეალურად „აუზი“ უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე „8 ქალი“. თუმცა, ეს დამოკიდებულია ქვეყანაზეც, რომელშიც ფილმი გამოდის. ფილმმა „აუზი“ ამერიკაში დიდ წარმატებას მიაღწია. ამ ორი ფილმის შემდეგ მომინდა კვლავ მცირე ბიუჯეტიან ფილმებს დავბრუნებოდი. გაჩნდა თავისუფლება, გადამეღო უფრო რთული ფილმები, როგორებიცაა „წასვლის დრო“ ან „5×2“. შესაძლოა ფილმმა „8 ქალი“ ცოტათი გადამღალა კიდეც, რათა დიდ მსახიობებთან მუშაობა გამეგრძელებინა. ცვლილება მსურდა, თუმცა ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, უფრო ზრდასრული ვარ.

ამ ფილმების შემდეგ, თქვენთვის ჰოლივუდის კარიც გაიღო. რატომ გადაწყვიტეთ არ გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

ასე რომ გამეკეთებინა, რა მოხდებოდა? დავმსგავსებოდი გერმანელ რეჟისორებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ჰოლივუდში მიდიან? რის შემდეგაც ისინი გერმანელები აღარ არიან. მე კი ისევ ფრანგი ვარ. მომწონს 40-50-იანი წლების ჰოლივუდი, მაგრამ ახლა არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ იქ ჩემს ადგილს ვიპოვნი და არ ვიცი მათი წესებით შევძლებ თუ არა მუშაობას. საფრანგეთში, როგორც რეჟისორი, სრულიად თავისუფალი ხარ. საბოლოო კადრი შენზეა. ამერიკაში რეჟისორი მნიშვნელოვანი პერსონა არაა, იქ, ამ სტატუსით პროდიუსერები იწონებენ თავს. ჩემს ქვეყანაში კი, იმ შემთხვევაშიც, თუ ჯერ მყარად არ დგახარ მიწაზე და ახალგაზრდა ხარ, მაინც გცემენ პატივს და გაფასებენ კიდევაც.

როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ეს დამოკიდებულება?

ეს კანონია. ბოლო კადრი ფილმის ავტორისთვისაა. ასე არაა გერმანიაშიც? ფრანსუა ტრიუფომ ერთხელ თქვა, რომ ამერიკელები პატივს გცემენ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში რჩები. როგორც კი ამერიკაში ჩახვალ, საქმე დამთავრებულია. გაგანადგურებენ. იცნობთ კარგ ევროპელ რეჟისორს, რომელიც ჰოლივუდში კარგ ფილმებს აკეთებს? შეიძლება სტივენ ფრირზი? მან სცადა, მაგრამ უკან დაბრუნდა.

ტრიუფოს გახსენებაზე, რამდენად დიდი გავლენა იქონიეს თქვენზე „ახალი ტალღის“ რეჟისორებმა?

ტრიუფო, რომერი, კლოდ შაბროლი – ისინი „ახალი ტალღის“ უდიდესი რეჟისორები იყვნენ. მათ მიაღწიეს თავისუფლებას, შეექმნათ ზუსტად ისეთი ფილმები, როგორის შექმნაც სურდათ. შაბროლი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ შეეძლო ქალების ძალიან ძლიერი და კომპლექსური პორტრეტების შექმნა. ძალიან ჭკვიანი იყო, სიხარულის და სიამოვნების უშრეტი განცდა გააჩნდა. არ ჰქონია განსაკუთრებულად დიდი თეორიები საკუთარ შემოქმედებაზე, უბრალოდ ტკბებოდა ფილმების კეთებით. მე სწორედ ასეთი მუშაობისკენ მივისწრაფვი.

ალბათ იმ ფაზაში ხართ, რომ ფილმებს თავად აწარმოებთ.

მეტის გადაღებას შევძლებდი რეკლამა და მსგავსი რაღაცეები რომ არ მქონდეს გასაკეთებელი. რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით ვიმოქმედებდი ფასბინდერისავით – წელიწადში 7 ფილმს გადავიღებდი. ფილმების შექმნა ჩემთვის დიდ სიამოვნებას წარმოადგენს. ჩემი ბევრი მეგობარი რეჟისორია და მათთვის ეს საქმე დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ბევრს იტანჯებიან. მე არც ვიტანჯები და არც ვწვალობ. რა თქმა უნდა, დგება რთული მომენტები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს საქმე დიდი სიამოვნებაა. ფრანგები ამ განცდას უწოდებენ „Jeu d’enfant“ – ბავშვის სიხარულს. ფილმის შექმნა ძალიან ბავშვურია, ამიტომაც მისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

 

წყარო: https://the-talks.com/

Close Menu