ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

ჰიპ-ჰოპ კულტურაში არსებობს ე.წ. diss-ის ტრადიცია, რაც ზედაპირული ესთეტიკური დაკვირვებით უპატივცემულობის გამოხატვის გზაა რეპერი კოლეგების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, სპორტულ ეთიკაზე დაფუძნებული კონკურენტუნარიანობის და შედეგად ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ გადავწყვიტე „გავდისო“ თანამედროვე ქართული კინომცოდნეობა, რომელმაც თავი ჟურნალ „კინ-O”ში მოიყარა (იქ ჩემ ტექსტებსაც შეხვდებით).

„კინ-O“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ჟურნალ Film Print-ის ახალი ვარიანტია, რომელმაც სახეცვლილება ახალი რედაქტორების არჩევასთან ერთად განიცადა და წინა გამოცემებისგან განსხვავებით ცდილობს ერთიან ინტელექტუალურ კონცეფციაში გაერთიანებას. რედაქტორებმა პირველსავე, შესავალ გვერდებზე განაცხადეს, რომ „კინ-O”-ში ცენტრალური საკითხი დროა – კინო-დრო, როგორც კონცეფცია და რეალური დრო, როგორც მდგომარეობა. რამდენიმე ფაქტორი ჟურნალის თანიმდევრულობის უხეშ რღვევას იწვევს, რაზეც არაკოლეგიალური მგონია საჯაროდ წერა, თუმცა პირად საუბრებში დარჩენილი შენიშვნები, მით უმეტეს ისეთ სახალხო პროექტზე, როგორიც კინოა, უკვე არაეთიკრუია, ამიტომ, როგორც კინოკრიტიკოსმა ეთიკა ვარჩიე კოლეგების კეთილგანწყობას.

დავიწყოთ იმით, რომ კინოკრიტიკა, როგორც მედიახელოვნების ერთ-ერთი ქვედარგი ისევე ექვემდებარება საერთაშორისო ეთიკურ და ესთეტიკურ სტანდარტებს, როგორც სხვა ჟურნალისტური კონტენტები. საშუალო დონის გამომცემლობებიც კი ყოველთვის გამოირჩევიან თავისი სარედაქციო პოლიტიკით და სანამ დაიწყებ მათთვის წერას, მანამდე ეგრეთწოდებულ „სთაილ გაიდს“ გიგზავნიან. „კინ-O”-ს არ ჰქონია ე.წ. სტილისტური გზამკვლევი, ამიტომ ნაწერების ფორმა ერთგვარმა უსტილობამ განაპირობა.

ყველაზე ხშირად გაჟღერებული მოთხოვნა კინოს რეცენზირებისას არის „სიცხადე“. მკითხველმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რაზე ესაუბრები, რას კითხულობს, უნდა იგრძნოს თავი იმ კინო-სამყაროში, რომელიც ჯერ არ უნახავს, არ გამოუცდია. „კინ-O”-ს პირველ ნაწილში კი, სადაც თავი მოიყარა რეცენზიებმა ბოლო დროის ქართულ კინოზე – ნამუშევრებზე, რომელთა უმრავლესობაც არ უნახავს ფართო აუდიტორიას, არ ჩაშვებულა გაქირავებაში, არ გასულა ტელევიზიაში – გვხვდება კინოესთეტიკის მინიმალური აღწერა. აქ, ავტორები წერენ ისე, თითქოს წერდნენ ლიტერატურაზე, საუბრობენ სიუჟეტზე, განიხილავენ ძირითადად პერსონაჟების ზედაპირულ ფსიქოსოციალურ ასპექტებს. ეს ფილმები რომ არ მქონდეს ნანახი, ალბათ არც ერთი რეცენზია არ გამიჩენდა მათი ნახვის ან არ-ნახვის სურვილს, რადგან ვერ გავიგებდი. გამოდის, ვწერთ ისევ იმ პატარა წრისთვის, ვისაც ისედაც ვხვდებით სხვადასხვა ფესტივალებსა თუ ფორუმებზე და ვაგრძელებთ მავნე ელიტურ ტრადიციას. აღსანიშნავია, რომ „კინ-O”-ს გავრცელება, ისევე როგორც Film Print-ის შემთხვევაში, პრობლემური საკითხია, ვინაიდან თვითღირებულება აღემატება ადეკვატურ ფასს. თუმცა საინტერესოა, რომ იყიდებოდეს და ვრცელდებოდეს, რამდენად კმაყოფილი დარჩებოდა ფართო მკითხველი, როდესაც ჯერ-არ-ნანახ ფილმზე იხილავდა ანალიზს, რომელიც ერთი მხრივ შორს გტოვებს ესთეტიკისგან და მეორე მხრივ გთავაზობს სოციალური ფონის სტერილურ, კვლავწარმოებულ განხილვას.

მსგავს ტექნიკურ დეტალებზე თუ შევჩერდებით კიდევ ცოტა ხნით, ალბათ ეთიკურმა კინოკრიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ პირველ პირში წერა, საკუთარი აზრის იმგვარი კონსტრუირება, სადაც ავტორი ფიქსირდება აგრესიულად – მაგალითად „ჩემი აზრით,“ „მე ვფიქრობ“ და ა.შ. – ნაკლებად პროფესიონალურია. „კინ-O”-ში მესამე პირში ნაწარმოები წერილები მინიმალურია. არის კიდევ რამდენიმე სიტყვა, რომელსაც კოვიდ-19-ვით უნდა უფრთხოდეს კინოკრიტიკოსი (ესთეტიკური საგნებისკენ მიდრეკილი ინდივიდი), როგორიცაა „კარგი, ცუდი, ძალიან, საინტერესო, ნამდვილად, საოცარი, შეიძლება“ და ასე უსასრულოდ, გემოვნების ამბავია. არის კიდევ ერთი: კინოჟურნალში კინოზე წერისას, ნამუშევრის აღმნიშვნელად სიტყვა „ფილმის“ გამოყენება ბანალური, გამაღიზიანებელი და არაშემოქმედებითია.

ბოლოდროინდელი ქართული კინოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად თუ დავასახელებთ ფინალს, ქართული კინოკრტიკის პრობლემა „სტარტია“. საინტერესოა, რატომ იკითხება ქართული კინოკრიტიკა, ისე როგორც პრე-მოდერნული ტექსტი, სადაც ანალიზის საშუალება კომპარატივისტურ მეთოდს ვერ გასცდა. დაახლოებით 4 ტექსტი შემხვდა, რომელიც იწყება მსგავსი შინაარსით: „ბოლო წლების ქართულ ფილმებში,“ რაც შემდგომში საშუალებას აძლევს ავტორს შეადაროს განსახილველი ფილმი სხვა ნამუშევრებს.

მსგავს ტექნიკურ საკითხებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, საგნის მრავალწახნაგოვნებიდან გამომდინარე, და არც დავწერდი ამ წერილს, რომ არ იდგეს უფრო ღრმა და მწვავე შინაარსობრივ-იდეოლოგიური საკითხი.

„კინ-O”-ს გამხსნელი ტექსტი ილიაუნის რექტორს, გიგა ზედანიას ეკუთვნის, სადაც ავტორი კორონავირუსის გარშემო წამოჭრილ ინტელექტუალურ-სოციალურ საუბრებს ლიბერალურ დისკურსში კითხულობს და ერთ-ერთ ქვეთავში სახელად „ლიბრალიზმის აღსასრული?“ წერს: „ჟიჟეკმა ისევ კომუნიზმზე დაიწყო ლაპარაკი, აგამბენმა – საგანგებო მდგომარეობაზე; ყველაზე მეტი სიბრძნე მაინც 90 წლის ჰაბერმასს აღმოაჩნდა, რომელმაც თქვა, ექსპერტებმა წინდაუხედავი პროგნოზებისგან, თუ შეიძლება, თავი შეიკავონო“ – ნამდვილად! რატომ და როგორ არ უნდა დაეწყო ჟიჟეკს კომუნიზმზე ლაპარაკი, როდესაც სწორედ ლიბერალური ეკონომიკური მანიპულაციების გამო დაკარგა 1.6 მილიარდმა მშრომელმა შემოსავლის დიდი ნაწილი (მშრომელთა საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) ცნობით). როდესაც ლიბერალიზმის შუქურად ცნობილ შეერთებულ შტატებში, კოვიდით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ნახევარი, მაშასადამე 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სადაც მთავრობამ ისეთი დიდი ბიზნესები, როგორიცაა “მაიკროსოფთი”, “ფეისბუქი”, “ეფლი” თუ “ამაზონი” 1 ტრილიონიანი საგადასახადო შეღავათით დაასაჩუქრა. შორს რომ არ წავიდეთ, გიგა ზედანიას ტექსტი იუწყება მთელი ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას, წაიკითხოს უახლესი თუ ისტორიული კინო-მოვლენები ლიბერალური რეპრეზენტაციის კონსტრუქციაში.

უშუალოდ რეცენზიების ნაწილი, ორი ერთნაირი ტექსტით, გიკა მიქაბაძისა და გიორგი რაზმაძის ნაწერებით იწყება ერთსა და იმავე, ლანა ღოღობერიძის ბოლო ნამუშევარზე „ოქროს ძაფი“ (2019), სადაც ავტორები სურათის სათაურის ეტიმოლოგიურ ძაფებს იკვლევენ. გარდა იმისა, რომ ვერც ერთ რეცენზიაში ღოღობერიძის ტრივიალურ ესთეტიკურ ნაწილზე ვერ ვკითხულობთ კომენტარს, არც საბჭოთა ტრავმის გადააზრების სწორხაზოვნებაზე გვესაუბრებიან ავტორები. ღოღობერიძის პოზიცია ხომ ყოველთვის ისეთია, თითქოს ლევან ღოღობერიძე თავად არ ყოფილიყო რეპრესიების შემოქმედი, თავისსავე დაპატიმრება-დახვრეტამდე.

შემდეგი თვალშისაცემი კონცეპტუალური გაუგებრობა ნინო ძანძავას მიერ განხილულ „ღორში“ (2019 – რეჟ. გიგა ლიკლიკაძე) იკვეთება შემდეგი ფრაზის სახით: „უხერხულობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც რეჟისორის დამოკიდებულება პერსონაჟების დამოკიდებულებას ემთხვევა სცენაში, სადაც სამი ახალგაზრდა კაცი ერთ ქალთან გართობას გადაწყვეტს. იგი არ ემიჯნება პერსონაჟებს, თითქოს მათთან ერთად ერთობა, იუმორისა და ზომიერების გრძნობას კარგავს. ეპიზოდის მთელი განწყობა კი იაფფასიან გროტესკში გადადის“. თითქოს ლიკლიკაძის დამოკიდებულება სხვა სოციალური საკითხების მიმართ ჯანსაღი იყოს და დანარჩენი სამი პერსონაჟის კარიკატურიზაცია – ზომიერი. „ღორი“ უფსკრულია, რომელსაც თუ ღრმად შეხედავ, უკანვე დაგიწყებს დაჟინებულ ცქერას და ჩაგითრევს საერთო კარნავალურ ღრეობაში. ხოლო მაყურებლის გემოვნებასა და იუმორის შეგრძნებაზეა დამოკიდებული ჩაებმება თუ არა ამ ფერხულში.

რეცენზიების ნაწილში, ყველაზე გაუგებარი ანა ძიაპშიპას წერილი იყო გახმაურებულ ქართულ-შვედურ კოპროდუქციაზე, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (2019 – რეჟ. ლევან აკინი), სადაც ავტორი უშუალოდ სურათზე საუბარს 1 აბზაცს უთმობს, დანარჩენი ნაწილი კი საერთო სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული ფონის აღწერას ეთმობა იმ ენობრივი და ინტელექტუალური პარადიგმებით, რაც ხშირად გადმოიცემა ლიბერალური მედი(უმ)ებიდან.

ეს არ ვიცი, რამდენად ეთიკურია, მაგრამ ფაქტის უაღრესი უცნაურობიდან გამომდინარე დელიკატურ საკითხსაც შევეხები. იმავე სურათზე ჩემმა კოლეგამ, ლევან აბდუშელიშვილმა დაწერა რეცენზია, რომელიც „კინ-O”-ში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ავტორი არ დათანხმდა რედაქტორებისგან შეთავაზებული კორექტირების ნორმებს, რაც ერთგვარად ასხვაფერებდა ტექსტის შინაარსს და ერეოდა უშუალოდ საავტორო პოლიტიკაში (აბდუშელიშვილის ტექსტი, „ახლო ხედით დანახული ცეკვა“ შეგიძლიათ იხილოთ აქვე, cinexpress-ის საიტზე). აბდუშელიშვილისა და ძიაპშიპას კრიტიკული პოლიტიკა ემთხვევა ერთმანეთს, იმ განსხვავებით რომ აბდუშელიშვილის ტექსტი ბევრად თამამი, კრიტიკული და პირდაპირია. ლევან აბდუშელიშვილი ტექსტში ბოდიშს არ იხდის იმის გამო, რომ არ მოეწონა ეს ორიენტალისტური, ნეო-კოლონიური ნამუშევარი, ძიაპშიპასგან განსხვავებით, რომელიც თავის რეცენზიას ასე ამთავრებს: „თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამ კონკრეტული ფილმის ნებისმიერი წარმატება ძალიან მიხარია, რადგან ის პირველ რიგში თემის და უმცირესობების მხარდაჭერას და გამარჯვებას ნიშნავს.“

რეცენზიები, რომელთაც უშუალოდ არ შევეხე, არ ნიშნავს რომ რიგი პრობლემების წინაშე არ დგანან. ისინი, ყველა იზიარებენ იმ საერთო პრობლემებს, რაც პირველ, ტექნიკურ ნაწილში გავაერთიანე. „კინ-Oს“ შემდეგი, ანალიტიკური ტექსტებისა და ინტერვიუების ნაწილი ბევრად თანიმდევრულია, თუმცა იქაც ვაწყდებით ბევრ პრობლემას.

სრულიად აუღელვებლად წავიკითხე ლიკა გლურჯიძის მიმზიდველი სათაურითა და სურათებით გაფორმებული ტექსტი „ჩუმი მეამბოხეები.“ ხოლო ალექსანდრე გაბელიასა და სალომე ცოფურაშვილის აკადემიური სამეცნიერო ტექსტები სრული გადახვევაა ჟურნალის სამოყვარულო კონცეფციიდან. მიხეილ ციხელაშვილს „ანტინაცისტურ პ(რ)ოპაგანდაში“ ავიწყდება, რომ უატიტი თავად ხდება ამერიკული კულტურული ესტებლიშმენტის მასხარა ეპიზოდში, როდესაც ფილმში ნაცისტებისგან გათავისუფლება ამერიკას მიეწერება (ფინალურ ეპიზოდში ამერიკის დროშები ფრიალებს და ინგლისური ლაპარაკი ისმის), ხოლო გერმანიის დამარცხებასა და დასჯას საბჭოთა კავშირი ითავებს (გერმანელები დასახვრეტად სწორედ რუსული ლაპარაკის ფონზე მიჰყავთ). გოგი გვახარიას „გიორგი შენგელაიას ათწლეულები“ თითქოს მორიგი ბლოგია რადიო თავისუფლების გვერდზე, სადაც საკვანძო საკითხს გიორგი შენგელაიას 2009 წელს შექმნილი პრორუსული პარტია და ამ თაობის „რუსეთუმეობა“ განაპირობებს.

ბასტი მგალობლიშვილის წერილი „გამოსვლა კარადიდან“ ქართულ ეკრანებზე ლგბტქი ადამიანების რეპრეზენტაციის საკითხს შეეხება, სადაც სამართლიანად ადანაშაულებს იოსებ ბლიაძის „ტრადიციას“ (2019) ორიენტალისტურ მზერაში, თუმცა უგულებელყოფს ლევან აკინის ნეო-კოლონიურ დამოკიდებულებას, ვის ფილმშიც ქართველები განსაკუთრებული სიმხეცით, ადამიანური ღირსებებისგან დაცლილები არიან წარმოდგენილები. დისკუსიები „და ჩვენ ვიცეკვეთს“ გარშემო ნამდვილად ლუსტრაციაა ნეოკოლონიური კულტურული მდგომარეობის. აღნიშნული სურათის გარდა, სამი ქვიარ თემატიკის ფილმი ვიხილეთ 2019 წლის ქართულ ეკრანებზე, რომლებსაც ქართველმა კრიტიკოსებმა ან გადაუარეს ან არც შეიმჩნიეს და შექმნეს აკინის ნამუშევარის კულტი, რადგან მხოლოდ ის აღიარა დასავლეთმა და თუ კანში არ გაღიარეს, აბა რანაირად შეიძლება იყო კარგი ფილმი?!

ჟურნალის პრეზენტაციაზე და მანამდეც რამდენჯერმე გაიჟღერა, რომ ტექსტებზე ძირითადად  ახალგაზრდა ავტორები მუშაობდნენ, რომ მოვიდა „ახალი თაობა“ კინომცოდნეობაში. მსგავს მიშისტურ ეიჯისტურ დაყოფას, ძველი თაობის ნიჰილისტურ უარყოფას და ახლების უსაგნო გაფეტიშებასაც ბარემ აქვე გავემიჯნები.

1990-იანი წლებიდან არ კარგავს ურბანული ჭორი აქტუალობას, რომ თუფაქ შაკური მოკლა ნოტარიოს ბი.აი.ჯიმ. diss-ის გამო, თუმცა დღემდე ჭორად რჩება. ეს ტექსტი მხოლოდ იმიტომ დაიწერა რომ ქართულ კინოკრიტიკაში ჯანსაღი პროცესები წარიმართოს. კოლეგებო, ახლა გადახედეთ თქვენ რეცენზიებს, იპოვეთ ჩემი შენიშვნები და იმედია რომელიმე თქვენგანი თუფაქის გზას არ გამიყენებს (ეს ხუმრობით).

Close Menu