ავტორი: ალექსანდრე გაბელია
სტატია პირველად დაიბეჭდა მაღაროელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გაზეთში, “ინდუსტრიულ მშრომელთა ხმა”, N1, თებერვალი, 2026 წ.
შესავალი
ჭიათურა საუკუნეზე მეტია შრომის, საფრთხის, დაღლილობისა და სოლიდარობის ადგილია. ქალაქის მშრომელებმა თავიანთი სხეული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს ინდუსტრიას, რომელიც სხვებს ამდიდრებდა. ეს არის ქალაქი, რომელიც მუშებმა ააშენეს, კომპანიებმა დაანგრიეს და დღემდე ბრძოლით ინარჩუნებს სიცოცხლეს. როდესაც აქ რეჟისორები ფილმებს იღებენ, ისინი ამ დროს ან ხალხის გვერდით დგაგან, ან მათ წინააღმდეგ. ეს ტექსტი იმაზეა, რომელ მხარეს უნდა იდგეს კინო.
კინო არასოდესაა ნეიტრალური. იგი შეიძლება იყოს, როგორც ღირსების, ასევე ექსპლუატაციის იარაღი. მას შეუძლია მუშებთან ერთად იდგეს — ან მათი ცხოვრება ეგზოტიკურ პეიზაჟად აქციოს. ჭიათურა იმსახურებს ფილმებს, რომლებიც გამოხატავენ მას არა ნანგრევებად, არამედ ცოცხალ ქალაქად, ბრძოლის ისტორიით და უკეთესი მომავლის მოთხოვნით.
ფილმები, რომლები ცჭიათურას პატივისცემით უყურებენ
ჭიათურაზე გადაღებული ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფილმია, რატი ონელის მზის ქალაქი (2017). ეს დოკუმენტური ფილმი ასახავს ქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ხასიათდება ინდუსტრიული კოლაფსით, დანგრეული ინფრასტრუქტურითა და სოციალური სიმძიმით, თუმცა, ის არ წარმოაჩენს ჭიათურას მკვდარ ადგილად.
მზის ქალაქს მნიშვნელოვანს მისი მოთმინება და პატივისცემა ხდის. მუშები სიმბოლოებად არ არიან ქცეული. სიღარიბე სანახაობად არ არის გადაქცეული. ფილმი დუმილს, ყოყმანსა და წინააღმდეგობებს უშვებს. ის აჩვენებს ქალაქს, რომელსაც სახელმწიფომ და კაპიტალმა უღალატა, მაგრამ ღირსება ჯერაც ვერ წაართვა. ამ გაგებით, ფილმი პოლიტიკურია ლოზუნგების ყვირილის გარეშე. ის გვანახებს, რომ ჭიათურაში ჩადენილი ნამდვილი ძალადობა არა მხოლოდ ეკონომიკურია, არამედ წარმომადგენლობითი — მასზე საუბრობენ ისე, რომ არ უსმენენ მის ხმას.
კიდევ ერთი ღირებული ნამუშევარია ტობი ანდრისის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჭიათურა (2021). ფილმი ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულ ქალზე, ელისოზე, რომელიც ქმრის სამთო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების შემდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ჭიათურაში აქცია ახალი არ არის. ქალის სხეული, მისი შეუპოვრობა, გაუჩინარებაზე უარი — ბრძოლის ხანგრძლივ ტრადიციაზე მეტყველებს. ჭიათურა, გარკვეული მხატვრული სისუსტეების მიუხედავად, რაღაც არსებითს ასახავს: პროტესტი არა მხოლოდ მასობრივი მოვლენაა, არამედ გადარჩენის ყოველდღიური აქტიც. ქალაქში, სადაც მშრომელები ხშირად უხილავები არიან, მარტო მდგომი ქალი მისი მოთხოვნებით პოლიტიკურ ფიგურად იქცევა. ფილმი გვახსენებს, რომ წინააღმდეგობას ყოველთვის გმირული ფორმა არ აქვს — მას ხშირად დაღლილი, ჯიუტი ან მარტოსული სახეც შეიძლება ჰქონდეს.
საგულისხმოა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც, ჭიათურა, ჩემი სიამაყე (2022), რომლის რეჟისორებიც სტეფანი ენტერი, მაქსიმ კუზმენკო, ლიზა მიულერი, ულრიკე პენკი და კაეტან ტადროვსკი არიან (პროდიუსერებს შორის — ანნა ძიაპშიპა და მიხეილ სვანიძე). ფილმი აგრძელებს ქალაქის სახის პატივისცემის ხაზს და დაჟინებით მოითხოვს სიამაყეს — არა ნაციონალისტური ლოზუნგის სახით, არამედ შრომის, მეხსიერების და კუთვნილების იდეის. ქვეყანაში, სადაც ინდუსტრიულ ქალაქებზე ხშირად საუბრობენ სირცხვილით ან გოდებით, სიამაყის მტკიცება თავისთავად პოლიტიკური აქტია. ფილმი არ უარყოფს გაჭირვებას, მაგრამ უარყოფს დამცირებას.
ამ ფილმებს ერთი რამ აერთიანებთ: ისინი ჭიათურას დისტანცირებულად არ უყურებენ. მათ აინტერესებთ არა ხრწნა, არამედ ადამიანები.
როდესაც ჭიათურა „ეგზოტიკურ ადგილად“ იქცევა
ჭიათურაში გადაღებული ყველა ფილმი ქალაქს ერთნაირი სიფრთხილით არ ეპყრობა. ზოგიერთი რეჟისორი ფილმში ჭიათურას დრამატულ ფონად იყენებს. ასეთ შემთხვევებში, ქალაქი ობიექტი ხდება და არა სუბიექტი. როდესაც რეჟისორები ჭიათურაში მხოლოდ დანგრეული შენობების და დაღლილი სახეების გადასაღებად ჩამოდიან, ისინი ჩვენს ისტორიას არ ყვებიან. ისინი ჩვენს ტანჯვას ყიდიან, აქაური მუშები კი უმუშევრები, დაშავებულები ან დაპატიმრებულები რჩებიან; ჭიათურა არაა ზოოპარკი. ჩვენი ცხოვრება არაა სანახაობა.
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმში, მოქალაქე წმინდანი (2023), ჭიათურა უბრალო ფონი და დეკორაციაა. მსგავსი ფილმების პრობლემა მათი განზრახვა კი არა, შედეგია. როდესაც მუშათა კლასის ტანჯვა პოლიტიკური კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი, ის ესთეტიზაციის რისკის ქვეშ დგება. აქ სიღარიბე ატმოსფეროდ იქცევა, გაჭირვება მოცემულობად. მუშა ქრება და მის ადგილს სიმბოლური ფიგურა იკავებს, რომელიც „აღმოსავლეთ ევროპის სასოწარკვეთას“ ან „პოსტსაბჭოთა სიბნელეს“ წარმოადგენს.
დიტო ცინცაძის ფილმში, ჩაისუნთქე-ამოისუნთქე (2019), ჭიათურა ეგზისტენციალური დრამის ფონად შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს მხატვრული ამბიცია აქვს, თავად ჭიათურა შორეულ და აბსტრაქტულ ქალაქად რჩება. მისი რეალური ისტორია — მშრომელთა ბრძოლა, პრივატიზაცია და ექსპლუატაცია — ფილმში არ არსებობს. აქ მაღაროელები ფრაგმენტულად ჩანან სივრცეში, ხოლო ფილმის ფინალი აჩენს განცდას, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ახალგაზრდა ბიჭი, მათი ხელით კვდება (ჩაგრული ჩაგრულს კლავს). ამგვარად რჩება მხოლოდ ბუნდოვანი სიბნელის განცდა.
რეჟისორები, რომლებიც ჭიათურის მსგავს ქალაქებს ეგზოტიკურ ნანგრევებად გამოხატავენ, მათ დასავლეთის მდიდარ აუდიტორიაზე „ნედლი რეალობის“ ადგილებად ყიდიან. ეს ფილმები ჭიათურის სურათით სარგებლობენ, თუმცა მას სანაცვლოდ არაფერს აძლევენ — არც სოლიდარობას და არც გაგების სურვილს. ასეთი წარმოდგენით კინო კაპიტალიზმის სამსახურში დგას. თუ კაპიტალი იპარავს შრომას, კულტურა იპარავს სურათებს და ისტორიებს.
კინო, კლასი და პასუხისმგებლობა
კინო განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვათ, დავიმახსოვროთ და მოვექცეთ სივრცეებს. როდესაც ჭიათურა მხოლოდ გატეხილი და ეგზოტიკური სახით არის წარმოჩენილი, ეს აძლიერებს იმ აზრს, რომ აქ უკეთესი არაფერია შესაძლებელი და მშრომელებმა ტანჯვა ბედისწერად უნდა მიიღონ. მაგრამ ჭიათურის ისტორია სხვას ამბობს: ეს გაფიცვების, საპროტესტო გამოსვლების და კოლექტიური მოთხოვნების ქალაქია. ადგილი, სადაც ხალხი არაერთხელ დაუპირისპირდა კომპანიებსა და ხელისუფლებას, ხშირად დიდი პირადი საზღაურით.
20 იანვარს, ჭიათურელი მაღაროელების პროტესტში მონაწილე ოთხ პირს, 2025 წლის აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით, პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ეს განაჩენი გვეუბნება შემდეგს: წინააღმდეგობას გაუწევთ და დაისჯებით. ჩუმად იქნებით და შესაძლოა გადარჩეთ. ერთ მუშაზე თავდასხმა ყველა მუშაზე თავდასხმაა.
სოლიდარობის კინოსკენ
ჭიათურა იმსახურებს უკეთეს ფილმებს და უკეთეს რეალობას. ეს ორი რამ ერთმანეთთანაც არის დაკავშირებული. კინო, რომელიც მშრომელების გვერდით დადგება, ხელს შეუწყობს ექსპლუატაციის მიღმა მომავლის წარმოდგენას. მას შეეძლება შეინახოს მეხსიერება, გამოავლინოს უსამართლობა და დაამყაროს სოლიდარობა ხალხს შორის; პასუხისმგებლობის საკითხი მნიშვნელოვანია. ჭიათურაში ჩასულმა რეჟისორმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ვისთვის ვიღებ ფილმს? აქ რამის წასაღებად ვარ, თუ მოსასმენად?
სხვა ჭიათურა და სხვა კინო შესაძლებელია. სოლიდარობა მანგანუმზე ძლიერია; მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუშებს აღვიქვამთ უფლებების და ღირსების მქონე ადამიანებად. და, რაც მთავარია, დავინახავთ მათ კლასობრივ ინტერესებს. ჭიათურის ამბავი არ დასრულებულა. მას დაწერს ის, ვინც უარს იტყვის გაჩუმებაზე.
ჭიათურაში დაპატიმრებულ და ბრძოლაში დარჩენილ მშრომელებს: ეს სტატია თქვენ გეძღვნებათ. თქვენი წინააღმდეგობა არ არის უხილავი. თქვენი ქალაქი არაა დაშლის სიმბოლო. ეს არის გამძლეობის, წინააღმდეგობისა და უკეთესი მომავლის ადგილი.