• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”
  • თარგმანი

საუბარი ანჯეი ვაიდასთან: „ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ”

  • მაისი 30, 2026
  • ალექსანდრე გაბელია
Total
0
Shares
0
0
0

ესაუბრა: იოანა პოროსისი
თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

ლეგენდარული კინორეჟისორი ანჯეი ვაიდა, 2016 წელს გარდაცვალებამდე ჩაწერილ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, მხატვარ ვლადისლავ სტრჟემინსკის შესახებ მისი დიდი ხნის ნანატრი ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლას განიხილავს და ფილმის შექმნისას მაყურებლის როლზე საუბრობს. საუბრობს იმაზეც, რომ ხელოვნებაში გატარებულმა წლებმა ვერ მოუკლა თავისუფლების წყურვილი.

იოანა პოროსი: ახლახან დაასრულეთ მუშაობა სტრჟემინსკის ბიოგრაფიულ ფილმზე ანაბეჭდი, რომლის მოქმედებაც 1948-1952 წლების ლოძში ვითარდება და მხატვარ ვლადისლავ სტრჟემინსკის ცხოვრების უკანასკნელ წლებს აღწერს. კომუნისტურ რეჟიმს შეწირული სტრჟემინსკი 1920-30-იან წლებში პოლონური ავანგარდის პიონერი, ქარიზმატული და მეამბოხე ხელოვანი იყო, რომელმაც უარი თქვა სოციალისტური რეალიზმის მორჩილებაზე.

ანჯეი ვაიდა: მონტაჟი ახლახან დავასრულე […] მაყურებელი მას შემოდგომაზე იხილავს. ყველაფერი გავაკეთე, რათა სტრჟემინსკის სახე ეკრანზე გამეცოცხლებინა. საჭიროა იმ დროის მდგომარეობისა და გამოწვევების გახსენება, რომელთა წინაშეც ეს ხელოვანი 1950-იან წლებში იდგა.

ფილმებს ომის დასრულების შემდეგ, მძიმე პირობებში იღებდით. რამ განაპირობა პოლონური კინოსკოლის წარმატება?

ვაიდა: ახალგაზრდები ვიყავით და ჩვენი კინოც ახალგაზრდა იყო. გვსურდა ომისდროინდელი ჩვენი გამოცდილება მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა და არა მხოლოდ პოლონელებისთვის, რომელთაც ომი თავად გადაიტანეს. ამ სათქმელის გადმოსაცემად საჭირო იყო შესაბამისი კინოენის პოვნა — უნივერსალური, ევროპული კინოენის, რომლის მეშვეობითაც კინო მხოლოდ ადგილობრივი მაყურებლით არ შემოიფარგლებოდა.

სწორედ იმ პერიოდში დაიბადა ახალი, ომის შემდგომი ევროპული კინო — იტალიური ნეორეალიზმი. ამ მიმართულებისადმი ყველაზე მეტ სიახლოვეს ვგრძნობდით. პოლონელ კინემატოგრაფისტებს გვსურდა, რომ საკუთარი თავი მსოფლიოსთვის გაგვეცნო, მაგრამ პოლონური ენა საზღვარგარეთ უცნობია […] ცენზურის მთავარი სამიზნეც სიტყვები იყო, ამიტომ გვჯეროდა, რომ ძლიერი ვიზუალური სახეებით შექმნილი ფილმები საზღვარგარეთ მეტ ინტერესს გამოიწვევდა და უცხოელ მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა.

იაპონიაში ყოფნისას საკუთარი თვალით ვიხილე, რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ფილმებმა, არხი და ფერფლი და ალმასი, ადგილობრივ ახალგაზრდობაზე. ანალოგიური გამოცდილება სხვა ქვეყნების მაყურებლებთანაც მქონდა […]

არხი 30 წლის ასაკში გადაიღეთ, ფერფლი და ალმასი — 32. ეს ფილმები, მათი მოწიფულობის გამო, არ ტოვებს ახალგაზრდა ადამიანის ნამუშევრის შთაბეჭდილებას. თქვენი მოწიფულობა ომის შედეგი იყო?

ვაიდა: ომის და გერმანული ოკუპაციის დასრულებისთანავე ცვლილებებიც მოვიდა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ველოდით. იმედი გვქონდა, რომ დასავლური სამყაროს მხარეს აღმოვჩნდებოდით. სწორედ ამისთვის ვიბრძოდით. რეალობასთან ამ ტრაგიკულმა შეჯახებამ ჩვენს ასაკთან შედარებით უფრო მოწიფულები გაგვხადა. ოცდაათი წლის ასაკში მიმაჩნდა, რომ ცხოვრებაზე უკვე ყველაფერი ვიცოდი […] ეს ფილმები სწორედ ჩვენი ცნობიერებიდან, პირადი გამოცდილებიდან და გადატანილი მოვლენებიდან დაიბადა.

ორმოცდაათამდე ფილმი გაქვთ გადაღებული.

ვაიდა: ცოტა ხნის წინ, ლოძის კინომუზეუმმა, ლოძის უნივერსიტეტის კინოპროფესიონალებთან ერთად, ჩაატარა გამოკითხვა სახელწოდებით — „12 ფილმი კინოს 120 წლის იუბილეზე.” აღთქმული მიწა ყველა დროის საუკეთესო პოლონურ ფილმად დასახელდა.[1] ამ გამოკითხვაში ხმა თავად კინემატოგრაფისტებმა მისცეს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ფილმი პირველ ადგილს დაიკავებდა.

არ ელოდით?

ვაიდა: ეს ჩემი კოლეგების გადაწყვეტილება იყო […] მათ მიიჩნიეს, რომ აღთქმული მიწა ადამიანების მეხსიერებაში ყველაზე მეტად დარჩა […]

რეჟისორი ფილმზე მუშაობის შემდეგ მაყურებლისგან გარკვეულ რეაქციას ელის. ფილმებს საკუთარი თავისთვის არ ვიღებ. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ფილმი ჩემს წარმოსახვაში იბადება — იმ ბუნდოვან იდეებსა და უცნაურ შეგრძნებაში, თითქოს ვიღაც ამ სურათს ელოდება […] ეს არ ნიშნავს, რომ ფილმს მხოლოდ მაყურებლის სიამოვნებისთვის ვიღებ. ამ მიზნით ფილმს პროდიუსერი უკვეთავს, რომელსაც თავში მხოლოდ ფინანსური გათვლები აქვს […]

როგორც ჩანს მაყურებელი ელოდა აღთქმულ მიწას.

ვაიდა: ვინ იფიქრებდა, რომ ვლადისლავ რეიმონტის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ამდენი წლის წინ [1890-იან წლებში] დაიწერა, ასე მჭიდროდ დაუკავშირდებოდა ქალაქ ლოძს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლოძი მივიწყებულ, მარგინალიზებულ ქალაქად იყო ქცეული. მაყურებლისთვის ეს ყოველივე ახლობელი და ნაცნობი აღმოჩნდა […] აღთქმული მიწის ეკრანიზაცია 1970-იანი წლების შუახანებში გადავიღეთ. ამ ეპოქაში ინიციატივას მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლება ფლობდა და დირექტივებიც იქიდან მოდიოდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან მკაფიოა, როგორი ძლიერი იყო ჩვენი თავისუფლების წყურვილი და რამდენად აუცილებელი — იმ რეალობის ჩვენება, სადაც პოლონელი, ებრაელი და გერმანელი ერთად აარსებენ ქარხანას. ისინი მათ თანამშრომლობას სრულიად ბუნებრივად მიიჩნევენ. იმდროინდელი კონტექსტისთვის ეს იდეა წარმოუდგენლად პროგრესული იყო. მაყურებელი კინოთეატრებში სწორედ ამ სურათის სანახავად მივიდა და ის სრულად მიიღო.

რკინის ადამიანს ერთადერთ „შეკვეთილ“ ნამუშევრად მოიხსენიებთ. მისი პრემიერა 1981 წლის 27 ივლისს, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. წლების შემდეგ ფილმის გადაღების გადაწყვეტილების მომენტი გაიხსენეთ: „გდანსკის ლენინის სახელობის გემთსაშენში მუშებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებმა გარკვეული დრო გასტანა […] პოლონეთის კინემატოგრაფისტთა ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტიც იმ პერიოდში ვიყავი, მოიპოვა უფლება, საარქივო მიზნებისთვის გადაეღო ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები. კინემატოგრაფისტთა ჯგუფი გემთსაშენს ვეწვიეთ. ჭიშკართან მყოფმა გუშაგებმა მაშინვე მიცნეს და შეხვედრების ოთახისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთმა მუშამ მითხრა: „ჩვენზე ფილმი უნდა გადაიღოთ“. „რა ფილმი?“ — ვკითხე. რკინის ადამიანი — უყოყმანოდ მიპასუხა. არ შემეძლო ამ თხოვნის უგულვებელყოფა.”

ვაიდა: იმ მუშამ რკინის ადამიანის გადაღება იმიტომ მთხოვა, რომ მანამდე მარმარილოს ადამიანი ნახა […] ნუ დავივიწყებთ, რა რთული იყო მარმარილოს ადამიანის გადაღება ხუთი წლით ადრე. ის არც ერთ ფესტივალზე არ გაუგზავნიათ. პოლონეთშიც კი, ფილმის ჩვენება მინიმუმამდე იყო შეზღუდული. ფილმი მუშაზეა, რომელიც ხელისუფლებას სხვა მუშების სახელით მიმართავს. თავად რეჟიმი კი, რომელიც თავს მუშათა და გლეხთა მფარველად აცხადებდა, მთელი ერის სახელით საუბრობდა […]

რკინის ადამიანზე მუშაობის დროს მივხვდი, რომ ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად უნდა ჩაერთო. მოვლენებში, რომელთა შედეგები და ფინალი წინასწარ უცნობია. ცხადია, ფილმზე მუშაობას იქამდე ვერ დავიწყებდით, სანამ გემთსაშენში გაფიცვა გამარჯვებით არ დასრულდებოდა. მანამდე ამ ფილმის გადაღების შანსი არ მქონდა.

იმ დროს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რაღაც საოცარი: მრავალმილიონიანი პროფკავშირი „სოლიდარობა”[2] მხარს მიჭერდა. ვიღებდი ფილმს და მჯეროდა, რომ მას ისინი დაიცავდნენ.

[…] ფილმი მაქსიმალურად სწრაფად, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებამდე, უნდა გადამეღო. ამის შემდეგ ფილმის დასრულების შანსი აღარ მექნებოდა, რის გარდაუვალობასაც წინასწარვე ვგრძნობდი.

ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ რკინის ადამიანი კანის კინოფესტივალზე აჩვენეს და ოქროს „პალმის რტო“ მოიპოვა. ეს ჯილდო ჩემი კი არა, მოძრაობა „სოლიდარობის“ დამსახურებაა. ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც მუშები ხელისუფლებისგან ფილმის ცენზურისგან დახსნასა და მის კანის კინოფესტივალზე წარდგენას მოითხოვენ.

ანაბეჭდის იდეა ოცი წელი გქონდათ.

ვაიდა: ლოძში რეჟისურაზე სწავლების გარდა სამი წლის განმავლობაში ფერწერასაც ვეუფლებოდი კრაკოვის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში.

სტრჟემინსკი, როგორც უკომპრომისო ხელოვანი, დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა საინტერესო კინოფიგურად […] საჭიროა იმის დანახვა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ხელოვნება ხელისუფლების ცენზურის მხრიდან კონტროლდება და მისი გავლენის ქვეშ ექცევა. სწორედ ასეთი იყო სტრჟემინსკის ცხოვრება. მის შესახებ ფილმის გადაღება ოცი წლის წინ გადავწყვიტე, უბრალოდ ეს პროცესი დროში გაიწელა. ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი მსურდა.

რას ფიქრობთ პოლონეთის ისტორიაზე იმ მასშტაბურ კინოწარმოებაზე, რომელიც ახალმა მთავრობამ დააანონსა? საუბარია ჰოლივუდური მასშტაბების პროექტებზე.

ვაიდა: პოლონურმა კინომ უკვე დაამტკიცა, რომ ის არსებობს და შეუძლია სხვა ერებს ელაპარაკოს პოლონური ისტორიებით. ამის საუკეთესო დასტურია ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოები: მაგალითად, ოსკარი პაველ პავლიკოვსკის ფილმისთვის იდა. ესაა სწორი გზა და არა ისეთი სამარცხვინო ეკრანული კატასტროფები, როგორიც იყო ვენის ბრძოლა.[3] ის ფილმებიც მნიშვნელოვანია, რომლებიც წარსულის გარკვეულს შეცდომებს გვახსენებენ. ეს კინოს ერთ-ერთი როლია.

არის თუ არა პოლონეთის ისტორიაში ისეთი პიროვნება ან მოვლენა, რომელზეც ფილმის გადაღება გსურდათ, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ჯერ კიდევ ვერ განახორციელეთ?

ვაიდა: […] მსურს ვიმუშაო იქამდე, სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა მექნება. ორმოცდაათამდე ფილმი მაქვს გადაღებული. თითოეული მათგანის მიღმა სამი ან ოთხი განუხორციელებელი პროექტი დარჩა. მიზეზი ყოველთვის ცენზურა არ ყოფილა, ხანდახან ჩემი სცენარი არ აღმოჩნდებოდა ხოლმე საკმარისად კარგი, ხანდახან კი საზღვარგარეთ მინდოდა გადაღება, მაგრამ პასპორტს არ მაძლევდნენ. ჩემს არქივში დაახლოებით 200-300 დაუსრულებელი კონოპროექტი დაგროვდა […]

კონკრეტულ პროექტებზე ფიქრი ყოველთვის დაკავშირებული იყო იმ რეალობასთან, რომელშიც ისინი იქმნებოდა. ამ რეალობაში ვცხოვრობდით, ვაპროსტესტებდით და მას კრიტიკულად ავსახავდით. ლეხ ვალენსას 1980 წელს, გაფიცვის დასაწყისში შევხვდი. მალევე იქ დოკუმენტური ფილმის მუშები ‘80-ის გადაღება დაიწყო [ქრონიკა საწარმოთაშორისო გაფიცვის კომიტეტსა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს შორის გამართული გაფიცვისა და აგვისტოს მოლაპარაკებების შესახებ. რეჟისორები: ა. ხოდაკოვსკი, ა. ზაიონჩკოვსკი]. რატომ მუშები ‘80? იმიტომ, რომ მანამდე გვქონდა კშიშტოფ კიშლოვსკის და ტომაშ ზიგადლოს ფილმი მუშები ‘71 — არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე […]

როგორც თქვით, 30 წლის ასაკში გქონდათ შეგრძნება თითქოს მომავალში ახალს ვეღარაფერს ნახავდით […] როგორ შეიცვალა თქვენი მსოფლმხედველობა ამ ექვსი ათწლეულის განმავლობაში?

ვაიდა: ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. ვფიქრობდი, რომ გამარჯვება, რომლის მოწმეც გავხდი და მასში გარკვეულწილად მონაწილეობაც მივიღე — ვგულისხმობ „სოლიდარობის“ მოძრაობის გამარჯვებას და პოლონეთის თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას — სხვა გზით წავიდოდა […] მჯეროდა ყველას ერთი და იგივე მიზანი გვქონდა. აბა რისთვის ვიბრძოდით?

პოლონეთის თავისუფლების 26 წელი სწორად და ნაყოფიერად გამოვიყენეთ?

ვაიდა: კომუნისტური რეჟიმის დროს ჩვენს ყველა სისუსტესა და შეცდომას საბჭოეთზე დამოკიდებულებას ვაბრალებდით. ვამბობდით: „ისინი ამის ნებას არ გვრთავენ“. ისიც კი არ ვიცოდით, რომ ჩვენი გემთმშენებლობა, მეშახტეობა, ფოლადის ქარხნები, სოფლის მეურნეობა თუ საფეიქრო ფაბრიკები პროდუქციას საბჭოთა ბაზრისთვის აწარმოებდა, საიდანაც ყველაფერი ერთ ღამეში ქრებოდა. აღთქმული მიწის გადაღებისას მიწევდა ლოდინი, სანამ ლოძის დაზგები საბჭოთა არმიისთვის სამხედრო ქურთუკების მორიგ პარტიას დაამზადებდა.

დღეს თავის მართლებას აზრი აღარ აქვს. ჩემს გულში კვლავაც ცოცხლობს „სოლიდარობის“ იმდროინდელი ენთუზიაზმი, როცა ეს მოძრაობა იზრდებოდა, მოქმედებდა და თავისუფლების ახალ იმედს აჩენდა. მაშინ თავს გაცილებით მოწიფულად ვგრძნობდით და გვწამდა, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ვიდექით.

წყარო: https://culture.pl/en/article/i-dont-make-films-for-myself-an-interview-with-andrzej-wajda


[1] გამოკითხვა ჩატარდა 2015 წლის დეკემბერში და მასში 279 პოლონელმა კინოპროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა. ფილმების სია: https://muzeumkinematografii.pl/lista-projektow/12-filmow-na-120-lat-kina/. საგულისხმოა, რომ 2025 წელს კინომუზეუმმა ახალი გამოკითხვა, „13 ფილმი კინოს 130 წლის იუბილეზე“ ჩაატარა, სადაც ვაიდას აღთქმულმა მიწამ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა: https://muzeumkinematografii.pl/lista-projektow/13-filmow-na-130-lecie-kina-lista-najlepsze-filmy-polska/ (მთარგმნელის შენიშვნა).

[2] პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანება საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში, რომელიც 1980 წელს გდანსკის გემთსაშენში, ლეხ ვალენსას ლიდერობით დაარსდა და დიდი როლი ითამაშა პოლონეთში რეჟიმის დამხობაში (მთარგმნელის შენიშვნა).

[3] რენცო მარტინელის 2012 წლის ისტორიული ფილმი (იგივე The Day of the Siege: September Eleven 1683). ვაიდა ამ სურათს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მასში ვენის ისტორიული ბრძოლა დაბალი მხატვრული ღირებულებით, ჰოლივუდის კლიშეებითა და პათეტიკითაა გადმოცემული (მთარგმნელის შენიშვნა).

პოსტის ნახვები: 4
Related Topics
  • ალექსანდრე გაბელია
  • ანჯეი ვაიდა
  • პოლონური კინო
ალექსანდრე გაბელია

წინა სტატია
  • თარგმანი

ცენზურის ორი სახე

  • მაისი 29, 2026
  • ნინი შველიძე
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ცენზურის ორი სახე

  • ნინი შველიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგე — კინოს ამბები[1]

  • ლიკა გლურჯიძე
  • მაისი 29, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი

ალექსანდრ კლუგეს ჯიუტი შეუპოვრობა

  • ნინი შველიძე
  • მაისი 24, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ ალექსანდრ კლუგესთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • მაისი 20, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

„20-იანი წლების პატრიოტი ვარ”: საუბარი ალექსანდრ კლუგესთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 18, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

მეხსიერების ხელოვნება: საუბარი იოაკიმ ტრიერთან

  • ნინი შველიძე
  • მაისი 14, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ინეკე სმიტსთან: გაქცევა რეალობაში — ფიქციიდან დოკუმენტურ კინომდე

  • CinExpress
  • მარტი 24, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

მანიფესტი ხმის შესახებ (1928)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • იანვარი 8, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს