ავტორი: ალექსანდრე გაბელია
თანამედროვე კინოს უდიდესი ავტორი, ჩან-დონ ლი, ფილმში ოაზისი (Oasis, 2002) სიყვარულის ისტორიას ორი მარგინალური გმირის ირგვლივ ავითარებს: ჯონ-დუ ციხიდან ახლადგამოსული, ემოციურად გაუწონასწორებელი მამაკაცია, ხოლო გონ-ჯუ ცერებრალური დამბლით დაავადებული ქალია, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებული საკუთარ ოთახშია გამომწყვდეული. მათი გზები იკვეთება სივრცეში, სადაც თანაარსებობს ფსიქიკური ტკივილი, გარიყული მდგომარეობა და უპირობო გრძნობები. ჩან-დონ ლი აღნიშნავს, რომ ოაზისი იმ წარმოსახვის შესახებაა, რომელსაც სიყვარული წარმოადგენს, თუმცა ეს კავშირი სცდება ილუზორულ საზღვრებს და სასტიკ რეალობაში საყრდენ წერტილს პოულობს.
ოაზისში სასიყვარულო აქტი ყოველდღიურობის ბზარებში ჩნდება, არ მიილტვის ესთეტიკური სრულყოფილებისკენ და არ საჭიროებს სოციალურ დასტურს; აქ, გრძნობები არათუ რეალობისგან განცალკევებული, არამედ მასთან მჭიდრო კაშირშია და სცილდება ირაციონალურ განზომილებას. ამ კავშირის სინამდვილეს ყველაზე მძაფრად მაშინ ვგრძნობთ, როცა ამგვარ სიყვარულს უპირისპირდება სამყარო, სადაც ურთერთობები პრაგმატულ გათვლებს ეფუძნება; სადაც მხარეები წინასწარ განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს; სადაც სიყვარული კარგავს უანგარო ბუნებას და შურისძიების, თვითდამკვიდრების და მანიპულაციის იარაღია, შინაარსისგან დაცლილი ფორმალობაა. ამ კონტექსტში, მთავარი გმირების ურთიერთობა არარეალურად აღიქმება, არა მისი იდეალურობის, არამედ სიყვარულის ცნების სარგებლისგან განცალკევების შედეგად.
როგორც კინომკვლევარი ჯისუნ კეტრინ კიმი აღნიშნავ, ოაზისის პერსონაჟებს შორის არსებული კავშირი ვერ განისაზღვრება კაპიტალისტური ლოგიკით, რომელიც ურთიერთობებს სამომხმარებლო პროდუქტად აქცევს. გმირები ნონკონფორმისტები არიან არა საკუთარი არჩევანით, არამედ იმიტომ, რომ მათმა მარგინალიზებულმა ყოფამ ისინი „მომგებიანი“ კავშირების სოციალური სტანდარტებისგან გაათავისუფლა. მათი სიახლოვე ასევე გამაოგნებელია მათი გულგრილი ოჯახის წევრებისთვის, რომლებმაც გონ-ჯუ სარგებლის წყაროდ, ჯონ-დუ კი ტვირთად აქციეს.
ცენტრალურ მიზანსცენაში, მეტროს ქაოტურ გარემოში, წამით ყველაფერი ჩერდება. ქალი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, ეტლიდან არა ფიზიკური განკურნების, არამედ იმ შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგად დგება, რომელსაც მასში ეს გრძნობა იწვევს. ამ მომენტში სხეული აღარ არის ბარიერი. მეტროს ბაქანი სრულიად დაცარიელებულია. საჯარო სივრცე, რომელიც ხშირად გამრიყავი, გაუცხოებული ან დაღლილი მზერის სიმძიმითაა სავსე, უეცრად კარგავს დამთრგუნველ ძალას. გონ-ჯუს წამოდგომა და სიმღერა სწორედ ამ „გათავისუფლებულ“ წამში ხდება, როცა გმირი სხვის მოლოდინებზე აღარ ფიქრობს, არამედ საკუთარ სურვილზე კონცენტრირდება. მისთვის სამყარო ჩერდება და აღსანიშნავია, რომ ამ წარმოსახვით სცენაში ჯონ-დუ არ კარგავს ტიკებსა თუ უხერხულ მოძრაობებს, არ გარდაიქმნება „იდეალურ“ ფიგურად. გონ-ჯუს მამაკაცი სწორედ ამ უცვლელობაში უყვარს. გმირები ამ სცენაში სიყვარულის იმ „გვირგვინს“ იბრუნებენ, რომლის ტარებაც ამ პრაგმატულ სამყაროში თითქმის შეუძლებელი გახდა. ეს მიზანსცენა ფანტასმაგორიულია არა იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ვერასდროს დავინახავთ სიყვარულს იქ, სადაც შიშველი სიმართლისთვის თვალის გასწორების გვეშინია.
თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ წარმოსახვის „ბზარებში“ არ იკეტება. ის არც რეალობისგან დროებითი გაქცევაა და არც მხოლოდ ამაღლებული ფანტაზია. ეს გრძნობა მუდმივად უბრუნდება მიწას, სადაც ყოფიერება კვლავ ჩაგვრით სავსე და შეზღუდულია. თუმცა, გმირების შემთხვევაში ილუზია ქმედებად გარდაიქმნება და ამ გზით უპირისპირდება გარემოებების სიმძიმეს.
ფინალურ მიზანსცენაში, ციხიდან გამოქცეული ჯონ-დუ ხეზე სხვების დასანახად არ ადის, არამედ გონ-ჯუს ფანჯრიდან ოთახში შემოჭრილი იმ ჩრდილების მოსასპობად, რომლებიც მას მოსვენებას უფრთხობენ. კამერა მოქმედებას თავდაპირველად ქალის პერსპექტივიდან აკვირდება, შემდეგ კი დისტანცირდება და დოკუმენტური სიზუსტით, სრული ნატურალიზმით აღბეჭდავს ღამის ქუჩაში შეკრებილ ხალხსა და ხეზე ასულ მამაკაცს. მისი ექსცენტრიკული მიმიკები კადრში ავთენტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ცოცხლდება. სწორედ ეს არის სიყვარულის ყველაზე პირდაპირი გამოხატულება — ქმედების, რომელსაც არ სჭირდება არც მტკიცებულება და არც სოციალური აღიარება. ჯონ-დუ ვერ გარდაქმნის დიდ სამყაროს, თუმცა ტოტების მოჭრის აქტით ქალისთვის აუტანელ ყოფიერებას ცვლის. ეს ჟესტი გვიჩვენებს, როგორ დავრჩეთ ერთად და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იქ, სადაც გარემოებების შეცვლა მანამდე შეუძლებელი ჩანდა. ვინ ადის ხეზე სხვისი შიშის დასათრგუნად გარემოში, სადაც ყოველი ნაბიჯი განსაზღვრულია? ამგვარ რეალობაში ეს კითხვა აბსურდულად ჟღერს, რადგან ნამდვილი გრძნობა არასოდეს კითხულობს, „რა ღირს?“ ან „რას მომიტანს?“. ის ყოველგვარი გარანტიების მიღმა არსებობს.
ამ ორ ჟესტს — ადამიანის გამო ფეხზე წამოდგომასა და ჩრდილების მოსასპობად ტოტების მოჭრას — შორის იბადება კავშირი, რომელიც ერთდროულად არის იმპულსი და ქმედება, მზრუნველობა და თავგანწირვა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი შრე: ეს სიახლოვე კი არ აქრობს რეალობას, არამედ გვასწავლის, რომ აღვიქვათ არა წინაღობად, არამედ მოცემულობად, რომელშიც ერთად ყოფნაა ერთადერთი დასაყრდენი.
ხშირად სიყვარულში გამოსავალს ვეძებთ. მას, რაც დაგვიცავს, ტვირთს შეგვიმსუბუქებს ან გადაგვარჩენს. ოაზისში სიყვარული ყოფიერებას კი არ გვწყვეტს, პირიქით, მასშივე გვაბრუნებს, ოდნავ შეცვლილსა და შემსუბუქებულში, თუმცა მაინც იმავე სივრცეში, სადაც ტკივილი, შეზღუდვები და შიში კვლავაც არსებობს. ჩვენ აღარ ვართ მარტონი იმის წინაშე, რაც უცვლელია. ბარიერები არ ქრება, მაგრამ აღარ არის ძველებურად დამთრგუნველი, რადგან ამ სიმძიმეს უკვე ორი ადამიანი ინაწილებს.
სწორედ ამიტომ გვაშინებს მსგავსი სიახლოვე. ის არაფერს გვპირდება და არც უსაფრთხოებას გვთავაზობს, პირიქით, სრულიად უმწეოდ გვტოვებს. ყველაზე რთული კი სწორედ ესაა: დარჩე იქ, სადაც არაფერია გარანტირებული. დარჩე არა სარგებლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს კავშირი უკვე შენი ნაწილია. მისი უარყოფა ხშირად უფრო მარტივია, ვიდრე იმ სიმძიმის ტარება, რაც ამ ერთიანობას ახლავს. ჩან-დონ ლის პერსონაჟები დასაწყისიდანვე „წაგებულ ბრძოლაში” ებმებიან, თუმცა გზას მაინც აგრძელებენ, რადგან სხვა არჩევანი არ გააჩნიათ. ეს ნერუდასეული „იდუმალი საგნების“ ერთგულებაა — კავშირის, რომელიც ჩრდილსა და სულს შორის არსებობს. ჯონ-დუ და გონ-ჯუ, თავიანთი „ოაზისითა“ და ხის კენწერომდე აყვანილი მზრუნველობით, იმ სიმართლის ნაწილად იქცევიან, რომელიც მხოლოდ ამგვარ დაუცველობაში იბადება.