ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი
საფეხბურთო მატჩის სცენა კინოში, მით უფრო, თუ ეს გუნდური სპორტის სახეობა ილუსტრირებულია ისეთი რეჟისორის სურათში, როგორიც კენ ლოუჩია, განსაკუთრებული სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვით მნიშვნელობს. ფეხბურთი კარგავს მის პირვანდელ არსს და რეჟისორის ხედვისა თუ სცენის დრამატურგიული სტრუქტურის მიხედვით, იქმნება ერთგვარი მეტანარატივი, რომელიც მაყურებელს ინფორმაციას ალეგორიული კოდებით ამცნობს.
კესის პათოსსა თუ მისი რეჟისორის გაცხადებულ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით, გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ამ ნაწარმოებში ფეხბურთს ფუნდამენტური დატვირთვის კომპოზიციური (სიუჟეტთან მიმართებაში) მნიშვნელობა აქვს. გარდა სოციალური დისბალანსის გაცხადებისა, საფეხბურთო მატჩის სცენა ძალაუფლებით შეპყრობილი სუბიექტების პერვერსიის მამხილებელი ინსტრუმენტია და უფროსი თაობის (აღმზრდელთა) მიერ ახალგაზრდა თაობის (აღსაზრდელთა) ჩაგვრის კონოტოაციას იძენს.
ფილმის რეფლექსიის უმთავრესი საგანი ძალაუფლებით შეპყრობილი ტოქსიკური ჯგუფებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი კოლექტივის ურთიერთქმედებაა. მმართველი პირები ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ ზნეობრივ და სოციო-პოლიტიკურ ვალდებულებებსა თუ უფლებამოსილებებს, მასზე დაქვემდებარებული ჯგუფის ჩაგვრასა და მარგინალიზებას ეწევიან. მათთვის ხალხის მიერ მინიჭებული პრივილეგია, სურათში წარმოგვიდგება, როგორც ერთგვარი უკუ-სუბლიმაცია, სადაც მჩაგვრელის მთელი ენერგია გადამისამართებულია არა სოციალურად სასარგებლო საქმიანობისაკენ (სახელდობრ, ახალი თაობის აღზრდისკენ), არამედ სექსუალური ლტოლვების ფარული დაკმაყოფილებისა თუ სოციალური პერვერსიისაკენ – იღებენ რა მასწავლებლები სიამოვნებას ბავშვების ჩაგვრით, მათი დასჯით თუ ტოტალური მმართველობის ხელში გდებით. ამავდროულად, გარდა ჩაგვრა/ექსპლუატაციისა, ეს ჯგუფები სპობენ ყოველგვარი განვითარების საშუალებას და მათ მიერ წარსულში განუხორციელებელი ოცნებებისა თუ წარუმატებლობების კომპენსაციას, ახალი თაობისთვის ოცნების უნარის მოკვლითა და განვითარების გზის მოსპობით ცდილობენ. სწორედ ამგვარი მსჯელობის ნიმუშია კინო-ნამუშევარში ასახული საფეხბურთო ეპიზოდი, სადაც გარდა იმისა, რომ ძალაუფლების ვერტიკალი (მწვრთნელი, კაპიტანი, უბრალო მოთამაშეები) შიშვლდება, ამავდროულად, ფსიქოანალიტიკურ თეორიებს თუ მოვიშველიებთ, მწვრთნელის ბავშვობის ოცნებების, ზრდასრულობაში სიმულაციური თამაშის სახით დაკმაყოფილება ვლინდება – მატჩის დაწყებამდე მწვრთნელი თავის გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“, ხოლო საკუთარ თავს სერ ბობი ჩარლტონთან[i] აიგივებს. შედეგად, სახეზეა მოწიფულ ასაკში მყოფი მწვრთნელის ინფანტილური სახე-ხატი, ხოლო ბავშვების შემთხვევაში, სოციალური ერთობის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება. ამ უკანასკნელთა მინავლებული განწყობა, დიდი ალბათობით მასწავლებელი-მოსწავლის ამგვარი ძალაუფლებრივი დამოკიდებულებითაა ნაკარნახები. მოცემულ ეპიზოდში, მასწავლებლის კინო-იმიჯი მთლიანად ეგოცენტრული პიროვნების ირგვლივაა აგებული და ავტორიტარული მმართველი ძალის კრებსითი სახეა, რომელსაც საკუთარი ეგოს კვება თუ ბავშვობის ოცნებების ასრულება, მარტოოდენ მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯგუფებთან მავნებლურ ურთიერთობასა და ჩაგვრაში თუ შეუძლია.
აღვნიშნეთ, რომ საფეხბურთო სცენა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ტოტალიტარული კონტროლის ბუნებას ამბივალენტური პრიზმიდან ჭვრეტს; ზედმიწევნითი სიზუსტით ხატავს მის ორსახოვნებას. რაოდენ წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს, ტირანი მასწავლებლის პერსონაჟი ერთდროულად ნაივური და სადისტური ბუნების მატარებელია: ერთ მომენტში (პენალტის ეპიზოდი) სასაცილოა, მეორე მომენტში (გასახდელის ეპიზოდი) – საზარელი. გასახდელში, სადაც მწვრთნელის მიერ წინასწარ გაყალბებული თამაშის სამზადისი მიმდინარეობს, მწვრთნელი ავტოკრატი ფიგურის როლში გვევლინება და ფიზიკურად ძალადობს, ხოლო უშუალოდ თამაშის დროს, ფიზიკური ძალადობის ინსტრუმენტებს იდეოლოგიური ძალადობის ელემენტები ავსებს; მწვრთნელი სიმულაციის შედეგად პენალტის დარტყმის უფლებას მოიპოვებს, ააცილებს, მაგრამ სარგებლობს რა საკუთარი თავისთვის მინიჭებული სტატუსით (მწვრთნელობასთან ერთად მსაჯისა და კაპიტნის როლსაც ითავსებს), კვლავ იტყუება და განმეორებით ასრულებს პენალტს. შესაბამისად, გარდა ფიზიკური ძალადობისა, ლოუჩი ჩვენ თვალწინ უფრო მეტად საშიშ, უფრო დახვეწილსა და შეფარულ ძალადობას ამხელს. ალეგორიულად თუ ვთარგმნით, საქმე შემდეგშია: ინდუსტრიული ზონით გარშემორტყმული სტადიონი ტოტალიტარული სახელმწიფოს მატერიალური განსხეულებაა და მის მიკრომოდელს წარმოადგენს, მწვრთნელი მმართველის როლს ითავსებს, რომლის პოლიტიკური თუ ზნეობრივი მოვალეობა თანასწორი სოციალური გარემოს შექმნა და საზოგადო ცოდნის გაზიარება უნდა იყოს, ბავშვები კი ყოველგვარ საზიარო სიკეთეს მოკლებულ, მსხვერპლის როლში მყოფ მოქალაქეებს განასახიერებენ. გარდა იმისა, რომ მწვრთნელი (მმართველი) მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებს, ის განსზაზღვრავს, თუ ვინ იქნება მსაჯი, ვინც ე. წ. „თამაშს” შეაფასებს, რაც ბავშვების (მოქალაქეების) ერთ ნაწილს იმთავითვე წამგებიან პოზიციაში აყენებს. სუბიექტი, ვინც „თამაშს“ ობიექტური წესების მიხედვით უნდა წარმართავდეს, თვითონვეა წესების (კანონის) მდგენელი და ერთ-ერთი გუნდის კაპიტანიც, რაც ნათლად აღწერს ტოტალიტარული მმართველობის ბუნებას.
მართალია ამ კონკრეტულ ეპიზოდში საქმე ინდივიდუალურ ძალადობასთან გვაქვს, მაგრამ თუკი ამ ეპიზოდის ფილმთან შეფარდებას გავითვალისწინებთ, საფეხბურთო მოედანი ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ბავშვებზე ძალადობა ინტენსიური სახით ხორციელდება. სხვა ინსტიტუციები, სადაც ანალოგიური ქმედებები ფიქსირდება, სკოლა და ოჯახია, რაც ძალადობას კიდევ უფრო ორგანიზებულ სახეს აძლევს – ცალკეული ინდივიდუალური ძალადობა უფრო დახვეწილ ფორმაში ექცევა და სისტემურ სახეს იღებს, მთელ საზოგადოებაში იდგამს ფესვებს, რაც საბოლოოდ დისციპლინირებულსა და რეპრესიულ აპარატს ქმნის და ასე იქცევა, ერთი შეხედვით, უბრალო სპორტული ეპიზოდი სახელმწიფოსა და მარგინალიზებული ჯგუფების ძალადობრივი ისტორიის ალეგორიად.
თუმცა ლოუჩი რის ლოუჩია, რომ გამოუვალ ვითარებაშიც არ დატოვოს იმედი – ყველაფრის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტირანი მწვრთნელის თაოსნობით, მოწინააღმდეგე „სფერსთან“ ანგარიშით 1-2 დამარცხდება!
[i] ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, (1937-)