მოამზადა ალექსანდრე გაბელიამ
საავტორო კინოს მნიშვნელოვანი ავტორის, ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმის, მამა დედა და ძმა (Father Mother Sister Brother, 2025) პრემიერა ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი გვიამბობს ოჯახური ურთიერთობების მყიფე, აბსურდულ და ემოციურ ნაწილზე. ჯარმუში სურათში კვლავ ადამიანურ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას. მინიმალისტური სტილით, აუჩქარებელი თხრობითა და იუმორით, დეტალებსა და საგნებზე დაკვირვებით, ოჯახს წარმოგიჩენს არა როგორც ფიქსირებულ ინსტიტუტად, არამედ როგორც სიყვარულით, გაუცხოებითა და დუმილით სავსე ქსოვილად. ფილმს ვენეციის კინოფეტივალზე მთავარი ჯილდო, „ოქროს ლომი“[1] გადაეცა.
ჯიმ ჯარმუშთან შეხვედრის წინა დღეს, „ლურჯ ლაუნჯში“, თანამედროვე კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს, ვიკი კრიპსს, ველოდებოდი ინტერვიუს[2] ჩასაწერად. შეხვედრების ოთახის კარები მოულოდნელად გაიღო და იქიდან, შავი სათვალით და თეთრ თმიანი ჯარმუში გამოვიდა. მეორე დღეს, ჯგუფური საუბრის ფარგლებში შევხვდით (პატერსონზე, დაკვირვების მაგიასა და მუსიკაზეც ვესაუბრე). შეხვედრის შემდეგ ტელეფონი გამომართვა და სელფის გადაღება მთხოვა. დაამატა, რომ ფოტოსურათი არ გამომექვეყნებინა. დანარჩენი ისტორიაა. უშუალოდ შეხვედრისას ჯარმუშმა ისაუბრა ახალი ფილმის იდეის დაბადებაზე, მეხსიერებისა და დანაკარგის როლზე ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში; მის მუდმივ სიყვარულზე ყოველდღიური ცხოვრების მშვიდი რიტმებისადმი; ასევე მსახიობებთან მუშაობის მეთოდებსა და მუსიკის როლზე; მის ხედვებზე ამერიკისა და მისი პოლიტიკის მიმართ.
საუბრის ინგლისურ ენაზე მოსასმენად გადადით ბმულზე:
იმედია პირდაპირობას არ მიწყენთ. მინდა გკითხოთ თქვენს მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე, და იყო თუ არა რაიმე განსაკუთრებული თქვენი გამოცდილებიდან, რაც სცენარის დაწერაში დაგეხმარათ?
არა. ჩვენ საკუთარ აღქმას და გამოცდილებას ვიყენებთ, იდეები აქედან ამოიზრდება, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. თავად მიკვირს რაც დავწერე. ვერ ვიტყვი, რომ რამე ჩემს ოჯახს ეხება. არის რამდენიმე სასაცილო ან საინტერესო დეტალი. მაგალითად, მესამე ისტორიის გმირების მსგავსად, დედაჩემი და ბიძაჩემიც ტყუპები იყვნენ. ისინი საკმაოდ ტელეპათიურები იყვნენ, რადგან ბაბუაჩემი, მათი მამა, კრიმინალი იყო და უმეტესად ციხეში იჯდა. მათი დედა, ბებიაჩემი, სკოლის მასწავლებელი იყო და მათზე ზრუნავდა. ისინი პატარები იყვნენ და დროს მუდამ ერთად ატარებდნენ.
სახლში ტელეფონი რეკავდა. ბიძაჩემს და მამაჩემს, ორივეს ბობი ერქვათ. მყავდა ჩემი ასაკის ბიძაშვილები. როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიკრიბებოდით საშობაოდ, კითხულობდნენ თუ სად იყო ბიძია ბობი. პასუხი იყო, „მოიცადე, შენი ბიძია ბობი, თუ ჩემი ბიძია ბობი?” ტელეპათიის თემას რომ დავუბრუნდეთ, ტელეფონი როცა რეკავდა გრძნობდა, რომ ბობი რეკავდა. ან იტყოდა, რომ ბობი დღეს ცუდად გრძნობდა თავს და გრიპი ჰქონდა. ვერ ვიგებდით, რომელ ბობზე იყო საუბარი. ეს ძალიან უცნაურია; ზოგადად, ორივე მშობელი დავკარგე და მართალია, მათ შესახებ რაღაცეებს მათი გარდაცვალების შემდეგ ვიგებ, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არ არის ავტობიოგრაფიული სცენარი და ნამდვილად არ ვიცი, რატომ დავწერე ის.
მესამე ეპიზოდთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მამა იანვარში დავკარგე. მადლობა ამ ეპიზოდისთვის, რადგან მას შემდეგ მივხვდი, რომ ამ თემაზე ძალიან ცოტა ფილმია.
მშობლის დაკარგვა მოსალოდნელია, მაგრამ როცა ეს მოხდება, მაშინ იწყებ ფიქრს. ასე, რომ დიდი მადლობა. ბუნებრივია, უნდა გადაიტანო. ოდესმე შენც მოკვდები, თუ გაგიმართლებს და მათ არ დაასწრებ. ვფიქრობ, ჩვენს ფილმშიც ასეა. ამ საკითხთან გვიწევს გამკლავება. ნამდვილად არ ვიცი და არ ვარ ანალიტიკური იმაში, რასაც ვაკეთებ. ძალიან ინტუიციური ვარ. ჩვეულებრივ, იდეებზე ვფიქრობ ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ სცენარს მალევე ვწერ. ამ ფილმის შემთხვევაში, იდეებზე მხოლოდ რამდენიმე თვე ვფიქრობდი და ძალიან სწრაფად, რამდენიმე კვირაში, დავწერე სცენარი.
როგორი იყო პირველი იდეა ფილმზე მუშაობისას?
პირველი იდეა ტომ უეიტსის, ადამ დრაივერისა და მაიმ ბიალიკის მამის, გადაღება იყო. მაიმ ბიალიკი ტელემსახიობი და ვარსკვლავია ამერიკაში, მაგრამ მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ტელევიზიის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარდა სატელევიზიო შოუ Jeopardy! (2021–2023) და ის იყო ჩემი საყვარელი წამყვანი შოუში. ასე რომ, როდესაც მაიამს ვუყურებდი, ვფიქრობდი, „ოჰ, მაიმი წამყვანია“. შემდეგ კი გავიფიქრე: „ის შესანიშნავი იქნებოდა ადამის დის როლში.” ასე რომ, ეს იყო დასაწყისი და შემდეგ ყველაფერი მშვიდად ჩამოყალიბდა. სცენარს ვწერ მსახიობებისთვის, რომელთაც ის უნდა ითამაშონ. ასე რომ, ეს იყო ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი იმპულსი.
როდის გაჩნდა „როლექსის“ საათის იდეა სცენარში?
ღმერთო ჩემო, არ ვიცი საიდან გაჩნდა „როლექსი“. ჩემი საუკეთესო მეგობარი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობდა. ის მუსიკოლოგი იყო და ბიაკას ხალხთან, ანუ პიგმეებთან ერთად ცხოვრობდა. მათ მუსიკას წლების განმავლობაში იწერდა. ნიუ-იორკში შეგიძლიათ Canal Street-ზე წახვიდეთ და ყალბი როლექსები იყიდოთ საკმაოდ იაფად. ის ყოველთვის ყიდულობდა საათებს დაბრუნებამდე, რათა მოექრთამა ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელთანაც ურთიერთობა უწევდა. ერთხელ მითხრა, რომ ექვსი როლექსის საათი 200 დოლარად იყიდა. კიდევ მყავს რამდენიმე მეგობარი, ტატუს მხატვრები და ბაიკერები, რომელთაც ასევე აქვთ ნამდვილი როლექსი. არ ვიცი საიდან იშოვეს, შეიძლება იარაღის მუქარით; ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს ასევე აქვთ როლექსიის საათები, რომელთაც მძარცველები პარავენ მათი საგარეო თამაშების დროს. ქურდები სახლში შედიან და როლექსს იღებენ. ეს უცნაური სახის ვალუტაა.
თავად თუ გაქვთ როლექსი?
არა. მაქვს რაღაც ბაზრის საათი, რომელიც 15 წლის წინ 35 დოლარად ვიყიდე, რადგან უბრალოდ მომეწონა. ავტომატურია.
თქვენმა მეგობარმა აჩუქა როლექსები პიგმეებს?
არა. მათ მაიკლ ჯექსონის მაისურები სურდათ.
რას ფიქრობთ უხერხულობაზე, ვგულისხმობ, კინემატოგრაფიულ ელემენტზე, რომელიც ცხოვრებაში იჩენს თავს?
ვფიქრობ, ბევრი რამ ვლინდება უხერხულობის, სიჩუმისა და კომუნიკაციის პაუზებიდან. ფილმებში ხშირად ვამბობ, რომ არაფერი ხდება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ფილმში, პაუზები მუსიკას ჰგავს. ასე რომ, ასეთი მომენტები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახთან ერთად ხართ. როცა მშობლებთან და ოჯახთან ვბრუნდებოდი, ყოველთვის მჭირდებოდა განმარტოებისთვის დრო. პირველ ისტორიაში მათ “ტაიმ-აუტი” აქვთ, როცა ერთ ოთახში არიან და პერიოდულად ერთ სკამს იკავებენ. ისინი განსხვავებულ პეიზაჟს ხედავენ და ერთმანეთისგან მცირე ხნით ისვენებენ. მთელი ისტორიის განმავლობაში თითოეული მათგანი ცოტა ხნით იკავებს ამ სკამს, რათა ერთგვარად ზურგი აქციონ სხვებს, გესმით?
ჭექა-ქუხილის გზაში მონაწილეობს რობერტ მიტჩემი, რომელიც შემდეგ თქვენც გადაიღეთ. ვინ თამაშობს მის ძმას?
კრისი. ის სატიტულო სიმღერასაც კი მღერის.
წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან მსახიობთან იმუშავეთ. ადვილია მათი დარწმუნება და ფიქრობთ, რომ მათ ჯიმ ჯარმუშის სამყაროში მოგზაურობა მოეწონებათ?
ალბათ, ასეა. ვფიქრობ, მათ იციან, რომ ძალიან ვაფასებ და თანამშრომლობის მოსურვე ვარ. უშიშარი ვარ მათთან დაახლოებისას. ბატონი მიტჩემი გამონაკლისია. მისი მეშინოდა. არასდროს შემშინებია ცნობილ ადამიანებთან მუშაობის, ან მათთან ერთად დროის გატარების, გარდა მკვდარი კაცის (Dead Man, 1995) გადაღებებისა. გადაღებისას ვფიქრობდი, რომ ის უბრალოდ რობერტი იყო, მე კი რეჟისორი. თავშეკავებული და საკმაოდ გულუხვი იყო, მაგრამ ასევე სასაცილო და მშრალი.
როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ დროს?
უფროსი იყო, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურებოდა. არ გვინდოდა მისი გადატვირთა, მაგრამ ძალიან გულუხვი იყო და დიდი ენერგია ჩადო მუშაობაში.
დავუბრუნდეთ ახალ ფილმს, მესამე ნაწილიც პარიზისადმი მიძღვნილი ხარკია?
ხარკი არ ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად სასიყვარულო წერილია. პარიზი ძალიან მიყვარს. ამჟამად ვმუშაობ ხელოვანის ვიზის მისაღებად საფრანგეთში. ამერიკაში რა მოხდება კაცმა არ იცის, იქნებ წავიდე კიდეც აქიდან.
მოგწონს საფრანგეთში მუშაობა?
შემდეგი ფილმის გადაღებას საფრანგეთში ვაპირებ. თუმცა, ალბათ, ეს არ უნდა გამემხილა. ვისურვებდი არსებობდეს ადგილი, სახელად “საფრანგეთი და ა. შ. შ.”
მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია. ხანდახან ხომ არ უყურებთ თქვენს ძველ ფილმებს ან მათზე ფიქრობთ?
არა, როგორც წესი, ფილმებს კინოფესტივალზე ვნახულობ, შემდეგ კიდევ ერთხელ მაყურებელთან ერთად კინოთეატრში, რომელთაც გადაიხადეს ბილეთის ფული და როგორც წესი, არ იციან, რომ იქ ვარ. ამის შემდეგ, ჩემს ფილმებს აღარასდროს ვუყურებ.
რატომ?
ჩემი ფილმების უდიდესი ნაწილის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ეს ძალიან დამეხმარა შემდეგი ფილმებისთვის თანხის შოვნაში. მინდა ჩემი ფილმები ნახონ. კონკურსები და კონკურენცია დიდად არ მაღელვებს. ვფიქრობ, რომ ეს აბსურდია. მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ კონკურსში მონაწილე ფილმები გადამეღო.
როდესაც ფილმს კანში აჩვენებთ, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ მას L’Oréal-ის 2000 დალაქს უჩვენებთ. იქ არაა ბევრი ხალხი, ვისაც მართლა უყვარს ფილმების ყურება.
ზუსტად, ნამდვილი აუდიტორია გჭირდება. მინდა ვნახო, როგორ იცინის ხალხი. ყველა აუდიტორია განსხვავებულია, მაგრამ როგორც წესი ფილმს ერთხელ ვნახულობ მათთან ერთად. შემდეგ, თუ ფილმის ახალ ფორმატში გადატანა ან რაიმეს გაკეთება მომიწევს, ვაკეთებ, იქნება ეს ხმის ამოღება და გასწორება, თუ ვიდეო ფორმატის შეცვლა და ა. შ. მათი ყურება აღარ მინდა, რადგან მათზე დიდი ენერგია მაქვს დახარჯული. ფილმების გადაღება რთულია. ადამიანები, რომლებიც არ იღებენ, ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს დიდ ენერგიას მოითხოვს. ასე, რომ როდესაც მათ ვასრულებ, წარმატებებს ვუსურვებ და ვემშვიდობები. მათ ვეღარც შევცვლი და ვეღარც გამოვასწორებ. ვეუბნები „მიყვარხარ, ნახვამდის.”
ფიქრობთ ახალ ფილმზე?
არა, უკვე შემდეგზე ვფიქრობ, რადგან მამა დედა და ძმა უკვე დიდი ხანია დასრულებულია და უკვე მაქვს ახალი სცენარი. ჩემი გონება მას ეკუთვნის. ერთხელ ჩემს მეგობართან, ოპერატორ კრისტოფერ დოილთან ერთად ინტერვიუზე ვიყავი და ვკითხე: „რომელია ყველაზე საინტერესო ფილმი, რაც კი ოდესმე გადაგიღია?“ მან მიპასუხა: „შემდეგი!“ მეც დაახლოებით ასე ვფიქრობ.
საუბრობთ თქვენს სიყვარულზე ევროპული და იაპონური კინოსადმი. მაგალითად, ვიმ ვენდერსმა რამდენიმე ფილმი გადაიღო იაპონიაში. ეს ისაა, რისი ცდაც გსურთ?
შესაძლოა. ერთხელ იაპონიაში რაღაცის გადაღებას ვაპირებდი და შემდეგ ძალიან გართულდა რეგულაციების გამო. ქუჩაში უნდა გაზომო კამერის დაშორება და ა. შ. მაგრამ მიყვარს იაპონია. შეიძლება, ეს ოდესმე მოხდეს.
როგორი იყო ტომ უეიტსთან ხელახლა შეხვედრა, ადამიანთან, ვისთანაც დიდი ხნის წინ მუშაობდით და დიდი ისტორია გაკავშირებთ?
საუკეთესოა. მან გუშინ დამირეკა, რადგან წაიკითხა რამდენიმე მიმოხილვა და მითხრა, რომ გამოხმაურება არც ისე ცუდი იყო. ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია და ძმასავით მყავს. მიხარია, რომ ამდენი ხანია ვმეგობრობთ და არა უბრალოდ ვთანამშრომლობთ. ბევრი უცნაური გამოცდილებაც გვქონდა ერთად. ჩვენ Sons of Lee Marvin-ის წევრები ვართ. ეს არის ერთგვარი საიდუმლო ორგანიზაცია.
მუსიკას თქვენს ფილმებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. რას გვეტყვით ამის შესახებ?
მუსიკა გავლენას ახდენს პერსონაჟებზე, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ ფილმში მუსიკა ჩემთვის დილემა იყო. ცოტა ხანი, არ ვიცოდი, საერთოდ უნდა გამომეყენებინა თუ არა. შემდეგ შევჯერდი ისეთებზე, რომლებიც ძალიან მელანქოლიური იყო, რაც ჩემი ერთგვარი მუსიკალური სტილია. მუსიკა ამ ფილმში განსხვავებულია, ვიდრე მაგალითად კარტერ ლოგანთან მუშაობისას. ჩვენ შევქმენით პარტიტურა სხვა ფილმებისთვის. მაგრამ მაგალითად პატერსონში (Paterson, 2016)მუსიკა პერსონაჟის მსოფლმხდევლობას გამოხატავს.ასე რომ, მუსიკა, გარკვეულწილად, ბუნებრივად დაიბადა ამ პერსონაჟიდან. მაგრამ ახალ ფილმში, არ არის ცენტრალური პერსონაჟი და მისი თვალთახედვა. ამიტომაც იყო მუსიკის შერჩევა რთული. შეიქმნა ძალიან მინიმალისტურად და ფილმში ის თავისუფალია და ჰგავს ღრუბელს, რომელიც ხანდახან მოძრაობს. ან ამინდის პროგნოზს. ბევრი ვიმუშავე მემონტაჟე ალფონსო გონსალვეშთან ერთად, რათა შეგვექმნა მუსიკა.
ფილმში ასევე არის ერთი ლიცენზირებული სიმღერა, ორიგინალური მუსიკა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. დასტი სპრინგფილდის ვერსია მომწონს. პარიზში ვიღებდი. ყოველდღე ადრე ვდგებოდი და ფრანგულ ჯგუფთან ერთად მივდიოდი გადასაღებად. ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი იყო, ვისთანაც მითანამშრომლია. დაახლოებით 65% ახალგაზრდა ქალი იყო. მანქანაში გაისმოდა შეკითხვა, „რა მუსიკა გინდათ?“ და მე ვპასუხობდი, „არა, თქვენი დასაკრავი სია ჩართეთ. მოდით, გავიგოთ რას უსმენთ“. უცებ დასტის Spooky ჩაირთო და ვთქვი, „ოჰ, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა.” როდესაც გადასაღებ მოედანზე მივედით, ცარიელ ბინაში, მაშინვე მივხვდი, რომ დედის საყვარელი სიმღერა სწორედ ეს იყო.
ფილმის პირველი ორი ნაწილი დანგრევის პირას მყოფ ოჯახზეა. მესამე ოჯახი არაა ჩამოშლილი, მაგრამ მათ შეხვედრა დააგვიანეს.
ფილმი დანაკარგზეა.
პესიმისტურია?
საერთოდ არ ვფიქრობ პესიმისტურად. ვფიქრობ, რომ ფილმი არ განსჯის. ყველანი არეულ-დარეულები ვართ და ვანგრევთ საკუთარ ოჯახებს, რადგან რთულია ადამიანად ყოფნა და ასევე ოჯახური ურთიერთობებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფილმში მათზე დაკვირვება მომხდარიყო და არა განსჯა.
გთხოვთ, ფილმის სამი ეპიზოდის ტონების სხვაობაზე ისაუბროთ.
პირველ ნაწილში ბევრი იუმორია. მეორე ჩემთვის უფრო მშრალია, რადგან ყველაფერი ვიზუალისთვისაა შექმნილი. ისინი ინგლისელები არიან, ამიტომ არის მშრალი. მესამეში ჩვენ ვართ, ამერიკელები. ეს ნაწილი უფრო ამაღელვებელია. განსხვავებული ტონებია. ბევრი ვიმუშავე, რომ ფილმს სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმა მიეღო და არ დარჩენილიყო ეპიზოდებად. ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა უნდა. ბევრად უფრო რთულია უყურო ქეით ბლანშეტის ქუთუთოს, ვიდრე საფლავიდან ოცი ზომბის ამოსვლას. ასევე ბევრი ვიშრომე, რომ მესამე ნაწილი ძალიან ნაზი და ემოციური ყოფილიყო. თუმცა, არამგონია, რომ თუ ცალკე ნახავთ, ასეთად მოგეჩვენოთ. ეს უცნაური ბავშვები პარიზში ცხოვრობენ და მათი მშობლები გიჟები არიან. მაგრამ ფილმში უნდა დამდგარიყო მათი ჩახუტების მომენტი. ჩემთვის, ეს. მთელი ამბის ერთგვარი კულმინაცია იყო, სინაზის და სიყვარულის განცდა.
ინგლისელები არიან თუ ირლანდიელები?
ინგლისელები არიან, უბრალოდ ირლანდიაში ცხოვრობენ. დედასთან ირლანდიაში ჩადიან. ფილმში ეს არ ჩანს, მაგრამ თუ მწერალი ხარ და ირლანდიაში ცხოვრობ, გადასახადებს არ იხდი. ირლანდია მწერლებს მიესალმება.
ჟურნალისტებიც?
მეც ვიფიქრე იქ გადასვლაზე. ვიკითხე სცენარისტებიც თუ ითვლებოდნენ. ისინი პატივს სცემენ მთხრობელებს. მე და შარლოტა რემპლინგი ტაქსით მივდიოდით ვახშამზე. ის, ყველას ელაპარაკება. შარლოტა უცნაური ანგელოზია. ის უბრალოდ საოცრებაა.
როგორ შეიქმნა ქეითის [ბლანშეტი] პერსონაჟი?
სასაცილო ის არის, რომ მათზე სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა. ვიკიზე [კრიფსი] ვფიქრობდი, რომ ის ყველაზე ცელქი ადამიანი იყო. ქეითზეც იგივეს ვფიქრობდი. ქეითს დიდი ხანია ვიცნობ და დამიჯერეთ, ის ძალიან ცელქია. მართლაც შესანიშნავია და სასაცილო. ქეითმა მითხრა: „იცი, ჯიმ, შეიძლება მეორე და მე ვიყო?“ და ვიკიმ მიპასუხა: „ოჰ, მაინც მინდა ცელქი ვიყო“. ასე რომ, ყველაფერი გამოვიდა. მაგრამ, რაღაცნაირად, ჯერ ქეითს დავუჯერე. მას სურდა ყოფილიყო ის, ვინც დაარღვევდა იმას, რასაც ქეითისგან ველოდებით. ამიტომ გამოვიდა საინტერესო.
მისი იდეა იყო ასე გამოჩენილიყო?
ჩვენ ერთად ვმუშაობდით. მას სურდა მოკლე თმა ჰქონოდა. მაგრამ გარდერობზე, ყველა სხვა დეტალზე ვთანამშრომლობთ. რას ატარებენ, როგორ გამოიყურება მათი ფეხსაცმელი, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.
როგორ შეუსაბამეთ სხვადასხვა ოჯახები სხვადასხვა ქალაქებსა და ადგილებს.
მაქვს ადგილი ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატსკილის მთებში, სადაც ვმუშაობ და ვწერ ტყეში. მინდოდა რაღაც ჩრდილო-აღმოსავლეთით გამეკეთებინა. ოჰაიოს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ვარ. ამიტომ მინდოდა იქ ყოფილიყო, არა კალიფორნიაში ან ა. შ. შ.-ს სხვა ნაწილში, არამედ იქ, სადაც მან დატოვა ე. წ. რეალური სამყარო. შემდეგ იყო ირლანდია. თავდაპირველად, სცენარის მიხედვით, მოქმედება ინგლისში, ლონდონში ხდებოდა. სცენარის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ირლანდია უკეთესი იქნებოდა. მიყვარს ირლანდია. დუბლინი განსაკუთრებული ადგილია, წითელი აგურით ნაშენი შენობებით. დაბოლოს პარიზი, რომელიც უკვე იყო ჩემს გონებაში.
იმის გათვალისწინებით, თუ რას ნიშნავს პარიზი ჩემთვის, ვცადე მეჩვენებინა ტურიზმისგან დაცლილი პარიზი. მანქანით პარიზის სამხრეთ ნაწილს ვხედავთ. ვხედავთ უცნაურ კაფეს. ესაა ადგილი, სადაც ჩინელი მეპატრონეები ლატარიის ბილეთებს უფრო ყიდიან, ვიდრე ყავას. მინდოდა პარიზის ასეთი შეგრძნება გამოსახულიყო. ისინი, აქ, ნამდვილად ცხოვრობენ და ტურისტები არ არიან. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ადგილები. ჩემს ყველა ფილმში გადასაღები ადგილები პერსონაჟებს ჰგვანან.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტრებს ავტოგრაფები გულუხვად დაურიგეთ. თქვენს ძველ ფილმებზე საერთოდ არ გიყვართ საუბარი?
არც კი მახსოვს ისინი. მათი გადაღება უფრო მახსოვს, ვიდრე თავად ფილმები. ჯო სტრამერთან[3] ვმეგობრობდი და ის ყველას უწერდა ხელს. ბარში დილის ოთხამდე ვიყავით და მათ გარეშე არაფერი ვარო, ამბობდა. ლამაზ ისტორიას მოგიყვებით. ნიუ-იორკში ავად ვიყავი. გრიპი მქონდა. ძალიან წვიმდა. ჯო ახლოს იყო, რესტორანში. დამირეკა: „ჯიმ, მხოლოდ ორი დღეა აქ ვარ. არ მინახიხარ. ხვალ მივდივარ. შეგიძლია მოხვიდე? ახლოს ვარ. შემიძლია უბრალოდ გნახო?“ ცოტა უხასიათოდ ვიყავი, წვიმდა, მაგრამ მაინც წავედი. იქ საერთო მეგობრები დამხვდნენ. თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ ჯოს ნახვა ყოველთვის მიხარია. შემდეგ მითხრა: „ჯიმ, სახლში მიგიყვან. წვიმს, ქოლგა მაქვს, კარამდე მიგიყვან.“ ჯომ წვიმაში სახლთან მიმიყვანა და კართან გამაჩერა. ეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო. თვალებში შემომხედა და მითხრა: „ჯიმ, დაიმახსოვრე ეს. ჩვენი საქმეა ნებისმიერ ფასად დავიცვათ თანაგრძნობა და ვიცხოვროთ ელეგანტურად“. შემდეგ ჩამეხუტა და წვიმაში წავიდა. ექვსი კვირის შემდეგ ის გარდაიცვალა. მეც ამას ვცდილობ: დავიცვა თანაგრძნობა ნებისმიერ ფასად და ვიცხოვრო ელეგანტურად.
ის ფილმში, მისტიკური მატარებელი (Mystery Train, 1989) მოკალით.
ის, ისეთი გულუხვი და დიდი სულისკვეთების მქონე ადამიანი იყო. 50 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, მაგრამ გულის პრობლემა ჰქონდა და 5 წლის ასაკშიც შეიძლებოდა მომკვდარიყო. ის ბომბივით იყო, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო. შეხედეთ, რა მოგვცა 50 წელიწადში. რა მისცა მსოფლიოს ამ სულისკვეთებით. მომავალი დაუწერელია. ერთ რამესაც გეტყვით ჯოზე. ერთხელ გავიგე, როგორ უთხრა რამდენიმე ბავშვს: „როდესაც ძალიან დათრგუნული და დეპრესიული ხართ, სამყარო ინგრევა და ყველაფერი ცუდად მიდის, ერთი რამ გახსოვდეთ.“ მათ ჰკითხეს: „რა?“ და ჯომ უპასუხა: „ცოცხალი ხართ! ცოცხალი ხართ!“ ასეთი იყო მისი სულისკვეთება.
პატერსონში პოეზია მხოლოდ ის არ არის, რასაც ფილმში პერსონაჟი გადმოცემს, არამედ ის თუ როგორ აკვირდება სამყაროს. დაკვირვება თქვენს ფილმებში ხელოვნების ფორმა ხდება.
არ ვიცი. ვიცოდი, რომ პატერსონში დეტალებზე დაკვირვება უნდა მომხდარიყო. წვრილმანებზე ყურება და არა დიდ რაღაცებზე. პოეტი, რონ პეჯეტი, რომელმაც დაწერა ლექსები, ე. წ. ნიუ-იორკის პოეტთა სკოლიდანაა. ისინი ჩემი ნათლიები არიან. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვხელმძღვანელობ ნიუ-იორკის სკოლით. ვსწავლობდი კენეტ კოხთან და დევიდ შაპიროსთან. ნიუ-იორკელი პოეტების რიცხვში შედიან ფრენკ ო’ ჰარა და ჯეიმს შუილერი. ენ უოლდმანი — ის, პირველ წიგნში მანტიაზე გამოსახული ცოლის ფოტოზეა (ტომ უეიტსის ცოლი იყო). ისიც ნიუ-იორკის სკოლიდანაა. მათი მიდგომა დიდწილად ფრენკ ო’ჰარას 1959 წლის მანიფესტზე, Personism იყო დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც ლექსს ერთი ადამიანისთვის წერ. მას მსოფლიოსთვის არ წერ — მას პირადს ხდი, როგორც სასიყვარულო წერილს. ასევე ზრუნავ იუმორზე— პოეზიაშიც შეიძლება სასაცილო რაღაცეები იყოს. რონ პაჯეტს ძალიან სასაცილო ლექსებიც აქვს. ასე რომ, დიახ, ნიუ-იორკის სკოლა ჩემი მეგზურია ყველაფერში, რასაც ვქმნი.
ამერიკის დატოვებაზე ფიქრობდით. რა გაგებით შეიცვალა აქ კლიმატი?
ამერიკაში კლეპტოკრატია ჩამოყალიბდა. სწორედ ამას მისდევს ამერიკაში მემარჯვენე ფრთა. ეს არაა ხალხის რაიმე ფორმით დახმარება. არ ვიცი, რატომ არ ამბობენ ამ ოთხს სიტყვას ყოველ საღამოს ახალი ამბების ეთერში: „ისინი იპარავენ თქვენს ფულს.” ისინი, პუტინის მსგავსად, მხოლოდ ამას აკეთებენ. ისეთივე ამერიკელი ვარ, როგორებიც არიან ჯეიმს ბრაუნი, უოლტ უიტმენი. ემილი დიკინსონი და Wu-Tang Clan. არ მიყვარს ნაციონალიზმი. არ გავწირავ სიცოცხლეს ამერიკის დასაცავად. ის ხომ ეფუძნება გენოციდს, მონობასა და ქალების ჩაგვრას. საფრანგეთში გადავიდოდი, მაგრამ ამერიკელი ვარ, ეს ჩემი ქვეყანაა და მიყვარს, თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს. ამერიკაში დემოკრატიისთვის შექმნილი სტრუქტურები აღარ არსებობს. ამას „ჯო პეშის სამყაროს“ ვეძახი, — როგორც სკორსეზეს ფილმებშია: „აქ მაქვს შენი სასამართლო ხელისუფლება, შე ნაბიჭვარო. რას იტყვი, თუ სახეს აგახევ? აქ მაქვს შენი აღმასრულებელი ბრძანებაც, ფეხებს დაგიხვრიტავ.” აქ, ახლა, ეს მიდგომაა და აღარ არსებობს სისტემა.
მაგრამ ხელოვანები თუ შტატებს დატოვებთ, აქ, რა დარჩება?
ჯერ არ მივდივართ. ნილ იანგი, ჯეკ უაიტი და სხვები აქ არიან. მაგრამ ნება მომეცით ჯენი ბეტის სიტყვები მოვიხმო. ის იყო ინგლისური ჯგუფის Savages-ის სოლისტი, ახლა კი საკუთარ მუსიკას ქმნის. მან ინტერვიუში თქვა, „ხელოვნებას არ სჭირდება პოლიტიკაზე საუბარი, რომ იყოს პოლიტიკური და შეცვალოს სამყარო. ხელოვანები აქ არიან იმისთვის, რომ გაგვათავისუფლონ, უფრო მეტად დაგვაკავშირონ ერთმანეთს და გაგვხადონ თანამგრძნობები.” სწორედ ეს არის ის, რასაც ხელოვნება აკეთებს.
მხარდამჭერები და პარტნიორები: ვენეციის კინოფესტივალი, FIPRESCI, Fipresci Georgia, CinExpress, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.
[1] საგულისხმოა ვენეციაში მომხდარი სკანდალიც და დაპირისპირება ფესტივალის მთავარი ჟიურის წევრებს შორის. ჟიურის ნაწილი მხარს ტუნისელი რეჟისორის, კაუტერ ბენ ჰანიას ფილმს, ჰინდ რაჯაბის ხმა უჭერდა, რომლის გამარჯვების მთავარი მოწინააღმდეგეც, ჟიურის თავმჯდომარე, ამერიკელი რეჟისორი, ალექსანდრ პეინი გახლდათ. საიდუმლო არაა, რომ მეც ბენ ჰანიას ფილმს ვუჭერდი მხარს. ჩემს რეცენზიას ფილმზე აქ შეგიძლიათ გაეცნოთ:
https://tinyurl.com/yme3y5nb
[2] ვიკი კრიპსთან საუბარს აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ:
https://www.youtube.com/watch?v=7WYPuznr2es&t=28s
[3] ბრიტანელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და რადიოწამყვანი; ეპოქალური პანკ-როკ ბენდის, The Clash, სიმღერების ტექსტების ავტორი, გიტარისტი და წამყვანი ვოკალისტი.