თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
ალბერტ სერა, თანამედროვე კინემატოგრაფის უმნიშვნელოვანესი ავტორი, 2022 წელს, პირველად იღებს ფილმს, რომელიც აწმყოს ასახავს. სადებიუტო ნამუშევრიდან მოყოლებული, მისი ინტერესის საგანს ლიტერატურული პერსონაჟების თუ ისტორიული ფიგურების ერთგვარი დესაკრალიზაცია, მათი ისტორიის განსხვავებული პერსპექტივითა და კინემატოგრაფიული ენით აღბეჭდვა წარმოადგენს. მისი ფილმების თხრობის მანერა, არასდროსაა სწორხაზოვანი და ყოველთვის პროვოკაციული მოულოდნელობებითაა ნაკვები. შეიძლება ითქვას, სერას შემოქმედებაში, ხშირ შემთხვევაში, მის მიერ ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული ფორმა (სტატიკური კამერა, მდორე რიტმი, chiaroscuro-ს ეფექტი და სხვ.) განსაზღვრავს შინაარს, ერთი შეხედვით, ყველასთვის ნაცნობს, თუმცა სერასთვის დამახასიათებელი პროვოკაციულობითა და გროტესკულობით გამსჭვალულს.
გთავაზობთ, ალბერტ სერასთან ჩაწერილი ინტერვიუების თარგმანს, რომელშიც უკანასკნელ ფილმზე, Pacifiction საუბრობს.
კონცეპტუალური თვალსაზრისით, ეს ფილმი ძალიან ამბიციურია. როგორ მიუდექით სცენარს?
უდავოა, დროის უმეტეს ნაწილს დიალოგებს ვუთმობდი. მინდოდა ისინი ჩვეულებრივზე მეტად ორიგინალური ყოფილიყო. მსურდა, ყოველდღიურ საუბრებს დამსგავსებოდა, თუმცა უფრო მეტად აბსტრაქტული და ფილოსოფიური გამოსულიყო. პერსონაჟების საუბრები კონკრეტულსა და ინსინუაციურს შორისაა. მინდოდა მაყურებელს ჰქონოდა შეგრძნება, რომ თითოეულ სცენაში, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.
ამრიგად, 21-ე საუკუნის ევროპა უფრო რაციონალურად მიგაჩნიათ თუ რომანტიკულ ადგილად?
ის უფრო მეტად დრაკულას ბნელი მხარისაკენ იხრება; გარკვეულ მდგომარეობას გადის და არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. რაციონალიზმის პრინციპები კვლავაც მართავს ჩვენს საზოგადოებას. შევინარჩუნეთ ადრე განსაზღვრული ძირითადი უფლებები, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მაგრამ როგორც ჩანს, ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავაც ჩრდილში რჩებიან.
400 საათზე მეტი მასალა გადაიღეთ. წელიწად-ნახევარი დაგჭირდათ, რომ 150 წუთამდე დაგეყვანათ. როგორ აარჩიეთ მასალა, რომელიც საბოლოოდ ფილმში მოხვდა?
ინტერიერში გადაღებულ სცენებს მივანიჭე უპირატესობა. მონტაჟის დროს მივხვდი, რომ ამგვარ სცენებს ვამჯობინებდი, რადგან ვცდილობდი, ფილმს ინტიმურობა და რეფლექსია გაეღვივებინა.
ფილმებს, რომლებსაც ქმნით, განსაზღვრავთ იმ ტიპის ნამუშევრებად, რომელიც ან სძულთ ან უყვართ, ყოველგვარი შუალედის გარეშე. ამბობთ, რომ ამ სურათების ცალკეულ სეგმენტებად გაანალიზებას აზრი არ აქვს და ისინი მთლიანობაში უნდა იქნას მიღებული.
მთავარია, საწყისი კონცეფცია ჩამოვაყალიბო და გადაღების დროს მისი ერთგული დავრჩე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ფილმის გადაღება. Story of My Death-ში[i] მთავარი ბოროტების ფარული გზით ჩვენება გახლდათ. დამთხვევაა, თუმცა ამგვარი იდეა გვხვდება სხვა ბოლოდროინდელ ფილმებშიც, როგორიცაა Stranger by the Lake[ii] და Only God Forgives[iii].
არის ეს ფილმი, რომლის გადაღებაც გსურთ მთელი ცხოვრებაა, ან სულ მცირე, მთელი თქვენი შემოქმედებითი კარიერა?
არ ვიტყოდი ასე, რადგან ალბათ გულისხმობთ, რომ აღარ შემიძლია ვიყო ამაზე მეტად ამბიციური, ან უფრო დიადი, ვიდრე ახლა ვარ. ეს ევოლუციის პროცესია, მართალია. და უხსნის კარს რაღაც სრულიად განსხვავებულს, უფრო ამბიციურსა და გიჟურს. მათთვის, ვინც ხელოვნების სამყაროში ჩემს შემოქმედებას იცნობს, არსებობს უფრო დიდი მიღწევა – სამუშაო, რომელიც ვენეციის ბიენალესთვის გავწიე. არ ვემზადები; არ მაქვს დღის წესრიგი; არ ვდარდობ ჩემს კარიერაზე; ფოკუსირებული ვარ თითოეულ ნამუშევარზე, გამოსახულების ევოლუციაზე, იმ ვიზუალზე, რომლის შექმნაც შემიძლია.
შეგიძლიათ, ამიხსნათ საერთაშორისო სახელწოდების გამოძახილი?
ეს უბრალოდ წყნარი ოკეანიის ფანტაზიაა! და იდეა შემდეგში მდგომარეობს: ფილმი სუფთა ფანტაზიაა – ეხება პოლიტიკურს, ეხება თანამედროვეობას, ეხება ადამიანურ და კვლავაც ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ საბოლოოდ, მომწონს აზრი, რომ ის ეგზოტიკური, ხელოვნური და დაუჯერებელია. ორი ადამიანის – დე როლერისა და შანას – მთელი ურთიერთობა თითქმის გროტესკულია. ის ადმირალია, რომელიც ამავდროულად მრავალ ატომური წყალქვეშა ნავს ფლობს.
როგორ ემზადებოდით სხვადასხვა კუნძულზე გადაღებამდე? როგორ იპოვეთ არაპროფესიონალი მსახიობები, როგორიც მოცეკვავეები და კლანის მეთაურები არიან?
მხოლოდ ერთხელ ვიმოგზაურე და მაშინვე მომიწია გადაღება, შემდეგ კოვიდ-პანდემია დაიწყო. იმ დაძაბულობას ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც მაშინ იწყება როცა სადღაც მიდიხარ მთელ გუნდთან ერთად და არაფერი იცი. დაძაბულობა, შეტაკებები, შოკი. ეს უმანკოებასა და სპონტანურობას ბადებს. ბევრი რამაა კონტროლს მიღმა – ეს სრული კოშმარია ინდუსტრიული საზოგადოებისთვის. მათ მუდამ კონტროლი სურთ, რადგან ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა და დროის მხრივაც დიდია ზეწოლა. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მხოლოდ ერთს, ან მეორეს – ეკონომიკურად ყველაფერი კომფორტულადაა, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ტრაკში ხართ.
შარშან, ნიუ იორკის კინოფესტივალზე, ამოს ფოგელისადმი მიძღვნილ ლექციაზე ისაუბრეთ იმაზე, რასაც აღწერთ, როგორც „თხრობის ვულგარულობას“. Pacifiction-ის გადაღებისას, ამაზე გიფიქრიათ?
ჩვეულებრივ, როდესაც თხრობაზე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ბავშვისთვისაა. უკვე იცით: „ეს კარგი ბიჭია, ეს ცუდი – მესმის“ ან „ეშმაკი – ვიცი, ვიცი, ისინი კორუმპირებულნი არიან, დიდი მადლობა“. მათ უხდით 10 დოლარს, რათა მოგაწოდონ სურათები, რომლებიც უკვე გინახავთ ან შეგრძნებები, უკვე მრავალჯერ განცდილი. მომავალში აღარ გადაიხდით – რადგან ასობით მსგავსი ფილმი უკვე Netflix-ზეა. გაცილებით იაფია, გქონდეს ერთი და იგივე ნაგვის 200 ვერსია იმავე ფასად – თუ მართლა გსურს მსგავსი რამ. თუ კარგი რამეები გინდა, ძვირი დაგიჯდება.
მაგრამ თქვენ ისაუბრეთ ჩაინათაუნზე, როგორც ინსპირაციაზე – ეს ხომ თხრობის უმაღლესი ნიმუშია?
კარგი მსახიობები მონაწილეობენ, განსაკუთრებით – ჯონ ჰიუსტონი. შემდეგ უკანასკნელი სცენის მთელი დაბნეულობა, ბნელით მოცული ინცესტის და კორუფციის თემა. პერსპექტივა მნიშვნელოვანია – ჯეკ ნიკოლსონი ყველა სცენაშია და მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვეწოდება, რაც მის პერსონაჟს აქვს; მის გონებაში ან მის თვალებში ვიმყოფებით. ასე რომ, იმავეს გაკეთება მსურდა, თუმცა უფრო თანამედროვე გზით. აქვეა The Parallax View[iv] და Cutter’s Way[v] – პარანოიის განცდა, რომელიც მსოფლიოს მართავს. პარანოიაზე საუბრისას, არის რაღაცები რასაც “ტრასტები” ჰქვია – კომპანიების დაჯგუფება. თუმცა, ახლა ისინი გახდნენ ხილული, აღარ სჭირდებათ დამალვა. მაგრამ მაინც, სამხედრო ძალაუფლება უფრო ბნელი კონტროლის ქვეშაა, რადგან ამ კომპანიების ეკონომიკური ძალა აშკარაა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის სამხედრო ძალაუფლება უფრო საინტერესოა. ყოველთვის უფრო საინტერესოა გყავდეს სერჟანტი არმიაში, ვიდრე „ტოპ-ბიჭი“ დიდ კომპანიაში.
ხედავთ თუ არა დე როლერში დღესდღეობით არჩეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკურ ცენტრს დაეპატრონონ, როგორებიც, მაგალითად, მაკრონი და ბაიდენი არიან?
ის, ყველაზე მეტად დონალდ ტრამპს მაგონებს! მამლების ჩხუბით და “Agghh!” [იმიტირებს]. კარგი, ის თავაზიანი ჩანს, თუმცა უფრო მეტად პოპულისტურ მხარესაა, მერე საყვარელიც კი ხდება. ამის შემდეგ, ხედავთ როგორც პარანოიდს, შემდეგ კი ფსიქოპათს. რამდენიმეჯერ იღიმის კიდეც, მაგრამ ეს ფსიქოპათის ღიმილია.
წყარო: cineuropa.org
[i] ალბერტ სერას 2014 წლის ფილმი
[ii] ალან ჟირუდის 2013 წლის ფილმი
[iii] ნიკოლას რეფნის 2013 წლის ფილმი
[iv] ალან ჯ. პაკულას 1974 წლის ფილმი
[v] ივან პასერის 1981 წლის ფილმი