ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი
1960-იან წლებში და განსაკუთრებით 1968 წლის საპროტესტო მოძრაოებების წარმოშობის შემდგომ, დასავლეთში ინდურ კულტურასთან მიახლოების ორგვარი სახე ხდება თვალსაჩინო. პირველი მათგანი ანტისამომხმარებლო ნარატივზე მომართული აქტივისტების ინდურ რელიგიურ პრაქტიკებთან ზიარებას ეხება, რომელიც ძირითადად სამომხმარებლო კულტურაში მოთარგმნილ ეზოთერულ პრაქსისს მოიცავს და პირველად ნამდვილობასთან გეოგრაფიული და მენტალური დაშორებულობა, იმიჯების, რიტუალური ხელსაწყოების მოხმარების სიმულაციურ ველს უფრო აპირობებს, ვიდრე ავთენტიკური გამოცდილებების წარმოშობას. დასავლური და ინდური კულტურების გადაკვეთის მეორე და წინამდებარე ტექსტისთვის საინტერესო მაგალითი მუსიკის სფეროში ვლინდება და საგულისხმოა ითქვას, რომ გასაქონლებული რელიგიური პრაქტიკებისაგან განსხვავებით, დასავლურ სამყაროში ინდური მუსიკის შემოსვლა ყოველგვარი ორიენტალიზმისა თუ ეგზოტიზაციის მანკიერი პრაქტიკების უკუგდებით ხორციელდება და მეტიც, მთელი რიგი მუსიკოსები თუ მუსიკალური მიმდინარეობები ინდური კლასიკური მუსიკის ფილოსოფიაზე იფუძნებენ თავს. ამ მხრივ, საგულისხმოა ამერიკული მინიმალიზმის კავშირი ინდურ მუსიკასთან. მაგალითად ის, რომ მინიმალიზმის სერიალისტური სტრუქტურა მთლიანად ვედური მანტრების სპეციფიკაზე დაფუძნდა. ფილიპ გლასი,[i] სტივ რაიხი, ტერი რაილი, ლა მონტე იანგი (ექსპერიმენტული მუსიკალური სულისკვეთების მქონე ჯგუფი – Theatre of Eternal Music) ინდურ კლასიკურ მუსიკასთან მჭიდრო შემხებლობაში მოღვაწეობდნენ.
მუსიკალური ფრაზების სერიალიზმი (ფრაზების, ტონალობების, ბგერების განმეორებითობა)[ii] ინდურ მუსიკაში ტრანსული გამოცდილებების მიღწევის მატარებელია. მინიმალიზმში მედიტატიური პრაქსისი ერთგვარ პოლიტიკურ სახეს იღებს და ინდუსტრიული ხმების მუსიკალური გადათამაშება მსმენელისათვის, ავტომატიზებულ, გასაქონლებულ სამყაროში უსიამოვნო, გამუცხოებელი შრომისაგან დისტანცირებისა და უშუალო რეალობაზე კრიტიკული თვალით დაკვირვების იმპულსებს ბადებს. სტივ რაიხისა და ენი ტერეზას (Anne Teresa) თანამშროლობით შექმნილი ნამუშევარი[iii] ეგზისტენციალური მნიშვნელობების მატარებელია და სიმბოლურ ასოციაციებს აჩენს კამიუს აბსურდის ფილოსოფიასთან, იმ აზრით, რომ აბსურდის მიღეbა მხოლოდ მისი აღიარებითა და ავთენტიკური მნიშვნელობებით დატვირთვით მიიღწევა. რაიხის სერიალისტური ფრაზები და ქორეოგრაფის რიტმული და წრიული მოძრაობები, ერთი მხრივ, ყოველდღიურობაში განმეორებითი პრაქსისის თვითმყოფად მნიშვნელობებზე მიუთითებს და იმაზე, რომ სამომხმარებლო კვაზიმრავალფეროვნების აგონიისგან განცალკევებით სასურველია შეიქმნას სივრცე, რომელშიც ავტომატიზებულ შრომაში ჩაკარგული დრო გამოთავისუფლდება და ‘პოიესისის’ დინებას მიეცემა. მეორე მხრივ, ნამუშევარი ცხოვრების ყველა შრის გაერთგვაროვნება/ავტომატიზებისაკენ მიმართული კაპიტალისტური სისტემის ცირკულაციური ბუნების გარღვევისაკენ მიგვითითებს.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და მომნუსხველი ჯაზისა და ინდური კლასიკური მუსიკის ჰარმონიული თანხვედრაა. მთელი რიგი გამორჩეული ჯაზმუსიკოსები აქტიურად თანამშრომლობდნენ ინდოელ ვირტუოზებთან, რავი შანკარი კი, საერთოდაც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა 60-იანი წლების დასავლურ მუსიკალურ გარდატეხებში.[iv] ჯაზისა და რაგას (ინდური კლასიკური მუსიკის განსაკუთრებით მელოდიური და იმპროვიზაციული განხრა) დანათესავება მათი ანტისქემატური იმპროვიზაციული ბუნებიდან მომდინარეობს, ისევე როგორც ჯაზი, რაგაც ახალი მუსიკალური შრეების მიღებისათვის გახსნილობის მუდმივ მზაობას აცხადებს და მუსიკალური თანამშრომლობის ფაქტები რიგ შემთხვევებში განსაკუთრებულ შედეგებს გვთავაზობს. ჯაზი თუ ამბოხისა და წინააღმდეგობის მუსიკაა, რაგა მჭვრეტელობითი და მედიტატიური განწყობის გამომხატველი ფორმაა, მათი ერთიანობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამბოხის მუხტის შენარჩუნების თანადროულად, მჭვრეტელობით ხასიათში მოქცეული შენელება-აჩქარების განსაკუთრებული რიტმიკის შემოტანით, ერთგვარ თვითდისტანცირების ალაგს ნიშნავს. ხსენებულ ბალანსს იდეალურად წარმოგვიდგენს ელის კოლტრეინი (სანსკრიტული სახელით – Turyasangitananada) მის გვიანდელ ნამუშევრებში სოციო-პოლიტიკური ბრაზი ინდური კლასიკური მუსიკისათვის დამახასიათებელ მჭვრეტელობით კატეგორიებშია წარმოდგენილი[v] ჯაზის რიტმულსა და სწრაფ მელოდიაზე დაფუძნებული იმპროვიზაცია აჩქარებულ დროითობას ეხმიანება, თუმცა, მისი იმპროვიზაციული ბუნებით სახეს უცვლის და თვითმყოფად თარგზე ასხვაფერებს. დოგმატიკის მსხვრევაზე მიმართული იმპროვიზაცია გარემოულ პოლიტიკურ რეალიებთან მუდმივი უთანხმოებითაა დაღდასმული – 60-იანებში აღმოცენებული თავისუფალი ჯაზი[vi] (Free Jazz) მუსიკალური კანონიკის ყველა შრეს არღვევს[vii] ელის კოლტრეინიც, სწორედ ხსენებული მიმდინარეობის ტექტონიკური რხევებიდან მიემართება რაგას და შედეგად ექსტაზური მუსიკის სანიმუშო ნამუშევრებს გვიტოვებს.
ჯაზი თუ გარემოული ხმაურის შემოკრებისა და საკუთარ ინტენსივობაში გადაწყვეტის ხელოვნებაა, ინდური კლასიკური მუსიკა ხმების გაფილტრვისა და შინაგანი დიფერენციაციის პრაქსისშია მოქცეული. ამის იდეალურ სახეხატს ჯონ მაკლაფლინი წარმოადგენს; გიტარისტი ვირტოუზი ტექნიკური თვითტკბობის ნაცვლად, როკის, ჯაზისა და რაგას ელემენტების მოხმობით, მედიტატიური ველის შექმნის დიდოსტატურ მაგალითებს გვთავაზობს,[viii] სადაც ქმნადობაში თანადასწრებულობა ატომიზებულ, გახევებულ სამყაროში თვითრწმენის შენარჩუნება/დაბადების პირობა შეიძლება გახდეს. ისევე როგორც ერიკ ტრუფაზისა და ტალვინ სინგის თანამშრობლობისას,[ix] კულტურათა კვეთა თანამედროვე ჩინებულ მუსიკოსებთან არა ერთმანეთის ჩაყლაპვის, არამედ ურთიერთაღიარებისა და ახალი მნიშვნელობების მინიჭებაში ვლინდება.
კაპიტალისტურ სისტემას ფონად გასდევს ყოფნისა და ფლობის კატეგორიათა საუკუნოვანი ჭიდილი. ფლობა სამომხმარებლო კულტურით ნასაზრდოები არსებობის ფორმაა, რომელიც უსაზრისობით ტკბობაში, (ჭარბსა და დემონსტრაციულ მომხმარებლობაში) დაცალკევების, (ატომიზების) ამოწურვის, განადგურების კულტშია დავანებული. ყოფნა საზრისის, გამთლიანებისა და გახანგრძლივების მნიშვნელობების მაძიებელია. ფლობის ფორმები რეალური/ვირტუალურის გახლეჩილობას არ ცნობს, მისთვის ყველაფერი გასაქონლებადია: ემოციები, გრძნობები, ხელოვნების ნიმუშები, მხოლოდ მიმოცვლა-მოხმარების ნიშნებითაა აღბეჭდილი. ყოფნისათვის უპირველესი მნიშვნელობის მქონე საზრისის ძიებაა, ამრიგად, დაკავებული, დამორჩილებული დროითობისგან გამოხსნის, შენელების გზების მოძიება მისი ეგზისტენციალური მისიაა – სწორედ ამ კატეგორიაში უნდა მოვიაზროთ ჯო ზავინულისა და ტრილოკ გურტუს ბრწყინვალე მუსიკალური თანაქმნადობა.[x] მელოდიის აჩქარება/შენელების დიალექტიკა, რუტინაში ჩაქცეული, გამახევებელი დროითობიდან ამოსხლტომისა და საზოგადოების დაცალკევიბისაკენ მოწოდებული ნარატივების უარყოფაში მდგომარეობს. შესაბამისად, ინდური კლასიკური მუსიკის შეჭრა დასავლურ რევოლუციურ მუსიკალურ ფორმებში, პრაქსისის გადასინჯვისა და პოლიტიკური მნიშვნელობების მატარებელია, განურჩევლად იმისაგან, ეს ჩანაფიქრი აქვს თუ არა ამა თუ იმ ავტორს, ყოფნის კატეგორიისაკენ მისი მიდრეკა, თვალსაჩინო პოლიტიკური განაცხადია.
[i] იხილეთ ფილიპ გლასისა და რავი შანკარის ალბომი – Passages
[ii] თანამედროვე კლუბური მუსიკის ძირები სწორედ მინიმალიზმისა და რაგას საწყისებიდანაა ამოზრდილი.
[iii] https://www.youtube.com/watch?v=i36Qhn7NhoA&ab_channel=JuanRaRivas
[iv][iv] ბითლზი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯონ მაკლაფლინი, ალისა და ჯონ კოლტრეინებისათვის რავი შანკარი გარკვეულწილად მასწავლებლის დატვირთვას ითავსებდა.
[v][v] იხილეთ ალბომი – Turiya Sings.
[vi] შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ჯაზი, 1968 წლის მოვლენების მუსიკალური პროტოტიპია
[vii] განსაკუთრებით სესილ ტეილორი და ბილ დიქსონი
[viii] https://www.youtube.com/watch?v=SdGYBI1fBhs&ab_channel=RonHoover. https://www.youtube.com/watch?v=JC_09oOdVoo&t=722s&ab_channel=DRUMMERWORLD
[ix] https://www.youtube.com/watch?v=DtLVycxDJaw&t=1729s&ab_channel=IoannisGourgoulidis
[x] https://www.youtube.com/watch?v=VQWKbUC57_8&ab_channel=FANTOMASFANTOMAS. https://www.youtube.com/watch?v=dg0AHN9lqH0&ab_channel=Jazz%7C%E1%B4%B3%E1%B4%BF%E1%B4%B1%E1%B4%B1%E1%B4%BA