ავტორები: სერგეი ეიზენშტეინი, ვსევოლოდ პუდოვკინი, გრიგორი ალექსანდროვი
თარგმანი: გიორგი ჯავახიშვილი
ხმოვანი ფილმების მომავალი: დეკლარაცია
ოცნება ხმოვანი კინემატოგრაფის შესახებ ახდა.
ამერიკელებმა, ხმოვანი კინოს ტექნიკის გამოყენებით, ის რეალური და სწრაფი განხორციელების პირველ საფეხურზე შეაყენეს.
იმავე მიმართულებით გერმანელებიც ინტენსიურად მუშაობენ.
მთელი მსოფლიო საუბრობს იმ „მუნჯ“ არსებაზე, რომელიც ამეტყველდა.
ჩვენ, ვინც ვმუშაობთ საბჭოთა კავშირში, ზუსტად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ტექნიკური პოტენციალით, ხმოვანი ფილმის პრაქტიკულ განხორციელებაზე უახლოეს მომავალში ვერ ვიფიქრებთ.
ამავდროულად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თეორიული ხასიათის წინაპირობების ჩამოთვლა, რადგან ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, კინემატოგრაფის ეს მიღწევა არასწორი მიმართულებით გამოიყენება.
ახალი ტექნიკური აღმოჩენის მცდარმა გაგებამ შეიძლება არა მხოლოდ შეაფერხოს კინემატოგრაფის, როგორც ხელოვნების, განვითარება და სრულყოფა, არამედ საფრთხე შეუქმნას მის ყველა ფორმალურ მიღწევას.
თანამედროვე კინო, ვიზუალური სახეებით რომ ოპერირებს, მძლავრი ზემოქმედია ადამიანზე და სამართლიანადაა ხელოვნებათა რიგში ერთ-ერთი პირველი.
ცხადია, ძირითადი და ერთადერთი საშუალება, რომელსაც კინემატოგრაფი ზემოქმედების ამგვარ ძალამდე მიჰყავს, მონტაჟია.
მონტაჟის — ზემოქმედების მთავარი საშუალების, დამკვიდრება ის უდავო აქსიომაა, რომელზეც კინოს მსოფლიო კულტურაა აგებული.
დიდწილად, საბჭოთა ფილმების მსოფლიო წარმატება განპირობებულია მონტაჟის იმ მეთოდებით, რომლებიც პირველად მათ გამოავლინეს და დააფუძნეს.
1
ამრიგად, კინოს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ ის მომენტები, რომლებიც აძლიერებენ და აფართოებენ მაყურებელზე ზემოქმედების მონტაჟურ მეთოდებს.
ამ თვალსაზრისით, თითოეული ახალი აღმოჩენის განხილვისას, ადვილად ვლინდება ფერადი და სტერეოსკოპული კინოს[i] უმნიშვნელობა ხმის უზარმაზარ მნიშვნელობასთან შედარებით.
2
ხმა — ორპირი მახვილია; და დიდი ალბათობით, მისი გამოყენება უმცირესი წინააღმდეგობის გზით წარიმართება, ე. ი. ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გზით. პირველ რიგში, განხორციელდება კომერციული ექსპლუატაცია ყველაზე გაყიდვადი საქონლის — „მოლაპარაკე ფილმების“, რომლებშიც ხმის ჩაწერა ნატურალისტურ დონეზე განხორციელდება, ზუსტად დაემთხვევა ეკრანზე მოძრაობას და შექმნის გარკვეულ ილუზიას მოლაპარაკე ადამიანების, ხმოვანი საგნების და ა. შ.
პირველი, სენსაციების პერიოდი არ ავნებს ახალი ხელოვნების განვითარებას, თუმცა საშიში იქნება მეორე პერიოდი, რომელიც ახალი ტექნიკური შესაძლებლობების ამ პირველი აღქმის გაქრობად უმანკოებასა და სიწმინდეს ჩაანაცვლებს და მისი ავტომატური გამოყენების ეპოქას დაამკვიდრებს „მაღალკულტურული დრამების“ და თეატრალური სახის სხვა ილუსტრირებული წარმოდგენებისთვის. ხმის ამგვარად გამოყენება გაანადგურებს მონტაჟის კულტურას, რადგან ხმის ყოველი „მიწებება“ სამონტაჟო კადრებზე გაზრდის მათ ინერციას და დამოუკიდებელ მნიშვნელობას, რაც უპირობოდ დააზიანებს თავად მონტაჟს, რომელიც ოპერირებს არა კადრებით, არამედ კადრების შეპირისპირებით.
3
მხოლოდ ხმის კონტრაპუნქტული გამოყენება ვიზუალურ მონტაჟურ ნაწარმოებთან მიმართებაში მოგვცემს მონტაჟის განვითარებისა და სრულყოფის პოტენციალს.
ხმით მუშაობის პირველი ექსპერიმენტული ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს მისი ვიზუალურ სახეებთან მკვეთრი აცდენისკენ, ასინქრულობისკენ.
მხოლოდ ასეთი „შტურმი“ იძლევა აუცილებელ ხელშესახებობას, რომელიც შემდგომში ვიზუალური და ხმოვანი სახეების ახალი ორკესტრული კონტრაპუნქტის[ii] შექმნამდე მიგვიყვანს.
4
ახალი ტექნიკური აღმოჩენა კინოს ისტორიაში არაა შემთხვევითი მომენტი, არამედ ორგანული გამოსავალია კულტურული კინემატოგრაფიული ავანგარდისთვის იმ ჩიხებიდან, რომელიც მანამდე გამოუვალი ჩანდა.
პირველ ჩიხად ჩავთვალოთ ტიტრი და ყველა უშედეგო მცდელობა, რომ ის მონტაჟურ კომპოზიციაში, დაკავშირებულიყო როგორც მონტაჟის ნაწილი (მაგ. წარწერის ნაწილებად დაშლა, შრიფტის ზომის გაზრდა-შემცირება და ა. შ.)
მეორე ჩიხია განმარტებითი ნაწილები (მაგ. საერთო ხედები), რომლებიც ამძიმებენ მონტაჟურ კომპოზიციას და ტემპს ანელებენ.
თემატიკა და სიუჟეტური ამოცანები ყოველდღიურად რთულდება; მათი გადაჭრის ხერხები მხოლოდ ვიზუალური მონტაჟის მეთოდით მიგვიყვანს ან გადაუჭრელ ამოცანებამდე, ან რეჟისორს აიძულებს მიმართოს უცნაური სამონტაჟო კონსტრუქციების სფეროს, რაც გაუგებრობის და რეაქციული დეკადანსის შიშს ბადებს.
ხმა, რომელიც განიხილება როგორც ახალი სამონტაჟო მეთოდი (როგორც ვიზუალური გამოსახულებისგან გამოყოფილი ფაქტორი), გარდაუვლად შემოიტანს უზარმაზარი ძალის ახალ საშუალებებს იმ ურთულესი ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც გვზაფრავდა მხოლოდ ვიზუალური სახეებით მოქმედი კინემატოგრაფის არასრულყოფილი მეთოდებით და მათი დაძლევის შეუძლებლობით.
5
ხმოვანი ფილმის შექმნის კონტრაპუნქტული მეთოდი არათუ არ დაასუსტებს საერთაშორისო კინემატოგრაფს, არამედ მის მნიშვნელობას უპრეცედენტო ძალმოსილებამდე და კულტურულ სიმაღლემდე აიყვანს.
ხმოვანი ფილმის შექმნის ამგვარი მეთოდი მას არ შემოსაზღვრავს ეროვნული ბაზრით, როგორც ეს თეატრალური ან ილუსტრირებული პიესის შემთხვევაში ხდება, არამედ იმაზე მეტი ძალით, ვიდრე ოდესმე, მისცემს საშუალებას ფილმში ჩადებულ იდეას, გავრცელდეს მთელ მსოფლიოში.
[i] სტერეოსკოპიული კინო, როგორც გამოსახულების სამგანზომილებიანობა, ეიზენშტეინისთვის მხოლოდ ილუზორული ეფექტი იყო. თუ სტერეოსკოპია ეკრანის სიბრტყის ფიზიკურად „გაღრმავებას“ ცდილობს, ხმა, მანიფესტის ავტორთა აზრით, სიღრმეს არა ფიზიკურ, არამედ მონტაჟურ ხარისხში გადაიყვანს;
[ii] ორკესტრულ კონტრაპუნქტში ავტორები გულისხმობენ მდგომარეობას, როცა ხმა დამოუკიდებელი სამონტაჟო ელემენტია და აღარ არის ვიზუალზე დამოკიდებული.