ნამდვილად ვფიქრობ, რომ რასაც უმეტესწილად კინოს ვეძახით, კინო არაა. სინამდვილეში ის თეატრალური კინოა, ან უარეს შემთხვევაში, ილუსტრირებული ლიტერატურა. ფილმის ინტერესის საგანი ამბავია, ხოლო პერსონაჟები მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, რომლებიც რაღაცას წარმოადგენენ. ფილმების უმეტესობა კომიქსებივითაა. ჩემი აზრით, ეს არ არის ნამდვილი კინო. ნამდვილი კინო მუსიკასთანაა ახლოს. მუსიკა არაფერს ასახავს, უბრალოდ განცდებს აღძრავს შენში. ის არაფერს აღნიშნავს. მძულს იდეა, რომ ფილმი რეალურად ამბავს ყვება! ფილმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია გაგრძნობინოს, ოღონდ არა თხრობის მეშვეობით. […] სინათლე თავისთავად მშვენიერია. ლიტერატურაში ამას ვერ შეხვდებით. შეგიძლია მხოლოდ დაწერო, „მზე ამოვიდა“. მშვენიერება ჩემს ფილმში თავად მზეა. მისი ხელახლა შექმნა არ გჭირდება. კინოში ამბავი და გამოსახულება ერთი და იგივეა. ვერ იტყვი, „ამბავი არ მომწონს, მაგრამ მშვენიერი გამოსახულებაა“. გამოსახულება თავად ფილმია; ის არ არის ძრავი ამბისთვის. არ მინდა, რომ ჯერ ამბავი გქონდეს, შემდეგ მისი ილუსტრირება მოახდინო, ისე რომ ფორმა და მნიშვნელობა ყოველთვის დაყოფილი იყოს. ვფიქრობ, ხელოვნებაში ფორმა და მნიშვნელობა ერთი და იგივეა. ამ თვალსაზრისით, მუსიკა ყველაზე შთამბეჭდავი ხელოვნებაა, რადგან ის არ გაძლევს საშუალებას მუსიკა მნიშვნელობისგან განაცალკევო. როცა კინო ჭეშმარიტია, ის თავისთავადაა ენა — აი, რატომაა ის ხელოვნება. მძულს აზრი, რომ კარგი ფილმი კარგი ამბავია, როგორც ჰოლივუდში ამბობენ. ეს არ აძლევს კინოს საშუალებას, იყოს სრულად თავისუფალი.
Battle in Heaven მთავარი პერსონაჟის, მარკოსის შესახებ: არ ვგულისხმობ დანაშაულის გრძნობას დასავლური გაგებით, არამედ ბუნებრივ აჯანყებას, მარკოსის შინაგანი სამყარო აუჯანყდა საკუთარ თავს და მის არასწორ მოქმედების გზას. რაციონალურად, მარკოსი არ გრძნობს თავს დამნაშავედ, მაგრამ მუცელში რაღაც უშლის ხელს დანაშაულის მიღებაში: მისი საკუთარი სხეული ჯანყდება. […]
არაპროფესიონალი მსახიობების შესახებ: მათ ქუჩაში ვეძებ… მარკოსი, მთავარი როლის შემსრულებელი, მამაჩემის მძღოლი იყო 20 წლის განმავლობაში. ვცდილობ, მისი ცხოვრების წესი გადმოვცე და ვიყო ერთგული მისი რეალობის, როგორც მარკოსის, ისე მის მიერ შესრულებული პერსონაჟის. მსახიობებს ფილოსოფიის ფაკულტეტებზე ვეძებ და არა თეატრის. განცხადებაში გვეწერა: „მსახიობი 18-დან 25 წლამდე. არა პროფესიონალი მსახიობები“. ასე მივაგენით ანასაც.
მექსიკელი მოსახლეობის „არამიმზიდველად“ ასახვის შესახებ: რეალობა რთული კონცეფციაა… მაგრამ არის უდავო რაღაცები, მაგალითად, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 90 პროცენტი მეტისია და რომ „ლამაზი, თეთრი“ ხალხი მხოლოდ ტელენოველებში გვხვდება. ამ გაგებით, მე უფრო მაინტერესებს რეალური ცხოვრებიდან ავიღო რეფერენსები, ვიდრე რეკლამიდან ან აუდიო-ვიზუალური კონვენციებიდან.
არ ვიღებ ფილმებს გარკვეული სათქმელის თუ თეზისების გადმოსაცემად. ჩემი ფილმები არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმემ გაშიფროს. ვცდილობ, უბრალოდ დავადასტურო ცხოვრება, რასაც მოიცავს ის: სიყვარული, სიკვდილი, ბუნება, იმედგაცრუება. ეს პრეზენტაციაა და არა გართობა. […]
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი ფილმი პორნოგრაფიაა ან ექსპლუატაცია, ეს მათი პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ, ცხოვრება ინტერპრეტირებული და დაშაქრული იყოს. მე არ ვატკბობ რეალობას. ვინც ჩემს მეთოდებს ექსპლუატაციას უწოდებს, თვალთმაქცი მორალისტია. ეს ბრალდება იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც არ შეუძლია თანასწორად დაამყაროს ურთიერთობა [სხვის რეალობასთან]. სიმთვრალე მათ [ფილმის პერსონაჟებს] მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს [და ეხმარება სიმართლის ჩვენებაში]. ვინ თქვა, რომ სიმთვრალე არ არის ღირსეული? მე არ ვთვლი, რომ ეს არ არის ღირსეული. ეს ადამიანები [მსახიობები] ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ოჯახის წევრები. მე არ ვგრძნობ თავს მათზე მაღლა. პირიქით, ჩვენი თანამშრომლობა თანასწორია. […]
რატომ უნდა იყოს სექსი ან შიშველი სხეულის ჩვენება ნაკლებად ღირებული, ვიდრე, ვთქვათ, ცხენების ჩვენება? სიშიშვლე სიმართლის ძიების ნაწილია. ჩემთვის ეს არ არის შოკისმომგვრელი. შოკისმომგვრელია, რომ საზოგადოება ამდენ მორალურ ტვირთს აკისრებს სხეულს. […]
არ მწამს სიკეთისა და ბოროტების იდეის. არსებობს სასარგებლო და უარყოფითი ქმედებები, და ისინი განსხვავებულია. ფილმში გადაღებულია ცხოველთა მიმართ ცუდი მოპყრობა, მაგრამ პერსონაჟები ამას ასე არ აღიქვამენ, რადგან მათ დაკარგეს [წინაპრების] წმინდა დამოკიდებულება ბუნებისადმი. მე ვუყურებ ამას, როგორც ფაქტს, რომელსაც ვადასტურებ და არა როგორც განცხადებას. […]
პარალელები, რომლებსაც თქვენ პოულობთ ჩემს ფილმებში [პერსონაჟების განთავისუფლებასთან დაკავშირებით] — ერთი შეხედვით აშკარა — სულაც არ არის ასეთი. მე უბრალოდ ვხედავ ადამიანს, რომელიც რთულ სიტუაციაშია და მისი ქმედება მის ემოციურ სიმართლეს გამოხატავს. ეს არ არის ფილოსოფიური ლოგიკის შედეგი. […]
სამწუხაროდ, მაყურებლებს ყოველთვის სურთ კინოს სემიოტიკის დონეზე გაანალიზება… ფიქრობენ, რას ნიშნავს ესა თუ ის კადრი. ეს არ არის იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს კინო… ჩემთვის კინო ეს არის ხორცშესხმული ფილოსოფია (filosofía encarnada). თუ უცხოპლანეტელები ჩამოვიდოდნენ და ჩვენს ფილმებს ნახავდნენ, ეს იქნებოდა ყველაზე ძლიერი საშუალება, მიახლოვებულიყვნენ ადამიანის ყოფას. კინო არის ფილოსოფია ცხოვრების შესახებ. […]
კინოს უმეტესობა, რომელსაც ვაფასებ, და რომელიც, სამწუხაროდ, არაპოპულარულია, არ მუშაობს მსგავსად ლიტერატურის, რომელიც სიმბოლოებს ინფორმაციის მისაწოდებლად იყენებს. კინო მუშაობს, როგორც ყოფნა (presence), რომელიც უბრალოდ აზრის/ფიქრის შესაძლებლობას ქმნის. ასე აღვიქვამთ ჩვენს ცხოვრებასაც ამ სამყაროში… კინოს უპირატესობა ისტორიაში არ არის. ამისთვის ლიტერატურა ბევრად უკეთესია. კინოს უნიკალურობა ცხოვრების პირადი ხედვის გაზიარებაა. […]
მე სწრაფად ვწერ. ვიწყებ ზოგადი იდეით და უფლებას ვაძლევ მოვლენებს, თავისით მოვიდნენ ჩემთან, შეგრძნებით ვხელმძღვანელობ… როდესაც ვწერ, ამ ენერგიას უფლებას ვაძლევ, ჩემში გაიაროს. […]
ინსტინქტი უფრო მუშაობს, ვიდრე გონება (მიზეზი). წინ ვწევ შეგრძნებებს და ემოციებს. საკუთარ თავს არ ვეკითხები — რატომ? კლასიკურ ამერიკულ კინოში, რომელიც ასე ძალიან უყვართ, ყველაფერი არის „რატომ?“ და „მორგება“; ჩემს კინოში ასე არ არის. […]
არასდროს მქონია კომპრომისზე წასვლის საჭიროება. ასი პროცენტით თავისუფალი ვარ. და არ გადავიღებდი კინოს, ეს თავისუფლება რომ არ მქონდეს… აკეთო კინო იმისთვის, რომ სხვებმა შენით ისარგებლონ ან შექმნა „სტერილური“ პროდუქტი — მე ეს არ მაინტერესებს. […]
ბრესონი არის ფუნდამენტი. მან მასწავლა, რომ მსახიობმა არ უნდა „ითამაშოს“ ან „განასახიეროს“, არამედ უბრალოდ „იყოს“ (being). სიმართლე იბადება კამერისა და პიროვნების შეხებისას და არა პრეტენზიიდან, რომ ხარ სხვა. […]
ტარკოვსკის ფილმები ტაძრებს ჰგავს. ისინი არაა სიუჟეტის შესახებ. ისინი არიან სივრცეში არსებობაზე, შეცვლილ დროში ყოფნაზე. ის გასწავლის ყურებას და იმის შეგრძნებას, თუ რამხელაა ჰაერის სიმკვრივე, წყლის წონა. ეს არის ფიზიკური გამოცდილება. […]
მომწონს ყველა ის რეჟისორი, ვინც არაა ნატურალიზმის მონა, ვინც აჩვენებს საგნების საკუთარ, პიროვნულ ხედვას. […] ძალიან მომწონს დრეიერი. როდესაც ამბავს ვაგებდი, მივხვდი, რომ მისი [პერსონაჟის] სიცოცხლეში დაბრუნება ერთადერთი გამოსავალი იყო. ვიცოდი, რომ ეს Ordet-იდან მომდინარეობდა… არ შემშინებია Ordet-თან პირდაპირი დიალოგის. ესაა ფილმი, რომელიც მიყვარს და დრეიერი არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაღმერთებ.
ხმა არ არის გამოსახულების ილუსტრაცია. ის ფიზიკური არსებობაა. ზოგჯერ, ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სურათი. დახუჭავ თვალებს და ფილმი აგრძელებს არსებობას. ეს რეალობის მეორე ნახევარია. კინოს უმეტესობა უგულებელყოფს ამას და ხმას მხოლოდ დიალოგისთვის ან მუსიკისთვის იყენებს. […]
არ ვეძებ ესთეტიზებულ „სილამაზეს“. საფოსტო ბარათის სილამაზე არ მაინტერესებს. მაინტერესებს სილამაზე, რომელიც ჭეშმარიტებიდან იბადება, თუნდაც ეს ჭეშმარიტება არაკომფორტული ან „მახინჯი“ იყოს. ცხოვრება ყოველთვის ესთეტიკურად სასიამოვნო არ არის. ჩემთვის ცხენის კუდიდან გამოფრენილი ექსკრემენტი ისეთივე ლამაზი შეიძლება იყოს, როგორც მზის ჩასვლა. […]
არ მჯერა „ეროვნიკული კინოსი“. დილით არ ვიღვიძებ ფიქრით: „მოდი, მექსიკურ ფილმს გადავიღებ“. მე ჩემს ფილმებს ვიღებ. ის ფაქტი, რომ მექსიკელი ვარ, უბრალოდ გარემოებაა, ისევე როგორც ჩემი სიმაღლე ან ჩემი თმის ფერი. ჩემი კინო ცდილობს იყოს უნივერსალური, ისაუბროს ადამიანის არსებობაზე და არა „მექსიკურ პრობლემებზე“. […]
არ ვიყენებ კამერას იმისთვის, რომ პერსონაჟს გავყვე ან ამბავი მოვყვე. ვიყენებ კამერას, რომ სივრცე გამოვიკვლიო. ზოგჯერ კამერა ტოვებს პერსონაჟებს და მიდის სასეირნოდ, თითქოს საკუთარი ცნობიერება ჰქონდეს. ის შეიძლება დაინტერესდეს ფოთლით, კედლის ტექსტურით ან შუქით. ეს არის მზერა, რომელიც გრძნობს და არა მზერა, რომელიც აანალიზებს. […]
ნელი პანორამული მოძრაობა მაძლევს საშუალებას, დავაკავშირო ერთმანეთთან ის, რაც ერთი შეხედვით დაუკავშირებელია. დავაკავშირო ადამიანი პეიზაჟთან, ან ერთი ობიექტი მეორესთან. ეს არ არის აღწერითი მოძრაობა. ეს არის მოძრაობა, რომელიც ქმნის ემოციურ გეოგრაფიას. დრო იწელება და მაყურებელი იძულებულია, უბრალოდ იყოს ამ სივრცეში, იმის მაგივრად, რომ ელოდოს, რა მოხდება შემდეგ. […]
მონტაჟი ფრანგულად არის (montage), რაც ნიშნავს აწყობას ან შეკრებას. ესპანურად (montaje) იგივეს ნიშნავს. მე არ ვჭრი (cut) კადრებს იმისთვის, რომ ნარატივი ავაჩქარო. მე ვაწყობ ბლოკებს. ეს ბლოკები ერთმანეთს ენერგეტიკულად ეჯახება და არა ლოგიკურად. მე ვეძებ რიტმს და არა ახსნას. […]
ჩემთვის მონტაჟი უპირველესად დროსთან მუშაობაა. კადრის ხანგრძლივობა განმსაზღვრელია. ვცდილობ, კადრი გავაჩერო ზუსტად იმდენ ხანს, რომ მაყურებელმა შეწყვიტოს ინფორმაციის ლოდინი და დაიწყოს შეგრძნება. ტარკოვსკიმ ამას „დროში ძერწვა“ უწოდა. […]
ციფრული გამოსახულება 1 და 0-ების ინტერპრეტაცია. ის მკვდარია. ფირი არის ცოცხალი მატერია. ეს არის ფოტოქიმიური რეაქცია. სინათლე ფიზიკურად ეხება ემულსიას და ტოვებს მასზე კვალს. ეს არის რეალობის ანაბეჭდი. როდესაც ფირზე იღებ, შენ იღებ სამყაროს; როდესაც ციფრულზე იღებ, შენ ქმნი სამყაროს ინტერპრეტაციას. […]
ციფრული გამოსახულება ზედმეტად სუფთაა, ზედმეტად მკვეთრი (sharp). ის არ ტოვებს ადგილს წარმოსახვისთვის. ის არ სუნთქავს. ფირს აქვს მარცვალი (grain), მას აქვს ტექსტურა, მას აქვს არასრულყოფილება, რომელიც მას სიცოცხლეს ანიჭებს. ეს იგივე განსხვავებაა, რაც ვინილის მოსმენასა და MP3-ის მოსმენას შორის. ციფრული არის ინფორმაცია; ფირი არის გამოცდილება. […]
როდესაც ფირზე იღებ, თითოეული კადრი ძვირფასია. ფირი ფული ღირს. ეს გაიძულებს კონცენტრირებული იყო. არ შეგიძლია უსასრულოდ გადაიღო. ეს ქმნის დისციპლინას და დაძაბულობას გადასაღებ მოედანზე. ციფრულით შეგიძლია საათობით გადაიღო, არავინ ნერვიულობს, ენერგია იკარგება. […]
Post Tenebras Lux-ში მინდოდა შემექმნა ძალიან სპეციფიკური ვიზუალური ეფექტი, თითქოს სამყაროს დეფორმირებული შუშის მიღმა ვუყურებდით. ამის მისაღწევად ვიყენებდით ძველ, არასრულყოფილ ლინზებს ციფრულ კამერებზე… მაგრამ ეს იყო კონკრეტული ექსპერიმენტი. ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა მაინც 35 მმ-ია, რადგან ის ყველაზე ახლოსაა იმასთან, თუ როგორ ვხედავთ და ვგრძნობთ სამყაროს სინამდვილეში. […]
თითქმის არასდროს ვიყენებ ექსტრადიეგეტურ მუსიკას (კადრს მიღა მუსიკა), რადგან ეს ზედმეტად მარტივი გზაა. ეს იგივეა, რომ მაყურებელს უთხრა: „ახლა შენ უნდა იგრძნო სევდა“ ან „ახლა შენ უნდა იგრძნო დაძაბულობა“. მუსიკა კინოში თითქმის ყოველთვის ემოციური შანტაჟია. ის გართმევს თავისუფლებას, თავად განიცადო სცენა. მირჩევნია, ემოცია დაიბადოს თავად გამოსახულებიდან, სიჩუმისგან და ბუნებრივი ხმებისგან. […]
ჩემი ფილმების მუსიკა არის რეალობის ხმა. ქარის ხმა, ფოთლების შრიალი, ცხოველების ხმები… ეს ყველაფერი ქმნის ბევრად უფრო მდიდარ და რთულ ხმოვან პეიზაჟს, ვიდრე ნებისმიერი საორკესტრო პარტიტურა. […] ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ ვუსმინოთ. როდესაც ჩვენს დროში (Nuestro Tiempo) ხარების ბრძოლის სცენას ვიღებდით, მთავარი იყო არა სანახაობა, არამედ მათი სუნთქვის ხმა, მათი სხეულების შეჯახების ხმა. ეს არის ნამდვილი მუსიკა.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მუსიკას ვიყენებ, მაშინაა, თუ ის იქ არის, სცენაზე. მაგალითად, თუ პერსონაჟი მანქანაში რადიოს უსმენს, ან ბარში უკრავს მუსიკა. ბრძოლა ზეცაში (Batalla en el cielo) იხსნება სამხედრო მარშით, რადგან პერსონაჟები დგანან დროშის აღმართვის ცერემონიაზე. მუსიკა უნდა მოდიოდეს წყაროდან, რომელიც სცენის ნაწილია და არა ჩემი, როგორც რეჟისორის, სურვილებიდან. […]
სიჩუმე ყველაზე ძლიერი ხმოვანი ელემენტია. უმეტესობას ეშინია სიჩუმის, ამიტომ ავსებენ ფილმებს მუდმივი ხმაურით ან მუსიკით. ჩემთვის სიჩუმე არის სივრცე, სადაც მაყურებელს შეუძლია იფიქროს და იგრძნოს. ეს არის მომენტი, როდესაც გამოსახულება ნამდვილად იწყებს შენთან საუბარს. […]
კრიტიკოსების უმეტესობა, სამწუხაროდ, დიდი ინტელექტუალური სიზარმაცით გამოირჩევა. ისინი ცდილობენ, ფილმი „გაშიფრონ“, იპოვონ მასში „გზავნილები“, გაარკვიონ, რისი თქმა უნდოდა რეჟისორს. ისინი უყურებენ ფილმს, როგორც თავსატეხს, რომელიც უნდა ამოხსნან. მათ არ შეუძლიათ, უბრალოდ განიცადონ ფილმი. თუ ფილმი არ ემთხვევა მათ წინასწარ ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ ჩარჩოებს, მას უარყოფენ. არ არიან გახსნილები იმისთვის, რომ კინომ რაღაც ახალი აგრძნობინოს. […]
არასდროს ვცდილობ, ვინმეს პროვოცირება მოვახდინო. პროვოკაცია ჩემს მიზნებში არ შედის. უბრალოდ ვიღებ იმას, რასაც ვხედავ და ვგრძნობ, მაქსიმალური გულწრფელობით… თუ ვინმესთვის გულწრფელობა პროვოკაციაა, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. სკანდალი ჩნდება მაშინ, როდესაც აჩვენებ იმას, რისი დანახვაც ხალხს არ სურს, თუმცა იციან, რომ ის არსებობს. მე არ ვქმნი სკანდალს, მე უბრალოდ ვხსნი ფარდას. […]
კანში სტვენა ნორმალურია. სიმართლე გითხრათ, მომწონს კიდეც. ეს ნიშნავს, რომ ფილმი ცოცხალია, რომ ის ადამიანებს შეეხო, თუნდაც ნეგატიურად. ყველაზე ცუდი რამ, რაც რის წინაშეც შეიძლება დადგე, გულგრილობაა. […] თუ ყველა ერთხმად გიკრავს ტაშს, ესე იგი, რაღაც უსაფრთხო და კომფორმული გააკეთე. მირჩევნია, ჩემმა ფილმმა გამოიწვიოს დებატები, ვიდრე უბრალოდ კმაყოილების მოლოდინი. […]
არ ვქმნი ფილმებს კრიტიკოსებისთვის. მე ვქმნი მათ მაყურებლისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვასიამოვნო. ვაძლევ მათ სრულ თავისუფლებას, იგრძნონ ის, რასაც იგრძნობენ. მათ შეუძლიათ ფილმი სძულდეთ, შეუძლიათ შეიყვარონ, შეუძლიათ დარბაზიდან გავიდნენ. ყველა რეაქცია ლეგიტიმურია, გარდა ერთისა — იმის მტკიცებისა, რომ მათ „ვერ გაიგეს“, რადგან ჩემს ფილმებში „გასაგები“ არაფერია.
თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა