თარგმანი და წინასიტყვაობა: ალექსანდრე გაბელია
სარა გომეს ირა (იგივე სარიტა) დაიბადა 1942 წლის 8 ნოემბერს გუანაბაკოაში (კუბა), ხუანა ირასა და კარლოს გომესის საშუალო კლასის, შავკანიან ოჯახში. ისინი მუსიკოსები იყვნენ. როგორც კუბელი მწერალი აბდ’ალაჰ-ალვარეს რამირესი შენიშნავს: „მისი ბავშვობის ფოტოები გვიხატავენ მოზარდ სარა გომესს: შავ გოგონას, პატარა ცხვირით, ნათელი თვალებითა და გამოძერწილი პირით. ის იყო ენაბორძიკი და ასთმით დაავადებული. სარა შვიდი წლის განმავლობაში დადიოდა მუსიკის გაკვეთილებზე მუნიციპალურ კონსერვატორიაში და დღის უმეტეს დროს სახლში ფორტეპიანოს შესწავლას უთმობდა. რევოლუციონერი გახდა მაშინ, როდესაც ის საშუალო სკოლის მესამე კურსზე სწავლობდა – მან დატოვა სკოლა, რათა უშუალო მონაწილეობა მიეღო ახალ სოციალურ პროცესში”.[1]
1961 წელს, 17 წლის ასაკში, სარამ დაიწყო მუშაობა კუბის კინოს ინსტიტუტში (ICAIC). ის ასევე იყო ეთნოლოგიის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, რომელიც დაკავშირებული იყო ეროვნულ თეატრთან. ICAIC-ში მუშაობის წლებში მან ოცი ფილმი გადაიღო (იყო რევოლუციური კუბის პირველი ქალი კინორეჟისორი). რევოლუციური სუბიექტის ტრანსფორმაციის საკითხი გომესის შემოქმედების ერთ-ერთი ცენტრალური თემაა, რაც ყველაზე ცხადად მის მიერ პინის კუნძულზე გადაღებულ დოკუმენტურ ტრილოგიაში იკვეთება. ფილმებს შორისაა – მეორე კუნძულზე (En la otra isla, 1968), კუნძული მიგელისთვის (Una isla para Miguel, 1968) და განძის კუნძული (Isla del tesoro, 1969). ავტორი აქ არა მხოლოდ განადიდებს კუბურ რევოლუციას, არამედ იწყებს მსჯელობას წარსულში არსებული რასიზმისა და ჩაგვრის შესახებ და კუბის მთავრობას მისი ნარჩენების შესახებ მიუთითებს. სოციალური, რასობრივი და გენდერული ურთიერთობების კომპლექსური აღწერა, ისევე როგორც რეფლექსია უთანასწორობაზე, მაჩოიზმსა და არსებულ საზოგადოებაში მარგინალიზაციის პროცესზე, ხდება მისი ერთადერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის – ამა თუ იმ გზით (De Cierta Manera, 1974) საკვლევი თემა. მარგინალიზაციის პროცესს, რომლის აღმოფხვრაც ასეთი რთული გახდა სოციალისტურ კუბაში, სარა თანმიმდევრული და თვითკრიტიკული გზით იკვლევს, უპირისპირებს კუბაში არსებულ „გარიყულ საზოგადოებასა” და წვრილ ბურჟუაზიას, რასაც დოკუმენტური და მხატვრული კინოს ელემენტების შერწყმით ახერხებს.
სარა გომესი, ოცდათერთმეტი წლის ასაკში, ფილმის მონტაჟის პროცესის დროს გარდაიცვალა ასთმის შეტევით (1974 წლის 2 ივნისს). ივან აროშა, გომესის მეგობარი და მემონტაჟე იხსენებს მისი დაკრძალვის ცერემონიას: „არის რაღაც მშვენიერი იმაში, რაც მოხდა სარას დაკრძალვაზე. სარას დაკრძალვის დღე იყო ლამაზი, მზიანი. ყველა მისი მეგობარი და კოლეგა იქ ვიყავით. როდესაც მისი კუბო დაუშვეს, რათა დაეკრძალათ, უეცრად დაბნელდა, გაისმა უზარმაზარი ჭექა-ქუხილის ხმა, გაიხსნა ცა და თქეში წვიმა წამოვიდა. როცა წვიმამ გადაიღო და სასაფლაოდან გამოვედით, მზე ისევე ანათებდა, როგორც ჩვენი შემოსვლისას”.
სარამ განავითარა საავტორო კინოს განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ერთდროულად არის დაკავშირებული „ქალთა მზერასა“ და „მესამე კინოსთან“. მან რეჟისორული ძალაუფლება კოლექტიურ სუბიექტებსა და მათ რეპრეზენტაციას დაუქვემდებარა, იმგვარად, რომ არასდროს დაუკარგავს საკუთარი პასუხისმგებლობა და საავტორო ხელწერა. გომესი მუშაობდა ანიეს ვარდასთან, როდესაც ვარდა კუბაში ჩავიდა 1962 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმის – გამარჯობა, კუბელებო (Salut les Cubains, 1963) გადასაღებად. ხოლო ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, სცენარისტმა და რეჟისორმა, მარგერიტ დიურასმა მასთან ინტერვიუ 1967 წელს, სალონ დე მაიოში დელეგაციის წევრად სტუმრობისას ჩაწერა.

სარა გომესის კინოს აუდიტორია პირველ რიგში კუბელი საზოგადოებაა, ურბანულ გარემოში ჩამოყალიბებული მუშები და ფერმერები, მოზარდები და ბავშვები, მოხუცები და „მარგინალური საზოგადოება”. უფრო ფართოდ – „გლობალური სამხრეთი“. როგორც სარა შენიშნავს „მათთვის და მათთან ერთად, ჩვენ უნდა გადავიღოთ კინო დათმობების გარეშე. კინო, რომელიც მათი ინტერესებიდან ამოიზრდება. კინო, რომელსაც ძალუძს გამოხატოს წინააღმდეგობები და მიზნად ისახავს რომ თითოეულ ჩვენგანს დაანახოს ცხოვრება, როგორც მარადიული კონფლიქტი უღიმღამობის წინააღმდეგ – კონფლიქტი, რომელზეც უნდა გავიმარჯვოთ”.[2] გომესის კინო ნამდვილად არღვევს უფერული და სტანდარტული ცხოვრების რეალიებს, მიუხედავად იმისა, რომ კინოს სამყაროში მისი მნიშვნელობა და ღვაწლი დღემდე არაა ჯეროვნად დაფასებული. მისი ცნობადობა ვიწრო აკადემიურ და სახელოვნებო წრეებში ვერ შეცვლის საერთო სურათს.
მცირე გადახვევა: Sight and Sound-მა 2022 წლის ბოლოს ყველა დროის საუკეთესო ფილმების სიის (https://www.bfi.org.uk/sight-and-sound/greatest-films-all-time) შესადგენად 1638 კრიტიკოსი, პროგრამის კოორდინატორი, კურატორი და აკადემიკოსი შეკრიბა, რომელთაც საკუთარი ტოპ-ათეულები წარადგინეს, რომელზე დაყრდნობითაც ყველა დროის 250 ფილმი გამოავლინეს. მათ ასევე შეკრიბეს 480 რეჟისორი, რომელთაც 100 ფილმი დაასახელეს. კრიტიკოსთა სიის სათავეში შანტალ აკერმანის Magnum opus-ი ჟან დილმანი,სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი (1974) მოექცა, რაც შეიძლება იძლევა სიხარულის საბაბს, თუმცა მხოლოდ მოჩვენებითს. ნამდვილი სიხარული მაშინ შეიძლება ვიგრძნოთ, როდესაც ქალები თანასწორად ჩაერთვებიან კინოწარმოების თითოეულ პროცესში. უფრო უტოპიურად თუ ვიტყვით, მაშინ, როდესაც ყველა ის პრობლემა დასამარდება, რაზედაც აკერმანი ჟან დილმანში საუბრობს.
სინამდვილეში, მსგავსი გამოკითხვები, კინოს კალკულაციასა და ადამიანთა პიროვნულ გემოვნებას უქვემდებარებს. სხვაგვარად შეუძლებელია გავიგოთ მაგალითად რატომ სჯობს ორსონ უელსის მოქალაქე კეინი (1941) სტენლი კუბრიკის კოსმოსურ ოდისეას (1968), ან ფედერიკო ფელინის 8½ (1963) რ. ვ. ფასბინდერის ალი: შიში ჭამს სულს (1974) და კენ ლოუჩის კესს (1969). ან რა მიზეზით ვერ მოხვდა 350 ფილმში იმავე ფასბინდერის პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები (1972), თეო ანგელოპულოსის პეიზაჟი ნისლში (1988), მიხეილ კალატოზიშვილის და ოთარ იოსელიანის ფილმები, გლაუბერ როშასა და ხორხე სანხინესის, ლინა ვერტმიულერის, შტეფან უჰერის ან მილოშ ფორმანის, ჟან-მარი შტრაუბისა და დანიელ ულიეს ნამუშევრები; ანდაც ლინდსი ანდერსონის ო, იღბლიანო (1973), ჩან-დონ ლის ოაზისი (2002) (ან მისი ნებისმიერი სხვა ფილმი), ლარს ფონ ტრირის ტალღებთან მებრძოლი (1996), მაიკ ლის შიშვლები (1993), რიჩარდ ლინკლეიტერის სიყრმე (2014). რატომ ვერ ვხვდებით სიაში თანამედროვე კინოს არაერთ მნიშვნელოვან ავტორს? ან კშიშტოფ კიშლოვსკის მოკლე ფილმი სიყვარულზე (1988) სად არის, ღმერთმა შეგინდოთ?! ჩამონათვალი უსასრულოა.
კრიტიკოსთა სიაში კუბელი რევოლუციონერის, სარა გომესის ფილმი ამა თუ იმ გზით 196 ადგილს იკავებს, რაც ერთგვარი „ფორმალური დაფასებაა“.
იქამდე, სანამ სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლიდით, გთავაზობთ, მარგერიტ დიურასის საუბარს სარა გომესთან.
„რაც დრო გადის, ჩვენ ნაკლებად თავაზიანი, ესთეტიკური, სტატიკური, სექსუალური და პასიური ობიექტები ვხდებით“ – სარა გომესი
მარგერიტ დიურასი: კაპიტალისტურ ქვეყნებში ახალგაზრდები, ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული, ექვემდებარებიან ერთგვარ ტყუილს, ერთგვარ სოციალურ „აღმასვლას” – იყვნენ კლასის საუკეთესო მოსწავლეები, რათა გახდნენ ცნობილნი, მდიდარნი და დამოუკიდებელნი. ამას გამოხატავს ფრანგული ტერმინი გარღვევა (percer/pɛʀse): გაიტანო შენი მასების მეშვეობით და აჯობო მათ. ეს არის ერთადერთი იდეალი. რა მოხდა კუბაში სოციალურ „აღმასვლასთან“დაკავშირებით, მთელი ამ კონკურენტული სულისკვეთებით? თქვენი ამჟამინდელი განვითარების პროცესში, შეგიძლიათ გვითხრათ თუ რა ჩაანაცვლებს ამ ყოველივეს?
სარა გომესი: აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა კითხვა ეფუძნება წინაპირობას, რაც პასუხის გაცემამდე მავალდებულებს მათ მიღებას. ეს ნამდვილად მაწუხებს. თქვენ მეკითხებით: „რა მოხდა აქ…?” მე ვიტყოდი, რომ აქ არაფერი მომხდარა ინდივიდის საკითხის კუთხით, არამედ ყველაფერი ხდება ხანგრძლივი და მტკივნეული „დაშლის“გზით, კინემატოგრაფიული ტერმინით რომ გიპასუხო. რაც შეეხება ეკონომიკურ ბაზისში ცვლილებებს, ვფიქრობ, ეს წარმოებულია სექტორის მიხედვით – ისინი არ ამოიზრდება ინდივიდუალური ეთიკური ღირებულებების მასშტაბით. „სოციალური აღმასვლა“, კონკურენტული სულისკვეთება არსად გამქრალა, თუმცა ეს დიდად არ მაღელვებს.
მე იმის მჯერა, რომ ძირითადი სტრუქტურა მიმართულია ამ ინდივიდუალისტური გრძნობების საზოგადოების სასიკეთოდ გარდაქმნისაკენ. კუბელ ბავშვს არ სურს იყოს „ავანგარდი“, ანუ საუკეთესო კლასში. და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სერიოზული და კეთილსინდისიერი სწავლების გზით, გამოცდებში პატიოსნებით, სემინარებსა და სპეციალურ კურსებში მონაწილეობით, მასალებზე სტუდენტის „მონიტორინგის“ (გიდი და დამხმარე) უფლების ქონით, რათა მან შეძლოს იმაზე ფართო ინტერესის წარმოჩენა, ვიდრე შეიძლება თავად რევოლუციაა. ეს ქმნის ინტელექტუალურ განვითარებას, რომელიც ერთგულია ჭეშმარიტი მოწოდებისადმი. რამე გსმენიათ ჩვენი განათლების სისტემის შესახებ?
თუ მოზარდსა და ახალგაზრდას სურს, რომ იყოს „ავანგარდი“, „მებრძოლი“, რისთვისაც მათ უნდა გამოავლინონ შრომისმოყვარეობა; აქტიური მონაწილეობა მიიღონ სპორტულ, კულტურულ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში; და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ უნდა მიიღონ აღიარება მასებისაგან. ამრიგად, მასები თავად აძლევენ სტუდენტს უფლებას, რათა „აჯობონ“ მათ, თუ შემიძლია შენს მიერ მოყვანილი ტერმინი გამოვიყენო. მასები მუდმივად ამოწმებენ ინდივიდის პატიოსნებას. შეკრებაზე ისინი განიხილავენ მის უფლებას იყოს მებრძოლი, პოლიტიკური, ადმინისტრაციული თუ შემოქმედებითი კადრი. მასები მალე იმ ქალებსა და მამაკაცებს გააერთიანებს, რომლებიც უკეთესი ბავშვები და უკეთესი ახალგაზრდები იქნებიან.
პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი; ჩემი გამოცდილება ამართლებს ამ ოპტიმიზმს. მე მჯერა სტიპენდიანტების, ხელოვნების, ფიზიკური აღზრდის, ტექნოლოგიებისა და ენების სკოლებიდან. მე მჯერა, საშუალო სკოლის მოსწავლეების იმ თაობის, რომლებიც ყოველწლიურად ორმოცდახუთი დღის განმავლობაში იზიარებენ სახურავსა და საკვებს თავიანთი სახლებიდან მოშორებით, რადგან ისინი ასრულებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს იმ კაცებისა და ქალების გვერდით, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ და რომელთა არსებობასაც მათი ცნობიერება უმალავდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვგრძნობდი გარკვეულ წუხილს იმ მამაკაცებისა და ქალების მიმართ, რომლებსაც არ ჰქონდათ უკეთესი ბავშვობა და დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებთან მათი უშუალო კონტაქტი ორმხრივ გავლენას მოახდენს. დარწმუნებული ვარ, კონფლიქტები, რომლებსაც ლოგიკურად შეეჩეხებიან, თითოეული მათგანის განვითარებას განაპირობებს; მათი უძლურებიდან დახსნას, ვისაც საკუთარი თავის განვითარება არ ძალუძს. ნიშნავს ეს იმას, რომ აქ ოპორტუნისტები, უღიმღამო ხალხი და მდიდრები აღარ არსებობენ? არა, ისინი ჩვენს შორის არიან – და შესაძლებელია ჩემშიც ცხოვრობდეს ოპორტუნისტი, უღიმღამო ადამიანი ან ის, ვინც მიისწრაფვის სიმდიდრის ფლობისკენ – მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეშფოთების მიზეზი, რადგან ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ ამ ელემეტებს როგორც ჩვენში, ასევე ჩვენს მიღმა. და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არ არის კონფორმისტების ქვეყანა. მე ყველაფერზე მეტად იმ ერთი ახალგაზრდა „კონფლიქტური” ადამიანის მჯერა, რომელიც თითოეულ კლასში, ფერმასა და ინდუსტრიაშია, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, რაზეც აქამდე არავის დაუსვამს შეკითხვა, მოუთხოვია პასუხი და სხვებისგან დაფიქრება.
მარგერიტ დიურასი: პირადი კეთილდღეობა ერთადერთი კეთილდღეობაა კაპიტალისტურ საზოგადოებებში. ფულით შეძენილი საქონლით ტკბობა, ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრა აგარაკზე – ეს არის ბურჟუაზიული ოჯახების ერთადერთი მისწრაფება. მაგრამ მოგვიანებით, სასოწარკვეთილების დრო დგება. შეგიძლიათ თქვათ, რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ეს ე. წ. კეთილდღეობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებულად ითვლება – მშვიდი კეთილდღეობა, რომელიც „კოშმარს“ ჰგავს?
სარა გომესი: ეს „მშვიდი კეთილდღეობა”, რომელიც ფაქტობრივად „კოშმარია”, აღარ წარმოადგენს იდეალს, ალბათ იმიტომ, რომ მან ამოწურა შესაძლებლობები. ჩვენ ზედმეტად ვართ იდეათა ერთგულნი, იმისთვის რათა „მშვიდად” არ ვიყოთ. აშკარაა, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც მუდამ ეჩქარება. ჩვენ ყველას გვეჩქარება – გვაქვს ჩვენი კოლექტიური ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პრობლემების გადაუდებლად გადაჭრის საჭიროება. ჩვენ მტრებიც გვყავს, მათ კარგად ვიცნობთ, რადგან შევეჩეხეთ და ვგრძნობთ ამ ყველაფრის დასასრულისკენ წაყვანის პასუხისმგებლობას. ჩვენ ვგრძნობთ აუცილებლობას, რათა გამოვხატოთ საკუთარი თავი ახლა, დაუყოვნებლივ, საკუთარი ღირსების დასამტკიცებლად. ჩვენ უიმედოდ ვუძღვნით საკუთარ თავებს შრომის ნამდვილ იძულებას, ბრძოლას, საკუთარ თავს. და ჩვენ გვჯერა, გვჯერა შეუპოვრად, რაც არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას, არამედ გვაღელვებს და გვაღრმავებს, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ყველას ერთად.
მერწმუნეთ, მე არასოდეს მიცხოვრია არც ერთი დღე სიხარულის გარეშე, შინაგანი ზეიმის ნამდვილი და ავთენტური მდგომარეობის განცდის გარეშე და ზოგჯერ, თქვენი სამყაროსთვის ასე უცნობ მიზეზთა გამო, როგორიცაა ჩვენი სპორტული გუნდის ტრიუმფი საერთაშორისო შეჯიბრში, ან, არ ვიცი, მაგალითად, ავტობუსში ან პოლიკლინიკაში სტუმრობის დროს, შეხვედრა ქალთან, რომელიც მესაუბრებოდა თავის საზრუნავზე, საშინაო პრობლემებზე და მეც, ყველაფერს ვიზიარებდი. შემდეგ მეც გავუზიარე ჩემს შესახებ რაღაცეები და დავმეგობრდით. ერთმანეთისადმი სიყვარულით ვიყავით განწყობილი ამ ორი საათის განმავლობაში, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შესანიშნავია, აღარ შევხვდებით ერთმანეთს (ან შეიძლება შევხვდეთ, არ აქვს მნიშვნელობა). მე არც მისი სახელი ვიცი და არც სახლის მისამართი, მაგრამ ის მიყვარს. მისი მესმის და ეს მაბედნიერებს.
შესაძლებელია იფიქროთ, რომ მთელი ეს საუბარი ორმხრივ კომუნიკაციაზე არ პასუხობს თქვენს შეკითხვას, მაგრამ მე მჯერა, რომ გადმოგეცით კეთილდღეობის ჩემი ახალი კონცეფცია, რომელიც, რა თქმა უნდა, სუბიექტურია, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარეობს, რომელიც აშკარად ექსტრავერტულია. მაგრამ აქ არის რაღაც სიმპტომატურიც – დიდი ხანია არ მიგრძვნია თავი მარტოდ, შემდგომში ამ ყველაფრის გამო შერცხვენის გარეშე.
მარგერიტ დიურასი: აქ ცვლილება აშკარაა. რა არის მთავარი სირთულე ამ მუტაციაში? ვგულისხმობ, თქვენს ინდივიდუალურ პერსპექტივას, შინაგან სამყაროს.
სარა გომესი: მე ვიაზრებ თქვენ მიერ მოხსენებულ ცვლილებას და ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ჩემს შემთხვევაში, ისევე როგორც ბევრი სხვის, მთავარი სირთულე საოჯახო ურთიერთობებში ჩნდება, სახლში ერთად ცხოვრების წესებში. არის რაღაცები, რასაც ადრე ვაღიარებდით ინტელექტუალურად ან რაციონალურად, რამაც მოგვიანებით გამოიწვია სერიოზული და საშინელი ემოციური წინააღმდეგობა. ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მინდა საკუთარი თავისგან, რა არის საჭირო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ისე ხდება, რომ თითქმის ყოველთვის ვნერვიულობ. სასოწარკვეთის ზღვარზე ვარ და საკუთარი ინერციის წინაშე უძლურებასაც კი ვგრძნობ. მე არ ვფიქრობ, რომ არ შემიძლია არაფრის გაკეთება, ურთიერთობის გაწყვეტა მათთან, რომლებიც მეწინააღმდეგებიან თავიანთი ძველი ღირებულებების გამო. ისინი ჩემი მშობლები არიან, ბებიაჩემი, ადამიანები, რომლებიც მიყვარს და ამგვარად დაზარალდებიან. შეიძლება მოკვდნენ და მე ვიგრძნო ეს პასუხისმგებლობა. მე ისინი მჭირდება.
ჩვენ ქვეყანას მემკვიდრეობით ერგო ტრადიციული ესპანური ოჯახის ფასეულობები და ამ მხრივ, ცრურწმენებით ვართ გაჟღენთილნი. ეს გარემოება არაა მარტივი; ტრაგიკულია. საკვირველია ფაქტი, რომ ამ ფასეულობებმა რევოლუციურ ოჯახებშიც შემოაღწია. ანტი-რევოლუციური ოჯახის შემთხვევაში, ეს ფაქტი უფრო მარტივი გასაგები იქნებოდა. მაგალითად, არ მაქვს პრობლემები მამასთან. ის პოლიტიკურ დევნილად გაემგზავრა შეერთებულ შტატებში და ფაქტობრივად გაუჩინარდა. განსხვავებები ჩვენ ორ ქვეყანას შორის, განმსაზღვრელი ფაქტორები, უბრალოდ ძალიან სერიოზულია, გესმით? პრობლემა გამყოფი ხაზის ამ მხარესაა. ომის უკიდურეს შემთხვევაში, დედაჩემი იქნება ჩემს გვერდით იარაღით ხელში, მაგრამ ჩვეულებრივ დროს, მშვიდობისას, მუშაობისას, ერთად ცხოვრების დროს, ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება გულსატკენი ხდება. არის რაღაცები, რაც არ ესმის, რის გააზრებაც არ შეუძლია და მე მიწევს ამ ყველაფრის გაგება. და როდესაც დედაჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებიც ორმოცდახუთი წლის ან მეტის არიან, მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებიც მებრძოლები არიან და დიდ ორგანიზაციებსაც კი ხელმძღვანელობენ, მაგრამ რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ წინარე ბურჟუაზიული საზოგადოების მითების. ისწრაფვიან, რომ ჩვენგან შექმნან ქალწული ქალბატონების საზოგადოება – წესიერი, ელეგანტური და დახვეწილი, „განსაკუთრებული ზნეობის მქონე ქალბატონების“ – და სერიოზული მამაკაცების, ჯენტლმენების, ფორმალური და შინაგანად ჩაკეტილი მამაკაცების, რომლებმაც იციან როგორც შეინარჩუნონ გარეგნული იერი. ჩვენ მათ თავიანთი საკუთრება ვგონივართ, რაც დაპირისპირებას ორივე მხარისთვის ძალადობრივს და მტკივნეულს ხდის. დრამატული კი ის არის, რომ ეს დანაწევრება ხდება რევოლუციის შედეგად, რომლის დასაცავადაც ყველანი მზად ვართ.
მარგერიტ დიურასი: საკუთარი თავის პროექციის სურვილს მატერიალური საგნების მფლობელობაში, ამ ფუნდამენტურ მანკიერებას ადამიანებში, რომელსაც ნგრევამდე მივყავართ, რა ჩაანაცვლებს? იქნება ეს ის მომენტი, როდესაც მოხდება „მე“-ს გარდამტეხი მოდიფიკაცია? მასზე ზეგავლენის მქონე ატრიბუტების შემცირებით, შეძლებს თუ არა „მე” ამ ტანჯვისაგან განთავისუფლებას? იმ ადამიანების თვითმკვლელობა, რომლებიც ამ საზოგადოებამ „შეჭამა“, რას შეიძლება ნიშნავდეს დღევანდელ კონტექსტში? ამგვარი „მარცხის” გარეშე, რას ნიშნავს თვითმკვლელობა? შეიძლება ამგვარად იმ მდგომარეობამდე მივიდეთ, რასაც შეიძლება ვუწოდოთ წმინდა და მეტაფიზიკური თვითმკვლელობა?
სარა გომესი: ის, რაც თქვენს პირველ და მეორე შეკითხვაზე გიპასუხეთ, სასარგებლო იქნება ამ კითხვაზე საპასუხოდაც. ასევე, შეგვიძლია გავაანალიზოთ კონკრეტული ფაქტები, რადგან არ შემიძლია სპეკულირება. ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გავიაზრეთ, რომ ჩვენს ორი წლის ქალიშვილს არ აქვს განვითარებული პირადი საკუთრების შეგრძნება. როდესაც ორმოცდახუთი დღის გახდა, საბავშვო ბაღში (círculo infantil[3]) მივიყვანეთ, სადაც დღეში ათი საათის განმავლობაში იზიარებდა საკვებს, ტანსაცმელს, სათამაშოებს, ტელევიზორს და პერსონალის უშუალო ყურადღებას. ამის გათვითცნობიერება ჩვენთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო, რამდენადაც ჩემი შვილი არ განასხვავებს საკუთარ ბურთს სხვისი ბურთისგან, საკუთარ სკამსა და სხვის სკამს, საკუთარ თეფშს და სხვის თეფშს.
ამ ყველაფერმა დამაფიქრა პირად სამუშაო გამოცდილებაზე პინის კუნძულზე, სადაც მე მესმოდა თუ როგორ ამბობდა ხალხი – „ჩემი ფერმა”, „ჩემი თავშესაფარი”, „ჩემი რძის ქარხანა” და მეტიც, „ჩემი კუნძული”. პინის კუნძულზე, „ახალგაზრდობის კუნძულზე” ისინი არაფრიდან ქმნიან საცხოვრებელ ადგილს.[4] აშენებენ, რგავენ, სრულად პასუხისმგებლები არიან კუნძულზე და, ფაქტობრივად, ფლობენ მას. ხდება თუ არა საკუთრების მნიშვნელობის ტრანსფორმაცია მისი აუცილებლად დაკარგვის გარეშე? არ ვიცი. შესაძლებელია. მე კარგად არ მესმის ეს პრობლემა. და ვაღიარებ, რომ გარკვეული ნივთების ფლობის სურვილი მეუფლება, რაც ხან შვებას მანიჭებს და ხანაც… და სხვა დროს კომპენსაციას მთავაზობს. მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ყველაფერი გვეკუთვნის, რაც ჩვენს ხელთაა, რის ნაწილიც ვართ, რაც ჩვენი ძალისხმევით იქმნება. შესაძლოა, საკუთრების ამ ახალმა, უფრო ფართო გაგებამ შეგვიშალოს ხელი, მივუძღვნათ თავი ძუნწ მფლობელობას, „ნამდვილად გასაოცარი სამოსის ჩაცმას საღამოს წვეულებისთვის“. გასაგებად გადმოგეცით?
ახლა რომ ვიტანჯოთ პირადი საკუთრების ნაკლებობით, თავი წარუმატებლებად ვიგრძნოთ და ამის გამო თვითმკვლელობამდე მივიდეთ, ღიმილის მომგვრელი იქნება, არა? მე გთავაზობთ მტკიცე წინააღმდეგობას ამ წარუმატებლობის მისაღებად. სინამდვილეში, არ მომწონს ეს სიტყვა. და რაც შეეხება „სუფთა და მეტაფიზიკურ” თვითმკვლელობას, ამის არც მესმის და არც მჯერა. ჩვენ ყველანი ვფლობთ რაღაცას, ისიც კი, ვინც არ იცის, ან არ უფიქრია ამ საკითხზე. მშვენიერია, არა?

მარგერიტ დიურასი: კაპიტალისტურ სამყაროში ნუკლეარული ოჯახი არის ის, რაც უბედურებით სავსე სამყაროში გვანუგეშებს. ეს ერთადერთია, რასაც გვთავაზობს. და თქვენთან? შვილების ყოლა, ვინც სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ თქვენი მეურვეობისგან – არის ეს ზოგიერთისთვის გულდასაწყვეტი, თუ პირიქით?
სარა გომესი: ვიცით, რა ბედი ეწია ოჯახს – მის ფასეულობებს სხვები ამცირებენ. ჩემი ოჯახი სხვებთან შედარებით მცირე უმცირესობას წარმოადგენს, იმათგან, რომელთანაც შეხება მქონია. მაგრამ არ ვნებდები; ეს გზა ავირჩიე. თანაც თქვენ ცდებით. ჩემი ქალიშვილი არ გათავისუფლებულა ჩემი მეურვეობისგან. პირიქით, მე ვათვითცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მიბიძგებს წვლილი შევიტანო მის უკეთეს სამყაროში ცხოვრების გზაზე. სოციალური მოვალეობის შესრულებით, ვასრულებ ბიოლოგიურ მოვალეობას.
მარგერიტ დიურასი: რას ფიქრობთ იდეის შესახებ, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს კონფლიქტში მშობლებთან, რათა ადაპტირდეს ამ სამყაროში?
სარა გომესი: ამჯერად, ჩვენ არ შევდივართ კონფლიქტში მშობლებთან, რათა დავიკავოთ მათი ადგილი სამყაროში, არამედ სხვა ადგილს ვეძებთ და რაც მთავარია, სხვა ადგილს ვეძებთ სხვა სამყაროში – ამ სამყაროს საპირისპირო სამყაროში, რადგან მან სასოწარკვეთამდე და ძალადობამდე მიგვიყვანა.
მარგერიტ დიურასი: როგორ შეიცვალა კუბაში ქალების ფუნქციური მოვალეობები? როგორც ჩანს, ქალის ტრადიციული ფუნქცია გაქრობის პირას არის. ქალების ქცევა, ევროპასთან შედარებით, ნაკლებად ქალურია. ეს ილუზიაა?
სარა გომესი: არ ვარ დარწმუნებული, რომ შეკითხვა ზუსტად გავიგე. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ იმ ფუნქციურ მოვალეობებს, რომლებიც პასუხისმგებლობას აკისრებს ქალებს გამრავლების სახით, ვფიქრობ, რომ ისინი არ შეცვლილა; უფრო სწორად, განვითარდა. რაც დრო გადის, ჩვენ ნაკლებად თავაზიანი, ესთეტიკური, სტატიკური, სექსუალური და პასიური ობიექტი ვართ. რევოლუციამ შეგვატაკა ჩვენივე ინტელექტის პასუხისმგებლობასთან, ჩვენი, როგორც მოაზროვნე არსებების ვალდებულებასთან. ქალების შემთხვევაში ეს ცვლილება გამოიხატება ჩვენთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში – ერთგვარ თვითკმარობაში, რომელიც აქამდე არ განგვიცდია. ასე რომ, როცა რაღაცას საკუთარ თავს ვუძღვნით, შეგვიძლია მომთხოვნები ვიყოთ. უფრო მკაფიოდ, ვიდრე ოდესმე, ვათვითცნობიერებთ იმის ზუსტ მნიშვნელობას, თუ რამდენს ვუძღვნით საკუთარ თავს. და ამას გამოვხატავთ ჩვენს ქცევაში, თავისუფლების ახალ განცდაში, რომელსაც, ჩემი აზრით, სიახლე, მომხიბვლელობა და სპონტანურობა შემოაქვს ურთიერთობებში.
მარგერიტ დიურასი: რა ბედი ეწია ადამიანთა განუყოფელი მარტოობის საკითხს, უკეთესობისკენ შეიცვალა თუ უარესობისკენ – ყველაზე უკეთ ხელოვნებაში გამოიხატა; ყველაზე ცუდი ფორმით კი თვითმკვლელობაში?[5]
სარა გომესი: დიახ, მნიშვნელობა შეიცვალა. მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმეა ის, რასაც თქვენ უწოდებთ „განუშორებელი მარტოობის ყველაზე უკეთესი ფორმით გადაჭრის გზას“; ანუ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქცევა, ჩვენი საქმე ჩვენ გვეკუთვნის. მარტო ვდგავართ საკუთარი ისტორიული ცნობიერების წინაშე – ეს სრული პასუხისმგებლობით გვავსებს და ამიტომ გაუცხოების მიზეზი ქრება. ჩვენი შრომა შემოქმედებითია, ჩვენ ვცხოვრობთ იმისთვის, რომ შევქმნათ – შევქმნათ ის, რაც დროის მიღმა იარსებებს, ნებისმიერი შესაძლო ეგზისტენციალური ტანჯვის მიღმა, როგორც ხელოვნება. მკაფიოდ გადმოგეცით?
მარგერიტ დიურასი: შრომა ამჟამად სრულყოფილ კორელაციაშია რევოლუციურ ცნობიერებასთან, რა იქნება მაშინ, როდესაც წარმოების საშუალებების მექანიზაცია მოხდება? რა საქმიანობა ექნება ხალხს?
სარა გომესი: თქვენი შეკითხვა მაკვირვებს და ვერ გიპასუხებთ. ბევრი გადმოგეცით და დავიღალე. ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი. სხვაგვარად არ შემეძლო. მაგრამ ახლა მსურს დავამატო რაღაც ამ შეკითხვასთან დაკავშირებით. პრობლემა, რომელსაც აქ აყენებთ, ჩემი პრობლემა არ არის. დარწმუნებული არ ვარ, იყო თუ არა ეს [ფრანც] ფანონი, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ თითოეული თაობა ვალდებულია გადაჭრას საკუთარი პრობლემები და ადამიანების მანქანებით ჩანაცვლების პრობლემა არაა ის, რაც ჩემს სიცოცხლეში მოხდება. მაგრამ გეტყვით რომ ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა მქონოდა; ეს ნიშნავს, რომ ის პრობლემები, რომელთაც ახლა ვაწყდები, მოგვარდებოდა. და მაინც, მიყვარს ეს დრო. ვგრძნობ თაობის ნამდვილ სიამაყეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ისტორიულ მნიშვნელობაში. მინდა განვმარტო: ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ აქ და ახლა რომ ვცხოვრობ. ადრე მკითხეთ აბსურდულ, ან უსარგებლო ცხოვრების ხარისხზე – არ მახსოვს – ზუსტად არ ვიცი რა გიპასუხეთ, მაგრამ არ მესმის, დამიჯერეთ, არ მესმის ამ შეკითხვის. და თუ ამას დაიჯერებთ, მაპატიებთ, რომ ზუსტად არც თქვენი ნამუშევრების, თქვენი კინოსი მესმის. გულწრფელი ვარ, იმედია მაპატიებთ ამ ბოლო განცხადებას. მე თქვენდამი კეთილგანწყობილი ვარ, დამიჯერეთ, უბრალოდ ვერ ვახერხებ ამ ყველაფრის გაგებას.
წყარო: წიგნიდანThe Cinema of Sara Gómez: Reframing Revolution (New Directions in National Cinemas). Edited by Susan Lord and María Caridad Cumaná with Víctor Fowler Calzada. Indiana University Press (July 6, 2021).
[1] Abd’Allah-Alvarez Ramírez, Sandra. 2008. Sara Gómez: De cierta manera feminista de filmar. Master’s thesis, University of Havana.
[2] ნარკვევი თავდაპირველად გამოქვეყნდა ესპანურად, როგორც Sara Gómez, “Los documentalistas y sus convicciones,” Pensamiento Crítico, no. 42 (July 1970): 92–97.
[3]Círculo infantil არის უფასო საბავშვო ბაღის სისტემა კუბაში, რომელიც იწყება ორმოცდახუთი დღის ასაკიდან. მან კრიტიკული გავლენა მოახდინა ოჯახებზე, საზოგადოებაზე და, განსაკუთრებით, რევოლუციის მშრომელ დედებზე. Círculo შეიქმნა 1961 წელს „კუბელ ქალთა ფედერაციის” პრეზიდენტის, ვილმა ესპინის ხელმძღვანელობით. ეს სოციალური წინსვლა განხილულია უშუალოდ ფილმში Mi aporte (1972).
[4] ლეიდა ოკენდო, ანთროპოლოგი და სარა გომესის ახლო მეგობარი, იყო კომუნისტ ახალგაზრდების ჯგუფში, რომლებიც წავიდნენ პინის კუნძულზე, „იმ განცდით, რომ ჩვენს მიერ განცხორციელებული ექსპრიმენტით, ჩვენ მხრებზე ავიღეთ დიდი ტვირთი – მთელი რევოლუციის მომავალი” (Lord in conversation with Oquendo, Havana, March 2004). ამ წიგნში განხილულია სარა გომესის ტრილოგია კუნძულზე. ასევე, 1967 წელს ჰავანაში ყოფნისას, როგორც ჩანს, თავად დიურასიც გაემგზავრა პინის კუნძულზე.
[5] ესპანურად შეკითხვა ამგვარად ჟღერს: La soledad inalienable del hombre para lo mejor y lo peor…? სარას პასუხიდან და ისტორიული პერიოდიდან გამომდინარე, მნიშვნელობა შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გაუცხოება” ან „მარტოობა”. კუბაში თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ, როგორც რევოლუციამდე, ასევე მის შემდეგ, იხილეთ: Perez, Louis A. Jr. 2005. To Die in Cuba: Suicide and Society. Chapel Hill: University of North Carolina Press.