ავტორი: დავით გალაშვილი

 

ძმები კოენების 1998 წელს გამოსული ფილმი The Big Lebowski, ერთ დროს ანდერგრაუნდ სტატუსის მატარებელი, დღეს უკვე კულტად ქცეული კლასიკაა. დიდი ლებოვსკი არ მიეკუთვნება იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელიც პრემიერის შემდეგ მალევე აიტაცეს, მისი წარმატება უფრო დროთა განმავლობაში, 2000-იანების დასაწყისში მოვიდა. ერთი შეხედვით, ეს არც არის ის სურათი, რომელსაც კლასიკად ქცევის პოტენციალი აქვს, რადგან ფილმში მოთხრობილია ზარმაცი, უმუშევარი ბოულინგის მოთამაშის შესახებ, რომელიც, სრულიად შემთხვევით, გარედან თავსმოხვეული ისტორიის პერსონაჟი ხდება. პროტაგონისტის მიღმა ვხედავთ მის მეგობარს, ვოლტერ სობჩაკს, ვიეტნამის ომის ვეტერანს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებითა და ობსესიებით, პერვერტ კონკურენტს „ჯიზაზს“, არტისტს, რომელიც ლებოვსკის იყენებს ბავშვის ჩასახვისათვის, მდიდარ მილიონერს, ჯეფრი ლებოვსკის, ინფანტილურ მეგობარ დონის, ნიჰილისტების ჯგუფს, პორნო ინდუსტრიის ბოსს და ა.შ. ფილმის პირველად ნახვის შემდეგ ისეთი განცდა ჩნდება, რომ თითქოს ფილმში არც არაფერი მომხდარა, ან მოხდა, მაგრამ მომხდარს რაიმე მიზანი არ გააჩნია. ფილმში ვერ ვხვდებით ვერც გმირების გარდაქმნას, შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური გაგებით აქ ვერ ვნახავთ კვანძის გახსნას, რომელიც ყველა მოვლენასა თუ საგანს გარკვეულ წესრიგში მოაქცევს. სხვა სიტყვებით, ფილმი უბრალოდ დიალოგებისა და ცალკეული სიუჟეტების გროვაა, რომელსაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. საინტერესოა ისიც, რომ რომელიმე სცენის ამოღებით აქ არ შეიცვლება მთელის სტრუქტურა, ფილმში არსებული ნაწილებისა და მთელის  დიალექტიკა იმგვარია, რომ თითქოს მთელი ინდიფერენტულია ნაწილების მიმართ და მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის ორგანული მთლიანობა. შეიძლება ითქვას, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ფილმის ერთი ფრაზით ან მოკლე დახასიათებით აღწერას, მას ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი დაუსხლტება, ან საერთოდაც ვერაფერს გამოთქვამს ფილმის შესახებ. აქ შეუძლებელია მკაცრი სახელდების მოძებნა, გარისკვა და იმის თქმა, თუ რის შესახებაა ფილმი და რის თქმა სურთ მის ავტორებს. პარადოქსულია, მაგრამ ფილმის ერთი ფრაზით ჩაჭერა შეიძლება იმიტომაც იყოს პრობლემური, რომ სიუჟეტი ზედმეტად მარტივია, ერთ-ერთ ინტერვიუში „ჯიგარის“ როლის შემსრულებელი, ჯეფ ბრიჯესი, აცხადებს, რომ სცენარის კითხვისას მან ვერ გაიგო, თუ რის შესახებ იყო ეს ყველაფერი დაწერილი, იმავეს იმეორებენ ვოლტერ სობჩაკისა და დონის როლის შემსრულებლებიც. ძირითადი ხაზი მართლაც ძალიან ტრივიალურია, მთავარი გმირი ჯეფრი ლებოვსკი, იგივე “ჯიგარი”, რომლის ძირითადი საქმიანობა „თეთრი რუსულის“ სმა და ბოულინგის თამაშია უეცარი თავდასხმის მსხვერპლი ხდება. ჯიგარს სახლში ორი თავდამსხმელი ხვდება, რომლებიც მას ფულს სთხოვენ, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ჯიგარის მოწოდებისდა მიუხედავად, ხალიჩაზე შარდავს. საბოლოოდ, ჯიგარი სახლში შემოჭრილებს არწმუნებს, რომ ისინი სხვა ჯეფრი ლებოვსკის ეძებენ. ამ სცენის შემდეგ ვეცნობით ჯიგარის მეგობრებს, ომის ვეტერან ვოლტერ სობჩაკს (ჯონ გუდმანი) და თეოდორ დონალდს, იგივე „დონის“ (სტივ ბუშემი), რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთვება ვოლტერისა და ჯიგარის საუბარში, ყოველთვის თამაშგარეშია, ამ მდგომარეობას ხაზს უსვამს ვოლტერის მიერ დონისთვის ნათქვამი ფრაზაც „You’re out of your element”. ეს სცენა  (He Peed On My Rug Scene) მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ ბევრ რამეს ვიგებთ თვითონ პერსონაჟების შესახებ. დასაწყისში ჯიგარი ვერ ხსნის თუ რა გადახდა თავს: “what’s the point, man?”, კითხვაზე პასუხის გაცემას მხოლოდ ვოლტერი ცდილობს და ჯიგარს ეუბნება, რომ არსებობს სხვა ჯეფრი ლებოვსკი, მილიონერი, რომელიც თავდამსხმელების სავარაუდო სამიზნე გახლდათ და რომელთან წასვლასაც ჯიგარი გადაწყვეტს. ჯიგარს მხოლოდ ერთი მოტივაცია აქვს: ხალიჩა. ჯიგარი მართლაც მიდის ლებოვსკისთან, ითხოვს ახალ ხალიჩას, აქვე ვეცნობით მილიონერი ჯეფრი ლებოვსკის ცოლს, ბონის. თუმცა ეს არ გახლავთ ორი ლებოვსკის საბოლოო გადაკვეთა, მალევე დიდი ლებოვსკი ჯიგარს დახმარებას სთხოვს და ეუბნება, რომ მისი ცოლი, ბონი, სწორედ იმავე ხალხმა გაიტაცა, ვინც ჯიგარის ხალიჩაზე მოშარდა. ხალიჩა ჯიგარისთვის აქაც დამატებითი მოტივაციაა და ის საქმეში ერთვება. მაგრამ სიუჟეტზე აქ მეტს აღარ გავაგრძელებ, ვფიქრობ, რომ ადამიანს, რომელსაც ლებოვსკიზე წერა გადაუწყვეტია ორი არჩევანი აქვს: 1. მიჰყვეს მთავარ ხაზს, ისაუბროს ყველაფერ იმაზე, რაც ფილმშია 2. არ მიჰყვეს ფილმის სიუჟეტურ განვითარებას და თვითონ შეიმუშავოს სტრუქტურა. პირველი გზა რამდენიმე რამის გამოა პრობლემური, პირველ რიგში, ფილმის სტრუქტურა ძალიან ჰგავს „მრავლობითობის“ კონცეფციას, რაც გულისხმობს კომპლექსურ სტრუქტურას, რომელსაც მატოტალიზირებელი, გამამთლიანებელი ცენტრი არ გააჩნია. სხვა სიტყვებით, მრავლობითობები არ არიან უფრო დიდი მთელის ნაწილები, რომლებიც ფრაგმენტირებულნი მთლიანობად გადაქცევას ელიან, ისინი არც ერთი ცენტრალური კონცეპტის მრავლობითი გამოხატულებები არ არიან. მრავლობითობის ხსენებული კონცეფცია გვხვდება მათემატიკოს ჯორჯ რიმანთან, რომლის მიხედვითაც ყოველი სიტუაცია შედგება მრავლობითობისგან, რაც თავის მხრივ, აყალიბებს იმგვარ კრებულს, რომელიც ტოტალობად არ ფორმირდება. ამგვარად, ლებოვსკი მიმოფანტული მრავლობითობების კრებულია, სცენების, რომლებიც, თავის მხრივ, კვლავაც მრავლობითობებად იშლება. შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა აქ არ ვხვდებით ერთ ცენტრალურ წინააღმდეგობრიობას, მაგისტრალურ არსსა და სათქმელს. იმ შემთხვევაში თუკი სიუჟეტურ ხაზს ზუსტად მივყვებით, შესაძლოა თხრობა უსასრულო და უფორმო გამოვიდეს, რადგან თვითონ ფილმიც ფორმის არმქონე ფორმაა. ცხადია თუკი ვეცდებით შეგვიძლია ფილმში არსებული რომელიმე წინააღმდეგობრიობა ცენტრალურად ვაქციოთ და სხვა სპეციფიკური წინააღმდეგობრიობები დაქვემდებარებულის როლში გამოვიყვანოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ფილმში მთავარი და სპეციფიკური წინააღმდეგობრიობები ერთმანეთს ენაცვლება, მაგალითად, ერთ სცენაში შესაძლოა მთავარი წინააღმდეგობრიობის როლს ასრულებდეს ავტორიტეტისა და კონტრკულტურის ურთიერთმიმართება, ხოლო მეორე მომენტში მასკულინობისა და ფემინურობის დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მეორე გზის არჩევა უფრო სწორია, რაც ნიშნავს ყოველი ცალკეული ეპიზოდისა და შედარებით მნიშვნელოვანი პასაჟის ცალკე გამოყოფას, ხოლო რაც შეეხება ამ ცალკეული ეპიზოდების გამამთლიანებელ ხაზს, უნდა ითქვას, რომ თითოეულ სცენას სხვა სცენასთან აკავშირებს ორ მხარეს შორის არსებული დაპირისპირებულობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ლებოვსკის ყველა სცენაში ვხვდებით ორი მეტა-ნარატივის შეჯახებას, თუმცა ეს მეტა-ნარატივები ყოველთვის ცვალებადია და თვითონ ფილმი, მთლიანობაში, ერთ რომელიმე ცალკეულ მეტა-ნარატივს არ მიემართება.

 

  1. ფილმის სიუჟეტი და ჯიგარი

ფილმის  სიუჟეტზე შესავალ ნაწილშიც მქონდა საუბარი, უბრალოდ აქ თანმიმდევრულობის საკითხი ჯიგართან მიმართებით მნიშვნელობს. უკვე ვახსენე, რომ შესაძლოა ფილმს ნებისმიერი სცენა გამოვაკლოთ, მაგალითად, ჯიგარისა და პოლიციელის ეპიზოდი, ან თუნდაც დონის სიკვდილი. ასევე, შესაძლოა, რომ დიალოგების უმეტესობა შევკვეცოთ, მოვიხმობ ისევ He Peed On My Rug Scene-ს, რადგან ეს სცენა კარგად გამოხატავს ზოგადად დიალოგების ნირს ლებოვსკიში:

Walter: This was of value, Donny?

The Dude: My rug.

Walter: Were you listening to the Dude’s story, Donny?

The Dude: Walter?

Donny: What?

Walter: Were you listening to the Dude’s story?

Donny: I was bowling.

Walter: So you have no frame of reference here, Donny. You’re like a child who wanders into the middle of a movie and wants to know–

The Dude: (სათქმელს აწყვეტინებს) Walter, Walter! What’s the point, man?

Walter: There’s no reason. Here’s my point, Dude: there’s no fucking reason why these two–

Donny: Yeah, Walter, what’s your point?

დიალოგის ამ მონაკვეთიდანაც კარგად ჩანს, რომ აქ ვხვდებით ლაყბობას, აზრის გაწყვეტას, უმისამართო ფრაზებს და ა.შ. სინამდვილეში, რამდენიმე წუთიანი საუბრიდან ირკვევა, რომ ვოლტერს სურს ჯიგარს შემდეგი რამ უთხრას: „ვფიქრობ, რომ თავდამსხმელებს შენი ხალიჩა არ აინტერესებდათ და მათი სამიზნე სხვა, მილიონერი ჯეფრი ლებოვსკია.“ ამგვარად, ვოლტერის სათქმელი რამდენიმე წამში ეტევა, მიუხედავად ამისა ვიღებთ უაზრო გაჭიანურებას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, აქ პერსონაჟები ვერ გამოთქვამენ „ლოგოსს“, არამედ უბრალოდ – „ფონეს“, შესაბამისად, ისინი მხოლოდ ხმაურობენ. ასევე, უცნაურია თვითონ მთხრობელის თხრობის მანერაც, ფილმის პირველივე ეპიზოდში მთხრობელი ჯიგარზე შემდეგ რამეს ამბობს:

„Sometimes there’s a man… I won’t say a hero, ’cause, what’s a hero? But sometimes, there’s a man. And I’m talkin’ about the Dude here. But sometimes there’s a man… Sometimes, there’s a man… Wow. Lost my train of thought here.“

დიალოგებისა თუ მთხრობელის მონოლოგების შესახებ საბოლოოდ შეიძლება შემდეგი რამ ითქვას, ისინი ყოველთვის/უმეტესად შუა გზაში წყდება, მთქმელი ხშირად ვერ აყალიბებს აზრს, ან სხვას აწყვეტინებს, ამგვარად საუბარი გამოდის უმიზნო, უმისამართო და აბსურდული. რაც შეეხება თვითონ მთლიანად ფილმს, აქ არ არის რაიმე ტიპის გადაწყვეტა, რეზულტატი. მაგალითად, რა დაემართა ბავშვს, რომელმაც მანქანა მოიპარა? დაიბრუნა ჯიგარმა თავისი ხალიჩა? ან ეყოლება კი მადს ჯიგარისგან შვილი? გადაუხადა ბონმა ჯეკი ტრიჰორნს ვალი? თუ არ გადაუხადა როგორ გაარკვიეს მათ საქმე? ცხადია, ეს ჩამონათვალი არასრულია, ფილმში წამოჭრილი არც ერთი პრობლემა არ არის გადაწყვეტილი, არც ერთ სცენას არ აქვს ლოგიკური დასასრული, ყოველი ეპიზოდი ტოვებს დაუმთავრებლის, უწესრიგოს შთაბეჭდილებას, ან საერთოდ აქვს კი ფილმს რაიმე ლოგიკური ხაზი? ლებოვსკის მაყურებელს, ალბათ, ის ფაქტიც იმედს უცრუებს, რომ მთხრობელის მონოლოგი უფრო მეტად აბუნდოვანებს ისედაც უწესრიგო ვითარებას. თუკი ფილმის სიუჟეტს ჯიგარისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ ხსენებულ უმიზნობას და აბსურდს ვერ ავხსნით. არსებული საკითხები იმიტომ რჩება გადაუწყვეტი, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფილმში შექმნილი პრობლემური ვითარებები ჯიგარისთვის ოდნავადაც არ მნიშვნელობს. ამგვარად, ფილმის აგებულება მთლიანად გამომდინარეობს მისი მთავარი პროტაგონისტისგან, ჯიგარისგან, სწორედ ჯიგარის პიროვნება ხდის ფილმს უმიზნოს და ცენტრს მოკლებულს.

1.1 ჯიგარი- აბსურდის კაცი

ვინ არის ჯიგარი? ამაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია, თუმცა, სულ მცირე, ის წინააღმდეგობრივი  გმირია. შეუძლებელია ჯიგარის ერთი პრიზმიდან მოხელთება, რადგან სხვადასხვა სცენაში ის განსხვავებულ თვისებებს ავლენს, მაგრამ მაინც შეგვიძლია რამდენიმე ვერსიის განხილვა. რთულია ჯიგარის სამყაროსთან მიმართებამ არ გაგვახსენოს ალბერ კამიუს აბსურდის კონცეფცია და მისი პერსონაჟი მერსო. კამიუს აზრით, აბსურდიზმი არის რწმენა, რომ სამყაროში რაიმე საზრისის პოვნა კონფლიქტშია მისსავე უსაზრისობასთან, აქ და ახლა არ არსებობს რაიმე მიზანი და ამ მოცემულობის მიღება, მასთან ჯანყი აბსურდის ადამიანის შემადგენელი ნაწილია. აბსურდის ადამიანად ყოფნა ნიშნავს, რომ გქონდეს სურვილები ზოგადად ყველაფრის შესახებ, მაგრამ არ გსურდეს რაიმე კონრეტული, ჯიგარი სწორედ ამ ფრაზის განსახიერებაა, მერსოს ამერიკული ვარიანტია. ჯიგარი ცხოვრობს პასუხისმგებლობის, სინანულის, ვალდებულებების გარეშე, ის უარყოფს რაიმე სახის საზრისსა და საყოველთაო ჭეშმარიტებას და მთელი სამყარო დაყვანილია ინდივიდუალურ აღქმასა და მოსაზრებამდე. ამ მოცემულობას კარგად გამოხატავს ჯიგარისა და ვოლტერის ჯიზაზთან დიალოგი, როდესაც ეს უკანასკნელი მეგობრებს ემუქრება, ჯიგარი პასუხობს: Yeah, well, that’s just, like, your opinion, man. შეგვიძლია ჯიგარის კამიუს კიდევ ერთ პერსონაჟთან, სიზიფესთან, დაკავშირება. სიზიფე ბერძნული მითოლოგიის ტრაგიკული გმირია, რომელსაც მისჯილი აქვს უზარმაზარი ლოდის ფერდობზე აგორება, ლოდი ყოველ ჯერზე უკანვე გორდება, ხოლო სიზიფეს უწევს თავიდან გაისარჯოს და  რადგან ეს პროცესი დაუსრულებლად მეორდება. ჯიგარი ბოულინგის მოთამაშეა, ისიც ბოულინგის „ლოდს“ აგორებს ლოსანჯელესური კლუბის იატაკზე, თუმცა გარდა ბოულინგის თამაშისა, ჯიგარის ყოველდღიური ცხოვრებაც ყოველგვარ საზრისს არის მოკლებული და ჩანს, რომ ჯიგარი არც ეძებს ამ საზრისს, მას უკვე გაცნობიერებული აქვს საკუთარი ცხოვრების უსაზრისობა და ეს არ ტანჯავს. განსხვავებით ჯიგარისგან, მისი მდიდარი ანტითეზისი, მილიონერი ჯეფრი ლებოვსკი თავისივე ილუზიების ტყვეა. დიდი ლებოვსკი თავისივე სოციალური კაპიტალის მძევალია, ცხადია, ისიც აბსურდული პერსონაჟია, თუმცა ჯიგარისგან განსხვავებით დიდი ლებოვსკი მხდალია და არ შეუძლია სინამდვილეს თვალი გაუსწოროს. განსხვავებით დიდი ლებოვსკისგან, ჯიგარმა იცის, რომ ის დიადი მიზნებისთვის არ შექმნილა, იცის, რომ არ არის და ვერ იქნება გმირი, თუმცა როდესაც მას ბონის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ, ის უკან არ იხევს. ამაზე პასუხი შეიძლება ისიც იყოს, რომ კაცისთვის, რომელიც ხალიჩის გამო დიდ უსიამოვნებაში ეხვევა, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ბონის უკან დაბრუნების ოპერაციაში მონაწილეობასაც, თუ გავიხსენებთ კამიუს მერსოც დაუფიქრებლად მიდის არაბის მკვლელობაზე. რა თქმა უნდა, ჯიგარი ოპერაციაში მონაწილეობას „გულუხვი გასამრჯელოს“ გამო არ თანხმდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი თანხმობა გამოწვეულია სამომავლო შედეგების განჭვრეტაზე უარის თქმით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს ამაზე წასვლით. და როცა დიდი ლებოვსკის დამხმარე, ბრანდტი ჯიგარს ეუბნება, რომ ბონის სიცოცხლე ჯიგარის ხელშია ის პასუხობს: Man don’t say that. ჯიგარი არ არის გმირი, მას არ სჭირდება გმირად გახდომა, ან ყოფნა, არც ის, რომ ვინმეს სიცოცხლე მის ხელთ იყოს, ის მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამ არგუმენტს ამყარებს ოპერაციის სამზადისის სცენაც. ბრანდტი ჯიგარს აფრთხილებს, რომ მკაცრად მიჰყვეს ინსტრუქციებს (ინსტრუქციის თანახმად ბონის გამტაცებლებთან მხოლოდ ჯიგარი უნდა მივიდეს და სასტიკად აკრძალულია თანმხლები პირი), ჯიგარი თავდაპირველად თანახმაა, თუმცა როდესაც ვოლტერი ეტყვის, რომ მას აქვს გეგმა და მისი გეგმით უნდა იმოქმედონ, ჯიგარი პასიურად ეთანხმება ვოლტერს, მიუხედავად მიცემული პირობისა, ის გადაწყვეტს, დაჰყვეს სობჩაკის გეგმას და ერთის მაგივრად ოპერაციაზე ორნი წავიდნენ. აქაც იგივე მოცემულობას ვხედავთ, ჯიგარისთვის არც აქ აქვს მნიშვნელობა შედეგს. საგულისხმოა ისიც, რომ მთელს ამ ავანტიურას ჯიგარი მხოლოდ იმ მიზეზით წამოიწყებს, რომ ხალიჩა, რომელიც ოთახის მთლიანობას განაპირობებდა, თავდამსხმელებმა შელახეს, არც აქ ვხვდებით რაიმე შორსმიმავალ საზრისს ან მიზანს. ხალიჩა უბრალოდ ჯიგარის ოთახის მთლიანობას განაპირობებდა, ამიტომ ჯიგარს ახალი ხალიჩა სურს.

ჯიგარის პიროვნების საილუსტრაციოდ მისი პირადი სივრცის აღწერაც აუცილებელია. ის საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, თვალში მოგვხვდება ავეჯისა და ფუფუნების საგნების სიმწირე, ჯიგარს მხოლოდ ის ნივთები აქვს სახლში, რომელიც მას ყოველდღიურობაში გამოადგება. ცხადია, ეს ფაქტორი იმაზეც მიანიშნებს, რომ ჯიგარი დიამეტრულად საპირისპიროა კონსუმერი ადამიანისა, რომელიც ფლობის მანიით არის გატაცებული. როდესაც თავდამსხმელები ჯიგარს პირად საკუთრებას ულახავენ ის ამაზე არ დარდობს, ის არც ამ ვითარების აბსურდულობაზე ნერვიულობს, გამონაკლისი მხოლოდ ხალიჩაა. როდესაც მძარცველები სახლს ტოვებენ, ჯიგარი მშვიდად ზის თავის უნიტაზზე, მას არ აქვს ზედმეტი კითხვები თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს, დარწმუნებულია, რომ ვიღაცაში შეეშალათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რათა კითხვები დასვას, ჯიგარმა იცის, რომ ცხოვრება აბსურდულია და რომ საზრისის ძებნა უსაზრისობაში ნაცრისფერზე ნაცრისფერით ხატვაა.

 

1.2 ჯიგარი, ეპიკურე და აუმღვრევლობა

ბევრგან შევხვდებით მოსაზრებას, რომ ჯიგარი სტოიკოსია, რომ მას სტოიკური ეთიკა აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯიგარის ერთ პრიზმაში მოხელთება სახიფათოა და ყოველთვის ვხვდებით საფრთხეს, რომ ჯიგარი წინასწარგანზრახულ თეორიას მოერგოს და არა – პირიქით. ჩემი აზრით, შესაძლოა ჯიგართან დავინახოთ სტოიკური ასპექტებიც, მაგრამ მისი სტოიკოსად შერაცხვა არასწორია. ჯიგარი უფრო ეპიკურეანელია. ფილოსოფიის ისტორიაში აღიარებული ფაქტია, რომ ეს ორი სკოლა, სტოიციზმი და ეპიკურანიზმი, მოქიშპე მსოფლმხედველობებია, მაშ როგორ არის შესაძლებელი ჯიგარის ორივე პრიზმის მეშვეობით რეცეფცია? პირველ რიგში, ვეცდები ამ ორ სკოლას შორის განსხვავებებს გავუსვა ხაზი: სტოიციზმის დასახასიათებლად აუცილებელია პარალელის გავლება მის მოქიშპე სკოლასთან ეპიკურეანიზმთან, რომლის მიხედვითაც ადამიანის მთავარი მიზანი არის „სხეულის“ ტანჯვათაგან დახსნა და სიამოვნების განცდა. ინდივიდი მიმართული უნდა იყოს თავისი სიამოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ. ეპიკურეანელთა მოძღვრების მიხედვით, ადამიანმა უნდა მიაღწიოს აუმღვრევლობის მდგომარეობას, ეს არის სხეულის მდგომაროება, როდესაც ის განძარცვულია ყოველგვარი ტანჯვისგან. ტანჯვისგან თავის დახსნა კი ადამიანს, მხოლოდ სურვილისაგან ასკეზით, განდგომით ძალუძს. ეს კონცეფცია გულისხმობს ნდომის შეზღუდვას,  იმ სურვილების ნიველირებას, რომელიც არააუცილებელ და არაბუნებრივ საგნებს მიემართება. ეპიკურეანელთა მიზანია, ასევე, სიკვდილისა და ღმერთის შიშისგან განთავისუფლება, მათი აზრით, შიში საფრთხეს უქმნის ადამიანის აუმღვრეველ, ჰარმონიულ მდგომარეობას. განსხვავებით ეპიკურეანელთა ფუნდამენტური არჩევანისა, როგორც ფრანგი ფილოსოფოსი, პიერ ადო, წერს, სტოიკოსთა ფუნდამენტური არჩევანი სოკრატულია. სტოიკოსებს სჯერათ, რომ ადამიანი არა სხეულებრივი აუმღვრევლობისა და სიამისაკენ უნდა მიისწრაფოდეს, არამედ -სიკეთისაკენ, რომელიც გონების მიერ ნაკარნახებია. თუმცა განსხვავებით პლატონისა და სოკრატესაგან, სტოიკოსების შეხედულებით, სიკეთის წვდომა სხეულებრივ სიცოცხლეშია შესაძლებელი.  სტოიკოსები აცნობიერებენ, რომ ადამიანთა ცხოვრება ბედისწერის  მიერ არის წარმართული. მათი აზრით, ადამიანების ცხოვრება სულაც არ არის სრულებით ინდივიდებზე დამოკიდებული და ცალკეულის ცხოვრებას კოსმიური აუცილებლობა წარმართავს, რომელიც ინდიფერენტულია ცალკეული ადამიანის გრძნობებისა და მისწრაფებების მიმართ. შესაბამისად, ჩვენ დაუცველნი ვართ ცხოვრებისეული ქარტეხილების წინაშე, რომელიც პირუთვნელად და წარბშეუხრელად უნდა ვიტვირთოთ.  სტოიკოსების აზრით, მხოლოდ ერთი რამ არის ჩვენზე, ადამიანებზე დამოკიდებული: ნება სიკეთის ქმნისა და გონებასთან თანხმობაში ყოფნისა.“  შესაბამისად, ჩვენი ნებელობა უძლურია კოსმიური აუცილებლობის, სამყაროული კანონზომიერების წინაშე, ჩვენზე მხოლოდ ჩვენივე მორალური სრულყოფაა დამოკიდებული.

მართალია ჯიგარი არ ებრძვის ბედისწერას, მეტიც ის იმდენად პასიურია, რომ თვითონ ფილმში მომხდარი ისტორია მიდის მასთან და არა – პირიქით, სხვა სიტყვებით, ჯიგარი შეგუებულია ბედისწერას. საგულისხმოა, ის არაფერს აკეთებს, რადგან რაიმე არ დარჩეს გასაკეთებელი, თუმცა ეს  არ ნიშნავს, რომ ჯიგარი სტოიკოსია, ბედს შეგუებულობა არ ნიშნავს სტოიკოსობას, ეს ასპექტი მხოლოდ სტოიციზმისთვის დამახასიათებელი არ არის. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჯიგარის მიერ მის გარშემო მომხდარ მოვლენებზე კონტროლის აღების უხალისობა შესაძლოა ჯიგარის პიროვნების სტოიკურ შემადგენელზე მიუთითებდეს. თუმცა, ჩემი აზრით, პირიქით, ჯიგარი უფრო ეპიკურეანელია, ის არის მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მცირედითაც კმაყოფილდება, არ აქვს თვითდესტრუქციული სურვილები, არ ილტვის ფლობისკენ, კმაყოფილდება იმით, რასაც უკვე მიაღწია, ცხოვრობს საკუთარ თავთან ჰარმონიასა და აუმღვრევლობაში. ჯიგარი ვერ გამოდგება იმის სასწავლად, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას კაპიტალისტურ სამყაროში, პირიქით, ჯიგარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი ლუზერობით. ჯიგარი ცხოვრობს და ამ ცხოვრების პატარ-პატარა ასპექტებიდან და დეტალებიდან იღებს სიამოვნებას. მას სიამოვნებს მოსაწევი, თეთრი რუსული, ბოულინგი, თუმცა ჯიგარს სულაც არ ანაღვლებს მორალური სრულყოფა, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი სოციალური კონსტრუქტია, რომელსაც ჯიგარისთვის არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. ჯიგარს არც მაშინ სურს ჰარმონიულობისა და აუმღვრევლობის მდგომარეობის დარღვევა, როდესაც ვოლტერ სობჩაკი მათ ერთ-ერთ კონკურენტს, სმოკის, იარაღს შუბლზე ადებს. ჯიგარი ვოლტერს მოუწოდებს, რომ დამშვიდდეს, მას პოლიციასთან საქმის დაჭერის სურვილი არ აქვს, მაგრამ ეს ეპიზოდი (Smokey scene) იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აქ კარგად არის გამოხატული ზოგადად ჯიგარის მიმართება სამყაროსთან: just take it easy, man. ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ჯიგარი ეპიკურესთან იმეგობრებდა და არა ზენონთან.

 

 

  1. ძალაუფლება და კონტრკულტურა, პოლიტიკური ალეგორიები

ლებოვსკი სხვა გზავნილებთან ერთად, უხვად შეიცავს პოლიტიკურ საზრისებსაც, მართალია აქაც რთულია თითოეული პერსონაჟი მეცნიერული რიგორით რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას მოვარგოთ, მაგრამ „პოლიტიკური კომპასი“ ლებოვსკიში დაახლოებით ასეთია:

ჯიგარი – მემარცხენე ლიბერტარიანელი.

დიდი ლებოვსკი – ხარბი კაპიტალიზმი.

მადი (დიდი ლებოვსკის შვილი) – ლიბერალური ცენტრიზმი (ალბათ, არჩევნებში დემოკრატებს შემოხაზავდა).

ჯიზაზი- კორუმპირებული კათოლიციზმის სიმბოლო.

ვოლტერ სობჩაკი – ნეოკონსერვატორი, ამერიკული იმპერიალიზმის სახე ფილმში/

დავიწყოთ ჯიგარით. ცხადია, ფილმში არ ვხვდებით ჯიგარის მიერ წარმოთქმულ მემარცხენე ლოზუნგებს, ის აქ არც სოციალისტურ რევოლუციაზე საუბრობს და არც  კომუნიზმზე, თუმცა რამდენიმე სცენიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯიგარს მემარცხენე დოქტრინის მიმართ გარკვეული სიმპათიები აქვს. მადთან სცენაში(The Dude & Maude scene), ის ჯიგარს სთხოვს მის შესახებ რაიმე მოჰყვეს, ჯიგარი ამბობს, რომ მოსაყოლი ბევრი არაფერია, თუმცა იხსენებს ახალგაზრდობის პერიოდს, როდესაც ჩართული იყო „პორტ ჰურონის მანიფესტის“ წერაში, ოღონდ იქვე აღნიშნავს, რომ ის პირველი ვერსიის თანაავტორია და არა მეორე, კომპრომისული ვარიანტის. „პორტ ჰურონის მანიფესტი“ გახლავთ აშშ-ს სოციალური და პოლიტიკური სისტემის საკმაოდ ბასრი კრიტიკა. ტექსტში საუბარია შტატების საგარეო პოლიტიკის შესახებ, ავტორები საერთაშორისო მშვიდობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას ითხოვენ. ასევე, ტექსტში საუბარია ამერიკული ფორმალური დემოკრატიის ნაკლოვანებებზე. ერთი სიტყვით, მანიფესტი მოითხოვს უფრო ეგალიტარიანულ საზოგადოებას და გარკვეული სახის პირდაპირ დემოკრატიას. აგრეთვე, ჯიგარი მადს ეუბნება, რომ ის „სიეტლის შვიდეულის“ წევრი გახლდათ, რომელიც ცნობილია, როგორც რადიკალური ანტისაომარი მოძრაობა. ჯიგარის მიმართება შეირაღებულ კონფლიქტთან და მისი პაციფისტური განწყობები სმოკის სცენაშიც გვხვდება. როდესაც სობჩაკი და ჯიგარი ბოულინგის კლუბს ტოვებენ, ეს უკანასკნელი ვოლტერს ეუბნება, რომ სმოკი მასსავით პაციფისტია, ამაზე სობჩაკი მიუგებს, რომ ერთ დროს ისიც ირგებდა პაციფისტის როლს, თუმცა ვიეტნამი გამონაკლისია. ჯიგარის პოლიტიკური ხედვები გამოსჭვივის მის პირად საკუთრებასთან დამოკიდებულებაშიც. როგორც ჩანს, თავდამსხმელები მარტივად იჭრებიან ჯიგარის სახლში, ხოლო დაუპატიჟებელი სტუმრების სახლიდან გაყრის მცდელობა მეტად სასაცილო და უსუსურია. შეიძლება ითქვას, რომ ჯიგარი ყოველგვარი ძალადობის გამოყენების წინააღმდეგია, მაშინაც კი, როდესაც მას თავს ესხმიან. მაგალითად, თუკი გავიხსენებთ ნიჰილისტებთან შეხვედრის ეპიზოდს (Fight scene) ჯიგარი ყოველგვარი ხერხით ცდილობს ფიზიკური კონფლიქტი აიცილოს და როდესაც ნიჰილისტები მეგობრებს ფულის წართმევას უპირებენ, ჯიგარი დაუნანებლად იმეტებს საფულეში არსებულ ოთხ დოლარს. ამ ორი სცენიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიუხედავად ლებოვსკის მემარცხენე შეხედულებებისა, მას არ მოეწონებოდა ავტორიტარული და ძალადობრივი მეთოდები საკუთარი იდეალების განხორციელების პროცესში. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესოა ბოულინგის კლუბში შემდგარი საუბარი ჯიგარსა და ვოლტერს შორის(Life does not stop and start at your convenience scene), ჯიგარი ვოლტერს ეუბნება, რომ შესაძლოა დიდი ლებოვსკის ცოლმა თვითონვე გაითამაშა გატაცების სცენა, რათა თავის ქმარს ფული დასცინცლოს, ამ არგუმენტის გასამყარებლად ჯიგარი იხსენებს ვ.ი ლენინის ერთ-ერთ ტექსტს:[1]

The Dude: It’s like what Lenin said…you look for the person who will benefit, and, uh, uh…

Donny: I am the walrus.

ეს მომენტი იმაზე მიანიშნებს, რომ ჯიგარი თავის დროზე ეცნობოდა მარქსისტულ ლიტერატურას და შეუძლია კლასიკური ტექსტები მოარგოს გარშემო არსებულ სოციალურ, თუ ყოფით მოვლენებს. ამ ეპიზოდში ისიც საგულისხმოა, რომ სობჩაკი, რომელიც, ჩემი აზრით, ფილმში იმპერიალიზმის სიმბოლოა, საკმაოდ ცხარდება ლენინის ხსენებით და მას მერე, რაც დონის ლენინი ლენონში ერევა, ვოლტერი გაცხარებული ღრიალებს: “V. I. Lenin–Vladimir Ilyich Ulyanov!”

ჯიგარისაგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟია დიდი ლებოვსკი. როდესაც ჯიგარი დიდ ლებოვსკისთან პირველად მიდის, მას ბრანდტი (დიდი ლებოვსკის ასისტენტი) ერთ-ერთ ოთახში კედელზე დაკიდებულ ფოტოებს ათვალიერებინებს. ამ ფოტოებში იკვეთება დიდი ლებოვსკის სწრაფვა მაღალი კლასის საზოგადოებასთან შერწყმის, მისი სურვილი, რომ წარმოადგენდეს ავტორიტეტულ, ძალაუფლებით აღვსილ პიროვნებას. აქვე ვიგებთ, რომ დიდი ლებოვსკი თავის დროზე მდიდარ ქალზე დაქორწინდა, რაც უფრო ამძაფრებს ხსენებულ შთაბეჭდილებას. დიდი ლებოვსკი ტრაბახობს იმით, რასაც მიაღწია, თავს იწონებს მისი სიქველეებით, თუმცა ფილმის მსვლელობისას ვიგებთ, რომ სინამდვილეში ის ჩვეულებრივი თაღლითია და საქველმოქმედო ფონდიდან ფულს იპარავს. დიდ ლებოვსკის ყოველთვის აქვს სურვილი სხვა ადამიანებზე დომინაციის, მეორე მხრივ, ის კაპიტალისტური ეკონომიკური წესრიგის კარიკატურული სახეც არის. ჯიგართან შეხვედრისას ის თავიდანვე ამბობს, რომ ძალზედ დაკავებული კაცია და სხვაც სწორედ ასე წარმოუდგენია, ის ჯიგარს ეკითხება დასაქმებული თუა, სცენის ბოლოს კი შემდეგ რამეს ამბობს:

Your revolution is over, Mr. Lebowski… The bums lost! My advice to you is to do what your parents did! Get a job, sir!

ეს ფრაზები საკმაოდ მრავლის მეტყველია, სცენაში (I’m the Dude Scene) რეჟისორები გვაჩვენებენ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ წინააღმდეგობრიობებსა და დაძაბულობებს. დიდი ლებოვსკი არსებული წესრიგის, სტატუს-კვოს მხარეს დგას, ის ვერ იტანს მისგან განსხვავებულ ადამიანს, ისეთს, როგორიც ჯიგარია, რადგან მისთვის ეს უკანასკნელი საფრთხეა. ჯიგარი გარკვეული დისკომფორტია არსებული სოციალური და ეკონომიკური წყობისთვის, რომელმაც მისი შესრუტვა ვერ მოახერხა. ჯიგარი სამუშაო დღეებში არასამუშაო უნიფორმით გადაადგილდება, რასაც დიდი ლებოვსკი გაცხარებით აღნიშნავს, ის ხვდება, რომ ჯიგარი უგულებელყოფს არსებულ სოციალურ იერარქიას, ძალაუფლებრივ მიმართებებს და წესრიგს, რომელსაც თვითონვე წარმოადგენს. სამსახურის პოვნისაკენ მოწოდება სინამდვილეში ნიშნავს წესრიგთან ზავის დადებისაკენ მოწოდებას, სწორედ იმას, რაც წინა თაობებმა გააკეთეს. რაც შეეხება ჯიგარს, მას არ მოსწონს, როდესაც დიდი ლებოვსკი ოფიციალურად მიმართავს: Mr. Lebowski! ჯიგარი მილიონერ ანტითეზისს პასუხობს:

I am not Mr. Lebowski. You are Mr. Lebowski. I’m the Dude, so that’s what you call me.

დიდი ლებოვსკი ცდილობს, ჯიგარი თავის სიმბოლურ წესრიგში შემოიყვანოს, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაავრცელებს ის თავის ძალაუფლებას დაუპატიჟებელ სტუმარზე. ჯიგარი კი, თავის მხრივ, არ აღიარებს დიდი ლებოვსკის ავტორიტეტს, ის სრულიად უარყოფს მას და ახვედრებს, რომ არსებული ძალაუფლებრივი ველიდან ამორთულია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დიდ ლებოვსკის ყველაფერი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე დაჰყავს. ცხადია, მას პირდაპირი ბრალი არ მიუძღვის ჯიგარის ხალიჩაზე მოშარდვაში, მაგრამ მისი პასუხი, რომ თუკი თვითონ მას არ მოუშარდავს ხალიჩაზე, მაშინ ის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მიანიშნებს არსებული წეს-წყობის სახეზე. კაპიტალისტურ, ატომიზირებულ საზოგადოებაში არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნება, აქ მხოლოდ პირდაპირ, შიშველ მიზეზშედეგობრიობას ვხვდებით და „ცხადია, მე თუ არ მომიშარდავს შენს ხალიჩაზე, ე.ი ბრალიც არ მიმიძღვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცოლთან კავშირშია.“

დიდი ლებოვსკის მიერ ჯიგარისთვის ნათქვამი ფრაზა, რომ მათი რევოლუცია უკვე დამთავრდა, რომ უსაქმურები დამარცხდნენ ცხადია არ მიემართება მხოლოდ ჯიგარს და არც ჯიგარის იმჟამინდელ სოციალურ სტატუს (უსაქმურში აქ არ იგულისხმება უმუშევარი). დიდი ლებოვსკი აქ ზოგადად 60-იანელების თაობაზე საუბრობს. როგორც უკვე ზევით ვახსენე, ჯიგარი მემარცხენე მოძრაობის წევრი გახლდათ და წარმოადგენდა იმ ტალღას, რომელიც ახალი მემარცხენეობის სახელით არის ცნობილი. ახალი მემარცხენეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იყო ინდუსტრიული მუშათა კლასისგან მზერის სხვა სოციალურ ჯგუფებზე გადატანა და მათი რევოლუციურ სუბიექტად მონათვლა. ახალი მემარცხენეობის ყველაზე მძლავრი თეორეტიკოსის, ჰერბერტ მარკუზეს აზრით, მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებში ინდუსტრიული მუშათა კლასი უკვე სისტემასთან ინტეგრირებულია, ამიტომ ახალი რევოლუციური სუბიექტი ე.წ „აუტსაიდერებში“ უნდა ვეძიოთ. ჯიგარი სწორედ ასეთი აუტსაიდერია, ის არ არის კორპორატიული კაპიტალიზმის მუშაკი, რომელიც არსებული სისტემისთვის ყოველთვის „საყვარელი ბავშვის“ როლშია. ჯიგარს არაფერი აქვს დასაკარგი, მას არ აქვს რაიმე მყარი სოციალური სტატუსი და სისტემის თვალთახედვით ნამდვილი „უსაქმურია.“ ლებოვსკი თავისი ფრაზით სწორედ „აუტსაიდერების“ სოციალურ მოძრაობას მიემართება, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ანტისაომარ, ანტიიმპერიალისტურ, ანტიკოლონიალისტურ მოძრაობებში  და სამართლიანადაც აღნიშნავს, რომ ისინი დამარცხდნენ, თუმცა განსხვავებით სხვებისგან, ჯიგარი ამ დამარცხებამ სულაც არ აიძულა, მათნაირი გამხდარიყო, როგორადაც სხვა ბევრი გარდაიქმნა 60-იანების შემდეგ (ვგულისხმობ პროცესს, როდესაც სისტემის მოწინააღმდეგენი მასობრივად გახდნენ ამ სისტემის შემოქმედები 60-იანები წლების შემდეგ).

საინტერესოა მადი ლებოვსკის პერსონაჟიც (დიდი ლებოვსკის შვილი, არტისტი). მადი უბრალოდ ბურჟუა ლიბერალია, რომელიც მამას კონსერვატორული შეხედულების გამო ამუნათებს, მაგრამ უარს არ ამბობს არც მის კაპიტალსა და არც მის გავლენებზე. ერთი შეხედვით, მადი პროგრესული, ემანსიპირებულია ქალია, რომელიც პარალელურად ხელოვნებით არის დაკავებული, თუმცა, მეორე მხრივ, მადი განასახიერებს ლიბერალური პოლიტიკის ყალბ ხასიათს. საბოლოოდ, მადი სულაც არ არის დიდ ლებოვსკიზე უკეთესი, რადგან ისიც არსებული სოციალური წესრიგის შენარჩუნების მხარეს დგას. თუკი უფრო შორსაც წავალთ და მადს დღევანდელ პირველ სამყაროს შევადარებთ, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯიგარი მესამე სამყაროს წარმომადგენელია, რომელსაც მადი თავისი მიზნების მისაღწევად ექსპლუატირებს.

რაც შეეხება ჯიზაზს, ის კორუმპირებული კათოლიციზმის სურათ-ხატია. ვოლტერ სობჩაკის საუბრიდან ვხვდებით, რომ ჯიზაზი შემჩნეულია არასრულწლოვნების სექსუალურ შევიწროებაში, აქ პირდაპირი ხაზგასმაა კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ სექსუალურ სკანდალებზე.

მნიშვნელოვანია ვოლტერ სობჩაკის პერსონაჟიც. სობჩაკი გამოირჩევა იმით, რომ ყველას საქმეში აგრესიულად ერევა, მისთვის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ძალადობაზე გადის. სობჩაკი სიმპათიებს გამოთქვამს თეოდორ ჰერცლის მისამართითაც, რომელიც თანამედროვე პოლიტიკური სიონიზმის მამაა. საგულისხმოა ისიც, რომ სობჩაკი ყოველ საკითხს ვიეტნამის ომთან აკავშირებს და ყოველთვის ამაყობს საომარ მოქმედებებში თავისი წვლილით. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ფილმში 1990 წელია, რა დროსაც სპარსეთის ყურის ომი მიმდინარეობდა. სობჩაკი ამ ომსაც ეხმიანება და  ამბობს:

look at our current situation with that camel-fucker in Iraq.

ხოლო ერაყელებს ასე მოიხსენიებს:

what we have here, a bunch of fig-eaters, wearing towels on their heads tryin’ to find reverse on a Soviet tank. This, this is not a worthy fucking adversary.

დიდი ლებოვსკის მსგავსად, ვოლტერ სობჩაკიც წესრიგის მხარეს მდგარი პერსონაჟია, თუმცა სობჩაკის წესრიგი მილიტარისტული ელემენტებით გამდიდრებულია. სობჩაკი ვერ იტანს, როდესაც მის გარშემო ქაოტური ვითარება სუფევს, როდესაც ის კონტროლს ვერ იღებს იმაზე, რაც მის თავს ხდება. მაგალითად, ნიჰილისტებთან ჩხუბის ეპიზოდში, განსხვავებით ჯიგარისგან და დონისგან, სობჩაკისთვის მიუღებელია თუნდაც 4 დოლარი დათმოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრისთვის. ის სრულიად უსარგებლო ჩხუბს იწყებს, რასაც დონის სიკვდილი მოსდევს.  სობჩაკი შუბლზე ადებს იარაღს სმოკის იმის გამო, რომ ის ბოულინგის თამაშის დროს ხაზს გადასცდა და ამას იმით ხსნის, რომ ვინმემ წესრიგი უნდა დაიცვას. საგულისხმოა ისიც, რომ სობჩაკის აზრით, ნიჰილისტურ მსოფლხედვას ნაცისტური დოქტრინაც კი სჯობს. ამას თავისი ახსნა აქვს, სობჩაკის სამყაროში ყველა კითხვა დაკმაყოფილებულია, სობჩაკი ვერ იტანს ქაოსს და ცდილობს, რომ ყველაფერი მის გარშემო არსებული ყველა მოვლენა წესებს დაუქვემდებაროს. თუმცა ამასთან ერთად სობჩაკი ხარბია და არც ადამიანის სიცოცხლეს დაეძებს, როდესაც საქმე ფულს ეხება. მაგალითად, ბონის დაბრუნების ოპერაციაში სობჩაკი გამტაცებლებს ფულის ნაცვლად თავისი საცვლებით სავსე ჩემოდანს ესვრის, მიუხედავად ჯიგარის შეგონებისა, რომ ამას შესაძლოა ბონის სიკვდილი მოჰყვეს. ერთი სიტყვით, სობჩაკი გამოხატავს იმპერიალისტური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას და ამ სახელმწიფოების მიმართებას მეზობელ თუ სხვა სახელმწიფოებთან.

ერთი სიტყვით, ჯიგარის გარდა სხვა ყველა პერსონაჟი არსებული ისტებლიშმენტის შემადგენელი ნაწილია. ცხადია, მათგან ზოგიერთი უფრო მეტ გულისწყრომას და ზიზღს იმსახურებს, თუმცა საბოლოო ჯამში ფილმში მხოლოდ ჯიგარია ის, ვისაც არსებული სისტემის მიმართ რაიმე სიმპათია არ გააჩნია.

 

  1. შეჯამება

როგორც უკვე აღვნიშნე, ფილმი არ მთავრდება რაიმე პოზიტიური რეზულტატით, არც რომელიმე გმირი გარდაქმნილა სიუჟეტის განვითარებისას და არც რაიმე გამოკვეთილი გზავნილი მისულა ლოგიკურ დასასრულამდე. აქ უბრალოდ მსურს ბოლო ეპიზოდში(closing scene) მთხრობელის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე შევჩერდე, სადაც განსხვავებით მთხრობელის პირველი მონოლოგისგან, უფრო ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ჯიგარის მიმართ. მთხრობელს მოსწონს ჯიგარი, თითქოს მისთვის ცხოვრება უფრო ასატანი ხდება, როდესაც იქ, სადმე ახლოს ჯიგარია და მიუხედავად დონის სიკვდილისა, მთხრობელი პატარა ლებოვსკიზე (მადისა და ჯიგარის მომავალ შვილზე) ამყარებს იმედს. პატარა ლებოვსკი თითქოს არ აძლევს მას პესიმიზმის საფუძველს, მადისა და ჯიგარის მომავალი შვილის ხსენება იქნებ იმითაც არის გამოწვეული, რომ კორუმპირებულ, სიხარბისგან შერყვნილ, მომხმარებლურ საზოგადოებაში უფრო მეტი ჯიგარი გვჭირდება, იქნებ მართლაც მხოლოდ ჯიგარის მსგავსი ადამიანები გვაგრძნობინებენ, რომ ადამიანური საჭიროებები არ გადის მხოლოდ ფულზე, ძალაუფლების დემონსტრირებაზე, ძალადობასა და ჩაგვრაზე?

ჩემი აზრით, თვითონ ჯიგარი წარმოადგენს იმაზე მეტს, რასაც ხშირად ფილოსოფიური ტექსტები ცდილობენ ხოლმე რომ გვითხრან, თვითონ ჯიგარის ცხოვრების გზა არის ტექსტი, რომელიც უნდა წავიკითხოთ და გავიაზროთ. ჯიგარი წარმოადგენს ანტიკურ ფილოსოფიურ იდეალს, როდესაც მავანის ცხოვრების გზა და სამყაროსთან მისი თეორიული მიმართება ერთმანეთს ემთხვევა. ფილმის დასასრული შეიძლება ითქვას, რომ მართლაც სტოიკურია, რადგან აქ არ ვხვდებით არანაირ  ტრიუმფს ან მარცხს, არც კვანძის გახსნას, რომელიც ყველაფერს ახსნის და ადგილს უჩენს. თუკი ვინმე შემეკითხებოდა მაინც რა არის ამ ფილმის სათქმელი, ალბათ ასე ვუპასუხებდი: ალბათ, ჩვენ ყველას მეტი ჯიგარი გვჭირდება ჩვენს ირგვლივ, ვიღაც, ვინც უარყოფს უშუალოდ მოცემულსა და შემოთავაზებულს, ვიღაც ვინც არ ფიქრობს, რომ რაც ხდება ნორმალურია და ვიღაც, ვინც უბრალოდ ცხოვრობს, the dude abides…

 

[1] https://www.marxists.org/archive/lenin/works/1913/apr/11.htm

Close Menu