თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
ნამდვილად არ ვიცი, რატომ ვერ მოახერხეს სხვა ხელოვნებაში 1970-იანი წლების პოლონეთის ცხადად აღწერა[i]. ლიტერატურაშიც ვერ იპოვიდი სათანადო აღწერას, ლიტერატურის წერა კი, უფრო მარტივია ვიდრე ფილმის გადაღება. ლიტერატურას ცენზურა ისე არ ეხებოდა, როგორც კინოს, თუმცა, რომელიმე ავტორს ან წიგნს მაინც გადასწვდებოდნენ ხოლმე. და მაინც, 70-იანი წლების პოლონეთი ყველაზე ზუსტად მაინც კინომ აღწერა. 70-იანების ბოლოს მივხვდი, რომ ამგვარი აღწერის მეთოდები ჩიხში შევიდა და გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
ამგვარი ფიქრების ნაკადის შედეგია შემთხვევა, ფილმი, რომელიც არა გარე, არამედ შინაგან სამყაროს აღწერს. ესაა აღწერილობა იმგვარი ძალაუფლებებისა, რომლებიც ერევიან ჩვენს ბედისწერას, გვკარნახობენ, რომელ გზას დავადგეთ.
მიმაჩნია, ფუნდამენტური ხარვეზები, როგორც ყოველთვის, სცენარშია. იდეა დღესაც მდიდარი და საინტერესოა, თუმცა, ვფიქრობ, სათანადო განვითარება არ მიეცა სამი შესაძლო დასასრულის იდეას — რომ ყოველდღე არჩევანის წინაშე ვდგავართ, რომელმაც შესაძლოა მთელი ჩვენი ცხოვრება დაასრულოს ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდეთ. სინამდვილეში, არასდროს ვიცით, რას გვიმზადებს ბედისწერა; რა სიურპრიზს გვიმზადებს ის. ბედისწერა იმ თვალსაზრისით, რომ ესაა ადგილი, რომელშიც ვიმყოფებით, სოციალური ჯგუფი, რომელსაც მივეკუთვნებით, კარიერა ან საქმიანობა, რომელსაც ვეწევით. ემოციურ სპექტრში, გაცილებით თავისუფლები ვართ. სოციალურ სფეროში კი, შემთხვევას უდიდესი გავლენა აქვს; არის რაღაცები, რაც უბრალოდ უნდა ვაკეთოთ, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. ეს გენებია, რა თქმა უნდა. ამგვარმა ფიქრებმა დამატყვევა როდესაც ვიღებდი შემთხვევას.
მთავარი გმირი, ვიტეკი, სამივე შემთხვევაში ღირსეულად იქცევა, მაშინაც კი, როცა კომუნისტურ პარტიაში წევრიანდება. გარკვეულ მომენტში, როცა ხვდება, რომ შესაძლოა მასზე მანიპულირებდნენ და სიტუაცია აიძულებს, ნაძირალასავით მოიქცეს, აჯანყდება და ღირსებას არ დაკარგავს.
მესამე დასასრული, ჩემთან ყველაზე ახლოა — რომელშიც თვითმფრინავი ფეთქდება — რადგან, ასე თუ ისე, ესაა ყველას ბედისწერა. არ აქვს მნიშვნელობა, მოხდება ეს თვითმფრინავში თუ საწოლში.
გადაღებები არც ისე კარგად მიდიოდა. დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი უკვე გადაღებული მქონდა. მონტაჟის დროს მივხვდი, რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდი. არ მაკმაყოფილებდა არც სტილი, არც სამი დასასრულის იდეის შესაძლო გამოხატვა. ყველაფერი მექანიკურს ჰგავდა. თითქოს, ეს დასასრულები უბრალოდ დანამატი იყო და არ ქმნიდა ორგანულ მთლიანობას. შევწყვიტე გადაღებები და ორი-სამი თვე დავისვენე. შემდეგ, ნახევარი მასალა ხელახლა გადავიღე, დამატებით დარჩენილი ოცი პროცენტი. შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ხშირად ვმუშაობდი ასე — და ახლაც მომწონს ასე მუშაობა — ერთ მომენტში ვწყვეტ გადაღებას, საკუთარ თავს თავისუფლებას ვაძლევ, რათა სამონტაჟო ოთახში შევამოწმო, როგორ ეწყობიან განსხვავებული ელემენტები ერთმანეთს. აქ, დასავლეთში, ამ მეთოდით მუშაობა რთულია, რადგან ყოველი პროექტის უკან დიდი ფულია და საშინლად რთულია ამ ფულით ოპერირება. მაშინ, პოლონეთში ეს მარტივი იყო, ფული არავის ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც უნდა გაგეთვალისწინებინა, რომ ფილმი ზედმეტად ძვირი ან ექსტრავაგანტური არ გამოსულიყო. ამ მხრივ, ყოველთვის ფრთხილად ვიყავი. მაგრამ ფულით ოპერირება შეიძლება. შეგიძლია მართო პროცესი. და ამას, ხშირად ვაკეთებდი კიდეც.
წყარო: Kieślowski on Kieślowski, edited by Danusia Stok (London: Faber & Faber, 1993)
კშიშტოფ კიშლოვსკი (1941 – 1996) იყო გავლენიანი კინორეჟისორი და სცენარისტი, რომელმაც კინემატოგრაფიული თხრობის შესაძლებლობები ხელახლა განსაზღვრა. პოლონური დოკუმენტური კინოს ტრადიციიდან ამოზრდილმა, სახელი გაითქვა ყოველდღიურ ცხოვრებაზე გამჭოლი დაკვირვებით. მოგვიანებით, მხატვრული ფილმების გადაღება დაიწყო. ბედისწერა, შემთხვევითობა, მორალური გაურკვევლობა მისი ფილმების მთავარ თემად იქცა. საერთაშორისო აღიარება მოუტანა სატელევიზიო ფილმმა დეკალოგი (1989) და მხატვრულმა ფილმებმა, ვერონიკას ორმაგი ცხოვრება და სამი ფერის ტრილოგიამ (1993 – 1994). მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო: კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი (1988), FIPRESCI-ის პრიზი (1988, 1991), ეკუმენური ჟიურის პრიზი (1991); ვენეციის კინოფესტივალის FIPRESCI-ის პრიზი (1989), ოქროს ლომი (1993) და OCIC-ის პრიზი (1993); ბერლინის კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი (1994). 1995 წელს, კიშლოვსკი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში.
[i] ეს ტექსტი, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნდა წიგნში კიშლოვსკი კიშლოვსკის შესახებ, დანუსია სტოკის შესწორებებით (London: Faber & Faber, 1993), გვთავაზობს კშიშტოფ კიშლოვსკის ფიქრებს ფილმზე, შემთხვევა, კონცეპტუალურად მის ერთ-ერთ ამბიციურ ადრეულ პროექტზე. ფილმი გადაღებულია 1981 წელს, თუმცა ცენზურის გამო, 1987 წლამდე არ გამოსულა. ავტორი სამი შესაძლო დასასრულის საშუალებით, ბედისწერის და შემთხვევითობის თემებს უღრმავდება. მთავარი გმირი, ვიტეკი (ბოგუსლავ ლინდა), ერთი სიტუაციიდან გამომდინარე, სამ, სრულიად განსხვავებულ გზას გადის: ის, ან ჩაჯდება მატარებელში, ან დააგვიანდება, ანდაც მგზავრობა გადაიდება. თითოეული სიუჟეტი მას სხვადასხვა პოლიტიკურ გზამდე მიიყვანს; პირველ შემთხვევაში ის, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი ხდება, შემდეგ „მიწისქვეშა“ დისიდენტი, დაბოლოს აპოლიტიკური ექიმი. ეს ფილმი გარდამტეხი სურათია კიშლოვსკის შემოქმედებაში, გარდამავალი ნამუშევარი, რომელიც დოკუმენტური რეალიზმიდან უფრო მეტად ფილოსოფიურ და მეტაფიზიკურ საკითხებზე გადასვლას მიანიშნებს, მოხაზავს რა კონტურებს მომავალში გადაღებული ფილმების: სამი ფერის ტრილოგიის და ვერონიკას ორმაგი ცხოვრება (1991).