თარგმანი: გიორგი ჯავახიშვილი
ანტუან დ’აგატამ ცნობადობა მოიპოვა პირქუში ისტორიებით სუბსტანციური დამოკიდებულებებისა და მანკიერებების შესახებ. მისი შემოქმედებების შესახებ იმდენი ანალიტიკური ტექსტია გამოქვეყნებული, რომ გადავწყვიტეთ, მასთან სასაუბროდ გაგვეგზავნა ადამიანი, რომელსაც ფოტოგრაფიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მარსელელი ყასბის შვილი, 14 წლის ასაკში, მქადაგებლის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა, საბოლოოდ, პანკი და ანარქისტი გახდა. მან მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, მიიღო ნარკოტიკები და გარკვეული პერიოდი ციხეში გაატარა. 29 წლის ასაკში, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ფოტოგრაფიით დაკავდა. სწავლობდა ლარი კლარკისა[1] და ნან გოლდინისგან[2]. დღესდღეობით, დ’აგატა გავლენიანი ევროპელი ფოტოგრაფი და Magnum Photos სააგენტოს წევრია, რომელიც კვლავაც აგრძელებს ადამიანის უბნელესი მხარეების გამოკვლევას.
წელს[3], ანტუან დ’აგატა Bird in Flight Prize-ის ჟიურის წევრი გახლდათ. კიევში დაჯილდოების ცერემონიალზე და შერჩეული პროექტების გამოფენის გახსნაზე ჩავიდა. გამოფენის ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც არც ისე ბევრი რამ იცოდა ფოტოგრაფიის შესახებ, ვთხოვეთ, გასაუბრებოდა დ’აგატას და ისიც დაგვთანხმდა. გოგონა, რომელიც გაგვეცნო როგორც ნასტია, ფოტოგრაფის საქმიანობას შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაეცნო და რამდენიმე კითხვაც მოამზადა.
პირველი კითხვა, რომელიც გამიჩნდა, ისაა, თუ რატომ არის თქვენი ფოტოების უმეტესობა ბუნდოვანი/გადღაბნილი (blurred)? მაგალითად, დღის განმავლობაში, ვუგზავნი ხოლმე ფოტოებს ჩემს შეყვარებულსა და ოჯახის წევრებს და ხანდახან ხელები მიკანკალებს, ამიტომ გადღაბნილი ფოტოების დიდი არქივი მაქვს. მეგონა, რომ ეს ფოტოსურათები გამოუსადეგარია, რადგან ნათლად არ ჩანს საგანი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ სახელგანთქმული ფოტოგრაფი იმავე ტექნიკას იყენებს. რატომ იყენებ ამგვარ ტექნიკას, შენც გიკანკალებს ხელები?
ერთადერთი ტექნიკა, რომელსაც ვიყენებ, ცხოვრების განცდის, სამყაროში საკუთარი პოზიციის შექმნისა და ამ პოზიციის მიღების ტექნიკაა, ჟესტებითა და მოქმედებებით ცხოვრების მეთოდია, რათა არ ვიყო მაყურებელი და არც მომხმარებელი. გადაღების ტექნიკურ მხარეს არ ვაქცევ დიდ ყურადღებას, უფრო მეტად იმაზე ვარ კონცენტრირებული, როგორ შევქმნა საკუთარი არსებობა და დავუპირისპირდე იმას, რისიც ყველაზე მეტად მეშინია – ესაა პროცესი, რომელშიც ვარ ჩართული.
ეს ნიშნავს, რომ ფოტოების გადაღების გეშინიათ, ამიტომაა თქვენი ფოტოები ბუნდოვანი?
არა. მაშინ ვიღებ ფოტოებს, როდესაც რაიმეს მიმართ შიში მაქვს, ან ვნება. ფოტოსურათების გადაღების არ მეშინია. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, გადავიღო ფოკუსირებული ფოტოები ქაოსის ან იმ სიცარიელის შესახებ, რომლის წინაშეც აღმოვჩნდები.
თქვენი პირველი ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტში ვიპოვე, ავტოპორტრეტია. რატომ არის ისიც ბუნდოვანი? ვფიქრობ, საკუთარი თავი მაინც უნდა მოექცეს ფოკუსში და დააინტერესოს ხალხი და არა პირიქით. სიმართლე გითხრათ, ეს ცოტათი უსიამოვნოა.
შეიძლება უსიამოვნოც ვარ… თუ ასე მხედავთ… შესაძლოა ეს გრძნობა იმიტომ გაგიჩნდათ, რომ ფოტო სიბნელეშია გადაღებული, დაბალ სიჩქარეზე. გადაღებისას თვალებს ვახამხამებდი. ჩემთვის დროის ეს მონაკვეთ საინტერესოა, რადგან მაყურებელს აძლევს საშუალებას, დაინახოს ჩემი შინაგანი და, ამავდროულად, გარეგანი „მე“. მაგრამ, ჰო, ეს ყველაფერი ამ ფოტოსურათს საშინელი განცდით აღჭურავს.
უმეტესობა ფოტოსურათებისა შავ-თეთრია. ამას რაიმე მიზეზი აქვს?
არა. როდესაც გადაღება დავიწყე, ფერადი ფირი საკმაოდ ძვირი ღირდა, მე კი მუდამ ვცვლი ფოტოფირებსა და კამერებს. ყოველთვის ვცდილობ, გამოვიყენო კამერა, რომელსაც არ ვიცნობ და რომელიც თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებს.არ მსურს შედეგის გაკონტროლება, არ მინდა ზედმეტად ჭკვიანი ვიყო. არ ვცდილობ, ფოტოგრაფიის მეშვეობით პასუხები ვიპოვო. ვცდილობ, კითხვები დავსვა.
ჩემი მეგობარი ბიჭიც ჩართულია ფირის ფოტოგრაფიაში და მისთვის საუკეთესო კამერას ვეძებ. გაქვთ საყვარელი კამერა, რომელსაც მირჩევდით?
ფეტიშისტი არ ვარ.
კარგით. ტექნიკურ საკითხებზე გადავიდეთ. ცნობილი ხელოვანების რამდენიმე ბიოგრაფია წავიკითხე და ყველა მათგანი მათი ბავშვობიდან იწყება. როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
ყასბის შვილი ვარ, მეთევზეების ოჯახიდან. გავიზარდე სიცილიურ ოჯახში, მარსელში (საფრანგეთი) – ნარკოტიკებით სავსე ქალაქში. თოთხმეტისა, ვფიქრობდი, მღვდელი გავმხდარიყავი, თექვსმეტისა ანარქისტი და პანკი ვიყავი. ჩემი განზრახვა ყოველთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას მიემართებოდა, რათა რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი რეალურ ცხოვრებასთან, მის ყველაზე ბნელ კუთხეებთან.
როგორ გახდით ფოტოგრაფი? „რეალური ცხოვრების“ აღბეჭდვის სურვილი გქონდათ?
ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი დრო მანამ იყო, სანამ ფოტოგრაფი გავხდებოდი. 15 წლის განმავლობაში, ვმოგზაურობდი მსოფლიოს ირგვლივ, ვცხოვრობდი ლაპარაკის, წერისა და ფოტოგრაფიის გარეშე. შემდეგ კი, ფოტოგრაფია კომპრომისად იქცა.
და ფინანსური კუთხით როგორ ცხოვრობდით? რას აკეთებდით ამ პერიოდში?
ჰო… ეს გარემოებებზე იყო დამოკიდებული; ხანდახან ცუდ, უკანონო რამეებს ვაკეთებდი, ხანდახან არ ვაკეთებდი იმგვარ რაღაცებს, რასაც ხელშესახებს ან არსებითს უწოდებდით; ვიღებდი ნარკოტიკებს, მიყვარდებოდა მეძავები, ყოველთვის იმ ქვეყნებში, სადაც ერთგვარი სოციალური ბრძოლა მიმდინარეობდა.
ოდესმე ციხეში მოხვედრილხართ?
დიახ, რამდენიმეჯერ, მაგრამ ყოველთვის მოკლე დროით.
და ახლა რას საქმიანობთ? სად ცხოვრობთ?
ბოლო წლებია მაქვს პატარა, 20 კვადრატული მეტრი ოთახი არლში (საფრანგეთი), ერთგვარი ბაზა, მაგრამ არასდროს ვარ იქ. ვფიქრობ, მოძრაობაში ვიქნები, სანამ ეს ფიზიკურად შემიძლია.
ბოდიშს გიხდით პირდაპირი შეკითხვისთვის, მაგრამ ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი ხართ, რატომ არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის ბინა არლში?
გაკოტრებული ვარ… არ მაქვს საკმარისი თანხა, რომ შევიძინო ან ვიქირაო სახლი. ეკონომიკურად, ვფიქრობ, სწორია ასე, ერთგვარ კიდეზე ცხოვრება. ნაკლები შანსია, დაიკარგო.
როგორ ირჩენთ თავს, როგორც ფოტოგრაფი?
ხანდახან ნამუშევრებს ვყიდი, ხანდახან წიგნს ვაკეთებ. ზოგჯერ მიხდიან, რომ გამოფენა გავაკეთო. მე მხოლოდ იმდენი მჭირდება, რომ ცხოვრება განვაგრძო, არ მჭირდება და არც მსურს ფულის დაზოგვა. ჩემი ეკონომიკური იდეები ჟორჟ ბატაისგან[4] იღებს სათავეს, ამიტომ, ის ხარჯვას, ფლანგვასა და მსხვერპლს მოითხოვს.
შეგიძლიათ, მითხრათ, რა არის თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?
მე ვხარჯავ, რასაც გამოვიმუშავებ. ვცდილობ მივიღო ის, რაც შემდეგი ნაბიჯებისთვისაა საჭირო. არანაირი წესები, არანაირი ლოგიკა. თუ მაქვს ხოლმე საკმარისი ფული, რათა გავაგრძელო მუშაობა, ვწყვეტ კომპრომისებზე წასვლას; ვწყვეტ გამოფენებს, გაყიდვებს. როცა ვიჭედები, ისევ ვყიდი ნამუშევრებს, ვასწავლი და ა. შ. თუ ცხოვრების გაგრძელება შემიძლია, კვლავ გავურბივარ კომპრომისებს. ფოტოების გადაღებაც კომპრომისია, მაგრამ ეს პროცესი საშუალებას მაძლევს ვუჩვენო დანარჩენ სამყაროს, სად ვდგავარ. მთავარი არა ფოტოგრაფია, არამედ ისაა, თუ როგორ გადავწყვიტე, ფერფლად მექცია ჩემი ცხოვრება და პოლიტიკური პოზიცია.
აღნიშნეთ, რომ ფოტოგრაფიას ასწავლით. გვითხარით, სად?
სემინარებს ვატარებ. ესაა გზა, რომლითაც ვაგრძელებ მოძრაობას.
როგორ ირჩევთ იმ ადგილებს, რომლის მონახულებაც გსურთ?
მომწონს იმ ადგილებში ხეტიალი, რომელსაც არ ვიცნობ. მომწონს დაკარგულ მდგომარეობაში ყოფნა, შიშის განცდა, გამოწვევები.
და ახლა, როგორც ვხვდები, ბევრს მოგზაურობთ, არა? მაგალითად, იმ ინდუსტრიაში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, ბევრს ვმოგზაურობთ და ადგილებს ვირჩევთ იმ მიმოხილვების საფუძველზე, რომლებიც TripAdviser ან booking.com-ზე იდება. ასე რომ, იქნებ რეკომენდაცია გაუწიოთ რომელიმე აპლიკაციას, რომელსაც იყენებთ, რათა უკეთ გაეცნოთ უცნობ სივრცეებს.
არასდროს ვაკეთებ კვლევას წინასწარ, არც კი ვკითხულობ ამ ტიპის მიმოხილვებს ინტერნეტში. არასდროს ვიკვლევ ადგილს, სანამ იქ არ ჩავალ. იგივეა ურთიერთობებისა და ფიზიკური სივრცეების შემთხვევაში – მომწონს ადგილებსა და სიტუაციებში სპონტანურად მოხვედრა. არაფერს ვგეგმავ, უბრალოდ თავს ვაყენებ იქ, სადაც ყველაზე მეტად მეშინია ყოფნა, ან სადაც ყოფნის „შიმშილი“ მაქვს.
არასდროს იყენებთ ახალ ტექნოლოგიებს? იქნებ, ეს დაგეხმაროთ ცხოვრებაში? არანაირ აპლიკაციას არ იყენებთ?
არა, მხოლოდ მეილი და WhatsApp.
რას ფიქრობთ გლობალურ მომავალზე ტექნოლოგიური თვალსაზრისით?
ძალიან საშიშია. ვფიქრობ, თანამედროვე ტექნოლოგიები იქმნება იმისთვის, რომ მანიპულირება მოხდეს ადამიანებზე – რათა იქცნენ ტვინგამორეცხილ მომხმარებლებად, რომ ყველა მათგანს შეეძლოს მუშაობა იმგვარად, როგორც მათგან მოელიან. ახალი ტექნოლოგიები ანესთეზიის მსგავსად მუშაობენ. ყოველდღე ვხედავ, თავიანთი მოწყობილობების მონად ქცეულ ადამიანებს, იმის მაგივრად, რომ პირიქით იყოს. ეს ყველა ინსტრუმენტი იქმნება იმისთვის, რომ ადამიანები უფრო ფუნქციონალური და რაც შეიძლება პასიური იყვნენ.
გგონიათ, რომ ახალი ტექნოლოგიები დაღუპავს მსოფლიოს?
შედეგები არ ვიცი, მაგრამ ეკონომიკური ლოგიკის სიყალბის გამო უკვე კოშმარში ვცხოვრობთ. რაღაც მომენტში, ყველა ტექნოლოგია წყობიდან გამოვა. ვცდილობ, მაქსიმალურად ავირიდო კონტაქტი ტექნოლოგიებთან და ჩემით მივიღო გადაწყვეტილებები, ვცდილობ, ვიყო ავტონომიური, და არ მჭირდება ჩემი ქმედებები მხარდაჭერილი იყოს მანქანა-დანადგარებით ან გამომუშავებული მსგავსი, საერთო ჩვევებით.
და რობოტებზე რას იტყვით, როგორც ტექნოლოგიური პროგრესის გამოხატულებაზე?
რობოტების არა, რაღაცნაირად, უფრო ხალხის მეშინია. მაგრამ არ ვითვალისწინებ ამ შიშს, ვცდილობ ვიყო ისეთივე ემპათიური და მყიფე, როგორიც ახალგაზრდობაში ვიყავი; მინდა, ახლოს ვიყო ჩემს იდეალებთან, იდეოლოგიებთან და ემოციებთან; და სწორედ ამიტომ ვიკვლევ კაცობრიობის ბნელ მხარეებს.
მაგრამ ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ რობოტების ბნელი მხარე, არა? ჩემი აზრით, რობოტები ახალი ტექნოლოგიებისა და ადამიანური სილამაზის იდეალური ნაზავს წარმოადგენენ. მაგალითად, ჩემმა კოლეგებმა შეიძინეს რობოტები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ახალი თაობის სილამაზის კერპს, კიმ კარდაშიანს. რას ფიქრობთ ამაზე?
გამიგია ეგ სახელი, რომელიც ახსენე, შესაძლოა ფოტოც მინახავს.
შემიძლია სხვაც გიჩვენოთ…
იყოს, არ მინდა სხვა ფოტოს ნახვა.
თქვენი ტიპაჟის გოგო არაა?
არაა ჩემი ტიპის ადამიანი. ჩემთვის ადამიანები არ არიან კონკრეტული ტიპის, არამედ არსებობს კონკრეტული ადამიანები და სიტუაციები. იერარქიების წინააღმდეგი ვარ. მიჭირს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც წესებს ბრმად იღებს. განსხვავებულ სივრცეებსა და ადგილებს ვეძებ – დაკარგულობა მეხმარება სხვებთან კომუნიკაციაში.
თქვენს ფოტოებში ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით გოგოები. დაგითვლიათ, რამდენი გოგო გყავთ გადაღებული?
საუბარია არა ციფრებზე, არამედ თავმოყრაზე, იძულებაზე, ძალისხმევაზე, ფლანგვაზე და არა წარმოებაზე. ყოველ ჯერზე, როდესაც გოგოს ვიღებ, მას ვკარგავ.
საკუთარი თავი დაგიკარგავთ?
იმისათვის, რომ ცხოვრების ბნელ მხარეს დარჩე, ყოველთვის უნდა დაკარგო თავი.
წყარო: birdinflight.com
[1] ამერიკელი კინორეჟისორი და ფოტოგრაფი. ავტორია ფილმების: ბავშვები, კენ პარკი და სხვ.;
[2] ამერიკელი ფოტოგრაფი, ავტორი ნამუშევრისა ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე;
[3] ინტერვიუ 2019 წელსაა გამოქვეყნებული;
[4] ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ხელოვნების თეორეტიკოსი და მწერალი;