ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

ამერიკის კინოაკადემია ყოველთვის ლიბერალური ისტაბლიშმენტის კულტურული აგენტი გახლდათ, თუმცა წელს, ჰოლივუდი თითქოს პერსონალურად იხდის ბოდიშს ტრამპის გამო, იმ დაპირებით რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ამასთანავე, ცდილობს, ჯერ-არ-დასრულებული კოვიდ-ისტერიისთვის გარკვეული ნაკადის შერჩევას.

 

კინოაკადემია მრავალგვარი მიღწევების გამო არიგებს ჯილდოებს, თუმცა ცენტრალური რბოლა მაინც საუკეთესო სურათის ტიტულის მოსაპოვებლად იმართება ხოლმე, რომელიც რვა სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგება და აკადემიის, მაშასადამე გაბატონებული ლიბერალური ნარატივების, ერთსულოვნებას ასახავს. წლევანდელი სელექცია განსაკუთრებით უჩვეულოა, რადგან არც ბლოკბასტერები, არც მიუზიკლები, და არც სამეცნიერო ფანტასტიკა არ მოხვედრილა სიაში. პოპულარული ჟანრების გარეთ დარჩენის მიზეზი, ალბათ ისაა რომ მათ 2020 წელს, რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლეს. თავის მხრივ, ჰოლივუდი დრეკადი სხეულია და მისი რიტორიკები ყოველთვის კაპიტალის მიმოქცევის რეჟიმზეა აგებული, ამიტომ გვიანი კაპიტალისტური ლოგიკის მიხედვით, აუცილებელია მოხდეს აწმყოს ისტორიზაცია, თანამედროვე მოვლენების წარსულში ან სულ სხვა ფრონტზე გადაფასება.

წლევანდელ ოსკარს განსაზღვრავს ორი მთავარი თემა – კორონავირუსული იზოლაციით გამოწვეული ტრავმა და სისტემური ჩაგვრის დასრულების პირობა. 26 თებერვალს, ერთ-ერთმა მემარცხენე პლატფორმამ, Left Voice-მა ფეისბუქზე გამოაქვეყნა კარიკატურა, სადაც ამერიკულ ბომბდამშენზე ოთხი პრეზიდენტის (ბუში, ობამა, ტრამპი, ბაიდენი) სხვადასხვა საარჩევნო და ზოგად იდეოლოგიური ლოზუნგებია აღბეჭდილი. რამდენიმე დღეში, ფეისბუქმა, ეს fake news-ად მონათლა და ბოლოს გაირკვა, რომ ამ ოთხ პრეზიდენტში, მხოლოდ ტრამპი ყოფილა ის, ვისი მმართველობის ქვეშაც არ განხორციელებულა საჰაერო თავდასხმები. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, ბაიდენის ადმინისტრაცია მართლა უსამართლობის აღსაკვეთად გაერთიანებული პოლიტიკური დანაყოფია თუ მათი მხარდაჭერა უმცირესობების მიმართ, მხოლოდ ამ ჯგუფების ისტაბლიშმენტის სამსახურში ჩაყენებას ნიშნავს? ამაზე პასუხს, თავად ოსკარების სელექციაც კი გვცემს.

 

კოვიდ-რეგულაციებით გამოწვეული განცალკევება რთულად ასატანია

მსოფლიოში, კოვიდ-19-ის პოლიტიკის დიალექტიკა შეგვიძლია შევადაროთ რაინერ ვერნერ ფასბინდერის კლასიკას, „ვერონიკა ფოსს“ (1982), სადაც სამედიცინო წარმომადგენლები, ყოფილი კინოვარკვლავისა და ნარკოდამოკიდებული ვერონიკა ფოსის ცხოვრებით მანიპულირებენ, თავისი პროფესიული თუ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც პირველმა სამყარომ უკვე მოახდინა თავისი, თითქმის ნახევარი მოსახლეობის იმუნიზაცია, მეორე და მესამე სამყაროს ბედი კვლავ ბუნდოვნებაშია გაყინული, და ამის ფონზე, მსოფლიოს განვითარებული ნაწილი ჰიბრიდულ ცივ ომს აჩაღებს რუსულსა თუ ჩინურ ვაქცინებთან.

გლობალურმა პანდემიამ, პირველ რიგში, გაჭირვებულ ხალხს დაარტყა, სოციალური უსაფრთხოების არმქონე ადამიანებს, ვისი რეალობაც უამრავ გარეგან მოვლენაზეა გამობმული. სწორედ ამას აქცევს ცენტრში ფლორიან ცელერის „მამა,“ შემაცბუნებელი სურათი მოხუც, საშუალო მაღალი კლასის ლონდონელ კაცზე, რომელსაც მენტალური უკმარისობა ტანჯავს. ის, სხვადასხვა დროით განზომილებებში იღვიძებს, და გაუცხოებულია თავისი ქალიშვილის, მომვლელისა თუ სიძის სახეებთან; დაქვეითებული მეხსიერებით; ერთ დღეს იმის გაანალიზებით რომ ვიღაცის სახლში ცხოვრობს, მეორე დღეს კი საკუთარი თავის საავადმყოფოში აღმოჩენით, და იძულებულია დაეთანხმოს რეალობის ამ აბსურდულობას. მომხიბვლელია ამ სურათის წაკითხვა, როგორც მეტაფორისა უქონელთა კლასის შესახებ, ვისაც რეალობა, კორონას დროს უფრო მძაფრად, წამდაუწუმ ეცლება ხელიდან, ერთ დღეს გამოცხადებული კომენდანტის საათით, თუ მეორე დღეს სხვადასხვა ავტორიტეტების მხირდან ვირუსის რეალური არსებობის უარყოფით. სურათის ნორმატიული ხედვა კი მოხუცებული ბურჟუა კაცის დრამა გახლავთ, მაგრამ მაინც იზოლურებულის. „მეტალის ხმა“ კიდევ ერთი ალეგორიაა, უფრო მკაფიო სოციალური კომენტირებით. ის მოგვითხრობს მუსიკოსზე, ვისი ცხოვრებაც იზოლირებული ხდება მოულოდნელი დაავადების გამო. სიუჟეტით მოვლენილი თავსატეხი კი უბიძგებს მაყურებელს რომ ეს სასოწარკვეთილი სიტუაცია, სადაც სამყარო აღმოჩნდა, არათუ წყევლა, არამედ მადლია. ეს არის დისკურსი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა შევეგუოთ ჩაგვრას, არათუ ვებრძოლოთ. აზიური-ოჯახი-სახლდება-ამერიკულ-მიწაზე კლიშეებით შეფუთული „მინარი“ გვიყვება გადარჩენისთვის მებრძოლ იზოლირებულ ჯგუფზე და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეალების აპოთეოზით მთლიანდება.

ამერიკის კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წლევანდელი სელექცია გამორჩეულად აქცენტირებს სოციალურ კონფლიქტებს. ერთი შეხედვით, არცთუ ისე დამახასიათებელია ოსკარებისთვის სოციალური დრამების შერჩევა, თუმცა დემოკრატებისა და გასართობი ინდუსტრიის სრული ერთხმოვანობის გათვალისწინებით, უკვე ნათელი ეფინება სელექციის დისკურსულობის ლოგიკას. არჩევნებში, ჯო ბაიდენის გამარჯვება, დიდად იყო განპირობებული სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკით: საათში 15 დოლარიანი მინიმალური ხელფასის დაპირებითა თუ ბერნი სანდერსის მხარდაჭერით. ახლა კი, მის დისფუნქციურ ქმედებებს კრეატიული კლასისგან სჭირდება გამართლება. ბაიდენის არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად, მხოლოდ იმის გათვალისწინებაც კი კმარა, რომ მინიმალური ხელფასის გაზრდამდე, მან იმპერიალისტური ომი განაახლა სირიაში. იმპერიული ინტერესები კი მკაფიოდ არის გამოკვეთილი საერთაშორისო სრულმეტრაჟიან ფილმში, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, „საით მიდიხარ, აიდა?“ რაც ავტონომიურად, მშვენიერი ფილმია, რომელიც გლობალური მილიტარისტული ორგანიზაციების უუნარობას შეეხება, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ისეთ იმპერიულ დანაყოფებს, როგორიცაა ნატო თუ გაერო, მეტად ჩარევისკენ მოუწოდებს. ეს საუბრობს ჰოლივუდის არსებობის უმთავრეს მიზეზზე, ოცნებების ქარხანის, რომელიც ჰეგემონიის ბოროტებების გადასაფარად რეალობებს თავისთვის სასიკეთო ჩარჩოებს არგებს.

მართალია, ქლოე ჟაოს „ნომადლედი,“ აგრეთვე იზოლირებული ხალხის დისკურსის გაგრძელებაა, მაგრამ მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელობანია ამ ნატიფი პორტრეტის ხილვა, მომთაბარე ფერნის (ფრენსის მაკდორმარდი) შესახებ, რომელიც ამერიკის დასავლეთით მოგზაურობს თავისი სახლ-ფურგონით. ბევრი დებატებია შეერთებულ შტატებში პოლარიზაციის შესახებ, რომელიც ძირითადად დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს უკავშირდება, თუმცა ჟაო პოლარიზაციის არსებით და რეალურ ფიგურას გამოსახავს, რადგან გვიჩვენებს 2008 წლის ეკონომიკური კოლაფსის შედეგად განძარცვულ პერსონაჟს, რომელიც იმ ეკონომიკური იმპერიისთვის, ამაზონისთვის, მუშაობს, რომლის მფლობელმაც, თავისი ქონება არამხოლოდ ამაზონით, არამედ, საფონდო ბირჟაზე, ეკონომიკური მანიპულაციებითაც გაბერა. „ნომადლენდი,“ ჰორიზონტების განსაცვიფრებელი აღწერით არის სტრუქტურირებული. ფერნის საკუთრებას მხოლოდ ფურგონი წარმოადგენს, მიკრო სამყარო, რომელიც სხვადასხვა სოციალურ, სეზონურ, ეკონომუკურ თუ გეოგრაფიულ უთანასწორობებთან ცდილობს ადაპტირებას. მისი გადაადგილება ჰორიზონტებზე, ამერიკული ოცნების ორგვარობაზე საუბრობს, რადგან როდესაც გლობალური პანდემიის პერიოდში, მუშათა კლასმა დაკარგა იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე, ამერიკელმა მილიარდერებმა იშოვეს იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე. თუ ამერიკული ოცნების კონცეფცია გულისხმობს ვერტიკალურ გადაადგილებას ეკონომიკურ კიბეზე, ჟაოს ხაზგასმა ჰორიზონტებში გადაადგილებაზე, აღნიშნას რომ ეს ოცნება სრული სისულელეა! რომ არსებობს ორი ამერიკული ოცნება, ერთი – ფერნის, რაც გულისხმობს მოგზაურობას, შემეცნებას, ახალი ხალხის გაცნობასა თუ დეტალებით ტკბობას, ხოლო მეორე – ბეზოს-მასკის, რომელთა მიზნებიც ინტერპლანეტარულია, მათი ამერიკული ოცნება ახალი ამერიკის დაფუძნებაა დედამიწის გარეთ.

                                                              Nomadland (2020), Chloe Zhao

 

ტრამპისგან გამოჯანმრთელება

დევიდ ფინჩერის „მანკით,“ 2020 წელს, ორსონ უელსის სახელგანთქმული „მოქალაქე კეინის“ (1941) აქტუალიზაცია, არაფერია გარდა ირიბი მინიშნებისა დონალდ ტრამპზე. იუთუბ ვიდეოზე, სადაც ტრამპი უელსის შედევრს განიხილავს, გვხვდება ტოპ-კომენტარი, რომ „ეს ისეთივე მოვლენაა, პატრიკ ბეიტმენი რომ განიხილავდეს ამერიკელ ფსიქოპათს.“ აბსოლუტურად! თუ „მოქალაქე კეინი“ წარმოადგენს ალუზიას მე-20 საუკუნის რამდენიმე ამერიკელი მაგნატის შესახებ, „მანკი“ ცდილობს 21-ე საუკუნის ოდიოზური მილიარდერების, უმთავრესად კი ტრამპის, განჭვრეტას. იდენტობის პოლიტიკების სისტემური უარყოფა, ტრამპიზმის ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომია, ამიტომ გვევლინება „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი,“ რომელიც აღწერს თეთრი ჰეტერო მამაკაცის უპირატესობების სისასტიკეებს, თუმცა იმის დავიწყებით რომ ეს (იდენტობის) პოლიტიკები კლასობრივი კონფლიქტებიდან მომდინარეობს.

ნუთუ ბაიდენის ადმინისტრაცია მართლა აგენტობს კანის ფერის, სექსუალური იდენტობის, მუშათა კლასის ინტერესებს, თუ უბრალოდ ისტაბლიშმენტი მათ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს? უკვე, ორ თვეზე მეტია, რაც ბაიდენი ოფისშია და 15 დოლარიანი მინიმალური ხელფასის დაპირება ჯერ კიდევ არ შესრულებულა. ამის ფონზე, ჯეფ ბეზოსი ამაზონის პროფკავშირების ჩამოყალიბებას აფერხებს მოქრთამვის მცდელობით, დაშინებითა თუ მუშათა ფორმირებებში არეულობის შეტანით. სახელმწიფო კი უძრავ მდგომარეობაში რჩება და იყენებს ჰოლივუდურ მითს უსამართლობის დასრულების შესახებ. „ჩიკაგოს შვიდეულის პროცესი“ იდეალურად ასახავს კლასიკური ჰოლივუდის ილუზორულ ეფექტს. კინოს ისტორიაში, პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, დევიდ უორკ. გრიფიტის „ნაციის დაბადება,“ (1915) ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე რასისტული სურათია, თუმცა მისი შემდგომი სრულმეტრაჟიანი, „შეუწყნარებლობა“ (1916) ტოლრენტობის სახელმძღვანელოდაა მიჩნეული ლიბერალურ აკადემიებში. „შეუწყნარებლობა,“ პარალელური მონტაჟის საშუალებით, ძალადობის შემცველ მოვლენებს უყრის თავს ისტორიის განმავლობაში, იმ შეჯამებით რომ შეერთებული შტატების, ყველაზე დემოკრატიული ერის დაბადება, ბოროტებების დასასრულს მოასწავებს. „ჩიკაგოს შვიდეულის პროცესიც“ ამ ჰოლივუდური ლოგიკით არის დისციპლინირებული და აგროვებს 1968 წელს სახელმწიფო ძალადობის, არაპროპორციული პოლიციური ძალის, მიკერძოებული მოსამართლეებისა თუ ქარიზმატული ჰიპებისა და მემარცხენე აქტივისტების ბრძოლებს. მისი ორაზროვანი, თუმცა მაინც ჰეფი ენდი, კი არაცნობიერად მოგვიწოდებს დავიჯეროთ რომ ბაიდენის მოსვლა სახელმწიფო საშინელებების დასასრულია. 100 წელზე მეტი გავიდა „შეუწყნარებლობის“ გამოსვლიდან, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა.

„იუდა და შავი მესია“ შეგვიძლია „ნომადლენდის“ გვერდით დავაყენოთ, მისი მნიშვნელობის გამო, რომელიც თეთრების უპირატესობის, სისტემური რასიზმის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა (FBI) თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტებაზე მოგვითხრობს. თუ გავიხსენებთ, როგორ გადაასხვაფერა Black Lives Matter მოძრაობამ „კლოუნი ტრამპის“ რეპუტაცია ტირან ხელისუფალში, 2020 წლის ზაფხულში, მასობრივი რასობრივი ხასიათის პროტესტების შედეგად, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა, უკვე ცხადი გახდება რატომ დაუშვა კინოაკადემიამ FBI-ს მხეცური უკეთურებების ასეთი მხილება. შავი პანტერების სოციალისტი ლიდერის, ფრედ ჰამპტონისა და იუდას ბიბლიური იგავის ეს შერწყმა, წარმოადგენს ინსტრუმენტს, მაგალითად, BLM-ს წევრების რეიდებსა თუ შავკანიანი აქტივისტების ტოტალური დაპატიმრებების საკითხებზე სამსჯელოდ. სურათი შესანიშნავია თავისი განსაცვიფრებელი რეჟისურით, გამორჩეული სამსახიობო შესრულებებითა თუ დრამატული სიუჟეტით, თუმცა ჰეგემონური ინსტიტუტის ამ სელეექციაში, ფილმი უნებლიედ გასტყორცნის ამჟამინდელ სახელმწიფო უთანასწორობებს წარსულში, იმ იმედით, რომ ეს აღარასდროს განმეორდება.

 

JUDAS AND THE BLACK MESSIAH (2021), Shaka King

 

გამარჯვების კანდიდატები

როგორც უკვე ავღნიშნე, „ნომადლენდი“ და „იუდა და შავი მესია,“ ამ სელექციაში საუკეთესოდ გამოიყურებიან, როგორც კინემატოგრაფიულად, აგრეთვე იდეოლოგიურად, იმ განსხვავებით რომ „იუდა“ წარსული ჭირის, ტრამპის კიდევ უფრო შორ წარსულში გადატყორცნას ლამობს (ნეტავ რამდენ ხანში დაიწყებენ თავად BLM-ს წევრებისა თუ სხვა თანამედროვე ამერიკელი მემარცხენე აქტივისტების რეიდების ეკრანებზე გამოტანას? 60-70 წელში?). ქლოე ჟაოს ოსტატური ნამუშევარი კი სწორედ იმ პრობლემაზე აქცენტირებს, რაც ყველაზე მძაფრად უნდა აღელვებდეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს დღევანდელ სამყაროში, ტრილიონის შოვნითა თუ უცხო პლანეტების კოლონიალიზების ვნებით გავეშებული მენტალურად არამდგრადი მულტი-მილიარდერების ეპოქაში. თუმცა „იუდა და შავი მესიას“ გამარჯვება თუ ერთგვარი თვალის დახუჭვაა, „ნომალენდის“ გამარჯვება თვალის გასწორება და შეგუება იქნება არსებულ მდგომარეობაზე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც საინტერესოა, ამერიკის კულტურული ელიტა თვალს დახუჭავს თუ გაახელს და შეეგუება, 26 აპრილს.

Close Menu