ავტორი:

 

კენ ლოუჩის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი, „მე, დენიელ ბლეიკი“ (2016) თანმიმდევრული ლუსტრაციაა იმ ამბისა, თუ როგორ ანადგურებს ის სისტემა პიროვნებას, რომელიც დამცავ ფარად პიროვნულ თავისუფლებას იყენებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან ზურაბაშვილი, ქართველი დენიელ ბლეიკი და ქართველი ხალხის კრებსითი სახეა, ვისაც „თავისუფლებამ“, ანგარიშვალდებულებების გარდა, არაფერი მოუტანა.

„დენიელ ბლეიკის“ გამოსვლისთანავე, ბრინატეთის მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ, უარყო ყველა „ბრალდება,“ რასაც ლოუჩი მათ მიმართ აჟღერებდა. პარლამენტში თუ სხვადასხვა მედიებში, პოლიტიკოსები ფილმზე იმ არგუმენტებით არტიკულირებდნენ, რომ ეს „მხატვრული“ ნამუშევარია და არა „დოკუმენტური,“ რომ ეს არაა „რეალობა“. რეალურად, „დენიელ ბლეიკი“ მეცნიერულად ნაკვლევი ტექსტია სისტემურ ჩაგვრაზე. ლევან ზურაბაშვილის შემთხვევა კი არც მხატვრული და არც დოკუმენტური მასალაა – ის ჩვენი ყოველდღიურობის გამოძახილი და ტრანსგრესიული რეაქციაა უთანასწორობის საფუძველზე აღმოცენებული პოლიტიკისა.

„დენიელ ბლეიკის“ პირვლად ნახვისას, შეიძლება ბევრი დიდად იმედგაცრუებული დავრჩით, რადგანაც კენ ლოუჩისგან იმავე კინემატოგრაფიულად დახვეწილ ხედვას ველოდით, რაც „კესიდან“ (1969) თუ მისი სხვა წინარე ნამუშევრებიდან გვახსოვდა. „დენიელ ბლეიკის“ სახით კი დაგვხვდა ინდივიდის განადგურების რუტინული ხედვა. ლოუჩის ბოლო ნამუშევრები, საერთოდ დაცლილია კინემატოგრაფიული ტრიუკებისა თუ ე.წ. ლამაზი სცენებისგან, ესთეტიკური ტკბობისგან, რადგან ცხადად დავინახოთ რამდენად დაკარგა კაპიტალისტურმა სისტემამ სახე. იქ, სადაც გაბატონებულ ეკონომიკურ კლასებს, ახალ მანქანებთან შეჰყავთ კონკურენციაში ჩაგრული კლასები,  – მანქანებთან, რომლებიც, თავისი უტოპიური ბუნებით, პლატონისეული გამოქვაბულის მეტად პირქუშ სახეს ქმნიან – ესთეტიკის ადგილი აღარ რჩება.

მავანნი, ლევან ზურაბაშვილის პროტესტის ფორმას იწუნებენ და მის მიმართ წაყენებულ მკაცრ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 9-დან 14 წლამდე, სამართლიანად მიიჩნევენ. ისინიც კი, ვინც შეთანხმდა, რომ ეს აქტი გამოუვალი სოციალური მდგომარეობით იყო განპირობებული, ჯერ კიდევ ვერ ბედავენ თქმას, რომ ზურაბაშავილი, რომელსაც ყალბი „ლიმონკა“ ეჭირა ხელში, უდანაშაულოა. საინტერესოა, თავად მძევლები თუ აიდენტიფიცირებენ თავს მსხვერპლად?! ისინიც კი, ვინც ზურაბაშვილის უდანაშაულობას ტირაჟირებს, მას, გამოხატვის ფორმას უწუნებს. „ელიტები“ რომ აეყვანა მძევლებად, უკეთესი იქნებოდაო, მმართველი კლასები, ბანკებისა თუ კაზინოების მფლობელებიო, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვინაიდან, დღევანდელი სოციალური სეგრეგაციის პირობებში, კედელი გაბატონებულ და ჩაგრულ კლასებს შორის თვალუწვდენელია. ვფიქრობთ, ეს იყო გამოხატვის, პირველ რიგში, აუთენტური და უმთავრესად სწორი ფორმა. ზურაბაშვილმა, გაგვახსენა რომ ჩვენზე გაბატონებული კაპიტალი, სწორედ რიგითი ადამიანების შიდა კონკურენციიდან იღებს სარგებელს. ხოლო ამ შეჭრით, მან კონკურენცია შეცვალა მუქარით, რომ ის გამოვა მწყობრიდან, გახდება თვითდესტრუქციული, კონკურენცია ჩანაცვლდება ნგრევით, ქაოსით, რომელიც საბოლოოდ სოციალურად დაწინაურებულთაც შეეხება. სწორედ, ამიტომ დუმს ჩვენი ლიბერალური ელიტა ან გამალებით უტევენ ზურაბაშვილის მიმართ გამოხატულ ემპათიასა თუ მისი ოჯახის დასახმარებლად მიმართულ კამპანიებს.

სოციალური კინოს ერთ-ერთი თვისება, მთავარი გმირებისა და „სამართალის“ კონფლიქტია. დენიელ ბლეიკს გრაფიტის გაკეთების გამო იჭერენ, „ველოსიპედის გამტაცებლებში,“ ანტონიოსაც უპირებენ დაპატიმრებას ქურდობის გამო, „გრძელ მანძილზე მორბენალის სიმარტოვეში“ ტომ კორტენის პერსონაჟი ხო საერთოდ საძაგელი კრიმინალია?! ასე უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ სია.

ამ დღეებში, რამდენიმე ავტორიტეტულმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლორიდაში, შერიფის აპარატი, ინახავს სკოლის მოსწავლეების პირად მონაცემებს, – აკადემიურ მოსწრებას, ჩაგვრისა თუ ძალადობის ისტორიას და ა.შ. – რათა აღრიცხონ პოტენციური დამნაშავეები, ბავშვები, ვინც ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება კრიმინალები გახდნენ. სისტემამ, კარგად იცის, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაშასადამე კაპიტალი – ჩაგრულების ციხეში ჩასმით და მჩაგვრელების გაბატონებით.

 

P. S. ხალხის სახელით საუბარი ჩვენს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა, უმთავრესი მიზანი ავტორის ვინაობის განუსაზღვრელობისა, მომდინარეობდა სურვილიდან – სენსიტიურ და უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, არ მოეხდინათ ცალკეულ პირებს მანიპულაცია.

 

თავისუფლება ლევან ზურაბაშვილს!

Close Menu