თარგმნა ალექსანდრე გაბელიამ
ინტერვიუ პირველად მონრეალში დაფუძნებულ ჟურნალში (24 Images) დაიბეჭდა. კიშლოვსკის რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმი 1988 წლის იანვარში მონრეალის ხელოვნების კონსერვატორიაში აჩვენეს, ხოლო მისი ფილმების რეტროსპექტივა, მათ შორის დეკალოგის ციკლის ჩვენება, 1989 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ამ ნამუშევარმა კიშლოვსკის დიდი საერთაშორისო წარმატება მოუტანა. რეჟისორი ჩიხში შესულ საზოგადოებას და იმ რეალობის იმ სასტიკ და ფარულ მხარეს იკვლევს, რომლის დანახვასაც ვერიდებით.
24 Images: ფილმებში მორალურ საკითხებს ეხებით, მაგრამ ამას აკეთებთ განსჯის გარეშე. რა მიზეზით არ აფიქსირებთ პოზიციას?
კიშლოვსკი: ბევრი ადამიანი მიმღებელია ამ მიდგომის მიმართ, მაგრამ ჩემი ფილმების გადაღების მიზეზი არის კითხვების დასმა და არა პასუხების გაცემა. წარმოვაჩენ პრობლემას და ვცდილობ მის გადმოცემას. მაგრამ როგორ ავსახო პროგრესის გზა, თუ თავად არ ვარ დარწმუნებული? რა თქმა უნდა, არ მინდა რაიმე ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ხალხმა არ იცის როგორ მოიქცეს, როგორ გამოხატოს გრძნობები. ესაა მიზეზი, რის გამოც ყველაფერს დაუნდობლად ასახავთ?
ადამიანები ყოველთვის უარს ამბობდნენ რეალობის და ცხოვრების ისე დანახვაზე, როგორიც სინამდვილეშია. ცოტა ადამიანი ბედავს თქვას: „ასეა“, რადგან რეალობა ბნელია და არავის უყვარს ამის მოსმენა.
მოკლე ფილმი მკვლელობაზე ერთ-ერთია დეკალოგის ათი სერიიდან. თითოეული ათი მცნებიდან ერთ-ერთს ეხება. უფრო ზუსტად რაზეა ეს სერიალი?
მირჩევნია გამოვიყენო ტერმინი “ციკლი” ვიდრე “სერია”, რადგან თითოეული ფილმი დამოუკიდებელია. თითოეულში ახალი მსახიობები და ისტორიებია. კინემატოგრაფიის თვალსაზრისით, ათი სხვადასხვა ოპერატორია. ორ წელიწადში ათი ფილმის გადაღება მომიწია. ორი ფილმი გადავიღეთ კინოთეატრებისთვის: მოკლე ფილმი მკვლელობაზე და მოკლე ფილმი სიყვარულზე. დანარჩენი რვა ტელევიზიისთვის გადავიღე და შემოდგომაზე გამოვა პოლონეთში.
დაფინანსების გამო გადაწყვიტეთ ამ ორი ფილმის გადაღება?
ათი მცნების შესახებ ფილმების ციკლის გადაღების იდეა თავდაპირველად მთლიანად ტელევიზიისთვის იყო ჩაფიქრებული. რაც შეეხება ფილმს, მოკლე ფილმი მკვლელობაზე, ამ პროექტის იდეა დიდი ხნის წინ მქონდა, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ისეთი ნედლი ფორმით გადამეღო, როგორიც წარმომედგინა. ამიტომაც ვიგრძენი საჭიროება დამეკავშირებინა ეს ამბავი ამ ციკლთან. რაც შეეხება ტელევიზიისთვის განკუთვნილ რვა ფილმს, არსებული დროის გათვალისწინებით, მათი კინოთეატრების ფორმატში გადაღებას ვერ შევძლებდი. ამავდროულად, გარე დაფინანსების მისაღებად საჭირო იყო ორი ფილმის გადაღება. შესაბამისად, სწორედ ამ ორი ფილმის გადაღებით მიღებული თანხის წყალობით, შევძელით ციკლის დასრულება.
ფილმის, მოკლე ფილმი მკვლელობაზე, არცერთი პერსონაჟი არ აძლევს მაყურებელს მათთან იდენტიფიცირების საშუალებას. ხომ არ ამოიზრდება ეს მიდგომა მხოლოდ სოციალური რეალობის მაქსიმალურად ობიექტურად წარმოჩენის სურვილიდან?
ცხადია, ეს იყო მთავარი მიზეზი, რადგან მინდოდა, ფილმს სოციალური ანალიზის ფორმა ჰქონოდა, მაგრამ არის ის ფაქტიც, რომ ნამდვილად არ მინდოდა, მარტივი გზით წავსულიყავი. ადამიანები ზედმეტად იდენტიფიცირდებიან მითებთან და იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ვერასოდეს გახდებიან. ზედმეტად მარტივი იყო მსხვერპლის ლამაზ პერსონაჟად გადაქცევა, რომელიც მოითხოვდა აუდიტორიის თანაგრძნობას. მაყურებლის ემოციების წარმართვა სინამდვილეში ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საგნების ბუნებრივად ასახვა. სიკვდილი ყველას განურჩევლად ემუქრება. ამიტომაც დაჟინებით მოვითხოვდი ტაქსის მძღოლის მკვლელობის სცენა ისეთივე სასტიკი და ცხოველური ყოფილიყო, როგორც მკვლელის ჩამოხრჩობის. სინამდვილეში, სიკვდილი, რომელიც ყოველ წამს გვემუქრება, ყველასთვის ერთნაირად საშინელია, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამის აღიარება, რადგან ამ ცნობიერებით ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
რა მნიშვნელობას ანიჭებთ შემოქმედებითობას? როგორ უყურებთ ხელოვანის როლს?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ უნდა გადავავლოთ თვალი პოლონეთის ისტორიას, მეცხრამეტე საუკუნეს, პოლონური რომანტიზმის ეპოქას. ხელოვანის როლი ყოველთვის გაზვიადებული და განდიდებული იყო, რადგან მისგან მოველით (პოლონელი) ერის ხელმძღვანელობას. ხალხი დიდი ხანია მთელ იმედებს ამყარებს მხატვრის ამ კონკრეტულ იდეაზე, რაც მას თითქმის მაგიურ ძალას ანიჭებს და სთხოვს დაინახოს ის, რისი დანახვაც მას არ შეუძლია. ხალხს სჯეროდა, რომ ხელოვანს შეეძლო სამყაროს შეცვლა. მე ამის არ მჯერა. მას შეუძლია მხოლოდ ხილული გახადოს ჩვენი რეალობა. ხელოვანის როლია ასევე დაანახოს ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან; სხვებიც ცხოვრობენ და ფიქრობენ მათ მსგავსად.
გჯერათ, რომ ხელოვანი ცდილობს ტემპის დადგენას, საუკეთესო გზის პოვნას?
დიახ, ასეა.
რატომ მიატოვეთ დოკუმენტური ჟანრი და დაიწყეთ მხატვრული ფილმების გადაღება? იმიტომ ხომ არა, რომ მხატვრულ კინოში მეტ ძალას ხედავთ?
მიყვარს რეალობის იმგვარად გადაღება, რომ მის ყველა დაუგეგმაობას ვაწყდებოდე. მუშაობისას დიდი ხნის განმავლობაში აქცენტს დოკუმენტურ კინოზე ვაკეთებდი, რადგან ვგრძნობდი, რომ რეალობა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ყველაფერი, რისი გამოგონებაც შეგიძლია. დოკუმენტური ფილმების გადაღება შევწყვიტე, რადგან, ერთი მხრივ, ეს ჟანრი თითქმის მთლიანად გაქრა ტელევიზიის რეპორტაჟების გამო, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ზედაპირული და სტანდარტული პროდუქტია. ასევე იმიტომ, რომ მეშინოდა პოლიცია ჩემს ფილმებს გამოიყენებდა. მივხვდი, რომ მათ მასალით ვამარაგებდი.
თქვენს ფილმებში იგრძნობა, რომ ყოველთვის გააზრებული გეგმით მუშაობთ. როგორ მუშაობთ ოპერატორებთან და რატომ ირჩევთ თითქმის ყოველთვის სხვადასხვა ოპერატორს?
ათი წლის წინ, ფილმების თემატიკის გამო, მხოლოდ ორ ოპერატორთან ერთად ვმუშაობდი. მაშინ მივხვდი, რომ იმისთვის, რომ მსოფლმხედველობა და სურათები, რომელსაც ჩემს ფილმებში გადმოვცემ, გამდიდრებულიყო, უნდა მემუშავა სხვადასხვა ოპერატორთან და მიმეცა მათთვის ფილმების საკუთარი მსოფლმხედველობით გადაღების შესაძლებლობა. ოპერატორებს მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდი, რათა ისეთი დეტალებიც ეჩვენებინათ, რასაც ზოგჯერ თავადაც ვერ ვხედავდი. თავდაპირველად მათთან ერთად განვიხილავ სასურველ ეფექტს, შემდეგ ფიქრის შესაძლებლობას ვაძლევ. მაგალითად, ფილმზე, მოკლე ფილმი მკვლელობაზე, მუშაობისას, ოპერატორ სლავომირ იძიაკს ვთხოვე შეექმნა იმგვარი იმიჯი, რომელიც გამოხატავდა საბედისწერო და გარდაუვალ მკვლელობას. ლოკაციაზე მცირე ბიუჯეტით მუშაობისას ყოველთვის რთულია ობიექტივის წინ არსებული სურათის შეცვლა. მან სურათს მომწვანო ფერი მისცა და დაარღვია გამოსახულების კონტურები. მოახერხა კამერით შეეღწია იმ მტრულ სამყაროში, რომელსაც ვიღებდით.
სიუჟეტის მიუხედავად, თქვენი წინა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ფილმს, მოკლე ფილმი მკვლელობაზე, არ ჰქონდა დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამჟამად ნებადართულია სიკვდილით დასჯის განხილვა სახელმწიფო მედიაში?
სიკვდილით დასჯა პოლონეთში აღარ არის ტაბუირებული თემა. როდესაც ფილმს, მოკლე ფილმი მკვლელობაზე, ვიღებდი, ამ თემაზე უკვე ყველაფერი იყო ნათქვამი. თუმცა, ფილმის გამოსვლის შემდეგ, დისკუსიები განახლდა. პოლონურმა ყოველკვირეულმა გამოცემამ გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი ჩემი ფილმის წინააღმდეგ ერთი რიგითი ოფიციალური ჯალათის სახელით. ის აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ მისი დანაშაული მკვლელის დანაშაულთან ერთ დონეზე იყო განხილული, მაშინ როცა მისი საქმე სოციალურად ძალიან სასარგებლოა და გარდა ამისა, მისი თქმით, ცუდად ანაზღაურებადი. ჩემმა ფილმმა არა მხოლოდ სიკვდილით დასჯის განხილვა განაახლა, არამედ ჯალათს ხელფასის გაზრდის მოთხოვნის შესაძლებლობაც მისცა…
წყარო: Latek, Stanisław, Marie-Claude Loiselle, and Krzysztof Kieślowski. “Weapon of Despair.” In Krzysztof Kieslowski: Interviews, edited by Renata Bernard and Steven Woodward, 65–68. University Press of Mississippi, 2016. https://doi.org/10.2307/jj.399510.18.