მთარგმნელი: გიორგი ჯავახიშვილი

 

146 წუთიანი, 30 სამონტაჟო ჭრით გადაღებული ფილმის ტურინის ცხენი შემდეგ, 55 წლის უნგრელი ავტორი, ბელა ტარი აქტიურ კინემატოგრაფიულ მოღვაწეობას დაემშვიდობა. მისი შემოქმედება იმ ცხრა სრულმეტრაჟიან ფილმს მოითვლის, რომლებმაც ტარს მსოფლიო კინოს პანთეონში დაუმკვიდრეს ადგილი. სხვადასხვა დროს ტარს ახასიათებდნენ როგორც ლეგენდარულ, საკულტო, ფანტასტიკურ და ოსტატ ავტორს. 16 წლის ასაკში, როგორც მოყვარულმა ფილმების გადაღება დაიწყო, 22 წლისამ კი, ბელა ბალაშის სტუდიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ოჯახური ბუდე (1979) გადაიღო. მის ადრეულ ნამუშევრებს – ოჯახური ბუდე, აუტსაიდერი (1981) და კონტაქტები პატარა სახლში (1982) სოციალური თემები და სინემა ვერიტეს[i] მსგავსი დოკუმენტური სტილი განსაზღვრავს. თუმცა, ტარის შემოქმედების ბირთვს, საკუთრივ გამორჩეული ესთეტიკა და პირქუში ხედვით განმსჭვალული პოსტ-კომუნისტური ლანდშაფტები წარმოადგენს, რომლებიც განსაკუთრებით მჟღავნდებიან მის შუა პერიოდის ნამუშევრებში – წყევლა (1988), კინომანიაკალური, 432 წუთიანი სატანტანგო (1994) და ვერქმაისტერის ჰარმონიები (2000). ტარისათვის დამახასიათებელი სტილი უწყვეტ კადრებად გადაღებული მომნუსხველი შავ-თეთრი გამოსახულების და კამერის საგულდაგულოდ განსაზღვრული ქორეოგრაფიული მიმოსვლის ფონზე წარმოიქმნება. კამერის, რომელიც  უდაბური, მელანქოლიური, კუშტი და ენიგმატური გამოსახულებების გასწვრივ ჰიპნოტურად მოძრაობს, და რომელმაც საბოლოოდ ტარი რადიკალურ რეჟისორად აქცია.

ცოტა ხნის წინ, ბელა ტარმა სლოვაკეთში საზეიმოდ გახსნა ახალი, ტრენსიანსკის საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც ევროპულ კინოში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს კამერა“ გადასცეს. აქტიური კინემატოგრაფიული აქტივობების შეწყვეტის და დამწყები ტალანტების გასანათლებლად დათმობილი ძალისხმევის მიუხედავად, უნგრელი რეჟისორი საკმაოდ კარგ განწყობაზეა (რასაც მთარგმნელი ვერაფრით დაეთანხმება) და დადებით ჭრილში აღნიშნავს, რომ „ყველა კინორეჟისორი ნარკომანია“.

 

Notebook: აბა, როგორია ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ?

ბელა ტარი: იცი, – არ ვიცი, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ჩემს კინოსკოლას ვუთმობ…

Notebook: სარაევოში…

ტარი: დიახ.

Notebook: მეორე კინოსკოლა, რომლის გახსნასაც ხორვატიაში აპირებდით?

ტარი: არა, არა, არა. ესეც საკმარისია. მსოფლიოს თითოეული კუთხიდან 35 სტუდენტი მყავს. 35 სხვადასხვა მოტივი, 35 განსხვავებული წარმოსახვა და ჯერჯერობით მათზე უნდა ვიზრუნო.

Notebook: დიდი პასუხისმგებლობაა.

ტარი: რა თქმა უნდა. ამიტომაც არ უნდა მკითხო პენსიაზე გასვლის შემდგომი ცხოვრების შესახებ.

Notebook: თქვენი დიდი ხნის პარტნიორი, ფრედ კელემანი… ისიც თქვენთან ერთად ასწავლის?

ტარი: ხანდახან სემინარების ჩასატარებლად ვიწვევ ხოლმე, ისევე როგორც უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

Notebook: კონკრეტულად ვის? თქვენს ყოფილ კოლეგებს?

ტარი: აპიჩატპონგ ვირასეტაკული, კარლოს რეიგადასი, გაი მედინი, პედრუ კოშტა, გას ვან სენტი, ედ ლექმენი და ბევრი სხვა.

მარცხნიდან მარჯვნივ: აპიჩატპონგ ვირასეტაკული, ბელა ტარი და ნახევარსახე კარლოს რეიგადასის.

 

Notebook: თვლით, რომ ისინი საუკეთესოები არიან?

ტარი: დიახ, ისინი საუკეთესოები არიან. ცუდი კინემატოგრაფისტების მოწვევა არ მსურს. თუკი ვინმეს ეპატიჟები, მიზეზიც უნდა გქონდეს მოსაწვევად.

Notebook: თავისუფალი და დამოუკიდებელი რეჟისორი ხართ და რადიკალური იდეების გამო, წარსულში უნგრეთში პრობლემები შეგექმნათ. ახალისებთ თუ არა ამგვარ მიდგომებს თქვენს სკოლაში?

ტარი: რას გულისხმობთ, რა პრობლემები მქონდა?

Notebook: კომუნისტური მმართველობის პერიოდს ვგულისხმობდი, როცა თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო მთავრობა არ გაფინანსებდათ…

ტარი: ჰო, მაგრამ დაბრკოლებები მუდამ მაქვს. მიჩვეული ვარ ამას.

Notebook: დაპირისპირებული იყავით კომუნისტებთან?

ტარი: არა მხოლოდ მათთან, გარკვეული პრობლემები…

Notebook: …კაპიტალისტებთან?

ტარი: ჰო, მაგრამ იცი რა, კომუნისტების მმართველობის – პოლიტიკური ცენზურის დროს ვიზრდებოდი , შემდეგ ცენზორად ბაზარი მოგვევლინა, ეხლა ისევ პოლიტიკური ცენზურაა. დეჟავიუს მაგვარი შეგრძნება მაქვს.

Notebook: როგორია თქვენი მიდგომა ახალგაზრდა ტალანტების მიმართ?

ტარი: როდესაც გყავს 35 ადამიანი, 35 სრულიად განსხვავებული ისტორია, მათი ხედვა და რეალობა განსხვავდება. ჩვენთან სწავლობენ შინტოს მიმდევრები, ინდუისტები, ბუდისტები, მუსლიმები… როგორ შემიძლია ვთქვა – „ესაა განათლება“ ან „ესაა რეჟისურა“? ყველა განსხვავებულია და ეს სხვადასხვა სახის მიდგომებს საჭიროებს. ჩემი საქმეც ეს არის, დავუკავშირდე მათ პერსონალურად და ამიტომაა ეს საქმე ასეთი რთული. სრული ემპათიაა საჭირო, რათა დამაკავშირებელი გზები იპოვო.

Notebook: ამჟამად რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის?

ტარი: მათ უნდა ისწავლონ თუ როგორია ცხოვრება. სულ ესაა. და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის მიმართ უნდა ჰქონდეთ რწმენა. შემდეგ შეძლებენ გაუგონ ამ ცხოვრებას.

Notebook: თანამედროვე კინოს ადევნებთ თვალს?

ტარი: დღესდღეობით, როგორც ვხედავ, დიდი დომხალია, ხალხს აღარ სჯერა საკუთარი თავის, რადგან ბაზარი დიდ მოლოდინს ქმნის. და რა თქმა უნდა, მათი პირადი ამბიციებიც განსხვავებულია. ესაა, რასაც ვხედავ – ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები არ არიან საკმარისად მამაცნი. უფრო მეტი სიმამაცეა საჭირო და ამგვარი მოლოდინის ფეხებზე დაკიდება, რადგან მოლოდინები ეფემერულია, ფილმები კი სამუდამოდ დარჩებიან.

Notebook: თქვენი პროტეჟე, ლაზლო ნემესი…

ტარი: …ის ჩემი ასისტენტი იყო…

Notebook: …გადაიღო საყოველთაოდ აღიარებული ფილმი “საულის ვაჟი” და როდესაც თქვენს ყოფილ კოლეგას, ლაზლო რაიკს შევხვდი, ფილმს „ახალი კინოენის ამოსავალი წერტილი“ უწოდა [ლაზლო რაიკი: „პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ “საულის ვაჟი” ახალი კინოენის ათვლის წერტილია. როდესაც სივრცე ადამიანის სხეულებით და მათი გადაადგილებით აღიწერება და რაც მთავარია, სივრცე აისახება ხმაურითაც, ამიტომ ხმის დიზაინს და შერევას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ასეთი ფილმები გვინახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, დასაწყისიდან დასასრულამდე ასეთ სტილთან გვაქვს საქმე. ესაა, რასაც ახალ კინოენას ვუწოდებ, ვერ ხედავ სივრცეს, მაგრამ ხვდები რა ხდება. საინტერესო ფენომენია.“] ეთანხმებით?

ტარი: ჯერ კიდევ სანახავი მაქვს ფილმი. იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ მე და ლაზლო ერთმანეთს ავცდით, როდესაც უნგრეთში ვიყავი, ის არ იყო და პირიქით, მაგრამ ივლისში ჩემთვის აუცილებლად მოაწყობს ჩვენებას.

Notebook: როდესაც თქვენს ნამუშევრებს განიხილავთ, ყოველთვის მრავლობითში საუბრობთ…

ტარი: უნდა იცოდეთ, რომ ბელა ტარი არა მხოლოდ მე, არამედ გუნდია. უპირველეს ყოვლისა, ეს ვართ მე, ანეს ჰრანიცკი[ii], ლაზლო კრაზნაჰორკაი[iii] და მიჰალი ვიგი[iv]. ეს ოთხი ადამიანი ერთად ვმუშაობთ 30 წელია და ვაკეთებთ იმას, რაც საბოლოოდ გამოვიდა. ამიტომ, მირჩევნია მრავლობითში ვისაუბრო. არასდროს მითქვამს, რომ რომელიმე ნამუშევარი მხოლოდ ჩემია, რადგან ასე არ იქნება სწორი.

Notebook: როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი? იყოფთ სამუშაოს თუ ყველაფერი კოლექტიური ძალისხმევის შედეგია?

ტარი: საბოლოო გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, მაგრამ მათაც აქვთ გარკვეული მგრძნობელობა და ასე თუ ისე, როდესაც ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, მათაც იგივე აზრები აწუხებთ, რაც მე. მიჰალი მუსიკოსია, ლაზლო კი მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მედიუმები განსხვავებულია, ერთად ვრეფლექსირებთ არამხოლოდ ფილმებზე, არამედ ცხოვრებაზე.

Notebook: თქვენი გამოსახულების ესთეტიკა სახელგანთქმულია. ვინ არის პასუხისმგებელი კამერის მოძრაობასა და ამ ესთეტიკაზე, ოპერატორულ გადაწყვეტებთან დაკავშირებით?

ტარი: ეს ჩემი გადაწყვეტილებებია. ყოველთვის.

Notebook: ვვარაუდობ, რომ თქვენ არ წერთ სცენარებს.

ტარი: არა. ეს სისულელეა. როდესაც გადასაღებ სივრცეში იმყოფები, უამრავი შესაძლებლობა გეძლევა იფიქრო და გადაწყვიტო, რას გადაიღებ და რას არა.

Notebook: გულისხმობთ, რომ ექსპერიმენტებს მიმართავთ გადაღების დროს, იღებთ რამდენჯერმე და…

ტარი: …არა, არა. ყველაფერი გადაღებამდე მაქვს გადაწყვეტილი. როდესაც გადაღებას ვიწყებთ, პირველი კადრიდან ბოლო კადრამდე, ზუსტად ვიცი, რას და როგორ ვიზამთ.

Notebook: კარიერას პოლიტიკური პრიზმით დანახული სოციალურ-დოკუმენტური ფილმებით იწყებდით…

ტარი: …ვთქვათ, რომ ეგრეა…

Notebook: …მაგრამ ბოლოს, ფილმებს მეტაფიზიკური დამოკიდებულებით იღებდით. როგორ მოხდა ეს ცვლილება?

ტარი: ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა. თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ პრობლემების ამგვარ გაგებასთან ნელ-ნელა მივედი.

Notebook: მაგრამ ისინი მაინც პოლიტიკურია, დაწყებული პირველიდან, უკანასკნელით დამთავრებული.

ტარი: ვთქვათ, რომ სოციალური მგრძნობელობა მაქვს და, რა თქმა უნდა, შედეგად ფილმები პოლიტიკურ მნიშვნელობებს იძენენ, მაგრამ ისინი ერთპიროვნულად პოლიტიკური არ არიან. პოლიტიკა ერთგვარი ყოველდღიური საქმიანობაა და ეს ჩემი საქმე არ არის.

Notebook: როდესაც ამბობთ, რომ თქვენი ფილმები პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენენ, გულისხმობთ ინტერპრეტაციის მომენტს თუ ფილმზე მუშაობის და გადაღების პროცესს?

ტარი: მე ვთქვი, რომ მაქვს სოციალური მგრძნობელობა და ვიცავ ადამიანის ღირსებას. ესაა ჩემი მიზანი და სხვა არაფერი მანაღვლებს. არ მაინტერესებს სხვების ინტერესებს ვაყენებ ზიანს თუ არა, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

Notebook: თქვით, რომ ლაზლო კრაზნაჰორკაის მსგავსი ცხოვრებისეული პერსპექტივა გაქვთ, ამიტომ ადაპტირებთ მის რომანებს?

ტარი: მისი რომანების ადაპტაციას არ ვიღებ, უბრალოდ წიგნები აღმოვაჩინე და ამის მიხედვით გავიგე მისეული ცხოვრების თვალსაზრისი. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი ვიპოვეთ. მასთან მუშაობა ძალიან მარტივი იყო.

Notebook: გახასიათებენ, როგორც ცინიკურად მისტიკურს. ეთანხმებით ამას?

ტარი: სისულელეა, ეს მე არ მეხება. არ ვარ ცინიკური და მითუმეტეს მისტიკური.

Notebook: თქვენი ერთ-ერთი ინსპირაცია ანდრეი ტარკოვსკის ანდრეი რუბლიოვი იყო…

ტარი: უბრალოდ მომწონს ანდრეი რუბლიოვი. ტარკოვსკი რელიგიური კაცი იყო, მე კი არ ვარ.

Notebook: არარელიგიური კინორეჟისორი ხართ?

ტარი: უბრალოდ ათეისტი ვარ. არ მჯერა ღმერთის. მარტივია.

Notebook: და ცინიზმის ნაწილზე რას იტყოდით?

ტარი: არ ვარ ცინიკოსი.

Notebook: თქვით, რომ თქვენი უკანასკნელი ფილმი, ტურინის ცხენი, სამყაროს დასასრულზე გსურდათ რომ ყოფილიყო.

ტარი: სიცოცხლის დასასრულზე, რადგან ჩვენ ვსაუბრობდით აპოკალიფსზე და ამგვარ რაღაცეებზე და გავიაზრე, რომ ეს არაა სიმართლე. ცხოვრება უბრალოდ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ქრება. ესაა და ეს.

Notebook: თქვენ ასევე გადაიღეთ ფილმი ჰოლოკოსტის შესახებ.

ტარი: არა.

Notebook: ვერქმაისტერის ჰარმონიები.

ტარი: არ არის ჰოლოკოსტის შესახებ.

ვერქმაისტერის ჰარმონიები

 

Notebook: მაგრამ ამის შესახებ გარკვეული მითითებებია.

ტარი: არა, ასეთი რამ არ არის. როდესაც ფილმს ვიღებდით, გვჯეროდა რომ უბრალოდ ერთგვარი ზღაპარი იქნებოდა. ფილმის დასასრულს, ვხედავთ როგორ ანგრევს ხალხი ყველაფერს და როგორ იმარჯვებს პოპულიზმი. ეხლა შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იქცა ფილმი რეალობად და ეს ძალიან არ მსიამოვნებს.

Notebook: მაგრამ იმ ცნობილი ვეშაპის სცენის შესახებ რას იტყვით, მისტიკური „ვაიბებით“ რომ პულსირებს და რომლის ინტერპრეტირება რელიგიური მნიშვნელობებითაც შეიძლება?

ტარი: ეი, ეს დედამოტყნული ფილმი სამი ძირითადი პერსონაჟის შესახებაა. სამივე მათგანს ერთნაირი დამოკიდებულება აქვს მარადისობასთან. ვალუშკა კოსმოსს უკავშირდება, ეზთერს „წმინდა ხმებთან“ აქვს კავშირი, ხოლო ვეშაპი შორეული ოკეანიდან მოდის. ყველა მათგანი უკავშირდება მარადისობას. ჩვენ მათი ყოველდღიური ყოფის სულ სხვა მხარეს ვხედავთ და არა მათ ყოველდღიურ ინტერესებს და ადამიანის მანკიერ მხარეებს – როგორ კლავენ, ჭამენ ხალხს და იმ პერსონაჟებს, როგორიც ვეშაპია.

Notebook: თქვენმა მეგობარმა, ანდრას კოვაჩმა თქვენი ნამუშევრების შესახებ მონოგრაფია დაწერა [ბელა ტარის კინო: წრე იხურება].

ტარი: დიახ, ძალიან ვრცელია. იცი ვინ დაწერა საუკეთესო წიგნი? ჟაკ რანიემ [ბელა ტარი, მომდევნო დრო].

Notebook: მაგრამ დავუბრუნდეთ კოვაჩს, მან დაწერა, რომ ფილმების გადაღება შეწყვიტეთ, რადგან თანამედროვე კინოს საზღვრებში ისეთივე რადიკალური ვეღარ იქნებოდით. ასე ფიქრობთ თქვენც?

ტარი: ბოლომდე არ წამიკითხავს მისი წიგნი, რადგან როდესაც მივედი გრაფიკებამდე, სადაც კადრების ხანგრძლივობას ანგარიშობს, ისე გავღიზიანდი, მეთქი – შეგეცი. შევეშვი. აღარ მანაღვლებდა ისიც, რომ ჩემზე წერდა. ჩემთვის ეს ყველაფერი უცნაური სირობაა.

Notebook: ე. ი. სინემეტრიკის[v] მოყვარული არ ხართ?

ტარი: არ გეთანხმები. მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რომ დროს და სივრცეს განსხვავებულად ვიყენებ ფილმის გადაღების პროცესში თუ კინოენის კონსტრუირებისას, რა დროსაც სრულად უგულებელვყოფ კინოს სწორხაზოვან დრამატურგიას. სულ ესაა, რასაც ვაკეთებდი ხოლმე.

Notebook: ეთანხმებით კოვაჩის მოსაზრებას, რომ თქვენ ვეღარ იქნებოდით ისეთივე რადიკალური, როგორც უწინ?

ტარი: მე ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური კინორეჟისორი ვარ და ჩემი პრობლემა ისაა… ჩემს მოსწავლეებს, ყოველთვის ვუყვირი – „ეი, იყავი უფრო რადიკალური, ვიდრე მე!“ და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ესაა, რაც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს შემიძლია ვუთხრა: „წადი და უფრო რადიკალური იყავი,“ „გახდი უფრო რევოლუციონერი, ვიდრე მე ვიყავი.“

Notebook: იყო რადიკალური ფორმალურად თუ აზრობრივად?

ტარი: ყველანაირად. ყველანაირად.

Notebook: თქვენთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პოეტურობის გამო, გახასიათებენ, როგორც მოდერნისტ კინორეჟისორს…

ტარი: …ხოო, ხოო, ხოო. იცი, რამდენი ტიტული მაქვს. მე ვიყავი ლეგენდარული, ოსტატი…

Notebook: …თქვენ ისევ ხართ…

ტარი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იცი რა, დაივიწყე. მე ისევ ცოცხალი ვარ. ამიტომ არ მომწონს ეს იარლიყები, ისინი მანაწყენებენ. მინდა უბრალოდ ნორმალური ცხოვრება მქონდეს.

Notebook: თქვენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ გკითხეთ, აღიქვამთ თუ არა თქვენს ნამუშევრებს, თქვენს სტილს, კინოს მოდერნისტული ეპოქის ნაწილად.

ტარი: ჩემი ფილმების უკანასკნელი რეტროსპექტივის – რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა – სათაური იყო „უკანასკნელი მოდერნისტი“, რაც მე ძალიან მწყინს. როგორ შეიძლება გამოიყენო უკანასკნელის აღმნიშვნელი სიტყვა? არ ვიცი.

Notebook: ვინმე იფიქრებდა, პირფერობა იქნებოდა იმ თანრიგში ყოფნა, სადაც ანტონიონი და გოდარი იყვნენ.

ტარი: რა თქმა უნდა, ნამდვილად.

Notebook: ფილოსოფოსობა გსურდათ…

ტარი: …დიდი ხნის წინათ.

Notebook: ფილოსოფოსობთ თქვენს ფილმებში?

ტარი: მე მხოლოდ კინემატოგრაფისტი ვარ. უბრალო კინორეჟისორი.

Notebook: რომელ ფილოსოფიურ პერიოდს ანიჭებთ უპირატესობას?

ტარი: არცერთს.

Notebook: არც ნიცშესი, ვის თავს გადამხდარი ინციდენტიც მისი ფსიქიკური აშლილობის მიზეზი გახდა და რომელი ინციდენტიც თქვენი ფილმის, “ტურინის ცხენი” ეპიგრაფადაა წამძღვარებული?

ტარი: არა. ფილოსოფოსობა მაშინ მინდოდა, როცა სკოლას ვამთავრებდი და რადიკალი მემარცხენე ვიყავი. ჩვენ ახალგაზრდა რადიკალები ვიყავით და ვამბობდით, რომ კომუნისტები იტყუებოდნენ. უნდა დავივიწყოთ ამგვარი ფილოსოფია. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

Notebook: ხედავთ საკუთარ თავს, როგორც ავანგარდისტ ხელოვანს?

ტარი: არა. ჩემს თავს ხელოვანს ვერ ვუწოდებ. მხოლოდ უბრალო კინორეჟისორი ვარ.

Notebook: წარსულში პრობლემები შეგექმნათ ფილმის “წყევლა” დაფინანსების მოსაპოვებლად. საბოლოოდ, სურათი თქვენ თვითონ დააფინანსეთ.

ტარი: ეს მართლაც გრძელი პოლიტიკური ისტორიაა, რომელიც კომუნიზმის უკანასკნელი ამოსუნთქვა იყო. მათ ჩვენი მოკვლა სურდათ, რადგან კინემატოგრაფისტთა ახალი თაობა ვიყავით. ფილმის გადაღება მათი დახმარების გარეშე მომიწია.

Notebook: სად მოიძიეთ ფული?

ტარი: კინოსტუდიაში იყო კამერა, ცოტა ფული, რამდენიმე მეტრი ფირი და ეს საკმარისი გახლდათ. ფილმი მართლაც დაბალ ბიუჯეტიანი გამოვიდა. ფული არ გვქონდა, მხოლოდ  ფილმის გადაღებას ვცდილობდით.

Notebook: გარემოებების მიუხედავად, ხარისხი შენარჩუნებულია.

ტარი: რა თქმა უნდა.

Notebook: არსებობს ციტატა, რომელიც თქვენ მოგეწერებათ: „რადიკალიზმი სახელოვნებო ფორმით პირდაპირ გავლენას მოახდენს მაყურებლის პოლიტიკურ წარმოდგენებზე.“ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად?

ტარი: არ მახსოვს ეს მეთქვას. ფილმი მხოლოდ ფილმია. რაც მსურს, მაყურებლის კინომდე მიყვანაა. დაჯდე სიბნელეში, უყურო ნამუშევარს და როდესაც მორჩები: როგორ ხარ? უკეთ? გრძნობ თავს უფრო ძლიერად? მიიღე რაიმე ახალი? თუ სულაც იგივე ხარ, ვინც კინოში წასვლამდე იყავი? სულ ესაა.

Notebook: მაგრამ, მაგალითად, ფილმში “ტურინის ცხენი” უფერული, საზარელი და აპოკალიფტური ატმოსფეროა.

ტარი: არ არის ასე.

Notebook: არ მეთანხმებით?

ტარი: არა, არ გეთანხმებით.

Notebook: მაშ ეს ბედნიერი ფილმია?

ტარი: იგივე კითხვაა. როგორ იგრძენი ატმოსფერო, როცა ფილმის ჩვენება დატოვე.

Notebook: გაოცებული ვიყავი.

ტარი: უფრო ძლიერი უნდა იყო.

ტურინის ცხენი

 

Notebook: …მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფილმი ყველა მნახველმა აპოკალიფტურად უნდა აღიქვას.

ტარი: რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ ასე უნდა აღიქვას.

Notebook: საკუთარი სტუდია “Társulás“ გქონდათ…

ტარი: …ხოო, ეს იყო 70-80-იან წლებში, შემდეგ საკუთარი კომპანია “T.T. Filmmuhely” დავაფუძნე, სადაც 9 წელი ვიმუშავეთ და ეხლა ისიც დახურულია. მერე კი ქვეყანა დავტოვე.

Notebook: …მაშინ, 70-80-იან წლებში, „Társulás” პერიოდის დროს, თქვენ მხარს უჭერდით ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებს…

ტარი: …ჩვენ ყველას ვუჭერდით მხარს. როდესაც “T.T. Filmmuhely”-ში ვმუშაობდი, დახურვის დროს, ჩემს მაგიდაზე სცენარების მთა მქონდა.

Notebook: მაგრამ შემდეგ თქვით, რომ რაც კოვაჩმა დაწერა სირობა იყო…

ტარი: არ მითქვამს, რომ სირობაა. ეს მხოლოდ მისი აზრია. მას აქვს უფლება წეროს საკუთარი ნააზრევი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვეთანხმები მას.

Notebook: ნამდვილად. როცა მხარს უჭერდით ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებს, თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. რას იტყვით დღევანდელ კინოკრიტიკაზე?

ტარი: გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ. კინოკულტურა ერთი დიდი კომპლექტია, რომელიც მოიცავს დოკუმენტურ, ანიმაციურ, მხატვრულ ფილმებს, კინოისტორიკოსებს, კინოჟურნალებს – ეს ყველაფერი ერთი მთლიანობა უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეორე. ეს სისულელეა. რა თქმა უნდა, კინოკრიტიკოსებს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვთ – მათ ჩვენ უნდა გაგვიგონ.

კრიტიკოსებთან პრობლემა მაშინ მაქვს, როდესაც მათ არ იციან, როგორ ვქმნით ფილმებს. ჩვენ არ გვაქვს ერთი და იმავე ლექსიკა. ხანდახან, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი გადაღებებზე უნდა მოვიწვიო, რათა ნახონ ეს ყველაფერი, რომ გაიგონ ჩვენი სამეტყველო პარადიგმები. როდესაც ჩემს სკოლაში დავიწყებ სწავლებას, ავიყვან კინოოპერატორებს, ზოგიერთ მსახიობს და კინოჟურნალისტებს, რადგან მათ ერთად უნდა ისწავლონ.

 

[i] ძიგა ვერტოვის თეორიებით ინსპირირებული დოკუმენტური სტილი. ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ობსერვაციული ტიპის კინოს.

[ii] უნგრელი კინორეჟისორი, ბელა ტარის მეუღლე.

[iii] უნგრელი მწერალი და სცენარისტი.

[iv] უნგრელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი.

[v] იგულისხმება რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, იმგვარი სტრუქტურის და შინაარსის აღწერილობა, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სტილის ასპექტი. ქართული შესატყვისი არ არსებობს.

 

წყარო: mubi.com

Close Menu