ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი

 

მოკლედ რომ მიმოვიხილოთ: ინდუსტრიალიზაციის პირობებში, აგრარულ მრეწველობაზე დაფუძნებული ეკონომიკა მექანიკურ, ავტომატიზებულ პროცესად გარდაიქმნება და შედეგად მუშახელი ექსტერიერიდან ინტერიერში გადაინაცვლებს, რაც უფრო და უფრო მეტი ქარხნის აშენების საფუძველს იძლევა. ურბანიზაციის შედეგად კი, სულ უფრო მეტად იზღუდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეები. ინდუსტრიალიზაცია/ურბანიზაციით არის განპირობებული კლიმატის ცვლილება, გლობალური კატასტროფები, რომლებიც უფრო და უფრო ხშირად გვატყდება თავს. გახშირდა სიახლეები კონკრეტული ჯიშის ცხოველის გადაშენების შესახებაც. ამ ყველაფრის მიზეზი კი ადამიანი და მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიებია. დღესდღეობით გლობალური დათბობა ყველაზე დიდი და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა.  ინდუსტრიალიზაციის ამგვარ ტემპში, გაეროს მონაცემებით, რამდენიმე ათწლეულში სამყაროს უდიდესი კატასტროფა ელოდება.

ადამიანის მიერ ბუნებაზე მიყენებულ ზიანსა და გლობალურ დათბობაზე რეფლექსირებს პირველი ქართული ანიმაციური 3D ფილმი „ჯინო“, დავით კიკნაველიძის პროექტი, რომელმაც მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. სურათი გომბეშო ჯინოს და სხვა ცხოველების თავს გადამხდარ ამბავს აღწერს. ჭაობი – მათი საცხოვრებელი სივრცე საფრთხეშია, რადგან ადამიანებმა მორიგი მშენებლობა წამოიწყეს.

გარდა ცენტრალური თემისა, სურათში ერთ-ერთ პერიფერიულ საკითხს ინდივიდისა და კოლექტივის დაპირისპირება წარმოადგენს. ჯინო საზოგადოებას მოწყვეტილი ინდივიდია, რომელიც იზოლაციაში, სხვებისგან განმარტოებით ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი ცხოველები უფრო მეტად არიან ერთმანეთზე ზრუნვით დაკავებულნი. სანამ კამერა უშუალოდ ჯინოს ცხოვრებას გვიჩვენებს, ვხედავთ, როგორ ატარებს დროს ერთად შეყვარებული წყვილი, როგორ წაივარჯიშებს ბაყაყი. ერთი სიტყვით, რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს ჯინოს, როგორც ინდივიდსა და კოლექტივს შორის განსხვავება. თუ სხვა ცხოველები თანაცხოვრებით კმაყოფილნი არიან, ჯინო პირველად სარკის წინ პოზირების დროს კმაყოფილდება, რაც მის ნარცისულ სახეზე მეტყველებს და რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მაშინაც კი, როცა საფრთხე კარსაა მომდგარი, ჯინო ანტაგონისტად რჩება, სხვებს წყლის გარეშე ტოვებს და სასიკვდილოდ წირავს.

ავტორის თქმით, ანიმაცია საუკეთესო საშუალებაა ბავშვთან კომუნიკაციის დასამყარებლად. ამ მხრივ, სურათს არა უშავს; ნათელი ფერების, ბავშვისთვის მომაჯადოებელი გამოსახულებების და მარტივი თხრობის მანერის კომბინაციით, გასაგები ხდება ფილმის მთავარი გზავნილი – „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“, თუნდაც ეს ერთი ჯინოსავით ურჩი და ეგოისტი  იყოს. თუმცა, სურათი იმ ელემენტებსაც მოიცავს, ბავშვისთვის გაუგებარი რომ შეიძლება იყოს. მაგალითად, საწყის ეპიზოდში მოვარჯიშე ბაყაყი საფრთხის გამოჩენასთან ერთად ამერიკის დროშის ფერებში გამოწყობილი წარმოგვიდგება (მაისური – თეთრ და წითელ ფერებში, შორტი – თეთრ და ლურჯ ფერებში). არ მგონია, რომელიმე ბავშვი შეამჩნევდეს ამას და, ვგონებ, მაქვს საფუძველი, ვთქვა – „ჯინო“ გარდა პირდაპირი გზავნილისა, ფარულ მესიჯსაც უგზავნის მნახველს. სწორედ აღნიშნული ბაყაყი აღმოაჩენს ოაზისს, ზნედაცემულ ჯინოს კი განსაცდელისგან დაიხსნის.

და თუ ასეა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გლობალური დათბობა, ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის მიერ ბუნებისთვის მიყენებული ზარალი ნაწილობრივ გლობალიზაციის (რომელიც თავის მხრივ, ერთგვარ ნიადაგს უმზადებს ინდუსტრიულ სახელმწიფოს) მიერაა გამოწვეული. გლობალიზაციის და ინდუსტრიალიზაციის განხილვა სხვადასხვა, როგორც დადებით, ისე უარყოფით ჭრილში შეიძლება, მაგრამ უკვე ყველა თანხმდება, რომ შედეგად, სამყაროსთვის მიყენებული ზიანი უსაშველოა (რაც დღესდღეობით კიდევ უფრო ნათლად ჩანს). აღვნიშნე კიდეც, თუ ეს პროცესები ამგვარი ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა ადამიანების თავსაც დატრიალდეს ის უბედურება, „ჯინოში“ რომაა აღწერილი. და შემდეგ ვინ ითავებს ერთგვარი მესიის როლს, ვინც კაცობრიობას ახალი „ტბისკენ“ გაუძღვება, რეალურ ყოფაში არსებულ „ჯინოს“ კი „ხანძრისგან“ უვნებლად დაიხსნის? ამ ანიმაციის მიზანიც, ცხოველებს გადამხდარი ამბის ალეგორიულად წაკითხვის ფონზე, ადამიანების შენჯღრევა და ფორსმაჟორულ სიტუაციაზე რეფლექსიისკენ მოწოდებაა, მაგრამ…

…მაგრამ „ჯინოს“ მიხედვით, მხსნელად ამერიკის დროშის ფერებში გამოწყობილი არსება გვევლინება. ავტორი პირდაპირ მიუთითებს პასუხზე და ჩნდება ლოგიკური კითხვაც – როგორ შეიძლება ამერიკაში მხსნელს ვხედავდეთ, როდესაც  გლობალიზაცია  დიდწილად ამერიკული პროდუქტია? „მაკდონალდიზაცია“, „ვესტერნიზაცია“ – ის ტერმინებია, რომელიც ყველაზე ხშირად გვესმის ამ თემაზე საუბრისას. თავის მხრივ, ეს ტერმინები მთელ დანარჩენ სამყაროზე ამერიკული კულტურის დომინაციას და სხვა კულტურების ჰომოგენიზაციას გულისხმობს. ამერიკული კულტურა გარკვეულწილად მიმზიდველიც შეიძლება ჩანდეს ჩვენი ამჟამინდელი პერსპექტივიდან, მაგრამ დღევანდელობით თუ ვიმსჯელებთ, ის ვერ დაგვეხმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. ამერიკის საგარეო პოლიტიკაც საპირისპიროზე მეტყველებს – დონალდ ტრამპი ეჭვის თვალით უყურებს გლობალურ დათბობებსა და ეკოლოგიურ კატასტროფებში ადამიანის მიერ შეტანილ წვლილს. 2017 წელს, დიდი შვიდიანის სამიტზე, სადაც აღნიშნული პრობლემა განიხილებოდა, ტრამპმა სამიტი მკაფიო პოზიციის დაფიქსირების გარეშე დატოვა. საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში  იგი აცხადებდა, რომ ეს შეთანხმება მისთვის მიუღებელი იყო, რადგან აშშ-ს  ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამასთან ერთად, შეერთებული შტატები ე. წ. პირველი ტალღის ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელიც მრეწველობის მთელს მსოფლიოში განვითარებაზეა ორიენტირებული. მრეწველობის უსაშველო ზრდა-განვითარება კი ადამიანს „ჯინოში“ აღწერილი კატასტროფის წინაშე აყენებს და ამ ფორს-მაჟორული სიტუაციიდან მხსნელი ვერაფრით იქნება ის, ვინც შექმნილ ვითარებაში ვერც პრობლემას და ვერც მის მიერ შეტანილ წვლილს ხედავს.

ასე რომ, ვფიქრობ, „ჯინოში“ წამოჭრილი საკითხი/პრობლემა და მისი გადაწყვეტის ავტორისეული ნაივური ხედვა ერთმანეთთან კავშირს ვერ პოულობს, მეტიც, ურთიერთგამომრიცხავია, რაც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სურათი მხოლოდ მოჩვენებითად რეფლექსირებს საკითხზე/პრობლემაზე და სინამდვილეში, დასავლურ ბაზარზე გასაყიდ პროდუქტს ფუთავს.

Close Menu