ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი

 

პოსტსაბჭოთა ქართული კინოს მთავარი ნოტი 90-იანებია; დამოუკიდებელ ქართულ კინოში ყველაზე ხშირად ეს ეპოქა რეპრეზენტირდება, რაც ამ თემის ირგვლივ შექმნილ ყოველ მომდევნო ნამუშევარს საქმეს ურთულებს. საჭირო ხდება ამბის განსხვავებული ენით გადმოცემა, პერსონაჟების სხვა პერსპექტივით ასახვა, რომ უკვე მრავალჯერ აღწერილი აღარ განმეორდეს. რაც უფრო მეტი სურათი იქმნება აღნიშნულ თემაზე, მით უფრო სკეპტიკური ხდება ფილმის მიმართ დამოკიდებულება, რადგან ხშირად, შექმნილი ნამუშევრები ვერ ახდენენ საკვლევ თემაზე რეფლექსიას, ან ნაცნობი ატმოსფეროსა და რეალობის უტყუარ გამოსახვას.

90-იანებზე და უფრო კონკრეტულად სამოქალაქო ომის პერიოდზე რეფლექსირებს გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი“. სურათი მთავარი გმირის, გიას (ვახო ჩაჩანიძე) ცხოვრების ერთ დღეს აღწერს. გიამ შვილისთვის წამალი უნდა იშოვოს და სახლში უვნებლად დაბრუნდეს. ფონად ორად გაყოფილ, შავი და თეთრი სამკლავურებით დანიშნულ, ურთიერთდაპირისპირებულ სოციუმს ვხედავთ. ცენტრალური თემის გარდა, ავტორი ერთგვარ თამაშს გვთავაზობს – ჰობსისეულ (ომი ყველას წინააღმდეგ) რეალობაში, არავინ იცის, როდის გაშავდება ეკრანი და დაიწერება GAME OVER. თამაშის ცენტრალური ფიგურა გიაა, რომელმაც ფინიშის ხაზი წამლით ხელში უნდა გადაკვეთოს.

აღსანიშნავია, გადასაღები ადგილების, საკმაოდ კარგი ოპერატორული ნამუშევრისა და კოსტუმების დიზაინის ხარჯზე, რეჟისორის მიერ შექმნილი მეტად ავთენტური გარემო, რომელიც მაყურებლის 90-იან წლებში ტელეპორტირებას უწყობს ხელს. ნიშანდობლივია მსახიობების დამაჯერებელი შესრულება, ვახო ჩაჩანიძე ალბათ ასეთი როლებისთვისაა დაბადებული, ჯანო იზორია (სანდრო) კი უტრირებული პერფორმანსის (overplay) შედეგად, დაძაბული ნარატივის ფონზე, მაინც ახერხებს მაყურებლის გაღიმებას. „ცუდ ხალხში“ გამოიკვეთება ავტორის მცდელობაც, განსხვავებული ენობრივი კოდებით გამოსახოს უკვე მრავალჯერ აღწერილი ამბავი, რაც თავისთავად დასაფასებელია. ტექნიკური თვალსაზრისით, ნამუშევარი საკმაოდ მომნუსხველი ქსოვილია, მაგრამ ფილმის შინაარსობრივ შრეებს თუ მიმოვილიხავთ, გარკვეული ხარვეზები შეინიშნება.

პირველი, რაც ეჭვს ბადებს, შვილისადმი გიას ბინარული დამოკიდებულებაა. ერთ შემთხვევაში, განგსტერული შეტაკების შემდეგ, გაბრაზებულ გიას ვხედავთ, რომელსაც ბავშვისთვის წამლის მიტანა ეჩქარება, მეორე შემთხვევაში კი ნოსტალგიური გრძნობებით შეპყრობილ გმირს, ვისაც თამაშის მთავარი მისია ავიწყდება; ფილმის ყველაზე კომიკურ ეპიზოდში, საავადმყოფოში წამლის წასართმევად მისულ გიას მისი კლასელი ხვდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ გვერდზე ოთახში  მისი მასწავლებელიცაა. მათთან ნოსტალგიურ საუბარში გართულ გმირს „თამაშის“ მთავარი ამოცანა მიავიწყდება. დრამატურგიული თვალსაზრისით, სავსებით გასაგებია აღნიშნული პერსონაჟების მეტად მნიშვნელოვანი როლი – ძველი მეგობრები შეხვედრისას „მოთამაშეების“ ნიღბებს იხსნიან და რეალური სახეებით წარმოგვიდგებიან. ვხედავთ, სენტიმენტალური გრძნობებით შეპყრობილ სასტიკ ადამიანებს – მათაც ენატრებათ, უყვართ და „თამაშს“ მიღმა სულ სხვა პიროვნებები არიან. ორ განსხვავებულ ბანაკში მყოფი კლასელის შეხვედრა მნიშვნელოვან ქვეტექსტს ატარებს და, როგორც რეჟისორი ამბობს, იმ დროინდელ საზოგადოებაში გამეფებულ რადიკალიზმს აღწერს: მათ შეიძლება აკავშირებდეთ ძმობა, მაგრამ „თამაში“ სულ სხვა წესებს მოითხოვს – თეთრი თეთრია, შავი კი შავი. ამგვარ მსჯელობაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, განხილული ეპიზოდი და პროტაგონისტის ქმედებები დისონანსშია მისთვის დასახულ მთავარ მიზანთან – რაც შეიძლება მალე მიუტანოს შვილს წამალი.

მოსაზრება მეორე ხარვეზის შესახებ, უფრო მეტად სუბიექტურია. პირველად ფილმი ბათუმის კინოფესტივალზე, მაყურებლით სავსე დარბაზში ვნახე და მომეწონა, თუმცა სეანსიდან გამოსულს უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რადგან აღნიშნულმა ჩვენებამ ხალხში კარგი კომედიის ნახვის შთაბეჭდილება დატოვა. ღიმილს იწვევდა ეპიზოდები სანდროს მონაწილეობით, ეპიზოდი, სადაც გია თანაკლასელს ხვდება, ესვრის, შემდეგ კი ეხუტება. გარკვეულწილად, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ეპიზოდები პერსონაჟების რომანტიზებას ეწევა, რადგან სცენის თვითმიზანი მაყურებლის გაღიმება ხდება, რაც სასტიკ და ბოროტ, როგორც რეჟისორმა მათ უწოდა – „ცუდ ხალხს“ – ნაივური და რომანტიკული სახით წარმოგვიდგენს.

90-იანებმა და იმ დროში გამეფებულმა მენტალურმა მდგომარეობამ კი ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა. რომ არაფერი ვთქვათ სამოქალაქო ომზე, უამრავი ადამიანი (ძირითადად ახალგაზრდები) რომ იმსხვერპლა. სურათი, რომელიც ამგვარ პერიოდზე რეფლექსირებს, ნახვის შემდეგ მაყურებელს ფიქრს უნდა გვრიდეს და არა ღიმილს, მით უფრო, როდესაც სურათი რეალური ისტორიებითაა შთაგონებული.

მეორე მხრივ, ავტორი კომიკური ელემენტების მეშვეობით 90-იანებზე გადაღებული ფილმების მიერ შექმნილ კლიშეს გაურბის. ხშირ შემთხვევაში, აქამდე ნანახ სურათებში ტრაგედიის გადათამაშება ხდება. „ცუდი ხალხი“ კი ათასჯერ გადაღეჭილი თემის განსხვავებული პრიზმით დანახვას ცდილობს, რაც თავის მხრივ, დასაფასებელია. ამიტომ, უკანასკნელ მოსაზრებასთან დაკავშირებით ვმერყეობ და სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

დაბოლოს, ფინალზე, სადაც ჰეტეროდიეგესური ხმა მერაბ კოსტავას სიტყვებს ციტირებს. შესაძლოა, ეპილოგი ამ სიტყვებით შთაგონებული ილუსტრაციაა. სიმბოლურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ბავშვი მომავალი თაობის კრებსითი სახეა. ამ მხრივ, ვასკვნით, რომ ავად მყოფი უჩინარი ბავშვი, საეჭვო მდგომარეობაში გაჭედილი ახალგაზრდა თაობაა. დასასრულს, ბავშვის გადასარჩენად არა მხოლოდ მთავარ გმირს, არამედ მოწინააღმდეგე ბანაკში მოღვაწე თანაკლასელსაც ვხედავთ. ნიღბებთან ერთად ისინი სხვადასხვა ფერის სამკლაურებსაც იხსნიან და საერთო მიზნის შესასრულებლად ემზადებიან. ფინალი იმედს ტოვებს – GAME ISN’T OVER YET.

ოპტიმისტურია გიორგი თავართქილაძის მომდევნო ფილმისადმი მოლოდინიც, რადგან თუ ეპიზოდურ ჩავარდნებს დავივიწყებთ, ფორმა და სხვა კინემატოგრაფიული ელემენტები საინტერესო, ორიგინალურ სურათს ქმნიან.

Close Menu