ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი


თვალი პირველი – აბსურდი, ჟანრული თამაშები.

 

ხელოვნების კარგ ნიმუშს მისი ხელახლა ნახვის სურვილი გამოარჩევს. მით უფრო, თუ მისი მრავალგვარი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. ასეთი ნაწარმოების რევიზია ყოველთვის იძლევა საშუალებას, უფრო ღრმად გავიაზროთ და ფართოდ გახელილი თვალებით დავაკვირდეთ.

ერთ-ერთი ასეთი ნიმუშია ლევან კოღუაშვილის 2013 წელს გადაღებული ფილმი „შემთხვევითი პაემნები“. ერთი შეხედვით, ამაღელვებელ ამბავს რეჟისორი მინიმალისტური კინოენის საშუალებით გამოსახავს, მაგრამ ხელახლა ნახვისას, მასში მანამდე შეუმჩნეველი ასპექტები იკვეთება.

„შემთხვევითი პაემნები“ ორი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს. სანდრო (ანდრო საყვარელიძე) 40-ს მიღწეული სკოლის მასწავლებელია, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. ივა (არჩილ ქიქოძე) კი ფეხბურთს ასწავლის. თავისუფალ დროს ორივე ბრმა პაემნებზე (blind dates) დადიან. ერთ-ერთი წარუმატებელი პაემნის შემდეგ, მეგობრები ზღვაზე გადაწყვეტენ წასვლას, სადაც სანდრო მანანას გაიცნობს. ჩნდება მელოდრამატული სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც „დაგეგმილ პაემანს“ უნდა ველოდოთ, მაგრამ მოვლენები მოლოდინის საწინააღმდეგოდ ვითარდება.

საშუალო ხანგრძლივობის ფონზე, სცენარი დიდი ჩანს, თუმცა რეჟისორი მოვლენებს ერთმანეთთან გონივრულად აკავშირებს, ქმნის ავთენტურ და თვითმყოფ გარემოს, რაც სოციალურ თემებზე რეფლექსირებადი ფილმისათვის უმნიშვნელოვანესი დეტალია. „შემთხვევითი პაემნები“ არ კარგავს რეალობასთან კავშირს და არც სწორხაზოვნად მიყვება მას. ის მელოდრამატული ელემენტებით ნაკვები სოციალური დრამაა, თუმცა ოსტატურად აგებული დრამატურგია მის კრიმინალურ დრამად წაკითხვის საშუალებასაც იძლევა; ფილმის მეორე ნახევარში, როდესაც მანანას ქმარი ციხიდან ბრუნდება, სრულიად მოულოდნელად მისი და სანდროს გზები იკვეთება. მაყურებელი ხდება მოწმე ერთგვარი მასკულინური ოდისეისა, რომელიც თბილისის კრიმინალურ პერიფერიებში ვითარდება. ამასთანავე, კომედიური ელემენტების გადათამაშებით, ავტორი ახერხებს თავი დაიცვას ფსევდო-სოციალური დრამის შექმნისგან, სადაც მაყურებელი ვალდებულია მთავარი გმირი ებრალებოდეს. „შემთხვევითი პაემნები“ საპირისპიროს გვიჩვენებს – მიუხედავად პროტაგონისტის თავს გადამხდარი ამბებისა, ის ღირსებას მაინც ინარჩუნებს.

ხშირ შემთხვევაში, ფილმის ჟანრული ნაირსახეობებით კონსტრუირება ბეწვის ხიდზე სიარულს გავს. არასდროს იცი, როდის ჩაწყდება. ჟანრებით თამაში მეტად დახელოვნებულ ავტორს მოითხოვს. მით უფრო, როცა ჟანრის ცვლილება ახალი პერსონაჟის შემოსვლითაა განპირობებული. ასეთ მოცემულობაში, ლევან კოღუაშვილი ახერხებს ბეწვის ხიდზე სიარულს, მეტიც – უვნებლად გადაირბენს მას და „შემთხვევითი პაემნების“ სახით უაღრესად დახვეწილ კინემატოგრაფიულ ნიმუშს ქმნის.

„შემთხვევითი პაემნები“ მშრალი ფილმია. სიმშრალე მთავარ პერსონაჟსა და მაყურებელს შორის დისტანციის შესაქმნელადაა განპირობებული და სანდროს აზიური კინემატოგრაფისათვის დამახასიათებელი პერსონაჟის მდუმარებაში გამოიხატება. მდუმარებაში, რომელიც ნებისმიერი სხვა პერსონაჟის მიერ ნათქვამ სიტყვაზე ხმამაღლა გვესაუბრება. შედეგად, სურათი გაწმენდილია პათეტიკური ნოტებისგან, რადგან როგორც არ უნდა სცადოს ავტორმა, მარგინალი ახალგაზრდებისთვის მაინც ვერ გამოიძებნება ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში. სანაცვლოდ, ჟანრული თამაშებისა და მინიმალისტური კინოენის ფონზე, კოღუაშვილი სცენარს იმდენად ხლართავს, რომ კაფკიანური გარემო წარმოგვიდგეს, თუმცა…

…თუმცა, „ერთხელ, როცა სანდრომ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა“, არც ფრთები შესხმია და არც დასასრულს წარმოგვიდგა სახეცვლილი. ამჯერად, მის მხრებზე ადგილი მშობლებს დაუკავებიათ, რომლებიც მიუხედავად „ბიჭის“ ასაკისა, მაინც ცდილობენ მისი ცხოვრების გაკონტროლებას. სანდროს ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობენ სხვებიც – მანანას ქმარი, მანანას ქმრის საყვარლის ოჯახი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აბსურდულ გარემოში მოხვედრილი გმირი, კაფკასეული სამყაროს არქეტიპია, რომელმაც ალტრუისტული სულისკვეთებით განმსჭვალულმა, სხვების მიზნების მისაღწევად უნდა იარსებოს. მაშინაც კი, როცა უყვარდება და ბედნიერება კარსაა მომდგარი, მასსა და მანანას შორის უფსკრული ჩნდება. უფსკრული, სახელად – სხვები. სანდროსთვის „ჯოჯოხეთია სხვები“, რადგან ის ადამიანებიც კი, ვინც მისგან ოჯახის შექმნას დაჟინებით ითხოვენ, გაუაზრებლად საკუთარ მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. შედეგად, სურათის ცენტრალური ღერძი ადამიანების ერთმანეთისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება და დაკარგული კომუნიკაცია ხდება, რის საუკეთესო ილუსტრაციაც სცენაა, სადაც მამა (კახი კავსაძე) სახლში გვიან დაბრუნებულ „ბავშვებს“ ტუქსავს. მამის დიდაქტიკური მონოლოგის თეატრალურობა კიდევ უფრო აბსურდულს ხდის მიზანსცენას და გაუგებარია ეს ყველაფერი კომედიაა, ტრაგედია, თუ ტრაგიკომედია.

საბოლოოდ, მსახიობების დამაჯერებელი შესრულება, ფილმის სცენარი (ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ანდრო საყვარელიძე) და ამბის მინიმალისტური ექსპრესია (ტატო კოტეტიშვილი) მეტად მომნუსხველ სურათს ქმნის, რომელიც თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სურათია.

 

 

თვალი მეორე – ფეხბურთი გოლების გარეშე.

 

ფეხბურთი ცხოვრების მეტაფორაა“ – ჟან-პოლ სარტრი.

შენიშნავდით, რომ არაფერი მითქვამს ფილმში ქვეტექსტად გაჟღერებული თემის, ფეხბურთის შესახებ. მოდით ცოტა გავხალისდეთ და ყველაფერს მეორე თვალით შევხედოთ. თვალით, რომელიც ამბავს უფრო სიმბოლურ-მეტაფორულ ჭრილში წაგვაკითხებს. თუკი ფეხბურთს ცოცხალ ორგანიზმად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, რომ მისი ფუნდამენტი სოციალურია – კომუნიკაციის დამყარება. გარდა ფეხბურთის თამაშისა, სხვა ადამიანები მას თვალს ადევნებენ და სიამოვნებას იღებენ. „შემთხვევით პაემნებში“ ფეხბურთი რეალური, აბსურდული ცხოვრების ალტერნატიული, მეტაფორული ვერსიაა. ფილმის დასაწყისში, ქალებს შორის გასამართი მატჩის წინ, სპიკერი ამბობს, რომ ქალთა ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ახალი სახეობაა და მათ უფრო და უფრო მეტი გოლის გატანა სურთ. სანდროს მანანას მიმართ გაჩენილი სიმპათიაც სწორედ ფეხბურთის თამაშის დროს იკვეთება. ავტორი ფეხბურთს რეალური ცხოვრების მეტაფორად აქცევს და თანამედროვე ყოფაში მიმდინარე მოვლენებს სიმბოლური ენით გადმოსცემს.

უფრო სიღრმისეულად თუ განვიხილავ, ფეხბურთსა და რეალურ ცხოვრებას შორის კავშირების პოვნა ვცადოთ. ისევე როგორც ცხოვრებაში, ფეხბურთშიც ერთი გუნდი მეორის წინააღმდეგ გარკვეული სქემით თამაშობს. არიან შემტევები, მცველები, ნახევარმცველები და მეკარეები. ასეა ცხოვრებაშიც – ზოგი მეტს „უტევს“, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს უფრო მეტად უწევს „თავდაცვა“. არსებობენ უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელებიც, მაგალითად, დრიბლინგის დიდოსტატები. ცხოვრებაში ასეთ ადამიანებად ისინი წარმოვისახოთ, ვინც ნაკლებად საჭიროებს სოციალურ აქტივობას, თუმცა საზოგადოებაში მაინც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ: პოეტები, მწერლები, მხატვრები და ა. შ. არ დაგვავიწყდეს სათადარიგო სკამზე მსხდომი მოთამაშეებიც. რეალობაში ასეთ ადამიანებსაც შევხვდებით, მათ, ვინც ჯერ კიდევ ელოდება „თამაშში“ ჩართვას. როგორც ცხოვრებას, ფეხბურთსაც უმთავრესი ამოცანა აქვს – გოლის გატანა. მაგრამ როგორ ითარგმნება გოლი რეალურ ცხოვრებაში?

თუ სამყაროში მიმდინარე პროცესებს დიალექტიკური პერსპექტივით შევხედავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ რეალურ ყოფაში, ისევე როგორც ფეხბურთში, ერთმანეთს დიქოტომიური ნაწილები უპირისპირდებიან, მაგალითად: კარგი-ცუდი, მემარცხენე-მემარჯვენე, ნაცი-ქოცი. ყველას აქვს მიზანი (გოლი), რომელსაც უნდა მიაღწიოს. ორად გაყოფილ სამყაროში, რაც უფრო მეტ მიზანს აღწევს ერთი მხარე, მით უფრო მარცხდება მეორე. ფეხბურთის მაგალითზე, რაც უფრო მეტი გოლი გააქვს ერთ გუნდს, მით უფრო მცირდება მეორე გუნდის წარმატების შანსი. ასეთ მოცემულობაში, ვიღაც მუდამ დამარცხებულია.

„შემთხვევითი პაემნების“ პერსონაჟებიც ორ გუნდად არიან დაყოფილნი. სანდრო და ივა, რა თქმა უნდა, გუნდელები არიან. მშობლები და სხვა გმირები, რომლებიც სანდროსა და ივას ჭკუას არიგებენ, მათზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ – მეორე გუნდია. თენგო სანდროს მოწინააღმდეგე გუნდის აგრესიული შემტევია, რომელიც მუდამ გოლის გატანაზეა დაგეშილი, თუმცა, თავდაპირველად, სათადარიგო სკამზე ზის და თამაშის შუა ნაწილში ერთვება. ბრმა პაემნებზე ჩამოსული გოგონები და თბილისურ „გეტოში“ მცხოვრები ოჯახი სათადარიგოთა სკამზე მსხდომი მოთამაშეები არიან, რომლებიც მოუთმენლად ელიან „თამაშის“ რიგს.

გარდა გუნდური დაპირისპირებისა, თენგოს თამაშში ჩართვა, ცალკეული მოთამაშეების ანტაგონიზმსაც გამოკვეთს. ისიც ნათლად ჩანს, რომ სხვა მოთამაშეებიც ცალკეული მიზნების შესრულებასა და გოლის ინდივიდუალურად გატანას ცდილობენ. მორღვეულია სქემა, რომლის მიხედვითაც მოთამაშეები სინქრონულად უნდა მოქმედებდნენ. შედეგად, სანდრო თამაშგარეში აღმოჩნდება, საიდანაც მას გოლის გატანის უკეთესი შესაძლებლობა მიეცემა (თენგომ არ იცის სანდროსა და მანანას ურთიერთობის შესახებ), მაგრამ აპატიებს ამგვარ საქციელს მაყურებელი? მაყურებელი, რომელსაც შესაძლოა მობეზრდა კიდეც „გოლის” გასატანად ყველაფერზე წამსვლელი მოთამაშეები. სანდრო არჩევანის წინაშე დგება – გაუტანოს უკანონო “გოლი” მოწინააღმდეგე გუნდს, თუ თამაშის წესები დაიცვას და ღირსეულად დაელოდოს შემდეგი, კანონიერი “გოლის” გატანის რიგს.

დასასრულს, ვფიქრობ, ფილმი ოპტიმისტურ ნოტაზე სრულდება და იტალიელი პოეტის, ეუჯენიო მონტალეს სიტყვებს ილუსტრირებს – „წარმოვიდგენ, როდის დადგება დრო, როცა გოლს აღარავინ გაიტანს“ – სანდრო ღირსებას ირჩევს, ტოვებს მანანას, მიდის ქუჩაზე, სადაც ორი ბიჭი ფეხბურთს თამაშობს.

არსად ჩანს კარი, შესაბამისად აღარც გოლები იქნება.

 

 

რეცენზიაში გამოყენებულია ფრაგმენტები ხათუნა ცხადაძის მიერ ნათარგმნი მასალიდან.

Close Menu