1991 წლის 10 ნოემბერი.

„მე სულით გერმანელი და პროფესიით ევროპელი ვარ“.

არასდროს ვამაყობდი ამ ქვეყნით, არასდროს მსურდა ამ გერმანიაში დარჩენა. ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა მხოლოდ ერთი სურვილი – აქედან მოვშორებულიყავი და როცა უკვე იმ ასაკს მივაღწიე, რომ დამოუკიდებლად მოგზაურობა შემეძლო, უკვე შორს ვიყავი, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში. ახლა ვფიქრობ, რომ მე იმდენად არ მიზიდავდა სიშორე, რამდენადაც განმიზიდავდა სიახლოვე. სიახლოვე იყო ის ვაკუუმი, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი  – წარსულის ბრჭყალებიდნ უცნაური გამოტანა. არცერთი ბავშვი არ უნდა დაარწმუნო იმაში, რომ უკან მობრუნება არ შეიძლება. თუმცა მე სწორედ ამ გრძნობით გავიზარდე – უკან მოხედვა არ შეიძლებოდა. უკან გვქონდა შავი ლაქა. მთელი მსოფლიო მონუსხული მხოლოდ წინ იყურებოდა, დაკავებული იყო „აღდგენით“, მუშაობდა „სასწაულზე“ და როგორც ვფიქრობ, ეს ეკონომიკური სასწაული, პრინციპში, მხოლოდ ცნობიერებიდან წარსულის განდევნაზე თავდაუზოგავი შრომის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს დაუჯერებელი მიღწევები ახალი ფენიქსი არ ყოფილა. უბრალოდ ეს იყო მცდელობა, დაგვევიწყებინა ფერფლი, რისგანაც ის აღდგა. ბავშვს ამის გააზრება არ შეუძლია, მაგრამ ბავშვს, როგორიც მაშინ მე ვიყავი, სულში ღრმად ჩაებეჭდა და მხოლოდ მოგვიანებით შეძლო მისი გაგება. ეს გერმანული გარჯა გამოვცადე მეხსიერებიდან წარსულის განდევნისას,  როცა უკვე გავიზარდე, 50-იან წლებში – პირველ რიგში, როგორც  სურვილის ან ასე ვთქვათ, სიამოვნების სრულ არარსებობასთან ერთად გვერდიგვერდ მოსიარულე. ამით არ მინდა ვთქვა, რომ იუმორის გრძნობას ვიყავი მოკლებული ან მყავდა სიამოვნებების მიმართ მტრულად განწყობილი ოჯახი. არა! უბრალოდ მხედველობაში მაქვს, რომ გავიზარდე იმ ატმოსფეროში, რომლის მთავარი მახასიათებელიც ყველა ურთიერთობაში “ცხოვრების სერიოზულობა” იყო. და ეს სერიოზულობა მეტისმეტად უსიხარულო იყო. სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებდი, ასე გაშმაგებით დავწაფებოდი ისეთ იმპორტირებულ სიხარულს, როგორიც იყო: ამერიკული კომიქსები, ამერიკული ფილმები და ამერიკული მუსიკა. მათ ერთი რამ ახასიათებდათ – სიამოვნებას გგვრიდნენ, წინა პლანზე იყვნენ და უბრალოდ არსებობით გვაკმაყოფილებდნენ. ეს ცხოვრებისეული განცდა – იმყოფებოდე აწმყოში და ამით სრულიად დაკმაყოფილდე – ჩემთვის ნაცნობი არ ყოფილა. აწმყოში ცხოვრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ წარსული გახსნილი წიგნია, მომავალი კი სუფთა მინდორი. ამ ყველაფრის შესახებ ამერიკული კინოდან გავიგე. იქ ყველაფერი „წინ“ და „აქ“ იყო და არა ისე, როგორც ჩვენთან, სადაც ამაზე სირცხვილით და ფრთხილი მინიშნებებით საუბრობდნენ. იქ არაფერი იმალებოდა. იქ იყო სიფართოვე, ჩემს ქვეყანაში კი – სივიწროვე. ჰორიზონტს ამერიკული ვესტერნით გავეცანი, რომელიც შეიძლება ამერიკის ისტორიას ამახინჯებდა, მაგრამ რომელსაც შეეძლო წარსულში ფესვგადგმული ისტორიები მოეყოლა. ამ ამერიკული მითებისთვის ადვილი მოსანადირებელი ვიყავი – მე ხომ უმითო ქვეყანაში ვცხოვრობდი, ქვეყანაში, რომელიც ჩემ წინაშე წარმოდგენილი იყო, როგორც ქვეყანა ამბებისა და ისტორიის გარეშე. პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე და შემდეგ ისევ და ისევ ვკითხულობდი, მარკ ტვენის „ტომ სოიერი და ჰელკბერ ფინი“ იყო. აქაც აღმოვაჩინე ის ცხოვრებისეული სიხარული და მზადყოფნა, მივცემოდი აწმყოს. ჰელკბერ ფინის მისისიპი ჩემთვის უფრო ახლოს იყო, ვიდრე რეინი და მოზელი.

ან წიგნები მიკი მაუსით. ამ სურათებისა და ისტორიების გასართობ სამყაროში ცხოვრებისეული სკოლა აღმოვაჩინე. მახსოვს, ერთხელ ავადმყოფი საწოლზე ვიწექი და დედას ვთხოვე, მაღაზიიდან მიკი მაუსის ახალი წიგნი მოეტანა. მაგრამ ტირაჟი უკვე გაყიდული აღმოჩნდა და დედამ მის მაგივრად გერმანული კომიქსი „ფიქსი და ფოქსი“ მომიტანა. ვერ დაიჯერებთ, რამდენად იუმორს მოკლებული, ცარიელი და მოსაწყენი მეჩვენა. ეს იყო, ასე ვთქვათ, დასურათებული ისტორიის იგივე ფორმულა, მაგრამ „ბავშვებისთვის“ ისე უნამუსოდ, ისე ქედმაღლურად, ყველანაირი ირონიის, იუმორის თუ სიზუსტის გარეშე იყო გაკეთებული, რომ ჩემში მაშინვე გაიღვიძა  ნამდვილმა სიძულვილმა ამ ასლის, ამ სიყალბის, ამერიკულისადმი ამ მიმსგავსების მიმართ. ამ ყველაფრს იმიტომ ვყვები, რომ გაიგოთ, რამდენად მზად ვიყავი ბავშვობაში, რომ უფლება მიმეცა, დავეპყარი. ნება დამერთო სხვა ქვეყნისთვის და არა საკუთარისთვის, მოეცა მითითებები ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის „სიამოვნება“, „სიმსუბუქე“, „თავგადასავალი“. თუმცა ამისთვის არსებობდა გერმანული სიტყვებიც, მაგრამ მათ უკან არაფერი იდგა.

არ მინდა უოლტ დისნის განხილვით თავი მოგაბეზროთ. ამასთან, დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სავსებით სხვანაირად გამოიყურება. „აღთქმულ მიწაზე“ ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნებები დასრულდა, მე კი გავიგე, რომ ენტენჰაუზენს სინამდვილეში ერქვა ლოს-ანჯელესი, ბიძია დაგობერტს კი – დონალდ ტრამპი. ჩემი ბავშვობის ოცნების ქვეყანა კოშმარის ქვეყნად გადაიქცა, გასართობი სურათები –  ძალადობის სცენებად და გართობის ფორმად, რომელიც ყველაზე ძვირად ყიდდა სიმსუბუქეს, სიამოვნებას და „იქ მყოფობას“. ცხოვრების განცდა, რომელიც აქ ასე მაკლდა, იქ პროდუქტად, რეკლამის ერთ-ერთ ფორმად იქცა. დღეს ჯონ ფორდის ლანდშაფტები ეს არის „მარლბოროს ქვეყანა“, ამერიკული ოცნება კი – სარეკლამო კამპანია. კიდევ იმიტომ „დავბრუნდი სახლში“, რომ უკვე აღარ შემეძლო დისნეილენდში ყოფნის ატანა, იმიტომ რომ უკვე აღარ იყო „ნამდვილი სურათების“ სუნთქვა, არამედ მხოლოდ ცუდი სუნი მატყუარა იმიჯების პირიდან.

უკან გერმანიაში, უკან ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი მატყუარა გამოსახულებების ისტორია აქვს. ალბათ, ეს პირველი ქვეყანაა ახალ ისტორიაში, რომელიც ისე საშინლად მოატყუეს და შეაცდინეს ყალბი გამოსახულებებით და სიცრუით, რომ მსგავსი დემაგოგიური სურათებისა და ისტორიების 12 წლიანი დიქტატურის შემდეგ ღრმა უნდობლობას იწვევს საკუთარი ისტორიები და იერ-სახეები. ეს ორჯერ გავიაზრე – ბავშვობაში, როცა ამერიკული იმიჯებით და ისტორიებით გავერთე და კიდევ ერთხელ მოგვიანებით, როცა გერმანიაში ახლიდან დაიწყეს იმიჯების შექმნა და ისტორიების მოყოლა. როცა ჩვენ – თუ ნებას დამრთავთ, ასეთი კრებითად მოვიხსენიო „ახალი გერმანული კინოს“ რეჟისორები და სცენარისტები – მოვინდომეთ, გვეჩვენებინა ჩვენი პირველი ფილმები, მაგრამ არცერთ ადამიანს არ მოუნდა მათი ნახვა. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, მას მერე რაც საზღვარგარეთ აღიარეს ახალი გერმანული კინოკულტურის ეს ფენომენი და მას გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭეს, თანდათან გაჩნდა მაყურებელი, რომელიც მზად იყო, ისევ ეყურებინა გამოსახულებებისა და ისტორიისთვის გერმანიიდან, ეყურებინა ვაკუუმიდან.

თუმცა ეს ურთიერთობა ძველებურად აბსურდულია – ურთიერთობა საკუთარ იერ-სახეებსა და სხვების იერ-სახეებს შორის როგორც გერმანულ კინოთეატრებში, ისე გერმანული ტელევიზორების ეკრანებზე. ამდენად, იდენტიფიკაცია ძველებურად იმპორტირდება. იდენტურობა არ აღმოცენდება შიგნიდან, არამედ გარედან ვყიდულობთ. ვიცი, რომ ვამარტივებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძველებურად, როგორც ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკურ საოცრებაში, გერმანია თავდაუზოგავად შრომობს და აწარმოებს პროდუქტს მთელი მსოფლიოსთვის, სამაგიეროდ გამოსახულებები და ისტორიები ანუ მითები და ლეგენდები, ცხოვრებისეული განცდები და ოცნებები იმპორტირდება. და პირიქით, რამდენადაც ეცემა ამერიკული ეკონომიკა, ამერიკული იმიჯები უფრო  და უფრო მეტად, ზოგჯერ კი მხოლოდ ისინი კვებავენ ამ სამყაროს ხალხების ფანტაზიას. დღეს, 1991 წლის 10 ნოემბერს, რომელ ქალაქის ბევრ ან თუნდაც ერთადერთ კინოთეატრში არ გადის „ტერმინატორი 2“? მაგრამ მინდა ვისაუბრო არა ამერიკულ კინოზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ვაკუუმზე, რომელიც სხვის გამოსახულებებსა და ისტორიებს ყლაპავს. მხოლოდ იაპონიაში ვნახე საკუთარი თავის წაშლის, საკუთარი დაკარგვის გრძნობის მსგავსი ვაკუუმი. არ მინდა შევადარო – ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყოველთვის უსამართლოა ხოლმე, მაგრამ მაინც მინდა, მოვყვე. ერთხელ ტოკიოში მეტროდან გამოვედი და რაღაც მომენტში არ ვიცოდი, სად ვიყავი. უცებ ჩემ წინაშე შენობას შევხედე და ცისფერი ნეონის უზარმაზარი ასოებით დავინახე წარწერა „Аrbeit”[1]. აქვე უნდა დავამატო, რომ ზუსტად გამოსვლამდე მეტროში გადავიღე ჩემ წინ მჯდარი ადამიანების ფოტო, რომლებსაც ეძინათ. მე ვიყავი ერთადერთი ფხიზელი მძინარე ხალხით სავსე ვაგონში და ვფიქრობდი: „ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ“. აქ კი უდიდესი ასოებით ეწერა “Аrbeit”. მოგვიანებით ამიხსნეს, რომ ეს ერთადერთი გერმანული სიტყვა იყო, რომელიც იაპონურ ენაში შევიდა – „arbeit-o“. ეს იყო გაზეთ Arbeit-ის გამომცემლობა, სადაც ქვეყნდებოდა განცხადებები სამსახურის მაძიებლებთათვის. მაგრამ იაპონიაზე საუბარს არ ვაპირებდი. მე გერმანულ ვაკუუმზე საუბარი მინდოდა. ვლაპარაკობ არაფრისმთქმელ მზერაზე სუპერმარკეტებში, ფეხით გადასასვლელ ზონებში, სასადილოებში, სოლარიუმებში, ვიდეოსალონებში, დისკოტეკებზე, ჩარტერულ ვერტმფრენებში. მე ვლაპარაკობ ტურისტების ბრბოზე, რომლებიც თავიანთი ავტომატური ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით, რომელიც ფოკუსს ავტომატურად ასწორებს, დაძრწიან მთელ მსოფლიოში, არსად ჩადიან, არსად შედიან, სანამ სახლში თავის სურათებს და ვიდეოებს არ დაათვალიერებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ „იქ იყვნენ“, რომ რაღაც გადაიტანეს, რაც ნიშნავს, რომ იცხოვრეს. მე ვლაპარაკობ გერმანულ ცხოვრებისეულ განცდაზე მეორე, მესამე ან მეოთხე წყაროდან.

დღეს ისედაც რთულია, რაიმე შეიგრძნო პირველწყროდან. უკვე ყველგან ხომ მეორადი გამოსახულება და სინამდვილეა?! გამოსახულებები სულისშემძვრელი სისწრაფით ვრცელდება. ვერავინ გააჩერებს მათ, ვერანაირი ორგანიზაცია და ვერანაირი ავტორიტეტი. პრეისტორიულ დროში და მას მერეც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ისინი მხოლოდ უნიკუმების სახით არსებობდნენ. თავიდან კედელზე, გამოქვაბულებში, შემდეგ სხვა მასალაზე, ხეზე, ტილოზე ან ტაძრის რელიეფზე. თუ ვინმეს სურათების ნახვა სურდა, აუცილებელი იყო მათი ფლობა ან მათთან მისვლა. შემდეგ გაჩნდა წიგნის საბეჭდი და მასთან ერთად გავრცელდა სურათები და გრავიურები, შემდეგ გაჩნდა ფოტოგრაფია. ეს იყო გიგანტური ნაბიჯი. სურათს, ასლს და რეალობას შორის ურთიერთქმედებამ სრულიად ახალი დეფინიცია მიიღო. რაკიღა არსებობდა ნეგატივი, ორიგინალის იდეაც აგრძელებდა არსებობას, რომლისგანაც, სხვათა შორის, შესაძლებელი იყო ნებისმიერი რაოდენობის ასლის დამზადება. პირველად გახდა შესაძლებელი ადამიანებისა და ადგილების ნახვა  სადმე წასვლის გარეშე. კინომ ლოგიკურად გააგრძელა ეს გამოგონება – სურათებმა მოძრაობა დაიწყეს, მათ უკვე შეეძლოთ, არა მხოლოდ სიტუაცია აღეწერათ, არამედ ისტორიები მოეფიქრებინათ და მოეყოლათ. შემდეგ გაჩნდა ტელევიზია და მასთან ერთად იდეა, „ცოცხალად“ მიიღოთ მონაწილეობა მოვლენებში, რომელიც სადღაც შორს ხდება. მახსენდება, როგორ ვიჯექი პირველად ტელევიზორთან, რა თქმა უნდა, არა სახლში, არამედ მეგობართან ერთად, რომლის მშობლებიც არ იზიარებდნენ ჩემი მშობლების შიშს ამ „ყუთთან“ დაკავშირებით. შემდეგ პროგრამები სულ უფრო და უფრო გამრავლდა ანტენის, კაბელის, თანამგზავრის მეშვეობით. ადრე ერთი პროგრამის ყურება იყო შესაძლებელი, დღეს, ალბათ, ათის ან ოცის, ხვალ უკვე 100-ის. ამას ემატება ვიდეომაგნიტაფონები და ვიდეოკამერები, რომელთა დახმარებით ყველას შეუძლია საკუთარი ტელემაუწყებლობა შექმნას. კიდევ კომპიუტერები, ვიდეოთამაშები, ახლა მალე ვირტუალური რეალობაც, უახლოეს მომავალში ციფრული სურათები და საბოლოოდ მოკვდება თავად ორიგინალის იდეა და ყოველი მეათასე და მემილიონე ასლი ორიგინალის იდენტური იქნება. მაშინ არც ისე შორეულ მომავალში შეუძლებელი იქნება „შინაარსის უტყუარობის“ შემოწმება. მოკლედ, სურათი უფრო და უფრო სცილდება სინამდვილეს და მასთან არანაირ კავშირს აღარ აქვს. თუ 10 ან 20 წლით უკან გაიხედებით, გამოსახულების ინფლაციასა და ექსპანსიაზე ფიქრით თავბრუ დაგეხვევათ. რა თქმა უნდა, ეს მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ განსაკუთრებით კატასტროფულად გამოსახულებისადმი რწმენისა და უცხო იმიჯებით სავსე გერმანულ ქვეყანაში. გამოსახულების სიჭარბეს რეალობის დაკარგვასთან მივყავართ. რეალობასთან დაკარგული კავშირის აღდგენა ქვეყანაში, რომელიც ასე ცოტას აკეთებს საკუთარი იდენტობის შექმნისთვის – ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა გადაწყდეს.

დავუბრუნდები იმას, რამაც „უკან, სამშობლოში დამიძახა“ – ენას, გერმანულ ენას. მართალია, გამოსახულების სამყარო სულ უფრო ირღვევა და მართალია, გამოსახულება მეცნიერების და ტექნიკის პროგრესის გამო უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება ისე, რომ ისინი უკვე გამოდიან კონტროლის ზონიდან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამოვლენ, მაინც არსებობს სხვა კულტურა, საწინააღმდეგო კულტურა, რომელშიც არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება – ისტორიის თხრობა, წერა და კითხვა, სიტყვა. ბიბლიის ცოტათი მჯერა, მაგრამ ამ პირველი ფრაზის გაშმაგებულად მჯერა: „თავიდან იყო სიტყვა“. არ ვფიქრობ, რომ ოდესმე იტყვიან: „თავდაპირველად იყო გამოსახულება…“ სიტყვა დარჩება.

რა თქმა უნდა, სიტყვაც შეიძლება გამოვიყენოთ მკრეხელობისთვის. მაგრამ სარეკლამო ტექსტების, გამოშიგნული ლოზუნგებისა და ბულვარული პრესის გასწვრივ ყოველთვის იქნებიან მწერლები.

ეს არ შეცვლილა ჰომეროსისა და პლატონიდან გოეთესა თუ კაფკამდე ან დღემდე. ძველებურად მოიძებნება ის, ვინც დაჯდება და რაიმეს დაწერს და სხვა, რომელიც დაჯდება და ამას წაიკითხავს.

ჩახშობის ვერცერთმა ფორმამ ვერ შეძლო ოდესმე ხელი შეეშალა ამისთვის,  ვერანაირმა წიგნის დაწვამ ვერ შეძლო, შეეწყვიტა ეს ურღვევი პროცესი. მსოფლიო კინემატოგრაფის ყველა ფილმს შორის ჩემი საყვარელი სცენა ტრიუფოს ფილმის „451° ფარენგეიტის“ დასკვნითი კადრებია. ეს მეცნიერულ-ფანტასტიკური სცენა ხდება ქვეყანაში, სადაც წიგნები აკრძალულია და კითხვა დანაშაულად ითვლება. კარვების ქალაქში დაწყევლილები ცხოვრობენ. თითოეული მათგანი წიგნია: მათ ისწავლეს წიგნი ზეპირად და მას სხვებს გადასცემენ. გრძელი საერთო ხედით ნაჩვენებია ეს მოარული „ცოცხალი წიგნები“, რომელთაგან თითოეული ციტირებს ერთ წიგნს თავის ენაზე. ყველა ამ ხმიდან იბადება თავისებური მუსიკა, კაცობრიობის გუნდი.

ამ ქვეყანაში, გერმანიაში, თხრობის ტრადიცია არასდროს შეწყვეტილა. ამერიკისგან განსხვავებით, გამოსახულებებს აქ აღარ შეუძლიათ იდენტობის შექმნა. გერმანული ომისშემდგომი პოლიტიკის ყველაზე ამაღელვებელმა სურათმაც კი – ვარშავში გეტოს მსხვერპლთა ძეგლის წინაშე მუხლმოყრილი ვილი ბრანდტი – ცოტა ხნით მოიცვა წარმოსახვა, ცოტა ხნით გამოასხივა სინათლე. გამოსახულება აქ ერთხელ და სამუდამოდ დისკრედიტირებულია. სამაგიეროდ, დიდიხანია სიტყვა ახდენს თავის გავლენას. ტყუილუბრალოდ კი არ საუბრობენ პოეტების და მოაზროვნეების ერზე.

დღესდღეისობით ასეთ წარუმატებელ ქვეყანაში ჩვენი ხსნა  ჩვენი გერმანული ენაა. ის დიფერენცირებულია, ზუსტი, გამჭრიახი, სათუთი, მკაცრი და ფრთხილი ერთდროულად. ის მდიდარია. ის ერთადერთი სიმდიდრეა ამ ქვეყნისა, რომელიც ფიქრობს, რომ მდიდარია, სინამდვილეში კი არ არის. ენა არის ის ყველაფერი, რადაც უკვე  აღარ აღიქმება ეს ქვეყანა, რადაც ჯერ არ გამხდარა და შეიძლება არც აღარასდროს გახდეს.

ვიმედოვნებ, ამ გამოსვლის გამო მკაცრად არ განსჯით გამოსახულების შემქმნელს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

 

მთარგმნელი: ანი მესხიშვილი

 

W i m  W e n d e r s. The Act of Seeing. Texte und Gespräche.  Frankfurt am Main: Im Verlag der Autoren, 1992, S. 187–198.

© 2002, “Киноведческие записки” N59

[1] მუშაობა (გერმ.)

I ნაწილი

Close Menu