1991 წლის 10 ნოემბერი.

„მე სულით გერმანელი და პროფესიით ევროპელი ვარ“.

„დილა მშვიდობის.

ყველა, ვინც სიტყვით გამოდის, ნებსით თუ უნებლიეთ საკუთარ თავზე საუბრობს – იქნება ეს შეფარულად სიტყვათა შერჩევის, გრამატიკის თუ აქცენტის მეშვეობით ან პირდაპირ, როცა საკუთარ აზრს გამოხატავს – ის ჰყვება საკუთარ გამოცდილებაზე ან პირდაპირ საკუთარ თავზე. მე ამას ძალიან აშკარად გავაკეთებ. „გერმანიაზე საუბარი“ შემიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვისაუბრებ გერმანელზე ჩემივე თავში.

არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს „გერმანელებზე“, უფრო სწორად, არ მინდა ვიფიქრო, რომ „ისინი“ არსებობენ.

სინამდვილეში მე ვიმ ვენდერსი არ მქვია. ჩემი სახელია ერნსტ ვილჰელმ ვენდერსი. მე ომის უკანასკნელ ზამთარს ჩავისახე, 1944-45 წლებში, აიფელში. ხოლო 1945 წლის აგვისტოში, დიუსელდორფში დავიბადე, ექიმ ჰენრიხ ვენდერსის და მისი ცოლის, მართას ოჯახში. ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 1 კვირაში – იაპონიის კაპიტულაციის დღეს.

ყოველთვის წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ასეთი საგაზეთო სათაურები  იყო ჩემი დაბადების დღეს, თუ მაშინ „ჩვენ“ საერთოდ ისევ გაგვაჩნდა პრესა.

როცა მამაჩემს სამოქალაქო ჩაწერის ბიუროში ვიმის სახელით მოუნდა ჩემი დარეგისტრირება,  ჩინოვნიკმა მას აუხსნა, რომ ეს გერმანული სახელი არ იყო და მამაჩემიც იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რომ ოჯახის რეგისტრაციის წიგნაკში ვილჰელმის სახელით მოვეხსენიებინე.

ჩემი მეორე სახელი ჩემი ნათლიის სახელი გახდა – ერნსტი. გაუგებარი მიზეზებით ის პირველი სახელის ადგილას მოხვდა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ მაგალითად დღეს აშშ-ში მოგზაურობისას მარეგისტრირებენ, როგორც «Ernst W», რომელიც მთლად ვილჰელმიც კი აღარაა.

ცხოვრების პირველი წლები ბაბუის, აფთიაქარ ვილჰელმ ვენდერსის სახლში გავატარე. მას აფთიაქი კაიზერსვერტერშტრასეს ქუჩაზე ჰქონდა. სახლმა ომი გადაიტანა, თუმცა გარშემო თითქმის ყველაფერი დაზიანებული იყო. ჩემი პირველი მოგონება ნანგრევებია. ნანგრევების მთები, ცისკენ მიმართული საკვამურები, როგორც საჩვენებელი თითი; ტრამვაი, რომელიც ნანგრევების ბორცვებზე დადის. აი, თურმე როგორია სამყარო. ბავშვობაში ყველაფერს იღებ ისე, როგორც სინამდვილეშია. შემდეგ 4 წელი მოზელის სანაპიროზე, კობლენცში ვცხოვრობდით. იქ წავედი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მოზელვაისში. შემდეგ ისევ დიუსელდორფში დავბრუნდით და სკოლა ურდენბახში გავაგრძელე სწავლა, შემდეგ ბენრატის გიმნაზიაში ჩავაბარე. მამაკაცების გიმნაზია დროებით ბენრატის სასახლეში მდებარეობდა. არც ისე დიდი ხნის წინ ელისეის მინდვრებზე პრეზიდენტის სასახლეში მიმიპატიჟეს, სადაც პრეზიდენტ მიტერანის სამუშაო კაბინეტში ჩემი სკოლის სურათი ეკიდა და მეც სიამაყით შემეძლო „ჩემი კლასის“ ფანჯარა მეჩვენებინა. სურათზე საჯინიბოს ფანჯარაც ჩანდა.

გიმნაზიის უკანასკნელი წლები რურის რეგიონში, კერძოდ ობერჰაუზენ-შტერკრადში ბარონ ფონ შტაინის სახელობის გიმნაზიაში გავატარე. იქ ჩავაბარე საატესტატო გამოცდები, რის შემდეგაც ფრაიბურგის ბრაისგაუში მედიცინის შესწავლა დავიწყე. მაგრამ ისიც ისევე შევწყვიტე, როგორც ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის შესწავლა.

სწავლა მიუნხენში დავასრულე. კინოსა და ტელევიზიის უმაღლეს სკოლაში. აქ 10 წელი ვიცხოვრე – თავიდან როგორც სტუდენტმა, კინოკრიტიკოსმა და მერე როგორც კინემატოგრაფისტმა.

შემდეგ 7 წელი აშშ-ში გავატარე, რათა ბოლოსდაბოლოს იქ, უცხოეთში შემეცნო ჩემი თავი სულით გერმანელად და პროფესიაში ევროპელად. ასე დავბრუნდი სახლში და 1984 წლიდან ვცხოვრობ ბერლინში, ქვეყნის გულში. სწორედ მასზე მინდა ვისაუბრო.

რატომ გიყვებით თავიდან ჩემს ბიოგრაფიას? რა თქმა უნდა, არა ჩემი თავის გამო, შეგიძლიათ მერწმუნოთ. დიდწილად იმიტომ, რომ ვიმედოვნებ, მივიღებ ალიბის, რომელიც ნებას დამრთავს, „ვისაუბრო გერმანიაზე“, როგორც მასალაზე, რაზეც საუბრობ.

მაგრამ როგორ? ხშირად მინდება, ვილანძღო გერმანიის გამო, ჩემთვის ნაცნობია გერმანიის გამო სირცხვილის გრძნობაც, ხანდახან გერმანიით თავის მოწონებაც  ან მისგან გამიჯვნა  მინდება – ესეც არის სადღაც ჩემ სიღრმეში. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიანაც არ გამოგვადგება, ამით ძალიანაც ვერ ვიტრაბახებ. აბა, რაში მჭირდება, ვიდგე უცხო ხალხის წინაშე და „ვისაუბრო“ როგორც ადამიანმა, რომელიც უკვე სრულიად საწინააღმდეგოთია დაკავებული, კონკრეტულად კი გამოსახულებით და რომელსაც ქაღალდის გარეშე საუბარიც კი არ შეუძლია და იძულებულია თავისი გამოსვლა წაიკითხოს. რატომ, თუ არა იმისთვის, რომ ამ სურვილის წყალობით ვისაუბრო და ამ ჩანაფიქრთან დაკავშირებით ვეცადო, ვიპოვნო რაღაც, ამოვქექო რაღაც, რის შესახებაც ცოდნა მე ჯერ კიდევ არ მაქვს.

რაზე? „გერმანიაზე“. რაც უფრო ხშირად ვატრიალებ პირში სიტყვას „გერმანია“, მით უფრო ნაკლებს ნიშნავს ის ჩემთვის, მით უფრო მეტად ხდება ის სუფთა გეოგრაფიული გაგება. მაგრამ მე არ მოვიაზრებ რუკას, რომელიც საკმარისად კარგად იცით, თავისი ჩრდილებით, რომლებიც ამ ქვეყანამ დროთა განმავლობაში წარმოქმნა.

გერმანია. მეჩვენება, რომ ეს სრულიად ცარიელი გაგებაა – უპირველეს ყოვლისა, ეს არის რაღაც, რაც უკვე აღარაა. ან ის, რაც აღარ იარსებებს. ანუ ვაკუუმი. შეიძლება თქვენთვის არა, მაგრამ ჩემთვის დანამდვილებით. და მხოლოდ ამის გამო ვდგავარ აქ, რომ ეს ვაკუუმი შევავსო. ჩემთვის ეს შესაძლებლობა ძალიან დროული იყო, საკითხი დიდი ხანია, მომწიფდა. გერმანია – რას ნიშნავს ეს ჩემთვის? შეგიძლიათ, მოისმინოთ, როგორ ვცდილობ, ჩემივე თავისთვის აღვწერო ეს უცნობი ქვეყანა, შევავსო ეს უცნაური სიტყვა.

ქვეყანა, მამული და ასევე სამშობლო. მშობლიური სივრცე, ფართო სამყარო… მაგრამ მე თავად უკვე დიდი ხანია, აღარ ვცხოვრობ ერთი ქვეყნის შემოგარენში. უფრო მეტად გზაში ვარ, ვიდრე სახლში. მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, სამყაროს დასალიერშიც კი, თუ საჭირო ხდება. სამყარო უკვე – გამოთქმის არ იყოს – ერთი სოფელია და უფრო და უფრო მეტად იქცევა სოფლად. რას ნიშნავს ცნება „ქვეყანა“ მაშინ, როცა უკვე აღარაა საზღვრები, საზღვრების მიღმა კი ყველაფერი ზუსტად ისევე გამოიყურება. ანაქრონიზმი – განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვეყანა საკუთარ თავს მოიაზრებს, როგორც ნაციას, აიკვიატებს ამ იდეას ან ფანტაზიორობს, ეს უიმედო შემთხვევაა. „ჩვენთვის გერმანელებისთვის“ ეს უკეთ არის ცნობილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერისთვის.

არც თუ დიდი ხნის წინ გერმანია გახდა „ერთიანი ქვეყანა“, მაგრამ გავხდით კი ამისგან „ქვეყანა“? და როგორი? მე ძველებურად ორს ვხედავ – მდიდარს და ღარიბს. ერთი, არსებული 1991 წელს, ხოლო მეორე არავის დროში, არა ნაცრისფერი ზონაში, არამედ ნაცრისფერ დროს, ასე ვთქვათ, დროებს შორის. რეაქტიული თვითმფრინავების ეპოქაში მოდური გახდა დროის აღრევაზე საუბარი, იმაზე, რომ საჭიროა 9 ან 12 საათიანი დროის განსხვავება გადავიტანოთ. ახლა წარმოიდგინეთ 9 და 12 წლიანი სხვაობა – როგორ შეიძლება მაშინ გაიხლიჩოს თავის ქალა?

როგორ უნდა გაგვაოცოს უცხოელების მიმართ სიძულვილმა, როცა ამ ქვეყნის მაცხოვრებელს საკუთარი ქვეყნის დეფინიციის მოცემა არ შეუძლია, როცა თვითონ არ იცის, სად იმყოფება, სად არის მისი ადგილი და ამგვარად თავისი ბრმა აგრესიით იცავს არა თავის ტერიტორიას, არამედ იბრძვის იმისთვის, რომ ის შეუშვან. მეჩვენება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უცხოელები ვართ და ვცდილობთ, დავსახლდეთ უცნობ ქვეყანაში, სახელად – გერმანია. შეიძლება, ძალიან თამამი თეზისია, მაგრამ ის, ნაწილობრივ ყველას ათანაბრებს.

15 წლის წინ ვიღებდი ფილმს გერმანია-გერმანიის საზღვარზე, განცალკევებულ, ყველასგან დავიწყებულ კუთხეზე, საზღვართან ჩაკარგულ რაიონზე. ორი დაღლილი გმირი ღამეს ამერიკულ საბრძოლო ყაზარმაში ათევს, რომლის კედლებიც ლამაზმანების პორტრეტებით და ამერიკელი ჯარისკაცების მოთითხნილი გრაფიტითაა დამშვენებული. მათ იჩხუბეს და ერთ-ერთმა, „კამიკაძემ“, განთიადისას დატოვა ეს ადგილი. მეორემ, „გზის მეფემ“ დილით გაიღვიძა, ბანაკიდან გამოვიდა და თავის წინ ნისლში ჩაწოლილ საზღვარს ე.წ. „სიკვდილის ზოლს“[1] შეხედა. რა უნდა გაეკეთებინა ამ მომენტში? რომელი ჟესტი იქნებოდა მართებული მაშინ, როცა სიტყვებით უკვე ვერაფერს გადმოსცემ? მას ტარზანის ყვირილი აღმოხდა, გაწელილი, სევდიანი ჯუნგლების კივილი. გარკვეული დროის შემდეგ „გზის მეფე“ პატარა ქალაქში მიდის და კინოთეატრის წინ ჩერდება, სადაც კინოპროექტორის რემონტს იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე დიდი ხანია, აღარ აჩვენებენ კინოს. კინოთეატრს „თეთრი ეკრანი“ ერქვა – როგორიც იყო ის რეალურად. აქ აღარაფრის დამატება იყო საჭირო, ამით შეიძლება ფილმი დამთავრებულიყო.

და თუ უკვე აღარანაირი ქვეყანა ჩანს, არსებობს კი რამე სხვა გაგება, ეს სხვა სიტყვა „სამშობლო“? და სად შეიძლება უკეთ შეიცნო სამშობლო, თუ არა უცხოეთში „სამშობლოზე სევდის“ ფორმით? 7 წელი გავატარე უცხოეთში, ამერიკაში. მინდოდა, იქ „ამერიკელი რეჟისორი“ გავმხდარიყავი, მემოქმედა, მეფიქრა და მელაპარაკა, როგორც ამერიკელს. და როცა პირველად დამემართა, რომ გერმანული სიტყვის ძებნა დავიწყე, თავში კი მხოლოდ ინგლისური სიტყვა მიტივტივდებოდა, როცა საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან გერმანული ფრაზის შუაში იძულებული ვიყავი მეთქვა -„როგორ არის ეს გერმანულად?“ იმისთვის, რომ შემდეგ ისევ ინგლისური სიტყვა გამომეყენებინა – მაშინ საშინლად ვიგრძენი თავი. ეს იყო სამშობლოზე სევდის მომენტი. უკვე იმ გზას ვადექი, რომ რაღაცას ვკარგავდი. არა მხოლოდ ერთი, შემდეგ კი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტი სიტყვა, რაც თავისთავად უკვე საკმარისად მტკივნეული იყო – არა, ამ სიტყვების უკან რაღაც სხვა იდგა, ჩემი ენა. და არა მხოლოდ ის, რომელიც გჭირდება, რომ რაიმე გამოხატო – მე მშვენივრად შემეძლო აზრის ინგლისურად ან უფრო სწორად, ამერიკულად გამოხატვა. ჩემი ენა ეს ჩემი ქმედებებიც არის, ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ჩემი „პოზიცია“. გასაოცრად ზუსტი სიტყვა კინემატოგრაფისტისთვის, რომელიც სხვა ენებზე არ ითარგმნება. გადაიღო კადრი („პოზიცია“), ამისთვის დაიკავო პოზიცია  – ერთი შეუძლებელია მეორეს გარეშე. ჩემს ენაში არ ყოფილა არანაირი „it’s nice to see you“ („სასიამოვნოა შენი ნახვა“) ან „let’s have lunch some day“ („ერთხელ შევხვდეთ ლანჩზე“) ან „I’ll call you later“(„მოგვიანებით დაგირეკავ“). როცა ამას ამერიკულად წარმოვთქვავდი, ამას მე არ ვამბობდი. ამერიკელად ქცევის გზაზე ჩემი მშობლიური ენის დაკარგვის საფრთხეს შევეჯახე, გავიგე, რომ ეს გერმანული სიტყვები და ეს გერმანული გრამატიკა ჩემთვის ერთგვარი კარკასი იყო, რაღაც ტვინში ხერხემლის გაგრძელების მსგავსი. „Ich“ ვერასდროს გახდება „I“, ან “me” ანდა “moi”, ყოველ შემთხვევაში დანაკარგის გარეშე. როგორი ზუსტი სიტყვაა ეს „დანაკარგი“. სურვილის დაკარგვა. მახსენდება, რომ სწორედ ამ დანაკარგის გაანალიზებისტანავე, მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ინგლისურად კითხვის შემდეგ, ისევ წავიკითხე გერმანული წიგნი და თანაც ისეთი, რომლის სახელიც უკვე ყველაფერს ხსნიდა: პიტერ ჰანდკეს „ნელი დაბრუნება სახლში“. და ყოველ ფრაზასთან ერთად უფრო მკაფიოდ აღინიშნავდა ჩემი საკუთარი დაბრუნება ჩემ ენასთან, სამყაროსადმი ჩემ დამოკიდებულებასთან. ამას, ალბათ, ისიც დაემატა, რომ ამერიკისგან სიამოვნების მიღების განცდა დავკარგე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა, ის ამას არ ეხება, okay?

იცით, საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა Okay? დიდი ხნის მანძილზე ვატარებდი გამოკითხვას ამერიკელებთან: „რატომ ამბობთ ოკეის? „კ.ო“ მესმის. ეს ნიშნავს ნოკაუტს — knock out. მაგრამ, რას ნიშნავს ოკეი?“ ბოლოს და ბოლოს ამის შესახებ სანდო წყაროდან გავიგე. როცა მოხუცმა მისტერ ფორდმა თავისი “მოდელი T” დაამზადა, ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მილიონობით ასეთი მანქანა გამოუშვეს. ამან კონვეირის გამოგონებამდე მიგვიყვანა და მანქანების კონვეირირულად აწყობა დაიწყეს. „ფორდის“ ქარხნის მენეჯერი კონვეირში ავტომობილების ხარისხს ამოწმებდა, მათ კონტროლს და ჩაბარებას უზრუნველყოფდა. თავიდან ის საკუთარ სახელს და გვარს ხელით წერდა, მაგრამ მანქანების რაოდენობის საოცარი ზრდის გამო მარკის გამოყენება დასჭირდა. შემდეგ მანქანის პასპორტის ტექნიკურ გვერდს უკვე საკუთარი ინიციალებით ამოტვიფრულ ბეჭედს აკრავდა, რაც მანქანის სიკარგის აღმნიშვნელ სინონიმად იქცა. ეს ადამიანი გერმანელი იყო, სხვანაირად ვერც იქნებოდა. და მას ოსკარ კაუზი ერქვა: ო.კ. ოკეი.

ოსკარ ბრაუზი ამერიკაში დარჩა. მე არ დავრჩი, უკან დავბრუნდი. უკან – შესაძლოა არასწორი სიტყვაა. მე უფრო მეჩვენებოდა, რომ მიმართულება იყო წინ. წინ, უცნობ ქვეყანაში, სახლში ნაცნობი ენით. შევნიშნე, რომ ამ ენაში ვცხოვრობ, ამ ენაში ვცოცხლობ და ის ჩემთვის სინათლის წყაროდ დარჩება ამ ხშირად უსიხარულო, ხშირად ბუზღუნა გერმანიაში.

 

მთარგმნელი: ანი მესხიშვილი

 

[1] აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გამყოფ საზღვარზე გადაპარული უამრავი ადამიანის დაღუპვის გამო შერქმეული სახელი.

II ნაწილი

 

Close Menu