• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი ინტერვიუ იშტვან საბოსთან, ნაწილი II
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ იშტვან საბოსთან, ნაწილი II

  • ივნისი 18, 2019
  • CinExpress
Total
1
გაზიარება
1
0
0

იშტვან საბო

“ყველაზე მშვენიერი პეიზაჟი მსოფლიოში – ადამიანის სახეა“

ინტერვიუერი ნაუმ კლეიმანი

გამომცემელი ალექსანდრე ტროშინი

2005

მეორე ნაწილი.

 

კითხვა დარბაზიდან: ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რთულია, აირჩიონ ნამდვილი უამრავი რაოდენობის ფილმებს შორის, რომლებიც ყოველწლიურად იწარმოება. რა უნდა ქნას ამ დროს ახალგაზრდა მაყურებელმა? რას ურჩევდით? როგორ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი?

საბო: ბევრია დამნაშავე იმაში, რომ მაყურებელი დეზორინეტირებულია. სიმართლე რომ გითხრათ, კრიტიკოსები გამოხატავენ იმ აზრს, რაც გაზეთს უნდა. სამწუხაროდ, დღეს ისინი აღარ აანალიზებენ ფილმებს, უბრალოდ უსვამენ „ვარსკვლავებს“. რამდენი ვარსკვლავიც აქვს ერთ ფილმს, იმდენი აქვს სხვას. ადრე კრიტიკოსი თავის მიზანს იმაში ხედავდა, რომ მაყურებლისთვის აეხსნა, რითია ღირებული და ფასეული ესა თუ ის ფილმი, ავტორისთვის კი აეხსნა, რაშია მისი შეცდომა. ახლა ყველაფერი პირიქით კეთდება: მაყურებელი უხსნიან, რაშია ავტორის შეცდომა, ავტორს კი უხსნიან, რაში მდგომარეობს პუბლიკის მოლოდინის ღირსება. ხშირად მაღლა იწევს სულელური ფილმები, მათ უმაღლეს დონეზე აფასებენ, სხვა უფრო მოკრძალებული ნამუშევრები კი ყურადღების მიღმა რჩება და ივიწყებენ. ზოგიერთ კრიტიკოსს არანაირი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის კინო. მათ საერთოდ არ იციან, რისთვის კეთდება ფილმები.

ერთხელ ჩემ თავს ვკითხე: რისთვის ვაკეთებ კინოს? ლიტერატურას მშვენიერი ისტორიების მოყოლა შეუძლია, პერსონაჟების გახსნა, დიალოგების წარმართვა, რომლებიც გვაჩვენებენ, როგორები არიან ადამიანები. თუ დაძაბულ ადამიანურ ურთიერთობებს ვაჩვენებ, ამ მიზნისთვის თეატრი არსებობს. თუ გარკვეული ემოციების გადმოცემა მინდა – მუსიკა. თუკი მინდა ვაჩვენო რამე გამომსახველის ხილულ სამყაროში, შემიძლია სახვით ხელოვნებას მივმართო. თუ გვჭირდება, ვაჩვენოთ დაძაბულობა სინათლესა და ჩრდილს შორის, საღებავების შეჯახება, ამისთვის არსებობს მხატვრობა. თუ მჭირდება, გადმოვცე გრძნობა დროში, ისევ და ისევ მუსიკა. და თუ მჭირდება, ვაჩვენო ეპოქებს შორის განსხვავება და მათი გამოძახილი – ისევ ლიტერატურა. მაშინ რაღაში გვჭირდება კინო? თუ ის სხვადასხვა ხელოვნების  უბრალო ნაზავია, არის კი მოძრავ გამოსახულებაში რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ კინოს მეშვეობით შეიძლება გადმოიცეს? სურათის სიდიდე? არა! მხატვრობაშიც შეიძლება დიდი ტილოების შექმნა, რიტმი კი მუსიკაშიც გადმოიცემა… მაშ, რა არის უჩვეულო კინოში? რაც მხოლოდ დიდ ეკრანზე და ზოგადად ეკრანზე უნდა ვაჩვენოთ? მე სხვა ვერაფერი ვიპოვნე ადამიანის სახის მსხვილი ხედის გარდა. ცოცხალი ადამიანის სახე დიდ ეკრანზე. მხოლოდ მაშინ შემიძლია ვაჩვენო, როგორ იბადება ემოცია. ეს ადამიანის თვალებში იკითხება. მთელი პროცესი! როგორ იბადება სიყვარულიდან ეჭვიანობა. როგორ იცვლება სიმშვიდე შფოთვითა და დაძაბულობით. და უცებ როგორ ინთება ჩემს თვალებში აღმოჩენა. ყველაფერი ეს საოცარი სახით აირეკლება ადამიანის ჩვეულებრივ სახეზე. და არა რემბრანტის, ტიციანის თუ ფრანც ჰალის მიერ დახატულ პორტრეტზე. ფილმის კადრი – ეს არის ცოცხალი ადამიანის სახე. მხოლოდ ის შეიცავს ცოცხალ ენერგიას.

კადრი ფილმიდან “პოლკოვნიკი რედლი” (1985)

მაშინ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოში? მსახიობი. ჩვენ, ავტორებს გვსურს, რაღაცას მივაღწიოთ, იმიტომ რომ რაღაცის თქმა გვინდა. გამოსახულების საშუალებით ეს ნააზრევი თქვენთან უნდა დარჩეს. თქვენ უნდა გაიხსენოთ ეს გამოსახულება. თუ თქვენ მის გახსენებას ვერ შეძლებთ, ეს ნიშნავს, რომ ფილმი არ გახსოვთ ანუ ის დავიწყების ღირსია. ახლა რამდენიმე სახელწოდებას ჩამოგითვლით, თქვენ კი ეცადეთ წარმოიდგინოთ, რა გამოსახულებები ამოგიტივტივდებათ თვალწინ. და თქვენ ნახავთ, რომ ყველაზე მეტად ადამიანის მაგნეტური სახე გახსენდებათ. მე ვამბობ: ეიზენშტეინის „ივანე მრისხანე“ და თქვენ ჩერკასოვის სახე გახსენდებათ; მისი პროფილი, თავისი გრძელი წვერით და უდიდესი მწკრივი, რომელიც გველივით მიიზლაზნება მისკენ. ასევე გახსენდებათ, როგორ ზის მაგიდასთან, კედელზე კი მისი უზარმაზარი აჩრდილი და გლობუსის ჩრდილი წამომართულა. ახლა მეორე დასახელება: “ანათე, ანათე, ჩემო ვარსკვლავო”. მაშინვე ტაბაკოვი მახსენდება, ერთგვარი სანჩო პანსა. ანდა „მოქალაქე კეინი“ – ორსონ უელსის გმირს ვხედავ, ტრიბუნაზე მდგარს, ზურგსუკან კი მისი უზარმაზარი ფოტოპორტრეტია. ანდა, როცა ის სარკეების გარემოცვაში აღმოჩნდება, ასობით ანარეკლში. კიდევ ბევრი რამ შემიძლია დავასახელო და მაშინვე გონებაში დაინახავთ გრეტა გარბოს, მარლენ დიტრიხს, კლარკ გეიბლს, ვლადიმირ დრუჟნიკოვს, ალექსეი ბატალოვს. მათი სახეები ჩვენს მეხსიერებაში რჩება. ვარსკვლავების მთელი ეს ამერიკული სისტემა ამ მარტივ იდეაზეა აგებული. იმაზე, რომ მაყურებელს იმ ადამიანთან  შეუძლია იდენტიფიცირება, რომელიც მას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამასთან, ეს სახე საოცარი ფორმით იცვლება დროის ცვლილებებთან ერთად.

შემიძლია ვცადო აგიხსნათ, როგორ იცვლის ისტორიის ან სოციალური ცვლილებების განმავლობაში საზოგადოება იმიჯს, რომელთან იდენტიფიცირებაც გვსურს. თითქმის ყოველ 12 წელიწადში იცვლება სახე, რომელშიც პუბლიკა საკუთარი ფარული მოლოდინების ასახვას ხედავს. ქალის საკულტო სახეებია: გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი, მერილინ მონრო, ჯეინ ფონდა, ვანესა რედგრეივი, კატრინ დენევი.

20-იანი წლებში და 30-იანების დასასწყისში რატომ გახდა სწორედ გრეტა გარბო საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ დადიოდნენ ადამიანები კინოში კონკრეტულად იმისთვის, რომ გრეტა ენახათ? გერმანიასა და იტალიაში 30-იანების დასაწყისში ყველამ მიიღო უნიფორმა, სხვა ქვეყნებიც ნელ-ნელა, უჩუმრად შეიმოსნენ მასში. დიახ, შეიძლება თავდაჯერებულად გრძნობდე თავს, როცა ფორმას ატარებ. ეს იყო მასობრივი განწყობა. მაგრამ სადღაც ღრმად, გულში ყველას გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთადერთობა და ავთენტურობა, ამას უბრალოდ არ ვაჩვენებთ. გვინდა, ინდივიდუალურებად დავრჩეთ. და ჩნდება ქალი, რომელიც ჩვენს სურვილს ანსხეულებს. გრეტა გარბო. ის თითქოს მუდამ ფორმაშია, ყოველთვის ფლობს საკუთარ თავს და იჭერს დისტანციას, ყველაზე ინტიმურ, სასიყვარულო სცენებშიც კი სამი ნაბიჯის დაშორებით დგება. ეს სიცივე არაა, ეს სიამაყე და ადამიანური ღირსებაა. ეს იყო ჩვენი ოცნებების განსხეულება – შეგვენარჩუნებინა ეს თვისებები.

მაგრამ მსოფლიო ნელ-ნელა მეორე მსოფლიო ომს უახლოვდებოდა. ცხოვრება უფრო მეტად საშიში ხდებოდა. ისე ვცხოვრობდით, თითქოს ვულკანზე ვცეკვავდით. და აი მოვიდა ქალი, რომელმაც ეს საფრთხე განასახიერა: მარლენ დიტრიხი. და მისი იმიჯით მეორე მსოფლიო ომში შევცურეთ. მაშინ მივხვდით, რომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. ტყვია გავარდა, ბობმი ჩამოვარდა და ყველაფერმა გაიარა. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რას ნიშნავს ცხოვრება და არა სიკვდილი. რას ნიშნავს ხორცი, ჭამა და სმა, რა არის სისხლი. და გამოჩნდა მერილინ მონრო. შემდეგ სრულიად სხვა საზოგადოებას აჩრდილი გამოჩნდა, როცა ადამიანებმა კორეის და ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტი და ქალთა უფლებების დაცვა დაიწყეს. მაშინ გამოჩნდნენ მედროშე-ქალი ვარსკვლავები, რომლებიც მზად იყვნენ საპროტესტო ბანერებით ხელში ევლოთ. ისინი პოლიტიკურად მებრძოლი ხალხი იყო. მათ ჰქონდათ ის ქალურობა, რომელიც არ ჰქონდა არც მერილინ მონროს და არც გრეტა გარბოს. მათ მოკლედ შეიჭრეს თმა და ჯინსებში დადიოდნენ. ჯეინ ფონდა. ვანესა რედგრეივი. სწორედ ამ ქალებიდან გამოვიდნენ ისინი, ვინც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრები, ბანკის პრეზიდენტები გახდნენ და რომლებსაც რაღაც განსაკუთრებული სიცივე გაუჩნდათ. აბსოლიტურად ცივი ქალები, ცივი- როგორც ყინული, რომლებსაც სროლაც შეეძლოთ, თუ ამის საჭიროება დადგებოდა. ფეი დანაუეი, კატრინ დენევი…..

უცნაურია, მაგრამ ახლა არ არიან ქალები, რომლებიც პუბლიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეპოქის იმიჯი. ამიტომაც დღევანდელ საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, როგორია ნამდვილი ქალი. თავად ქალებსაც არ შეუძლიათ, გადაწყვიტონ, ბანკის პრეზიდენტი გახდებიან, ქვეყნის თუ უბრალოდ დედები და ოჯახის თავები. ქალის როლთან დაკავშირებით ყველა საზოგადოებაში დაბნეულობაა. და გამოჩნდა ვთქვათ, ჯულია რობერტსი. მაგრამ საერთოდ გაუგებარია, თუ საზოგადოებაში  ქალის როგორ როლს განასახიერებს ის.

თუ არ მოგწყინდათ, იგივე შემიძლია ვთქვა მამაკაცი გმირების ისტორიაზე. დავიწყოთ მეორე მსოფლიო ომით. კლარკ გეიბლი. რობერტ ტეილორი და ყველა ეს კოვბოი, რომლებიც ყოველთვის აუცილებლად სიკეთის მხარეს იყვნენ. ისინი მიდიოდნენ ომში ეშმაკის წინააღმდეგ, სწავლობდნენ, ესროლათ ხალხისთვის. მაგრამ დაბრუნდნენ ომიდან და საზოგადოებაში საკუთარი როლი ვერ იპოვნეს. ის, რაც ისწავლეს, პრობლემის იარაღით გადაჭრა იყო, ეს მიდგომა კი აღარ მუშაობდა. ისინი დაიბნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. და გამოჩნდა ჯეიმს დინი. გახსოვთ მისი თვალები? მას არ შეეძლო ეკრანისთვის საკუთარი თვალები ეჩვენებინა. იმიტომ, რომ მის თვალებში მუდამ დაბნეულობა იყო. შემდეგ ძალაუფლებაში დაიწყეს მოსვლა ინტელექტუალებმა. უნივერსიტეტის პროფესორები, ისინი გახდნენ საჯარო მოხელეები, უამრავი კომპანიის და ორგანიზაციის პრეზიდენტები. ეკრანზეც გამოჩნდა მსახიობი, რომელიც პროფესორს ჰგავდა: ენტონი პერკინსი. შემდეგ ამერიკაში მიყოლებით მოკლეს პრეზიდენტები და პოლიტიკოსები: ჯონ კენედი, რობერტ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი. და მაყურებელი მიხვდა, რომ პროფესორები ვერ დაგვეხმარებიან, თუ ასე წავიდა ცხოვრება. ნელ-ნელა მაყურებლისთვის სრულიად სხვა ადამიანები გახდნენ მნიშვნელოვნები. მათ შეეძლოთ უნივერსიტეტის პროფესორებიც ყოფილიყვნენ, თუ სათვალეს მოირგებდნენ. მაგრამ მათ კრივიც შეეძლოთ. სანამ კითხვას დასვამდნენ, ორ-სამჯერ მაინც დარტყმდნენ. ალ პაჩინო, დასტინ ჰოფმანი, ჯინ ჰეკმანი… ისევ ომი. ვიეტნამში, და ამ ომიდან ისევ ახალი ადამიანები მოვიდნენ. მათ შეეძლოთ  შორიდანაც კი აბსოლიტურად ცივად ესროლათ და მოეკლათ. მაგრამ ისინი განადგურებულები იყვნენ. მათ თვალებში აბსოლიტური უმწეობა და სევდა დავინახეთ. ისინი იმ ყმაწვილებს გავდნენ, რომლებიც სადღაც სადგურზე დგანან, მარტოსულები, სრულიად მივიწყებულები და მეგობრებს ელიან. სილვესტერ სტალონე… მაგრამ ამან მალე ჩაიარა. დღეს, როგორც აღმოჩნდა, ისეთი გმირები გვჭირდება, რომლებიც არ იცვლებიან. ისინი დახატულები ან კომპიუტერით შექმნილნი არიან. ერთვებიან ბრძოლაში და იქიდან ისეთივეები გამოდიან, როგორებიც ჩაერთვნენ. არანაირი სისხლის წვეთი, არანაირი იარა, თითქოს კომპიუტერმა დახატა ისინი. არ აქვთ არანაირი ემოცია, იმიტომ რომ კომპიუტერული პროდუქტები არიან. ასეთია არნოლდ შვარცენეგერი. აი ასე, სახეებით შეიძლება დავაკვირდეთ, თუ როგორ იცვლება ჩვენი საზოგადოება.

აი, ახლა დაფიქრდით, რატომ დადიან დღეს ადამიანები კინოში? გაიხსენეთ რატომ დავდიოდით ჩვენ. მივდიოდით იმიტომ, რომ შინაგანი თავდაუჯერებლობა, მარტოსულობა გადაგველახა, რათა დაგვენახა ეკრანზე ადამიანი, რომელთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოვახდენდით. გოგონა ფიქრობს: დიახ, ასეთ ადამიანთან დავწვებოდი, იმიტომ რომ თავს გაცილებით თავდაჯერებულად ვიგრძნობდი. და აღმოჩნდება, რომ ეს ჩვენი ოცნებების გმირი ეს „წლის სახე“, „ათწლეულის სახე“, „მოდური სახე“ მუდამ იცვლება. ვინ არის ახლა მოდაში და რატომ? ღირს ამაზე დაფიქრება.

40-50-იანების რუსულ ფილმებს გავიხსენებდი. სრულიად უბრალო გლეხების სახეს. ბორის ანდრეევი, რომელმაც „ბერლინის დაცემაში“ ითამაშა – სრულიად არაჩვეულებრივი სახე. გვინახავს დღეს ეკრანზე მსგავსი სახე? და დღეს დაგვეხმარება მისი სახის ხილვა? შეგიძლიათ, იპოვოთ ბორის ანდრეევის სახეზე იმის რაიმე კვალი, რაც დღეს გვჭირდება? – ვთქვათ, ეს ეშმაკობა, ეს ხრიკები, ეს გაწაფულობა, რომლებიც დღეს მეფობს? არა, იმიტომ რომ მას სრულიად უბრალო, გახსნილი, გულწრფელი სახე ჰქონდა. შეეძლო კი ამ ადამიანს, ყაჩაღი ან განგსტერი ყოფილიყო? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ეს სუფთა სახეა, მასზე ცოდვის და ძალადობის კვალი არაა. ამიტომ ეს გმირი დღეს არ გაღელვებს.

უკაცრავად გრძელი პასუხისთვის.

კლეიმანი: სრულიადაც არა. მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც დღეს გვჭირდება. გავიგოთ, რატომ მივდივართ კინოში. ამ ზღვა ფილმებში საკუთარი აღმოვაჩინოთ. მრავალ სახეებს შორის გავარჩიოთ, რომელია ყველაზე საჭირო.

საბო: ყველაზე მშვენიერი პეიზაჟი სამყაროში – ადამიანის სახეა, რომელიც ვერასდროს იქნება მოსაწყენი. ხშირად ვხვდები ახალგაზრდა მსახიობებს კასტინგებზე და ვხედავ, რომ მათ სურთ იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ მერილინ მონრო, ჯეინ ფონდა, ჯულია რობერტსი… მე მათ ვეუბნები: „რას აკეთებთ?“ მზად არიან, გაიკეთონ პლასტიკური ოპერაციები, რათა მერილინ მონროს დაემსგავსონ. „რატომ?“ ვეკითხები ახალგაზრდა მსახიობს. „თქვენ ერთადერთი ხართ ამ დედამიწაზე ასეთი სახით. რატომ გჭირდებათ, იყოთ ვიღაც სხვა? ვიღაცის მსგავსი?“

კლეიმანი: ზოგადად როგორ ატარებ კასტინგს? არსებობს რაციონალური მიდგომა, თუ ამას არაფერი აქვს საერთო გამოთვლებთან? იმისთვის, რომ კითხვა უფრო ნათელი გახდეს, პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელმაც მომნუსხა. ის ეიზენშტეინის ასისტენტმა მიამბო – იყო ასეთი მშვენიერი ქალი, ანა ლვოვის ასული. ის “ბეჟას მდელოს” გადაღებაზე მუშაობდა. კასტინგები მიმდინარეობდა და მსახიობებს არჩევდნენ. ეიზენშტეინი მთავარი როლისთვის ბიჭს ეძებდა. მან აღწერა, როგორს ისურვებდა. მისცა დავალება: იპოვნეთ ბიჭი ღია ფერის თმით, რომელსაც თავზე რაღაცნაირი შარავადედივით ედგმება. მოკლედ წმინდანის გამოსახულების მსგავსი ბიჭი. ახალგაზრდა ქრისტე. ასისტენტები ყველაფერს აკეთებდნენ, მისთვის ასობით მოსკოველი ბიჭი მოჰყავდათ. მოკლედ მათ შორის იყო სტასიკ როსტოცკი, მაშინ ჯერ კიდევ მოსწავლე, ღია ფერის თმით, ცისფერთვალება და ეიზენშტეინმა მასზე თქვა: „ის ავირჩიოთ, კარგი ღიმილი აქვს.“ უცებ მოიყვანეს ბიჭი, რომელიც უბრალოდ სხვებს გამოჰყვა და მათგან ძალიან განსხვავდებოდა: მას მუქი ფერის თმა ჰქონდა და ცოტა ჩამრგვალებული იყო. მას არაფერი ჰქონდა ბიჭ-წმინდანთან. მაგრამ, ეიზენშტეინმა წამოიყვირა: „აი ისიც!“ „ეს როგორ”? – მიმართა გაოცებულმა ანა ლვოვის ასულმა, – თქვენ ხომ თქვით, რომ ნესტეროვისეული ბართლომეს მსგავსი ბიჭი გვჭირდებოდა, როგორ არასწორად მიგვითითეთ?!“ ამაზე ეზენშტეინმა უპასუხა: „შეხედეთ მის სახეს: ის ანათებს! თმას კი შევუღებავთ.“

კითხვა დარბაზიდან: თქვენ სხვადასხვა ეროვნების მსახიობებთან გიმუშავიათ, მათ შორის რუსებთანაც. არსებობს რაიმე სახის განსხვავება სხვადასხვა ეროვნული სკოლის მსახიობებთან თანამშრომლობისას?

საბო: მსახიობების აღზრდა განსხვავებულია, მაშინაც კი თუ საერთო სკოლიდან იქნებიან. ფილმში “მხარეთა აზრი”, სადაც ოლეგ ტაბაკოვი თამაშობს, იყო ასევე ჰარვი კეიტელი, რომელიც მთავარ გმირს  – ამერიკელ ოფიცერს განასახიერებს. ჰარვი ლი სტრასბერგის სკოლას მიეკუთვნება, რომელიც ოდესღაც რუსეთიდან ემიგრირდა, მიხეილ ჩეხოვთან სწავლობდა და ამერიკაში სტანისლავის სისტემა გაიმეორა. ლი სტრასბერგის სკოლა სტანისლავსკური სისტემაა, ოდნავ ამერიკული შეფერილობით. და მაინც, ისინი განსხვავებულები იყვნენ: ოლეგ ტაბაკოვი და ჰარვი კეიტელი. ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ სკოლასთან, არამედ პოლიტიკასთან, იმ ქვეყნის ისტორიასთან, საიდანაც მოდის მსახიობი. ასევე იმასთან, რას ნიშნავს მსახიობის პროფესია იმ ქვეყანაში, საიდანაც მოვიდა.  მაგალითად, არ შეიძლება პოლონელ მსახიობს უთხრა: ისე უნდა წამოისროლო ეს ფრაზა, თითქოს არაფერს ნიშნავს. ხანდახან მსახიობს ეუბნები: „იცი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა არ არის, უბრალოდ, წამოიძახე, სხვათაშორის..“ პოლონელი მსახიობი გიპასუხებთ: „მაპატიე, მაგრამ ეს ფრაზა დაიწერა, ავტორმა ის რაღაც მიზეზით დაწერა. და შენ უნდა ამიხსნა, რა დგას ამ ფრაზის უკან. და იმისთვის რომ ფრაზა „წამოვისროლო“, მსახიობი არ გჭირდება“. იკითხავთ, რატომ რეაგირებს ასე პოლონელი მსახიობი. იმიტომ, რომ პოლონეთი ყოველთვის ოკუპირებული იყო. ხან გერმანელებით, ხან რუსებით. და მხოლოდ პოლონური ეკლესია და პოლონური თეატრი მიიჩნევდნენ საკუთარ ვალდებულებად, დაეცვათ, შეენარჩუნებინათ პოლონური ენა და მისი მეშვეობით რაღაც მნიშვნელოვანი გადმოეცათ. პოლონელი მსახიობი ამაყობს პოლონური ენით. ეს ასწლობით გამომუშავებული ტრადიციაა. მას ფრაზის უბრალოდ „წამოსროლა“ არ შეუძლია.

კადრი ფილმიდან “მხარეთა აზრი” (2001)

და რას ნიშნავს თეატრი ვენაში და ზოგადად ავსტრიაში? თეატრი იქ ყოველთვის ჰერცოგის ან გრაფის კარზე იყო მიბმული, მსახიობი ყოველთვის მსახური იყო. ცხადია, მსახიობებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივი მსახურები კი არა, მხატვრები არიან. ისინი აჩვენებდნენ, როგორ უნდა დაეჭირათ სხვებს თავი. მაგალითად, ხანდახან წითელ ქურთუკებს და ყვითელ შარვლებს იცმევდნენ. სვამდნენ, სკანდალებს აწყობდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ მათ აქვთ იმის უფლება, ისე მოიქცნენ, როგორც მხატვრები და არა როგორც უბრალო მსახურები. ისინი არასდროს იღებდნენ საკუთარ საქმეს სერიოზულად. ამიტომაც გადაღებაზე საერთოდ არ იქცევიან ისე, როგორც პოლონელები. მათ უბრალოდ სრულიად სხვა ტრადიცია აქვთ – ეკუთვნოდნენ კარს. ჯამბაზობა. საჯამბაზო ტრადიცია.

ინგლისში 500 წლის მანძილზე თეატრი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სკოლა და საავადმყოფო. მსახიობს აღიქვამდნენ, როგორც სერიოზულ ადამიანს – როგორც მღვდელს, მასწავლებელს, იურისტს ან ექიმს. ისინი მასხარები არ ყოფილან. ცხოვრების მასწავლებლები იყვნენ. ამიტომ ისინი სრულიად სხვანაირად იჭერენ თავს. ძალიან გულმოდგინედ ემზადებიან. ძალიან მყარი და მკაცრი სამუშაო მორალი გააჩნიათ.

როგორც ხედავთ, ყველას თავისი ისტორია აქვს. ყველას თავისი ტრადიცია.

კითხვა დარბაზიდან: როგორ აირჩიეთ კლაუს მარია ბრანდაუერი?

საბო: „მეფისტოს“ სცენარის დასრულებისას მივხვდი, რომ მხოლოდ გერმანულენოვანი მსახიობი მჭირდებოდა და ყველა ჩემს მეგობარს ვკითხე, რომლებიც გერმანულ რეალობას კარგად იცნობდნენ, ერჩიათ, სად მეპოვნა ისეთი მსახიობი, რომელიც სწორედ იმდენივე წლის იქნებოდა. 6 ადამიანი დამისახელეს და მე არავისთვის არაფერი მითქვამს, თეატრის ბილეთები ვიყიდე და ამ მსახიობების სანახავად წავედი. მათ შორის იყო ბრანდაუერი. სპექტაკლის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი გამოცდა მსურდა. მან მკითხა, კონკრეტულად ნაწარმოებზე იყო ლაპარაკი. მე ვუთხარი: კლაუს მანის რომანი „მეფისტო“. მან მკითხა – ვის როლს შემომთავაზებდით? ვუთხარი, რომ მთავარს – მსახიობის როლს. მან კი მიპასუხა: „მაშინ მეტი ძებნა აღარ გჭირდებათ. ეს მე ვარ.“ ვუთხარი, რომ მაინც მსურდა მისი გამოცდა. ის დამთანხმდა: „კარგი, მოვალ, მაგრამ გეფიცებით, ეს მე ვარ“. გავაკეთე სინჯები და მივხვდი, რომ ის მართალი იყო.

 

კითხვა დარბაზიდან: ევროპის და ამერიკის გარდა, რომელ ქალაქში ისურვებდით ცხოვრებას და მუშაობას? ვთქვათ: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია….

საბო: ამერიკელი არ ვარ. ეს მენტალიტეტის ამბავია. ბევრი ამერიკელი ვიცი, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ, იქ ცხოვრობენ, მუშაობენ და მდიდრები არიან, მაგრამ მენტალიტეტით ამერიკელობის არაფერი სცხიათ. ამავდროულად ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც ფული საერთოდ არ აქვთ, მაგრამ ამერიკელები არიან. ვფიქრობ, ახლა რუსეთში ძალიან ბევრი ამერიკელია.

— და მაინც სად, ევროპის და ამერიკის გარდა?

საბო: წარმოდგენა არ მაქვს, სად ვისურვებდი ცხოვრებას. ალბათ, ძალიან გვიანია. თუ ნებას მომცემენ, უნგრეთში დავრჩები. ძალიან ბევრი გადავიტანე. ვიცი, პოლიტიკა იცვლება და ადამიანებს უბრალოდ აგდებენ. კლავენ კიდეც. ევროპაში ეს ხშირად ხდება. ცენტრალურ ევროპაში განსაკუთრებით. ჩემი ცხოვრების განმავლობაში უკვე ორჯერ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, ხალხს ეშინოდა და უკან იხევდა. მოკლედ ეს თავგადასავალია – იცხოვრო სამყაროს ამ ნაწილში. არასდროს არის მოსაწყენი.

კითხვა დარბაზიდან: და კონტრაქტით ბრაზილიაში მუშაობა რომ შემოგთავაზონ, ვთქვათ კულტურის მინისტრად, დათანხმდებოდით?

საბო: ესპანურად არ ვსაუბრობ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იქცევიან იქ ადამიანები. თანაც ცენტრალურ ევროპაში ვცხოვრობ და არცერთი კულტურის მინისტრის არ მჯერა. არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობს და რას გვპირდება. რაც ცხოვრებაში ვისწავლე, ეს წესია: არასდროს შეაქო პოლიტიკა, არც პოლიტიკოსი.

კითხვა დარბაზიდან: საინტერესოდ საუბრობდით იმაზე, თუ როგორ იცვლება მსახიობთა სახე. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მაყურებლის სახე? იმ მაყურებლის, რომელიც თქვენს ფილმზე მოდის. იცვლება კი ეს სახე კინოში თქვენი მუშაობის კვალდაკვალ?

საბო: ზუსტად ვიცი, როგორია ჩემი მაყურებელი. თუ ადგებით და საპირფარეშოში გახვალთ, იქ არის სარკე და თუ მასში ჩაიხედებით, ამ მაყურებელს დაინახავთ.

საინტერესოა, რომ ერთხელ ეს კითხვა ერთი პროდიუსერისგან უკვე მოვისმინე. მაშინ ფილმ “შეხვედრა ვენერასთან” ვიღებდი გლენ კლოუზის მონაწილეობით. პროდიუსერი ინგლისელი დევიდ პატნემი იყო. როცა მონტაჟი დავასრულე, მან მითხრა: „ახლა დავპატიჟებთ ხალხს, შენს პირველ მაყურებელს, რათა მათი რეაქციების მიხედვით გაიგო, რა აღწევს შენს მიზანს და რა არა.“ მართალი რომ გითხრათ, შევშინდი, იმიტომ რომ ისინი შემთხვევითი ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ. „თუ ვერ გაიგეს რა გავაკეთე და რამის შეცვლა დამჭირდა? ჩემ გადაწყვეტილებებზე ხომ მე ვაგებ პასუხს. ვაკეთებ ისე, როგორც მსურს”. დევიდმა მითხრა: „დაე, იყოს ასე, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე, რას გრძნობს ხალხი დარბაზში. როდის მოუსვენრობენ სკამზე და როდის იყინებიან. აუცილებლად უნდა დააკვირდე ამ რეაქციებს.“ მე ვკითხე: „და როგორ აირჩევ ამ მაყურებელს? იქნებ ისინი შენი ფეხბურთის მეგობრები არიან? შეიძლება მათზე,  როგორც ექსპერტებზე, დაყრდნობა?“ ამაზე პატნემმა მიპასუხა: „ფილმების სიას მოგცემ, რომლებიც უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ლონდონის ეკრანებზე უჩვენეს. აირჩიე 10 ფილმი, რომლებიც მართლა გიყვარს და აფასებ. და მოვიპატიჟებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ფილმები უყვართ და აფასებენ“. მეც ავირჩიე 10 ფილმი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ლონდონის კინოთეატრებიდან. ტრიუფოს Jules and Jim, იტალიური ფილმები, რომლებიც მიყვარდა… მოკლედ სულ ათი. პეტნემმა თავისი გუნდის მეშვეობით აირჩია ადამიანები, რომლებმაც ეს 10 ფილმი 5-ჯერ მაინც ნახეს და შეიყვარეს. ერთი თვის შემდეგ ჩვენი ფილმის ჩვენება მოვაწყეთ. დარბაზში 500 ადამიანი იჯდა. სეანსის შემდეგ აღელვებული სახეები დავინახე. და მივხვდი: დიახ, ეს ჩემი მაყურებელია.

კითხვა დარბაზიდან: რომელ ფილმს თვლით თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად კინემატოგრაფში? თუ სწორად გავიგე, ეს არის ის, რომელზედაც ახლა საუბრობთ.

საბო: არა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატებული ფილმი არის “მამა”.

კლეიმანი: აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “ვენერასთან შეხვედრა” ძალიან კარგი სურათია. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რაც კი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მინახავს. ეს არის დირიჟორის და ოპერის მომღერლის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან. იწყება სასტიკი კონფლიქტი, რაც სიყვარულში გადაიზრდება. მათ სპექტაკლი არ გამოსდით, სანამ თითოეული მათგანი საკუთარ ინდივიდუალურობას, ვაგნერის თავისეულ გაგებას, ხედვას ამტკიცებს. იმ მომენტში, როცა მათ შორის სიყვარული მწიფდება, უეცრად ხელოვნებაც იბადება.

სურათი ვენეციის კონკურსზე იყო წარდგენილი. ისე გამოვიდა, რომ იმ წელს ჟიურიში ვიყავი და მთელი კონკურსის ფარგლებში ჩემი  2 თუ 3 ფავორიტიდან ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დარჩა. სამწუხაროდ, მთავარი პრიზი ნიკიტა მიხალკოვმა მიიღო ფილმისთვის “ურგა- სიყვარულის ტერიტორია”. “ვენერასთან შეხვედრა” იშტვან საბოს შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანი სურათია. ჩემთვის ის ფელინის “ორკესტრის რეპეტიციაზე” პასუხია. ფელინისგან განსხვავებით, დირიჟორის დიქტატორის სახით წარმოდგენის ნაცვლად, რომელსაც მსოფლიო კრახამდე მიჰყავს, იშტვანმა აჩვენა ადამიანი, რომელიც მუსიკაში თავის მიზნებს სიყვარულის გავლით აღწევს. საბოს ძალიან ტიპური მიდგომაა. ამიტომაც მის ბიოგრაფიაში აღსანიშნი ფილმია. არასდროს ვკითხავდი იშტვანს, რას თვლის თავის უმაღლეს მიღწევად, რომ არ ვიცოდე ფილმი “მამა”.

არსებობს გასაოცარი ფილმები, რომლებიც თავისით იბადებიან. არსებობს რაღაცეები, რაც შენი გაკეთებულია და ეს არ იცი. მათში ყველა დეტალს ხვეწ და ისინი ოსტატური გამოდის. და არსებობს რაღაცეები, რომლებიც დაიბადნენ, როგორც ამოსუნთქვა, როგორც კოცნა. “მამა” – ეს არის ფილმი, რომელშიც სასწაული მოხდა. მე კიდევ ბევრ ასეთ ფილმს დავასახელებდი. რაც უნდა უცნაური იყოს, ასეთი არც ისე ბევრია გადაღებული. მაგალითად, “ივანეს ბავშვობა”, ტარკოვსკის პირველი ფილმი… “მამა” არის ფილმი, რომელმაც იშტვან საბოს პიროვნება, მისი ბიოგრაფია, მისი ქვეყანა, მისი დრო გამოხატა. მთელი ცენტრალური ევროპის დრო, ჩვენი ჩათვლით, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირსაც მოხვდა გულზე. ძალიან ბევრ ადამიანს, კულტურას და ქვეყანას შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს იმასთან, რაზეც იშტვანის ეს ფილმი საუბრობს. ამასთან, ის აბსოლიტურად პირად ისტორიად რჩება. ველემირ ხლებნიკოვას ერთ გამონათქვამს მოვყვან: „როგორ ვიპოვნოთ ის წერტილი სინათლის წყაროსა და სამყაროს შორის, რომ ჩვენი ჩრდილი სამყაროს ფორმას დაემთხვეს?“ არსებობს წერტილი სინათლის წყაროსა და სამყაროს შორის, როცა შენი პირადი ჩრდილი სამყაროს ესკიზს ემთხვევა. და მაშინ ხდება სასწაული. ეს მხატვრის ოცნებაა. ასეთი ფილმია “მამა”.

საბო: თუ ახალგაზრდა ხარ და კინოს გაკეთება ჯერ არ იცი, მაგრამ გაქვს ის, რისი მოყოლაც გსურს, მაშინ გამოდის, რომ შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ფორმა, ის შეიძლება კარგად ჩამოქნილიც არ იყოს, მაგრამ შეგიძლია მოყვე რაღაც, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ მოაგროვებ გამოცდილებას, იცი, ეს როგორ უნდა გააკეთო. ხდება ისე, რომ ფორმა და ის, რასაც ამბობ, უცებ ერთმანეთს დაემთხვევა და ეს ბედნიერი შემთხვევაა. მაგრამ ჩვეულებრივ, ფორმის ენერგია და გამოხატულების ენერგია ერთმანეთს ვერ ხვდება. სწავლობ ფორმის შექმნას, ფიქრობ, რომ სწორედ ეს არის, რაც მაყურებელს ყველაზე მეტად სჭირდება და ეს ფორმა უცებ შენი განცხადების გადაფარვას იწყებს. ის კარგავს ძალას. ძალიან რთულია, მას ისევ მიაგნო.

იშტვან საბო 2017 წელი.

კლეიმანი: ვფიქრობ ჩვენი სტუმარი დავღალეთ. მინდა, თქვენი სახელით ისევ მივულოცო და წარმატება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ის ახალ ფილმს იწყებს, ზურგის ქარი ვუსურვოთ.

საბო: რადგანაც ამდენი მოთმინება გამოიჩნეთ, მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთ და ერთი პატარა ანეკდოტი მოგიყვეთ კინოზე. ერთი ძველი უნგრელი რეჟისორისგან მაქვს მოსმენილი, რომელიც დიდი ხანია, გარდაიცვალა. ის მეოცე საუკუნის დასასწყისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ თავისი პატარა ქალაქიდან წასვლა მოუნდა. ნებართვა მშობლებს სთხოვა და მათაც გაუშვეს. ის ბუდაპეშტში ჩავიდა, მუშაობა დაიწყო, გაზეთებისთვის სტატიებს წერდა. შემდეგ შემთხვევით ის ადამიანები გაიცნო, რომლებიც უხმო კინოს აკეთებდნენ. მათთან მუშაობა განაგრძო, წერდა სცენარებს და ძალიან წარმატებულადაც. რამდენიმე წლის შემდეგ დედაქალაქში მის სანახავად მამა ჩავიდა. ისინი კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. მამამ ჰკითხა: „შვილო, აბა როგორ ცხოვრობ?” – მშვენივრად – უპასუხა ვაჟიშვილმა. – არ გჭირდება ოჯახის დახმარება? – არა მამა, ყველაფერი რიგზე მაქვს. – იქნებ ფული გჭირდება? – არა არა, მყოფნის. – მაშინ მითხარი, რითი ხარ დაკავებული? – ფილმებს ვწერ. მამა გაფითრდა. -ნუ მატყუებ. -არა, ძვირფასო მამა, არ გატყუებ. მართლაც ფილმებს ვწერ. -გულახდილად მითხარი, რას აკეთებ? არ ნებდებოდა მამა. -არ ვიტყუები! პასუხობდა შვილი. -მატყუარა ხარ! იყვირა მოხუცმა მამამ. – რა თქმა უნდა, მე უბრალო კაცი ვარ პატარა უნგრული დასახლებიდან, მაგრამ მეც კი ვიცი, რომ ფილმებს არ წერენ, მათ იღებენ.“

© 2005, “Киноведческие записки” N76

 

მთარგმნელი: ანი მესხიშვილი

 

 

პოსტის ნახვები: 213
Related Topics
  • ანა მესხიშვილი
  • თარგმანი
  • ინტერვიუ
  • იშტვან საბო
  • უნგრული კინო
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ იშტვან საბოსთან, ნაწილი I

  • ივნისი 18, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია

გაუჩინარების ხელოვნება

  • ივნისი 19, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

პიერ პაოლო პაზოლინი: წინასწარმეტყველება

  • ალექსანდრე გაბელია
  • მარტი 5, 2023
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი კენ ლოუჩთან (მეამბოხე მიზეზებით): ვის მხარეს ხარ შენ?

  • CinExpress
  • თებერვალი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ჩამქრალი მზე: მარგერიტ დიურასის ინტერვიუ სარა გომესთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • თებერვალი 5, 2023
სტატიის ნახვა
  • ინტერვიუ

„ახალი გერმანული კინოს“ ყველაზე არაგერმანელი რეჟისორი, რუდოლფ ტომე

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

ჩან-დონ ლი: ათი რჩევა დამწყებ კინორეჟისორებს

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • იანვარი 21, 2023
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

მედ ჰონდო – რა არის კინო ჩვენთვის? (მავრიტანია, 1979)

  • ალექსანდრე გაბელია
  • იანვარი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ინტერვიუ ალბერტ სერასთან

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 5, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

ოქსანა ბულგაკოვა – ეიზენშტეინი, შუშის სახლი და სფერული წიგნი

  • CinExpress
  • ოქტომბერი 4, 2022
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს