კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანტროპოცენში

სალომე ჯაშის ახალი ფილმი მოთვინიერება პირველივე კადრებიდან, პლანეტაზე ახალი გეოლოგიური ეპოქის დადგომას მოასწავებს. პეიზაჟების თითქოსდა იდილიურ სცენებში უეცარი წყვეტა/ბზარი ჩნდება. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ბუნება ნელ-ნელა უცნაურ თეთრ ნისლში ეხვევა და უმალ ზაზა ხალვაშის შესანიშნავი ფილმი ნამე გახსენდება, სადაც თეთრი ფერი მსგავსი სიმბოლური მნიშვნელობითაა დატვირთული. იქ, რეჟისორი, აჭარის ერთი მაღალმთიანი სოფლის ეკოსისტემის რღვევაზე მიგვანიშნებს, როდესაც მდინარეს უცებ რძისფერი სითხე ერევა.

გეოლოგიიდან ნასესხები ანტროპოცენის ცნება 2000-იანი წლების დასაწყისიდან ეკოლოგიის საკითხების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს და დედამიწის ბიოსფეროზე ადამიანის გავლენის აღწერას ცდილობს. ეს გავლენა ბოლო ათწლეულებია უკვე იმდენად თვალსაჩინოა, რომ ის ახალი ეპოქის ათვლის წერტილადაც კი გამოდგება. ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების კვალი უკვე დედამიწის ღრმა გეოლოგიურ ფენებში ფიქსირდება. საკითხზე, თუ ზუსტად როდის მოინიშნა ანტროპოცენის ათვლის წერტილი, მეცნიერთა პოზიციები იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ანტროპოცენის ეპოქა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგა, როცა ინდუსტრიულ ქვეყნებში CO2-ის გამოყოფა საგრძნობლად გაიზარდა. მეორენი ამ პროცესებს მე-18 საუკუნის დასასრულს, ორთქლმავლის გამოგონებას და ინდუსტრიალიზაციას უკავშირებენ. ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფოსი, ტიმოთი მორტონი დროში კიდევ უფრო უკან მიდის და ანტროპოცენს ჰოლოცენის ეპოქას უკავშირებს (აგრარული რევოლუციის დრო, დაახ. 12.000 წლის წინ) როდესაც ჩვენი შემგროვებელი და მონადირე წინაპრები, მომთაბარე ცხოვრების წესზე უარს ამბობენ და კონკრეტულ ადგილებში იწყებენ დასახლებასა და მიწის დამუშავებას. მორტონი მნიშვნელოვან ნაშრომში, „ეკოლოგია ბუნების გარეშე“ (Ecology without Nature. Rethinking Environmental Aesthetics) წერს, რომ რუსოსეული ცნება, „უკან ბუნებისკენ“ ადამიანისთვის უკვე საბოლოოდ მიუღწევადი მოცემულობაა და აუცილებელია, რომ ანტროპოცენის ჟამი ჩვენი კოორდინატთა სისტემის დაკარგვის ტრავმულ გამოცდილებად გავიაზროთ.

სწორედ ამ კოორდინატთა სისტემის არევით იწყება სალომე ჯაშის ფილმი, როდესაც მაყურებელი, კლასიკურად უდაბნოს სივრცესთან გაიგივებულ მირაჟის გამოცდილებას, ზღვის სივრცის მირაჟად განიცდის – ლურჯ ზღვას გაჰყურებ და ჰორიზონტზე უზარმაზარ მცურავ ხეს ხედავ. ბუნების კანონზომიერება ირღვევა, იბნევი, ცოტა თავბრუსხვევასაც გრძნობ. ხეებისა და სივრცის დამოკიდებულება ხომ სულ სხვაგვარია. მისი არსი უძრაობაშია. სანამ არის, ერთი კონკრეტული სივრცის განუყოფელი ნაწილია. იზრდება, როცა მის ძირში პარალელურად თაობები იზრდებიან. ის დროის გაზომვის ინსტრუმენტიცაა და ადამიანების სივრცეში მოძრაობის კოორდინატიც.

მოთვინიერება, 2021, რეჟისორი: სალომე ჯაში

 

ბუნება, მანქანა, ადამიანი

ფილმში ასახული ბუნებაზე ზემოქმედების სცენები შემზარავია. აქ ხის ფესვების უზარმაზარი მიწისქვეშა კოსმოსი შიშვლდება. გრძელი, ხვიარა რკინები, სანტიმეტრ-სანტიმეტრობით შედიან ნიადაგის ფენებში. უჭირთ, მაგრამ არ ჩერდებიან. აქ, მანქანა ადამიანის შუამდგომლობით ებრძვის ბუნებას. ერთნაირად ბრუტალურია მდინარის კალაპოტში მოძრავი ტრაქტორის სცენა, თუ ტყეში „შეპარული“ ხისმჭრელი მანქანების მოქმედება.

ფილმი ფორმალურად რამდენიმე თემატურ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი თავი ხეების „მიწისგან განცალკევებას“ ეხება, ხოლო მეორე ნაწილში უკვე ამ ამოთხრილი ხეების ტრანსპორტირების პროცესს ვაკვირდებით. შემზარავად შთამბეჭდავია ღამის სცენა, რომელიც თეატრალური სივრცის ასოციაციას ქმნის. ვეებერთელა ხეს აქ მუშები თითქოს სცენაზე მოაგორებენ. ამ ეფექტს მათი მოციმციმე ფანრების შუქიც აძლიერებს. პარალელურად ჩნდება განცდა, რომ ამ დროს მანქანაც და ბუნებაც ერთად, ერთ ხმაში გლოვობს. ორივე ადამიანის ხელში არსებული საშუალებაა მიზნისთვის, როცა ერთი ბანალური ტექნიკური დანიშნულებითაა დატვირთული, მეორეს კი ესთეტიკური ფუნქცია აკისრია.

ბუნების და მანქანის ამ ამბივალენტურ ერთობას მეორე მხარეს ერთმნიშვნელოვნად ადამიანი უპირისპირდება – ადამიანი და კაპიტალი. პოსტსაბჭოთა ქაოსში გამდიდრებული ერთეულები სხვა ადამიანებთან მრავალგზის მოგებული ომიდან, ბუნებასთან ჭიდილის ველზე ინაცვლებენ – მასზე ზემოქმედებენ – ადამიანისა და ბუნების ლოგიკურ კავშირს არღვევენ.

ფილმში ადგილობრივებსა თუ მუშებში დიდია სურვილი იმისა, რომ გაანალიზონ ის აბსურდული პროცესი, რისი მონაწილენიც თავად არიან. დიალოგებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი ერთი ინდივიდის ამ უცნაურ ახირებას ლოგიკურ სააზროვნო ველში აბრუნებენ. ფიქრდებიან ესთეტიკურ საკითხებზე, ცდილობენ გაიგონ, ხეებისადმი ასეთი ეგზოტიკური ლტოლვა ადამიანის უბრალო ფეტიშია, თუ ამის უკან უფრო მეტი „მაგია“ იმალება. „ბიძინა“ აქ ზოგისთვის მითიური ფიგურაა. კაცი ძაღლით, რომელიც გამორჩეულ ხეებთან მიდის, მათ უსიტყვოდ აკვირდება და ისევ უჩინარდება. ის ერთგვარი ვამპირია, რომელიც მრავალსაუკუნოვან ხეებს ჟანგბადს სწოვს და მავნებელი წურბელასავით ამით სიცოცხლეს იხანგრძლივებს. ის, ერთი შეხედვით, არა მხოლოდ ადამიანებსა და ბუნებაზე იმარჯვებს, არამედ დროის გარდაუვალი დინების „გაცურებასაც“ ცდილობს – დრო არ აქვს, ნორჩი ხეების გაზრდას ვერ დაელოდება.

ბუნების გარდა, ამ შეუზღუდავი კაპიტალის პირისპირ ხალხიც დგას. აქ მუშები დღე-ღამე მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ქართული პერიფერიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ მხარეში, კოლოსალური ინფრასტრუქტურული რესურსია მობილიზებული და უხერხულ ასიმეტრიას წარმოქმნის. „ის პარკი გლეხებისთვის მაინც შეუვალი იქნება“ – ამბობს ერი-ერთი სოფლის მკვიდრი და მას ყველა ეთანხმება. ნაწილობრივ სტატიკური კამერის დახმარებით, საკრალურის მონეტიზაციის მტკივნეული და ტრავმული პროცესის პირისპირ ვრჩებით. ხეების „გატანის“ შემდეგ, აქ მხოლოდ გარემო არაა გაჩანაგებული, ფილმის გმირებიც გამოფიტულნი რჩებიან. მათ თითქოს ფეხებქვეშ ნიადაგიც ეცლებათ. ზერელედ ალაგებენ დამტვრეულ ტოტებს და უსიტყვოდ მიბარბაცებენ სახლებისკენ. ისინი ბუნების ობოლი შვილები არიან. უკვე წართმეული ხეების ქვეშ გაზრდილი თაობები. სხვანაირად ვერც იქნებოდა.

გაჩანაგებული გარემო პირდაპირ აირეკლავს მათ სულიერ გაჩანაგებას. ბუნებაც ხომ თავისუფალი ბაზრის ლოგიკას ექვემდებარება. ამ აპოკალიფსურ ხანაში ასწლოვანი ხეებითაც კი ვაჭრობენ. აქ მითოსიც კაპიტალის ლოგიკაშია მოქცეული. ფილმში მოთხრობილი „ამბავი ქალისა და ხისა“ სხვა არაფერია, თუ არა ზღაპარი ბუნების მომგებიან კაპიტალად ქცევისა.

ხე სოფელს ტოვებს და სოფელიც მას მიჰყვება. სასოწარკვეთითა და სინანულით თითქოს ბოლო გზაზე აცილებს მას, როგორც გარდაცვლილ თანასოფლელს.

 

ირინე ბერიძე

თებერვალი, 2021

 

Close Menu