ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

ალფრედ დობლინის კრიმინალურმა რომანმა, „ბერლინი ალექსანდერპლაცი,“ კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე შეიძინა, ავღანური წარმოშობის, გერმანელი რეჟისორის, ბურჰან ქურბანის იმავე სახელწოდების 2020 წლის ფილმში. სურათი, ზუსტი ინსტრუმენტი გამოდგა, ევროპაში, თანამედროვე რასობრივ ურთიერთობებზე სასაუბროდ.

თუ დობლინის და ფასბინდერის ფრანცი, თეთრკანიანი, გერმანელი ბოროტმოქმედია, რომელსაც „გამოსწორება“ უნდა, ქურბანის ფრანცი (ფრენსისი) გვინეა-ბისაუელი, არალეგალი ემიგრანტია და ცდილობს კეთილსინდისიერება შეინარჩუნოს, სამყაროში, რომელიც თავად არ არის კეთილსინდისიერი.

ყველა დიდი ევროპული ქალაქის, მათ შორის ბერლინის (ალექსანდერპლაცთან), მეტროებთან, სკვერებში თუ ავტოსადგომებზე შეგვხვდება ზანგი, რომელიც მინიმუმ „კაი მოსაწევს“ შემოგთავაზებს. 2020 წლის „ბერლინი ალექსანდერპლაცი“ სწორედ იმ ურბანულ კოშმარებზე გვიყვება, რაშიც შეიძლება ცხოვრობდნენ ეს ადამიანები.

მაშინ, როდესაც ფილმის პრემიერა შედგა, “ბერლინალეზე”, პრესა წერდა, რომ სურათს, ფასბინდერისეულ „ალექსანდერპლაცთან“ კავშირი არ ჰქონდა – მართალია, თუმცა დიდი გენიოსის გამოცდილების გარეშე, ქურბანის ეს სურათი ვერ იარსებებდა.

წინააღმდეგობრივად წაკითხული რასობრივი ურთიერთობების, სექსუალობით მოტივირებული სოციალური ქცევებისა თუ დისფუნქციური, გაუფასურებული ადამიანური ღირებულებების მელოდრამატული მოკვლევა, სწორედ ფასბინდერის დატოვებული მემკვიდრეობაა, რომელსაც თანამედროვე გერმანიაში ყველა ნორმალური რეჟისორი გარკვეული დოზით იყენებს(სრულად, ცხადია, ვერ შეძლებენ).

Close Menu