ავტორი: ავთანდილ ძამაშვილი

 

ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფების თვალიერებამ გამიტაცა და გარემოული ხდომილებებისთვის უდროოდ ან პირიქით მეტად დროულად ორიოდ სიტყვისა და რამდენიმე ფოტოგრაფიული ნიმუშის გაზიარება მომინდა, ცხადია, ჩაფიქრებული მოკლე სიტყვაც პროცესში მეტისმეტად დაგრძელდა და ამგვარი ფორმა მიიღო:

ფოტოგრაფიას, რომელიც მხოლოდ ფორმით ტკბება და ესთეტიკურ სხეულს გამალებით იმუშავებს ჩემთვის ნაკლები ღირებულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თვალს მეტისმეტად ატკბობს და პულსაციაც შესაძლოა ააჩქაროს, შემდგომ კი, ტკბობისსაგნის დაკარგულობისას საფიქრალი გაგიჩინოს – თუ ნეტავ რისგან აფორიაქდი უწინ. (როგორც მეინსტრიმულ კინოს სჩვევია ხოლმე ყურების პროცესში სიამოვნება, მეორე დღეს კი წინა დღით ნანახის პირწმინდად დავიწყება). მაგრამ, განსაკუთრებით საზარელი სანახავია თანამედროვე ფოტოგრაფიული ხელოვნების ტენდენციები, რომლებიც განძარცვულია თვითმყოფადი მნიშვნელობებისაგან. ინსტრუმენტულმა ზეგამართულობამ, პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფების მზარდმა რიცხვმა, ფოტოგრაფიის შემსწავლელი სტუდიების სიმრავლემ; პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, მკვეთრ საავტორო ხედვაში განფენილი მნიშვნელობები; საბაზრო, ყიდვა-გაყიდვაზე მორგებული შაბლონების რეპროდუცირებით ჩაანაცვლა. არადა ვიცით, რომ ფოტოგრაფია თანადროულ სოციო-ეკონომიკურ ხდომილებებთან აქტიურ შემხებლობაში ვითარდებოდა. რა ვიცი, დიანა არბუსი, სებასტიაო სალგადო, ანრი კარტიე-ბრესონი, რაგუ რაი და სხვა უამრავი დიდი ფოტოგრაფი, უაღრესად პოლიტიკურ სუბიექტებად ფიქსირდებოდნენ და გარემოულ პრობლემატიკას ძირისძირობამდე იკვლევდნენ. ჩვენს რეალობაში გამორჩეულად ნათელა გრიგალაშვილი (ნამდვილად დიდებული ფოტოგრაფი) მახსენდება, ვინც სახელოვნებო ტრადიციის ძირეულ მნიშვნელობებს შინაარსისა და ფორმის მკვეთრ თანხვედრაში ანადმვილებს. დანარჩენი დიდი ნაწილი კი საყოველთაო ფოტოგრაფიული შაბლონების რეპროდუქციები – ფერებისა და ფორმების უსაგნო გადათამაშებებია.

ამავდროულად ორი საგულისხმო საკითხი არსებობს, რომლებიც გროისისეულ „თვითდიზაინის“ პრობლემატიკას მიემართება და შემოქმედებით პროცესში, ესთეტიკურის საკითხი ხელოვანის საკვლევ საგანზე მიმართულებიდან თვითმომართვასა და თვითობიექტივირებაში ფუძნდება. თურმე, არსებობს ახალი, (ყოველშემთხვევაში ჩემთვის ახლადგაგებული) სავსებით სპეციფიკური და მზარდი ტენდენცია, რომელიც ინსტაგრამის გვერდების ვიზუალურ გამართულობაში, ფერებისა და ფოტოების ურთიერთშეხამებულობის ტექნიკებში მდგომარეობს და (თვით)დიზაინის „გაურკვეველი გარკვეულობით“ ქმნადობაც ინსტაგრამ გვერდის მფლობელის პრესტიჟულობის მთავარ მდგენელს წარმოადგენს. ვფიქრობ, ინსტაგრამის მზარდ ბიზნეს დატვირთვას, ფოტოგრაფიის შემსწავლელი ურიცხვი რაოდენობის სტუდიების გავლენებს  ვერ გაუძლებენ ისედაც ბაზარზე ორიენტირებული სახელოვნებო სასწავლებლები და არსებული, შინაარსისგან, სოციალური მნიშვნელობებისგან დაცლილი გაბატონებული პრაქტიკები აკადემიურ სივრცეშიც მყარად გაიდგამენ ფესვებს, რა თქმა უნდა, თუ უკვე არ დაფუძნებულან. ამრიგად, ფოტოხელოვნების ბედი სავალალო მიმართულებით მიექანება. მეორე ტენდენცია, ქუჩის ფოტოგრაფიის მხოლოდ მომრავლებული აქციების ველზე აღბეჭდილი კადრებით შემოფარგვლაა, რომელთაც თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვთ, თუმცა, ქუჩის ფოტოგრაფიის გამოჩენილი ფიგურების, ბრესონისა თუ ჯილ ფრიდმანისგან აპლოდისმენტებს ამაოდ თუ დაელოდებოდა.

დაბოლოს, წინამდებარე ფოტოები დოროთი ლენგს (Dorothea Lange) ეკუთვნის, სანიმუშო ხელოვანს, რომელიც ვფიქრობ ყველა მოქმედი თუ მომავალი ფოტოგრაფისთვის შთამაგონებელი ფიგურა უნდა იყოს, როგორც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ზრდის მხრივ, ასევე თვითკრიტიკულობისა და გარემოზე ადეკვატური რეფლექსიის ჩამოყალიბების მნიშვნელობით. დოროთი ლენგი 80-90 წლის წინ ფოტოკამერით, როგორც პოლიტიკურად მნიშვნელადი ინსტრუმენტით უაღრესად გაბედულად რეფლექსირებდა ქალების, მიგრანტების, ფერადკანიანების პრობლემებზე და რაც მთავარია, ყველა ეს დღემდე უკვდავი პრობლემა, მათივე უკვდავების უნივერსალურ საფუძვლებთან – კლასობრივ უთანასწორობასა და უსაშველო ეკონომიკურ ყვლეფასთან მიმართებით აქვს აღბეჭდილი. თანაც, სიღარიბის ყოველგვარი ინსტრუმენტალიზაცია-ესთეტიზაციის გარეშე (რისი პრობლემაც ლენი რიფენშტალის კვალად სტივ მაკკარისა და მათ მიმდევრებთან რამდენადმე შეინიშნება), ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაგვიტოვა.

დოროთი ლენგის ფოტოები:

 

Tractored Out, Childress County, Texas, 1938.

 

Woman in trailer camp, California, 1940.

 

Poor mother and children, Oklahoma, 1936.

 

Ex-Slave with a Long Memory, Alabama, 1938.

 

 

Mississippi, Delta Negro children, 1936.

 

 

Migrant Mother, 1936.

 

Abandoned Farm in the Dustbowl, Coldwater District, near Dalhart, Texas, June, 1938.

 

Crossroads general store, Gordonton, North Carolina, 1939.

 

 

A very blue eagle, Along California highway, 1936.

 

 

 

Close Menu